ქართული სოფლის განვითარების მხარდაჭერა კომპლექსურ მიდგომებს საჭიროებს

agriculture

► ავტორი: დავით მამუკელაშვილი – ეკონომისტი 

► ფოტო გარეკანზე : The Guardian 

© European.ge

ქვეყნის ეკონომიკის აგრარული სფეროს განვითარება დამოკიდებულია სასოფლო-სამეურნეო საწარმოების ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის სიმყარეზე. განცალკევებული, ინდივიდუალურ სამეწარმეო საქმიანობას მიუჩვეველი, სხვადასხვა ხასიათის მრავალ შიდა თუ გარე პრობლემებთან დაპირისპირებული სოფლის მოსახლეობა უმეტეს შემთხვევაში ვერ ახორციელებს წარმატებით საკუთარ სამეურნეო საქმიანობას. საშუალო და მცირე სასოფლო-სამეურნეო საწარმოების უმრავლესობა ფუნქციონირებს არასტაბილურად და არ შესწევს კრედიტების აღების უნარი საინვესტიციო თუ ინოვაციური საქმიანობის დაფინანსებისათვის. ხშირ შემთხვევაში, ისინი უძლურნი არიან სრულფასოვნად განახორციელონ საკუთარი ვალდებულებები საკრედიტო ურთიერთობებში, ხოლო ეკონომიკური ინსტრუმენტების (ფასები, სავალიტო კურსი, სარეალიზაციო ბაზრის სეგმენტები) არასტაბილურობის მაღალი ხარისხი მკვეთრად ზრდის საინვესტიციო პროექტებში კაპიტალდაბანდების საიმედოობის რისკის ფაქტორს. შესაბამისად, ასეთი საწარმოები უმეტეს შემთხვევაში ვერ ერთვებიან ისეთ სახელმწიფო პროგრამებში, როგორიცაა „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „აწარმოე საქართველოში“ და სხვა. ფინანსური მხარდაჭერის გარეშე კი საშუალო და მცირე სასოფლო-სამეურნეო საწარმოების არსებობა უკეთეს შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ დაბალტექნოლოგიურ დონეზე, რაც საბოლოო ჯამში ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს მათ სამეწარმეო განვითარებას. ამიტომ, მიმდინარე პერიოდში სოფლის მოსახლეობის და ასევე, სასოფლო-სამეურნეო დარგების მდგომარეობა მნიშვნელოვნად აძლიერებს აგრარული სექტორის სახელმწიფო დაფინანსებისა და რეგულირების მოტივაციას.

აგრარული სექტორის სახელმწიფო დაფინანსება და რეგულირება განსხვავდება. სახელმწიფო რეგულირებით ხორციელდება ის ფუნქციები, რომლებიც არ არის უზრუნველყოფილი თვითრეგულირების საბაზრო ბერკეტებით. ამ ორი მექანიზმის ოპტიმალური და ბალანსირებული მოქმედებით მიიღწევა ფინანსური სტიმულირების ეფექტური მართვა, რომელიც ხდება დაფინანსებული ყველა სუბიექტის ეკონომიკური ინტერესების მაქსიმალური (გარანტირებული) რეალიზაციის საფუძველი. საბიუჯეტო სახსრების აგრარულ სექტორში განთავსება შეღავათიან პირობში და მათი კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში. ამ პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას სახელმწიფო ახორციელებს ნორმატიულად განსაზღვრული კომპლექსური მიდგომების საფუძველზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ პროექტმა უნდა მოიცვას კონკრეტული მიმართულების სასოფლო-სამეურნეო წარმოების მთლიანი სისტემა.

აგრარული სფეროს სახელმწიფო რეგულირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რიგ კონკრეტულ საკითხებზე, რომელთა შორისაც, ერთ-ერთი მთავარია ზემოქმედების სასოფლო-სამეურნეო სუბიექტის სწორად განსაზღვრა, რაც აუცილებელია მწარმოებელთა წრის დასადგენად, ვისზეც უნდა გავრცელდეს სახელმწიფო დახმარება. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ერთის მხრივ, ფინანსური და ორგანიზაციული რესურსების მიზნობრივ მიმართვას, ხოლო მეორეს მხრივ, აუცილებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებას. აგრარულ სექტორში ასეთი ფორმით სახელმწიფო რეგულირების განხორციელება მნიშვნელოვნად აფართოებს სუბსიდიებისა თუ კრედიტების პოტენციურ მიმღებთა წრეს, რომელთა რიგებშიც მოხვდებიან არა მხოლოდ უშუალოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლები და გადამამუშავებელი სექტორი, არამედ არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული სუბიექტებიც, როგორიცაა: სოფლად ტურიზმის განვითარება, საცალო ვაჭრობა, ხალხური რეწვის საწარმოები, სოფლის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო თუ სოციალურ-კულტურული მომსახურეობა და სხვა.

თუ გადავავლებთ თვალს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას ამ კუთხით, დავინახავთ, რომ თითქმის ყველა წარმატებულმა ქვეყანამ სახელმწიფო ხელშეწყობისა და დაფინანსების პრიორიტეტულ მიმართულებად სხვადასხვა ფორმის კოოპერაციულ საწყისებზე ფუნქციონირებადი ორგანიზაციები და საფინანსო ინსტიტუტები მიიჩნია. საერთო ჯამში, საკრედიტო-საფინანსო ინსტიტუტები, ისევე როგორც საწარმოო ურთიერთობები, იცვლებოდნენ განვითარების ეტაპების მიხედვით, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო სახელმწიფოს როლის გაძლიერებასთან კოოპერაციული ინსტიტუტების დამკვიდრებაში.

მცირე და საშუალო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების გამართული საქმიანობისთვის ფუნდამენტალური მნიშვნელობა აქვს ისეთი ინფრასტრუქტურის არსებობას, რომელიც მოიცავს კოოპერაციულ ბანკებს, მეწარმეობის განვითარების ცენტრებსა და სააგენტოებს, სახელმწიფო ცენტრალურ და მუნიციპალურ ფონდებს, საგარანტიო ფონდებს, საკონსულტაციო-სასწავლო ცენტრებს და სხვა.  მიმდინარე პერიოდში, საქართველოში სრულფასოვნად არ გამოიყენება არცერთი ფორმა.

სახელმწიფოს მხრიდან პროგრამული-მიზნობრივი მხარდაჭერა და რეგულირება უნდა ხორციელდებოდეს როგორც სპეციალური ინფრასტუქტურის (კოოპერატივები, ასოციაციები, კავშირები) მხარდაჭერის, ასევე საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტების (კოოპერაციული ბანკები, საგარანტიო ფონდები, საკრედიტო კოოპერატივები) მხარდაჭერის კუთხით. ამ მოდელის ძირითადი უპირატესობა მდგომარეობს რეგულირების ძირითადი მიმართუებების კომპლექსურ ხასიათში, რაც უზრუნველყოფს ყველა მისი ფუნქციის ბალანსს და იძლევა საწარმოთა ფუნქციონირების ოპტიმალურთან მიახლოების ყველაზე კარგ საშუალებას.

ბოლო ორი ათწლეულის პერიოდში განვითარებულმა ეკონომიკურმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ის პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია აგრარული სექტორის განვითარების მიმართ არასისტემურ მიდგომებთან და ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი დარგების უკუშედეგების მომტან ორგანიზაციულ მოწყობასთან. უკვე აშკარა გახდა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ეფექტური მოდელების შექმნისა და მთავრობის მიერ შემუშავებული 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით, აგრარულ სექტორში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს განსაკუთრებული როლი უნდა მიენიჭოს. საკითხი ეხება აგრარულ სექტორში მრავალმხრივი და კომპლექსური ხასიათის მქონე სისტემური ცვლილებების და ახალი საინვესტიციო პოლიტიკის გატარებას, რაც სახელმწიფოს მხარდაჭერით კოოპერაციული სექტორის და სპეციალიზირებული საფინანსო ინსტიტუტების ამოქმედებასთან არის დაკავშირებული.

სამწუხაროდ ამ ეტაპზე საქართველოში კორპორაციული ინსტიტუტების მხარდაჭერა ჯერ კიდევ განიხილება სხვა, მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული სამეწარმეო ფორმების (შპს, სააქციო საზოგადოება) პარიტეტულად, რაც უაღრესად აკნინებს ასეთი პროექტების მნიშვნელობას. ქვეყნის ეკონომიკის ინტენსიური განვითარების სწორი გეზის არჩევისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია რომ ცალსახად და კატეგორიულად განისაზღვროს: თუ არსებობს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძლიერი მოდელები, რომლებიც მოქმედებენ საზოგადოების მრავალრიცხოვანი წევრების, როგორც სამეწარმეო სუბიექტების განვითარებაზე, მაშინ სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებათა იგნორირება, ან მათი განხილვა ტიპიური კერძო ბიზნეს-პროექტების პარიტეტულად, უნდა ჩაითვალოს როგორც სერიოზული მეთოდოლოგიური შეცდომა.

დღეს სოფლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფება უკიდურესი გაჭირვებაში და არ გააჩნია არათუ სამეწარმეო პროექტების დაფინანსების ან თანადაფინანსების შესაძლებლობა, არამედ გაჭირვებით ახერხებენ ყოველდღიურ თავის გატანას. ამ გარემოებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მცირემიწიანობის პრობლემა. 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, 1 ჰექტრამდე მიწას ფლობს მიწათმოსარგებლეთა 75%, 1-დან 5 ჰექტრამდე – 23.8%, 5-დან 50 ჰექტრამდე – 1,46%, 50 ჰექტარზე მეტს – მხოლოდ 0.16%. პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ მეურნეობების კუთვნილი 1 ჰექტარი მიწაც საშუალოდ წარმოდგენილია დანაწევრებულ ნაკვეთებად.

სოფლის მეურნეობის განვითარების დაბალი დონე მნიშვნელოვანწილად გახდა ქვეყანაში სიღარიბის განმაპირობებელი და მაღალი სოციალური პოლარიზაციის საფუძველი, რაც უპირველეს ყოვლისა, აისახება ჯინის (სოციალური უთანასწორობის) ინდექსის მაღალ მაჩვენებელში (0.40). საქართველოში ეს მაჩვენებელი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდანაც კი ყველაზე მაღალია რუსეთის შემდეგ. ნიშანდობლივია, რომ ასეთი სოციალირ-ეკონომიკური გარემო მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სოფლებიდან (განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებიდან) მოსახლეობის მიგრაციის მაღალ დონეს. სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობა 2002 წელთან შედარებით 34%-ით არის შემცირებული. საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კლების დონე კიდევ უფრო მაღალი იყო (დაახლობეით 60% რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და 54% სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში).
ამ გარემოებასთან მიმართებაში აუცილებელია პრობლემის სიღრმისეული ეკონომიკური ანალიზი, რაც ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტალურად განსხვავებულ მიდგომებს აყალიბებს. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას პრაქტიკულად არ გააჩნია ფულადი რესურსები სამეურნეო საქმიანობის განვითარებისთვის, ისინი ფლობენ რესურსებს მიწის, პირუტყვის, სხვა მატერიალური რესურსების და რაც მთავარია შრომითი რესურსის სახით, რომელიც ერთიანობაში შეადგენს მნიშვნელოვან კაპიტალს, რისი მოქმედებაში მოყვანაც უნდა მოხდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამეწარმეო, უპირატესად კოოპერაციული პროექტებით. შესაბამისად, აქცენტის გაკეთება მხოლოდ იმაზე, რომ მოსახლეობას არა აქვს ფულადი რესურსები შესაბამისი პროექტების თანადაფინანსების განსახორციელებლად და ამ მოტივით თავის შეკავება პროექტების განხორციელებისგან, წარმოადგენს სერიოზულ შეცდომას, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სოფლის განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკის გატარებას. სამწუხაროდ, სოფლის მოსახლეობის, განსაკუთრებით მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა წარმოადგენს არსებულ რეალობას და აუცილებელია სახელმწიფო უწყებების, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებთან შეთანხმებული, დონორი ორგანიზაციების პროექტები დაიგეგმოს ამ მოცემულობის გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ინვესტიციების ქმედითუნარიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე იქნება დაყენებული.

არსებული რეალობიდან გამომდინარე, სოფლად, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, მიუხედავად მნიშვნელოვანი სახელმწიფო მხარდაჭერისა, იკვეთება სხვადასხვა ხასიათის პრობლემები, რომელთა მოგვარება სისტემური ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.

აღნიშნული პრობლემებიდან შევეხები ორ მათგანს, რომელთა მოგვარება ამ ეტაპზე აუცილებელი და შესაძლებელია:

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციისა და ვერტიკალური ინტეგრაციის დემოკრატიული და ეფექტური შიდასაწარმოო ურთიერთობების მექანიზმის ამოქმედება იძლევა საშუალებას, ტიპიური საბანკო-კომერციული კრედიტის სოფლის მეურნეობისათვის არაეფექტური და მოუქნელი ფორმა ჩავანაცვლოთ კოოპერატივებზე ე.წ. „სარისკო კაპიტალის“ შეთავაზების გზით. „სარისკო კაპიტალის“ ფორმა, ისევე როგორც ვენჩურული კომპანიები, დღემდე პრაქტიკულად არ არსებობენ საქართველოში. იგი გავრცელებულია წარმატებული ეკონომიკის ბევრ ქვეყნაში და აგრარულ სექტორში უმეტესად დაკავშირებულია კოოპერაციულ სისტემებთან. ასეთი სესხის ასაღებად საჭიროა უფრო ნაკლები უზრუნველყოფა, სესხი არის გრძელვადიანი, ხოლო გადახდები დაკავშირებულია მიმღები სუბიექტის შემოსავლებთან. მიმდინარე პერიოდში, საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამ ინსტრუმენტის გამოყენება უნდა მოხდეს სახელმწიფოს მიერ და დამოკიდებულია მხოლოდ სახელმწიფოს კეთილ ნებაზე.

შეღავათიანი საფინანსო რესურსების მოზიდვა შესაძლებელია როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და კერძო ფონდებიდან. მათ შორის მნიშვნელოვანია სადაზღვევო სააგენტოები, რომლებიც ძირითადად სახელმწიფო ორგანიზაციების სახით არიან წარმოდგენილი, თუმცა ამ პროფილის კერძო კომპანიებიც, როგორიცაა „ეულერ ჰერმესი“ (გერმანია), „ატრადიუსი“ (ჰოლანდია) მოქმედებენ საკუთარ მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე. მათი მთავრობის დახმარებით (რასაც საკუთარი ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა განაპირობებს) ისინი მიმღები სახელმწიფოს გარანტიით ახდენენ კრედიტების დაზღვევას ან პირდაპირ დაფინანსებას შეღავათიან პირობებში. ამ ტიპის სახელმწიფო ორგანიზაციებიდან აღსანიშნავია: „კანადის საექსპორტო სააგენტო“, „ნექსი“ (იაპონია), ECGD (დიდი ბრიტანეთი) და სხვა. ქართული კომპანიების და კოოპერატივებისთვის შესაძლებელია აღნიშნული კომპანიებიდან ფინანსური მხარდაჭერის მიღება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო, შესაბამისი სტრუქტურების საშუალებით მოახდენს კრედიტის საგარანტიო უზრუნველყოფას. ასეთი ფორმით დაკრედიტების კარგ მაგალითს წარმოადგენს უკრაინის სალიზინგო კომპანია „უკრაგროლიზინგის” ურთიერთობა „კანადის საექსპორტო სააგენტოსთან“, რომლის ფარგლებში “უკრაგროლიზინგმა” სახელმწიფო გარანტიით, მარტო 2009 წელს „კანადის საექსპორტო სააგენტოდან“ მოიზიდა 600 მლნ აშშ დოლარი.

ამ საკითხთან მიმართებაში აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხოციელდება არაერთი პროექტი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ და შემნახველ საწარმოებში კაპიტალური ინვესტირების კუთხით. აღნიშნული პროექტებით განსაზღვრული საწარმოო-ტექნოლოგიური აღჭურვილობის შეძენა ხდება სახელმწიფო ტენდერების საშუალებით, სადაც მონაწილეობას ძირითადად იღებენ შუამავალი კომპანიები, რომელებიც ახდენენ სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული მანქანა-დანადგარების შესყიდვას. აღნიშნული სქემით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული აღჭურვილობის შეძენა წარმოებს ამ მანქანა-დანადგარების მწარმოებლის ფასებზე გაცილებით მაღალ ფასებში, რის შედეგად ათეულობით მილიონი დოლარი გაედინება ქვეყნის გარეთ. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების წესებით, შესასყიდ საწარმოო-ტექნოლოგიურ აღჭურვილობაზე ერთი და იგივე ტექნიკური პარამეტრებით წარმოდგენილ განაცხადებში უპირატესობა განისაზღვრება მხოლოდ დაბალი ფასის მიხედვით, რაც ხდება საფუძველი ქართულ საწარმოებში დაბალი ხარისხის პროდუქციის შემოტანის, რაც აზარალებს როგორც დაფინანსებული საწარმოების, ასევე ქვეყნის ინტერესებს და ემსახურება მხოლოდ შუამავალი კომპანიების გამდიდრებას.

2. კოოპერატივების გამართული საქმიანობისთვის აუცილებელია თანხების მობილიზება კოოპერატივების საბრუნავი საშუალებებისთვის, რისი მატერიალური შესაძლებლობაც მათ მეპაიეებს უმეტეს შემთხვევაში არ გააჩნიათ.

ეს პრობლემა ასევე დაკავშირებულია კოოპერატივების მეპაიეების მიერ წარმოებული პროდუქციის გადამუშავებასა და რეალიზაციის გახანგრძლივებულ ვადებთან. მეპაიესთან ანგარიშსწორება ხდება გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც კოოპერატივის მიერ გადამუშავებული პროდუქცია მიიღებს საბოლოო სახეს და მოხდება მისი რეალიზაცია. მაღალი ხარისხის და ღირებულების ყველის წარმოების შემთხვევაში ეს პერიოდი დაკავშირებულია ყველის მომწიფებასთან და რეალიზაციასთან, რომელიც მოიცავს 1-დან 6 თვემდე პერიოდს; ღვინის წარმოების შემთხვევაში კი აღნიშნული პროცესი 1 წელზე მეტ ხანს გრძელდება. სოფლის მოსახლეობა მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო იძულებულია პირველადი პროდუქცია (რძე, ყურძენი და სხვა) ჩააბაროს შუამავალ პირებს, ან გადამამუშავებელ საწარმოებს, რომლებიც ძირითადად წარმოდგენილი არიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების (შპს) სახით და ამით უარი თქვას საკუთარ კოოპერაციულ საწარმოში წარმოებული (გადამუშავებული) პროდუქციის რეალიზაციიდან დამატებითი ღირებულების მიღებაზე, რაც ხშირ შემთხვევაში 2-3-ჯერ მეტია პირველადი პროდუქციის ჩაბარების ფასებზე; მოსახლეობა იძულებულია დათანხმდეს შუამავლების და გადამამუშავებელი საწარმოების მიერ დაწესებულ ნედლეულის შესყიდვის დისკრიმინაციულ ფასებს, რაც ხშირ შემთხვევაში ვერ ანაზღაურებს თვით ამ პროდუქციის წარმოებაზე გაწეულ დანახარჯებსაც კი.

არსებულმა რეალობამ ნათელი გახადა, რომ საწარმოო ურთიერთობათა ასეთი ფორმა სოფლის მოსახლეობისათვის მხოლოდ უკუშედეგის მომტანია, რადგან იგი ავტომატურად იწვევს მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მოტივაციის და ადგილზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის მოშლას და ხდება ერთის მხრივ – აგრარული წარმოების პარალიზების, ხოლო მეორეს მხრივ – სოფლებიდან მოსახლეობის გაძლირებული მიგრაციის საფუძველი.

ყურძნის მწარმოებელი კოოპერატივების შემთხვევაში აღნიშნული პრობლემის მოგვარება უნდა მოხდეს კოოპერატივების საბრუნავი საშუალებების დაფინანსებით, 1-დან 2 წლამდე ვადით, რაც უზრუნველყოფს კოოპერატივების გამართულ ფუნქციონირებას, მნიშვნელოვნად გაზრდის მევენახეთა შემოსავლებს არა ყურძნის, არამედ ღვინის რეალიზაციიდან და ამასთანავე მნიშვნელოვნად შეამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყურძნის შესყიდვის სუბსიდირების მოცულობას.

ამიტომ კოოპერაციის პროცესის სწორად წარმართვისათვის, აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს კოოპერატივების ფინანსური მხარდაჭერის სპეციალიზირებული საინვესტიციო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, ამ კუთხით განვითარებული არაერთი ქვეყნის მსგავსად, სადაც ასეთი პრაქტიკა არაერთ ათეულ წელს ითვლის, მაგრამ ასეთი ინსტიტუტების არარსებობის პირობებში, კოოპერატივების განვითარების საწყის ეტაპზე, აუცილებელია კოოპერატივების ფინანსური მხარდაჭერის განახორციელებაში აქტიურად ჩაერთონ საქართველოში არსებული შესაბამისი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტები, ფონდები და დონორი ორგანიზაციები.

სახელმწიფო რეგულირების სისტემაში ახალი ელემენტების დანერგვა იძლევა ინსტიტუციონალური საფუძვლების შექმნის შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ ქმნის ეკონომიკურ პირობებს იმ წინააღმდეგობათა გადალახვისათვის, რაც აფერხებს აგრარული სექტორის ტრანსფორმაციას მრავალფეროვანი საფინანსო ურთიერთიერთობების გაფართოებულ სისტემებზე. არასაკმარისი გაცნობიერება იმისა, რომ აგრარულ სექტორში კოოპერაციის განვითარება სახელმწიფო რეფორმებისა და გარდაქმნების ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და თავის შეკავება ამ კუთხით ადექვატური, ქმედითი ღონისძიებების გატარებისა და წარმატებული ეკონომიკის ქვეყნების მდიდარი გამოცდილების გაზიარებისაგან, აუცილებლად შექმნის სერიოზულ სირთულეებს, რაც ნეგატიურად აისახება მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტურობაზე და დაგეგმილ სისტემურ-სინერგიულ ეფექტზე.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ