ვოლფგანგ ლუთცი: რატომ უნდა იყოს განათლება განვითარების ცენტრალური საკითხი

ვოლფგანგ ლუთცი არის ვითგენშტაინის დემოგრაფიისა და გლობალური ადამიანური კაპიტალის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი; გამოყენებითი სისტემების ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტის მსოფლიო მოსახლეობის პროგრამის დირექტორი; ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ვენის დემოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი.

მისი ეს წერილი გამოქვეყნდა “მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის” ვებგვერდზე 2015 წლის 24 სექტემბერს. სტატია ეხება ქვეყნის განვითარებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის/განათლების დაფინანსების მნიშვნელობას. მასში განხილულია რამდენიმე ქვეყნის მაგალითი, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა ქვეყნისა და მისი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობა გახდა.

წერილი ინგლისურიდან თარგმნა გიგა ჭკადუამ.

© European.ge

ცოტაა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ განათლების მნიშვნელობას ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრებაში. საბედნიეროდ, ფაქტობრივად ყველა ინდუსტრიალიზებულ ქვეყანაში სულ მცირე 10 წლიანი განათლების მიღება ყველასათვის სავალდებულოა. თუმცაღა, განვითარებად ქვეყნებში 780 მილიონი ქალი და კაცი განათლების მიღმაა. უფრო მეტიც, დაახლოებით 60 მილიონამდე სკოლის ასაკის ბავშვი არ დადის სკოლაში.

ამავდროულად, იმის მაგივრად, რომ მთლიანი მსოფლიოს ძალისხმევა მიმართული იყოს ბავშვების სკოლაში დასაბრუნებლად, განვითარებისთვის გამოყოფილი ოფიციალური დახმარების მხოლოდ 4%–ით ფინანსდება საბაზისო განათლება. ბოლო 7 წლის განმავლობაში, იუნესკოს და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშების მიხედვით, საბაზისო განათლება უარესდება.

ბევრს მიაჩნია, რომ განათლება (იგულისხმება განათლებაზე ხელმისაწვდომობა/განათლების დაფინანსება) სოციალური განვითარების ის ასპექტია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდის შემდეგ მოდის. ეს არის მცდარი მოსაზრება. განათლება ეკონომიკური განვითარების უაღრესად აუცილებელი წინაპირობაა.

ბილ კლინტონის ცნობილი მანტრა „სულელო, ეს ეკონომიკაა!“ შეიძლება კარგ სლოგანად გამოდგეს წინასაარჩევნო კამპანიისთვის, მაგრამ ის შეცდომაში შეგვიყვანს მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი პრიორიტეტების ფორმირების დროს. მხოლოდ ეკონომიკა და ფული არ ატრიალებენ დედამიწას და არ განსაზღვრავენ ადამიანთა კეთილდღეობის პროგრესს. ადამიანების გონებრივი სისავსე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მათი საფულეების სისავსე და ის რაც არის ჩვენს თავში/გონებაში, არის განათლების მიღების შედეგი, რომელიც შემდეგ გვეხმარება შევავსოთ ჩვენი საფულე, გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გავაუმჯობესოთ საზოგადოება და ინსტიტუტების ხარისხი, გავაძლიეროთ საზოგადოების სიმკვრივე ყველა დონეზე და ხალხი უფრო გავაბედნიეროთ.

მე შემიძლია მოვიყვანო განვითარების პროცესში განათლების მნიშვნელობის მეცნიერული და სტატისტიკური დამადასტურებელი მაგალითები, თუმცა უფრო დამაჯერებელი ალბათ წარმატებული ისტორიული მაგალითები იქნება.

მე–19 საუკუნის მეორე ნახევრისთვის ფინეთი ევროპის ერთ–ერთ ყველაზე ღარიბ კუთხეს წარმოადგენდა. 1868-1869 წლებში ფინეთის მოსახლეობა განიცდიდა უკანასკნელ საყოველთაო შიმშილს, რომელიც არ იყო გამოწვეული პოლიტიკური პროცესებით. ბავშვების თითქმის ნახევარი დაიღუპა ამ უიმედო და განუვითარებელი, სოფლის მეურნეობის კმაყოფაზე მყოფი ეკონომიკით.

ამ ტრაგედიის შემდეგ, მთავრობის დახმარებით ლუთერანულმა ეკლესიამ დაიწყო განათლების რადიკალური კამპანია: ახალგაზრდა ადამიანს დაქორწინება შეეძლო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ჩააბარებდა წერა–კითხვის ტესტებს. სამი ათწლეულის განმავლობაში სკოლის მასწაველებელთა რაოდენობა 10–ჯერ გაიზარდა და მე–20 საუკუნის დასაწყისისთვის ყველა ახალაგზრდა ქალსა და მამაკაცს ჰქონდა საბაზისო განათლება მიღებული. 1906 წელს ფინეთი იყო ევროპაში პირველი ქვეყანა, რომელმაც ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიანიჭა და შემდგომმა ეკონომიკურმა განვითარებამ, რომელიც ძირითადად დაფუძნებული იყო ადამიანურ კაპიტალზე, ფინეთი ტექნოლოგიებში და ინოვაციებში გახადა მსოფლიოს ერთ–ერთი ლიდერი და კონკურენტუნარიანი ქვეყანა.

1960–იან წლებში მაურიტანია იყო ისეთი ქვეყნის მაგალითი, რომელიც განიცდიდა მოსახლეობის არნახულ ზრდას, სიღარიბესა და გარემოს დაბინძურებას. მთავრობამ, მეცნიერ ჯეიმს მიდის რჩევით დაიწყო (მოხალისეობრივად) ოჯახის დაგეგმარებისა და ქალების მასობრივი განათლების პროგრამები. ამ პროცესებმა ქვეყანა მიიყვანა შობადობის სწრაფ კლებასა და ეკონომიკურ ზრდამდე, თავდაპირველად ტექსტილის ინდუსტრიაში ნახევრად კვალიფიციური ქალებით, ხოლო შემდეგ ტურიზმის, საბანკო სფეროსა და მაღალი ხარისხის ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებით. მაურიტანია არის საჰარის სამხრეთით მდებარე ერთადერთი ასეთი წარმატების მქონე ქვეყანა. მან ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციით მოახერხა თავი დაეღწია სიღარიბისა და განუვითარებლობისათვის.

იაპონიას, სინგაპურს, სამხრეთ კორეას და ბოლოს ჩინეთს ასევე მსგავსი, მაგრამ დროში განსხვავებული ისტორიები გააჩნიათ. ჩინური მაგალითი გვიჩვენებს, რომ მსგავსი წარმატება არ შემოიფარგლება მხოლოდ პატარა კუნძულით ან ქალაქ–სახელმწიფოთი. კონფუციანური ტრადიციის განათლების უაღრესად ელიტისტური განსაზღვრების შერწყმამ მასობრივი განათლების პროტესტანტულ მიდგომასთან ქვეყანა ტრანსფორმირებადი გახადა. კვლავ გავიმეორებ, ამ ქვეყნებმა შექმნეს განვითარების განსაცვიფრებელი მაგალითები ადამიანური კაპიტალის განვითარებით, ყოველგვარი ნედლი წიაღისეულის/ბუნებრივი რესურსების და საერთაშორისო დახმარების გარეშე. საგანმანათლებლო ექსპანსიამ შედეგად მოიტანა ქვეყნების ეკონომიკური ზრდა.

არსებობს მცირე ეჭვი განათლებასა და ადამიანთა კეთილდღეობას შორის არსებულ მიზეზ–შედეგობრიობის შესახებ. ნეიროლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ყოველი დასწავლა აჩენს ახალ სინაფსს, რომელიც ჩვენს ტვინებს დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში ფიზიკურად სხვანაირს ხდის. განათლება აფართოებს პიროვნული მსოფლმხედველობის ჰორიზონტს, მივყავართ უფრო რაციონალურ გადაწყვეტილებამდე და არა ფატალიზმამდე. ის ადამიანებს მეტი ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს, აანალიზებინებს ინფორმაციას და აკეთებინებს ისეთ დასკვნებს, რომლებიც უფრო სასარგებლოა როგორც პირადი, ისე საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის.

კარგად განათლებული ადამიანები უკეთესად იძენენ ისეთ სასარგებლო უნარ–ჩვევებს, როგორებიცაა ფიზიკური ვარჯიში, უსაფრთხო სექსი ან სიგარეტისთვის თავის დანებება. განათლებას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ბევრი ეფექტი ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებიდან დაწყებული უფროს ასაკში მყოფი ადამიანების გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების დაქვეითების შემცირებით დამთავრებული. აგრეთვე, ის ახდენს გავლენას შემოსავლებსა და უმუშევრობაზე. არსებობს განმაცვიფრებელი მიგნებები, რომ განათლება აბედნიერებს ადამიანებს მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ხელს უწყობს პოტენციური პრობლემების უკეთ დანახვას. მოულოდნელობას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ უნივერსალური განათლება ამცირებს მოწყვლადობას ბუნებრივი კატასტროფებისადმი და ეხმარება ადამიანებს კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტირებაში.

დაახლოებით დეკადის წინ, ამის დამამტკიცებელ რამდენიმე ფაქტს განვიხილავდი ნობელის ლაურეატ გარი ბეკერთან ერთად. მან მითხრა: „ამაზე ფიქრის დროს, მე არ შემიძლია სხვა ისეთ რამის მოფიქრება, რისთვისაც ვინატრებდი რომ ნაკლებად განათლებული ვყოფილიყავი“.

ახლა ჩვენ გვჭრდება რომ განვანათლოთ ეკონომისტები და პოლიტიკის შემქმნელები, რომ განვითარებისთვის აუცილებელ დღის წესრიგში ამ საკითხს მიანიჭონ უფრო მეტი პრიორიტეტი.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ