3. სოციალ-დემოკრატიის იდეების განვითარება
სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას ბევრი საწყისი აქვს. თავიდან მის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს XIX საუკუნის კლასიკოსებმა, მაგრამ, ლიბერალური და ჰუმანისტური დისკუსიებიც ძალზე მნიშვნელოვანი იყო.
XIX საუკუნეში – ბრძოლის წლებში, დიდი იყო გერმანული სოციალ-დემოკრატიის დებატების გავლენა, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში სოციალური პოლიტიკის გარშემო წარმოებული ბრიტანული დისკუსიების დრო დადგა. სოციალ-დემოკრატიული თეორიის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი – სახალხო მოძრაობის გააზრება – სათავეს იღებს შვედური, ისტორიული, გლეხური თვითმმართველობიდან. ეს თვითმმართველობა თავდაპირველად თავისუფალი ეკლესიისთვის ბრძოლაში და ანტიალკოჰოლურ კამპანიაში გადაიზარდა, ხოლო საბოლოოდ, აქედან მუშათა მოძრაობა წარმოიშვა.
სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგია პოლიტიკური მოძრაობის ჩვენეულ გამოცდილებას დაეფუძნა. თეორიებმა პრაქტიკული აპრობაცია გაიარეს. ისინი ვითარდებოდნენ, იცვლებოდნენ, ხანდახან კი საერთოდ წყვეტდნენ არსებობას.
ბრძოლის წლებში საბოლოოდ გადაწყდა იმხანად ყველაზე აქტუალური თავისუფლებისა და თანასწორობის პრობლემები, მაგრამ, მათი ადგილი სხვა საკითხებმა დაიკავეს. მათ აზროვნების ახალი წესი და პოლიტიკური მუშაობის ახალი მეთოდები მოითხოვეს. იდეოლოგია სტატიკური არ არის – მართალია, ძირითადი ფასეულობები უცვლელია, მაგრამ მათი განხორციელებისთვის აუცილებელი ფორმები და მეთოდები საზოგადოებასთან ერთად იცვლება.
სოციალ-დემოკრატიის გარშემო შემოკრებილი მშრომელებისა და XIX საუკუნის დასასრულის პროფკავშირული მოძრაობის ძირითადი მოთხოვნა იყო პოლიტიკური ძალაუფლებისა და მატერიალური კეთილდღეობის უფრო სწორი და სამართლიანი გადანაწილება. სოციალიზმის თეორიის კლასიკოსების მიხედვით, ეს წარმოების საშუალებების სოციალიზაციის (სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის) მეშვეობით უნდა მომხდარიყო.
იმ დროიდან დღემდე სოციალ-დემოკრატიული იდეა სოციალიზაციის თეორიიდან უფრო მრავალმხრივ და დიფერენცირებულ, გადაწყვეტილებათა დემოკრატიულად მიღების მოდელამდე მივიდა. საკუთარმა პოლიტიკურმა გამოცდილებამ შეგვიქმნა გაღრმავებული წარმოდგენა მრავალმხრივობის, დემოკრატიული და ეკონომიკური მოთხოვნების შესახებ და მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ წარმოების საშუალებების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა ვერ გადაწყვეტს ამ პრობლემებს.
ამის სანაცვლოდ, სოციალ-დემოკრატების მოდელი ბაზარზე დემოკრატიის ძალაუფლების გავრცობას გვთავაზობს. ამიტომ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ ეკონომიკისა და მეწარმეობის წესები შემოვიღოთ, მაგრამ, ამ მოდელის ფარგლებში თვით საწარმოები, მათი თანამშრომლები და მომხმარებლები ისე ურთიერთობენ ერთმანეთთან, როგორც საჭიროდ მიაჩნიათ – ანუ თავიანთი მიზნებისა და პრიორიტეტების თანახმად.
სოციალიზაციის საკითხი დღევანდელ შვედეთში პრაქტიკულად აქტუალური აღარ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სხვა საკითხები – დემოკრატიისა და პოლიტიკის გავლენა ბაზარზე და მშრომელთა გავლენა საწარმოთა მფლობელებისა და კაპიტალისტების გადაწყვეტილებებზე.
ჩვენთან დღემდე მიმდინარეობს დისკუსიები საკუთრების უფლებების საკითხებზე, მაგრამ ახლა აქტიურობენ არა სოციალიზაციის მომხრეები, არამედ ისინი, ვინც ბაზარს უჭერენ მხარს და საზოგადოებრივი საკუთრების პრივატიზაცია სურთ. ასეთი პრივატიზაციის მოტივები იდეოლოგიურ ელფერს ატარებს ისევე, როგორც სოციალიზაციის ორთოდოქსული მოთხოვნები და ხანდახან, სურვილი მიჩნდება ვუთხრა ამ ადამიანებს, რომ მათი პრეტენზიები ასევე ძალიან შორს დგას რეალობისგან.
სოციალ-დემოკრატიისთვის საკუთრების უფლების პრობლემა არის არა იდეოლოგიის, არამედ საბოლოო მიზანთან შესაბამისობის საკითხი. საერთოდ იდეური დებატებისთვის მნიშვნელოვანია მიზნებისა და საშუალებების ერთმანეთისაგან გამიჯვნა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, საშუალებებსა და მეთოდებს არა აქვთ იდეოლოგიური დატვირთვა. იდეოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია არა თვით მეთოდი, არამედ ის, თუ რა მიზნის განხორციელებას ემსახურება იგი. სოციალ-დემოკრატიული გაგება არ შეესაბამება ორთოდოქსულ იდეურ მემკვიდრეობას, რომლის მიხედვითაც ფლობის კოლექტიური უფლება თვითმიზნად გვევლინება. მეორე მხრივ, ჩვენ არ ვეყრდნობით ბურჟუაზიულ, არსებითად ვიწრო ინტერესებზე დაფუძნებულ, წარმოდგენას, რომ კერძო მფლობელობის უფლება და კერძო დაინტერესება ყველას და ყველაფერს ჯობია. ჩვენ ვამჯობინებთ პრაგმატულად მივუდგეთ პრობლემას – ვსწავლობთ საკითხს და გარემოებებს. ხანდახან მივდივართ დასკვნამდე, რომ კერძო საკუთრება და ინტერესი უფრო მიესადაგება საბოლოო მიზანს, ხანდახან კი პირიქით – საზოგადოებრივ მფლობელობასა და წარმოებას ვირჩევთ.
ქვემოთ ჩვენ აღვწერთ თუ როგორ შეიცვალა სოციალ-დემოკრატიის შეხედულებები ეკონომიკაზე ძალაუფლების დამყარების საკითხში – სრული სახელმწიფო საკუთრებიდან დემოკრატიულ კონტროლამდე და მეთვალყურეობამდე. ამას თან ვურთავთ დისკუსიას დემოკრატიისა და ბაზრის, აგრეთვე დამსაქმებელთა (საწარმოების) და მუშების ურთიერთობების შესახებ.
მარქსიზმი
კარლ მარქსმა (1818-1883) უდიდესი როლი ითამაშა სოციალისტური თეორიის ჩამოყალიბებაში. მისი მსოფლმხედველობა XIX საუკუნის მეორე ნახევრის პოლიტიკურ-ფილოსოფიური დისკუსიებიდან განვითარდა. მარქსმა თავისი თხზულებების უმრავლესობა ფრიდრიხ ენგელსთან (1820-1895) ერთად დაწერა. შემდგომი თაობებისთვის მარქსის მემკვიდრეობა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე თანამედროვეთათვის. მარქსის პერიოდშივე ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ თეორეტიკოსები, რომლებმა არანაკლები გავლენა მოახდინეს იმდროინდელ შეხედულებებზე. დავასახელებთ ზოგიერთ მათგანს – ბებელი, ლასალი, გერმანელი, ე.წ. ,,კათედრალური სოციალისტები“. მათი თხზულებების მთავარი თემა, ისევე, როგორც მარქსისა, იყო კაპიტალიზმისა და მის მიერ შექმნილი სოციალური წინააღმდეგობების კრიტიკა.
ეს თეორეტიკოსები სხვადასხვაგვარად აფასებდნენ იმას, თუ როგორ ინდა ებრძოლათ ამ მოვლენის წინააღმდეგ და შესაბამისად, კაცობრიობის მომავალსაც განსხვავებულად ხედავდნენ.
მარქსის თეორიებმა გააგრძელეს ცხოვრება პოლიტიკურ დებატებში, საბჭოთა კავშირის აღმოცენების შემდეგ კი მსოფლიო მნიშვნელობა შეიძინეს.
შვედეთის ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატიამ, მარქსის თეორიებზე დაყრდნობით, აგრეთვე ჩამოაყალიბა საზოგადოების მისეული გაგება, მაგრამ, ჩვენი იდეოლოგების მსოფლმხედველობაზე გავლენა იქონიეს სხვა თეორეტიკოსებმაც – მაგალითად იგივე „კათედრალურმა სოციალისტებმა“. შესაძლოა, ეს საკუთრივ შვედური სპეციფიკა იყო.
პროფკავშირების მიმართ გამოხატულად პოზიტიური დამოკიდებულება არ ეთანხმებოდა მარქსის ორთოდოქსულ განმარტებას. ამაში შვედური სახალხო მოძრაობის აშკარა გავლენა შეიძლება დავინახოთ. ეს მოძრაობა ძველი გლეხური საზოგადოების ლოკალური თვითმმართველობიდან მოდის. სოციალ-დემოკრატიამ მარქსის თეორიები თავისი გამოცდილების შესაბამისად შეცვალა და შვედეთის სპეციფიკას მიუსადაგა. ასე მოხდა სხვა ქვეყნებშიც. ეს მოდელები ამ ქვეყნების იმდროინდელი საზოგადოებების გავლენას განიცდიდნენ. ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელმაც მარქსისტული შეხედულებები გაიზიარა, თავისებურად გადაამუშავა ისინი.
თანამედროვე ტერმინოლოგიას თუ მოვიშველიებთ, მარქსი ისტორიკოსი, სოციოლოგი და ეკონომიკის სპეციალისტი იყო. ამ დარგებში მის დროს ბევრი სხვა მეცნიერი მოღვაწეობდა, მაგრამ მარქსის ისტორიულ-მატერიალისტურმა მიდგომამ დიდი გავლენა მოახდინა იმ ეპოქის მეცნიერულ აზროვნებაზე. ზოგი მისი თეორია თანამედროვე სოციოლოგიისთვისაც მნიშვნელოვანია. კაპიტალიზმის მისეული გამოკვლევის ზოგიერთი ნაწილი მუდმივად აქტუალურია – მაგ. კაპიტალის კონცენტრაციის ტენდენცია, მაგრამ, ამავე დროს, დამატებითი ღირებულების თეორიამ უკვე დიდი ხანია დაკარგა მნიშვნელობა.
მიუხედავად იმისა, რომ მარქსი აქტიურ მონაწილეობას იღებდა თავისი დროის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მისი თეორია (ანუ ის, რასაც მარქსიზმს ვუწოდებთ) არ არის არც პოლიტიკური იდეოლოგია და არც სამოქმედო პროგრამა. იგი წინააღმდეგი იყო იმისა, რომ მისი შემოქმედება ამ მიზნით ყოფილიყო გამოყენებული (ერთხელ მან თვის თავზე თქვა – „მე მარქსისტი არა ვარ“). ფრიდრიხ ენგელსთან ერთად მან შექმნა საზოგადოებრივი განვითარების კანონზომიერებათა ისტორიულ-ფილოსოფიური თეორია და ევროპის ეკონომიკურ ისტორიაზე დაყრდნობით, გააკეთა ზოგიერთი დასკვნა იმის შესახებ, თუ რა გზით შეიძლებოდა წასულიყო ეს განვითარება მომავალში.
„მთელი ისტორია – კლასობრივი ბრძოლის ისტორიას წარმოადგენს“ – წერია „კომუნისტური პარტიის მანიფესტში“. კლასობრივი ბრძოლის ცნება წარმოების საშუალებებისთვის, წარმოების პროდუქტების განაწილებისთვის ეკონომიკურ ბრძოლაზე მიუთითებს. ეს არის ბრძოლა ორ კლასს შორის, რომელთაგანაც პირველი აკონტროლებს წარმოების მთავარ საშუალებებს, ხოლო მეორეს არა აქვს ამ საშუალებებზე ძალაუფლება. მარქსთან სიტყვა „კლასი“ გამოიყენება წარმოების პროცესში (პირველ რიგში წარმოების საშუალებების ფლობის საკითხში) სხვადასხვა ჯგუფების პოზიციების განსაზღვრისთვის და არა როგორც სოციალური დახასიათება.
ეს ბრძოლა მუდმივად ამოძრავებს ისტორიას, მაგრამ ძალაუფლების სტრუქტურის ცვლილება არ ხდება იქამდე, სანამ ახალი ტექნიკა და ეკონომიკური პირობები წარმოების საშუალებების ახალ ტიპებს არ შექმნის.
ის კლასი, რომელიც ამ ახალ საწარმოო რესურსებს აკონტროლებს, იღებს ხელში ძალაუფლებას და ჩაგრავს კლასს, რომელიც ძველი წყობის დროს იყო გაბატონებული. ამის მაგალითია ის ცვლილებები დასავლეთ ევროპის ეკონომიკაში, რომლებიც XVIII საუკუნეში მოხდა. ტექნიკისა და ვაჭრობის განვითარებამ ფული მიწაზე უფრო მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსად აქცია. დაიწყო ძველი სამიწათმოქმედო არისტოკრატიის გამოდევნა, ვაჭრებისა და მეწარმეების მზარდმა საშუალო კლასმა კი უპირატესობა მოიპოვა.
მარქსისთვის კლასობრივი ბრძოლის საბოლოო მიზანი სოციალისტური საზოგადოება იყო. ამ საზოგადოებაში წარმოების საშუალებები საზოგადოებრივ საკუთრებად უნდა ქცეულიყო. ამდენად, მისი აზრით, შეწყდებოდა ბრძოლა მათი მოპოვებისთვის.
ეს შედეგი უნდა დამდგარიყო იმიტომაც, რომ საწარმოო ძალების განვითარების მეშვეობით მიღწეული იქნებოდა ისეთი ეფექტურობა, რომ რესურსები ყველას ეყოფოდა და მათი გადანაწილებისთვის ბრძოლა აზრს დაკარგავდა. შესაბამისად, მარქსის აზრით, კაპიტალიზმი იყო სოციალიზმის წინამორბედი უკანასკნელი სტადია, რომელსაც მძლავრი საწარმოო ძალების ამოძრავება შეეძლო.
მაგრამ, ვინაიდან კაპიტალიზმს არ შეეძლო მოეთოკა ეს ძალები და სამართლიანად გადაენაწილებინა წარმოების პროდუქტები, ამას უეჭველად უნდა გამოეწვია სოციალური დაძაბულობა და ეკონომიკური კრიზისები, რომლებიც საზოგადოებას ააფეთქებდნენ. მარქსი ვარაუდობდა, რომ უკანასკნელი კლასობრივი ბრძოლა ბურჟუაზიასა და მუშათა კლასს შორის დამთავრდება მაშინ, როდესაც გაიმარჯვებს პროლეტარული რევოლუცია, წარმოების საშუალებები კოლექტიური გახდება და შეიქმნება უკლასო საზოგადოება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკლასო საზოგადოება და წარმოების საშუალებათა კოლექტივიზაცია უნდა ყოფილიყო არა გააზრებული პოლიტიკური პროგრამის, არამედ ტექნიკური და ეკონომიკური განვითარების შედეგი. „არავითარი წარმოების წესი არ ქრება იქამდე, სანამ თავის პოტენციალ არ ამოწურავს“ – წერდა მარქსი ნაშრომში „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის“; ე.ი. საზოგადოების გარდაქმნა ვერ მოხდება მანამდე, სანამ ამისათვის არ მომწიფდება ეკონომიკური პირობები. სინამდვილეში, მარქსისტული თეორია უარყოფს პოლიტიკას, როგორც საზოგადოებაში არსებითი ცვლილებების მიღწევის საშუალებას. ვიმეორებ – ასეთი ცვლილებები მარქსის აზრით მხოლოდ ტექნიკური და ეკონომიკური პროცესების შედეგად შეიძლება მოხდეს. ეს პროცესები კი მყარ შინაგან ლოგიკას ემორჩილება.
ჩუმად ჯდომა და განვითარების შედეგების ლოდინი, განსაკუთრებით თუ ეს განუსაზღვრელ მომავალში უნდა მოხდეს, ვერაფერი ნუგეში და მოქმედების პროგრამაა, პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, ვისი ცხოვრების პირობებიც გაუსაძლისია, ხოლო ცვლილებების მოთხოვნილება – უსაზღვრო. სწორედ ამიტომ, XIX საუკუნეში გაჩნდა პოლიტიკური სტრატეგიები, რომლებიც ცდილობდნენ განვითარებისთვის ფეხი აეწყოთ. ზოგი მარქსის ძირითადი თეორიის გადამუშავებულ ვარიანტს წარმოადგენდა, სხვებმა უფრო თავისუფალი და ექსტრემალური გზები იპოვეს, ამან კი დღის წესრიგში ახალი პოლიტიკური დასკვნები დააყენა.
რევოლუცია თუ რეფორმები?
დისკუსიები ნათლად მოწმობდა, რომ XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე ევროპისა და რუსეთის სოციალისტური პარტიები ორ ძირითად ჯგუფად – რევოლუციონერებად და რეფორმისტებად იყოფოდა.
რევოლუციურ პარტიებს უნდოდათ დაეჩქარებინათ განვითარება ძალადობრივი გადატრიალების გზით. მათ არ სურდათ დალოდებოდნენ საწარმოო ძალთა ცვლილებას, რაც, მარქსის აზრით, რევოლუციის წინაპირობას წარმოადგენდა. მართლაც – რა საჭიროა ლოდინი, თუკი ისედაც ცნობილია როგორი იქნება დამამთავრებელი ფაზა? რატომ არ შეიძლება დროის დაუკარგავად მასზე დაუყოვნებლივ გადავიდეთ?
რეფორმისტული მიმართულება კი ცდილობდა დაეწყო ცვლილებები და დროულად გაეუმჯობესებინა მდგომარეობა, შეეცვალა მუშათა კლასის ცხოვრების პირობები. იგი უარყოფდა ძალადობრივ გადატრიალებას და ხედავდა თანასწორუფლებიან და სამართლიან საზოგადოებასთან თანდათანობითი მიახლოების შესაძლებლობას. თუ კაპიტალიზმმა უკვე შექმნა საწარმოო ძალები, რატომ ველოდოთ აფეთქებას, თუკი შიძლება შედეგების უფრო მოხერხებული გზით გადანაწილება? რატომ არ უნდა დავიწყოთ ეს პროცესი დაუყოვნებლივ?
პარტიებს, რომლებმაც რევოლუციური სტრატეგია აირჩიეს, მოგვიანებით კომუნისტური პარტიები ეწოდათ (რევოლუციური თეორიის პრაქტიკული განხორციელება მხოლოდ რუსეთში გახდა შესაძლებელი), ხოლო მათ, ვინც რეფორმების გზა აირჩიეს, სოციალ-დემოკრატები დაერქვათ. ამ ორი მოდელის განვითარება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.
სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა თავიანთი არსებობის დასაწყისშივე ამომრჩევლების დიდი ჯგუფები შეაგროვეს და ადრევე მიაღწიეს საპასუხისმგებლო მდგომარეობას სკანდინავიური ქვეყნების მთავრობებში. გარკვეული დროის შემდეგ იგივე მოხდა დიდ ბრიტანეთშიც და დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში. მას შემდეგ აქ ბურჟუაზიული და სოციალ-დემოკრატიული მთავრობები ერთმანეთს ცვლიდნენ.
ბუნებრივია, რომ სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვაგვარად ვითარდებოდნენ, მაგრამ სოციალ-დემოკრატიის ძლიერმა პოზიციებმა მსგავსების ბევრი ნიშანი შექმნა. უზრუნველყოფის მყარი სისტემა იძლევა განათლების, ჯანდაცვის და პენსიის მიღების შესაძლებლობას, სთავაზობს ადამიანებს ეკონომიკურ დაცვას ავადმყოფობისა და უმუშევრობის დროს. წარმოება საბაზრო პრინციპებს ეფუძნება, სოციალური სამსახურები – ჯანდაცვა და განათლება – გამონაკლისია. თამაშის წესები – უზრუნველყოფის ფარგლები დგინდება პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგად, რათა საზოგადოების ინტერესებისადმი ყურადღება გარანტირებული იყოს (მაგალითად, როგორც გარემოს დაცვის მოთხოვნის დროს).