► ავტორი: ანა ბერია, თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტი.
რას ნიშნავს ახალი კონსტიტუციონალიზმი და დისციპლინარული ნეოლიბერალიზმი
ახალი გლობალური წესრიგის კონსტიტუციურ ასპექტებზე მსჯელობისთვის განვიხილავ 1990-იან წლებში გამყარებულ პრაქტიკას, რასაც ახალ კონსტიტუციონალიზმს, დისციპლინარული ნეოლიბერალიზმის კონსტიტუციურ განზომილებას უწოდებენ. ეს არის პრაქტიკა გლობალურად ისეთი კონსტიტუციური ცვლილებების შემუშავებისა, რომლებიც მოიცავს ნეოლიბერალური რეფორმების პოლიტიკურად დაფიქსირებასა და დაცვას მათი კონსტიტუციური ძალით გამყარების მექანიზმით. ასეთი ინიციატივები მიმართულია ინვესტორთა უფლებებისა და ტრანსნაციონალური ორგანიზაციების საკუთრების უფლებების დაცვისკენ.
რას ნიშნავს ახალი კონსტიტუციონალიზმი პოლიტიკურ რეალობაში? ეს ნიშნავს მოქალაქეების უფლებებისა და ხალხის წარმომადგენლობითობის პრინციპის დამორჩილებას კორპორატიული კაპიტალისა და მსხვილი ინვესტორების ინტერესებისთვის – ვიღებთ ისეთ სახელმწიფოებრივ ფორმებს, სადაც კაპიტალს გადამწყვეტი წონა და წარმომადგენლობითობა აქვს, შესაბამისად, დემოკრატიული წარმომადგენლობითობის პრინციპის შეზღუდვით, იზღუდება დემოკრატიზაციის პროცესი.
სხვადასხვა პოლიტიკურ-კონსტიტუციური მექანიზმებით, რომლებსაც მოიცავს გლობალური პოლიტეკონომიური წესრიგის ნეოლიბერალური რესტრუქტურალიზაცია, შესაძლებელი ხდება დომინანტური მმართველი ეკონომიკური ძალების იზოლირება დემოკრატიული მმართველობისგან და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებისგან. მიზანი სწორედ ის არის, რომ ისეთი უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი ეკონომიკური საკითხები, როგორიც არის, მაგალითად, სამუშაო პირობები და შრომითი კანონმდებლობა თუ ინვესტორთა უფლებები, რომელთა ხალხის კეთილდღეობისკენ მიმართვაც სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქცია უნდა იყოს, მაქსიმალურად განცალკევებულ იქნას პოლიტიკური სფეროსგან, შესაბამისად, პოლიტიკური პასუხისგებისა და დემოკრატიული პრინციპებისგან – ანუ მოხდეს მოსახლეობის წარმომადგენელთა მმართველობითი ინსტიტუტების როლის მინიმალიზაცია და მათგან განდევნა იმ მთავარი ეკონომიკური ძალებისა, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ სწორედ ამ მოსახლეობაზე.
შესაბამისად, რას წარმოადგენს დისციპლინარული ნეოლიბერალიზმი და მისი კონსტიტუციური განზომილება? ეს არის სახელმწიფოს ფუნქციის საბაზრო დისციპლინასა და საბაზრო პრინციპებისთვის დაქვემდებარების, ეკონომიკური და პოლიტიკური სფეროების ერთმანეთისგან გამიჯვნის, ეკონომიკური პოლიტიკის სახელმწიფოს ფუნქციიდან განდევნისა და მისი საბაზრო ფუნდამენტალიზმისთვის დაქვემდებარების, ხოლო ამ თავისუფალი ბაზრის პრინციპების ლეგალურად სამარადისოდ გარანტირებისთვის მათი კონსტიტუციურად გამყარების პროცესი. ამით მიიღწევა ის, რომ კაპიტალის ინტერესები დაცულია დემოკრატიული ძალებისგან, ის დემოკრატიულ პრინციპებზე უპირატესი და ხელშეუხებელია.
მაშინ, როდესაც მსოფლიო საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა დემოკრატიული საზოგადოებისთვის, იქნებოდა ეს მონარქიული თუ სხვა ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ, დღესდღეობით ის დგას შემდეგი ბრძოლის – ახალ კონსტიტუციონალიზმთან ბრძოლის წინაშე – რომლის მთავარი მიზანიც არის მოქალაქეების მიერ საუკუნეების განმავლობაში ბრძოლით მოპოვებული პოლიტიკური უფლებებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის დაქვემდებარება კორპორატიული კაპიტალისა და მსხვილი ინვესტორების ინტერესებისთვის. ეს არის მცდელობა ისეთი პოლიტეკონომიური და სოციალური წესრიგის შექმნისა, რომელშიც საჯარო პოლიტიკა ინვესტორთა ძალაუფლებრივ დომინაციაზეა დაფუძნებული და გამყარებულია კონსტიტუციით. სწორედ ინვესტორი ხდება სუვერენული პოლიტიკური სუბიექტი, მაგრამ ამისთვის, იმ დროს, როდესაც ფორმალური დემოკრატია სულ უფრო და უფრო მეტად ინსტიტუციონალიზებულია მსოფლიოს მასშტაბით, ეს პროცესი მოითხოვს სწორედ ამ დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციებისა და როლების გარდაქმნას, რათა მოხდეს მათი ისეთი ფორმირება, რომ შეუძლებელი გახდეს ოდესმე ნეოლიბერალურ ეკონომიკურ წესრიგთან დაპირისპირება. ნეოლიბერალური მმართველობის სამუდამოდ დაკანონებისთვის იდეოლოგია არ არის საკმარისი, საჭირო ხდება ნეოლიბერალური პოლიტიკის კონსტიტუციურად გამყარების მექანიზმები, რაც შეუძლებელს გახდის ოდესმე სხვაგვარი სოციო-ეკონომიკური წყობის დამყარებას ხალხის სურვილის შემთხვევაშიც კი – შესაბამისად, გვაქვს პარადოქსული მდგომარეობა – ხდება საუკუნეების განმავლობაში ბრძოლით მოპოვებული დემოკრატიული ინსტიტუტების ისე ფორმირება, რომ მათ სამუდამოდ ანტიდემოკრატიული ფორმა მიიღონ და სამარადისოდ დააკანონონ ერთი იდეოლოგიური წესრიგის დიქტატურა.
ამ პროცესების მეშვეობით ნეოლიბერალიზმი მკვიდრდება არა მხოლოდ როგორც ეკონომიკური, არამედ როგორც პოლიტიკურ-ინსტიტუციონალური სისტემა, რომელიც კაპიტალის ლოგიკას უქვემდებარებს ყველა სახის სოციალურ ურთიერთობებს და მთლიანად ცხოვრების ფორმას, რომლისთვისაც თავის აცილება შეუძლებელი ხდება. დისციპლინარული ნეოლიბერალიზმი არა მხოლოდ იდეოლოგიისა თუ ამა თუ იმ პოლიტიკის არჩევას გულისხმობს, არამედ მთლიანად სოციალური რეალობის გარდაქმნას და საზოგადოების მხრიდან ნებისმიერი ავტონომიური კოლექტიური ქმედების შეუძლებლობის უზრუნველყოფას. სწორედ ამგვარი ანტი-დემოკრატიულობისკენ, კაპიტალისა და ბიზნეს ლოგიკისთვის საზოგადოებრივი და დემოკრატიული ინსტიტუტების დაქვემდებარებისკენ და სახელმწიფო სტრუქტურების საკუთარი ლოგიკის მიხედვით ტრანსფორმაციისკენაა მიმართული დისციპლინარული ნეოლიბერალიზმის პროექტი და თავის თავში მოიაზრებს საბოლოოდ არადემოკრატიული და ფრაგმენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას.
სწორედ ამ პროცესის თვალსაჩინო მაგალითი იყო 2010 წელს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მიერ „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ ორგანულ კანონად ინიცირება და მისი კონსტიტუციაში 94-ე მუხლად ასახვა.
94-ე მუხლის სახით დისციპლინარული ნეოლიბერალიზმის კონსტიტუციურად ასახვა
კონსტიტუციის ამ მუხლის მიხედვით, ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს ხელიდან გამოეცალა ბერკეტი, აწარმოოს სხვადასხვა სოციალური თუ ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკა და ამ გამოწვევებს შეუსაბამოს საგადასახადო პოლიტიკა. ამ მუხლის მიხედვით, ხალხსა და პარლამენტს კონსტიტუციურად ეკრძალება გადაუხვიოს რადიკალური ნეოლიბერალური ხედვის შესაბამის საგადასახადო პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, თუ რა გამოწვევების წინაშე იდგება სახელმწიფო ან იქნება თუ არა ამის სურვილი მოსახლეობაში.
პირველ რიგში, მოკლედ შევეხები გადასახადების არსებობისა და საგადასახადო პოლიტიკის წარმოების ბერკეტის ფუნდამენტურ მნიშვნელობას სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის. განვითარებულ სოლიდარულ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის, სადაც ადამიანი არ არის მარტო სხვადასხვა გაუთვალისწინებელი პრობლემების წინაშე, და სადაც მოქალაქეებს ხელი მიუწვდებათ ისეთ მნიშვნელოვან სერვისებზე, როგორიცაა სოციალური თუ უმუშევრობის შემწეობა, ჯანდაცვა, განათლება, პენსია, პოლიცია თუ თავდაცვა, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ღირსეული ცხოვრების პირობებს საკუთარი მოქალაქეებისთვის, ფუნდამენტური და არსებითი როლი ენიჭება სწორედ გადასახადებს. იმისთვის, რომ ჩვენ ვიცხოვროთ განვითარებულ საზოგადოებაში და ძლიერ, პასუხისმგებლიან სახელმწიფოში, აუცილებელია გადავიაზროთ მოსაზრება, რომ გადასახადები მოქალაქეებისთვის ‘ფულის წართმევაა’. ამ მოსაზრების ლოგიკას რომ გავყვეთ, მივალთ ანტი-სახელმწიფოებრიობის პრინციპამდე – შევეწინააღმდეგებით თვითონ სახელმწიფოებრივ წყობას, ნებისმიერი სახისას, რადგან მისი არსებობისთვის და საკუთარი ფუნქციების შესრულებისთვის სხვადასხვა გამოწვევების დროს აუცილებელია გადასახადების არსებობა.
მას შემდეგ, რაც გავიაზრებთ გადასახადების ფუნდამენტურ როლს სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის, შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როდის როგორი საგადასახადო პოლიტიკის წარმოებაა მიზანშეწონილი. სოლიდარული საზოგადოება და პასუხისმგებლიანი სახელმწიფო გულისხმობს, პირველ რიგში, სახელმწიფოს მიერ რედისტრიბუციის პოლიტიკის წარმოების და რესურსების გადანაწილების შესაძლებლობას, რომლის მეშვეობითაც ის აწარმოებს საზოგადოებრივ სიკეთეებს, ხოლო მეორე მხრივ, შეთანხმებას ამ საზოგადოებრივი სიკეთეების წარმოებაში სამართლიან თანასწორ კონტრიბუციაზე. პირველ ფაქტორს, რედისტრიბუციისა და რესურსების გადანაწილების პოლიტიკას საზოგადოებრივ ლეგიტიმაციას აძლევს ისეთი მნიშვნელოვანი ბენეფიტები, როგორიცაა სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობა, ცხროვრების ღირსეული პირობების უზრუნველყოფა და უთანასწორობის შემცირება. ხოლო მეორე ფაქტორი – საგადასახადო ტვირთის სამართლიანი გადანაწილება თანხების მობილიზებისთვის, რაც უზრუნველყოფს ზემოთ ხსენებულ სიკეთეებს, პოლიტიკური საკითხია და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებსა თუ ჯგუფეს შორის დებატების საგანი.
აქ მოკლედ განვიხილავ საგადასახადო ტვირთის გადანაწილების პროპორციულ და პროგრესულ სისტემებს. ორივე სისტემის მიხედვით, მაღალშემოსავლიანს მეტი კონტრიბუცია შეაქვს გადასახადების სახით, ვიდრე დაბალშემოსავლიანს, თუმცა, პროპორციული სისტემის არსებობის დროს მაღალშემოსავლიანიცა და დაბალშემოსავლიანიც იბეგრება ერთი და იმავე საგადასახადო განაკვეთით, პროგრესული სისტემის არსებობის დროს კი მაღალშემოსავლიანი იბეგრება უფრო მაღალი განაკვეთით, ვიდრე დაბალშემოსავლიანი. გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი საგადასახადო სისტემაა მიზანშეწონილი, იღებს საკანონმდებლო ხელისუფლება – ხალხის მიერ არჩეული და ამ გადაწყვეტილების მიღების ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტი სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ეს საკითხი ფართო დისკუსიის საგანია და სიტუაციის შესაბამისად მისი ცვლილების შესაძლებლობა აუცილებელია. თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოებების არჩევანი სწორედ პროგრესული საგადასახადო სისტემაა, რომელიც მიჩნეულია საგადასახადო ტვირთის სამართლიანად გადანაწილების მექანიზმად და საზოგადოებაში უთანასწორობის შემამაცირებლად. ამის მიზეზი, პირველ რიგში, იმის აღიარებაა, რომ ყოველი დამატებითი ფულის ერთეული ღარიბი ადამიანისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე მდიდრისთვის (მისთვის, ვისაც 1000 ლარი აქვს შემოსავალი, 200 ლარი ბევრად მეტად ფასობს, ვიდრე 2 000 ლარი მისთვის, ვისად 10 000 ლარი აქვს შემოსავალი). დაბალშემოსავლიანი ადამიანი ამ ფულს ხარჯავს ისეთი ყოველდღიური მოხმარების საგნებზე, როგორიცაა საკვები თუ სხვა აუცილებელი ნივთები, მაღალშემოსავლიანი ადამიანი კი შემოსავლის ამ ნაწილს იყენებს ფუფუნების საგნებისთვის, რითიც სულ უფრო მეტად იზრდება უთანასწორობა და უარესდება დაბალშემოსავლიანი ფენის მდგომარეობა და ასევე გრძელვადიან პერიოდში ამ მდგომარეობის შეცვლის პერსპექტივა. გარდა ამისა, პროგრესული საგადასახადო სისტემა ასევე ეყრდნობა რაციონალურ არგუმენტს, რომ ისინი, ვინც მეტს აგროვებენ, ამ დაგროვების პროცესში პროცენტულად მეტად მოიხმარენ საზოგადოებრივ სიკეთეებს, ამიტომ, ამ საზოგადოებრივი სიკეთეების წარმოებაში მათ მიერ მეტი კონტრიბუციის შეტანა მიიჩნევა საგადასახდო ტვირთის სამართლიან გადანაწილებად.
შესაბამისად, პროგრესული საგადასახადო სისტემა სწორედ იმიტომ მიიჩნევა სოციალური სამართლიანობის მიღწევის მექანიზმად და უპირატეს საგადასახადო სისტემად თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებებში, რომ მისი მეშვეობით წარმოებული საზოგადოებრივი სიკეთეები (რომელთა წარმოებაც შესაძლებელი ხდება იქიდან გამომდინარე, რომ მეტი თანხის მობილიზებით შესაძლებელი ხდება სახელმწიფო დანახარჯების გაზრდა სოციალური კეთილდღეობის პროგრამებსა თუ სხვა სოციალურ სერვისებზე), აჭარბებს ინდივიდუალურ ხარჯებს. ამ სისტემის შედეგად მეტ სარგებელს იღებს არა რომელიმე კერძო კომპანია თუ კერძო პირი, არამედ მთლიანად საზოგადოება.
სწორედ ამ პოლიტიკურ-მორალურ-ეკონომიკური არგუმენტებიდან გამომდინარე, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საგადასახადო სისტემის შესახებ დებატები და საგადასახადო ტვირთის გადანაწილების მეთოდები ვერ იქნება კონსტიტუციის ნაწილი, რადგან ეს შეზღუდავდა დემოკრატიული სამართლიანობის პრინციპს, რომლის მიხედვითაც სოციალური სამართლიანობის შესახებ სხვადასხვა წარმოდგენების შესახებ მსჯელობა ჯანსაღი პოლიტიკური პროცესია, ამის საწინააღმდეგოდ კი საგადასახადო სისტემის შესახებ კონსტიტუციური ნორმის შემოღება და ერთი რომელიმე შეხედულების გამყარება ამ შეხედულების დიქტატის დამყარებაა დემოკრატიულ პროცესებზე, შესაბამისად, ანტი-დემოკრატიული და ანტი-კონსტიტუციურია. გადასახადების საკითხი, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არის პოლიტიკური საკითხი, რომლის შესახებ დავაც პარლამენტში და პოლიტიკურ პარტიებს შორის უნდა მიმდინარეობდეს, სხვა შემთხვევაში ეს დემოკრატიული ინსტიტუტები კარგავენ საკუთარ ფუნქციას და დემოკრატიულ ფორმას.
დასკვნა
შესაბამისად, საქართველოს დღევანდელი კონსტიტუცია 94-ე მუხლის მეშვეობით ეწინააღმდეგება სწორედ დემოკრატიული სამართლიანობის პრინციპებს, რადგან კრძალავს პოლიტიკურ სივრცეში მსჯელობას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული სოციალური სამართლიანობა სხვადასხვა ეკონომიკური გამოწვევების დროს. ამ მუხლის მეშვეობით ნეოლიბერალური თეორია სოციალური სამართლიანობის შესახებ აწესებს საკუთარ კონსტიტუციურ დიქტატს და კრძალავს ყველა სხვა არსებულ თეორიას. სწორედ ამგვარად, დემოკრატიულ სტრუქტურებში მისი საწინააღმდეგო შინაარსის ჩადებით, ის გარდაქმნის მათ ანტი-დემოკრატიულად და საკუთარ დიქტატს დაქვემდებარებულად, ანუ – ტოტალიტარიანულად.
ჩვენ, ერთი მხრივ, გვინდა გვქონდეს ძლიერი და სამართლიანი სახელმწიფო, ძლიერი პარლამენტი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე, მაგრამ სხვადასხვაგვარი საგადასახადო პოლიტიკის გატარების ბერკეტის გარეშე ვერ იფუნქციონირებს ვერანაირი პარლამენტი და ვერანაირი სახელმწიფო – გადასახადები არის ის ფუნდამენტური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, იზრუნოს ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზე (შესაბამისი სერვისებისა თუ პროექტების უზრუნველყოფით, რედისტრიბუციული მექანიზმის მეშვეობით, და ა.შ) და არა პოლარიზებული და მტრული საზოგადოების, რომელშიც მცირე ჯგუფი უმრავლესობის ექსპლუატაციის ხარჯზე მდიდრდება, არამედ თანასწორი და ერთმანეთის მიმართ სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. გადასახადების შიში და უნდობლობა კი ინფანტილურობის ან ანტისახელმწიფოებრიობის ნიშანია და იმავეს ნიშანია იმ არგუმენტით მანიპულირება, რომ სახელმწიფო ცუდად გამოიყენებს გადასახადების არსებობას. არჩევნების არსებობა და დემოკრატიის პრინციპი სწორედ იმას გულისხმობს, რომ არჩეულ მთავრობას მოსახლეობა ნდობას უცხადებს და ამ ნდობის გაუმართლებლობის შემთხვევაში, გადაირჩევს მას (გარდა ამისა, ამ არგუმენტის მხოლოდ მანიპულაციურ ბუნებაზე მიუთითებს ისიც, რომ დღესდღეობითაც ნებისმიერ მთავრობას შეუძლია გაზარდოს გადასახადები 3 წლით, მთავრობას კი სულ 4 წლით ვირჩევთ). შესაბამისად, პარლამენტის ბერკეტი, სხვადასხვა გამოწვევებს შეუსაბამოს საგადასახადო პოლიტიკა, აუცილებელია მისი ჯანსაღად ფუნქციონირებისთვის. ამ პრინციპის წინააღმდეგ წასვლა თვითონ სახელმწიფოებრიობის პრინციპის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს, რადგან საგადასახადო პოლიტიკის გარეშე შეუძლებელია სახელმწიფოს არსებობა.
სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ დემოკრატიულ, პლურალისტულ ქვეყანაში, სადაც გარანტირებული იქნება პოლიტიკურ სივრცეში ჯანსაღი დისკუსია მოქალაქეების ინტერესების დაცვისთვის, მოსახლეობის კეთილდღეობისათვის და გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისთვის, და არა კაპიტალისა და მსხვილი კორპორაციების ანტიდემოკრატიული ბატონობისა და ხალხის წინააღმდეგ მათი ინტერესების დიქტატურის პირობებში, საჭიროა მოვითხოვოთ 94-ე მუხლის ამოღება კონსტიტუციიდან და ვიბრძოლოთ ჩვენს ქვეყანაში ანტიდემოკრატიულობის, ერთი იდეოლოგიის მმართველობის კონსტიტუციურად გამყარების წინააღმდეგ!
გამოყენებული ლიტერატურა
New constitutionalism, democratisation and global political economy; Stephen Gill; 1998
This nightmare without end: How neo-liberalism is dismantling democracy; Pierre Dardot and Christian Laval; 2016
“To Lay and Collect Taxes”: The Constitutional Case for Progressive Taxation; Leonard P. Martinez; 1999