Pussy Riot

გიორგი ჟღარკავა

Pussy Riot-ი რუსული ფემინისტური პანკ-როკ კოლექტივია, რომელიც ცნობილი გახდა გამომწვევი ექსპრომტული პერმორმანსებით მოსკოვში, პერფორმანსები კი ნაკარნახევი იყო ქალის არასახარბიელო სტატუსით რუსეთში, მაგრამ ჯგუფის წარმოდგენების მთავარი ლაიტმოტივი პუტინის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა.

პერფორმანსებს ისინი ფერად საზაფხულო კაბებში, რეიტუზებსა და ნიღბებში აწყობენ. ჯგუფი 10 შემსრულებლისგან და იმ 15  ადამიანისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა გამოსვლების დროს ტექნიკურ მხარესა და პერმორმანსის ჩაწერას უზრუნველყოფს, რომელიც შემგომ ინტერნეტში თავსდება.

ბენდი ძალიან გავს 90-იანი წლების ამერიკულ პანკ-როკ ჯგუფებს, bikini kills და Le Tigre რომლებიც მათივე თქმით pussy riot-ის შთაგონება იყო – “რაც მათთან გვაკავშირებს ეს თავხედობა, ფემინისტური მოწოდებები და პოლიტიკური ელფერით დატვირთული ლირიკაა”

2012 წლის 21 თებერვალს pussy riot-მა ეკლესიის წინააღმდეგ მოსკოვში მორიგი პერფორმანსი გამართა – მათ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, პანკ-როკის ტიპის სიმღერა შეასრულეს. სიმღერას “Holy Shit” ჰქვია. ქრისტიანული ლიტურგიული საეკლესიო ჰიმნი რომლის ბოლო სიტყვებია “holy, holy, holy, Lord God”, ჯგუფის სიმღერაში შეცვლილი იყო შემდეგი სიტყვებით: “shit, shit, shit of Lord God”. რუსეთის პატრიარქი კი სიმღერაში მოხსენიებულია, როგორც ”სუკა”.

ამავე წლის მარტში, ჯგუფის 3 წევრი ამ ფაქტის გამო ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, მათი სასამართლო პროცესი კი დღემდე მიმდინარეობს. სამივე ქალი უკვე დიდი ხანია რაც არამარტო რუსეთის არამედ მთელი მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს – ამ ყველაფერს მათი შესაძლო 7 წლიანი სასჯელი ემატება, რაც მსოფლიო მაშტაბით რუსეთის მთავრობის მიმართ პროტესტს, ხოლო ჯგუფის მიმართ კი თანაგრძნობას იწვევს.

pussy riot-ის პროტესტის გამოხატვის ამგვარი ფორმა შეიძლება დღეს საკმაოდ გასაკვირად და უჩვეულოდ აღიქმებოდეს, მაგრამ მისი არალოგიკურად შეფასება ალბათ არასწორი იქნება. დღეს მთავრობისა და ეკლესიის პატარ-პატარა თუ დიდ ცოდვებს საკმაოდ ბევრი ამჩნევს, ამ საკმაოდ ბევრიდანაც ბევრი გამოხატავს ამ ფაქტებზე პროტესტს – ეს ჩვეულებრივი რამაა, რომელიც ყურადღებას მხოლოდ საზოგადოების  გარკვეულ სეგმენტს უმახვილებს, საყოველთაო კი არასდროს ხდება. იმისათვის კი, რომ შენი პროტესტი საყოველთაო და გლობალური გახადო ჩვეულებრივ პროტესტის გამოხატვაზე მეტია საჭირო, ამას ჩვენს მიერ ბოლოს ნახსენები საკმაოდ ბევრიდან საკმაოდ ცოტა აკეთებს. მიზანი კი ერთია – სხვებსაც დაანახოს ის, რასაც იგი კარგად ხვდება და ხედავს, ხოლო ამით დანარჩენებსაც გაუღვიძოს იგივე პროტესტის გრძნობა, რაც მას აქვს.  პროტესტის გრძნობის გაღვიძება შესაბამისად გარკვეულ ძვრებსა და ცვლილებებს გულისხმობს, რაც ადამიანს რეგულარულად სჭირდება, რათა ადამიანად იგრძნოს თავი.

მოდით პროტესტის გამოხატვის გლობალურ საკითხებს ცოტა ხნით შევეშვათ და ჩვენს პატარა საქართველოს დავუბრუნდეთ, რომელიც როგორც აღმოჩნდა ქართული ტელე არხების საშუალებით საკმაოდ აქტიურად უჭერს მხარს Pussy Riot-ის განთავისუფლებას, რაც შესაბამისად თავისუფალი ნების თავისუფლადვე გამოხატვის მხარდაჭერასაც გულისხმობს. მოდით ცოტა ხნით შეფარვით სარკაზმს მოვეშვათ და პირადპირ სარკაზმზე გადავიდეთ:

პირველ რიგში თავი აიზეკ აზიმოვად, ან თუნდაც ბრედბერად ან ტოლკიენად წარმოვიდგინოთ, თუმცა ყველაზე კარგი ვარიანტი ალბათ მაინც სტივენ კინგი იქნება, რადგან ამ უკანასკნელს საშინელებათა ჟანრისა და ფანტასტიკის შერწყმა კარგად გამოსდის. ამის შემდეგ უკვე Pussy Riot-ის ტიპის ჯგუფის რომელიმე პერმორმანსის საქართველოში, კერძოდ კი რომელიმე მართლმადიდებლურ ეკლესიაში წარმოდგენაა საჭირო – გაოცებული მრევლისა და მღვდლის სახეები, თუ ჯგუფი ცოტა “პოლიტიკასაც გაურევს” უკვე პატრულის, ერთ რიგად დარაზმული ქართული ტელე არხებისა და სრულიად საქართველოს სამღვდელოების წარმოდგენა მოგვიწევს, რომლებიც ერთმანეთს ალმაცერად უყურებენ, მაგრამ მაინც მზად არიან საერთო მიზნისთვის გაერთიანდნენ.

საბოლოოდ მგონი კარგი საშინელება-ფანტასიკა გამოგვივა, რომელიც რაც მთავარია რეალური და ჩვენივე თანამედროვეობის კარგი ანარეკლი იქნება.

დღეს-დღეობით კი თავისუფალი ნებისა და აზრის გამოხატვის მხრივ ქვეყანაში სწორედ ასეთი მდგომარეობა გვაქვს.

სტატიის ორიგინალი პირველად გამოქვეყნდა ავტორის ბლოგზე (http://mcxvari.wordpress.com).

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ