რა შეიძლება ვისწავლოთ ნორდიკული მოდელისგან?

d5610de5431183b747956e8e0ff5b4be
► ავტორი: ჯონ ბოლდუინ ჰარიბალსონი  – ისლანდიელი პოლიტიკოსი და დიპლომატი; 
ისლანდიის ყოფილი საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი, ისლანდიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე.

► თარგმნა გიგა ჭკადუამ

►მედია პლატფორმა მადლობას უხდის თარგმანთა ავტორებს ვებგვერდის განვითარებაში შეტანილი მოხალისეობრივი წვლილისთვის.

© European.ge

ნეოლიბერალური ერა დაიწყო 80-იან წლებში, როგორც ამბოხება კეთილდღეობის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს იყო ფუნდამენტალისტური რწმენის მტკიცება ბაზრის შეუცდომლობის შესახებ. როგორც ჩანს, ისტორია მეორდება: ის აუცილებლად მიგვიყვანს ე.წ. კაზინო კაპიტალიზმისკენ (ტერმინის დეფინიცია იხ. ბმულზე) – მაღალი ფინანსების მონობისაკენ, როგორც ეს მოხდა 1929 წლის საფონდო ბირჟის კრიზისის დროს. ქამრების შემოჭერის მსგავსმა პოლიტიკებმა, რომლებიც კრიზისის შედეგებს ებრძოდნენ, მაშინაც და ახლაც, სინამდვილეში გაამწვავეს კრიზისი  და გამოიწვიეს ათწლეულების განმავლობაში გაგრძელებული დიდი დეპრესია.

2008 წელს, ლემან ბრაზერსის (Lehman Brothers) გაკოტრებამ მიგვანიშნა ნეოლიბერალური პერიოდის დასრულებაზე. დაურეგულირებელი კაპიტალიზმის ამ ვერსიამ კიდევ ერთხელ განიცადა კრახი, მის შედეგებთან გამკლავება კი სახელმწიფოების ისტორიაში ყველაზე დიდი სამაშველო ოპერაციებით დასრულდა. სახელმწიფოს მხრიდან სტიმულირების პაკეტებმა და ცენტრალური ბანკის მიერ ფულის მასიურად ბეჭდვამ ახალი დიდი დეპრესიისგან გვიხსნა.

მიუხედავად ამისა, ჩვენ სწორედ ახლა განვიცდით დიდ რეცესიას. რა განსხვავებაა? გადასახადის გადამხდელთა თანხებით ფინანსურ სისტემას მასიურ ფულად დახმარებას ვუწევთ. როგორც აღვნიშნეთ, სახელმწიფოს დაურეგულირებელი კაპიტალიზმი უნდა დაეცვა კაპიტალისტებისგან, რამაც გამოააშკარავა ნეოლიბერალიზმი: ფსევდო-მეცნიერება, რომელიც ემსახურება ძალიან მდიდრებს. საბჭოთა კომუნიზმის მსგავსად, ეს ფუნდამენტალისტური დოგმაა, რომელმაც პრაქტიკაში განხორციელების მცდელობის შემდგომ კრახი განიცადა; და რადგანაც ის ემსახურება პრივილეგირებულ ელიტებს და უგულებელყოფს დემოკრატიული სახელწმიფოს როლს საჯარო ინტერესების განხორციელებაში, ის არსობრივად ანტიდემოკრატიული სისტემაა.

მომაკვდავი ნეოლიბერალიზმი

ნეოლიბერალიზმის საფუძველს ფინანსური სისტემის უკონტროლოდ მიშვება წარმოადგენს. 1980-2014 წლებში, ფინანსური სისტემა რეალურ ეკონომიკასთან შედარებით 6-ჯერ გაიზარდა. ამ ფუნდამენტალისტური რწმენის მამოძრავებელი მოსაზრება იმაში მდგომარეობს, რომ კომპანიების დირექტორთა (CEO) ერთადერთი მოვალეობა მოკლევადიანი მოგებების მაქსიმიზაცია და ფასებისა და დივიდენდების განაწილებაა. მსგავსი დამახინჯებული მოტივებით მართლდება ის ფაქტი, რომ აღმასრულებლების ხელფასები, რომელსაც ბონუსებიც ემატება, 300-ჯერ აღემატება მშრომელთა საშუალო ხელფასს.

ასეთი მიმართება, სხვა სექტორებთან შედარებით ძალიან მაღალია, თანაც, ფულის მენეჯმენტი არ ქმნის ახალ ღირებულებას. საბოლოოდ, ეს ფინანსური სისტემა აღმოჩნდა მთავარი მილსადენი, რომლის მეშვეობითაც საზოგადოების პროდუქტიული სექტორიდან უწყვეტ ნაკადად მიედინება ფინანსური ელიტებისაკენ შემოსავლები და სიმდიდრე,  99%-დან 1%-სკენ. შრომის წილი გლობალურ მშპ-ში, ყოველწიურად რამდენიმე ასეული მილიარდით ეცემა, იმ ფონზე, როცა  დრამატულად გაიზარდა 1%-ის შემოსავლების/სიმდიდრის წილი.

მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში სამუშაო ადგილების შექმნის მაჩვენებელი 67%-ია, თუმცა ისინი ბანკებისგან სესხების მცირე ნაწილს ღებულობენ. მათი მიზნის – მოკლევადიანი მოგების მიღების – მისაღწევად, ბანკები სესხებს აბანდებენ გაცვლითი ბირჟების სპეკულაციებსა და უძრავ ქონებებში, რაც ზრდის ნომინალური აქტივების ღირებულებას : ქმნის და ზრდის ფინანსურ ბუშტებს და უფრო მეტად ამდიდრებს მდიდრებს.

სწორედ ამის გამო მიაღწია უთანასწორობამ საზოგადოებაში ძალიან მაღალ დონეს:  მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან, ხოლო ღარიბები ყოველდღიურად უფრო ღარიბდებიან; ამიტომაა ხანგრძლივი უმუშევრობა სისტემური პრობლემა, ამიტომ იზრდება სიღარიბე, ამიტომ მცირდება საზოგადოებაში სოციალური კონტრაქტის როლი და იზრდება პოლარიზაცია. მაშინ როცა ჩვენი ლიდერები ვერ გვთავაზობენ დამაჯერებელ გამოსავალს, საზოგადოებაში იზრდება უკმაყოფილებები, აღშფოთება, ბრაზი და უნდობლობა. ჩვენი დემოკრატია პლუტოკრატული ელიტების ტყვეობაშია.

უპასუხისმგებლო ფინანსები და სოლიდარობა

ეს არასტაბილური ფინანსური სისტემა უპასუხისმგებლო და მერყევია, პანიკურად რეაგირებს მცირე პრობლემებზე, მაშინ როცა უკან იტოვებს გლობალურად გამოწვეულ პრობლემებს: ჩამოშლილ ვალუტებს, გაკოტრებულ ბანკებს, სახელმწიფო გაკოტრებებს და სხვების მიერ გადასახდელი ვალების მთებს. კავშირი მათ თავისუფლებასა და პასუხსიმგებლობას შორის მთლიანად დარღვეულია. 2008 წლის კრიზისის შემდეგ, სისტემა კვლავ იგივე მოდელზე აეწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიმყოფებით გრძელვადიან რეცესიაში, უფრო მეტიც, ველოდებით ახალ კრიზისს. ხალხი, რომელიც შედეგებით დაზარალდა, ელოდება რეალურ გადაწყვეტილებებს – რადიკალურ რეფორმებს.

რა არის ჩვენი სოციალ-დემოკრატიული პასუხი ამგვარ დაურეგულირებელ კაპიტალიზმზე? ნორდიკული მოდელის საბაზისო ელემენტების დანერგვა, როგორც პასუხი გასული საუკუნის ომებს შორის მომხდარ დიდ სოციო-ეკონომიკურ ძვრებზე. დასავლეთში ჩვენ გავხდით მომსწრე დაურეგულირებელი კაპიტალიზმისგან გამოწვეული ბაზრის კრახისა და დიდი დეპრესიის, ხოლო აღმოსავლეთში – საბჭოთა კომუნიზმის ექსპერიმენტის: პოლიციური სისტემის მიერ მართული ცენტრალიზებული მბრძანებლური ეკონომიკის, რომელიც აუქმებდა ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას.

ჩვენ უარვყავით ორივე. გადავწყვიტეთ გავყოლოდით მესამე გზას. სადაც შესაძლებელი იყო, იქ ვაღიარეთ კონკურენტული საბაზრო სისტემის ვარგისიანობა, რესურსების გადანაწილება და სიმდიდრის შექმნა. მაგრამ, ბაზრების დამახინჯების (მონოპოლიები, სიმდიდრის კონცენტრაცია, ბუშტების გაბერვა) თავიდან ასაცილებლად, ისინი მკაცრ დემოკრატიულ კონტროლს დავუქვემდებარეთ. ჩვენ მიზნად დავისახეთ საზოგადოების უზრუნველყოფა განათლებით, ჯანდაცვით და კომუნალური/მუნიციპალური სერვისებით (ენერგეტიკა, წყალი, საჯარო ტრანსპორტი და ა.შ.).

საშუალებები ნაცნობია:  სოციალური დაზღვევა (ავადმყოფობის, ინცინდენტების, სიბერისა და უმუშევრობის დაზღვევა), პროგრესული გადასახადებით დაფინანსებული ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლება, მათზე თავისუფალი ხელმისაწვდომობით; უმუშევრობის თავიდან ასაცილებლად შრომის ბაზრის აქტიური რეფორმირების პოლიტიკები და საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა ყველასთვის. ჩვენ აქცენტს ვსვამთ სქესთა შორის თანასწორობასა და მშობელი ოჯახების მტკიცე მხარდაჭერაზე. ეს ყველაფერი წარმოადგენს რედისტრიბუციის პოლიტიკებს წარმოადგენს, რაც მიზნად თანასწორობისა და სოციალური მობილობის ზრდას ისახავს –  არა  ქველმოქმედების, არამედ ადამიანის უფლებების კონტექსტში.

ამ ყველაფრის შედეგი კი არის საზოგადოება, სადაც შემოსავლების თანასწორობა და სიმდიდრე იმაზე დიდია, ვიდრე სხვა ნებისმიერ ადგილას. ეს ნიშნავს, რომ ინდივიდუალური თავისუფლება არ არის რამდენიმე ადამიანის პრივილეგია, არამედ ემანსიპაციის საშუალება – ბევრისათვის. სოციალური მობილობა – შესაძლებლობა საზოგადოებაში დაწინაურებისა,- ნორდიკულ ქვეყნებში გაცილებით დიდია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, თუ შენ კარგად მუშაობ და თამაშობ წესების მიხედვით. ნორდიკულმა მოდელმა ჩაანაცვლა ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც შესაძლებლობათა განხორციელების სივრცე.

ეს ერთადერთი სოციო-ეკონომიკური მოდელია, რომელიც გასულ საუკუნეში წარმოიშვა და გაუძლო XXI საუკუნის მიერ მოტანილ გლობალურ წინააღმდეგობებს .

რატომ მუშაობს ნორდიკული მოდელი

ნეოლიბერალური კრედოს თანახმად, კეთილდღეობის სახელმწიფო თავისი მაღალი პროგრესული გადასახადებითა და ძლიერი საჯარო სექტორით არაკონკურენტუნარიანია. სახელმწიფო ინტერვენციები ანელებენ ეკონომიკურ ზრდასა და ინოვაციებს, შედეგად კი ვიღებთ სტაგნაციას. ქვედა ზღვარი: დინამიურობის ნაკლებობიდან გამომდინარე, გრძელვადიან პერიოდში, კეთილდღეობის სახელმწიფო მიიჩნევა მერყევ სისტემად, ხოლო სახელმწიფო ბიუროკრატიის ზრდა ხელს უშლის ინდივიდუალურ თავისუფლებას, რაც აუცილებლად დასრულდება ტოტალიტარული სახელმწიფოთი (ჰაიეკი).

დღესდღეობით, ჩვენ უფრო კარგად ვერკვევით საკითხში. ფაქტები თავისით საუბრობენ. მნიშვნელობა არ აქვს, რა კრიტერიუმებით შევაფასებთ, ნორდიკული მოდელი უცვლელ ადგილს იკავებს ლიგის სათავეში.

ეს უფრო მეტად ეკონომიკურ მდგომარეობას ეხება, ვიდრე სხვა კრიტერიუმებს: ეკონომიკური ზრდა, კვლევები და განვითარება, ტექნოლოგიური ინოვაციები, თითოეული სამუშაო საათის პროდუქტიულობა, სამუშაო ადგილების შექმნა, შრომის ბაზარში ჩარევა (განსაკუთრებით ქალების შემთხვევაში), სქესთა თანასწორობა, განათლების დონე, სოციალური მობილობა, სიღარიბის ნაკლებობა, ჯანმრთელობა და ცხოვრების ხანგრძლივობა, სუფთა და დაუბინძურებელი გარემოს ხელმისაწვდომობა, მაღალი დონის ინფრასქრუქტურა, ცხოვრების ყოველისმომცველი ხარისხი. ასევე, სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლები უთანასწორობა და აქტიური დემოკრატია. სხვა რა გნებავთ, მეტი?

რა იწვევს ამ ყველაფერს? მთლიანი ძალისხმევის მიმართვა ფინანსური ელიტების წინააღმდეგ, რათა შევაკაოთ უთანასწორობის ძალა და შევინარჩუნოთ დემოკრატიის ძალაუფლება; ევროპელი ახალგაზრდებისადმი ურყევი სოლიდარობა, რომლებიც ბედის ანაბარა, უნუგეშოდ დარჩნენ უმუშევართა რიგებში; ბრძოლა გარემოს შენარჩუნებისა და ამ პლანეტაზე ჩვენი საერთო მომავლისთვის.

სამი ძირითადი გამოწვევა, რომელიც უახლოეს მომავალში გველის:

  1. კორუფციული ფინანსური სისტემის გაწმენდა  და მისი თავიდან დაქვემდებარება დემოკრატიული კონტროლისადმი;
  2. სუფთა და განახლებად ენერგიაში მასიური ინვესტიციების განხორციელება, რათა ჩავანაცვლოთ საწვავი, როგორც ჩვენი ეკონომიკის სისხლიანი ნაწილი. ეს საკითხი წარმოადგენს სასწრაფოდ მოსაგვარებელ საკითხს, რაზეც სოციალ-დემოკრატებმა და გარემოს დამცველებმა ერთობლივად უნდა იმუშავონ, რათა გადაარჩინონ ჩვენი პლანეტა;
  3. იმ ტექნოლოგიური რევოლუციების შედეგებთან გამკლავების დაგეგმვ, რომლებიც ახლა მიმდინარეობს ჩვენს ირგვლივ (ავტომატიზაცია, ინფორმაციული ტექნოლოგიები, გაციფრულება).

ავტომატიზაციით გამოწვეულ მასიური და სისტემური უმუშევრობის პერსპექტივები, ასეთ საზოგადოებებში საჭიროებენ რადიკალურ გადაწყვეტილებებს შემოსავლების გადანაწილებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს პასუხისმგებლობების მხრივ. დღის წერიგში უნდა დადგეს შემოთავაზებები საყოველთაო მინიმალური საბაზისო შემოსავლების შესახებ. ეს არის გიგანტური საკითხი, რომელსაც სჭირდება კარგად დაგეგმილი სოციალ-დემოკრატიული გადანაწილების პოლიტიკა, როგორც დაურეგულირებელი კაპიტალიზმის პოლიტიკის შესაძლებლობებისგან შორს მდგარი გადაწყვეტილება.

ზემოთ მოყვანილი სამი პრობლემა, ისევე როგორც მათი გადაჭრის გზები ერთმანეთთან კავშირში არიან. წარმატების მიღწევის წინაპირობას წარმოადგენს ევროპელი სოციალ-დემოკრატების, პროფესიული კავშირების, გარემოს დამცველებისა და უგულებელყოფილი, რადიკალური მემარცხენე ახალგაზრდების პოლიტიკური ალიანსი. ამის “საგზაო ნიშნები” უკვე არსებობს.

გავიხსენოთ შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერისა და გასული საუკუნის უდავოდ დიადი რეფორმისტის, ტაგე ერლანდერის დევიზი: „ბაზარი კარგი მსახურია, მაგრამ  აუტანელი მბრძანებელი’’. ამ მოსაზრებას დაეთანხმა რომის პაპი ფრანცისკეც, როდესაც განაცხადა:

“ძველი პერიოდის, ოქროს ხბოს მსახურებამ ახალი სახე შეიძინა ფულის მიმართ კულტისა და ფინანსური ბაზრების დიქტატორობის სახით, რომლებსაც არ გააჩნიათ არავითარი სახე და მოკლებულნი არიან ჰუმანურ მიზნებს. ფული უნდა მსახურობდეს და არა მბრძანებლობდეს.”

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ