რატომ არის უთანასწორობის დაძლევა ეკონომიკური იმპერატივი

სტანლეყ

► ავტორი: სტიუარტ ლანსლი – მოღვაწეობს ბრისტოლის უნივერსიტეტში, საერთაშორისო სიღარიბის კვლევის ცენტრში. ავტორია არაერთი წიგნისა, მათ შორის: “გაზიარების ეკონომიკა – როგორ შეუძლია სოციალურ სიკეთეს შეამციროს უთანასწორობა” და “უთანასწორობის ფასი”.

► თარგმნა ნინო შანიძემ 

► სტატია თარგმნილია „საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის“ პროექტის: “საგადასახადო სისტემის ეკონომიკური ეფექტები და საქართველოს ინკლუზიური განვითარების შესაძლებლობები” ფარგლებში. 

© European.ge

დიდი ხანია აღიარებულია, რომ უკიდურეს უთანასწორობას მრავალი სერიოზული სოციალური შედეგი მოაქვს; ისევე, როგორც ეკონომიკური არამდგრადობა და სისუსტე – ახლა კი, ნამდვილად, დადგა მოქმედების დრო.

უთანასწორობაზე ბევრს საუბრობენ. პაპი ფრანცისკესა და ინგლისელი ბანკირის, მარკ კარნის ჩათვლით, დღევანდელ მზარდ საშემოსავლო უთანასწორობას სულ უფრო მეტი საჯარო ფიგურა უცხადებს სიტყვიერ ომს. თუმცა საუბარი, როგორც ჩანს, საკმარისი არაა.

უმოქმედობის ფონზე, კრიზისთან ერთად, უთანასწორობამ ზრდა განაგრძო როგორც ქვეყნებს შიგნით, ისე გლობალურად. გაერთიანებულ სამეფოში უმდიდრესსა და ღარიბ მოსახლეობას შორის განსხვავება გაიზარდა. აშშ-ში კი ეკონომიკური გაჯანსაღების შედეგები, თითქმის მთლიანად – 90%-ზე მეტი – ყველაზე მდიდრებმა დაისაკუთრეს.

რიტორიკასა და რეალობას შორის შესაძლებელია ამ განსხვავების რამდენიმე მიზეზის პოვნა. თუმცა, უთანასწორობა პოლიტიკურ დღის წესრიგს გამუდმებით ახსენებს თავს, „უთანასწორობის უარყოფა“ ძლიერმოქმედ ძალად რჩება არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ყველგან. ლონდონის მერი, ბორის ჯონსონი, მდიდრებს ზეწოლის ქვეშ მყოფ უმცირესობად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ისინი მუდმივ აღიარებასა და რაინდის წოდებას იმსახურებენ.

დიდი კორპორაციები და გლობალური ფინანსური ელიტა უზარმაზარ ძალაუფლებას ინარჩუნებს პოლიტიკურ კლასზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, უკარნახონ ეკონომიკური პოლიტიკის ფართო განზომილება გადასახადებიდან – ბიზნეს რეგულაციებამდე. როგორც გამოჩენილმა ამერიკელმა ეკონომისტმა, ავინაშ პერსომ თქვა: „რეგულირებადმა დაიმორჩილა მარეგულირებელი“.

აქ მუშაობს ორმაგი ენა: მსოფლიო ლიდერები ანტი-უთანასწორობის სენტიმენტებს იზიარებენ და, ამასთან ერთად, მონაწილეობენ ისეთ ქმედებებში, რაც აუარესებს შემოსავლების გადანაწილებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) თავმჯდომარე, კრისტინ ლაგარდი ისევ უპირისპირდება უთანასწორობას: „უკიდურესი უთანასწორობა მწვავედ იზრდება, რაც დამანგრევლად აისახება საზოგადოებაზე.“ თუმცა, ჯერჯერობით ნიუ-იორკში მდებარე ფონდი კვლავ აგრძელებს ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც კიდევ უფრო ამწვავებს დასახელებულ პრობლემას. სესხებისგან თავის დაღწევის ნაცვლად, მაგალითად, IMF-მა უკიდურესად მკაცრი ზომები დაუწესა ბევრ სამხრეთ ევროპულ ქვეყანას, რამაც გააღარიბა ამ ქვეყნების მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.

ნაწილობრივ იმის გამო, რომ სიტყვების ქმედებებში გადათარგმნა კრახით სრულდება, პარიზში მდებარე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, რომ უთანასწორობა აგრძელებს ზრდას. OECD-ში შემავალი საშუალო მონაცემების მქონე ქვეყანა, მათი ვარაუდით, 2060 წლისთვის დადგება დაუბეგრავი შემოსავლების გაზრდილი, 30%-იანი უთანასწორობის წინაშე, რაც დღევანდელი აშშ-ს მაჩვენებელთან საკმაოდ ახლოსაა“.

„წინააღმდეგობის ფუნდამენტური ძალა“ – ტომას პიკეტის გავლენიანი ნაშრომიდან –  „კაპიტალი 21-ე საუკუნეში“ –  სწორედ ამ წინასწარმეტყველების გამოძახილია. პიკეტი ამტკიცებს, რომ დასავლეთის ერებს შორის დიდი შეზღუდვა – ადრეული 1930-იანებიდან 1970-იანი წლების შუა პერიოდამდე – იყო ერთჯერადი და ჩვენ შეუპოვრად ვუბრუნდებით დიდი და მზარდი უთანასწორობის ისტორიულ ნორმას.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უთანასწორობის ამჟამინდელი დონე გარდაუვალია და ის მხოლოდ და მხოლოდ გაღრმავდება? პასუხია – არა.  ისტორიული პროცესი არ არის იმდენად განმსაზღვრელი, როგორც ამ პესიმისტურ სცენარშია ჩადებული. როგორც პიკეტიმ აღნიშნა, კაპიტალიზმის მოდელები არ არის მუდმივი. სოციალური და პოლიტიკური ძალები დინამიურია და მიმართულებასაც იცვლიან. უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში პოლიტიკურ ეკონომიაში ორი ძირითადი სეისმური ძვრა დაფიქსირდა: პირველი – ომამდელი კლასიკური საბაზრო მოდელიდან ომის შემდგომ რეგულირებების ერაში – ეგალიტარულ კაპიტალიზმში – გადასვლა; შემდგომი ფუნდამენტური შემობრუნება კი იყო 1970-იანების სტაგფლაციის კრიზისი, რომელმაც გზა დაუთმო უთანასწორობაზე დამყარებულ საბაზრო ფუნდამენტალიზმს. სწორედ ეს მოდელი იკავებს დღემდე დიდ ადგილს ეკონომიკურ ცხოვრებაში.

დღევანდელი საშემოსავლო განსხვავებების შემცირება ამავე დოზით მოითხოვს გარდამტეხი პოლიტიკის გატარებას. ალაგ-ალაგ, მცირე ცვლილებების განხორციელება საგადასახადო თუ მინიმალური შემოსავლის ზღვრებში, ან უფრო მეტად გულუხვი კეთილდღეობის გადანაწილების დოზები და მსგავსი ღონისძიებები არ იქნება საკმარისი მზარდი უთანასწორობის შესაკავებლად.

ასე რომ, შესაძლებელია თუ არა, ისტორია განმეორდეს, გამოჩნდეს მიმართულების უფრო პროგრესული ცვლილება, პრო-ეგალიტარული ერა და  შეცვალოს წარმოდგენა ომის შემდგომი პერიოდის, როგორც გამორჩეული ხანის შესახებ? 1930-იან და 1970-იან წლებში მომხდარი დიდი ძვრები, თითოეულ შემთხვევაში, ოთხ ძირითად ძალაზე იყო დამოკიდებული: სასტიკი ეკონომიკური შოკი, არსებული მოდელის ინტელექტუალური კოლაფსი, საზოგადოების ნდობის დაკარგვა არსებული სისტემისადმი და დამაჯერებელი ალტერნატივის მზაობა.

ყველა ეს ფაქტორი დღესაც მუშაობს მეტ-ნაკლები დოზით. ჩვენ გამოვიარეთ რამდენიმე მკაცრი გლობალური კრიზისი. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, ორთოდოქსულ საბაზრო ეკონომიკას სულ უფრო და უფრო ნაკლები ერთგული მხარდამჭერი ჰყავს. მაშინ, როდესაც მისი ცენტრალური ნორმების უმეტესობა დისკრედიტირებულია. იზრდება საზოგადოების იმედგაცრუება არსებული მოდელის მიმართ.

რაც შესაძლოა, გვაკლდეს, არის დამაჯერებელი, მზა და ფართოდ აღიარებული ალტერნატივა, რომელიც საკმარის საზოგადოებრივ მხარდაჭერას მოიპოვებდა; მაგრამ ეს 1930-იან და 1970-იან წლებშიც ასე იყო. ახალი მოდელის ელემენტები ვითარდებოდა და განხილვის საგნად იქცა სწორედ ამ ათწლეულებში, თუმცა ჩამოყალიბებული ფორმა მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ შეიძინა. დღეს, ალტერნატივის განსაზღვრული ფორმა და პროგრესული ეკონომიკური/სოციალური შეთანხმება თანაბრად საეჭვოა.

მიუხედავად ამისა, ალტერნატიული პოლიტიკური ეკონომიის ცენტრალური ელემენტები შესაძლოა, მოიცავდეს:

  • ახალ დემოკრატიულ შეთანხმებას – „კონტრაქტს“, რომლის მიზანიც იქნება დიდი ბიზნესების საპირწონე ძალის შექმნა სამუშაო ადგილებზე, ქალაქების დონეზე, მომხმარებელთა და მცირე ბიზნესებს შორის. სწრაფად მზარდი, შეუჩერებელი და უპასუხისმგებლო კორპორაციული ძალის შეკავება. ასევე, თანასწორობის მიღწევისთვის აუცილებელია კოლექტიური მოლაპარაკებების აღდგენა.
  • კაპიტალის ფლობის გადანაწილებას უფრო ფართოდ, ალტერნატიული ბიზნეს მოდელების ხელშეწყობით, რომლებიც პარტნიორობაზე, კოოპერატივებზე, სოციალურ და საზიარო საწარმოებზე იქნება დაფუძნებული. სოციალური სიმდიდრის კოლექტიური ფონდების წამოწყებას ისეთ მაგალითებზე დაყრდნობით, როგორიცაა – ალასკის სუვერენული სიმდიდრის ფონდი და ხელფასების მიმღებთა შვედური ფონდი.
  • ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკების შემუშავებისას; „გადანაწილების საკითხის“ ცენტრალურ საკითხად მიჩნევას; პოლიტიკას, რომელიც ზრდის შრომის ამონაგების წილს, ზრდის გამომუშავების ქვედა ზღვარს და ამცირებს ჭერს, რომელიც უზრუნველყოფს ზრდის შედეგების სამართლიანად გადანაწილებას.
  • ფინანსური სერვისების ინდუსტრიის გარდაქმნას ახალი ზომების გატარებით, დაქირავების ძებნის პროცესის გასაკონტროლებლად და იმისთვის, რომ ინვესტიციების ფინანსური მხარდაჭერითა და სახელმწიფო საინვესტიციო ბანკის დაარსებით უფრო მეტი რესურსი მიემართოს სიმდიდრის შექმნისკენ.
  • გადასახადების თავის არიდებისთვის ომის გამოცხადებას და უფრო მეტად პროგრესული საგადასახადო სისტემის შექმნას – არაგამომუშავებით მიღებული სიმდიდრის მეტად დაბეგვრით. ხაზი უნდა გაესვას საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას გადასახადებისთვის თავის არიდების პრობლემასთან გასამკლავებლად.

ასეთი ერთობლიობა იქნებოდა მნიშვნელოვანი გადახვევა კაპიტალიზმის არსებული ანგლო-საქსური მოდელისა და ახალი შრომის მესამე გზის პოლიტიკისაგან. რა შანსები აქვს სხვა გარდამტეხ მომენტს, რომელიც შეგვიყვანდა უფრო პროგრესულ და თანასწორობის მომხრე კაპიტალისტურ მოდელში? შესაძლოა, არსებობდეს ამგვარი ცვლილების ორი ძირითადი, პოტენციური კატალიზატორი.

პირველი გახლავთ პოლიტიკური წნეხის ინტენსიურობა პროგრესული ალტერნატივებისადმი. როგორც შრომის საკითხებზე მომუშავე ამერიკელი ჟურნალისტი სემ პიციგატი ამტკიცებს თავის წიგნში „მდიდრები ყოველთვის ვერ იგებენ“, ომის შემდგომ უფრო თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების ევოლუცია დამოკიდებული იყო „ათწლეულიდან ათწლეულამდე ეგალიტარიზმის მომხრეთა ბრძოლაზე, რათა ჩვენთვის დაემკვიდრებინათ და შეენარჩუნებინათ უფრო თანასწორი და უკეთესი საზოგადოების სრულყოფილი ხედვა“. მსოფლიოს მრავალ ნაწილში, 2008 წლის შემდგომმა კრიზისმა, ფართო სოციალ-დემოკრატიული და ეგალიტარული ალტერნატივის მხარდასაჭერად, პოლიტიკური პროტესტის ყველაზე ძირეული ნაწილი წამოსწია წინ სტატუს-კვოს საპირწონედ.

გაერთიანებულ სამეფოში მაღალკვალიფიციური მოქალაქეები ებმებიან კამპანიებში გადასახადებისაგან თავის ამრიდებელი კომპანიებისა და მკაცრი ეკონომიკური ზომების წინააღმდეგ საცხოვრებლად საკმარისი ხელფასებისთვის. 25 ქვეყნის სტუდენტები უჯანყდებიან ვიწრო თავისუფალი ბაზრის თეორიების გაბატონებას უნივერსიტეტების ეკონომიკის ფაკულტეტებზე. აშშ-საც გამოუცდია უფრო მაღალი მინიმალური ხელფასის მომთხოვნელთა კოორდინირებული, ინდუსტრიული გამოსვლების მდგრადი ტალღა.

მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო მოძრაობებმა ბიძგი მისცა უთანასწორობის საკითხის დასმას პოლიტიკურ დღის წესრიგში. ეს მოძრაობები ერთმანეთისგან ძალზე განცალკევებული იყო იმისთვის, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური აზრის ფუნდამეტური ცვლილებები გამოეწვიათ. ზოგიერთი მათგანი გამოეთიშა ამ მოძრაობას. მწერალ ჯონ გრეი ამტკიცებს, რომ პროტესტები აჩვენებს „ოპოზიციის მნიშვნელობას და ალტერნატივების არარსებობას“. ამგვარი პროტესტები არის ნიშანი იმისა, რომ საზოგადოებრივი მოთმინების ფიალა სტატუს-კვოს მიმართ ივსება და რომ ჩვენ, შესაძლოა, ვუახლოვდებით უთანასწორობის უკიდურეს პოლიტიკურ და სოციალურ ზღვარს. თუ ეს ასეა და ეკონომიკური „ნამცხვარი“ უფრო თანაბრად არ არის გადანაწილებული, მთავრობები უფრო ძლიერ მუხტს უნდა აწყდებოდნენ.

ამგვარად, უფრო მეტი, ბევრად მეტი ძალისხმევაა საჭირო იმ პოლიტიკური ნებისთვის, რასაც ბელფასტის სიღარიბის საწინააღმდეგო კამპანიის მონაწილეებმა „დიდი ხალხი“ უწოდეს. ცვლილების ყველაზე აშკარა კატალიზატორს ეკონომიკურ სტაბილურობაზე უთანასწორობის გავლენისგან უნდა ველოდოთ. ამჟამად, სახეზე გვაქვს ძლიერი დასაბუთება იმისა, რომ უკიდურესი უთანასწორობა აღვივებს მოწყვლადობას, ასუსტებს ზრდას და ხელს უწყობს არასტაბილურობას. ეს იყო 2008 წელს მსოფლიო ეკონომიკის ცენტრალური ფაქტორი, რამაც წვლილი შეიტანა კრიზისის გახანგრძლივებაში.

ბოლო სამი ათწლეულია, რაც უთანასწორობის ზრდის ძირითად განმაპირობებლად გვევლინება ეკონომიკის სტაბილური გადანაცვლება შრომიდან – კაპიტალის სასარგებლოდ. OECD-მ გვაჩვენა, რომ 1990-დან 2009 წლამდე, სახელფასო ბადე ორგანიზაციის 34 წევრ ქვეყანაში – 66.1%-დან 61.7%-მდე შემცირდა, რამაც გამოიწვია კორპორატიული და კერძო, ნაღდი ფულის დანაზოგების რყევა და მიგვიყვანა –  როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა უწოდა –  „სახიფათო აცდენამდე მოგებასა და ხალხს შორის.“

ორთოდოქსული საბაზრო ეკონომიკის მიხედვით, ძალის ამგვარი გადანაცვლება ხელფასებიდან მოგებაზე, იწვევს უფრო სწრაფ ზრდას და უფრო სტაბილურ ეკონომიკას. სინამდვილეში, ამან შექმნა უკიდურესად დამაზიანებელი სიმახინჯეები, მოშლილი მოთხოვნა, ხელი შეუწყო სესხებით გაბერილ მოხმარებას და გაზარდა ეკონომიკური რისკი. უძრავმა და კლებადმა რეალურმა ხელფასებმა შეკვეცეს ხელფასებით დაფინანსებული მოხმარება, ამასთან, მოგება დაკავშირებული იყო ინვესტიციების კატასტროფულ ვარდნასთან.

შედეგად გვაქვს ეკონომიკური ზრდის მზარდი დამოკიდებულება ხელოვნურ სტიმულირებაზე, რაც გამოიხატებოდა როგორც ცენტრალური ბანკების მიერ ფულის მასიურ ბეჭდვაში, ისე პირადი სესხების ზრდაში. დროებით ეკონომიკურ აღმავლობასთან ერთად, ამ მეთოდებმა არამდგრადი კვალი დატოვეს საკუთრებაზე, ბიზნეს ღირებულებასა და კაპიტალის ბაზარზე, შესაბამისად ეკონომიკურ კოლაფსზეც.

კაპიტალიზმის დღევანდელი მოდელი უფუნქციოა. კაპიტალის ძალაუფლებიდან გამომდინარე, გადაჭარბებული ეკონომიკური ღონისძიებები გადაჯაჭვულია მოპოვებასთან და არა ახალი სიმდიდრის შექმნასთან, შედეგები კი აზიანებს მომხმარებლებს, სამუშაო ძალას, გადასახადების გადამხდელებს და მთლიანად ეკონომიკას. დიდი ხანია, რაც ცნობილია განსხვავება სიმდიდრის შექმნასა და სიმდიდრის გადახრას შორის. როგორც ადამ სმიტი გვაფრთხილებდა 1776 წელს, სწრაფი ფულის სიყვარულის გამო, „უძღები ავტორები“ შეგვიყვანენ ჩიხში. 1930-იან წლებში, კეინზმა უხმო „მოიჯარეთა ევთანაზიას.“ დღევანდელ ანალოგიაში, მსოფლიო ბანკის წამყვანმა ეკონომისტმა, ბრანკო მილანოვიჩმა, გამოარჩია „კარგი“ და „ცუდი“ უთანასწორობა.

უკვე ცნობილი საფრთხეების მიუხედავად, „გადანაწილების საკითხი“ – როგორ დაიჭრება ნამცხვარი – ერთ დროს ცენტრალური თემა ეკონომიკურ აზროვნებაში, დასამარდა 1979 წლის შემდგომი კოტრ-რევოლუციის მიერ. „ეკონომიკისთვის საზიანო ტენდენციებს შორის, გადანაწილების საკითხზე კონცენტრირება ყველაზე უფრო მომწამვლელია, – “ წერს 2003 წელს რობერტ ლუკასი, ნობელის პრემიის ლაურეატი და ბაზარზე ორიენტირებული, თვითრეგულირებადი სკოლის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. დღეს ეს საკითხი თანდათანობით უბრუნდება დღის წესრიგს, მაგრამ საკმაოდ ნელა იმისთვის, რომ აღადგინოს ბალანსი პოლიტიკის განხორციელებაში.

თუკი ჩვენ გვჭირდება ავაშენოთ უფრო სამართლიანი და მეტად მდგრადი ეკონომიკური მოდელი, საჭიროა გადანაწილების საკითხის შემოტანა ეკონომიკური მართვის ცენტრალურ ადგილას. ამ შემთხვევაში, ხელფასებსა და მოგებას შორის ბალანსის აღდგენა და შემოსავლებს შორის არსებული დიდი სხვაობის შემცირება არ არის მხოლოდ სოციალური სამართლიანობისა და პროპორციულობის საკითხი, ეს არის ეკონომიკური იმპერატივი.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული სტატიის შინაარსა და თარგმანზე პასუხისმგებლობა ეკისრება „საზოგადოებრივ კვლევის ცენტრს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს თბილისში ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ