ქართველობის და საქართველოს კონსერვაციის (შენარჩუნების, დაცვის) პოლიტიკა

24829337_1512037995576912_352182446_nავტორი: ქეთი თადიაშვილი – ოტავას უნივერსიტეტის (კანადა) განვითარების მიმართულების  (Develoment Studies) მაგისტრანტი. 

►  ჩვენს პორტალზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ავტორის სხვა წერილიც : “ნენსკრა ჰესის პოლიტიკური ეკონომია”.

© European.ge

პირველ რიგში, განვმარტავ. თუ რას მოიაზრებს წერილი “ქართველობის” და “საქართველოს” კონსერვაციაში :

  1. ქართველობის დაცვა ეხება და ეხმაურება იმ პოპულარულ საკითხს, რომელიც, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ქართველი მოსახლეობის დიდ ნაწილს გააჩნია სენტიმენტი, რომელიც ძირითადად ფორმულირებულია, როგორც “ქართველობის წართმევა”, “ქართველობის დაკარგვა” და ასე შემდეგ. ზოგადად, ეს სენტიმენტი (მისი ფორმულირებებიცა და რიტორიკაც) გამოხატავს მოწყვლადი, საფრთხეში მყოფი კულტურის პოზიციას, რომელსაც საზოგადოებაში თუ საზოგადოების გარეთ მოქმედი უცხო ძალები აქტიურად რიყავენ და ავიწროებენ.
  2. საქართველოს კონსერვაცია მოიაზრებს ადგილობრივი ეკოლოგიური და გეოფიზიკური  გარემოს დაცვას, რომელიც, ბოლო წლებში, საზოგადოებაში აქტიური განხილვის საგანი გახდა – იქნება ეს ურბანული აქტივიზმი მწვანე სივრცეების შესანარჩუნებლად, თუ რეგიონული პროტესტები, რომლებიც მიმართულია დიდი, დესტრუქციული პროექტების წინააღმდეგ, როგორიცაა ჰესები და სხვა ენერგო ინფრასტრუქტურა.

რადგან განვმარტე მნიშნველობები, შესავლისათვის ვიტყვი, რომ ამ თემების აქტუალურობა საქართველოსთვის უნიკალური არ არის, არამედ, უფრო მეტად ზოგადი სიტუაციაა, განსაკუთრებით კი საქართველოს მსგავს, განვითარებად ქვეყნებში [1], რომლებზეც გლობალიზაციის პროცესს განსხვავებული გავლენა აქვს ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით.

ამ სენტიმენტების მიზეზს გლობალიზაციის ახლანდელი ეტაპი წარმოადგენს, როცა დასავლურ (გლობალურ) კულტრას უპრეცედენტო წვდომა და გავლენა აქვს ყველა რეგიონზე და არნახული მასშტაბით მიმდინარეობს ეკოლოგიის ექსპლუატაცია ეკონომიკური მიზნებისთვის.

ამ ორი აქტუალური თემის კონტექსტი: 

ვინაიდან ნებისმიერი საკითხის გათავისებისთვის საჭიროა კონტექსტის გაანალიზება, მოკლედ მიმოვიხილავ, თუ საიდან გამომდინარეობს ეს პროცესები და შესაბამისად, რეაქციები “ქართველობის წართმევასა” და ეკოლოგიურ დეგრადაციაზე:

  1. დასავლური კულტურის გლობალიზაცია, ანუ უნივერსალიზაცია:

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მაკდონალდსი და კოკა-კოლა, ერთეული ქვეყნების გამოკლებით, უკვე ყველგანაა, ისტორიულად თუ შევხედავთ, დასავლური კულტურის გლობალური გავლენა შედარებით ახალი ფენომენია.

განვითარების ის ხედვა, რომ არადასავლურ ქვეყნებს სჭირდებათ მატერიალური (მაგალითად: მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდა), ტექნიკური (მაგალითად: ინდუსტრიული წარმოების გავრცობა) და ასევე კულტურული განვითარება (მაგალითად: ტოლერანტობის და სხვა ღირებულებების დანერგვა), – რაშიც დასავლეთის ქვეყნები და ინსტიტუტები დაეხმარებიან და გაუძღვებიან, – მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოიშვა,  ტრუმენის პრეზიდენტობის დროს.

ცივი ომის კონტექსტმა განაპირობა ის, რომ მაშინდელი ორი ჰეგემონიური ძალა, – ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი, – თავიანთი განსხვავებული იდეოლოგიების გავრცობაზე და გავლენიანობის მოპოვებაზე მუშაობდნენ.

დასავლური განვითარების ინსტიტუტები, – მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავალუტო ფონდი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ასე შემდეგ –  1960-70იანი წლებიდან მუშაობენ და გავლენა აქვთ ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა ინდოეთი, განა, კოლუმბია და სხვები, სადაც კომუნისტური რეჟიმები არ დამკვიდრებულა. ვინაიდან საქართველო, პოსტ-კომუნისტური ქვეყანა,  მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი ამ ორგანიზაციებისთვის და საერთოდ განვითარების ამ ხედვისთვის, სწორედ 1991 წლიდან დაიწყო საქართველოს ინტეგრაცია არსებულ გლობალურ რეჟიმში. საქართველოს ეკონომიკურმა გახსნილობამ და დერეგულაციების გაღრმავებამ, რაც განსაკუთრებულად და უპრეცედენტოდ განაპირობა “ვარდების რევოლუციამ”, მოიტანა ის საფრთხეები, რასაც საქართველოს მოქალაქეები გრძნობენ თავიანთ სოციო-კულტურულ ვინაობასთან მიმართებაში.

  1. ეკონომიკური ზრდა და ეკოლოგიური დეგრადაცია:

ოფიციალურად, ჯანსაღ გლობალურ ეკონომიკად მიიჩნევა წლიურად მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 3%-ით ზრდა, ანუ, ყოველ 20 წელიწადში დაახლოებით, ჩვენი გლობალური ეკონომია უნდა გავაორმაგოთ და შესაბამისად უნდა გავაორმაგოთ (გავაბევრმაგოთ) მანქანების წარმოება, სახლების შენება, ბუნებრივი რესურსების ექსტრაქცია, საჭმლის წარმოება და ზოგადად, ყველა ეკონომიკური აქტივობა. ეს უსასრულო ზრდის ციკლი ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში მოდის გარემოს დაცვის პრინციპთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბუნებრივი რესურსები ამოწურვადია, კაპიტალის მთავარი პრინციპი კი ამოუწურავი ზრდაა. პოლიტიკურად დაუცველი ქვეყნები თუ ტერიტორიები ყველაზე მოწყვლადები არიან ეკოლოგიური ექსპლუატაციისთვის.

ზემოთ აღწერილმა საქართველოს პოსტ-საბჭოთა დამოუკიდებლობამ და 1991 წლიდან გლობალიზებურ რეჟიმში ჩართულობამ, გარკვეული ეკოლოგიური რეალობა მოიტანა. ეკონომიკურმა გახსნილობამ ავტომატიურად გამოიწვია ეკოლოგიური გახსნილობაც, რაც პრაქტიკაში გვევლინება, როგორც უცხოური კაპიტალის ადგილობრივ რესურსებზე შეუფერხებელი წვდომა, კერძო მოგების მიზნებისთვის.

ჩვენი პოლიტიკური გამოსავალი: პროტექციონიზმი

პროტექციონიზმი პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის გარკვეულ წილად ჩაკეტვას მოიაზრებს იმ მიზნით, რომ გარე ძალებისა და ძალაუფლების გავლენა მცირე იყოს ამ მოცემულ ქვეყანაზე. პროტექციონიზმის პრინციპი გულისხმობს ძალაუფლების სახელმწიფოს ხელში კონცენტრირებას და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნდამენტურ გავლენას ეკონომიკასა და საზოგადოებაზე. პროტექციონიზმის შემთხვევაში, როგორც ბაზრის, ისე სოციო-კულტურული სივრცის უცხო გავლენებისთვის გახსნა (შეძლებისდაგვარად), მხოლოდ ამ მოცემული ქვეყნის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე ხდება.

მაგალითად, პროტექციონიზმის ქვეშ მყოფმა ჩინეთმა მხოლოდ გარკვეული ეკონომიკური ზონების გახსნა დაიწყო უცხოელი ინვესტორებისთვის 1980-იან წლებში, ისევე როგორც ტაივანმა და სინგაპურმა მხოლოდ გარკვეული სტრატეგიული ინდუსტრიები გახადა ხელმისაწვდომი უცხოური ინვესტიციებისთვის.

იგივე ხდება კულტურის სფეროშიც, სადაც პროტექციის ქვეშ მყოფ ქვეყნებში სამოქალაქო სექტორი ძირითადად ადგილობრივი წყაროებიდან ფინანსდება და შესაბამისად, მეტწილად ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარეობს და მოქმედებს.

პროტექციონიზმი ძალაშია ყველა განვითარებულ ქვეყანაში, რათა  დაიცვან საკუთარი ეკოლოგია – უცხოური კერძო ინტერესებისგან, და ასევე საკუთარი კულტურა, – უცხოური რბილი ძალის გავლენისგან.

ზემოთ მოტანილი მსჯელობის თანახმად, საქართველოში კულტურული ვინაობის შენახვისთვის (და რაც მეტად მნიშნველოვანია, – კულტურული ვინაობის განვითარებისთვის) და ეკოლოგიის, – ანუ ჩვენი სასიცოცხლო ნიადაგის დაცვისთვის, საჭიროა ეკონომიკური ძალაუფლების სახელმწიფოს ქვეშ მოქცევა და სახელმწიფოს ინსტიტუტის გაძლიერება, რომელიც ერთადერთი ეფექტური და მასშტაბური პოლიტიკური მექანიზმია (ქვეყნის მთლიან გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მოქმედების იურისდიქციით და გავლენის წვდომით), და რომელსაც ქვეყნის ინტერესების დაბალანსება და წინ დაყენება შეუძლია, გარე ინტერესებთან მიმართებაში.

ბუნებრივია, რომ ქართულმა კულტურამ უნდა განიცადოს ევოლუცია (კულტურები სულ და მუდამ იცვლებიან). ასევე ბუნებრივია, რომ ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს და ყოველთვის არსებობდა ბრძოლები მეტი პროგრესულობისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია, პროგრესის მნიშნვნელობა არ იყოს ერთი, ანუ ევროცენტრული კულტურული გადმოსახედიდან განპირობებული. ზოგადი პრინციპისათვის, – კულტურაში ის ჩარევებია ლეგიტიმური, რომელსაც მოსახლეობა თავად ახორციელებს გარკვეული სოციალური კონსენსუსის, ან თუნდაც ბრძოლის შედეგად, ხოლო კულტურაში იმგვარი ჩარევები, რომლებიც მიზნად არაადგილობრივი ღირებულებათა სისტემის ჭეშმარიტად შერაცხვას ისახავს და რომელიც ერთი ჰეგემონიური იდეოლოგიის გლობალურად დამკვიდრებას ემსახურება, რა თქმა უნდა, მიუღებელია.

მაგალითისათვის, 1960-70იან წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობდა მასშტაბური საზოგადოებრივი ბრძოლები სოციალური პროგრესისთვის, რამაც  შედეგად ადამიანების უფლებების უპრეცედენტოდ განვითარება მოიტანა. ეს კულტურული ევოლუცია ფუნდამენტურად ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობიდან მოხდა, გარკვეული მატერიალური და სოციო-კულტურული მომწიფებისა და  განვითარების სხვა ასპექტების შედეგად. განვითარება და  სოციო-კულტურული ბრძოლები საქართველოში  ასეთივე ადგილობრივი სუვერენიტეტით უნდა წარიმართოს.

საქართველოს განვითარება უნდა მოხდეს მთლიანი მოსახლეობის ჩართულობით (და არა სტიგმატიზებითა და გარიყვით ადამიანების ისტორიული და კულტურული ვინაობის გამო. უფრო მეტიც, განვითარება მთლიანად უნდა ეფუძნებოდეს მოცემული ერის ისტორიულ და კულტურულ ვინაობასა და გამოცდილებებს) და უნდა იყოს მდგრადი, რაც არსებითად ნიშნავს ქვეყნის ბუნების ექსპლუატაციას  იმ ფარგლებში, რაც მომავალ თაობებს ჯანსაღ ეკოლოგიურ ნიადაგს შეუნარჩუნებს, რადგან ეს ადამიანებისათვის საარსებოდ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ მიზნებისთვის, ჩვენი პირველი და მთავარი ნაბიჯი ძლიერი სახელმწიფოს შექმნაა, რომელიც გარდაიქმნება მთავარ მექანიზმად ადგილობრივი მაცხოვრებლების, – ანუ ქართველი მოქალაქეების – ინტერესების დაცვისა.

ჩვენთვის საიმედო და გარკვეულ წილად სამაგალითო უნდა იყოს უახლესი ისტორიის მაგალითები, როცა ჩვენს მსგავს განვითარებად ქვეყნებში, სხვადასხვა განსხვავებებით (რადგან ყველა ქვეყნის კონტექსტი განსხვავებულია),  შესაძლებელი გახდა ადგილობრივ განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფოების ჩამოყალიბება. აზიის რეგიონიდან, საიმედოა ინდუსტრიალიზებური აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნების მაგალითები, ლათინო ამერიკიდან კი ბოლივიის, ეკვადორის, კოსტა რიკას და სხვა სახელმწიფოების მაგალითები [2].

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ცვლილებები მუდმივია და ცვლილებები გარდაუვალია; თუმცა ის, თუ როგორი ცვლილებები გვექნება და როგორ ქვეყნად ჩამოვაყალიბებთ საქართველოს, გლობალური კონტექსტის პირობებში, დამოკიდებულია ჩვენს ერთობლივ ნებასა და ერთობლივ აქტიურობაზე.

ჩვენს მოცემულობაში, ეკონომიკური ნაციონალიზმი (რომელიც აუცილებელი პირობაა კულტურისა და ფიზიკური გარემოს დაცვისთვის) ყველაზე ეფექტური და ჯანსაღი ტიპის ნაციონალიზმია.

შენიშვნები:

[1] განვითარებად ქვეყნებად მოვიაზრებთ იმ ქვეყნებს, სადაც ეკონომიკური და ადამიანური განვითარების დონე დაბალია.

[2] აქ არანაირად არ იგულისხმება ის, რომ რომელიმე ქვეყანა უნაკლო ან პირდაპირი მაგალითია საქართველოსთვის. არამედ, საკუთარ სახელმწიფოებრივ პროექტზე ფიქრისას, მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების წარმატებებისა თუ წარუმატებლობის გაანალიზება.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ