რატომ არ მიხარია ‘ქლაბინგის’ ბუმი საქართველოში – რამდენიმე სიტყვა ესკაპიზმის შესახებ

გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

► ავტორი: ირაკლი ჭედია, ფილოსოფიის მაგისტრი, კომენიუსის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი).

ჩვენს ვებგვერდზე, შეგიძლიათ იხილოთ მისი მეორე წერილიც – “შიგნიდან დანახული გლობალური კორპორაცია.”

nom-ladies© European.ge

ესკაპიზმი მარტივად რომ ავხსნათ, არის კრიტიკული თვით-შეფასების თავიდან არიდება, რეალობიდან გაქცევის მცდელობა და ამ მცდელობაში ალბათ ნაცრის ქექვიდან დაწყებული, ვარსკვლავების ჭვრეტით დამთავრებული, ყველაფერი შეიძლება დაგვეხმაროს. შესაბამისად, ესკაპიზმს და დროის უაზროდ ხარჯვას ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვთ. დროის უაზროდ ხარჯვა ახალი გამოგონება არაა და ადამიანების გარდა კიდევ უამრავ სხვა ცხოველს ახასიათებს. ამ თვისებას ინჰერენტულად ცუდად ვერ განვიხილავთ, გამომდინარე იქიდან, რომ ევოლუციის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი და კრეატივიზმის მამოძრავებელი ძალაა, ამავდროულად სოციალურ-ტექნიკური პროგრესისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გამომდინარე იქედან, რომ ფიზიკური და მენტალური დასვენება ყველას სჭირდება, ვერავის გავკიცხავთ რეალობის ბატალიებიდან თავის დაღწევის მცდელობაში. კომპენსაციური მიზნით რაიმე სხვა აქტივობაზე ყურადღების გადატანა ყველაზე მარტივი გამოსავალია სიბრაზის გასაქრობად ან სევდის გასაქარვებლად, შესაბამისად, ესკაპიზმის ცალმხრივად უარყოფითად განხილვა არ იქნება სწორი. ესკაპიზმი პრობლემატური ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც რეალობიდან თავის დაღწევა რეალობაში მონაწილეობაზე უფრო პრიორიტეტული ხდება, რასაც პიროვნულ დეგრადაციამდე მივყავართ. ესკაპიზმი სხვადასხვა კატეგორიებად შეიძლება დაიყოს, მაგალითად ფსიქიური, რაშიც იგულისხმება სხვადასხვა ესკაპისტური ფანტაზიები, ჰალუცინოგენებით და ფსიქოტროპული ნივთიერებებით რეალობის გამრუდების ან ცვლილების მცდელობა და ასე შემდეგ. ფიზიკური – სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობა, ხშირი სოციალური ინტერაქცია, ჰობები და გატაცებები და ა.შ.

ესკაპიზმის, როგორც რეალობიდან თავის დაღწევის მცდელობად აღწერა, მართებული, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ერთგანზომილებიანია. ნორვეგიელი ფსიქოლოგი ფროდე სტენსენგი გვთავაზობს ესკაპიზმის ორგანზომილებიან მოდელს, სადაც ის მას ყოფს ესკაპისტურ აქტივობაში ჩართვის მოტივაციის მიხედვით: 1. დადებითი ემოციების წახალისება (თვით-ექსპანსია, მზრდადი “მე“ – self-expansion) და 2. უარყოფითი ემოციების თავიდან აცილება (თვით-სუპრესია, ჩახშობილი „მე“ – self-suppression). ამ ორი მოტივაციიდან გამომდინარეობს ესკაპისტური აქტივობის საბოლოო პოზიტიური ან ნეგატიური ფსიქოლოგიური შედეგიც. მაგალითად, თუ ინდივიდის მოტივაცია არის დადებით ემოციების წახალისება, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა, ახალი პიროვნული ასპექტების აღმოჩენა, ახალი თავგადასავლები და გამოცდილების დაგროვება, მაშინ ესკაპისტური აქტივობის საბოლოო ფსიქოლოგიური შედეგი დადებითია. მეორეს მხრივ, თუკი ინდივიდის მოტივაციაა უარყოფითი ემოციების პრევენცია ან დავიწყება, თვითშეფასების პროცესის თავიდან არიდება, რეალობიდან რაც შეიძლება დამაჯერებელი გაქცევა, მაშინ ესკაპისტური აქტივობა ცოტა ხნით ბლოკავს ყოველდღიურობის ნეგატიურ ასპექტებს, მაგრამ ამავდროულად ხელს უშლის პოზიტიური ასპექტების დანახვა-ათვისებას და შესაბამისად მისი საბოლოო ფსიქოლოგიური შედეგი უარყოფითია.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჯანმრთელი და სოციალურად დადებითი აქტივობებიც კი შეიძლება ინდივიდისთვის უარყოფითი ფსიქოლოგიური შედეგის მომტანი გახდეს, თუკი მისი მოტივაცია ‘სუპრესიულია’. მარტივად რომ ავხსნათ – თუკი ადამიანი კრივზე დადის იმისათვის, რათა განიტვირთოს, ტონუსი შეინარჩუნოს და სპორტდარბაზში მეგობრებთან ილაზღანდაროს, ის გაცილებით უკეთეს ფსიქოლოგიურ შედეგს იღებს ამ აქტივობისგან, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც კრივზე დადის მხოლოდ იმისათვის, რათა კონკრეტული უარყოფითი განცდებისგან სავარჯიშო მსხალზე ან სპარინგ პარტნიორზე რახუნით დაიცალოს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გარკვეული აქტივობის მიმართ ობსესია და აკვიატებული დამოკიდებულება, როდესაც ინდივიდს ამ აქტივობის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, უფრო ხშირად შეიძლება ჩამოყალიბდეს ‘თვით-სუპრესიული’ (self-suppression) ესკაპისტური ქცევის დროს.

ეს არ არის კატეგორიული დაყოფა და ინდივიდის ესკაპისტური აქტივობები დროის სხვადასხვა მონაკვეთში შეიძლება ექსპანსიურიც იყოს და სუპრესიულიც. ამავდროულად სტენსენგი შენიშნავს, რომ რთულ ცხოვრებისეულ პერიოდში, ინდივიდები უფრო ხშირად ერთვებიან სუპრესიულ ესკაპისტურ აქტივობებში.

სამწუხაროდ, თანამედროვეობამ მოიტანა ის, რომ ესკაპისტური ქცევა აღარ მოიცავს მხოლოდ ინდივიდს ან ინდივიდთა მცირე ჯგუფს. ესკაპისტური ქცევა გახდა მთელი საზოგადოებებისთვის და თვით სახელმწიფო პოლიტიკისთვის დამახასიათებელი. ჩემს ესსეში სახელმწიფოს ნაკლებად მინდა შევეხო, უბრალოდ აღვნიშნავ, რომ რომის მარტივი „პური და თამაშები“-ს ტაქტიკიდან, თანამედროვე სახელმწიფოს ესკაპისტურმა პოლიტიკამ სრულიად სხვა განზომილებაში გადაინაცვლა. მედია პროპაგანდა სახელმწიფოს ხელში გახდა რეალობის გამრუდების და მოქალაქეებისთვის ტვინის გამორეცხვის ყველაზე მარტივი საშუალება. ხოლო ინდივიდი და საზოგადოება, რომელსაც ისედაც სჭირდება დასვენება და რეკრეაცია, თანამედროვე სამყაროს უამრავი ნეგატიური ტრენდიდან გამომდინარე, დიდი სიამოვნებით ჭამს ყველა პოზიტიურ ამბავს, ან ნათელი მომავლის დაპირებას, მიუხედავად იმისა, სიმართლეა ის თუ არა. პროპაგანდით ნაკვები საზოგადოების დიდი ნაწილი ასევე სიამოვნებით ერთვება სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ესკაპისტურ აქტივობებში, როგორიცაა მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული თუ პოლიტიკური ღონისძიებები, მაგრამ ამაზე მოდით სხვა დროს.

ჩემს ესსეში კონკრეტულად ერთ საკითხზე მინდა ვიმსჯელო. ეს არის ახალგაზრდობა და ‘ქლაბინგი’ საქართველოში. თანამედროვე ახალგაზრდობა და ყოვლისმომცველი გართობის ინდუსტრია, რომლის მსგავსიც არასოდეს არაფერი ყოფილა ძალიან დიდი თემაა. ბესტსელერები, ‘სელებრითები’, რეალითი და ტალანტ შოუები, საპნის ოპერები, პორნოგრაფია, ბლოკბასტერი ფილმები, უზარმაზარი კონცერტები და ფესტივალები, ნაირ-ნაირი ნარკოტიკი და სასმელი, მოგზაურობა, კომპიუტერული თუ მაგიდის თამაშები, სუპერთანამედროვე ელექტრო/ციფრული მოწყობილობები, სოციალური ქსელები და კოსმიური ტურიზმი – რაც გინდა ინატრე, სულო და გულო. არამგონია ისტორიაში ყოფილიყოს დროის მონაკვეთი, როცა არსებობდა ამდენი გასართობი თუ გულის გადასაყოლებელი აქტივობა/საგანი, რაც ჩვეულებრივ მოკვდავთათვისაც ასე მარტივად იქნებოდა ხელმისაწვდომი.

clubმუსიკალური კლუბები და კლუბური ცხოვრება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გასართობია თანამედროვე სამყაროში. განვითარული კლუბური ცხოვრება კი ქალაქის ან ქვეყნის განვითარების გარკვეულ მაჩვენებლადაც შეგვიძლია განვიხილოთ. უახლოეს წარსულში, საქართველოში რამდენიმე უზარმაზარი კლუბი გაიხსნა, რომლებიც სიდიდით, ტექნიკით და ატმოსფეროთი ევროპის ყველაზე ცნობილ კლუბებს უწევენ კონკურენციას. ეს კლუბები ყოველთვის სავსეა ხალხით, მათში უკრავენ ელექტრონული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავები. უამრავ ქართველს და უცხოელს გულწრფელად სიამოვნებს ეს ამბავი. ჩემს გარშემო ათობით ადამიანი ტრიალებს, რომლებიც ამ კლუბების მუდმივი სტუმრები არიან, იქ ყოფნა მათთვის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ხშირად ვისმენ და ვკითხულობ აზრებს და კომენტარებს იმაზე, თუ რა დადებითი მოვლენაა საქართველოში ‘ქლაბინგის’ და ელექტრონული სცენის ასეთი განვითარება. ჩემს ნაცნობ-მეგობრებს ძალიან უხარიათ და დიდი სიამაყით ავრცელებენ სხვადასხვა ნიუსებს იმის შესახებ, რომ მაგალითად თბილისის კლუბური ცხოვრება ბერლინს უწევს კონკურენციას, რომ რომელიღაც უცხოელი ტექნომუსიკის გურუ ძალიან აქებს ჩვენს კლუბებს და მათში მოსიარულე ახალგაზრდობას, რომ უამრავი უცხოელი მხოლოდ ამ კლუბების გამო სტუმრობს თბილისს და ა.შ. მაგალითად, სულ ახლახანს სოციალურ ქსელებში ცირკულირებდა ნიუსი, რომ “Tbilisi just got even more cool” (თბილისი უფრო მაგარი გახდა), რადგანაც თბილისში ახალი 1000 კაციანი კლუბი გაიხსნა და ბევრს ეს გულწრფელად უხარია. ნაცნობ-მეგობრები და სრულიად უცხონი ლაპარაკობენ და წერენ იმაზე, თუ რამხელა პოზიტივია რომელიმე კონკრეტულ კლუბში ან ფესტივალზე, ან რა პოზიტიური საზოგადოება იკრიბება იქ, რომ იქ ხალხი ერთად ტირის და იცინის, ერთად განიცდიან უმძლავრეს ემოციებს და რომ ამ ემოციების აღწერა სიტყვებით შეუძლებელია, რომ იქ ხალხი ერთმანეთის მიმართ უსაზღვრო სიყვარულით ივსება, რომ ეს წარმოუდგენელი ფენომენია და ასე შემდეგ. იგივე ხალხი ამბობს და წერს, რომ ამ განცდების გარეშე უკვე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ, ისინი ელიან სამუშაო დღის და კვირის დასრულებას, იმისათვის რათა კლუბში ან ფესტივალზე წავიდნენ, პოზიტივით დაიტვირთონ, ნეგატივისგან დაიცალონ და ასე შემდეგ. ზოგისთვის ეს სიტყვები შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, ხოლო ზოგისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, ჩვეულებრივ, ნაცნობ და სავსებით გასაგებ აზრს აყალიბებდნენ. სინამდვილეში ეს ემოციები ძალიან მარტივად გასაგები და ასახსნელია, უბრალოდ სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვანაირად უნდა განუმარტო. მაგალითად დარწმუნებული ვარ, რომ თანამედროვე მოშარაფეები და სუფრის მოყვარულები მსგავს ემოციებს განიცდიან, როდესაც კაი ჯიგრიან სუფრაზე ქეიფობენ და ერთმანეთის სიყვარულის ბუშტები უსკდებათ. რეალურად ეს განცდები და ეს თითქმის სექტანტური ერთობა, რასაც ხალხი განიცდის კლუბებში ცეკვის, ან თუგინდ სუფრებზე მაგარი ქეიფის დროს სხვა არაფერია, თუ არა ეგზისტენციალური მარტოსულობისაგან თავის დაღწევის ის ორგაისტიკური მცდელობა, რომელსაც ერიხ ფრომი ახსენებს თავის ნაშრომში „სიყვარულის ხელოვნება“. იგი პირდაპირ ამბობს, რომ აღტყინებულ, ტრანსულ მდგომარეობაში სამყარო ჩვენს გარშემო ქრება და მასთან ერთად ქრება რეალობის და ეგზისტენციალური მარტოსულობის შეგრძნება. თუკი ამ ტრანსულ მდგომარეობას განვიცდით ბევრ ინდივიდთან ერთად, ჯგუფური ერთობლიობის განცდა კიდევ უფრო ამძლავრებს თავდავიწყების ეფექტს. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, ძალიან მარტივად უკავშირდება ესკაპიზმს და მის პოზიტიურ ან ნეგატიურ ფსიქოლოგიურ შედეგს, რომელიც ესკაპისტურ აქტივობაში ჩართვის მოტივაციიდან გამომდინარეობს. ამაზე ზემოთ უკვე ვისაუბრე და ქვემოთ კიდევ განვავრცობ.

ბევრს უკვირს ის, თუ როგორ მოხდა, რომ საქართველოში, კლუბურ ცხოვრებას ამხელა წარმატება აქვს, მითუმეტეს, როდესაც წარმატებას, როგორც ასეთს, ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია დავიწყებული ჰყავს. თუმცა, მე მგონი, ამ წარმატებას ყველა ახალგაზრდა ძალიან დადებითად აღიქვამს. სამწუხაროდ, ჩემთვის ეს მოვლენა არ არის დადებითი. ‘ქლაბინგის’ ბუმს საქართველოში განვიხილავ როგორც ქვეყნის და ახალგაზრდობის ტრაგედიას, როგორც სუპრესიული ესკაპისტური ქცევის ნათელ მაგალითს, რომელიც მოტივირებულია უარყოფითი ემოციების თავიდან აცილებით (თვით-სუპრესია, ჩახშობილი „მე“ – self-suppression). ვეცდები ავხსნა რატომ: კაპიტალიზმმა და თავისუფალმა ბაზარმა, რომელმაც უცერემონიოდ ჩაანაცვლა ტრადიციულად კოლექტიური ქართული საზოგადოებისთვის გაცილებით ახლობელი სოციალისტური სისტემა, გამოიწვია არსებული კოლექტიური ღირებულებების სრული კოლაფსი. რაც დრო გადის ეს სულ უფრო შესამჩნევი ხდება, განსაკუთრებით ქართველ ახალგაზრდებში და გამოიხატება ინდივიდების ატომიზირებით და ტრადიციული სოციალური კავშირების სწრაფი რღვევით. გლობალურ კაპიტალს ჰაერივით სჭირდება ატომიზირებული, მარტოსული ინდივიდი, რომელიც მარტივად სამართავი და ბედისწერის მორჩილია. ასეთი ინდივიდისთვის რეალობა გაცილებით რთული ასატანია და მისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ესკაპისტურ (როგორც ექსპანსიურ, ისე სუპრესიულ) აქტივობებში აქტიურად ჩართვა. ამაში გლობალური კაპიტალი დიდი სიამოვნებით გვეხმარება და გვაწვდის სხვადასხვა სახის გასართობს, რაც სუპრესიული მიდრეკილების შემთხვევაში ინდივიდის კიდევ უფრო მეტად ატომიზირებას იწვევს. დღევანდელ საქართველოში, რომელიც, ჩემი აზრით, ყოფილ საბჭოთა სივრცეში ადამიანური და საზოგადოებრივი უბედურების ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მაგალითია, სუპრესიული ესკაპისტური აქტივობა გაცილებით უფრო ხშირია, ვიდრე ექსპანსიური. შესაბამისად ქლაბინგის ბუმი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანების გამარტოსულება და სოციალური კავშირების რღვევა სრულიად ახალ ფაზაში შევიდა.

‘ქლაბინგის’ გარეშე ცხოვრების წარმოუდგენლობა და მუდმივი პოზიტივის ძებნა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ქართველი აქტიური ქლაბერები ამ ესკაპისტურ აქტივობას უარყოფითი ემოციების პრევენციის ან დავიწყების მიზნით მიმართავენ და ცდილობენ რაც შეიძლება ეფექტურად ჩაახშონ საკუთარი მე, რომელსაც საქართველოს მოღუშული რეალობა აწუხებს. აქედან გამომდინარე ქლაბინგს საქართველოში ვერ განვიხილავ ექსპანსიურ ესკაპისტური აქტივობად, რომელსაც დადებითი ფსიქოლოგიური შედეგი მოაქვს. ვფიქრობ, რომ ქლაბინგი საქართველოში სუპრესიულ ესკაპისტური აქტივობად უნდა განვიხილოთ, რომლის საბოლოო ფსიქოლოგიური შედეგი უარყოფითია. იგი ემსახურება რამდენიმე მიზანს: ბედკრული საქართველოს ყოველდღიურობის ნეგატიური ასპექტების გაქარწყლებას, ახალგაზრდების გონების დაბინდვას, მნიშვნელოვანი საკითხებიდან მათი ყურადღების სხვაგან გადატანას. ქლაბინგი საქართველოში ეს არის ხელოვნური კომა, რომელიც რეალობიდან გაქცევის მძლავრ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა. ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ ქლაბინგი არ აერთიანებს და აახლოებს, იგი სინამდვილეში ინდივიდებს კიდევ უფრო აშორებს ერთმანეთისგან. ეს იხსნება იმით, რომ თვით-სუპრესიული ესკაპისტური აქტივობები იწვევენ შეჩვევას და ობსესიურ, არაჯანმრთელ დამოკიდებულებას, ისევე როგორც ნარკოტიკები ან ალკოჰოლი, როდესაც მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი ხდება. ხოლო ნარკოდამოკიდებული ადამიანებისა და ალკოჰოლიკების ერთობა ისეთივე მყიფე, მოკლევადიანი და ილუზორულია, როგორც მათი ეიფორია და აღტყინება საჭირო დოზის მიღების შემდეგ. ამ ერთობის განმეორებით მისაღწევად დამატებითი ნარკოტიკი და ალკოჰოლია საჭირო, ისევე როგორც ‘ქლაბერებისთვის’ კიდევ უფრო მეტი ‘ქლაბინგი’.

ამ ესსეთი მინდა მოგაწოდოთ ჩემი კრიტიკული რეფლექსია ‘ქლაბინგის’ ბუმზე საქართველოში. მინდა გავხსნა დისკუსია, რათა ეს მოვლენა არ განვიხილოთ ცალსახად პოზიტიურ ჭრილში და ნეგატიურ ასპექტებზეც ვისაუბროთ. ვფიქრობ საჭიროა ცოტათი იმაზეც დავფიქრდეთ, თუ რეალურად რა არასასურველი სიმპტომები და წინაპირობები არსებობს საქართველოში, რომელებიც ქლაბინგის და ზოგადად გართობის ინდუსტრიის ბუმს უწყობს ხელს და სინამდვილეში რამდენად დადებითი თუ უარყოფითი მოვლენაა ეს ბუმი.


ილუსტრაცია გარეკანზე: © POCKO

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ