წლების მანძილზე უნივერსიტეტი იქცა პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენად – ეს იყო ინდოქტრინაციის კერა, საიდანაც აქტიურად ვრცელდებოდა კონკრეტული პოლტიკური იდეოლოგია და დღესდღეობითაც, ყველაზე მკაფიოდ სწორედ აქ იგრძნობა ავტოკრატიული რეჟიმის უკეთური გამოვლინებანი.
ყველასთვის ცხადია, რომ უნივერსიტეტი თავისი იდეით საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის განვითარებასა და გაღრმავებას, ამასთან ერთად, ეს ის ადგილია, სადაც სტუდენტი ვითარდება, როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად, ხოლო საუნივერსიტეტო სისტემა, სალექციო კურსებით, კვლევებითა თუ ცოცხალი ურთიერთობებით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების, მომავალი თაობის იდეოლოგიისა და ღირებულებების განსასაზღვრად: მას ერთის მხრივ შეუძლია ჩამოაყალიბოს, როგორც ხარისხიანი და კვალიფიციური, ასევე არაკონვენციური, შემოქმედებითი, სიცოცხლისუნარიანი, პროდუქტზე ორიენტირებული ცოდნის მქონე, თავისუფალი პიროვნებები, ხოლო მეორეს მხრივ ის შეიძლება უმთავრეს ინსტრუმენტად იქცეს მომავლის გონის არსებული პოლიტიკური რეჟიმის შესაბამისად ფორმირებისათვის და ახალგაზრდები აქციოს სისტემისთვის სასურველ რიგით ბიუროკრატად, კონფორმისტად თუ იდეოლოგიის გამავრცელებლად.
თუკი ვთანხმდებით იმაზე, რომ უნივერსიტეტი ყველაზე მნიშვნელოვანს თუ არა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის მომავლისა და საზოგადოების ჩამოყალიბებისას, მაშინ მარტივად დავასკვნით იმასაც, თუ რატომ იქცა იგი პოლიტიკური ასპარეზისთვის განკუთვნილ ამგვარ მნიშვნელოვან არენად.
ერთი შეხედვით უწყინარი საგანმანათლებლო პროცესი, რომელიც ამახინჯებს უნივერსიტეტის ნამდვილ მნიშვნელობას, თავის მხრივ, სარგებლობს „ინტელექტუალთა“ სახელით – ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი უნივერსიტეტის პოლიტიზირებისა და გაუფასურების პროცესში პირადი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, დღესაც სარგებლობენ პრივილეგირებული სტატუსით, როგორც საუნივერსიტეტო, ასევე საჯარო სივრცეში – უნივერსიტეტს არ ჰყავს ავტორიტეტული პიროვნება, რომელიც თავისი საქმიანობითა და ღირებულებებით ნდობას იწვევს საზოგადოებაში. ხშირ შემთხვევაში, ამ ადამიანების საზოგადოებრივი რეპუტაცია მათი პრივილეგიების უკუპროპორციულია. ყოველივე ეს კი გულისხმობს მეცნიერთა, ხელოვანთა, საზოგადო მოღვაწეთა და ზოგადად, პიროვნებათა მნიშვნელობისა და როლის დაკნინებას.
აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩვენს რეალობაში უნივერსიტეტი არა ცოდნის, არამედ კონკრეტული პოლიტიკური იდეოლოგიისა და შეხედულებების გამავრცელებელი ორგანოა( ცხადია, ეს არ გულისხმობს იმას, რომ უნივერსიტეტში მოღვაწე თითოეული ადამიანი ამ სისტემის თანამონაწილეა, აქ საუბარია, წლების განმავლობაში არსებული ქართული საგანმანათლებლო სისტემის პოლიტიკასა და მიმართულებაზე).
ამ დებულების გასამყარებლად საკმარისია კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი უნივერსიტეტში წლების მანძილზე არსებულ სიტუაციას, ხოლო იმისათვის, რომ უკეთ დავინახოთ არსებული სისტემის ნაკლოვანებები, უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულად რა არის უნივერსიტეტის ფუნქციები და როგორი უნდა იყოს იდეალური უნივერსიტეტი :
პირველ რიგში, უნივერსიტეტი ის ადგილია, სადაც გენერირდება ცოდნა და მისი უმთავრესი ფუნქცია განათლების გავრცელება, შესაბამისად საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაა. ამასთან ერთად, უნივერსიტეტი არა მხოლოდ ცოდნის გაცემა-მიღების პროცესისათვის განკუთვნილი ადგილია, არამედ სიახლის აღმოჩენასა და შექმნაზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი- სახელოვნებო დაწესებულება, სადაც სწავლება და კვლევა თანადროული პროცესებია. ეს არის ის ძირითადი ფუნქციები, რაც უნივერსიტეტს თავის მნიშვნელობას სძენს, მაგრამ ამ ყველაფრის განხორციელება შეუძლებელია (თუმცა დამახინჯება შესაძლებელი) უმთავრესი პრინციპის – აკადემიური თავისუფლების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო სისტემის მთლიანი პროცესის (როგორც სასწავლო, ასევე კვლევითი) მიუკერძოებლობას, ხელშეუხებლობასა და ავტონომიურობას ( ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით).
მას შემდეგ, რაც 1158 (1155) წელს, ბოლონიის უნივერსიტეტმა შეიმუშავა აკადემიური ქარტია (Constituo Habita), რომელიც უზრუნველყოფდა მეცნიერის შეუფერხებლად მოგზაურობის უფლებას, საფუძველი ჩაეყარა აკადემიური თავისუფლების ცნებას, როგორც მთლიანი საგანმანათლებლო პროცესის განუყრელ და თანმდევ ნაწილს, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა მე-20 საუკუნეში შეიძინა. 2006 წელს კი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გასცა რეკომენდაცია აკადემიური თავისუფლებისა და უმაღლესი სასწავლებლის ავტონომიის შესახებ, რომლის მიხედვითაც აკადემიური თავისუფლება არა მხოლოდ სრულყოფილი უნივერსიტეტის, არამედ დემოკრატიული ქვეყნის აუცილებელი პირობაა – პროფესორს უნდა შეეძლოს ახალი იდეების გავრცელება, კრიტიკა, საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება და სამეცნიერო კვლევების თავისუფლად წარმოება.
ყოველივე ზემოთ ნახსენები კი გულისხმობს შემდეგს : უნივერსიტეტის დანიშნულებაა გასცეს და შექმნას ახალი ცოდნა , ხოლო მისი სრულფასოვნად ფუნქციონირებისათვის კი აუცილებელია აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა.
როგორ უნდა განვახორციელოთ საუნივერსიტეტო რეფორმა ისე, რომ დავიწყოთ სრულყოფილი უნივერსიტეტის ჩამოყალიბების პროცესი?
ამ კითხვაზე პასუხს ითვალისწინებს განათლებისა და მეცნიერების კომისიის მიერ შექმნილი რეფორმის კონცეფცია ტენუარის სისტემის შესახებ, რომელიც აპრობირებულია მსოფლიო მასშტაბით და სწორედ მის პრინციპებზეა აგებული ყველა წამყვანი უნივერსიტეტი,ხოლო 1940 წელს, აშშ- ში, ამერიკული უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციამ შექმნა და 200-ზე მეტმა სასწავლო – საგანმანათლებლო ასოციაციამ ხელი მოაწერა დადგენილებას აკადემიური თავისუფლებისა და ტენუარის პრინციპების შესახებ.
იმისათვის,რომ ცხადი გახდეს კითხვაზე პასუხი, ვისაუბრებ კონცეფციის სამ ძირითად პრინციპზე :
1) ხარისხის პრინციპი : იმისათვის, რომ უნივერსიტეტმა შეასრულოს თავისი დნაიშნულება- იზრუნოს საზოგადოების განვითარებაზე – აუცილებელია სწავლება და კვლევა იყოს უმაღლესი ხარისხის,რაც გულისხმობს შესაბამისი სტანდარტისა და კვალიფიკაციის მქონე პროფესურას – სხვა შემთხვევაში მივიღებთ ცოდნის იდეის პროფანაციას, რომელიც არა საზოგადოების განვითარების, არამედ დეგრადირების აუცილებელი ატრიბუტია.
2) მიუკერძოებელი შერჩევა (გარე რეფერირება) : პროფესორის ხარისხის დადგენის კომპეტენცია გააჩნიათ მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მქონე, თავად მაღალი საერთაშორისო დონის მეცნიერ – პროფესორებს,რომლებიც არ მოქმედებენ არანაირი მერკანტილური ინტერესებით და ორიენტირებულნი არიან მხოლოდ ხარისხზე, რაზეც კომპრომისი მათი მხრიდან დაუშვებელია. ეს შერჩევის ერთადერთი სწორი პრინციპია, რომელსაც მთელი მსოფლიო ცნობს, თუმცა ჩვენთვის იგი ნოვატორულია და ზოგ შემთხვევაში უსაგნო კამათის საგნადაც კი იქცევა.
3) ტენუირების პრინციპი: მას შემდეგ, რაც გარე რეფერირების გზით, გამოვლინდება ტენუირებული პროფესორი, იგი უზრუნველყოფილია უვადო კონტრაქტით, რაც ცხადია, გულისხმობს შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას (ლექციების ჩატარება, კვლევის წარმოება და ა.შ.), ხოლო პროფესორს უზრუნველყოფს აკადემიური თავისუფლების გარანტიით, რათა მას სრულიად დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და შეუფერხებლად შეეძლოს პროფესიული განვითარება.
ეს ყოველივე რომ დღევანდელ, რეალურ სიტუაციას შევადაროთ, დავინახავთ, რომ უნვიერსიტეტი, თავისი მნიშვნელობითა და ფუნქციით, საქართველოში არ არსებობს, რადგან იგი არ ემსახურება საზოგადოებას და არ ზრუნავს მისი განათლების დონის განვითარებაზე, ამის დამადასტურებელი ფაქტი კი ისაა, რომ უნივერსიტეტში არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპი არ მუშაობს, უფრო მეტიც, აკადემიური თავისუფლების პრინციპების ქართული გამოვლინება არა თუ იზიარებს, არამედ გამორიცხავს მის მნიშვნელობას – წლების მანძლზე უნივერსიტეტში კადრების სელექცია ხდება პოლიტიკური ნიშნით, არასასურველი კანდიდატები ტოვებენ ადგილს, ხოლო უნივერსიტეტში პრივილეგირებულ კასტას ქმნიან პოლიტიკური ლოალობისა და კლანური პრინციპით შერჩეული პირები.
რადგანაც განათლება მომავლის ინვესტიციაა, რეფორმაც სწორედ საზოგადოებრივი ფასეულობების შეცვლას, პოზიტიურ პერსპექტივასა და სიახლეზე ორიენტირებას გულისხმობს, ხარისხითა და აკადემიური თავისუფლებით უზრუნველყოფილი უნივერსიტეტი განაპირობებს საზოგადოებრივ კეთილდღეობას. ჩვენ, ყველამ, საზოგადოების თითოეულმა წევრმა და განსაკუთრებით სტუდენტებმა, უპირველესად, უნდა გავაანალიზოთ განათლების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისათვის და შესაბამისად, უმთავრეს პრიორიტეტად სწორედ ხარისხიანი განათლება და მის დამკვიდრებაზე ზრუნვა უნდა ვაქციოთ. მხოლოდ ამის გათვალისწინების შედეგად, შეგვიძლია შევთანხმდეთ იმაზე, თუ როგორი უნივერსიტეტი გვინდა – დასავლური განათლების სისტემაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო – კვლევითი დაწესებულება, თუ უნივერსიტეტი, რომელიც გამორიცხავს უნივერსიტეტის ნამდვილ მნიშვნელობასა და იდეას?!
ავტორი: მარიამ შენგელია