თსუ-ში საბინაო პოლიტიკის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

sacxovrisi

აღნიშნულ ღონისძიებას აუცილებლად უნდა დაესწროთ, რადგან თითოეული ჩვენთაგანისთვის მნიშვნელოვანია საცხოვრისის თემა და საჯარო პოლიტიკის გავლენა მასზე.

ორგანიზაცია “ურბან-რეაქტორი” და “ურბანული კვლევების ცენტრი” რამდენიმე თვეა ახორციელებს კვლევას საცხოვრისით უზრუნველყოფის პოლიტიკის საერთაშორისო გამოცდილების შესახებ, რომლის შუალედური ეტაპის პრეზენტაციასაც გამართავს სამშაბათს, 31 იანვარს, 19:00 სთ-ზე, თსუ-ს I კორპუსში, 201-ე აუდიტორიაში. ღონისძიების Facebook ბმული.

დასწრება თავისუფალია! შეატყობინე მეგობრებს ამის შესახებ!

აღნიშნულ თემაზე კვლევის ავტორების მიერ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტის თარგმანი გამოქვეყნდა ჩვენს ვებგვერზე:

  1. რატომაა აუცილებელი და მნიშვნელოვანი საცხოვრისის უფლების რეალიზება? რომელიც წარმოადგენს წიგნის „A Right to Housing: Foundation for a New Social Agenda”-ს შესავალს (2006);
  2. საცხოვრისი – ზოგადი შესავალი რამდენიმე მაგალითით“;

აღნიშნული კვლევის მიზანი გახლდათ საქართველოში (თბილისის მაგალითზე) საცხოვრისით უზრუნველყოფის პოლიტიკის კრიტიკული გააზრება და აღნიშნული საკითხის სოციალური და ურბანული პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებად ფორმირება.

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ქვეყნებში მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყოფა მუნიციპალური პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს წარმოადგენს და მოაზრებულია, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების განხორციელება. ამ ქვეყნებში არაერთი მექანიზმი არსებობს  იმ პირთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისათვის, რომელთაც არ შესწევთ უნარი ეს ფუნდამენტური უფლება საკუთარი სახსრებით განახორციელონ. დღეს საქართველოში ხელმისაწვდომი საცხოვრისით უზრუნველყოფის მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა არ არსებობს.

საბჭოთა სახელმწიფო, მისი არსებობის ბოლო პერიოდში, საყოველთაო საბინაო უზრუნველყოფის პასუხისმგებლობას იღებდა და ამისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უზარმაზარ საბინაო ფონდებს ქმნიდა. კავშირის რღვევის შემდგომ საქართველოში არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის სრული პრივატიზაცია განხორციელდა, რასაც ამ დარგში სახელმწიფოს როლის და პასუხისმგებლობის ეტაპობრივი დაკნინება მოჰყვა. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში საცხოვრებლით უზრუნველყოფა უმეტესწილად კერძო სექტორის ხელში გადავიდა. 2014 წელს ჩატარებული თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ანგარიშის  მიხედვით,[1] ბოლო 25 წლის განმავლობაში 113 000 საცხოვრებელი ერთეული აშენდა, რამაც თბილისში არსებული საცხოვრებელი ერთეულის საერთო რაოდენობის დაახლოებით 30% შეადგინა. კერძო საბინაო მშენებლობის მასშტაბის მიუხედავად, ახალი ბინების მაღალი ფასის, იპოთეკური სესხის მაღალი საპროცენტო განაკვეთისა და ერთ შინამეურნეობაზე საშუალო თვიური შემოსავლების გათვალისწინებით, საცხოვრისზე ხელმისაწვდომობა დაბალია.[2]  მხოლოდ მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებს აქვთ საცხოვრისის შეძენის საშუალება.

თბილისში ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ნაკლებობაზე ასევე მიუთითებს ახალგაზრდების მობილობის დაბალი მაჩვენებელიც. სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებში ხაზგასმულია ის ნეგატიური სოციო-ეკონომიკური შედეგები, რომელსაც საცხოვრისზე დაბალი ხელმისაწვდომობა იწვევს (ახალი ოჯახების შექმნის შემცირებული მაჩვენებელი, ახალი ბიზნესის წამოწყების შემცირებული შესაძლებლობა, სამუშაო ადგილების კლება, კვებით პროდუქტებზე შემცირებული დანახარჯები და ა.შ.).[3] საცხოვრისზე დაბალი ხელმისაწვდომობა უსახლკარობის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზადაც განიხილება. ზემოთ აღნიშნული პრობლემები გავლენას ახდენს ქალაქის ჯანსაღ სოციო-სივრცით განვითარებაზე და ხელს უწყობს კომპლექსური პრობლემების დაგროვებას.

აღნიშნული კვლევითი პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მიერ.

შენიშვნები:

[1] Collires International, Tbilisi Real Estate Market Report, 2014

[2] საცხოვრისის ხელმისაწვდომობა გულისხმობს შინამეურნეობის უნარს დაფაროს საცხოვრისის ხარჯები და ამასთანავე შეინარჩუნოს ყოველდღიური ცხოვრების ხარჯების დაფარვის უნარი. საცხოვრისზე ხელმისაწვდომობის განსასაზღვრად ევროპულ ქვეყნებსა და ამერიკაში გამოიყენება საცხოვრისის ხელმისაწვდომობის ინდექსი. ინდექსი გამოითვლება შინამეურნეობის საშუალო თვიური შემოსავლების შეფარდებით საცხოვრისზე დახარჯულ თვიურ გადასახადთან (ქირა, იპოთეკური სესხის ყოველთვიური გადასახადი).  სტანდარტულად საცხოვრებელი ხელმისაწვდომად ითვლება თუ შინამეურნეობა მასზე თვიურად შემოსავლის 30%-ს ხარჯავს.  2014 წლისთვის საქართველოში საშუალო თვიური შემოსავალი ერთ შინამეურნეობაზე 983,9 ლარი  (საქსტატი) იყო, ბინის საშუალო გასაყიდი ფასი 1 კვ.მ-ზე – 830 აშშ დოლარი (Tbilisi Real Estate Market Report, 2014, Colliers International). თბილისში მოთხოვნადი მცირე ზომის ბინის ფასი,  იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით, საშუალოდ 46 000 აშშ დოლარია. თუ ოჯახი ყოველთვიურად შინამეურნეობის შემოსავლების 30% დახარჯავს სესხის დასაფარად მას ბინის შესაძენად დაახლოებით 27 წელი დასჭირდება.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ