როგორ ავითარებენ ღარიბი ქვეყნები მდიდარ ქვეყნებს

guardianგამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

► წარმოგიდგენთ ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ზე ვირჯინიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორისა და განვითარების მკვლევარის, ჯეისონ ჰიკელის წერილის თარგმანს. ამჟამად ჯეისონ ჰიკელი გახლავთ ლონდონის ეკონომიკური სკოლის ანთროპოლოგიის პროფესორი. მისი ცნობლი წიგნია: The Divide: A New History of Global Inequality. მისი ტვიტერის მისამართია: @jasonhickel.

► მთარგმნელი: რევაზ ქოიავა. ანალიტიკური პლატფორმა European.ge მთარგმნელს მადლობას უხდის ჩვენი ვებგვერდის განვითარებაში მოხალისეობრივად შეტანილი წვლილისთვის.

© European.ge

ჩვენთვის დიდი ხანია ცნობილია უტყუარი ისტორია მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის ურთიერთობის შესახებ. ისტორია მოგვითხრობს, რომ OECD-ის წევრი მდიდარი ქვეყნები გულუხვად გასცემენ სიმდიდრეს გლობალურ სამხრეთის ღარიბ ქვეყნებზე, რათა დაეხმარონ მათ სიღარიბის აღმოფხვრაში და უბიძგონ განვითარებისკენ ახალი ნაბიჯების გადადგმაში. დიახ, დასავლური ქვეყნები კოლონიალიზმის პერიოდში შესაძლოა გამდიდრდნენ კოლონიებიდან რესურსების მიღების და მონური შრომის მოპოვების გზით – მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. ამჟამად, ეს ქვეყნები ყოველწლიურად დახმარების სახით გასცემენ $125 მილიარდზე (£102 მილიარდი) მეტს – რაც მათი ხელგაშლილობისა და კეთილმოსურნეობის დამაჯერებელი მტკიცებულებაა.

ეს ისტორია იმდენად ფართოდაა გავრცელებული საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და მსოფლიოს მდიდარი ქვეყნების მთავრობების მიერ, რომ ჩვენთვის დამატებით მტკიცებულებას აღარ საჭიროებს. მაგრამ ყველაფერი შესაძლოა არც ისე მარტივად იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ამერიკის შეერთებული შტატების გლობალურმა ფინანსურმა ერთიანობამ (GFI) და ნორვეგიის ეკონომიკის სკოლის გამოყენებითი კვლევების ცენტრმა ბოლო პერიოდში გამოაქვეყნეს შთამბეჭდავი მონაცემები. მათ დაითვალეს ყველა ფინანსური რესურსი, რომელიც ყოველწლიურად მდიდარი ქვეყნებიდან ღარიბ ქვეყნებს გადაერიცხა: არა მხოლოდ ფულადი დახმარება, უცხოური ინვესტიცია და სავაჭრო ნაკადები (როგორც ეს ადრე ჩატარებულ კვლევებში იყო), არამედ არაფინანსური ტრანსფერებიც – ვალის ჩამოწერა და ცალმხრივი ტრანსფერები, როგორიცაა მშრომელთა ფულადი გზავნილები და აღურიცხავი კაპიტალის გადინება (რაცბოლო პერიოდში გაიზარდა). რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს არის რესურსების გადარიცხვის ყველაზე გონივრული შეფასება, რაც კი ოდესმე განხორციელებულა.

მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ფულადი ნაკადები მდიდარი ქვეყნებიდან ღარიბი ქვეყნებისაკენ არაფერია იმ ფულად ნაკადებთან შედარებით, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით მიედინება.

გასულ წელს ჩაწერილი მონაცემების მიხედვით, 2012 წელს განვითარებადმა ქვეყნებმა მთლიანად მიიღეს 1.3 ტრილიონი ამერიკული დოლარი, რომელიც მოიცავს ყველა ფინანსურ დახმარებას, ინვესტიციას და შემოსავალს საზღვარგარეთიდან. იმავე წელს მოცემული ქვეყნებიდან 3.3 ტრილიონი ამერიკული დოლარი გაედინა გარეთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განვითარებადმა ქვეყნებმა 2 ტრილიონით მეტი გააგზავნეს დანარჩენ მსოფლიოში, ვიდრე მიიღეს. თუკი, 1980 წლიდან მოყოლებული, თითოეულ წელს თანხების მოძრაობას დავაკვირდებით დავინახავთ, რომ წმინდა გადინება შეადგენს გასაოცარ თანხას, 16.3 ტრილიონ ამერიკულ დოლარს – ეს არის ის თანხა, რომელიც გლობალური სამხრეთიდან „ამოქაჩეს“ ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში. იმისათვის რომ შევიგრძნოთ აღნიშნული თანხის მასშტაბები, 16.3 ტრილიონი ამერიკული დოლარი დაახლოებით ამერიკის შეერთებული შტატების მშპ-ის რაოდენობაა.

ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ კლასიკურ ნარატივს განვითარების შესახებ აქვს თავისი მეორე მხარეც. დახმარება ეფექტურად მიედინება საწინააღმდეგო მიმართულებით. მდიდარი ქვეყნები არ ეხმარებიან განვითარებაში ღარიბებს, ეს ღარიბი ქვეყნები ამდიდრებენ მდიდრებს.

რისგან შედგება ეს უზარმაზარი გადინებული თანხები? ზოგიერთი არის ვალის გადასახდელები. განვითარებადმა ქვეყნებმა 1980 წლის შემდეგ გადაიხადეს 4.2 ტრილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი თანხა სესხის საპროცენტო განაკვეთის სახით – პირდაპირი ფულადი ტრანსფერები ლონდონისა და ნიუ იორკის დიდი ბანკებში, რაც სხვადასხვა კურსით ამცირებს იმ დახმარებას, რომელიც განვითარებადმა ქვეყნებმა მიიღეს იმავე პერიოდში. ასევე დიდი წილი მოდის შემოსავალზე, რომელსაც უცხოელები ღებულობენ განვითარებად ქვეყნებში განხორციელებული ინვესტიციებიდან, რომლის რეპატრირებაც შემდგომ სახლში ხდება. წარმოიდგინეთ რამხელა მოგებას იღებს BP ნიგერიის ნავთობის რეზერვებიდან, ან ანგლო-ამერიკელი საწარმოები სამხრეთ აფრიკის ოქროს მაღაროებიდან.

თუმცა, გადინებების გაცილებით დიდი ნაწილი აღურიცხავია და როგორც წესი, უკანონო კაპიტალს წარმოადგენს. GFI-ს გამოთველებით, 1980 წლის შემდეგ განვითარებადმა ქვეყნებმა მთლიანად დაკარგეს 13.4 ტრილიონი ამერიკული დოლარი აღურიცხავი კაპიტალის გადინების შედეგად.

აღნიშნული აღურიცხავი კაპიტალის უდიდესი ნაწილი გაედინება საერთაშორისო სავაჭრო სისტემის გზით. უცხოური და ადგილობრივი კორპორაციები ანგარიშფაქტურაში უთითებენ არასწორ ფასებს, რათა განვითარებადი ქვეყნებიდან მიტაცებული ფულადი რესურსები საგადასახადო თავშესაფრებსა და საიდუმლო იურისპრუდენციებში გადამალონ. აღნიშნული პრაქტიკა „ფულის გათეთრების“ სახელწოდებით არის ცნობილი. როგორც წესი, მათი მიზანია გადასახადებისათვის თავის არიდება, თუმცა ეს პრაქტიკა ასევე გამოიყენება ფულის გათეთრებისა და კაპიტალის კონტროლის გვერდის ავლისათვის. 2012 წელს, განვითარებად ქვეყნებმა დაკარგეს 700 მილიარდი ამერიკული დოლარი სავაჭრო ანგარიშფაქტურებში არასწორი ფასის მითითების გზით, რამაც აღნიშნულ წელს მიღებულ დახმარებებს ხუთი პარამეტრით გაუსწრო.

ტრანსნაციონალური კორპორაციები ასევე იპარავენ ფულს განვითარებადი ქვეყნებიდან „იგივე-ინვოისების გაყალბების“ გზით, როდესაც თავიანთ შვილობილ კომპანიეთან ერთად მოგებას იღებენ უკანონო ანგარიშფაქტურის ფასის ორმხრივად გაყალბების გზით. მაგალითად, შვილობილმა კომპანიამ ნიგერიაში შეიძლება გვერდი აუაროს ადგილობრივ გადასახადებს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე მდებარე შვილობილი კომპანიისათვის ფულის გადაცემის გზით, სადაც გადასახადები ნაკლებია და გადარიცხული თანხის გაკონტროლებაც არ ხდება.

GFI-ის კვლევის მაჩვენებლებში არ შედის „ინვოსის გაყალბება“, რადგან მათი გამოვლენა ძალიან რთულია. მაგრამ მათი ვარაუდით ინვოისით გაყალბებული თანხები შეადგენს 700 მილიარდ ამერიკულ დოლარს წელიწადში. ეს მაჩვენებელი აერთიანებას მხოლოდ მოპარულ თანხებს სასაქონლო ვაჭრობის გზით. თუკი მას დავუმატებთ ქურდობას მომსახურების სფეროშიც, მაშინ მთლიანი წმინდა გადინებული ფულადი რესურსები წელიწადში 3 ტრილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ეს 24-ჯერ აღემატება დახმარების ბიუჯეტს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, განვითარებადი ქვეყნები, მათ მიერ დახმარების სახით მიღებულ ყოველ 1 ამერიკულ დოლარზე კარგავენ 24 დოლარს. ეს გადინებები განვითარებად ქვეყნებს აკარგვინებენ განვითარებისათვის საჭირო შემოსავლისა და ფინანსების მნიშვნელოვან წყაროს. GFI-ის მონაცემების მიხედვით, მზარდი ხასიათის წმინდა გადინებებმა განვითარებად ქვეყნებში გამოიწვიეს ეკონომიკური ზრდის შემცირება, რაც პირდაპირ აისახება ცხოვრების დონის შემცირებაზე.

ვინ არის დამნაშავე ამ უბედურებაში? რამდენადაც კაპიტალის უკანონო გადინება არის აღნიშნული პრობლემის მთავარი ნაწილი, პრობლემის მოგვარებაც აქედან უნდა დაიწყოს. კომპანიები, რომლებიც იტყუებიან ანგარიშფაქტურებში არიან აშკარა დამნაშავეები, მაგრამ რატომაა მათთვის ასე ადვილი აღნიშნული ვითარებისათვის თავის დაღწევა? წარსულში, საბაჟოს თანამშრომლებს შეეძლოთ შეეჩერებინათ ტრანზაქციები, რომლებიც საეჭვოდ გამოიყურებოდა, რაც თითქმის შეუძლებელს ხდიდა მათ მოტყუებას. მაგრამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ყოველივე ეს ვაჭრობას ხდიდა არაეფექტურს. ამიტომ, 1994 წლიდან საბაჟოს თანამდებობის პირებს მოეთხოვებათ, რომ ინვოისში მოცემული ფასი მიიღონ ნომინალურ ღირებულებად გარდა ძალიან საეჭვო შემთვევებისა, რაც ართულებს უკანონო გადინების ფაქტების გამოვლენას.

მიუხედავად ყველაფრისა, კაპიტალის უკანონო გადინება ვერ განხორციელდება საგადასახადო თავშესაფრების გარეშე. როდესაც საქმე ეხება საგადასახადო თავშესაფარს, დამნაშავეების იდენტიფიცირება რთული არ არის: მსოფლიოში არსებობს 60-ზე მეტი მათგანი და მათი უმეტესი ნაწილის კონტროლირება ხდება დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის მიერ. არსებობენ ევროპული საგადასახადო თავშესაფრები, როგორიცაა ლუქსემბურგი და ბელგია. ასევე საგადასახადო თავშესაფრები აშშ-ში – დელავერი და მანჰეტენი. საგადასახადო თავშესაფრის უდიდესი ქსელის ცენტრი არის ლონდონის სიტი, რომელიც აკონტროლებს საიდუმლო იურისპრუდენციებს ბრიტანეთის სამეფოზე დამოკიდებულ ზღვისმიღმა ტერიტორიებზე.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზოგიერთი ქვეყანა, რომელთაც ძალიან უყვართ საუბარი მათ მიერ განხორციელებულ ფინანსურ დახმარებებზე, არიან სწორედ ისინი, რომლებიც განვითარებად ქვეყნებს მასობრივად ქურდავენ.

დახმარების ქრონიკა უფრო ნაივური ჩანს, როდესაც მხედველობაში ვიღებთ საწინააღმდეგო დინებებს. ნათელი ხდება რომ დახმარება რეალურად ნიღბავს რესურსების განაწილების დისპროპორციას მსოფლიოს გარშემო. რის შედეგადაც მიმღები გამოდის გამცემის როლში, რაც მას მაღალ მორალურ საწყისებზე აყენებს. ამავე დროს მათ, ვისაც გვაწუხებს გლობალური სიღარიბე, ხელს გვიშლის სისტემის რეალური ფუნქციონირების გააზრებაში.

ღარიბი ქვეყნებს არ ესაჭიროებათ ქველმოქმედება. მათ ესაჭიროებათ სამართლიანობა. და სამართლიანობის მიწოდება არ არის რთული. ჩვენ შეგვეძლო ჩამოგვეწერა ჭარბი დავალიანებები ღარიბი ქვეყნებისათვის და მიგვეცა მათთვის თავისუფლება დაეხარჯათ თავიანთი ფული განვითარებაზე ძველ ვალებზე საპროცენტო განაკვეთის გადახდის ნაცვლად; შეგვეძლო გაგვეუქმებინა საიდუმლო იურისპრუდენციები და დაგვეჯარიმებინა ბანკირები და ბუღალტრები, რომლებიც ხელს უწყობენ ფულადი სახსრების უკანონო დინებას; ჩვენ შეგვეძლო დაგვეწესებინა გლობალური მინიმალური გადასახადი კორპორატიულ შემოსავალზე, რაც გამორიცხავდა კორპორაციების განზრახვას საიდუმლოდ გადაიტანონ თავიანთი ფული მთელ მსოფლიოში.

ჩვენ ვიცით როგორ მოვაგვაროთ პრობლემა. მაგრამ მისი განხორციელება ეწინააღმდეგება ძალაფლების მქონე ბანკებისა და კორპორაციების ინტერესებს, რომლებიც მნიშვნელოვან მატერიალურ სარგებელს ღებულობენ არსებული სისტემიდან. კითხვა კი მდგომარეობს შემდეგში: გვაქვს კი გამბედაობა?

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ