მსოფლიო მომავალ საუკუნეში: მემარცხენე ფუტურისტული ხედვა

რევაზაავტორი: რევაზ ქოიავა.

იგი ფლობს ილიას უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს პოლიტიკის მეცნიერებებში. ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რუსეთისმცოდნეობის მიმართულების დოქტორანტი. მისი ინტერესის სფეროებია რუსულ-ქართული ურთიერთობები, რეგიონული კონფლიქტები, ნაციონალიზმი და იდენტობის საკითხები, ისტორიული სოციოლოგია, ხელოვნების თეორიები.

2016 წლიდან მუშაობს კავკასიურ სახლში“, სადაც ჩართულია პროექტში „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“.

© European.ge

მემარცხენეობა და მათი პროგნოზი

ფართო გაგებით „მემარცხენეები“ არა მხოლოდ მოქალაქეთა უფლებების, არამედ მათი შესაძლებლობათა თანასწორობის მხარდამჭერებს წარმოადგენენ. პროგრესი, მათი გაგებით, წარმოადგენს ყველასთვის და ყველას მიერ შექმნილზე წვდომის ზრდას. ადამიანის ბიოლოგიური ევოლუცია, მემარცხენეთა აზრით, დასრულებულია და მის ნაცვლად დაიწყო სოციალური ევოლუცია, რომელიც მიისწრაფვის უკლასო ჰორიზონტისკენ. ეს მოძრაობა გულისხმობს ადამიანებს შორის ახალი ურთიერთობების გამოგონებას, ანუ არა მხოლოდ ტექნოლოგიურ, არამედ ეთიკურ განვითარებასაც. სოციალური ევოლუციის მთავარი წინაპირობა ჩვენი ცხოვრების რაციონალიზაციის საერთო ზრდაა. მთავარი წინაღობა კი, რომელიც დღეს ევოლუციის გზაზე დგას, შრომის კოლექტიურ ხასიათსა და მისი ნაყოფის მითვისების კერძო ხასიათს შორის წინააღმდეგობა. ამ ანტაგონიზმიდან გამომდინარეობს გაუცხოება და ადამიანური ყოფის ყველა სფეროს გასაქონლება. მემარცხენეები დარწმუნებული არიან, რომ კაპიტალიზმის ეს საბაზისო პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება. პრობლემის გადაწყვეტის ტექნოლოგიურ წინაპირობებსა და პოლიტიკურ ინსტრუმენტებზე კი ისინი მუდმივად დაობენ.

მემარცხენე ფრონტი XXI საუკუნეში

ყოფილი საბჭოთა კავშირის და მაოისტური ჩინეთის კაპიტალისტურ სახელმწიფოებად გარდაქმნის შემდეგ, მემარცხენეებმა ისტორიაში ყველაზე მძიმე კრიზისი განიცადეს. თუმცა, უკვე XXI საუკუნეში მოხდა მათი ნაწილობრივი აღმასვლა ორი მიმართულებით. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ანტიგლობალისტების საერთაშორისო მოძრაობა, ქსელური ინიციატივები „დაიკავე“, ესპანური „გაბრაზებულები“ ან ფრანგული „დაუძინებლები“.[1] სისტემის მიღმა მემარცხენეები პოსტპარტიამდელ ფორმებში დაბრუნდნენ. ისინი სხვადასხვა ჯგუფების აქტივისტების მიერ, ჰორიზონტალური კოოპერაციის ფორმით მთელ მსოფლიოში არიან ორგანიზებული („მოძრაობათა მოძრაობა“). მეორე მხრივ კი მოხდა სისტემური საპარლამენტო პოლიტიკოსების ნაწილის დაბრუნება კლასიკური სოციალ-დემოკრატიული იდეებისადმი: პარტიების „სირიზას“ და „პოდემოსის“ წარმატება საბერძნეთსა და ესპანეთში, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის დაბრუნება სოციალისტური ტრადიციისკენ ჯერემი კორბინის ხელმძღვანელობით და „დემოკრატი სოციალისტის“ ბერნი სანდერსის ფენომენალური წარმატება აშშ-ს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში. მესამე სამყაროში „XXI საუკუნის სოციალიზმის“ გზას დაადგნენ „ბოლივარიანული არჩევანის“ ქვეყნები: ვენესუელა, ბოლივია, ბრაზილია, ეკვადორი. კაპიტალიზმის ალტერნატივის მშენებლობის ერთ-ერთ უკანასკნელ მაგალითად წარმოგვიდგება აგრარულ-კოოპერატიული სოციალიზმი როჟავაში (სირიის ნაწილი ქურთების მმართველობის ქვეშ), სადაც პირდაპირი სახალხო დემოკრატია და მიწის კოლექტიური მართვა დაამკვიდრეს.

საპროექტო შტაბი

წამყვანი მემარცხენე ფუტუროლოგები დღეს უპირველეს ყოვლისა არიან ვალერსტაინის სოციოლოგიური („მსოფლიო სისტემების ანალიზის“ თეორია) და პიერ ბურდიეს (კულტურული ინდუსტრიის კრიტიკა) სკოლის წარმომადგენლები, ნეგრი და ჰარდტი (ტრანსნაციონალური იმპერიის ანალიზი), პაოლო ვირნო (დაქირავებულ შრომას მიღმა ადამიანის კომუნიკაციური შესაძლებლობების ექსპლუატაცია და გასაქონლება), დევიდ ჰარვი (პოსტკაპიტალისტური ქალაქის პროექტი), ელენ ვუდი (კაპიტალის დაგროვების ახალი თეორია), ერიკ რაიტი (კლასების დაზუსტებული სტრუქტურა), რობერტ ბრენერი (ბაზრის სპეკულატიური ბუშტები წარმოადგენენ არა სისტემის შეცდომას, არამედ გამოხატავენ მის ზოგად ირაციონალურ არსს).

სისტემამ, რომელიც ნივთებს ექცევა როგორც პიროვნებებს, ხოლო პიროვნებებს როგორც ნივთებს და საბაზრო ფუნდამენტალიზმმა, ყველაფრის პრივატიზაციითა და მარკეტიზაციით, მსოფლიო სახიფათო წერტილამდე მიიყვანა. ამ სისტემას უნდა დაუპირისპირდეს სხვა სისტემა, რომელშიც კონკურენციის ნაცვლად სოლიდარობა მოვა და განვითარების ახალ სტიმულს შექმნის.

შემოქმედებითი სოციალური სახელმწიფო

უნდა გვახსოვდეს, რომ ინტერნეტი, მობილური კავშირგაბმულობა და პერსონალური კომპიუტერები სახელმწიფოს (ზოგჯერ სამხედრო და კოსმოსური პროგრამების გვერდითი ეფექტის სახით) და არა კერძო ინიციატივების პროდუქტია.

სოციალური სახელმწიფოს წინა ვერსიის მიზანი იყო საყოველთაო დასაქმების უზრუნველყოფა. ახალი ვერსია „სოციალური სახელმწიფო 2.0“ უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს მოთხოვნის, კოოპერატიური ურთიერთობების და ახალი ტექნოლოგიების სტიმულატორს.

ასეთი სახელმწიფო მართავს რისკებს და ქმნის უკეთეს პირობებს კოლექტიური ეკონომიკური ინიციატივებისთვის. შემოაქვს მაღალი გადასახადები საერთაშორისო სავალუტო ოპერაციებზე და საბირჟო სპეკულაციებზე, ასევე პროგრესული გადასახადები შემოსავლებზე და ქონებაზე. იგი იღწვის ქონების გადასახადის ნებისმიერი ფორმის გაუქმებისთვის, აკონტროლებს კაპიტალის ბრუნვას, ანაწილებს შემოსავლებს და ახდენს ყველა მოქალაქისთვის ოთხივე საბაზისო უფლების გარანტირებას. ეს არის უფლება ხარისხიან საკვებზე, საცხოვრებელზე, ნებისმიერი ტიპის განათლებასა და ჯანდაცვაზე.

ბუნებრივი რესურსები, კულტურა, განათლება, მედიცინა, კომუნიკაციები გადიან ბაზრის ლოგიკიდან და მათი კერძო საკუთრებაში ყოფნა დაუშვებელია. პირდაპირი ელექტრონული დემოკრატია უზრუნველყოფს რეფერენდუმის გზით ყველას მონაწილეობას ბიუჯეტის ძირითადი ნაწილის ფორმირებაში. სტანდარტული სამუშაო კვირა შეადგენს ოთხ დღეს ოთხი სამუშაო საათის ხანგრძლივობით (ჯონ კეინსი უკვე 2030 წლისთვის ელოდა ამას).

სახელმწიფო აწესებს მოხმარების დაბალ ზღვარს და რესურსებზე წვდომის ახალ ეტაპს უპირობო საბაზისო შემოსავლის შემოღებით, რაც იწვევს შემოქმედებითობის, ინოვაციურობის ზრდას. თავის მხრივ ხდება დანაშაულის, აგრესიის შემცირება და საზოგადოებაში უფრო ჰუმანისტური კლიმატის დამყარება. იქმნება ახალი ტიპის მოქალაქე, რომელისთვის დაქირავებული შრომის სტიმული გადარჩენა არ არის და შესაბამისად მისი მონაწილეობა წარმოებასა და გაცვლაში თვისებრივად უფრო რთულ დონეზეა ასული. შედეგად იქმნება ალტრუისტული კონკურენციის საზოგადოება, სადაც ერთმანეთთან შეჯიბრი ხდება საზოგადოებრივი სარგებლიანობის პრინციპით ყველა არსებული რესურსისადმი თანაბარი ხელმისაწვდომობის გზით.

ამ მიზანთან ყველაზე ახლოს ფინეთი და სხვა სკანდინავიური ქვეყნები იმყოფებიან.

ეკონომიკის სოციალიზაცია

მომავლის შერეულ ეკონომიკაში სახელმწიფო ინარჩუნებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეებს, ახდენს რა ფლობის და მმართველობის კოლექტივისტური, კოოპერატიული და სინდიკალისტური ფორმების მხარდაჭერას. კერძო ბიზნესი კი მისი თანხმობის შემთხვევაში იხდის მაღალ პროგრესულ გადასახადებს. მსგავსი მოდელები დიდი ხანია განიხილება ბაზრის მართვის ნეოკეინსიანური სკოლის წარმომადგენლების მიერ (კრუგმანი, შტიგლიცი, პიკეტი, ტობინი, კუიგინი, ტერბორნი). შერეული ეკონომიკა აღიქმება ხანგრძლივვადიან გარდამავალ ეტაპად კაპიტალიზმიდან ეკონომიკის საყოველთაო სოციალიზაციისკენ, სადაც „ეფექტურობა“ არ განიხილება მხოლოდ ელიტების შემოსავლის ზრდად. ზრდის წყაროდ აღიქმება ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში და არა მხოლოდ ვიწრო სამრეწველო ელიტაში. მსგავსი მოდელი დაფუძნებულია ჰორიზონტალურ, დემოკრატიულ დაგეგმარებაზე.

ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი ამ მოდელის ევროპელ პოლიტიკოსებს შორის არის საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი იანის ვარუფაკისი.[2]

დიდი გათანაბრება

მემარცხენე ოპტიკაში უფლებებისა და შესაძლებლობების გლობალიზაცია დადებითი მოვლენაა, ხოლო გლობალური კაპიტალი – უარყოფითი.

აუცილებელია მთელი დედამიწის მასშტაბით „მდგომარეობის გათანაბრება“ განაწილების ვალერსტაინისეული სქემის უკუპროპორციით, სადაც პერიფერია იღებს ყველაზე მეტს, ნახევრადპერიფერია კმაყოფილდება საერთო ნამცხვრის საშუალო ზომის ნაჭრით, ხოლო ცენტრი იღებს ყველაზე მცირე ნაწილს. ეს გრძელდება მანამ, სანამ ცხოვრების დონე, მედიცინისა და განათლებისადმი წვდომა, შრომის წარმოებითობა არ გახდება თანაბარი სამყაროს სამივე ნაწილში. ამ პროცესის დასაწყისად მიჩნეულია მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის ვალების ჩამოწერის პრაქტიკა. გათანაბრების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად განიხილება ასევე დისტანციური განათლება ინტერნეტის საშუალებით.

ამ დიდი ეკონომიკური გათანაბრების შედეგი იქნება მსოფლიო მოქალაქეობა, ანუ ერთიანი სოციალური სახელმწიფოს ნორმების გავრცელება მთელი პლანეტის მასშტაბით. ყველაფერთან ერთად, ეს გადაჭრის მასობრივი ემიგრაციის საკითხს, აქცევს რა მას უაზროდ. „მაღალი კედლები“ მიგრანტების გზაზე დღესაც არაეფექტური და არაეთიკურია. მომავლის პოლიტიკისთვის არ იარსებებენ „გარეშე ადამიანები“. შედეგად რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დასრულდება ეროვნული სახელმწიფოების ეპოქა.

მსგავსი სცენარის დროს განვითარების უმნიშვნელოვანეს რესურსს წარმოადგენს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის რადიკალური შემცირება, რომელიც საბიუჯეტო სახსრების ლომის წილს ხრავს. მისი გარდაქმნა მოხდება ჰუმანიტარულ დახმარებად, რომლის დროული აღმოჩენაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩამორჩენილი განვითარების ზონებში კონფლიქტების აღკვეთაში. ძველი ყაიდის სამხედრო ბიუჯეტზე მსგავსი ტიპის უარი სამუდამოდ აგვარიდებს თავიდან თანამედროვე სამყაროს გენერალურ პრობლემებს: შიმშილს, სასმელი წყლის, წამლების და საბაზისო განათლების ნაკლებობას.

ეკონომიკური დემოკრატია ქვემოდან

საზოგადოების კონტროლი ეკონომიკაზე ქვემოდან ზემოთ (ანუ უმრავლესობის ინტერესის პრიმატი) დემოკრატიის უპირველესი პრინციპია პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში. ამიტომაც პრინციპულად საჭიროა მოქალაქეთა მონაწილეობა საკუთარი საწარმოების კაპიტალში, კოლექტიური საკუთრების ინსტიტუტების გავრცელება და განვითარება, რაც თავის მხრივ თვითმმართველობის და დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლებას გულისხმობს.

აშშ-ში ამჟამად სახალხო საწარმოებს, რომლებიც მის თანამშრომლებს ეკუთვნით (პროგრამა Employee Stock Ownership Plan), კერძო კომპანიებთან შედარებით დიდი მოგება მოქვთ. ყველა თანამშრომელი ხელმძღვანელებთან ერთად თანასწორად მონაწილეობს სტრატეგიული და ოპერაციული გადაწყვეტილებების მიღებაში.

ეკოსოციალიზმი

უთანასწორობის ზრდა (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე სახელმწიფოებს შორის) და კლიმატური კატასტროფის მოახლოება ის გლობალური პრობლემებია, რომელთა გადაწყვეტის კაპიტალისტური გზაც არ არსებობს. მემარცხენეების მხრიდან ეკოლოგიური პასუხისმგებლობა ეკისრება არა კაცობრიობას, არამედ ტრანსნაციონალური კაპიტალიზმის ირაციონალურად ორგანიზებულ სისტემას, რომელიც მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული. ახალ, წარმოების ეკოლოგიურ მეთოდზე გადასვლა და განახლებადი ენერგიის მიღება კოლექტიური ნების ჩარევას მოითხოვს, რომელიც კორპორატიული ელიტების ინტერესებს დაუპირისპირდება.[3]

ნარჩენების ერთიანი პლანეტარული ეკოლოგიური კონტროლი თავისთავად წარმოადგენს მომავლის სისტემის წინაპირობას, სადაც გაიმარჯვებს ბიოეკონომიკა, რომელიც არ იქნება გარემოსთან კონფლიქტში. ჰუმანისტური ლოგიკა, რომელიც ემყარება კაცობრიობის შორსმიმავალ ინტერესებს ბუნებასთან მის ერთიანობაში, რეალიზდება მხოლოდ დემოკრატიულად კონტროლირებად გეგმიურ ეკონომიკაზე გადასვლის შემთხვევაში.

მომავალში ენერგიის უმთავრეს წყაროს წარმოადგენს მზე. სახლები გარდაქმნილია მინი-ელექტროსადგურებად, ქუჩებში დადიან ელექტრომობილები, ხოლო ყველა ნარჩენი ხელახლა გადამუშავდება. ხელოვნური ფოტოსინთეზი უზრუნველყოფს სინთეტიკურ საწვავს. მომავლის ქალაქი უშვებს, თუმცა არ მოითხოვს კერძო ავტომობილს, რადგანაც პრიორიტეტული – საზოგადოებრივი ტრანსპორტია. მანქანაზე დამოკიდებულ თანამედროვე ქალაქში შეუძლებელია სრულფასოვანი საზოგადოებრივი ცხოვრება.

პოსტკაპიტალიზმის ტექნოლოგიური ბაზა

მემარცხენეების გეგმები უტოპიურად გამოიყურება, თუ ყურადღებას არ მივაქცევთ მიმდინარე მესამე ინდუსტრიულ რევოლუციას და გადასვლას ინფორმაციული ეკონომიკისკენ. ეს წარმოადგენს „მოხმარების ჰუმანიზაციის“ ტექნოლოგიურ ბაზისს, რაც ჯერ კიდევ ერიხ ფრომმა იწინასწარმეტყველა.

ბრიტანეთში უკვე დღეს სამუშაო ადგილების 35% ავტომატიზებულია. ახალ რობოტებს შეუძლიათ შექმნან და განავითარონ ერთმანეთი. არაშემოქმედებითი სპეციალობების უმრავლესობის რობოტიზაცია ნიშნავს სამუშაო დღის რადიკალურ შემცირებას, დასაქმებულობის ახალი ფორმების კულტივირებას და საქონლისა და მომსახურების დიდი ნაწილის ტოტალურ გაიაფებას. ეს კაპიტალიზმის ამჟამინდელ სისტემას საბოლოოდ აქცევს აბსურდულად და მიუღებლად უმრავლესობისთვის.[4]

ადამიანის შრომაზე მოთხოვნილების მკვეთრი შემცირების პირობებში „არარენტაბელურ“ კაცობრიობას მოუწევს ადამიანების შემოსავლის მოტანის კრიტერიუმით შეფასებაზე უარის თქმა და მათი სხვა მატერიებით შეფასება (ინტელექტი, გემოვნება, ნიჭი, შესაძლებლობა ურთიერთდახმარებაში).

ინფორმაციის თავისუფლება

ყველაფერი, რისი გაცემაც შეიძლება, უფასო იქნება. თანამედროვე „მეკობრეები“, საავტორო უფლების მოწინააღმდეგეები და free software ენთუზიასტები დარწმუნებული არიან, რომ შუამავლების გაქრობა და ყველაფერი გაციფრულებულის ტოტალური გაიაფება ახალი ტიპის ფასების დაწესებას გამოიწვევს. ამჟამინდელი უფლება ინტელექტუალურ საკუთრებაზე მავნებელია საზოგადოებისთვის. ხელმისაწვდომობის უფლება საკუთრების უფლებაზე უფრო მნიშვნელოვანია. ახალი ეკონომიკა იერარქიების, პრივილეგიების და მონოპოლიების გარეშე ვიკიპედიას პრინციპით იქნება მოწყობილი: ყველა მონაწილეობს და ყველა იყენებს. შეიქმნება სამყარო ყველასთვის ღია კოდით. რიჩარდ სტოლმანი – ღია კოდის რელიგიის პატრიარქი, სიტყვა copyleft-ის გამომგონებელი ამტკიცებდა, რომ თავისუფალი პროგრამირება თანხმობაში მოდის ამერიკის კონსტიტუციასთან, თუმცა შეუთავსებელია კაპიტალისტურ წესრიგთან. დემოკრატია და ბაზარი ერთმანეთთან გარდაუვალ კონფლიქტში იმყოფებიან.

საინფორმაციო რევოლუცია და საყოველთაო ინტელექტი

პოსტკაპიტალიზმის მთავარი ბაზა – მომავლის ტექნოლოგიების სექტორის გაფართოებაა.

3D-ეკონომიკა საშუალებას იძლევა მარტივად დაიბეჭდოს იმ ნივთების უმრავლესობა, რომელიც დღეს კონვეირებზე იწარმოება. ეს გამოიწვევს მრავალი საწარმოების მესამე სამყაროდან „დაბრუნებას“ და გახდება „დიდი გათანაბრების“ კიდევ ერთი მიზეზი. წაიშლება საზღვრები ეკონომიკური სპეციალიზაციის ზონებს შორის.

ბრიტანელი ანალიტიკოსი პოლ მეისონი[5] ამტკიცებს, რომ მომავლის საინფორმაციო ეკონომიკა შეუთავსებელია კაპიტალიზმთან, რადგანაც საინფორმაციო რევოლუცია სხვა ყველაფერთან ერთად იწვევს ადამიანთა ქსელურ თვითორგანიზებას იერარქიული სტრუქტურების ნაცვლად. ინფორმაციისადმი თავისუფალი წვდომა შეცვლის წარმოების მთელ სტრუქტურას. P2P პრინციპი იქნება პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ახალი სექტორის სათავეში. „შრომის შემდგომი საზოგადოებისკენ“ მიმავალ გზაზე პოსტკაპიტალისტური სექტორი თანდათან შეამცირებს და გადევნის საბაზრო ეკონომიკას. ცოდნა იქცევა მთავარ ღირებულებად, თუმცა არა საქონლად. ადამიანები დაუკავშირდებიან ხელოვნურ ინტელექტს, რათა შეუერთდნენ პერმანენტულად მზარდი ინფორმაციის ოკეანეს, რომლის ორგანიზებულობაც შეუჩერებლად იზრდება.

მსგავსი რამ იწინასწარმეტყველა მარქსმა თავის ნაშრომში „ფრაგმენტი მანქანებზე“: ცოდნის ძალა განსაზღვრავს უშუალოდ წარმოებას და გადააჭარბებს ფიზიკურ შრომას, რომელიც ადრე მის საფუძველში იყო. საყოველთაო ინტელექტი, განხორციელებული გონიერ მანქანებში, იქნება განვითარების ახალი და ამოუწურავი რესურსი.

მემარცხენეთა ბიოპოლიტიკა

ცხოველებისა და ფრინველების ყველაზე გამძლე სახეობები დედამიწაზე ფერმაში გამოყვანილი არსებებია. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ასი წლის განმავლობაში მოხდა ბუნების ინდუსტრიალიზაცია.

ანთროპოლოგი ოპტიმისტები ბუნების ინდუსტრიალიზაციის კვალდაკვალ პროგნოზირებენ თვით ადამიანის ბიოლოგიური მხარის რაციონალიზებას და განზოგადებას. სამი ან მეტი მშობლის მხრიდან ბავშვების „გენეტიკური კონსტრუირება“ 2016 წლიდან ლეგალიზებულია აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. პერსპექტივაში ადამიანები გაუმჯობესებული გენეტიკური მონაცემებით არა მხოლოდ მოიშორებენ ჩვენთვის ცნობილ მემკვიდრეობით დაავადებებს და იცხოვრებენ უფრო დიდხანს, არამედ მიიღებენ სასტარტო უპირატესობებს ინტელექტუალური თვალსაზრისითაც. არსებული უთანასწორობის შენარჩუნება გამოიწვევდა მმართველი კლასის (ე.წ. 1%) გარდაქმნას სრულიად სხვა ბიოლოგიურ სახეობად. თუმცა ტექნოლოგიების საყოველთაო ხელმისაწვდომობა საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ახალი ტიპის ადამიანები არა მხოლოდ მსგავსი სოციალური გამოცდილებით, არამედ მსგავსი ბიოლოგიური შესაძლებლობებითაც. სწორედ ამ ადამიანებს შეეძლებათ მომავალში უკლასო საზოგადოების ფორმირება. შედეგად სოციალური ევოლუცია ხელახალ ბიძგს მისცემს ბიოლოგიურ ევოლუციას, თუმცა ამჯერად როგორც რაციონალურად მართვად პროცესს, განსხვავებით წინა ბუნებითი პროცესისგან.

მემარცხენე ფემინიზმის მნიშვნელოვან მხარეს ბავშვების ავტონომიური „გამოშვება“ წარმოადგენს. ეს ქალების უმრავლესობას საშუალებას მისცემს თანაბარი შესაძლებლობების საზოგადოებაში დაკავდნენ არა ბიოლოგიური, არამედ შემოქმედებითი თვითრეალიზაციით, არ დამარცხდნენ სოციალურ კონკურენციაში მამაკაცებთან და რადიკალურად შეცვალონ გენდერული როლები. იაპონელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ახლოს მივიდნენ ბავშვების ავტონომიურ გამოყვანასთან და ეს ტექნოლოგია ჩვეულებრივ ფეხმძიმობასთან შედარებით გაცილებით უსაფრთხო და სასარგებლოა. აღნიშნული პრაქტიკის სხვა შედეგი იქნება სექსუალობის და გამრავლების კავშირის საბოლოო გაქრობა.

***

კაპიტალიზმი არ არის ისტორიის დასასრული, ის მხოლოდ მისი ეტაპია. მყარი განვითარებისკენ, წარმოების ეკოლოგიური საშუალებებისკენ, გლობალური კრეატიული სახელმწიფოსა და მსოფლიო სოციალური „მონაწილეობის ეკონომიკისკენ“ გადასვლა პირდაპირ დამოკიდებულია ადამიანთა უმრავლესობის პოლიტიკურ გაერთიანებაზე საკუთარი და არა მმართველი კორპორატიული ელიტების ინტერესებისთვის.

 

შენიშვნები:

[1]https://nuitdebout.fr/

[2]http://www.ted.com/talks/yanis_varoufakis_capitalism_will_eat_democracy_unless_we_speak_up?language=ru

[3]https://fmbooks.wordpress.com/2011/05/20/fordiscussion/

[4]https://hightech.fm/2016/03/30/robot-revolution

[5]https://www.theguardian.com/books/2015/jul/17/postcapitalism-end-of-capitalism-begun

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ