“საუცხოო ქვეყანა” – როგორ მდიდრდებიან საქართველოში მხოლოდ უცხოელები

პააატა 3

► ავტორი: პაატა გურგენიძე – როტერადმის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკისა და მენეჯმენტის მაგისტრი. ეკონომიკისა და ჯანდაცვის პოლიტიკის მკვლევარი

© European.ge

„თუ თქვენ ირწმუნებით, რომ საგადასახადო შეღავათები უცხოური კაპიტალის უზარმაზარ შემოდინებას გამოიწვევს, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ  ფულის დიდი გადინებაც უცხელთა შემოსავლების სახით მომავალში;  რომ შიდა შემოსავალი იმდენითაც კი არ გაიზრდება, რამდენითაც გაიზრდება მშპ… აღმოსავლეთ ევროპის ვიშეგრადის ქვეყნების ეკონომიკებმა მოიზიდეს დიდი კაპიტალი დასავლეთ ევროპიდან, ნაწილობრივ დაბალი ხელფასების, ნაწილობრივ დაბალი კორპორატიული საგადასახადო განაკვეთების გამო. ამან მშპ-ს ზრდას შეუწყო ხელი, მაგრამ ზრდის იმდენად დიდი ნაწილი წავიდა უცხოელი ინვესტორებისკენ, რომ ეროვნული შემოსავლების ზრდა ჩამორჩა.“

პოლ კრუგმანი

2017 წელს, საქართველოს ეკონომიკა აღმავლობას განიცდიდა. მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა წინა წელთან შედარებით (2,8%) დაჩქარდა თითქმის ორჯერ (4,8% წინასწარი შეფასებით). მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მომხრეები ამ ზრდას ალბათ ე.წ. ესტონურ მოდელს, რეინვესტირებულ მოგებაზე გადასახადის გაუქმებას დაუკავშირებენ, თუმცა მე ჯერ არ ვაანალიზებ მთავრობის პოლიტიკის გავლენებს და ამაზე, ვერაფერს ვიტყვი. სამაგიეროდ, უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს 2014 წლის ზრდა ( 4,6% ) უფრო მეტად შიდა ფაქტორების (ეკონომიური პოლიტიკის) შედეგი იყო, ვიდრე 2017 ისა, რომელიც სავაჭრო პარტნიორების, რუსეთისა და თურქეთის ეკონომიკების მნიშვნელოვანი გამოცოცხლების ფონზე მიმდინარეობდა. მეტიც, ქართული ოცნების წარმატების პერიოდებს თუ შევადარებთ, 2017 წლის ოთხი კვარტალი (5,3%, 4,9%,4 ,4%, 4,7%) ჩამოუვარდება 2013 წლის ბოლო კვარტლიდან მოყოლებულ ოთხს (7,6%, 7,2%, 4,9%, 5,6%). მაგრამ სანამ 2017 წლის ზრდის გამომწვევ პოლიტიკასა და სხვა წლებთან შედარებას ჩავუღრმავდებით, მოდით ვუპასუხოთ ერთ უცნაურ კითხვას:  საერთოდ, კარგი იყო თუ ცუდი ეს ზრდა ჩვენთვის, ამ ქვეყნის მოქალაქეებისათვის.

ცოტა ხნის წინ, შევესწარი ერთ საუბარს, საიდანაც დამამახსოვრდა, რომ პრემიერი კვირიკაშვილი თურმე წუხდა შემდეგზე – ასეთ ზრდას მივაღწიეთ და ყველა მაინც უკმაყოფილოაო. ამ წუხილზე ერთ-ერთი გონივრული პასუხი ისაა, რომ ზრდა არ იყო ინკლუზიური – ანუ, ღარიბები ღარიბდებოდნენ და მდიდრები მდიდრდებოდნენ, თუმცა, სოციალური უთანასწორობის დინამიკაზე დაკვირვება, საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, საკმაოდ რთულია, რაც ცალკე განხილვის საგანია. მოსახლეობის “უმადურობის” გამომწვევი ფაქტორები სულ სხვა ადგილას აღმოვაჩინე: 2014 წლიდან მოყოლებული, ეკონომიკის (მშპ) ზრდას არ მოაქვს არანაირი შედეგი ქვეყნის მოსახლეობისათვის.

მაკროეკონომიკური ინდიკატორების ენაზე, ეს გამოიხატება იმაში, რომ იზრდება ქვეყნის შიდა პროდუქტი (მთლიანი შიდა პროდუქტი, მშპ, ანუ GDP, Gross Domestic Product), მაგრამ არ იზრდება ეროვნული შემოსავალი (მთლიანი ეროვნული შემოსავალი, ანუ, GNI, Gross National Income). ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, თუ შიდა პროდუქტი ის პროდუქტი/ შემოსავალია, რაც იქმნება ქვეყნის შიგნით (როგორც ადგილობრივი და უცხოელი მუშახელის, ისე ადგილობრივი და უცხოური კაპიტალის მიერ), ეროვნული შემოსავალი არის ის პროდუქტი/ შემოსავალი, რაც იქმნება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. თუ Investopedia-ს განმარტებას დავესესხებით, იმისათვის, რომ გამოვთვალოთ ეროვნული შემოსავალი, უცხოელების მიერ ჩვენთვის (ადგილობრივებისათვის) გადახდილი შემოსავალი და უცხოეთში ჩვენი კაპიტალიდან მიღებული შემოსავლები უნდა დავამატოთ მშპ-ს, ხოლო ჩვენს მიერ უცხოელი მუშახელისათვის გადახდილი და საქართველოში უცხოური კაპიტალის მიერ გენერირებული შემოსავალი უნდა გამოვაკლოთ მას. რამდენადაც ქართველებს არ გვაქვს უცხოეთში მნიშვნელოვანი პირდაპირი ინვესტიციები, GDP-სა და GNI-ს შორის სხვაობას, ძირითადად, საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ფაქტორი ქმნის, რომელიც იმდენად დიდია, რომ ამ მაჩვენებლით მსოფლიოს ლიდერთა შორის ვართ (პირველ ოცეულში 200 ქვეყნიდან). საილუსტრაციოდ მომყავს გრაფიკი, რომელზეც აღნიშნულია საქართელოს მაჩვენებლის მიმართება ევროპის, ამერიკისა  და მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლებთან.

27752376_10155457778097123_1133407232941063097_n

სწორედ ამ უზომოდ მაღალი პირდაპირი უცხოური  ინვესიტიციების მიერ (FDI, Foreign Direct Investment) შექმნილი უცხო კაპიტალი ქმნის/ითვისებს იმ პროდუქტს/ შემოსავალს, რომელიც ემატება ჩვენი (ადგილობრივი) კაპიტალის და მუშახელის მიერ შექმნილ მწირ და სტაგნაციაში მყოფ პროდუქტს/ შემოსავალს და ქმნის ზრდადი ეკონომიკის – მთლიანი შიდა პროდუქტის სურათს.

ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდან ჩანს, რომ ნაციონალური პროდუქტი ერთ სულზე, არ იზრდება 2014 წლიდან მოყოლებული [1] . (ნაციონალური პროდუქტი ერთ სულზე (GNI per capita, PPP (constant 2011 international $))

პაატა2

რაც შეეხება მშპ-ს, ამავე წლებში, ის იგივე დინამიკით იზრდება.  (მშპ ერთ სულზე (GDP per capita, PPP (constant 2011 international $))
პაატა3

ის, რომ ეროვნული პროდუქტის სტაგნაცია (მშპ-ს ზრდის ფონზე) დაკავშირებულია უცხოურ ინვესტიციებთან, ჩანს ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდანაც, რომელიც გვიჩვენებს 2014 წლიდან მოყოლებულ, უცხოური ინვესტიციების კატასტროფულ (თითქმის ორჯერ) ზრდას:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

2013 949.9
2014 1 763.0
2015 1 576.0
2016 1 583.8

2017*

1 346.5

ეს ნიშნავს, რომ მშპ- ზრდის ფონზე, ეროვნული პროდუქტის ჩამორჩენა[3] აიხსნება სწორედ უცხოური ინვესტიციების წილისა და გავლენის ზრდით ქართულ ეკონომიკაში. თუმცა,  ჩვენს მსგავსად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალი დონე, არ არის დამახასიათებელი წარმატებული ქვეყნებისათვის, თუმცა მე არ ვამბობ, რომ თუ ქვეყანამ ეს გზა აირჩია, იგი განწირულია. მართალია, უცხოური ინვესტიციებით გამორჩეული ქვეყნების პირველ ოცეულში ჩვენს გვერდით უფრო მეტი ჩამორჩენილი ქვეყანაა (ლიბერიის მსგავსი) ვიდრე განვითარებული; ასევე, ქვეყნების უმრავლესობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაცილებით დაბალი მაჩვენებლით კმაყოფილდებიან და შეერთებული შტატებიც ზღუდავს მათ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ არიან ქვეყნები (მაგალითად ირლანდია და სინგაპური), რომლებიც მაღალი უცხოური ინვესტიციების ფონზე წარმატებით ვითარდებიან (ჩვენზე გაცილებით სწრაფად) და ადგილობრივი მოსახლეობა ამ განვითარებიდან ისეთსავე სარგებელს იღებს, როგორც უცხოური კაპიტალი. როგორ და რა პოლიტიკებით აღწევენ ამას ეს ქვეყნები, ცალკე სასაუბრო თემაა. ის რასაც ამ წერილში მინდა ხაზი გავუსვა,  საქართველოს განსაკუთრებულობაა – ცუდი გამოცდილების მხრივ:

  • ჩვენი ეროვნული პროდუქტი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შიდა პროდუქტი;  მაშინ, როცა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ეს ციფრები თითქმის ტოლია.
  • ჩვენ ვართ თითქმის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომლის ეროვნული პროდუქტი არა თუ უბრალოდ ნაკლებია მთლიან შიდა პროდუქტზე (მაღალი უცხო ინვესტიციების სხვა ქვეყნებშიც ხდება ასე), არამედ ეროვნული პროდუქტი და შიდა პროდუქტი სხვადასხვა ტენდენციით ვითარდებიან : ეროვნული პროდუქტი არ იზრდება, მაშინ როდესაც, შიდა პროდუქტი იზრდება.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორც ჩანს, ჩვენ ისეთ პოლიტიკებს ვატარებთ, რომლებიც ხელსაყრელია მხოლოდ უცხოური კაპიტალისათვის. შედეგად, უცხოური ინვესტიციების ზრდას მოსდევს უცხოური კაპიტალის შემოსავლების ზრდა, ადგილობრივი მუშახელისა და კაპიტალის შემოსავლები კი სტაგნაციას განიცდიან. ჭეშმარიტად, ჩვენ ვართსაუცხოოქვეყანა.


შენიშვნები:

[1] მთლიანი ეროვნული პროდუქტი (GNI, PPP (constant 2011 international $))

https://data.worldbank.org/indicator/NY.GNP.MKTP.PP.KD?end=2016&locations=GE&start=2011

[2]მთლიანი მშპ GDP, PPP (constant 2011 international $)

https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.MKTP.PP.KD?end=2016&locations=GE&start=2012

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ