რას ნიშნავს ქალთა გაფიცვა

women-of-the-world-unite-womens-liberation-demonstration-august-26-1970-21

► ქალთა დღესთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ წერილის თარგმანს გამოცემა Jacobidan-დან. აღნიშნული თარგმანი პირველად გამოქვეყნდა “უხილავი შრომა“-ს ვებგვერდზე.

 წერილის ავტორები: სინცია არუზა და ტითი ბატაკარია; მთარგმნელი გიორგი კობახიძე.

► სინცია არუზა „ახალი სკოლის“ ფილოსოფიის ასისტენტ პროფესორია.

► ტითი ბატაკარია არის ისტორიის ასოცირებული პროფესორი პერდიუს უნივერსიტეტში.

© European.ge

ქალთა საერთაშორისო გაფიცვა წარმოადგენს დაპირისპირებას კაპიტალიზმის დეგრადაციებთან ყველა სფეროში. 

ფემინისტური, თვითორგანიზებული და სოციალისტური ორგანიზაციები რვა მარტს ქალთა საერთაშორისო გაფიცვისკენ მოუწოდებენ. გაფიცვა იმართება რეპროდუქციული უფლებების დასაცავად ეკონომიკური, ინსტიტუციური და პიროვნებათაშორისი ძალადობის წინააღმდეგ.

გაფიცვა სულ ცოტა ორმოც ქვეყანაში ჩატარდება – წლების შემდეგ, ეს საერთაშორისოდ დაგეგმილი პროტესტის პირველი შემთხვევაა: ზომისა და ორგანიზაციების მრავალფეროვნების თვალსაზრისით, შეგვიძლია ის შევადაროთ 2003 წელს ერაყზე მიტანილი იმპერიალისტური შეტევის წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო დემონსტრაციებს, მსოფლიო სოციალური ფორუმის საერთაშორისო პროტესტებს და ადრეული 2000-ანების გლობალური სამართლიანობის მოძრაობას.

მართალია, მოძრაობებმა დაიკავე უოლ-სთრითი, Indignados [მოძრაობა ესპანეთში ქმარების შემოჭერის პოლიტიკის წინააღმდეგ] და Black Lives Matter [მოძრაობა ა.შ.შ.-ში შავკანიანებზე პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ] მოიპოვეს საერთაშორისო გამოხმაურება და გამოიწვიეს დემონსტრაციები, ოკუპაციები და პროტესტები რამდენიმე ქვეყანაში, მაგრამ საერთაშორისო კოორდინაცია ჩართულ ჯგუფებს შორის მაინც არ ყოფილა საკმარისად მძლავრი. არაბული რევოლუციები განსაკუთრებულ და ისტორიულ მოვლენას წარმოადგენდა, მაგრამ სხვა ქვეყნების სოციალურმა და პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა ვერ შეძლეს ძლიერი საერთაშორისო მობილიზების უზრუნველყოფა.წარმატების შემთხვევაში, ქალთა საერთაშორისო გაფიცვა გამოიწვევს თვისობრივ და რაოდენობრივ წინსვლას საერთაშორისო საზოგადოებრივი მობილიზაციის ხანგრძლივ პროცესში ნეოლიბერალიზმის და იმპერიალიზმის წინააღმდეგ. ამ პროცესს საფუძველი ჩაუყარა წინა წლების არაერთმა მოძრაობამ: დაიკავე უოლ-სთრითმა, გეზის პარკის მოვლენებმა, Indignados-მა, Standing Rock-ის მოვლენებმა და Black Lives Matter-მა. გაფიცვამ შეიძლება ასევე მიგვანიშნოს ახალი, ძლიერი ანტიკაპიტალისტური და ინტერნაციონალისტური ფემინისტური მოძრაობის შექმნის კონკრეტულ შესაძლებლობაზე.

რატომ ვარქმევთ გაფიცვას?  

გაფიცვის გარშემო მიმდინარე ბევრ დისკუსიაში, განსაკუთრებით ა.შ.შ.-ში, განიხილავენ იმ საკითხს, თუ რამდენად სწორია რვა მარტის ღონისძიებისთვის „გაფიცვის“ და არა დემონსტრაციის დარქმევა. ეს კრიტიკოსები ვერ იაზრებენ იმას, რომ ქალთა გაფიცვები ყოველთვის უფრო მრავლისმომცველი იყო თავისი მიზნებით და ამოცანებით, ვიდრე ტრადიციული ბუნტები დაბალი ხელფასების ან მძიმე შრომითი პირობების წინააღმდეგ.

1975 წელს, ისლანდიის ქალთა 90%-მა გამართა გაფიცვა სამუშაო ადგილებზე და ერთი დღით უარი განაცხადა რეპროდუქციული, აუნაზღაურებელი შრომის შესრულებაზე. ამგვარად მათ ხილვადი გახადეს ისლანდიის ქალთა შრომა და საზოგადოებრივი წვლილი. ისინი ითხოვდნენ თანაბარ ანაზღაურებას და სექსუალური დისკრიმინაციის დასრულებას სამუშაო ადგილებზე.

2016 წლის შემოდგომაზე, პოლონელმა აქტივისტებმა გამოიყენეს ისლანდიის ქალების სტრატეგია და მოაწყვეს მასობრივი გაფიცვა, რათა შეეჩერებინათ კანონპროექტი, რომელიც კრძალავდა აბორტს. იგივე გააკეთეს არგენტინელმა აქტივისტებმა გასულ ოქტომბერს ქალებზე ძალადობის გასაპროტესტებლად.

ეს მოვლენები – რომლებმაც საფუძველი დაუდეს უფრო ფართო გაფიცვის გამართვის იდეას ქალთა დღეს – ნათლად აჩვენებენ იმას, თუ რით განსხვავდება ქალთა გაფიცვა საყოველთაო გაფიცვისგან. ქალთა გაფიცვა ამოიზრდება პოლიტიკური და თეორიული რეფლექსიისგან ქალების შრომის კონკრეტულ ფორმებზე კაპიტალისტურ საზოგადოებებში.

კაპიტალიზმში, ქალთა შრომა ფორმალური შრომის ბაზარზე მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მხოლოდ ერთი ნაწილია; ისინი ასევე ასრულებენ რეპროდუქციულ შრომას – აუნაზღაურებელ შრომას, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოების და კაპიტალისტური სოციალური ურთიერთობების კვლავწარმოებისთვის. ქალთა გაფიცვის მიზანია გახადოს ეს შრომა ხილვადი და ხაზი გაუსვას იმას, რომ სოციალური რეპროდუქციაც ბრძოლის ველია.

მეტიც, ფორმალური შრომის გენდერული განაწილების გამო, უამრავ ქალს არასტაბილური სამსახური აქვს, არ აქვს შრომითი უფლებები, უმუშევარია ან ემიგრაციაში უსაბუთოდ მუშაობს.

ქალები, რომლებიც მუშაობენ ფორმალური ან არაფორმალური შრომის ბაზარზე და სოციალური რეპროდუქციის აუნაზღაურებელ სფეროში მშრომელები არიან. ეს უნდა გავითავისოთ ნებისმიერ დისკუსიაში მშრომელთა მოძრაობის ხელახალ შენებაზე არამხოლოდ ა.შ.შ-ში, არამედ გლობალურად.

სამუშაო ადგილის და სახლის ერთიანობის ხაზგასმა უმნიშვნელოვანესია რვა მარტის გაფიცვის ორგანიზებაში. პოლიტიკამ, რომელიც ქალთა შრომას სერიოზულად აღიქვამს, უნდა მოიცვას გაფიცვები არამხოლოდ სამუშაო ადგილებზე, არამედ აუნაზღაურებელი რეპროდუქციული შრომის სფეროშიც, ნახევარ-განაკვეთიანი სამუშაოების სფეროში, პროტესტები სამუშაო დროის შესამცირებლად და პროტესტის სხვა ისეთი ფორმები, რომლებიც ითვალისწინებენ სოციალური ურთიერთობების გენდერულ ბუნებას.

„გაფიცვა“ წარმოადგენს გამაერთიანებელ ტერმინს.ის აერთიანებს მოქმედებების ამ სხვადასხვა ფორმას, რადგან სწორედ ის გამოხატავს ქალთა შრომის მნიშვნელობას მათი, როგორც მშრომელების თვითიდენტიფიკაციაში. მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმა ექნება ამ შრომას.

გაფიცვის უფლების დაბრუნება  

ლიბერალურ დემოკრატიებს შორის, ა.შ.შ.-ს დიდი ალბათობით ყველაზე ცუდი შრომითი კანონმდებლობა აქვს. საყოველთაო და პოლიტიკური გაფიცვები აკრძალულია. გაფიცვა ხელოვნურად მიბმულია ვიწრო ეკონომიკურ მოთხოვნებთან და მისამართი ყოველთვის დამსაქმებელია. შრომით ხელშეკრულებებში ხშირად წერია, რომ გაფიცვა აკრძალულია და მისი გამართვის შემთხვევაში დასაქმებულმა შესაძლოა სამსახური დაკარგოს, ხოლო პროფკავშირი მძიმედ დაჯარიმდება. ამასთან ერთად, რამდენიმე შტატი, მაგალითად ნიუ-იორკი, პირდაპირ კრძალავს საჯარო სექტორში დასაქმებულთა გაფიცვას.

უკანასკნელი რამდენიმე ათწლეული განმავლობაში, მსჯელობები იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ მდგომარეობის შემობრუნება და მშრომელების გაძლიერება ამერიკელი მემარცხენეების მთავარ სტრატეგიულ გამოწვევად რჩება. თუმცა, ამ დისკუსიებში არსებობს კლასობრივი ბრძოლის ვიწრო ფორმალურ ეკონომიკამდე დაყვანის საფრთხე.

შრომითი ურთიერთობების ტრანსფორმაცია ა.შ.შ.-ში საჭიროებს არამხოლოდ მშრომელთა კლასის გააქტიურებას სამუშაო ადგილებზე ეკონომიკური მოთხოვნებით, არამედ მის პოლიტიზაციას და რადიკალიზაციას – ისეთი პოლიტიკური ბრძოლის გაჩაღების შესაძლებლობას, რომელიც დაუპირისპირდება ძალაუფლებრივი ურთიერთობების, ინსტიტუციების და ექსპლუატაციის ფორმების მთლიანობას.

ამის მიღწევა შეუძლებელია მხოლოდ რიგითი მშრომელების ორგანიზებით სამუშაო ადგილებზე; მშრომელთა რადიკალური ორგანიზების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სოციალური იზოლაცია და უხილავობაა. მუშათა კლასის ძალაუფლების გამოცოცხლებისთვის საფუძველის ჩაყრა საჭიროებს მუშაობას რამდენიმე დონეზე – ფართო სოციალური კოალიციების შექმნას სამუშაო ადგილებზე და მათ მიღმა, სოლიდარობის ქსელების გაბმას მშრომელთა, ანტირასისტულ, ფემინისტურ, სტუდენტურ და ანტიიმპერიალისტურ ჯგუფებთან. ის ასევე გულისხმობს სოციალური წარმოსახვის გამოყენებას კრეატიული, ინტელექტუალური და თეორიული ინტერვენციებით და ექსპერიმენტებს ახალი პრაქტიკების და ენების შესაქმნელად.

ნაცვლად ვიწროდ ბრძოლისა მხოლოდ სამუშაო ადგილებზე, მშრომელთა ორგანიზებას და გარემოსდაცვით აქტივიზმს უნდა დავუკავშიროთ მოძრაობები, რომლებიც დაფუძნებულია გენდერულ, რასობრივ, ეთნიკურ და სექსუალობის საკითხებზე. მხოლოდ ამ ერთობლივი მთლიანობით შეგვეძლება იმ გამოწვევებთან გამკლავება, რომლებსაც მობილიზების სხვადასხვა ფორმების მეშვეობით დავაყენებთ დღის წესრიგში.

ამ გზას მიჰყვება ქალთა საერთაშორისო გაფიცვა თავისი ვრცელი პლატფორმით და ინკლუზიურობით.

რვა მარტს არ იქნება საყოველთაო გაფიცვა, მაგრამ ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გაფიცვის უფლების ხელახალი ლეგიტიმაციის მიმართულებით – გაფიცვის კაპიტალიზმის დეგრადაციების წინააღმდეგ რომლებსაც ყველა ადამიანი გრძნობს ცხოვრების ყველა სფეროში.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ