► ავტორი: ზეზვა ზანგურაშვილი, ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლა.
ეკონომიკაში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, კრიტიკული აზროვნება ფუნდამენტური ელემენტია ანალიზის, შეფასების, კრეატიულობისა და არსებული აზრის გარდაქმნა-განვითარებისთვის, რაც თავისთავად ავითარებს, როგორც ადამიანს, ისე მოცემულ დარგს, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ეკონომიკა თუ სხვა სოციალური მეცნიერება.
საქართველოს უნივერსიტეტების უმრავლესობაში (თუ არა ყველა მათგანში) ისწავლება მხოლოდ მეინსტრიმული ეკონომიკა, რომელიც ძირითადად ასოცირებულია ახალ ნეოკლასიკურ ეკონომიკურ სინთეზთან. ამ სინთეზში ერთიანდება ნეოკლასიკური და ნეოკეინსიანური ეკონომიკური თეორიები, რომლებიც ეფუძნებიან დაშვებას, რომ ფირმები და მომხმარებლები ყოველთვის რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებენ (გავიხსენოთ გრეგორი მენქიუს ეკონომიკის 10 პრინციპიდან მესამე). შესაბამისად, მთელი ეკონომიკური თეორია, რომელიც საქართველოში ისწავლება, დგას ამ დოგმატურ პრინციპზე, რაც მის ორთოდოქსულობას უსვამს ხაზს.
სწორედ სწავლების ასეთი მიდგომა კლავს იმ ფუნდამენტურ ელემენტს, რომელსაც კრიტიკული აზროვნება ეწოდება და რომლის მნიშვნელობაზეც დასაწყისშივე გავამახვილე ყურადღება და, შესაბამისად, ჩარჩოებში აქცევს სტუდენტების შემოქმედებითობას, რაც თავისთავად არ იძლევა ეკონომიკის, როგორც მეცნიერების, განვითარების შესაძლებლობას საქართველოში.
ამ ორთოდოქსული ეკონომიკის საპირისპიროდ არსებობს ჰეტეროდოქსული ეკონომიკური მეთოდოლოგიები, მიდგომები და თეორიები, რომლებიც რჩებიან მეინსტრიმული ეკონომიკის გარეთ, მაგალითად, კლასიკური, პოსტ-კეინისიანური, (რაც არ უნდა აგვერიოს ნეოკეინსიანიზმში) სოციალისტური, მარქსისტული, ფემინისტური, ანარქისტული, ინსტიტუციონალისტური, დეველოპმენტარული, ევოლუციონარისტული, ბიჰევიორალისტური, ავსტრიული და ეკოლოგიური ეკონომიკური სკოლები.
რამდენიმე მათგანის შედარება ნეოკლასიკურ ეკონომიკასთან სურათის უკეთ დანახვის შესაძლებლობას მოგვცემს.
კლასიკური ეკონომიკა, რომელიც ძირითადად ადამ სმიტისა და დევიდ რიკარდოს თეორიებისგან შედგება, თავისუფალი ბაზრის იდეაზე დგას, სადაც კონკურენცია ეკონომიკური ზრდისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, ხოლო ბაზარი თვითრეგულირებადია, ანუ მიწოდება განსაზღვრავს/ქმნის მოთხოვნას, რაც ,,სეის კანონის’’ სახელწოდებითაა ცნობილი (Say’s Law). კლასიკური ეკონომიკა განსხვავდება ნეოკლასიკური ეკონომიკისგან იმ თვალსაზრისით, რომ კლასიკური სკოლა ეკონომიკას – კლასებზე, ხოლო ნეოკლასიკური თეორია ინდივიდებზე დაყრდნობით შეისწავლის. რა თქმა უნდა, დღეს კონკურენტული ბაზრის იდეა და ,,სეის კანონი’’ არარელევანტურია (ლოგიკურად სწორი, მაგრამ პრაქტიკაში გამოუსადეგარი) მაკროეკონომიკური პროცესების ასახსნელად, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ეკონომიკური პროცესის აღწერა უკეთაა შესაძლებელი კლასებზე დაყრდნობით, ვიდრე ინდივიდუალური მიდგომით, როგორც ამას ნეოკლასიკური სკოლა გვეუბნება. ასევე, მაგალითად შეიძლება, მოვიყვანოთ რიკარდოს შედარებითი უპირატესობის თეორია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ სტატიკურია, დღესაც გამოიყენება საერთაშორისო ვაჭრობაში და ხშირად უკეთესად ხსნის გარკვეულ ეკონომიკურ მდგომარეობას, ვიდრე ნეოკლასიკური მიდგომა.
დეველოპმენტალისტური სკოლა, რომელიც უფრო მეტად ეკონომიკურ ტრადიციად შეიძლება, ჩაითვალოს, არის სხვადასხვა ეკონომიკურ პოლიტიკათა გაერთიანება, რომელიც „ხელოვნურად“ (რადგან მთავრობის ჩარევის გზით ხდება) იწვევს ეკონომიკურ ზრდას და ძირითადად რეკომენდირებულია განვითარებადი ქვეყნებისთვის. ასეთი ეკონომიკური პოლიტიკის ნათელი მაგალითია ე.წ. „აღმოსავლეთ აზიის სასწაული“, რომელიც გულისხმობს იაპონიის, ტაივანის, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის სწრაფ განვითარებას. ამ ეკონომიკური ტრადიციის იდეა მდგომარეობს შიდა ინდუსტრიული ეკონომიკის დაცვა-განვითარებაში, რაც მოითხოვს პროტექციონიზმს, სუბსიდიებს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საწარმოებს, უცხოური ინვესტიციების მიმართ რეგულაციებს და ა.შ. დეველოპმენტალისტური ეკონომიკური ტრადიცია რჩება მეინსტრიმული ეკონომიკის გარეთ და მასში გაერთიანებული ეკონომიკური პოლიტიკური თეორია არის სწორედ ის, რომლის მავნებლობაზეც დღეს განვითარებად ქვეყნებს მეინსტრიმული სახელმძღვანელოები მოუწოდებენ.
ავსტრიული სკოლა, რომლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ფრიდრიხ ჰაიეკია, ნეოკლასიკური სკოლის მსგავსად ინდივიდუალიზმზეა დაფუძნებული, და არა კლასებზე. თუმცა მისგან განსხვავებით, მისი წარმომადგენლები არ ამბობენ, რომ ადამიანები ყოველთვის იღებენ რაციონალურ გადაწყვეტილებებს. მათი თქმით, გადაწყვეტილებები შეიძლება, განპირობებული იყოს ინსტიქტით ან ტრადიციით, რომელიც მოცემულია და რომლის ჭეშმარიტებაშიც ეჭვი არავის ეპარება. მეორე განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ ავსტრიული სკოლის მიხედვით სამყარო ძალიან კომპლექსურადაა მოწყობილი და მხოლოდ თვითნებური წესრიგით (spontaneous order) შეიძლება, იმუშავოს ბაზარმა. მაშინ, როდესაც ნეოკლასიკური სკოლა იცავს თავისუფალ ბაზარს და ამბობს, რომ რაციონალურად მოქმედმა ინდივიდებმა იციან, როგორ მუშაობს ბაზარი და უნდა მიეცეთ მათ თავისუფლება, აკეთონ თავიანთი საქმე, ავსტრიული სკოლა გვეუბნება საპირისპიროს, რომ არავინ იცის, როგორ მუშაობს ბაზარი და სახელმწიფოს არ შეუძლია, განაცხადოს, რომ მას მომხმარებლებსა და მიმწოდებლზებზე უკეთესად გაეგება ეს საქმე, თუმცა ამ სკოლის მთავარი კრიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ დღეს ბაზარი კონსტრუირებულია და არა თვითნებური, რადგან ის განსაზღვრულია სხვადასხვა წესებითა და რეგულაციებით სამთავრობო თუ ფირმების დონეზე. ეს კი ნიშნავს, რომ რეალურად არ არსებობს თავისუფალი ბაზარი ბუნებაში.
კეინისიანური სკოლა, რომლის შედარებით თანამედროვე ვარიანტი არის პოსტ-კეინისიანური სკოლა, ძირითადად იკვლევს, თუ როგორ შეიძლება, არსებობდეს უმუშევრობა და რჩებოდეს გასაყიდი საქონელი წონასწორობაში მყოფ ბაზარზე, ანუ, სადაც მოთხოვნა და მიწოდება ტოლია. ეს სკოლა ამ პრობლემას მოკლევადიან პერიოდში საფუძვლიანად ხსნის, რასაც ვერ ვიტყოდით გრძელვადიანი პერიოდის შემთხვევაში. საინტერესოა, რას ფიქრობს კეინისი ამ საკითხზე, მისი თქმით, გრძელვადიან პერიოდში ყველანი განწირულები ვართ. თუმცა პოსტ-კეინისიანურ სკოლაში ნიკოლას კალდორმა და ჯოან რობინსომა შეძლეს გრძელვადიანი პერიოდისთვის კეინისის თეორიების მორგება. ეს სკოლა უარყოფს ნებისმიერ სინთეზს ნეოკლასიკურ სკოლასთან, განსხვავებით ნეოკეინისიანური და ახალი კეინისიანური მიდგომებისგან და ნეოკლასიკურ მიდგომას ძირითადად ორი კუთხით აკრიტიკებს, კითხვის ქვეშ აყენებს როგორც თეორიული მხარის რელევანტურობას მონეტარულ წარმოებასთან, სადაც მთლიანი მოთხოვნა გრძელვადიან პერიოდში დიდ როლს თამაშობს, ასევე ნეოკლასიკური ეკონომიკური ზრდისა და დისტრიბუციის მოდელების ლოგიკურ კონსისტენციას ერთ საქონლიანი ეკონომიკის გარეთ, ანუ რეალურ ცხოვრებაში, რაც ასევე ცნობილია, როგორც კემბრიჯ-კემბრიჯ დებატები/დავა (Cambridge-Cambridge controversy).
რაც შეეხება ბიჰევიორალისტურ სკოლას, ისიც უარყოფს რაციონალური არჩევანის იდეას ნეოკლასიკურ ეკონომიკაში. მისი ცენტრალური კონცეფციაა „შეზღუდული რაციონალურობა“( bounded rationality), რომლის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ რაციონალურები, თუმცა ამის შესაძლებლობა ლიმიტირებულია, ანუ ხშირ შემთხვევაში მთავარი დაბრკოლება გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის არა ინფორმაციის ნაკლებობაა საკითხთან დაკავშირებით, არამედ ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობა, გადავამუშავოთ ის ინფომაცია, რომელიც გვაქვს. აქედან გამომდინარე, ადამიანები აკეთებენ არა საუკეთესო არჩევანს, არამედ უბრალოდ უკეთესს არსებული მოცემულობიდან.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, საქართველოში ისწავლება მხოლოდ მეინსტრიმული ორთოდოქსული ეკონომიკა, რაც მთლიანად უგელებელყოფს ჰეტეროდოქსულ სკოლებს და განაპირობებს ეკონომიკური ხედვის ძალიან ვიწრო ჭრილში არსებობას, სადაც ,,სწორი’’ მხოლოდ ერთი (ნეოკლასიკური) პოზიციაა. ამისგან განსხვავებით, პლურალისტური მიდგომა არ მოუწოდებს მხარეებს ერთი პოზიციის არჩევისაკენ, პირიქით, ხელს უწყობს დებატების ინტელექტუალურ გამდიდრებასა და დაპირისპირებული იდეების კრიტიკულ ანალიზსს. ამ მიზნის მისაღწევად ის ორიენტირებულია სასწავლო სილაბუსებში ორთოდოქსულ ეკონომიკასთან ერთად სწორედ ჰეტეროდოქსული ეკონომიკის შემოტანაზე, რადგან პლურალისტებს მიაჩნიათ, რომ ყველა ეკონომიკური სკოლა და ტრადიცია, იქნება ეს მეინსტრიმული თუ ჰეტეროდოქსული, გვაძლევს რაღაც ღირებულს და უნიკალურს, რისი უგულებელყოფაც იქნებოდა ვიწრო ეკონომიკურ ხედვაში ჩარჩენა, რაც დაახლოებით იგივეა, რომ მხოლოდ კოგნიტურ ფსიქოლოგიას ვსწავლობდეთ, როდესაც ფსიქოლოგიით ვინტერესდებით და განზე ვტოვებდეთ, ფსიქოანალიზმს, ბიჰევიორიზმს და ჰუმანისტურ ფსიქოლოგიურ მიმდინარეობებს.
ეკონომიკაში არ არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა, მხოლოდ ერთ თეორიას არ შეუძლია, ახსნას ყველა ეკონომიკური პროცესი, არსებობს განსხვავებული სკოლები და მიდგომები, რომლებსაც აქვთ თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები და პლურალისტური მიდგომა გვეხმარება ამ ეკონომიკური პროცესების უკეთ გაგებაში. ამის კარგი მაგალითია სინგაპური. მეინსტრიმულ ეკონომიკურ ჟურნალებში იწერება, რომ სინგაპურს ჰქონდა გახსნილი სავაჭრო და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოლიტიკა, თუმცა ძალიან ცოტა გაზეთი იტყობინება იმის შესახებ, რომ მიწის 90% სახელმწიფო საკუთრებაშია ან მთლიანი შიდა პროდუქტის 22% სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი კომპანიებიდან მოდის. აქედან გამომდინარე, არავის შეუძლია, დაასახელოს მხოლოდ ერთი ეკონომიკური სკოლა, რომელიც ხსნის სინგაპურის შემთხვევას. სამყარო კომპლექსურია და ჩვენ გვჭირდება განსხვავებული თეორიები მის შესასწავლად.
მიუხედავად ამისა, განსხვავებული სკოლების აღიარება არ არის საკმარისი. ეს განსხვავებულობა კიდევ უნდა გაიზარდოს, რადგან სხვადასხვა მიდგომა ხსნის სხვადასხვა ასპექტს და იძლევა განსხვავებულ პერსპექტივას მოცემულ საგანზე. მეტი განსხვავებული სკოლა ნიშნავს უფრო დაბალანსებულ და ფართო ხედვას ისეთი კომპლექსური დარგის შესახებ, როგორიცაა ეკონომიკა. სხვადასხვა სკოლებმა შეიძლება, გაიზიარონ კიდეც ერთმანეთის აზრი კოლაბორაციით ან დებატის შედეგად.
პლურალისტური მოძრაობა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში იღებს სათავეს ისეთი ეკონომისტებისგან, როგორიცაა ფრანკ სთილველი და სტივ კინი, რომლებიც სიდნეის უნივერსიტეტში მოუწოდებდნენ პლურალისტურ ხედვასა და კრიტიკულ აზროვნებაზე დამყარებულ ეკონომიკურ სწავლებისკენ. იქმნებოდა ასევე სხვადასხვა ასოციაციები და ორგანიზაციები მეინსტრიმული ეკონომიკის კრიტიკოსების მიერ, როგორიცაა „ეკონომიკური რეფორმების ასოციაციათა საერთაშორისო კონფედერაცია“(ICARE) ან „პოსტ-აუტისტური ეკონომიკური მოძრაობა“ ფრანგი სტუდენტების მიერ. ამავე მიზნით შეიქმნა „საერთაშორისო სტუდენტური ინიციატივა პლურალისტური ეკონომიკისთვის“(ISIPE), რომელშიც ერთიანდება სხვადასხვა სტუდენტური დაჯგუფება სხვადასხვა ქვეყნიდან. აქვე უნდა აღინიშნოს კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ 2011 წელს დაარსებული „კემბრიჯის საზოგადოება პლურალისტური ეკონომიკისთვის“, (Cambridge Society for Economic Pluralism), რომლის მიზანსაც უნივერსიტეტში პლურალისტური აზროვნების ხელშეწყობა და სასწავლო პროგრამის რეფორმა წარმოადგენდა. აღსანიშნავია ასევე ის, რომ 2009 წელს „ევროპული ეკონომიკის განვითარების ფონდმა“(FEED) პირველივე თვეს 2000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა ეკონომიკური პლურალიზმისთვის. 2011 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში სტუდენტებმა დატოვეს გრეგორი მენქიუს ეკონომიკის პრინციპების ლექცია და ამგვარად გააპროტესტეს ცალმხრივი, მიკერძოებული სწავლების მეთოდი. მომდევნო წელს პოლ კრუგმანმა და რიჩარდ ლეიარდმა გამოსცეს „მანიფესტი ეკონომიკისთვის”(Manifesto For Economic Sense), სადაც საუბრობდნენ ფისკალური პოლიტიკის მნიშვნელობაზე 2009 წლის კრიზისთან მიმართებაში. 2014 წელს ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტურმა გაერთიანებებმა 19 ქვეყნიდან გამოაქვეყნეს საერთაშორისო სტუდენტური წერილი და ჩამოაყალიბეს „საერთაშორისო სტუდენტური ინიციატივა პლურალისტური ეკონომიკისთვის“(ISIPE), რომელიც მოუწოდებს უნივერსიტეტებს პლურალისტურ მიდგომის შემოტანას სასწავლო კურსების სილაბუსში, ისევე როგორც კვლევით სფეროში, რათა სტუდენტებმა უკეთ გაიგონ და გააანალიზონ ის ფართო სოციალური გავლენები და ეფექტები, რაც შეიძლება, მოჰყვეს სხვადასხვა ეკონომიკურ გადაწყვეტილებას.
შესაჯამებლად უნდა ითქვას, რომ პლურალისტური მიდგომის მიხედვით არ არსებობს ერთი სწორი ეკონომიკური სკოლა, ყველას აქვს თავისი საწყისი მოცემულობა, რომელიც არ არის ფუნდამენტური. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი რომელიმე მათგანს ანიჭებს ხოლმე უპირატესობას. შეუძლებელია, ყველა თეორიას ეთანხმებოდე ერთდროულად, მაგრამ შენ უნდა გქონდეს წვდომა ამ თეორიებზე, რომ შეძლო არჩევანის გაკეთება, რაც დღეს საქართველოში შეუძლებელია.
თუ თვლით რომ ეკონომიკა უნდა იყოს არა ცალმხრივი, ორთოდოქსული სწავლების საგანი, არამედ საზოგადოების სამსახურში მდგომი სფერო, შეგიძლიათ, შეუერთდეთ ზემოთ აღნიშნულ სტუდენტურ ინიციატივას მომდევნო ლინკზე: http://www.isipe.net/member-groups/
– ჩვენს ვებგვერდზე დამატებით შეგიძლიათ წაიკითხოთ თარგმანი ამერიკული გამოცემა Bloomberg-დან:
ჯონ მეინარდ კეინსი არის ეკონომისტი, რომელიც მსოფლიოს ახლა სჭირდება