პროგრესული გადასახადები: გაკვეთილები საქართველოსთვის

progავტორი: ტატო ხუნდაძე, European.ge-ს სარედაქციო ჯგუფის წევრი.

© European.ge

“დღევანდელ მსოფლიოში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც დაიღალნენ იმის მოსმენისაგან, რომ თითქოს ეკონომიკური და ფინანსური საკითხები ძალიან რთული გასაგებია მათთვის და ამ საკითხების განხილვა მხოლოდ თვით-გამოცხადებულ ექსპერტთა მცირე ჯგუფის პრეროგატივაა.”

ტომას პიკეტი

პროგრესული გადასახადები და კეთილდღეობის სახელმწიფო დანიასა და ესპანეთში, გაკვეთილები საქართველოსთვის

შესავალი

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საქართველომ უკიდურესი რეგრესი განიცადა ყველა ეკონომიკური ინდიკატორის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 25 წელი გავიდა, საქართველო კვლავ რჩება ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ქვეყნად რეგიონში. მოსახლეობის 10%-ი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. შემოსავლების მხრივ საქართველო არის პოსტ-საბჭოთა სივრცეში ყველაზე უთანასწორო ქვეყანა (gini-ს კოეფიციენტი არის 42). საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციის მიხედვით საქართველოში უმუშევრობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმების მიხედვით დაახლოებით 14 პროცენტს შეადგენს, თუმცა თუ ავიღებთ არასრულ და ფარულ უმუშევრობის მაჩვენებელს, 2013 წლის მონაცემებით იგი 37,1 %-ია. საქართველოს ეკონომიკურ ჩამორჩენილობაზე მიუთითებს, ისიც რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი შეადგენს დაახლოებით 52 პროცენტს, მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 9,2 პროცენტს შეადგენს. ეს მიანიშნებს, იმ გარემოებაზე, რომ მოსახლეობის ნახევარი ფაქტიურად გამოთიშულია ეკონომიკური პროცესებიდან.

დღემდე საქათველოს ვერცერთმა მთავრობამ ვერ შეძლო განეხორციელებინა თანმიმდევრული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ქვეყნის ინკლუზიურ განვითარებას, შეამცირებდნენ  უმუშევრობას,  უთანასწორობასა და სიღარიბეს. ამჟამად, საქართველოში მთავრობაში აქტიურად განიხილავენ სხვადასხვა ტიპის ფისკალური წახალისებების მოდელებს, რომლებმაც შესაძლოა უპასუხონ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ჩავარდნებს. სწორედ ამ კონტექსტში, უაღრესად მნიშვნელოვანია გაანალიზდეს ევროპული ქვეყნების გამოცდილება სხვადასხვა ფისკალური მიდგომების მხრივ.

წინამდებარე ნაშრომში, ორი ევროპული სახელმწიფოს, დანიისა და ესპანეთის გამოცდილებაა გაანალიზებული პროგრესულ გადასახადებთან მიმართებაში. პროგრესული გადასახადების შესახებ ეკონომისტთა მოსაზრებები პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით  პირობითად ორ ნაწილად არის დაყოფილი. მემარჯვენე ნეოლიბერალი მოაზროვნეები მიიჩნევენ, რომ პროგრესული გადასახადები  ამცირებს ეკონომიკურ ზრდას, მნიშვნელოვნად ზრდის არაფორმალური ეკონომიკის წილს მშპ-ში და ზრდის უმუშევრობის დონეს. მემარცხენე ავტორთა აზრით კი – პროგრესული გადასახადები ზრდის საერთო მოთხოვნას ეკონომიკაში, ამასთან ერთად ამცირებს უთანასწორობას და სიღარიბეს. არსებობს ე.წ. შუალედური პოზიციაც, რომელსაც იზიარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები. მათი მოსაზრებით, პროგრესული გადასახადები, მართლაც არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უთანასწორობის შემცირებისთვისა და სახელმწიფო სოციალური დაცვის მექანიზმების ეფექტური მუშაობისთვის. თუმცა, პროგრესული გადასახადების მაღალმა დონემ, შესაძლოა დაამუხრუჭოს ეკონომიკური ზრდა. შესაბამისად, ამ პოზიციის მიხედვით, მთავარი საკითხი უნდა იყოს არა ის თუ ზოგადად გვჭირდება თუ არა პროგრესული გადასახადი, არამედ ამ გადასახადის სიდიდე და ადეკვატურობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან.[1]

დანიისა და ესპანეთის კეთილდღეობის დონესთან დაკავშირებული  ისეთი მაჩვენებლების შედარება, როგორიცაა უმუშევრობა, სიღარიბე და უთანასწორობა, ნათლად გვიჩვენებს, რომ მაღალი  პროგრესული გადასახადების არსებობა, სულაც არ იძლევა ერთგვაროვან სურათს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი სახელმწიფოს საშემოსავლო გადასახადების პროგრესულობა,  ფაქტიურად ყველაზე მაღალია ევროპაში, შემოსავლების  განაწილების მხრივ მათ შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. წინამდებარე დოკუმენტიც მიზანიც, სწორედ ის არის რომ გაანალიზოს ის ფაქტორები, რომლებიც გვევლინებიან ერთნაირი საგადასახადო პროგრესულობის პირობებში, განსხვავებული ეკონომიკური შედეგების გამომწვევ (ან გავლენის მომხდენ) მიზეზებად.

ტექსტის პირველ ნაწილში მიმოხილულია ზოგადი ცნობები პროგრესულ საგადასახადო სისტემასთან და თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში მის აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემები. მეორე თავში მოცემულია ინფორმაცია დანიასა და ესპანეთში პროგრესული გადასახადების სიდიდის შესახებ. მესამე თავი მიმოიხილავს დანიასა და ესპანეთში უთანასწორობასთან, სიღარიბესთან და უმუშევრობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მეოთხე თავში კი  გაანალიზებულია ის ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა ახდენდნენ განსხვავებული ეკონომიკური სურათის დეტერმინირებას, ერთი დონის პროგრესული გადასახადების არსებობის პირობებში. დოკუმენტის დასკვნით ნაწილში მოკლედ არის განხილული, ის თუ რა გაკვეთილი შეიძლება გამოიტანოს საქართველომ ამ  ორი ქვეყნის გამოცდილებიდან პროგრესული საგადასახადო სისტემის დანერგვასთან მიმართებაში.

ავტორი გამოთქვამს მოკრძალებულ იმედს, რომ წინამდებარე დოკუმენტი საკუთარ წვლილს შეიტანს, პროგრესული საგადასახადო სისტემის დანერგვის ირგვლივ არსებულ დისკუსიაში.

ტექსტის სრულად სანახავად მიჰყევით შემდეგ ბმულს: პროგრესული გადასახადი.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ