სააკაშვილის რეჟიმის უცნაური სიკვდილი

ბორის კაგარლიცკი

საქართველოს ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაბნეულობა და გაკვირვება გამოიწვია რუსეთში – როგორც ოფიციალურ პუბლიცისტთა, ასევე ლიბერალურ ოპოზიციონერთა შორის. ლიბერალები შოკში ჩააგდო იმან, რომ ქართველთა უმრავლესობამ ხმა არ მისცა მმართველ პარტიას, რომელსაც ეს მოსკოველი ავტორები სამაგალითოდ მიიჩნევდნენ და იმანაც, რომ ქართული ოპოზიციის მოქმედების სცენარი საოცრად ჰგავდა ყოველივეს, რისკენაც მიისწრაფვოდა და რაც ვერ შეასრულა რუსეთის ოპოზიციამ. პოლიტიკური პროცესები რუსეთშიც და საქართველოშიც ერთნაირად ვითარდებოდა (თუმც, საპირისპირო შედეგებით). ამასთანავე, რუსული და ქართული  ოპოზიციის სოციალური ბაზაც, თითქმის, იდენტურია: დედაქალაქი –  ხელისუფლების დასაყრდენი პროვინციის საპირისპიროდ.

აქაც და საქართველოშიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის რიტორიკა ძალზე ჰგავდა ერთმანეთს.  ეს ადასტურებს, რომ ლიბერალები ცდებიან და სააკაშვილი პუტინის ანტიპოდი კი არა, მისი ორეულია – თანაც, უიღბლო!  ამიტომ, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ რუსი ოპოზიციონერები, თავიანთ ქართველ კოლეგებთან შედარებით,  უფრო არაეფექტურნი და  უუნარონი აღმოჩნდნენ.

ხელისუფლების დამცველთა ბანაკშიც სიხარული არ იგრძნობა. ეს, ერთი შეხედვით, გასაკვირია – სააკაშვილი, რომელსაც ბოროტების განსახიერებად წარმოადგენდნენ, დამარცხებულია. შესაძლოა, იგი ბოლომდე განადგურებული არ არის, მაგრამ, დამცირებული და დასუსტებულია. მაშ, რატომ არ გვესმის აღტაცებული შეძახილები? საქმე ისაა, რომ ოფიციალურ პუბლიცისტთა  წუხილის მიზეზი იგივეა, რაც ლიბერალებისა: სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობაზე ივანიშვილის ,,ქართული ოცნების“ გამარჯვება,  მხოლოდ, ოპოზიციური კოალიციის საპარლამენტო წარმატება როდია! სინამდვილეში, ეს მორიგი ,,ფერადი რევოლუციაა“ – ე.ი იმ სცენარის კიდევ ერთი წარმატებული განხორციელება, რომლის წინააღმდეგაც ასე ხმალამოღებული იბრძვიან ჩვენი ხელისუფლების დამცველები.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია ყოველივე ისე წარმოაჩინონ, თითქოს კრემლმა ისწავლა თავისი მტრების წინააღმდეგ მათივე იარაღით ბრძოლა, მაგრამ, ამას არ ამბობენ, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქმე სულ სხვაგვარადაა.

ქართული სიუჟეტი ჩვენი კონსპიროლოგებისათვის უამრავ შესაძლებლობას შეიცავს. თბილისში ყველამ კარგად იცის, რომ ,,ქართული ოცნებას“ წარმატება გაუადვილა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და დასავლეთევროპული სახელმწიფოების წარმომადგენელთა პოზიციამ. სააკაშვილის ადმინისტრაციამ ტიტანური ძალისხმევა დახარჯა იმისათვის, რომ არ დაეშვა მისი ოპონენტის კუთვნილი ტელეარხის ,,TV 9”-ის ეთერში გასვლა, მაგრამ,  ეს მცდელობა მარცხით დამთავრდა, მას შემდეგ, რაც ივანიშვილს  ამერიკის ელჩი ჯონ ბასი გამოესარჩლა. ოპოზიციური არხის ტრანსლირება აუკრძალეს ყველა საკაბელო ტელევიზიას, პოლიციამ დააყადაღა ანტენები – ე.წ ,,თეფშები“, რომელთა მეშვეობითაც მასებისათვის რეჟიმის მოწინააღმდეგეთა შეხედულებები უნდა მიეწოდებინათ, მაგრამ, ამერიკის საელჩომ ხელისუფლებას მოსთხოვა საინფორმაციო პოლიტიკის რადიკალური შეცვლა და ,,ქართული ოცნებისათვის“ თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ,,აღმოჩნდა, რომ  უმჯობესი იყო ამ რეკომენდაციის შესრულება“ – ირონიულად შენიშნავს ქეთევან ამირეჯიბი ფრიად საყურადღებო სტატიაში, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე  გამოქვეყნდა. პარლამენტმა დაუყოვნებლივ შეწყვიტა არდადეგები, სასწრაფოდ შეიკრიბა და შეიტანა ცვლილება საარჩევნო კოდექსში(!), რომლითაც საკაბელო მაუწყებლებს დაავალეს აქამდე აკრძალული ,,TV9“-ისა და სხვა ოპოზიციური ტელეარხების ტრანსლირება არჩევნების დღის ჩათვლით!

დასავლეთის პოლიტიკური ზეწოლის შედეგად ჩაიშალა, აგრეთვე,  ხელისუფლების მცდელობა ივანიშვილის  პოლიტიკური ცხოვრებიდან გამოთიშვისა იმ საბაბით, რომ იგი საფრანგეთის მოქალაქე იყო. ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება ოპოზიციურმა ოლიგარქმა იმხანად ვერ მოახერხა, მაგრამ, როდესაც დასავლეთის ქვეყნების საელჩოები ალაპარაკდნენ პოლიტიკოსის უფლებების შელახვის შესახებ, პარლამენტი კვლავ შეიკრიბა და მათ დასამშვიდებლად, შეიტანა ცვლილება კონსტიტუციაში(!), რომლის მიხედვითაც საქართველოში დაბადებული და იქ უკანასკნელი 5 წლოს განმავლობაში მცხოვრები,  ევროკავშირის ქვეყნების მოქალალაქეებს აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და დაიკავონ სახელმწიფო თანამდებობები. ძნელია, ამაზე უგუნური  რამ მოიფიქრო! თვით ივანიშვილმაც კი განაცხადა, რომ არ გამოიყენებდა ამ საკანმდებლო ცვლილებით მინიჭებულ უფლებას და კენჭს არ იყრიდა.

უცხოელი პარტნიორები რამდენიმეჯერ, გადამწყვეტ მომენტებში დადგნენ ოპოზიციის მხარეს. მათი ასეთი მოქმედებით გამოწვეული ფსიქოლოგიური ეფექტი მნიშვნელოვნად აღემატებოდა უშუალო პოლიტიკურ შედეგებს. ხელისუფლების საჯარო დამცირებამ, მისმა მზადყოფნამ რომ სტრატეგიული პოზიციები დაეთმო, სააკაშვილის მომხრეების შემართება შეასუსტა და რაც მთავარია, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ მთავრობას დასავლეთის უპირობო მხარდაჭერის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს – არადა, ეს ხელისუფლება ამ მხარდაჭერაზე ძალიან იყო დამოკიდებული. დღეს ყველა ლაპარაკობს იმაზე, თუ რა იოლად აღიარა სააკაშვილმა დამარცხება, მაგრამ, ეს რეჟიმის დემოკრატიზმით არ უნდა ავხსნათ. ნაციონალების ხელისუფლება ხომ ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ დაუფიქრებლად იყენებდა უსასტიკეს, რეპრესიულ მეთოდებს თავისი ოპონენტების წინააღმდეგ. საქმე ისაა, რომ  მასობრივი ფალსიფიცირება, ან არჩევნების შედეგების გაუქმება შეუძლებელი იყო ვაშინგტონის მიერ ამაზე თვალის დახუჭვის გარეშე; ამერიკის საელჩოს მოქმედებამ კი აჩვენა, რომ აშშ ასეთ რამეს მხარს არ დაუჭერს.

კონსპიროლოგების ლოგიკით, ეს ამტკიცებს, რომ დასავლეთმა ჩამოაგდო სააკაშვილი –  ისევე როგორც ბენ ალი, მუბარაქი და კადაფი, მაგრამ, ეს თეორია ვერ სცემს პასუხს იმაზე, თუ რა საჭირო იყო იმ ხელისუფალთა ჩამოგდება, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რასაც მათ ,,დასავლელი მეგობრები“ სთხოვდნენ. მართალია, ასეთი არგუმენტები კონსპიროლოგებზე არ მოქმედებს, მაგრამ სააკაშვილის ,,გადაყენება“ მათთვისაც კი ძნელად გასაგები იქნება. საქართველოს პრეზიდენტზე უფრო პროამერიკული და პროდასავლური ლიდერი, ალბათ, არათუ ევრაზიაში – მსოფლიოშიც არ არსებობს, ამიტომ, შეუძლებელია აშშ-ს საელჩოს ქცევის სტანდარტული, კონსპიროლოგიური სქემით ახსნა.

კონსპიროლოგიური სქემის მთავარი პრობლემა ისაა, რომ იგი მცდარია. საქართველოს ისტორია ამას ადასტურებს. ,,მართული ქაოსის“ თეორია მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების დამცველ პუბლიცისტების ტვინში არსებობს. ამ  ადამიანებს არ გააჩნიათ არავითარი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს თანამედროვე ბიზნესი, იმართება საინვესტიციო პროცესი და ა.შ. ამიტომაც შეუძლიათ ამტკიცონ, რომ ამერიკელები არიან ჯადოქრები, რომლებიც ქმნიან მსოფლიოში ქაოსს იმისათვის, რომ შემდეგ ის მართონ. დღეს კორპორაციები სტაბილურობას მოითხოვენ და ვერც ერთი ამერიკული მთავრობა ვერ გაბედავს მათი ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებას.

რა თქმა უნდა, შეიძლება განვაცხადოთ, რომ ამერიკელ დიპლომატებს მხოლოდ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემები აწუხებთ, მაგრამ, მაშინ გაუგებარი იქნება რატომ არ ხელმძღვანელობდნენ ამ პრინციპებით 1973-ში, ჩილეში მომხდარი გადატრიალების დროს, ან ოცი წლის შემდეგ, როდესაც ელცინმა  არჩეულ პარლამენტს სატანკო ჭურვები დაუშინა?!

სინამდვილე გაცილებით უფრო მარტივი და პროზაულია. 1970-იანების დასასრულს აშშ-ს საგარეო პოლიტიკამ რამდენიმე მძიმე მარცხი განიცადა იმის გამო, რომ ამერიკელები ბოლომდე მხარს უჭერდნენ ყველა რეჟიმს, რომლებთანაც ტრადიციულად იყვნენ დაკავშირებულნი – ხალხისათვის საძულველ დიქტატორებს.  ამ მწარე გაკვეთილს უკვალოდ არ ჩაუვლია და უკვე 1980-იანების დასაწყისში მათ  დაიწყეს უფრო რაციონალური და პრაგმატული ტაქტიკის შემუშავება. ვაშინგტონში მიხვდნენ, რომ აზრი არ აქვს იმ ლიდერების მხარდაჭერას, რომელთაც თვითონ არ შეუძლიათ ძალაუფლების შენარჩუნება. ყავლგასული რეჟიმების ,,გამაგრების“ მაგივრად, ამერიკელმა დიპლომატებმა დაიწყეს ურთიერთობის დამყარება პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ამ რეჟიმების ჩანაცვლებისათვის ემზადებოდნენ. თანაც ამას საკმაოდ ადრეულ სტადიაზე აკეთებდნენ – მაშინ, როცა ახალი პარტნიორები ჯერ კიდევ არ იმყოფებოდნენ გავლენის ზენიტში. ამ ეტაპზე ამერიკის დახმარება, ან თუნდაც ნეიტრალიტეტი მათთვის რეალურად ღირებულია.

ყველა ,,ფერადი რევოლუცია“ ამ სქემით განვითარდა. მათ ემსხვერპლნენ არა აშშ-ს მოწინააღმდეგეები, არამედ მისი მოკავშირეები (კუჩმით და შევარდნაძით დაწყებული და ბოლო წლებში ჩრდილოეთ აფრიკაში დასავლეთის სტრატეგიული მოკავშირით – კადაფით დამთავრებული). შესაძლოა, ავტორიტარული რეჟიმისათვის უფრო უსაფრთხო იყოს ვაშინგტონთან კონფლიქტი, ვიდრე მისი მეგობრობა. მიუხედავად იმისა, რომ კონსპიროლოგები ასე არ ფიქრობენ, ამერიკელები ძალზე იშვიათად ამხობენ თავიანთ მოწინააღმდეგეებს, მაგრამ,  საკმაოდ ხშირად და ფრიად ადვილად აქცევენ ზურგს  მოკავშირეებს.

დავუბრუნდეთ ისევ საქართველოს. იმას, რომ გამარჯვებული ოპოზიცია ,,კრემლის პროექტია“, ძალზე მიამიტი ადამიანი თუ დაიჯერებს. უეჭველია, რომ ,,ქართული ოცნება“ ყველანაირად ეცდება დასავლეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას, მაგრამ, აშკარაა ისიც, რომ ქართული საზოგადოება დაიღალა რუსეთთან კონფლიქტით. ვფიქრობ – რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის ობიექტურად არსებული მოთხოვნილება დაკმაყოფილდება. იდილია მოსალოდნელი არ არის, მაგრამ, გონივრული კომპრომისები ნამდვილად იქნება, ეს კი საუკეთესო გამოსავალია რუსეთისა და საქართველოს ხალხებისათვის.

რუსულიდან თარგმნა ქეთევან ამირეჯიბმა

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ