► ავტორი: ოთარ ჭულუხაძე, ფილოსოფოსი.
დაგვჩიპავენ? – ტექნოლოგიების განვითარებს არნახული ტემპებიდან და მთელი რიგი საზოგადოებრივი დინებებიდან გამომდინარე, ადამიანის ბიოლოგიური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ადამიანების ტვინის კომპიუტერთან უშუალო, ფიზიკური მიერთება იმ საფრთხედ მოჩანს, „კაპიტალიზმის მიერ ადამიანთა ზომბირებას“ – მეტაფორიდან რეალობად გადაქცევას რომ გულისხმობს. ამ ვითარებაში ყველაზე საშიში ის განდაა, ნიჰილიზმითა და ისტორიული დეტერმინიზმით რომაა გამოწვეული და განვითარების ასეთ მომავალს ტექნოლოგიური ცივილიზაციის აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნევს.
ადამიანის გონებაში ასეთ განცდას რამდენიმე მიზეზი აქვს:
პირველი – აწმყოში, სოციალურ იერარქიათა და ცხოვრების დამრთგუნველი რიტმით გამოწვეული ნიჰილიზმი.
მეორე – „ცეცხლთან თამაშის განცდა“, რასაც წარსულში კაცობრიობის ტექნიკასთან არც ისე სასიამოვნო ურთიერთობა განაპირობებს.
მესამე – მოდერნული ეპოქის გადმონაშთი – ისტორიული დეტერმინიზმი – განცდა და მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც ისტორიაში მოქმედებს გარკვეული ავტომატური კანონები, რომელიც მომავალში განსაზღვრულ შედეგამდე გარდაუვლად მიგვიყვანს.
მეოთხე – აპოკალიპსის განცდა; არაცნობიერში არსებული ეს შეგრძნება, რომელიც ისტორიის „რეგრესისტული“ ხედვის მთავარი ღერძია და რომლის მიხედვითაც ადრე თუ გვიან ბოლო უნდა მოგვეღოს. (ცხადია, აქ ვგულისხმობ არა უშუალოდ აპოკალიფსის იდეის ტექსტოლოგიურ, ჰერმენევტიკულ წაკითხვას, არამედ იმას, თუ როგორ ჟღერს ეს ადამიანთა არაცნობიერში) აპოკალიფსის განცდა იდეოლოგიის ხრიკად წარმოჩნდება, რომელიც საკუთარი თავის ერთადერთ ალტერნატივად აპოკალიფსს დასახავს, რითაც სტატუს-ქუოს ინარჩუნებს. მაგალითად, ჰოლივუდური დისტოპიების სიმრავლე სწორედ იდეოლოგიის ამ ხრიკის გამოვლინებაა.
მეხუთე – ევროპული მეტაფიზიკის ჩამოშლა და მიღმური სამყაროს განცდის დაკარგვა. აქაური, მიწიერი სამყაროს ერთადერთობის განცდა, რომელიც კვებავს რა ნიჰილიზმს, შემდეგ ლოგიკას წარმოშობს: ღმერთი მოკვდა >> ნიჰილიზმი >> ადამიანიც მოკვდეს (მისი ახლანდელი ბიოლოგიური სახით). მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ეს ხედვა არის ვერშეძლება იმისა, ადამიანმა ნიჰილიზმის გარეშე გაიაზროს, რომ ღირებულებები მისი შექმნილია და სწორედ ამით ფასობს. ანუ მიღმური სამყარო კი არ განსაზღვრავს აქაურს, არამედ აქაური – აქაურს. ხოლო რადგან საუკუნეთა მანძილზე მიღმური იდეები ადამიანის ცხოვრებას აძლევდნენ აზრს და წარმოადგენდნენ ერთგვარ საყრდენს, რომლითაც ადამიანი აქაური ცხოვრების სისასტიკეებს უძლებდა, მათი, როგორც საყრდენების მოშლა ადამიანის არაცნობიერზე ცხოვრების „უაზრობის“ ზეწოლას აძლიერებს.
თითოეულ ეს გრძნობა გარდაუვალობის და ადამიანისთვის ყველაზე საშიში დემონის -„სტიქიის წინაშე უმწეობის“ საშინელ ფერმენტს შეიცავენ. ისინი ავლენენ ადამიანის ყოფიერებასთან და შესაბამისად, ყოფიერების განვითარების არენასთან – ისტორიასთან მიმართებას.
როგორი შეიძლება იყოს ისტორიის ინტერპრეტაცია, რომელიც ილუზიებისგან იქნებოდა დაცლილი? არის ეს ისტორიული დეტერმინიზმი, რომელიც ან ჰიპერაქტიურობას წარმოშობას, ან ფუნცონალისტურ ნიჰილიზმს, ამ ორ გრძნობას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივეა? თუ შეგვიძლია სხვა ხედვა ავირჩიოთ?
ზოგადად, ისტორიაში დგება მომენტები, როდესაც წლების მანძილზე დაგროვილი ტალღა აზვირთდება და ის ისეთ დიდ საშინელებებს მოიტანს, როგორც ნაციონალ-სოციალიზმი ან საბჭოთა კავშირია. როგორ შეგვიძლია გავიაზროთ მსგავსი მოვლენები? ალბათ, ყველაზე გამართლებული იქნებოდა მათი „დიდი ლოგიკის“ პრიზმით დანახვა, რაც სტიქიის დაბადების მიზეზად ადამიანის გონებაში შესრულებულ არავერბალურ აქტებს აფიქსირებს. აი, მაგალითად, აზვირთდა ტალღა მეოცე საუკუნის დასაწყისში და სამოთხის დამყარების მცდელობამ ყველაზე დიდი ჯოჯოხეთი მოიტანა დედამიწაზე.
„დიდი ლოგიკა“ გულისხმობს შემდეგს: სწორედ ზვავის დაძვრის საწყის სტადიაზე ხდება ისტორია დეტერმინირებული, განსაზღვრული რამდენიმე წლით, მიუხედავად იმისა, თუ რა ილუზიები აქვთ ამ ტალღაში მონაწილე პირებს. მაგალითად 1918 წელს ზვავი – სტიქია დაძრული იყო. ისტორია კი დეტერმინირებული იყო რამდენიმე წლით. ამ ეტაპზე სტიქიის შეჩერება შეუძლებელი იყო. სტიქიის შეკავება მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ წლების მანძილზე შესაბამისი, „გონივრული“ გადაწყვეტილებები იქნებოდა მიღებული და ასეთი გადაწყვეტილებების გასამყარებელი სოციალური სტრუქტურები ჩამოყალიბდებოდა. ანუ, საქმე გვაქვს არა განპირობებულობასთან, დინამიკასთან, რომელიც „დასაწყისშივეა“ განსაზღვრული, არამედ იმასთან, რასაც შეიძლება ვუწოდოთ „დიდი ლოგიკის შინაგანი კანონები“. დიდი ლოგიკისა, რომელიც გულისხმობს უფრო მეტად ლოკალურ ისტორიული კონტექსტების ლოგიკაზე დაკვირვებას და უარის თქმას მთლიანობითი ისტორიული პროცესის განსაზღვრებაზე.
ზვავის – ისტორიული კონტექსტის ლოგიკის – გაშიფვრა და წინასწარმეტყველება შეძლო ნიცშემ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს. ამ პერიოდში ორი დიდი ტალღა – მუშათა მოძრაობა და გერმანული ნაციონალიზმი – ზვირთდებოდა. კაცობრიობა „ისტორიულის“ გრძნობით იყო შეპყრობილი, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, წინ სამოთხე ჩანდა, ისტორიული კანონზომიერება თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდებოდა… ამ დროს გამოდის ნიცშე და ამბობს: ‘ბევრი დიდი ომი იქნება. გერმანელები ჭკუიდან არიან გადასულები; ბისმარკიანელობა დაღუპავს მათ. მუშათა მოძრაობა, ისტორიულის გრძნობა დიდი კატასტროფისთვისაა განწირული. რევოლუციებს კარგი არაფერი მოყვება’. რა ქნა ნიცშემ? მან დაინახა დაძრული ისტორიული ზვავი დასაწყისში, განჭვრიტა მისი ლოგიკური შედეგი და რაც მთავარია, ზვავს დაარქვა ზვავი და არა პროგრესი ან სხვა რამ. სწორედ ამ აზრით, – ე.ი ლოკალური ისტორიული კონტექსტის დიდი ლოგიკით – ისტორია წლებითაა დეტერმინირებული, ხოლო მომავლის ნიშნების აწმყოში დანახვა, მომავლის შეცვლის ერთ-ერთი გარანტიაა.
ზოგადად, ყოფიერების ეს ლოგიკა სხვა, უფრო „ბანალურ“ სფეროებშიც მუშაობს. მაგალითისთვის მოვიყვანოთ სპორტის რომელიმე სახეობა, თუნდაც ფეხბურთი. ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის ფინალში ლივერპული პირველი ტაიმის შემდეგ აგებს 0:3-ს. ტალღა დაძრულია… შეიძლება ტალღის შეჩერება? ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ, როგორც გამოჩნდა ძალისხმევით შესაძლებელია. ჩანს რომ მომავალი (ანუ მეორე ტაიმი) დიდი ალბათობით დეტერმინირებულია – ჩანს რომ უნდა მოხდეს „კატასტროფა“ და ფინალი წაგებულ იქნას, მაგრამ იმ კონკრეტულ შეხვედრაში ძალისხმევამ სძლია სტიქიას და როგორც ვიცით, ლივერპულმა მოიგო ის ფინალი. მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში რომ ყოფილიყო 0:10 ტალღის უპირატესობა პოტენციურ ძალისხმევაზე დიდი იქნებოდა, რომ თითქმის 99,9% შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავლის დეტერმინირებულობის ხარისხი უფრო მაღალი იქნებოდა. ხოლო ნებისმიერი ძალისხმევა დაძრული სტიქიის წინაშე – უსუსური.
დავუბრუნდეთ დაჩიპვის საკითხს და დავსვათ შეკითხვა: რა დონეზეა დაძრული ზვავი? არის განვითარების ღრმა ლოგიკა იმდენად დეტერმინირებული, რომ ძალისხმევა არაფერს გააწყობს და ადამიანის სულებში დაბუდებული ნიჰილიზმი და საზოგადოებრივი დინებები გადაწონის მომავლის, სიცოცხლის სურვილს და შესაბამისად ღირებულებათა შექმნას? ანუ აჯობებს პოტენციური დამჩიპველების ძალა (ფსიქოლოგიური, სოციალური) არადამჩიპველების ძალას? აჯობებს – იქნება დაჩიპვა; არ – აჯობებს არ იქნება. ცხადია, აქ გასათვალისწინებელი არა იმდენად რაციონალურად გაჟღერებული სურვილი, რამდენადაც სიღრმისეული გრძნობა სიცოცხლის სურვილისა.
ყოფიერების ერთი თვისება – განხილული საკითხი წამოჭრის ერთ თემას, რომელსაც შეგვიძლია ყოფიერების სულიერთიობა ვუწოდოთ. რა შეიძლება ვიგულისხმოთ ამ სიტყვათშეთანხმებაში?
ადამიანს, რომელიც გაცდება ეგოს საზღვრებს და იწყებს ფიქრს ისტორიულ, „დიდ“ მოვლენებზე, ხშირად უჩნდება კითხვა თუ რისთვის ხდება ეს ყოველივე? რატომ დაატყდება მას ასეთი უბედურებები? ნუთუ სამყარო ასეთი გულგრილია „ქმნადობის გვირგვინის“ – ადამიანის მიმართ? ერთი პასუხი – ინტერპრეტაციის მოკრძალებულ იარლიყს რომ ატარებს – შეიძლება ასეთი იყოს: ყოფიერების „საწყის კონსტიტუციაში“ ჩაწერილი რამდენიმე მუხლი სწორედ სულერთიობას, სამყაროს გულგრილობას გულისხმობს. აქვს რაიმე მნიშვნელობა „ველური“ კაპიტალიზმი გვექნება თუ არაველური? აქვს ყოფიერებისთვის რაიმე მნიშვნელობა ჰიტლერის და სტალინის დაბადებას? არა, ყოფიერების სულერთიობა ამბობს: გაიაზრეთ ცხოვრება, მათ შორის მისი სულერთიობა ჩაატარეთ შესაბამისი აქტები გონებაში, დააფუძნეთ შესაბამისი საზოგადოებრივი ინსტიტუტები, ყოველდღიურობაში გაითვალისწინეთ სამყაროს კონსტიტუციის სხვა მუხლებიც და არ დაიბადება ჰიტლერი; არ გაითვალისწინებთ, – დაიბადება?
ხშირ შემთხვევაში, სწორედ ყოფიერების სულერთიობის გააზრების შემდეგ, იწყება ადამიანის ცხოვრებაში მორალის და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისთვის ბრძოლა. სულერთიობის და გულგრილობის ამაზრზენი ჰაერის შესუნთქვა ადამიანს ადრე თუ გვიან მიახვედრებს, რომ სწორედ განურჩევლობიდან – ყოფიერების ერთგვარი ნეიტრალობიდან – შეიძლება გამოიძერწოს მორალური ღირებულებები და ის საზოგადოებრივი ინტიტუტები, რომლებიც ამ მორალის განსხეულებანი არიან და ერთგვარი იდეური თავშესაფრის ფუნქციას ატარებენ და სწორედ ამითი ფასობენ (ბოლოს და ბოლოს ადამიანისთვის თავშესაფრის ძიება ევოლუციურად ერთ-ერთი ყველაზე ფასეული საქციელია): ამ თავშესაფარს სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა სახელი აქვს: სიყვარული, პროფესია, კარიერა, ეგალიტარული საზოგადოება, ოჯახი, ბაზარი, პარტია და ა.შ
ყოფიერების სულერთიობის დემონსტირებისთვის, მოვიყვანოთ ერთი მაგალითი: ვთქვათ, ქალთა ემანსიპაცია. ანაღვლებს სამყაროს საწყის კონსტიტუციას ქალები ჩაგრულები იქნებიან თუ არა? თუ პატრიარქალიზმის ხანგრძლივ ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ რომ – არა. ეგებ პატრიარქალიზმია საწყისი კონსტიტუციის აუცილებელი შემადგენელი? – არა. ამ მხრივ, სამყარო ნეიტრალურია და ადამიანს უტოვებს არჩევანს და შესაბამისად, ბრძოლის შესაძლებლობას. სამყარომ შემოსაზღვრა სფერო განურჩევლობისთვის, რომლის შიგნითაც ადგილი აქვს ინტერპრეტაციების სიმრავლეს, ძალისხმევად და ამ ინტერპრეტაციისთვის ბრძოლას. სწორედ ამ სულერთიობის გამო მოქმედებს ალბათ სამყაროს ყველაზე დიადი პრინციპი ა რ ა ზ უ ს ტ ი.
არაზუსტი, რომელიც მოდერნის ეპოქას თითქოს თვალთახედვიდან გამოეპარა, (რამდენიმე დიდ მოაზროვნეს თუ არ ჩავთვლით), წარმოშობს ძალისხმევის, ძალთა დაპირისპირების სამყაროსთვის აუცილებელ მომენტებს. არაზუსტში ანუ წინასწარ დაუდგენელში, ანუ სულერთში ხდება ძალთა – მათ შორის ადამიანის დაპირისპირებულ ძალთა მობილიზება. დავსვათ კითხვა: არსებობს თუ არა რაიმე ზუსტი პრინციპი, რომლითაც მდიდრებმა მეტი გადასახადი უნდა გადაიხადონ, ვიდრე ღარიბებმა? – არავითარი. და რაიმე ზუსტი პრინციპი, რომლითაც ღარიბებმა მდიდრებზე მეტი უნდა გადაიხადონ? – არავითარი. გამომდინარე აქედან, უნდა შედგეს სოციალური ბრძოლა ინტერპრეტაციის პირველობისთვის.
რომელ მხარეს აქვს ყოფიერების მიერ მინიჭებული წინასწარი უპირატესობა? არც ერთს. რა უნდა მოხდეს? არაზუსტის სფეროში უნდა მოხდეს ბრძოლა, შედგეს დაპირისპირება!
ცხადია, შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითები სოციალური თანასწორობის შესახებ და იმ უამრავი „პრიმიტიული“ საზოგადოების შესახებ, სადაც სოციალური თანასწორობა მეტი იყო და შემდეგ, „პროგრესის“, დოვლათის დაგროვებისა და არასამართლიანი განაწილების შედეგად, მოხდა მთელი რიგი საზოგადოებრივი მოვლენები, წარმოიშვა სიცოცხლის დამრთგუნველი საზოგადოებრივი იერარქიები. მაგრამ რადგან ეს მოვლენები მოხდა, სამყაროს ზუსტი პრინციპი კი არაა სოციალური თანასწორობა, არამედ ერთ-ერთი ინტერპრეტაცია, რომელსაც გამაგრება სჭირდება. ერთ მოდუსში – მეტია შანსი უთანასწორობის, მეორე მოდუსში – ნაკლები.
აქ უნდა განვმარტოთ თუ რას ვგულისხმობთ ტერმინში არაზუსტი. ცხადია, რომ სოციალური სამართლიანობა ფუნქციონირებს, როგორც გარკვეული მოცემულობა ცხოველებშიც და სხვაგანაც – მათ შორის ადამიანთა ყოველდღიურ ურთიერთობებში -, მაშინ რატომ არაა იგი ზუსტი? სიზუსტეში ვგულისხმობ პრინციპის მოდუსს, საკუთარ თავს წარმოადგენდეს ერთადერთად და მის სფეროსთან დაკავშირებულ ყოველივე სხვა პრინციპს უშთობს შანს არსებობდეს როგორც კანონი. ანუ, მაგალითად პითაგორას თეორემამ, რომლის მიხედვითაც მართკუთხა სამკუთხედში კათეტების კვადრატების ჯამი უდრის ჰიპოტენუზას კვადრატს, მოუსპო არსებობის შესაძლებლობა პრინციპს, რომლის მიხედვითაც კათეტების კვადრატების ჯამი არ უდრის ჰიპოტენუზის კვადრატს. სწორედ მსგავსი მოდალობიდან არის დაცლილი არაზუსტი; ანუ არაზუსტს აკლია მათემატიკური, აქსიომატური სიზუსტე. ჩვენს შემთხვევაში სწორედ ორი არამათემატიკური, არაზუსტი პრინციპი – სოციალური სამართლიანობა და ბაზრის უსამართლობა – ებრძვის ერთმანეთს. სხვა საკითხია, რომ ერთს მეტი დესტრუქცია და უბედურება მოაქვს, ვიდრე მეორეს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ სამყაროსთვის დესტრუქცია „ჩვეულებრივი“ მომენტია და ის მის საწყის კონსტიტუციაში ერთ-ერთ მუხლად არის ჩაწერილი.
როდის ხდება განსაკუთრებით დიდი უბედურება? როდესაც დაპირისპირების ერთ-ერთი მხარე, ანუ სოციალური ჯგუფი მიიჩნევს, რომ მას – ანუ სოციალურ ჯგუფს, ან კლასს აქვს ჭეშმარიტების ზუსტი კრიტერიუმი, მეორე კი უეჭველად მცდარია. აი, საბჭოთა კავშირის კრახის მიზეზი: სტიქიაში ყოფნით დაბრმავების მცდარი გაიგივება ჭეშმარიტების ფლობასთან. ეს განცდა ადამიანის ტვინებში ერთგვარი ეთნოცენტრისტული განცდის არაცნობიერი ექსტრაპოლაციაა, ანუ განცდისა როცა ეთნოსს – ე.ი სამყაროს ერთ-ერთ ინტერპრეტაციას, ერთ-ერთ არაზუსტ პრინციპს, – თავი სამყაროს ცენტრი და ინტერპრეტაციის ერთადერთი ზუსტი საზომი ჰგონია.
სამყაროს უაზრობა – სამყაროს სულერთიობის კიდევ ერთი ქვეკანონი შემთხვევითობაა. რა არის შემთხვევითობა?
წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომლის ახალგაზრდა მეგობარს მანქანა დაეჯახა და მოკლა. რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ, ეს ადამიანი შუა ასფალტზე დაგდებულ მტრედის გვამს დაინახავს, რომელიც სავარაუდოდ მანქანამ გადათელა. როდესაც ადამიანი ამ ორ მოვლენას შორის ტოლობის ნიშანს დასვამს, ის გაიაზრებს სამყაროს „უაზრობის“ ერთ-ერთ პრინციპს – შემთხვევითობას. ანუ იმას, რომ სამყაროში არსებობს ისეთი მოვლენები, რომლებიც რაიმე მიზნით კი არ ხდება, არამედ უბრალოდ ხდება.
ოცნების დასასრული – ადამიანის მიერ გაცნობიერებული ფაქტი, რომ ის ისევე ემორჩილება შემთხვევითობას კანონებს, როგორც სხვა ცხოველები, ადამიანის მიწაზე ჩამოყვანის, საკუთარი თავისადმი მოკრძალებული დამოკიდებულების და მეტი სიმწიფისკენაც უბიძგებს. ეს მოკრძალება უნდა გამორიცხავდეს ნიჰილიზმს და საკუთარ ფიზიკურ შეზღუდულობას, ბიოლოგიურ დეტერმინირებულობას და შემთხვევითობისადმი მინდობილობას – შემეცნებისა და აქტივობის წინაპირობად უნდა აქცევდეს. რამდენად აქცევს? საკუთარი სასრულობის, ცხოვრების ერთადერთობისა და ცხოვრების „უაზრობის“ განცდა მეტწილად განაპირობებს ღირებულებებისადმი იმ ზრდასრულ პატივისცემას, რომელიც ღირებულებას მეტაფიზიკურ, უნივერსალურ სტატუსს ჩამოაშორებს და ამ სწორედ ღირებულების არაზუსტობის თუ არაუნივერსალურობის აღიარებით გაუსვამს მის ფასეულობას ხაზს.
ნიჰილიზმის დამახასიათებელი ერთი ფრაზა – ნიჰილიზისთვის დამახასიათებელი რომელი ფრაზაა დამახასიათებელი და გამოსარჩევი? ეს არის ინდუქციური ფრაზა: „ყოველთვის ასე იყო…“ … ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ინდუქციის ფილოსოფიურ მეთოდი, პოზიტივიზმი, კაპიტალიზმი და ნიჰილიზმი ერთი გეოგრაფიულ წერტილში იყო (და არის) განსაკუთრებით განვითარებული.
ნიჰილიზმის ერთი თვისება – რატომ არის რომ ადამიანი, რომელიც ცხოვრების „არაორდინალურ“ გზას ირჩევს აწყდება ჯგუფის წინააღმდეგობას – ოჯახის წევრების ფრაზებში, გაკვირვებულ და გაუცხოებულ მზერაში რომ გამოიხატება. ეს, ერთი შეხედვით, არის ჯგუფურისა და ინდივიდუალობის ბრძოლა. თუმცა, ერთ-ერთი, რაც შეიძლება იყოს არის ის, რომ ინდივიდუალობის მაღალი ხარისხი ნიჰილიზმის გადალახვის ინდივიდუალურ ფაზას გულისხმობს, ხოლო ჯგუფს ამის (ნიჰილიზმის გადალახვის – ან უფრო ზუსტი თუ ვიქნებით, მიჩქმალვის) წინააღმდეგ საკუთარი ანტიდოტები აქვს გამომუშავებული. მაგ, დაუსრულებელი და უსაგნო კომუნიკაცია, და „არაფრისმომცემი სამყაროსეული ფიქრებისგან“ თავიდან ასაცილებელი საქმიანობა – ამ სიტყვის იზოლაციონისტური გაგებით. აგრეთვე, აქტივობა, რომელიც მომაკვდავობას გაცნობიერების შედეგად, ჯოჯოხეთურ სირბილს, აჩქარებული ტემპს, მოუსვენრობას იწვევს, რაც ასე ახასიათებს ჩვენს „კაპიტალისტურ“ კულტურას.
რასელის ბოლო ფრაზა – ბერტრან რასელმა, უდიდესმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა და ალბათ ყველაზე არაპოზიტივისტმა პოზიტივისტმა, რომელსაც ბრიტანელის ყველა კარგი თვისება ამაღლებულ ხარისხში დაემადლა – ბასრი გონება, წერის ირონიული სტილი, ზეგანვითარებული ლოგიკური აზროვნება – სიცოცხლის ბოლოს კაცობრიობის მომავალთაობებს მაინც პოზიტივისტურ სტილში დაუბარა, რომ ფაქტებისთვის მიექციათ ყურადღება. შეუძლებელია, კაცობრიობის ამ დიდი მონაპოვარის – ფაქტებისა და სიზუსტის – დაუნახაობა, მაგრამ რას გვაძლევს მხოლოდ ფაქტები თუ არ გვაქვს ინტერპრეტაციათა მოდელი, რომელიც ამ ფაქტების გააზრებაში დაგვეხმარება. ინტერპრეტაციათა მოდელი, რომელიც ადამიანის არაცნობიერს, კულტურულ და სხეულის მეხსიერებას დაემყარება?
აი, ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში თქვა 254 ტყუილი. რა ჯობს? ჩამოვთვალოთ ყველა ფაქტი თუ თვითონ ტრამპი, როგორც სიმპტომი განვიხილოთ, ან ვიკითხოთ, რატომ ჯობს ფაქტის თქმა ფაქტის არ თქმას, ან რატომ იტყუება ადამიანი? ადამიანის ტვინისთვის რა ფუნქცია აქვს ამას? რა ევოლუციური მექანიზმები იმალება ამის უკან და ა.შ? ანუ ავაგოთ ერთგვარი თეორიული მოდელი იმისა, თუ რატომ ამბობს ადამიანი ტყუილს მივუყენოთ კონკრეტულ სიტუაციას. და თუ უკიდურესობამდე მივალთ, გავიმეოროთ ნიცშეს მიერ დასმული ერთ-ერთი ყველაზე დამაფიქრებელი კითხვა: რატომ არის ჭეშმარიტება იმაზე ღირებული ვიდრე სიცრუე?
ჰოლდერლინის ერთი ფრაზის შესახებ – უდიდესი გერმანელ ფილოსოფოსს მარტინ ჰაიდეგერს მოჰყავდა ხოლმე გერმანელი პოეტის ფრიდრიხ ჰოლდერლინის ერთი ფრაზა: „სადაც ხსნაა იქვეა გამოსავალი“.
საერთოდ, პოეტურ გამონათქვამებს, სიზუსტით სათვალით აღჭურვილი ადამიანი რთულად თუ მიიჩნევს ხოლმე სანდოდ. ჰოლდერლინის ეს ფრაზაც „პირდაპირ“ არ უნდა გავიგოთ. ის საჭიროებს „ჰერმენევტიკულ“, „არაზუსტ“ წაკითხვას. ეს ემპირიულად არავერიფიცირებადი ფრაზაა და ხდომილებათა 100%-ს არ მიესადაგება. სად არის გამოსავალი 9 აპრილს დაღუპული ქართველებისთვის, ან სტალინის დროს მოკლული მილიონი გლეხისთვის?
ერთადერთი ინტერპრეტაციას ამ ფრაზისა შეიძლება იყოს შემდეგი. გასაჭირი არ არის ის, რაც გასაჭირის აზვირთების შუა ტალღაშია. ანუ უნდა მოვიპოვოთ დიალექტიკურად, გარდატეხის უმაღლესი წერტილი, რომელიც მაშინ გვაჩვენებს ხსნას, როცა გარდატეხის წერტილს მივაღწევთ. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ჰიტლერი და სტალინი დიდი ლოგიკის აპოთეოზური წერტილები არ არიან.
ამ აზრით, შეიძლება დაესვას კითხვა თანამედროვეობას: მიესადაგება თუ არა ინტერნეტის გამოგონება, ჰოლდერლინის ფრაზაში სიტყვას ხსნა, ხოლო სიტყვას – გასაჭირი მთლიანად – კაცობრიობის განვითარების ლოგიკას, რომლის ქვე-ლოგიკები დიდი იმპერიებია, სტალინია, ჰიტლერია და ასე შემდეგ. პასუხს ამ კითხვაზე ადამიანთა მიერ დასაწერი უახლესი ისტორია გაქვცემს.
დიდი ლოგიკა – ადამიანს ტყუილის, ცრუ მრავალფეროვნების შეგრძნება ეუფლება, როდესაც წააწყდება ისეთ საზოგადოებრივ ვითარებას, რომელიც თავისი პომპეზურობისა თუ ხმაურიდან გამომდინარე დამკვირვებელს არ აძლევს საშუალებას დაინახოს თუ რომელ დიდ ლოგიკას ექვემდებარება ეს კონკრეტული დინამიკა თუ ვითარება. ამისი კარგი მაგალითია ქართველ პოლიტიკოსთა შორის გამართული დებატები, რომლებიც – თავი რომ დავანებოთ ჭიქების სროლასა და მუშტების ქნევას – ილუზიას ტოვებს თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აქ და ახლა წყდებოდეს, მაშინ როცა ცრუ მრავალფეროვნების კონკრეტულ გამოვლინებასთან, – დიდი ლოგიკის ერთ-ერთ პატარა ქვე-ლოგიკასთან გვაქვს საქმე.
მაგალითად, ცრუ მრავალფეროვნების კონკრეტული სახელია ნეოლიბერალური აზროვნებისა და იერარქიის მხარდამჭერთა შორის მიმდინარე შიდა პოლიტიკური დავა – რომელიც მსჯელობს არა არსობრივად, სისტემატურად, არამედ ჩხუბობს ვთქვათ, მანდატების გამო. აქ მნიშვნელოვანია ერთი მარტივი გონებრივი ოპერაცია. დანახვა გლობალური სიტუაციისა და შემდეგ, ამ გლობალურ სიტუაციაში ერთი და იგივეს გამოყოფა, შემდეგ კი ფიქსირება იმისა იაზრებენ თუ არა კონკრეტული პოლიტიკოსები მთლიანად გლობალურ იერარქიას, ან რამდენად იაზრებენ, ან რამდენად ოპოზიციონერები არიან.
ზოგადად, კი თემიდან თუ ოდნავ გადავუხვევთ, დღევანდელი იდეოლოგია იმითაც არის გამორჩეული, რომ ის ხსნის ფრონტის ხაზებს – წარმოშობს დებატებს, რომლებიც საზოგადოების უპირველეს სატკივარს კი არ შეადგენს, არამედ იდეოლოგიის ხრიკს – ყურადღება გადაიტანოს სხვაგან: ჩვენს შემთხვევაში, ეკონომიკური პრობლემატიკიდან უმცირესობათა უფლებებზე, ან მაგალითად, „ციანიდის საქმეზე“ თუ ჩინოსანთა შორის არსებულ უკვე მერამდენე დაპირისპირებაზე.
დიდი ლოგიკის ერთი თვისება – წარმოვიდგინოთ, რომელიმე ტომის ბელადი რომელსაც თავი სამყაროს ცენტრია ჰგონია და ფიქრობს, რომ სამყაროს ბატონ-პატრონია და იმორჩილებს თავის ტომის წევრებს. უეცრად, რომელიმე საშუალო გაქანების კაპიტალისტური ფირმა მოიპოვებს უფლებას მათ ტერიტორიაზე აწარმოოს გათხრები და ბულდოზერით ამ ტომს, თავისი ბელადითურთ, დედაბუდიანად აღგვის პირისაგან მიწისა.
ამ ტომის ბელადს ჰქონდა ილუზია იმისა, რომ მისი ლოგიკა იყო მთავარი. შესაბამისად, იგი იყო უუნარო (სავარაუდოდ, ჩაკეტილი საზოგადოების გამო) დაენახა უფრო დიდი და ძლიერი ლოგიკა – ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბულდოზერიანი კაპიტალისტი რომ განასახიერებს.
ერთი შეხედვით ეს „ბანალური“ მაგალითი შეიძლება უამრავ რაიმეზე გავავრცელოთ და ტომის ბელადი ჩავანაცვლოთ სხვა ფიგურებით: ჯიუტად ადგილობრივი პრობლემებით დაკავებული პოლიტიკოსით, რომელიმე ფირმის მენეჯერით, ადამიანი რომელიც რკინის ფარდის ლოგიკით ცხოვრობს და ასე შემდეგ…
„აქ“ – ნიჰილიზმის მიმანიშნებელი სიტყვა ქართველის ნათქვამში… „აქ რა მინდა“… ცხადია, ეს ფრაზა, ხშირ შემთხვევაში, ეკონომიკური სიდუხჭირით არის გამოწვეული, მაგრამ საინტერესო იქნებოდა დაგვესვა კითხვა: ამ ფრაზაში ხომ არ უნდა დავინახოთ ინტერნაციონალური ბაზრის ლოგიკის ნიჰილისტური გამოძახილი ადამიანის ფსიქოლოგიაში, რომელიც „აქ“-ის – ე.ი გეოგრაფიული ტოპოსის, კონკრეტული საზოგადოების – მნიშვნელობის დაკარგვით ადამიანს გლობალისტი სოციალური ატომივით აფიქრებინებს.
„აქედან გამაღწევინა“… გაქცევა კი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება კარგად იცხოვროს. ალბათ, აქ დიდი ქართველი მწერლის ოთარ ჭილაძისავით რადიკალურები არ უნდა ვიყოთ, რომელიც ამ საკითხისადმი ჰეროიკულად იყო განწყობილი და უცხოეთში წასულ სპორტსმენებზეც ირონიულად საუბრობდა. მაგრამ აშკარაა, რომ საზოგადოებაში, რომელშიც სოციალური უთანასწორობა თავის უკიდურესობას აღწევს, ქართველს აიძულებს „აქ“-იდან გაქცევის მოდუსში ამყოფყოს, შესაბამისად, მის „აქ“ აქტივობასაც არაცნობიერ მხნეობასა და ხალისს უკარგავს.
„კარგი“ და „ცუდი“ არაზუსტი – ცუდი არაზუსტი შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც ფაქტის არაზუსტად თქმა. კარგი კი როგორც არაზუსტი, რომელიც უმთავრესი ფუნქციაა ადამიანისა: მოვლენის შეფასება, სინთეზირება (რომლის ცვალებადობა ადამიანის ზრდის ფაზებზე მეტყველებს) და შესაბამისად არაზუსტის იარლიყი მივაწებოთ, მაგრამ სწორედ შეფასების მრავალფეროვნებიდან (ე.ი არაზუსტების მრავალფეროვნებიდან) იცნობა ხარისხი და სწორედ ამით უახლოვდება ზუსტი ინტერპრეტაციის წარმოსახვით შკალას; უახლოვდება, მაგრამ ვერასდროს აღწევს მას.
მაგალითად, გამოდის ქართველი მემარცხენე, რომელიც მარქსის იდეებს იზიარებს, და აკრიტიკებს ევროკავშირს. ამ დროს რომელიმე ექსპერტი მას რუსეთუმეს იარლიყს მიაწერს. რა არის ეს იარლიყი? ეს არის ინტერპრეტაცია. როგორი – ზედმეტად პრიმიტიული? რატომ? იმიტომ, რომ ამ დროს ადამიანის ტვინი არ ან ვერ ასრულებს ერთ მარტივ ოპერაციას. კერძოდ, რომ ერთის გამორიცხვა არ გულისხმობს მეორის ავტომატურ სიმართლეს; ლიბერალიზმსა და რუსეთუმეობას არ აქვთ ისეთივე ლოგიკური მიმართება, როგორც ფეხმძიმედ ყოფნას და ფეხმძიმედ არ ყოფნას. ანუ, შეიძლება აკრიტიკებდე ლიბერალიზმს და დასავლეთში მიმდინარე მოვლენებს და არ იყო რუსეთუმე.
რატომ არის კაპიტალიზმი ასეთი ძლიერი? – და ბოლოს, დავსვათ კითხვა: რატომ არის კაპიტალიზმი ასეთი ძლიერი? გარდა ცნობილი მიზეზებისა – წარმოების წესი და იერარქია, მილიტარიზმი, – შეიძლება რამდენიმე სხვა მიზეზიც გამოიყოს.
პირველი, ეს არის სისტემის უნარი მოერგოს ადამიანის სულიერ ვითარებას. ეს არის მისი უნარი იყოს „კარგიც“, ანუ გვამარაგებდეს საკმარისად… ადამიანი შინაგანად კმაყოფილდება იმით, რომ იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს. აქ, ისტორიამ ითამაშა თავისი როლი – მან, განსაკუთრებით მეოცე საუკუნის მანძილზე – ერთ ადამიანს მეორეს შეაზიზღა. შედეგად, ადამიანი დიდად კმაყოფილია, რომ მიაგნო სისტემას, რომელიც მეორე ადამიანისგან დისტანცირებას (იმაზე მეტს, ვიდრე სახელმწიფოში და საზოგადოებაში ცხოვრება მოითხოვს) სთავაზობს. ხოლო, თუ გაუმართლა და სისტემის მიერ გაცემულ 800 ლარიან ხელფასს იღებს, მისი ცხოვრების პროგრამა მაქსიმუმი შესრულებულია.
აი, მაგალითად, მოხდება ტერორისტული აქტი ევროპაში და დაიწყება ვაი-უშველებელი. ისე, რომ „ვერავინ“ ხვდება რომ ეს გამოსაფხიზლებელი აქტებია. ამას ვამბობ არა პროვიდენციალურად – თითქოს ეს ღვთაებრივი ნიშნები იყოს ჭეშმარიტების მისახვედრად – არამედ ისტორიულად, ე.ი ტერორისტული აქტები ნიშნებია, იმისა დაინახო რა ხდება მსოფლიოში, სადაც ცხოვრობ. ცხოვრობ, გაქვს 2000 დოლარი (ევროპელები ქართველებზე იღბლიანები არიან) ხელფასი და არაფერი გახსოვს საკუთარი ხელფასი გარდა. ამ დროს ხდება ტერორისტული აქტი და შენც გიკვირს, საიდან ამდენი სისასტიკე. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1% vs 99% დაყოფა შესაძლოა ფინანსურ უთანასწორობაზე კი მიუთითებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ფსიქოლოგიურ თუ მენტალურ განსხვავებაზე, ანდაც განსხვავებულად ცხოვრების სურვილზე. მოკლედ რომ ვთქვათ, მართული ხშირ შემთხვევაში, არშემდგარი მმართველია, რომელიც სრულიად იზიარებს ცხოვრების იმ წესს, რომელიც მმართველთა მხრიდან არის თავს მოხვეული; უბრალოდ იგი ამ იერარქიაში, რომლის არსებობაც მას მოსწონს, თავისი ადგილით არის უკმაყოფილო.
კიდევ ერთი მიზეზი, ის არის რომ ადამიანთა უმრავლესობას ისტორიის უდიდესი ნაწილი მონობაში აქვს გატარებული, რასაც ყველაზე ღრმა – სხეულის მეხსიერება აფიქსირებს ისეთ ფრაზებში, როგორებიცაა „სულ ასე იყო“, „მონობა სულ იყო“. ეს ფრაზები, რაც ემპირიულ ჭეშმარიტებაზე მეტად იმ ტკივილის გამომხატველია, რომელსაც ეს მდგომარეობა (მონობა) ადამიანის სულს შეამთხვევს. სწორედ ამ შემთხვევაში არის უმნიშვნელოვანესი ერთი საზომის გამოყენება, რაც არსებობის ორ მოდუსს განასხვავებს. ანუ არჩევას ორიდან ერთისა: ამოსვლას იქედან, თუ – „რა უნდა იყოს“ თუ იქედან – „რა იყო“. მართებული არ იქნებოდა რომელიმე პრინციპისთვის სიზუსტის იარლიყი მიგვენიჭებინა – ისინი ატარებენ ცხოვრების ორ ფუნქციას, რომელსაც დიალექტიკური ფილოსოფიაში მოხსნისა და შენახვის ფუნქციები ეწოდება.
აქ შეგვიძლია გადავინაცვლოთ კაპიტალიზმის კიდევ ერთი სიძლიერეზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ის შესანიშნავად ფლობს როგორც შენახვის (რაც იერარქიის უმთავრესი მოდუსია) ისე ცვლილების მოდუსს. კაპიტალიზმი, უკვე ცვალებადობით ინახავს თავს, ახდენს რა მიღწეულის საკუთარ წიაღში ადაპტაციას.
მიღწეული თავისუფლებების (შავკანიანთა უფლებები, სექსუალური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება) საკუთარ წიაღში გენიალური ადაპტაცია, მის მორიგ თვისებას იწვევს, რასაც „ნახევარ-თავისუფლების“ განცდის ნიჰილისტური გენერირება შეიძლება ეწოდოს. ამ განცდას, უფრო ტერმინოლოგიურ ენაზე შეიძლება ეწოდოს ნეგატიური თავისუფლების დომინირება პოზიტიურზე, სამომხმარებლო შესაძლებლობების ზრდა პოლიტიკურის ატროფირების ხარჯზე და სხვა. სწორედ ეს „ნახევარ-თავისუფლების“ განცდა გააღვივა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა გამოგონებამ – ინტერნეტმა. კაპიტალისტური იერარქიის „ნახევარ-თავისუფლება“ ერთი ასად გააძლიერა კომუნიკაციის გამარტივებამ, კაცობრიობას შეასუნთქა თავისუფლებისა და შესაძლებლობების ზრდის ის ჰაერი, რომელმაც იმედისა და უიმედობის გაღვივება თანაბრად გამოიწვია – გაამძაფრა რა მოდუსი ნახევრად-თავისუფლებისა, რომელიც შეგვიძლია დავაფიქსიროთ როგორ უფსკრული პოტენციურსა და რეალურს შორის. ადამიანი, ტექნოლოგიების არნახული განვითარების გამო, გრძნობს, რომ გამოსავალი სადღაც აქვეა, უკეთესი მომავალი არათუ სასურველია არამედ რეალობაში განხორციელებადია.
ბოლო თვისება ეს არის ადამიანთა სამყაროს ხედვა, სამყაროსთან დამოკიდებულება. ამ მახასიათებელს კარგად აღწერს ნიცშეს სიტყვები:
„ადამიანთა უმრავლესობა უძლებს ცხოვრებას განსაკუთრებული დავი-დარაბის გარეშე და შესაბამისად, ს წ ა მ ს სიცოცხლის ფასეულობის; ამასთან სწორედ იმიტომ, რომ ყოველი [მათგანი] ეძებს და ამტკიცებს მხოლოდ საკუთარ თავს და არ გადის საკუთარი თავის საზღვრებს მიღმა, განსხვავებით გამონაკლისებისაგან: ყოველივე უპიროვნო მათთვის შეუმჩნეველია ან უკიდურეს შემთხვევაში შესამჩნევია, როგორც მკრთალი ჩრდილი. შესაბამისად, სიცოცხლის ფასეულობა ჩვეულებრივი ადამიანისთვის ეფუძნება ზუსტად იმას, რომ ის საკუთარ თავს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე მთელ მსოფლიოს.“ – მშვენიერი დახასიათებაა სამომხმარებლო საზოგადოებისთვის და მისი სიმპტომის – კლიმატის ცვლილების უარმყოფელი, დონალდ ტრამპისთვის.