ვაკო ნაცვლიშვილი: რატომ უნდა გაუქმდეს კონსტიტუციის 94-ე მუხლი?

კონსტიტუციაავტორი: ვაკო ნაცვლიშვილი, სამართალმცოდნე, რომელიც გახლდათ საკონსტიტუციო კომისიის წევრი.

© European.ge

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა. კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი სრულად იმეორებს საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის 94-ე მუხლის შინაარსს.

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის არსებული რედაქცია საქართველოს პარლამენტმა 2010 წლის დეკემბერში, ერთთვიანი განხილვის შემდეგ მიიღო. ეს მუხლი კრძალავს ახალი გადასახადის შემოღებასა და გადასახადის ზედა ზღვრის გაზრდას რეფერენდუმის გარეშე; იმავე მუხლის მიხედვით, რეფერენდუმის დანიშვნის უფლება მხოლოდ საქართველოს მთავრობას ენიჭება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მუხლი უნდა გაუქმდეს. ამ წერილში შემოგთავაზებთ რამდენიმე პასუხს სათაურში დასმულ კითხვაზე. თუმცა, მანამდე მინდა, განვმარტო, რატომ ვწერ ამ წერილს.

საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობისას ნათელი გახდა, რომ ცვლილებებს არ განსაზღვრავს ის, თუ როგორ დაასაბუთებ ცვლილების საჭიროებას. საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებებს ხშირად განსაზღვრავდა ის, თუ ვინ ითხოვდა ცვლილებას. სხვა სიტყვებით, მას, ვისაც ჰქონდა ძალაუფლება, ხელისუფლების დარწმუნებას მარტივად, ძალისხმევის გარეშე ახერხებდა.

დღეს შესაძლოა, არსებობდეს პირობა, უიმედოდ ვიყოთ – ახალი კონსტიტუციის რედაქცია იმეორებს დღეს მოქმედი კონსტიტუციის 94-ე მუხლის შინაარსს. მაგრამ ასეთი უიმედობა უმოქმედობას ამართლებს. ჩვენ კი გვჭირდება მებრძოლი იმედი, რომ ცვლილება შესაძლებელია. ჩვენ შევძელით, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი – მაგალითად, სოციალური სახელმწიფოს პრინციპი – კონსტიტუციური პროექტის ნაწილად გვექცია. საჭიროა მებრძოლი იმედი იმისთვისაც, რომ 94-ე მუხლის გაუქმება მოვითხოვოთ.

არ ვაპირებთ, ამ წერილით ვეხანჯლაოთ მათ, ვინც 94-ე მუხლის პოლიტიკური სამართალმემკვიდრეა. ასეთი დისკუსია ფუჭი მგონია და დროის ეკონომიაც არის საჭირო. ამ წერილში ვეცდები, ველაპარაკო მათ, ვინც ჯერ არ იცის, რა გავლენა აქვს ამ მუხლს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე; ასევე მათ, ვინც ორჭოფობს, დაუჭიროს თუ არა მხარი ამ მუხლის კონსტიტუციიდან ამოღებას. სწორედ ამ ხალხის დარწმუნება, მათი მხარდაჭერა მგონია ის, რაც პარლამენტთან საუბრისას ჩვენს არგუმენტებს ძალას შესძენს.

წინასწარ ბოდიშს ვიხდით, თუ საკითხებს ძალიან ვამარტივებთ და ისედაც ნაცნობ ცნებებს განვმარტავთ. ასეთი სიმარტივე განპირობებულია არა ამ წერილის მკითხველთა მიმართ უნდობლობით, არამედ უნდობლობით ჩვენივე უნარის მიმართ, ვილაპარაკოთ მკაფიოდ და გასაგებად.

მაშ, რატომ უნდა გაუქმდეს კონსტიტუციის 94-ე მუხლი?

პასუხი I.

კონსტიტუციის 94-ე მუხლის ავტორებს სჯერათ, რომ დაბალი გადასახები საქართველოს ყველაზე დიდი მონაპოვარია. ეს მიხეილ სააკაშვილის სიტყვებია. მისი თქმით, 94-ე მუხლი ზღუდავს მომავალი ხელისუფლების შესაძლებლობას, გადაუხვიოს ეკონომიკური განვითარების იმ ხედვიდან, რომელიც სააკაშვილის გუნდს ჰქონდა.

ჩვენი ვალდებულებაა, შევინარჩუნოთ დაბალი გადასახადები ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილების მიუხედავად, – ამბობდა სააკაშვილი პარლამენტში გამოსვლისას.

სხვა სიტყვებით, სააკაშვილმა გადაწყვიტა, ემართა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ მართვის უფლებამოსილება მიანიჭა, არამედ მაშინაც, როდესაც ამომრჩეველი ასეთ უფლებამოსილებაზე უარს ეტყოდა.

კონსტიტუციაში ამ მუხლის შეტანით სააკაშვილმა მიითვისა მომავლის ხელისუფლება.

დღეს მას ეს გამოსდის. მანამ, სანამ საქართველოს კონსტიტუციაში რჩება 94-ე მუხლი, საქართველოს ეკონომიკას სააკაშვილი მართვას.

კონსტიტუციის 94-ე მუხლი უნდა გაუქმდეს, რადგან არც ერთ პარტიას არ აქვს უფლება, მიითვისოს მომავლის ხელისუფლება.

პასუხი II.

ჩვენ მივდივართ არჩევნებზე და ამა თუ იმ პარტიას ვანიჭებთ ძალაუფლებას, მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ქვეყანა მართოს. ეს წარმომადგენლობითი დემოკრატიის არსებითი ელემენტია.

ჩვენს პარტიულ არჩევანს ბევრი რამ განაპირობებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პარტიის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკაა, ანუ პარტიის ხედვა, მაგალითად, პენსიის, გადასახადების, ინვესტიციის წახალისების შესახებ.

არსებობს დაშვება, რომ კონსტიტუცია პოლიტიკურ ხელისუფლებას უნდა აძლევდეს საშუალებას, დემოკრატიული პროცესის ფარგლებში ქმედითად წარმართოს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა.

დაუშვებელია, კონსტიტუციამ აკრძალოს ესა თუ ის საგადასახადო პოლიტიკა.

კონსტიტუციის 94-ე მუხლი იცავს ისეთ ეკონომიკას, სადაც დაბალი გადასახადებია.

კონსტიტუციის 94-ე მუხლი უნდა გაუქმდეს, რადგან დაუშვებელია, კონკრეტული ეკონომიკური პოლიტიკა კონსტიტუციური მუდმივობით იყოს დაცული.

პასუხი III.

ჩვენ ვცხოვრობდით სახელმწიფოში, სადაც ერთადერთი ეკონომიკური პოლიტიკა არსებობდა. საბჭოთა კავშირის ვგულისხმობ.

წარმომადგენლობითი დემოკრატია გულისხმობს ისეთ საზოგადოებრივ ურთიერთობას, სადაც მოსახლეობის მხარდაჭერის მქონე პარტიას უფლება აქვს, მოსახლეობის ინტერესებისა და საკუთარი პოლიტიკური მრწამსის საფუძველზე, შეცვალოს და მართოს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა.

ახალ დროებას ახალი გამოწვევა და განვითარების ახალი ხედვა მოაქვს და ახალ საჭიროებებს წარმოქმნის. ჩვენ არ ვიცით და ვერც გვეცოდენება, როგორი საგადასახადო პოლიტიკა დაგვჭირდება 20 წლის შემდეგ.

კონსტიტუციის 94-ე მუხლმა იცის. იცოდნენ საბჭოთა კავშირშიც.

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი უნდა გაუქმდეს, რადგან მან არ იცის, რა ეკონომიკური საჭიროებები დაგვიდგება მომავალში.

პასუხი IV.

დღეს გვეუბნებიან, რომ საგადასახადო რეფერენდუმი მოქალაქეებს აძლიერებს და მათ აძლევს საბოლოო სიტყვას თქმის უფლებას.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმი შესაძლოა, ჩატარდეს 200 ათასი ამომრჩევლის ინიციატივის საფუძველზე. ყველა შესაძლო რეფერენდუმზე ეს წესი ვრცელდება.

ერთადერთი გამონაკლისი არის რეფერენდუმი გადასახადების შესახებ. კონსტიტუციის 94-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო რეფერენდუმი მხოლოდ მთავრობის ინიციატივით ტარდება.

შესაბამისად, ამ მუხლის არსებობის მიზანი მოქალაქეთა გაძლიერება რომ იყოს, ის არ აუკრძალავდა მათ, მოეთხოვათ საგადასახადო რეფერენდუმი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კონსტიტუციის 94-ე მუხლი უნდა გაუქმდეს, რადგან მოქალაქეებს ართმევს უფლებას, მოითხოვონ საგადასახადო პოლიტიკის ცვლილება.

პასუხი V.

საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა.

ნება მომეცით, სამართლებრივ დეტალებში არ შევიდე და მოკლედ ვთქვა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტს ჭირდება კონკრეტული მექანიზმები, გავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე.

კონსტიტუციის 94-ე მუხლი საპარლამენტო უფლებამოსილების სფეროდან მთლიანად ამოკვეთს საგადასახადო პოლიტიკას. საქართველოს პარლამენტს ერთმევა იმის უფლებაც კი, რომ რეფერენდუმზე გაიტანოს საგადასახადო საკითხები.

საგადასახადო რეფერენდუმის ინიცირების უფლება მხოლოდ მთავრობას აქვს. ეს აჩლუნგებს პარლამენტის უნარს, იზრუნოს მათ კეთილდღეობაზე, ვინც აირჩია.

განსაკუთრებით აჩლუნგებს საპარლამენტო უმცირესობის უნარს, პოლიტიკურ პროცესზე გავლენა ჰქონდეს.

კონსტიტუციის 94-ე მუხლი უნდა გაუქმდეს, რადგან ასუსტებს პარლამენტს, ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც უნდა განსაზღვრავდეს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

პასუხი VI.

იქ, სადაც ვერ ლაპარაკობენ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე, იქ, სადაც აკრძალულია სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე ლაპარაკი, ლაპარაკს არ წყვეტენ.

სოციალური და ეკონომიკური საკითხების საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსიებიდან ამოჭრა საზოგადოებას მშვიდობიანს არ ხდის.

საზოგადოებაში დაგროვებული ბრაზი და სიძულვილი თავის სადინარს, როგორც წესი, ჰპოვებს კონფლიქტში იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც იქმნება, მაგალითად, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების გარშემო.

ასეთი საზოგადოებრივი კონფლიქტისას ეს ჯგუფები ერთმანეთის განადგურებისთვის იბრძვიან.

თუ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე არსებული კონფლიქტები კომპრომისისკენ არის მიდრეკილი, იდენტობის გარშემო გაერთიანებული ჯგუფები ერთმანეთთან მშვიდობას არ ეძიებენ.

ეს არაერთი კვლევით არის დადასტურებული, მათ შორის, ისეთი კვლევებით, რომლებიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საზოგადობრივ ცვლილებებს სწავლობს.

კონსტიტუციის 94-ე მუხლი უნდა გაუქმდეს, რადგან კრძალავს პოლიტიკურ დისკუსიას ეკონომიკურ საკითხებზე და აფერხებს საზოგადოებრივ კომპრომისებს.

პასუხი VII.

არავის მოსწონს ადამიანის გაჭირვების ცქერა. არავის მოსწონს, რომ საქართველოში ბავშვები არასათანადო კვების გამო კვდებიან. არავის მოსწონს, რომ ცოლებს ქმრები სცემენ.

ეს არ არის საკმარისი.

ჩვენ ხშირად ვამბობთ, ბავშვს აქვს საკვების უფლება. მშრომელს აქვს უფლება, უსაფრთხო სამუშაო ჰქონდეს. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ქალი ქმრის ძალადობის მსხვერპლია, ის უნდა დავიხსნათ.

მაგრამ არ არსებობს უფლება შესაბამისი საბიუჯეტო დანახარჯის გარეშე. ყველა უფლება საბიუჯეტო დანახარჯს მოითხოვს.

ქალები ვერ დატოვებენ მოძალადე ქმრებს, თუ სახლიდან წამოსულებს წასასვლელი არსად ექნებათ.

იმისთვის, რომ სამსახურიდან გამოგდებული მშრომელი ახალი სამუშაოს პოვნამდე არ განადგურდეს, საჭიროა სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც სამუშაოს მძებნელს საარსებო პირობებს შეუქმნის.

თუ მხოლოდ ოჯახში ძალადობას ვგმობთ, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ სახლიდან წამოსულ ქალს საარსებო პირობები შევუქმნათ, ამ ქალს პროსტიტუციაში ვგზავნით.

თუ არ გვინდა, ბავშვმა, სწავლის ნაცვლად, მძიმე სამუშაო შეასრულოს, მაგრამ ამ ბავშვის ოჯახს არ ვაძლიერებთ, ბავშვს მათხოვრობა ელის.

იმისთვის, რომ სოციალური დაცვის სისტემა არსებობდეს, საჭიროა, მან, ვისაც ბევრი ფული აქვს, მეტი გადასახადი გადაიხადოს.

კონსტიტუციის 94-ე მუხლს დაუშვებლად მიიჩნევს, რომ მან, ვისაც ბევრი ფული აქვს, მეტი გადასახადი გადაიხადოს.

კონსტიტუციის 94-ე მუხლი უნდა გაუქმდეს, რადგან ის გვიკრძალავს მომავალში სოციალური დაცვის სისტემა გვქონდეს.

პასუხი VIII.

94-ე მუხლის ანალოგი მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის კონსტიტუციაში არ მოიძებნება.

პირიქით: არსებობს ბევრი ქვეყნის კონსტიტუცია, სადაც აკრძალულია საგადასახადო საკითხების რეფერენდუმით მოწესრიგება.

ამის მაგალითია ესტონეთის, უნგრეთის, სამხრეთ კორეის, სერბეთის, სლოვენიის, სლოვაკეთის, იტალიის, უკრაინის, დანიის კონსტიტუციები.

შეგვიძლია, მოვიყვანოთ ისეთი კონსტიტუციების მაგალითები, სადაც საგადასახადო რეფერენდუმის ჩატარების არაპირდაპირი აკრძალვები არსებობს და კონსტიტუციაში მითითებულია, რომ საგადასახადო პოლიტიკა პოლიტიკური ორგანოების მიღებული საკანონმდებლო აქტებით განისაზღვრება.

ამის მაგალითია ნორვეგიის, ნიდერლანდების, ბელგიის, ჩეხეთის, იაპონიის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების კონსტიტუციები.

თუ ვინმე იტყვის, არსებობს რამდენიმე ქვეყანა, სადაც საგადასახადო საკითხები რეფერენდუმით წყდება, უნდა ვუპასუხოთ, რომ ამ ქვეყნებში საგადასახადო რეფერენდუმის გამართვის წესი და პირობები ჩვეულებრივი კანონმდებლობით განისაზღვრება და არა – კონსტიტუციით. ეს მნიშვნელოვანი სხვაობაა.

უნდა ვთქვათ ისიც, რომ იმ ძალიან მცირე ოდენობის ქვეყნებში, სადაც გადასახადის ზრდის საკითხი რეფერენდუმზე გატანას ექვემდებარება, არსებობს პირდაპირი დემოკრატიის ტრადიცია და, ამდენად, საჯარო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც რეფერენდუმზე ხვდება. შვეიცარია ამის კარგი მაგალითია.

საქართველოს კონსტიტუცია კი არ ითვალისწინებს არც ერთ საკითხს, რომელიც რეფერენდუმით მოწესრიგებას ითვალისწინებს, გადასახადების გარდა.

კონსტიტუციის 94-ე მუხლი უნდა გაუქმდეს, რადგან საქართველო არ არის უგონო ექსპერიმენტების დატესტვის ადგილი.


ოტო გარეკანზე გადმოტანილია ნეტგაზეთიდან.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ