ტატო ხუნდაძე: რატომ გვჭირდება განვითარების ახალი პარადიგმა?

გახო
გიორგი გახარიას შეხვედრა საქართველოს ბიზნესასოციაციასთან (BAG). ფოტო © BAG

► ავტორი: ტატო ხუნდაძე, პოლიტეკონომისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი.

© European.ge

სიმბოლურია, რომ გასულ წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების სამინისტრომ გაყიდა ის შენობა, რომელშიც თავად ეს სამინისტრო იყო განთავსებული. ეს გადაწყვეტილება კარგად ასახავს ეკონომიკური განვითარების იმ პარადიგმას, რომელსაც საქართველო ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მისდევს.

საბჭოთა გარდაქმნების პერიოდიდან საქართველოში ყვაოდა ეროვნული მოძრობები, მეტიც, საბჭოთა კავშირის ნგრევამ სათავეში მოიყვანა ეროვნული მოძრაობის ყველა ნაციონალისტური ჯგუფი. დამოუკიდებლობა გადაიქცა მუდმივ „პასიურ რევოლუციად“, რომელშიც არაფერია რევოლუციური.

საბჭოთა კავშირი უზრუნველყოფდა სრულ დასაქმებას, განათლება და ჯანდაცვა კი ყველასთვის უფასო იყო. საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეებს შეეძლოთ საკუთარი შრომით შეეძინათ მანქანა და მიეღოთ ბინა, უსახლკარობის პრობლემა, როგორც ასეთი, არც არსებობდა. თუმცა, ეს იყო ჩაკეტილი ავტორიტარული სისტემა, სადაც მკაცრად იზღუდებოდა პოლიტიკური უფლებები, ადამიანებს არ შეეძლოთ ემოგზაურათ საბჭოთა კავშირის გარდა სხვა ქვეყნებში და სიტყვის თავისუფლებაც მკაცრად იყო ჩახშობილი. განსაკუთრებით 80-იანი წლებიდან, როცა მოირყა ტოტალიტარული მარწუხები და სისტემურმა კორუფციამ მოიცვა მთელი ეკონომიკა და მმართველობა, რეფორმების განხორციელების საკითხი გარდაუვალობად იქცა. თუმცა, რეფორმისტული მოძრაობები ნეოლიბერალური შინაარსის აღმოჩნდნენ. ნეოლიბერალური შინაარსი შეიძინეს თვით ახლად დაბადებულმა ეროვნულმა მოძრაობებმა, მეტწილად მათი ეკონომიკური სტრატეგია იყო ეკონომიკური სტრატეგიის არ ქონა – ეს არის ტრენდი, რომელსაც მეტნაკლები ინტენსივობით დღემდე მისდევენ საქართველოს მთავრობები. წინამდებარე სტატია, ეძღვნება სწორედ განვითარების ნეოლიბერალური მოდელის კრიტიკას და ასევე მოიცავს ეკონომიკური განვითარების სხვა პარადიგმების წარმოჩენას.

თავისუფლების ოქსიმორონი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, განსაკუთრებით საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ეროვნული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები ვერ შეიქმნა. მთავრობები, მუდმივად ცდილობდნენ დასავლური ფინანსური ინსტიტუტებისა თუ რადიკალური ეკონომიკური სკოლების მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების კიდევ უფრო რადიკალური ფორმებით პოლიტიკაში გატარებას.

ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც პირველ ადგილზე დააყენებდა მოსახლეობის ინტერესებს, ფაქტიურად არ არსებობს. ეს გარკვეულწილად პარადოქსულია, რადგან ეროვნული გამოღვიძების იდეებით ნასაზრდოებ ნაციონალურ ნარატივებს და პოლიტიკურ ნაციონალიზმს (თუ შეიძლება ასეთი ტერმინი ვიხმაროთ), ზურგს არ უმაგრებს ეკონომიკური ნაციონალიზმი. სახეზეა ნეოლიბერალური ეკონომიკური თავისუფლებისა და განსაკუთრებით საქართველოს შემთხვევაში ეთნიკური პოლიტიკური ნაციონალიზმის უცნაური ნაერთი. პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისუფლების გაგება ორი ძირითადი მდგენელისგან შედგება. პირველი, ნეგაციაზეა დამოკიდებული და მას ამასთან ერთად კოლექტიური შინაარსიც გააჩნია, კერძოდ ეს ნიშნავს რუსეთისგან დამოუკიდებლობას. მეორე კი გულისხმობს თავისუფლების ინდივიდუალისტურ გაგებას. რასაკვირველია, პირველ რიგში ეს არის ნეგატიური თავისუფლებები (გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება) და მეორე მხრივ ეს არის ეკონომიკური თავისუფლება, ეკონომიკურ ცხოვრებაში სახელმწიფო ჩაურევლობის პრინციპის დაცვით. ბრიტანელი რეჟისორის ადამ კურტისს,  არ ჰქონდა საშუალება გაცნობოდა ქართულ ნეოლიბერალურ ექსპერიმენტს, თორემ სავარაუდოდ ქართული ტრაგიკული სიუჟეტი ბრიტანულთან ერთად თავისუფლების გაგების შესახებ, იპოვიდა ადგილს მის გენიალურ დოკუმენტურ ფილმში: “The Trap: What Happened to our Dream of Freedom.”

ლიბერალურ-ნაციონალისტური ოქსიმორონის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები

საქართველოში პარტიათა დიდი უმრავლესობა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე აქტიურად საუბრობს „სახელმწიფოს ჩავარდნაზე“ (government failure). როგორც ნაციონალური მოძრაობის მთავრობა პრეზიდენტის მეთაურობით, ასევე დღევანდელი „ქართული ოცნების“  მთავრობა, ეკონომიკური პრობლემების ასახსნელად ხშირად იყენებდა დიდი ბიუროკრატიის და მზარდი სახელმწიფო დანახარჯების საკითხებს. ტერმინი ქამრების შემოჭერა, რაც თავისთავად კავშირშია austerity პოლიტიკასთან, ქართველი პოლიტიკოსების საყვარელ დევიზად იქცა. ამ მხრივ, ერთგვარი მარათონიც კი შეინიშნებოდა, ვინ  უფრო მეტად და ხმამაღლა გააჟღერებდა მცირე სახელმწიფოსა და მცირე ბიუროკრატიის  იდეას არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. ამ თავბრუდამხვევ მარათონში, არავის მოდიოდა თავში, რომ სახელმწიფო ბიუროკრატიის არაეფექტურობასთან ერთად, სახეზეა უზარმაზარი და ყოვლისმომცველი საბაზრო ჩავარდნა (market failure).

როგორც ამბობენ, ყოველთვის არსებობს სივრცე გაუმჯობესებისთვის, რაც იმას მიანიშნებს რომ ეკონომიკის ლიბერალიზაციის მასშტაბებიც უსაზღვროა. საბჭოთა პერიოდში კომუნისტური მთავრობები არწმუნებდნენ ხალხს, რომ  სადღაც არც თუ ისე შორეულ მომავალში, ქვეყანა აუცილებლად შევიდოდა კომუნიზმში, ე.ი ნათელ მომავალში. ამისთვის საჭირო იყო უბრალოდ უფრო მეტად ბეჯითი მუშაობა. საბჭოთა იდეოლოგია, დღეს ნეოლიბერალურმა ჩაანაცვლა, რომელიც ისეთივე უკომპრომისოა და დაუნდობელია განსხვავებული აზრის მიმართ. თუმცა, თუ საბჭოთა კავშირი უზრუნველყოფდა ადამიანთა სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ნეოლიბერალური განვითარების მოდელი სრულიად ყრუ აღმოჩნდა მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის გასაჭირის მიმართ. მეტიც ნეოლიბერალური რეჟიმი ვერასოდეს ახერხებს თანაარსებობას დემოკრატიასთან – ველური საბაზრო ეკონომიკის პირობებში სოციალურად გარიყულთა და მარგინალიზებულთა უკმაყოფილების ხმას სახელმწიფოს პოლიციური რეჟიმი კლავს, სოციალური კონფლიქტის ნიველირება კი ყალბი პოლიტიკური დაპირისპირებებით ხდება.

რეალობას მშრალი ციფრები გამოხატავენ. 1989 წლის  აღწერის მონაცემებით საქართველოში ცხოვრობდა, 5, 443, 000 ადამიანი.  ბოლო, 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით საქართველოში ცხოვრობს 3, 713, 700 ადამიანი. გამოდის რომ 1989 წლიდან დღემდე მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა 1, 730, 000 ადამიანით. ფაქტიურად ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა 31%. ეს აიხსნება რამდენიმე ფაქტორით. მაგალითად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში მომხდარი კონფლიქტებით. ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანების რაოდენობას ბოლო საყოველთაო აღწერის მონაცემები არ მოიცავს. თუმცა, უმთავრესი მაინც ეკონომიკური ფაქტორებია. სიღარიბის და უმუშევრობის გამო, მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა და შობადობის ოდენობა შემცირდა. ამასთან, მრეწველობის სრული გაჩანაგების შედეგად მოსახლეობის დიდმა რაოდენობამ დატოვა ქვეყანა. დღესდღეობით, მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 9-12%-მდე საგარეო გადმორიცხვები შეადგენს, რაც არის უზარმაზარი ოდენობის თანხა. გამოდის რომ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილს, უცხოეთში მყოფი ნათესავები ინახავენ. ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელის დამსახურებით, „ადამიანების ექსპორტი“ ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილად აქცია.

საქართველოში უმუშევრობა, „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ კრიტერიუმების მიხედვით დაახლოებით 12% შეადგენს, თუმცა თუ ავიღებთ არასრულ და ფარულ უმუშევრობას, ეს მაჩვენებელი 50%-ს აღწევს. საქართველოს ეკონომიკურ ჩამორჩენილობაზე მიუთითებს, ისიც რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 52%, მაშინ, როცა მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 9,2%-ა. . ეს მიანიშნებს, იმ გარემოებაზე, რომ მოსახლეობის ნახევარი ფაქტიურად გამოთიშულია ქვეყნაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესიდან. უცხოელი ექსპერტები, რომლებიც იმ საბჭოთა იდეოლოგებს შეიძლება შევადაროთ, რომლებიც ლათინურ ამერიკაში და აფრიკაში კომუნიზმის იდეებს ავრცელებდნენ, ხშირად მიუთითებენ იმაზე რომ საქართველოში  არ არსებობს სამეწარმეო სული (entrepreneurial spirit) და სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი, იმისა რომ ბაზარი სამუშაო  ადგილებს ვერ ქმნის. მეწარმეობისთვის ტრანსცედენტალური წინაპირობების არსებობა არ არსებობა ალბათ მეცნიერულ მსჯელობას არ შეესაბამება თუმცა იმის თქმა, რომ გეგმიური ეკონომიკის ველური კაპიტალიზმით ჩნაცვლებით საქართველოში მეწარმეობამ ფეხი ვერ მოიკიდა – სამართლიანი იქნებოდა.

ქვეყნის დე-ინდუსტრიალიზაციის შედეგად წარმოქმნილი ფუნდამენტური ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისთვის ვერც უცხოური პირდაპირი ინვესტიციები აღმოჩნდა უებარი საშუალება. მზარდი FDI-ის პარალელურად, 2005 წლის შემდგომ დღევანდელ დღემდე სახეზეა სავაჭრო დეფიციტის მუდმივი ზრდა. მხოლოდ 2012 წელს იყო მცირედი კლება დეფიციტში,  გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთთან დაიწყო ნორმალიზაციის პროცესი, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა რუსეთში ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და მინერალური წყლების გატანა. 2015 წლის მონაცემებით სავაჭრო დეფიციტი 4.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წარმოუდგენლად დიდი ციფრია საქართველოსთვის, გამომდინარე მისი ეკონომიკის მასშტაბებიდან. ეს ნიშნავს, იმას რომ საქართველო ყიდულობს 4,4 მილიარდი დოლარით უფრო მეტს, ვიდრე ჰყიდის. ამგვარი ეკონომიკური მოდელი საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის არის გაღარიბების ფორმულა.

რეფორმების ვიტრინად წარმოჩენილი ქვეყანა (showcase of reforms), ვერც სიღარიბის აღმოფხვრის შედეგებით დაიკვეხნის. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სიღატაკის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 2008-2011 წლებში 6.4%-დან 9.2%-მდე გაიზარდა, ხოლო 2013 წელს 9.7% ანუ 437,238 შეადგინა. მოსახლეობის 55% კი სოფლის მეურნეობაზე, უმეტესად ნატურალურ მეურნეობაზეა დამოკიდებული. მსოფლიო ბანკის მონაცემები საქართველოში სიღარიბესთან მიმართებაში კიდევ უფრო ტრაგიკულია. კერძოდ, მსოფლიო ბანკის გათვლებით საქართველოში მოსახლეობის 25% ღარიბია და ცხოვრობს ყოველდღიურად 3,10 დოლარიანი ზღვრის ქვემოთ. ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო ყველაზე ღარიბია რეგიონში. ქვეყანაში 225 000 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და დღეში 4,5 ლარზე ნაკლებს მოიხმარს, ხოლო 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და დღეში 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს. საქართველოში ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 800-მდე ბავშვი იღუპება აქედან, 300 მდე ბავშვის გარდაცვალების მიზეზი დედის ანემია, მცირე წონიანობა, არასრულფასოვანი კვება და ფოლიუმის მჟავის ნაკლებობასთან დაკავშირებული სხვადასხვა მანკია. თუმცა, ნეოლიბერალური „იდეოლოგიური კედელი“, როგორც ამას კანადელი მწერალი და აქტივისტი ნაომი კლეინი უწოდებს, ურყევი და შეუვალია. შეძლებული ადამიანებისთვის შეუმჩნეველი და გაუგებარი ხდება მეზობელ სახლებში სიღარიბის დაუნდობელი ხელის მიერ დატრიალებული ტრაგედიები. რამდენიმე წლის წინ სააკაშვილის პარტიის ერთ-ერთმა აქტივისტმა, გაკვირვებით და ნიშნისმოგებით აღნიშნა, რომ თუ ადამიანი ღარიბია მას არ უნდა ჰქონოდა იმ ბენზინის ფული, რომლითაც  თავი დაიწვა. საუბარი იყო  ქალბატონზე, რომელმაც უკიდურესი სიღარიბისა და გარიყულობის გამო თავი დაიწვა ერთ-ერთი სამინისტროს წინ. საზოგადოება და მედია აღშფოთებით შეხვდა პოლიტიკური აქტივისტის ამ გამოთქმას. თუმცა, ეს აღშფოთება ბევრს ვერაფერს ცვლის. იდეოლოგია მუშაობს ისე, რომ სკანდალის გამოაშკარავებით სისტემა საზოგადოების თვალში ახდენს დროებით მორალურ რეგენერაციას, თითქოს ამის შესახებ უეცრად გახდა ცნობილი და სახელმწიფოსა თუ ხალხის აღშფოთებით აღარავინ დაუშვებს სკანდალური ფაქტის ხელმეორედ გამეორებას. თუმცა სინამდვილეში ბანკების მიერ უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანთა, მათხოვრად ქცეულ პროფესორებისა და ბასწავლებლების ისტორიებში, ვალების გამო სუიციდით დასრულებულ ცხოვრებაში არაფერია ახალი – ეს ადამიანთა ყოველდღიურობაა. „სკანდალებს“ შორის პერიოდში მორალური ქენჯნა ნიველირებულია დოგმით: „თუ ღარიბი ხარ, ამაში თავად ხარ დამნაშავე“ .

ნეოლიბერალური პალიატიური ეკონომიკიდან დეველოპმენტალისტური ეკონომიკისკენ

საქართველოს გამოცდილებიდან შესაძლებელია ორი ძირითადი გაკვეთილი გამოვიტანოთ. თავისუფალ ბაზარზე მინდობილმა ეკონომიკამ საქართველოში ვერ იმუშავა. სახეზეა როგორც ტოტალური საბაზრო ჩავარდნა, ასევე სახელმწიფოს მარცხიც, რომლის ერთადერთ ფუნქციას თავისუფალი ბაზრის ხელშეწყობა წარმოადგენდა.  მეორე გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ სერვის სექტორზე დაფუძნებული ეკონომიკა ისეთ განვითარებად ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, არ მუშაობს. დღეს საქართველო ჰგავს ხელოვნურ სუნთქვაზე მიერთებულ ადამიანს, რომელიც არც კვდება და არც გამოჯანმრთელებას უჩანს პირი. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლე შენარჩუნებულია, დრო მაინც მის საწინააღმდეგოდ მუშაობს. რასაკვირველია, ეკონომიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გაგებული ისე როგორც სტაბილურობა უძრაობაში, ანუ პალიატიური სტატუს-კვოს მუდმივი გახანგრძლივების მცდელობა. მითი იმის შესახებ, რომ მეტი ლიბერალიზაცია მეტ განვითარებას ნიშნავს – გლობალურად დაინგრა. ამის შესახებ ისეთი ორგანიზაციების ანგარიშებიც კი მეტყველებენ, რომლებიც წლების განმავლობაში გვევლინებოდნენ ნეოლიბერალური ეკონომიკის მედროშეებად.

საქართველოს სჭირდება თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა, რომელიც მისცემს მას საშუალებას პალიატიური ეკონომიკიდან გადაიქცეს განვითარებაზე ორიენტირებულ ინკლუზიურ ეკონომიკად. სკეპტიკოსები სვამენ მრავალ ლოგიკურ კითხვას, რომლებსაც აუცილებელია გაეცეს პასუხები. მაგალითად, რას უნდა გულისხმობდეს ინდუსტრიული პოლიტიკა? რისი წარმოება შეუძლია საქართველოს? ხომ არ გამოიწვევს ახალი ინდუსტრიული პოლიტიკა ფასების ზრდას მომხმარებლებისთვის? რამდენად შესწევს ქართულ არაეფექტურ ბიუროკრატიას ასეთი რთული პოლიტიკის გატარების უნარი და ხომ არ იქცევა ეს პოლიტიკა კორუფციის მახედ? ამ კითხვებზე პასუხების გაცემა, გვაძლევს საშუალებას წარმოვიდგინოთ, თუ როგორი შეიძლება იყოს თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა.

რისი წარმოება შეუძლია საქართველოს?

რიკარდოსეული თვალსაზრისით, საქართველომ უნდა აწარმოოს ის, რისი წარმოებაც იაფი უჯდება. თუმცა, ამგვარ ლოგიკას კვლავ პალიატიურ სტატუს-კვომდე მივყავართ, რაც ნიშნავს „სპეციალიზაციას სიღარიბეზე“, როგორც ამას ცნობილი ნორვეგიელი ეკონომისტი ერიკ რეინერტი აღნიშნავს. საქართველოს დღეს აქტიურად ყიდის ღვინოს საერთაშორისო ბაზრებზე,  2017 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებლით საექსპორტო კალათაში ღვინის ექსპორტი მეხუთე ადგილზეა. გამოდის რომ საქართველოს იაფი უჯდება ღვინის წარმოება, თუმცა ამ სექტორზე სპეციალიზაცია აუცილებლად მიიყვანს ქვეყანას ხარისხის დაცემამდე ან ფასების ზრდამდე, რადგან მიწა შეზღუდული რესურსია და სოფლის მეურნეობას ახასიათებს კლებადი უკუგება კაპიტალზე (decreasing return on capital). დადგება მომენტი, როცა საქართველო ვეღარ შეძლებს რაღაც ერთეულზე მეტი ღვინის წარმოებას ან ფირმები იძულებულები იქნებიან ყურძნის მოყვანა დაიწყონ შედარებით არაპროდუქტიულ მიწებზე, რაც გაზრდის ფიქსირებულ ხარჯებს და საბოლოო ჯამში აისახება როგორც ღვინის ხარისხზე, ასევე ფასზეც. რომ გავცდეთ საქართველოს მაგალითს, ჩინეთს რომ დაეჯერებინა ამგვარი ეკონომიკური თეორიისთვის, იგი დარჩებოდა ბრინჯის მწარმოებელ ქვეყნად და ვერ იქცეოდა global powerhouse-ად, როგორც მას დღეს მოიხსენიებენ.

ეკონომისტები გვირჩევენ, რომ სხვაგვარად დავსვათ კითხვა. ე.ი. მთავარი კითხვა ის კი არ უნდა იყოს თუ რა უნდა აწარმოოს საქართველომ, არამედ ის თუ როგორ უნდა მოახდინოს საკუთარი წარმოების სექტორის დივერსიფიკაცია. დენი როდრიკი და რიკარდო ჰაუსმანი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან გვირჩევენ რომ აქცენტი გაკეთდეს, „ინფორმაციული ჩავარდნის“  აღმოფხვრაზე, რაც თავის მხრივ „თვით აღმოჩენის“ (self-discovery) პროცესს შეუწყობს ხელს. კერძოდ, ეკონომიკურმა აგენტებმა უნდა შეძლონ ისეთი აქტივობების პოვნა, რომელიც ხელს შეუწყოს მათი მოგების ზრდას. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ახალი აქტივობაზე სოციალური დანახარჯი მაღალია და უკუგება მცირე, ეკონომიკურ აქტორებს უჭირთ რისკის გაღება. ამის მიზეზი ის არის, რომ თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე კონკრეტული აქტივობა დიდ მოგებას ტოვებს, არსებობს იმის მაღალი შანსი, რომ სხვა ეკონომიკური აქტორებიც მოახდენენ  ამ საქმიანობის დაწყებას, რაც რასაკვირველია ხელს შეუშლის ბაზარზე ინოვაციის შემომტან ფირმას ამოიღოს მის მიერ გაწეული პირველადი დანახარჯები. ამგვარი საბაზრო ჩავარდნის აღმოსაფხვრელად, სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს სუბსიდია, რათა ბიზნესს ჰქონდეს რისკების აღების შესაძლებლობა. გამომდინარე ქართული კონტექსტიდან, საქართველომ უნდა მოახდინოს ორი უმთავრესი კრიტერიუმის დაცვა. პირველი რიგში, სუბსიდირება უნდა შეეხოს მხოლოდ ქართული ეკონომიკისთვის მხოლოდ ახალ აქტივობებს და არა უკვე არსებულს, რათა ხელი შეეწყოს ეკონომიკის დივერსიფიკაციას. მეორე კრიტერიუმი, სუბსიდირება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ აქტივობების, რომლის ფარგლებშიც მოხდება საქონლის ან სერვისის ექსპორტირება. ამ მხრივ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას აქვს გარკვეული შეზღუდვები, ექსპორტის სუბსიდირების კუთხით, თუმცა არსებობს მრავალი ქვეყნის გამოცდილება, რომლებიც არაპირდაპირი გზით ახერხებენ ამგვარი მიდგომის განხორციელებას.

ხომ არ გამოიწვევს ახალი ინდუსტრიული პოლიტიკა ფასების ზრდას ქართველი მომხმარებლისთვის?

ბუნებრივია, მომხმარებლის ინტერესია, რაც შეიძლება დაბალ ფასად შეიძინოს ესა თუ  ის პროდუქტი. ამასთან, მომხმარებელს ურჩევნია იყიდოს ხარისხიანი იმპორტირებული პროდუქცია, ვიდრე თანხა დახარჯოს ადგილობრივ უხარისხო პროდუქციაზე, რომელიც შესაძლოა ფასით აღემატებოდეს კიდეც უცხოურ პროდუქციას. დისკუსია ამ თემაზე არახალია და ცხადია, საქართველოს ფარგლებსაც სცდება. მსგავსი დისკუსია მიმდინარეობდა ამერიკაშიც დაახლოებით 200 წლის წინ. განსაკუთრებით სამხრეთში მცხოვრები მდიდარი მონათმფლობელები ეწინააღმდეგობდნენ იმპორტზე სავაჭრო ტარიფების შემოღებას, რადგან მათთვის რთული გასაგები იყო  თუ რატომ უნდა შეეძინათ „იანკებისგან“ პროდუქტები, როცა შეეძლოთ შემოეტანათ სხვა ქვეყანაში წარმოებული იაფი და უფრო ხარისხიანი ნაწარმი. ბრიტანეთში მოღვაწე სამხრეთ კორეელი ეკონომისტი ჰა ჯონ ჩანგი აღნიშნავს, რომ ამ დისკუსიაში ჩრდილოელმა ინდუსტრიალისტებმა დაამარცხეს სამხრეთელი მონათმფლობელები. როგორც ჩანგი აღნიშნავს, ამერიკელებმა გააცნობიერეს, რომ ძლიერი სახელმწიფოს შექმნა შეუძლებელია ძლიერი ინდუსტრიის გარეშე. ამის გათვალისწინებით, ამერიკა ახორციელებდა მკაცრად პროტექციონისტულ პოლიტიკას მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, კერძოდ მას გააჩნდა ყველაზე მაღალი ტარიფები ინდუსტრიულ სახელმწიფოებს შორის.

21-ეს საუკუნის გლობალიზებულ სისტემაში, საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას გაუჭირდება ამერიკის თუ სხვა ინდუსტრიული სახელმწიფოების გამოცდილების გამეორება. ამიტომაც, მისი  პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს სელექციურ,  სმარტ  პროტექციაზე, რომელიც იცავს კონკრეტულ ჩანასახოვან წარმოებებს (infant industries) და არა მთელს სექტორებს. ამასთან, საქართველოს მცირე ბაზრიდან გამომდინარე ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ეკონომიკური აქტივობების დაცვას, რომლებსაც გააჩნიათ ექსპორტზე საქონლის ან მომსახურების გატანის პოტენციალი. ამ ორი  პრინციპის გათვალისწინებით სათუოა, რომ ქვეყანა მიიღებს რადიკალურ ინფლაციას. გარდა ამისა, ინდუსტრიული სექტორის განვითარება შექმნის სამუშაო ადგილებს და მოიბამს მომსახურებისა და კვების წარმოებასაც, რაც რასაკვირველია დააკომპენსირებს ფასებით  ცვლილებით მიღებულ ზიანს.

რამდენად შესწევს ქართულ არაეფექტურ ბიუროკრატიას ასეთი რთული პოლიტიკის გატარების უნარი და ხომ არ იქცევა ეს პოლიტიკა კორუფციის მახედ?

1980-იანი წლებიდან ნეოლიბერალური ეკონომიკური დოქტრინის გავლენით, ეკონომიკურ განვითარებაში სახელმწიფოს როლის სრული მარგინალიზება მოხდა. შეიქმნა მრავალი მითი, რომელთა მიხედვითაც სახელმწიფო ინსტიტუტები წარმოჩენილია, როგორც უსაქმური ბიუროკრატების ერთობად, რომელთა მიზანია ეკონომიკური ზრდის შეფერხება და ყოველგვარი სამეწარმეო აქტივობის განადგურება. რასაკვირველია, ამგვარმა მითმა დიდი ხანი ვერ გასტანა და უკვე დღეს მრავალი მეცნიერი ხმამაღლა აცხადებს, რომ სახელმწიფოს გარეშე „თავისუფალი ბაზარიც“ არ არსებობს, რადან ბაზრის წესებს სახელმწიფო სტრუქტურები ქმნიან.  მაგალითად, ბაზრის ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია სასამართლო სისტემა, რომელიც არის კონტრაქტების აღსრულების მექანიზმი. კერძო საკუთრების დაცვას სჭირდება შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურები. თავისუფალი ბაზრის პრინციპების დაცვისთვის საჭიროა იმის განსაზღვრა თუ რამხელა საბაზრო ძალაუფლების ქონა არის დასაშვები, უფრო კონკრეტულად  ბაზრის ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ანტი-ტრესტული კანონმდებლობა და შესაბამისი სამსახურები, რომლებიც უზრუნველყოფენ თავისუფალ კონკურენციას (რობერტ რაიჰი). ზოგიერთი ეკონომისტი, მაგალითად იტალიური წარმოშობის ამერიკელი მეცნიერი მარიანა მაცუკატო კიდევ უფრო წინ მიდის და ამბობს რომ სახელმწიფო ხშირად თავად გვევლინება ბაზრების მაფორმირებელ აქტორად. ამ არგუმენტის გასამყარებლად, მაცუკატო იშველიებს ემპირიას, რომლის მიხედვითაც ისტორიის განმავლობაში სახელმწიფოები მიმართულებებს აძლევდნენ ბაზრებს და თავად იყვნენ ინოვატორებიც. მაგალითად, იგი ასახელებს ისეთ ტექნოლოგიებში სახელმწიფოს როლს, როგორიცაა ინტერნეტი, სმარტფონები, სკაიპი და ა.შ. იგი ასევე ხაზს უსვამს, ისეთი ტექნოლოგიური მიმართულებების ჩამოყალიბებაში სახელმწიფოს წვლილს, როგორიცაა ბიოტექნოლოგიები და „მწვანე ტექნოლოგიები”.

ქართულ კონტექსტშიც მოიძებნება ეფექტური ბიუროკრატიისა და სახელმწიფო მმართველობის არაერთი მაგალითი. სააკაშვილის ადმინისტრაცია, რომელიც გამოირჩეოდა ნეოლიბერალური ხედვებით და სახელმწიფოს ჩაურევლობას განიხილავდა უალტერნატივო იმპერატივად, ამის პარალელურად ქმნიდა საკმაოდ ეფექტურ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამ მხრივ, აღსანიშნავია „იუსტიციის სახლების“ პრეცენდენტები, რომლებიც საზოგადოებას დღესაც სთავაზობს სწრაფ, ეფექტურ და ხარისხიან მომსახურებას. ეფექტური ბიუროკრატიული მექანიზმის შესაქმნელად საჭიროა რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება. პირველ რიგში, აუცილებელია რომ შესაბამის ბიუროკრატიულ ორგანოს გააჩნდეს კონკრეტული მიზანი და ამოცანები, რომელთა მიღწევაც შეფასებას დაექვემდებარება. მეორე, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბიუროკრატიული აპარატის ფინანსური უზრუნველყოფილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დაემსგავსება უკბილო „მონსტრს“ და უფუნქციო ბუტაფორიის როლს შეასრულებს. მესამე მნიშვნელოვანი პირობაა საკადრო პოლიტიკა,  კერძოდ ის, თუ რამდენად მერიტოკრატიულად არის დაკომპლექტებული შესაბამისი  უწყება და რამდენად სწორად არის ჩამოყალიბებული შრომის წახალისებისა და კარიერული წინსვლის პროცესი დაგეგმილი. დენი როდრიკი მიიჩნევს, რომ  ნებისმიერ სახელმწიფოში შეიძლება იყოს  ეფექტური და წარმატებული ბიუროკრატიული ბაზა, რომლის გამოყენებაც შეიძლება ახალი უწყების ასაწყობად. მაგალითად, საქართველოში შეიძლება მოიძებნოს კადრები ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროდან, რომლებიც თავიანთ საქმეს ეფექტურად ასრულებენ საგადასახადო სისტემის მუშაობისა და სახელმწიფო სერვისების მიწოდების კუთხით. და ბოლოს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ის, თუ რამდენად პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის ინდუსტრიული პოლიტიკა. თუ, ინდუსტრიულ პოლიტიკაზე ვიცე პრემიერი ან მინისტრთა კაბინეტის სხვა გავლენიანი თანამდებობის პირია პასუხისმგებელი, ბუნებრივია, ბიუროკრატიული აპარატიც უკეთესად იმუშავებს და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების ხარისხიც მოიმატებს. ჩამოთვლილი პირობების მხედველობაში მიღების შემთხვევაში, კორუფციის ალბათობაც ეცემა.

დასკვნა

საქართველო ხშირად სახელდება როგორც წარმატებული რეფორმების ქვეყანა, რომელსაც უნდა მიბაძონ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა, მაგალითად უკრაინამ. როგორ საამაყოდაც არ უნდა ჟღერდეს ეს ფრაზა, სამართლიანობა მოითხოვს, რომ ვთქვათ: სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაცია, რომელიც საქართველომ გასული 25 წლის განმავლობაში გაიარა, განსაკუთრებით 2003 წლიდან დღემდე გარდაქმნების მთელი კასკადი –  არ დასრულებულა დემოკრატიითა და ფართო სოციალური და ეკონომიკური პროგრესით. მედიაში გაზვიადებული და ხელოვნურად ნაწარმოები ვირტუალური რეალობა ვერ ასახავს საქართველოში საშუალო სტატისტიკური ქართველის ცხოვრების დონეს. ვერც ტურისტებისთვის შექმნილი გართობის, დასვენებისა და მომხიბლავი გარემოს საგანგებოდ შექმნილი „კუნძულები“ (ბათუმის ცენტრალური ქუჩები, სიღნაღი, ჯენტრიფიკაცის შედეგად „აღდგენილი ძველი თბილისის ქუჩები,“ სადაც ადამიანები აღარ ცხოვრობენ, საჯარო სივრცე სრულად კომერციალიზებულია) გვანახებს პერიფერიაში მცხოვრებ ადამიანთა ყოველდღიურობას. სინამდვილის სავალალობის სრული სისავსით დანახვა არაა თვითმიზანი, არამედ საფუძველი გაჩნდეს ურღვევი ნება სამომავლო ქმედებისთვის.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლად არსებობის მხოლოდ 3 წლის გამოცდილება აქვს, არსებობს მაღალინდუსტრიულ ქვეყნად არსებობის გამოცდილებაც (საბჭოთა კავშირის ფარგლებში) და ეს გამოცდილება მიუთითებს რაიმეს შექმნის სამომავლო პოტენციალზეც. დღევანდელი საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურა თითქმის სრულად ეფუძნება სერვისის ეკონომიკას, მწირი ინდუსტრიული სექტორი დეინდუსტრიალიზაციას გადარჩენილი საბჭოთა დროინდელ ინფრასტრუქტურის ამარაა, ხოლო აგრარული სექტორი ნატურალური მეურნეობის სახით ცალკეულ ოჯახთა გარადჩენის საშუალებაა. ამ რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს ესაჭიროება, რომ ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინევსიტიცების ამარა დარჩენილ ეკონომიკაში გააჩინოს წარმოებისა და განვითარების ახალი შესაძლებლობები. აქ აქცენტი უნდა გაკეთდეს არა წარმოების ვიწრო სპეციალიზაციაზე, არამედ წარმოების დივერსიფიკაციაზე. მაღალინდუსტრიული წარმოების განვითარება შეუძლებელია გრძელვადიანი პოლიტიკისა და სახელმწიფოს მიერ რისკების საკუთარ თავზე აღების გარეშე, პოლიტიკის დაგეგმვა კი კომპლექსური საკითხია, სადაც თანაბარი მნიშნელობა ენიჭება როგორც უშუალოდ სუბსიდირებას, წარმოების პროტექციას და სამართლიანი „თამაშის წესების“ განსაზღვრას, ისე კვლევისა და მეცნიერების გრძელვადიან დაფინანსებას.

და ბოლოს, ყველაზე ფუნდამენტური, რის გარეშეც შეუძლებელია რაიმე ტიპის ცვლილებებზე საუბარი – უკავშირდება პოლიტიკური ელიტის, საზოგადოებისა თუ მედიის ყველა დონეზე გაბატონებული ულტრამემარჯვენე დისკურსის გადააზრებას – იმის თქმას, რომ განვითარების განვლილი გზა საბოლოო ჯამში იყო მცდარი და დღეს სახელმწიფოსა და მოქალაქეებს გვესაჭიროება ახალი სოციალური კონტრაქტი, ახალი სახელმწიფო, რომელიც დაეფუძნება მდგრადი და ინკლუზიური განვითარების პოლიტიკურ კონცეფციებს.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ