როგორ შეცვალა ჯეინ ჯეკობსმა ჩვენი აღქმა ქალაქის შესახებ

Image result for jane jacobs sasskia

►  ავტორი: სასკია სასენი – ჰოლანდიელი ამერიკელი სოციოლოგი, გლობალიზაციის, მიგრაციისა და ქალაქის მკვლევარი; კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი.

► თარგმნა ნიკა კასრაძემ 

► მედია-პლატფორმა მადლობას უხდის თარგმანის ავტორს ვებ-გევრდის განვითარებაში შეტანილი მოხალისეობრივი წვლილისათვის.

 

©European.ge

როდესაც პირველად შევხვდი ურბანული აქტივიზმის ამ ქალღმერთს, მისგან ჩემი მიდგომის ერთერთი ყველაზე დახვეწილი კრიტიკა მოვისმინე. ჯეინ ჯეკობსი შეუჩერებელი იყო. ის ნებისმიერთან შედიოდა პოლემიკაში, იმის გასაგებად, თუ რა შეადგენს ქალაქს.

ჯეინ ჯეკობსს პირველად ოთხმოცდაათიანების დასაწყისში შევხვდი. ის ჩემს ერთ-ერთ ლექციაზე, ტორონტოს მოზრდილი აუდიტორიის წინა რიგში იჯდა. არ ვიცოდი, ვინ იყო.

ლექციის შემდეგ, პირველი და საკმაოდ თამამად აწეული ხელი ამ ხანში შესული ადამიანისა იყო. რა მშვენიერია, გავიფიქრე – მოქალაქე, რომლისთვისაც ჩართულობა დღემდე მნიშვნელოვანია.

თუმცა, რაც შემდგომ მისგან მოვისმინე, იყო ჩემი ურბანული ანალიზის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კრიტიკა, რომლის მსგავსიც მანამდე არ მსმენია და ალბათ ვერც ვერასდროს მოვისმენ.

მისი კითხვები საკმაოდ განსხვავდებოდა ჩემთვის დასმული ჩვეული კითხვებისგან. ის მუდმივად უბრუნდებოდა “ადგილის” საკითხს და მის მნიშვნელობას ურბანული პოლისების დანერგვაში, განსაკუთრებით კი სამეზობლოების გაქრობასა და ადგილობრივთა გამოცდილებების წაშლას. მისმა გავლენამ ჩემი მსჯელობა უფრო “მიკრო” დონეებისკენ მიმართა. დღესაც ვმუშაობ იმ საკითხებზე, რომლებიც ნაციონალური და ქალაქების ეკონომიკების ელემენტების რელოკალიზების აუცილებლობას ეხება.

ასე რომ, იქნებ ახლა, მისი დაბადების 100 წლის თავზე, უნდა დავსვათ კითხვა: რა არის ის, რაც ჯეინ ჯეკობსს სურდა, რომ ქალაქის არსში დაგვენახა?

ამ კითხვაზე ფიქრი მიბიძგებს ყურადღება გავამახვილო იმ პირობებზე, რაც ქმნის მეტროპოლისს – მშრომელთა აურაცხელი მრავალფეროვნება, მათი საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეები და მრავალი შემავალი ქვე-ეკონომიკის ურთიერთობა. ამჟამად, გლობალურ ქალაქთან მიმართებაში, ამ ფაქტორების უმეტესობა უმნიშვნელოდ, ან საერთოდაც წინა ეპოქის გადმონაშთად მიიჩნევა. მაგრამ, ჯეკობსისეული ახლო პერსპექტივიდან ცხადად ჩანს, რომ ეს მცდარი შეხედულებაა.

ის ჩვენს ყურადღებას ამახვილებდა ქვე-ეკონომიკების შედეგების მნიშვნელობაზე ქალაქისთვის – მისი მოსახლეობისთვის, სამეზობლოებისთვის და მათი ვიზუალური კანონზომიერებებისთვის. მოგვიწოდებდა გვეფიქრა თანამედროვე ქალაქის მასიური ჯენტრიფიკაციის შედეგებზე, თუ რა გავლენა აქვს ამას სხვა ყველა ჩაბმულ ეკონომიკაზე და ადგილზე – მათ შორის, მცირე შინამეურნეობების და მომგებიანი სამეზობლო ფირმების იძულებითი გადაადგილების თვალსაზრისით.

როგორ აღვიქვამთ იმ ასპექტებს, რომლებსაც განვითარებისა და ურბანული კონკურენციის თანამედროვე ნარატივები უხილავად აქცევენ? ადრეულ 1900-იანებში, ქალაქი წარმოადგენდა ერთგვარ ლინზას, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ფართო პროცესების გაანალიზება. თუმცა, დაახლოებით ნახევარ საუკუნეში, მან ეს როლი დაკარგა. სწორედ ჯეინ ჯეკობსმა გვასწავლა ხელახლა ქალაქის უფრო ღრმად და კომპლექსურად დანახვა.

ის დაგვეხმარა იმ განზომილებების პოვნაში, რომლებიც, როგორც წესი, გამორიცხული, განდევნილი იყო ურბანული ეკონომიკის ჩვეული ანალიზებიდან. მართლაც, წარმომიდგენია, როგორ დასძენდა, სრულიად დაუეჭვებლად, რომ იმის მიუხედავად, თუ რამდენად ელექტრონული თუ გლობალური შეიძლება გახდეს ქალაქი, ის მაინც უნდა „შეიქმნას“ – სწორედ აქ ჩანს ადგილის უდიდესი მნიშვნელობა.

ქალაქი დიდი ხნის განმავლობაში იყო იმ გამოწვევების შესწავლის არენა, რომლებთანაც საზოგადოებას ყოველდღიურად უწევდა გამკლავება. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, ქალაქების შესწავლა სოციოლოგიის ეპიცენტრში იყო, რაც ჩანს ზიმელის, ვებერის, ბენიამინის, ლეფევრის და ჩიკაგოს სკოლის ნაშრომებში. ეს სოციოლოგები მსჯელობდნენ მასიურ პროცესებზე: ინდუსტრიალიზაციაზე, ურბანიზაციზე, გაუცხოებაზე და ახალ კულტურულ ფენომენზე, რომელსაც “ურბანულობა” უწოდეს. ქალაქის შესწავლა გულისხმობდა ეპოქის მთავარი სოციალური პროცესების შესწავლას.

მაგრამ, ორმოცდაათიანი წლებისათვის, ქალაქის შესწავლამ დაკარგა საკვანძო ანალიტიკური კატეგორიების შემმუშავებლის პრივილეგირებული როლი. სოციალურმა მეცნიერებამ, შეიძლება ითქვას, დაკარგა არამხოლოდ ქალაქის “აღქმის” უნარი, არამედ იმ ყველაფრისაც, რისი დანახვის საშუალებასაც ის გვაძლევდა. თუმცა – არა ჯეკობსმა.

ჯეკობსისთვის, ბარიკადებმა – როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით, თავისი როლი შეასრულეს არამხოლოდ მანჰეტენის უძველესი ნაწილის იერსახის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში, არამედ მისი ურბანული ეკონომიკის  მთლიან ანალიზში. ჯეკობსის თავდადებული ბრძოლა ქვედა მანჰეტენში “ვილიჯის” დასაცავად გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ბრძოლა ძველი ურბანული ლანდშაფტის შენარჩუნებისთვის (თუმცა, ეს თავისთავად საკმარისი იყო ბრძოლისათვის ისეთ ქალაქში, როგორიც ნიუ იორკი იყო – სადაც გაბატონებული დეველოპერული კომპანიები არ ითვალისწინებდნენ ისტორიულ მემკვიდრეობასა და ვიზუალურ წესრიგს).

ჯეკობსთან საუბრისას ცხადი გახდა, რომ სათემო ბრძოლები მისთვის უფრო ფართო პროცესის ნაწილი იყო – მისი სწრაფვისა, უკეთ დაენახა და განევითარებინა ეკონომიკაში ქალაქის როლის კონცეფცია. რიჩარდ სენეტი, რომელიც ხშირად იდგა “საპიკეტო მწკრივებში” ჯეკობსთან ერთად, იხსენებს მის მშვიდ, მედგარ შემართებას. ის დაუნდობელი იყო და უპირისპირდებოდა ყველას, მიუხედავად საკუთარი მომცრო ტანისა და, მოგვიანებით, ხანში შესულობისა.

რატომ არის საჭირო გლობალური ეკონომიკის ჩვენეულ ანალიზებში ადგილისა და წარმოების მნიშვნელოვნების აღდგენა, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ის მსხვილ ქალაქებში იქმნება? იმიტომ, რომ ეს გვაჩვენებს იმ ეკონომიკებისა და შრომითი კულტურების სიმრავლეს, რომლებშიც რეგიონალური, ნაციონალური და გლიბალური ეკონომიკებია ჩანერგილი.

მაგრამ ჯეიკობსი ამაზე ბევრად შორს მიდის. არსებითად, მან დაგვანახა, რომ სწორედ ურბანული სივრცეა ის საძირკველი, რომელზეც ამ ეკონომიკების დაშენება ხდება. მას ესმოდა, რომ აქტორთა მრავალძაფიანი ქსოვილია ის, რაც ქალაქს მის მაცხოვრებელთა ჯამზე, დიდ შენობებზე, ან კორპორატიულ ეკონომიკაზე მაღლა აყენებს.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ