პროევროპული საზოგადოება ევროპული სოლიდარობისა და იდენტობის გარეშე

1040-140505-Europe-Popov_small

► ავტორი : გიორგი მირიანაშვილი  – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;  „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი

ჩვენ, რადგან ვართ ქართველნი, მხოლოდ ამიტომ არ ვართ ევროპელნი

ევროპულ კავშირში ინტეგრაცია (ნატოში გაწევრიანებასთან ერთად) წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად ვექტორს. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საზოგადოებას ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, განვითარების ეტაპების, მიზნების, ღირებულებების, სტრუქტურის, კომპეტენციების, გამოწვევების შესახებ არ გააჩნია საკმარისი, ობიექტური ინფორმაცია, იგი ამ არჩევანის ერთგულია. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ საკითხებით არც ევროსკეპტიკოსები და არც პროევროპელები დიდად არ ინტერესდებიან.

ქართული საზოგადოება ევროპულ ინტეგრაციას თავისებურად, ქართული რეალობიდან გამომდინარე აღიქვამს. ზოგიერთისთვის ის მხოლოდ ინდივიდუალური ეკონომიკური სარგებლის მიღებასთან, ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობასთან, გართობასთან, ნარკოტიკების თავისუფლად მოხმარებასთან, თავისუფალ ქცევასთან, პოლიტიკურ სტაბილურობასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან ასოცირდება, ხოლო ცალკეული ადამიანებისთვის იგი ე.წ. „ქართული ღირებულებების, ტრადიციების“ ხელყოფის, „ქართველობის დაკარგვის“, ქართული საზოგადოების „გადაშენების“ საფრთხეცაა. საქართველოს ყოველდღიურობით, აქ მიმდინარე დისკუსიებით აშკარაა, რომ ჩვენ ევროპულ ინტეგრაციას ევროპული საზოგადოების ღირებულებებს არ ვუკავშირებთ.

მე არც რომელიმე მხარის მოსაზრებების მხარდაჭერას ან კრიტიკას ვაპირებ და არც პროევროპული პოზიციების ადვოკატირებას. მხოლოდ ქართული საზოგადოების ღირებულებითი განვითარების შეფერხებაზე მინდა ვისაუბრო, რაც თავის მხრივ, უპერსპექტივოს, ხელმიუწვდომელს ხდის ევროპულ სივრცეს.

დღეს, ქართული საზოგადოება სტატიკაში – ღირებულებების, სოლიდარობის, იდენტობის გარეშე, შიშში – „წაგვართმევენ ქართველობას“, „დავკარგავთ ევროპელობას“ – ურთიერთდაპირისპირებაში, ინერციით ვითარდება. ჩვენი ინსპირაციის წყარო მხოლოდ წარსულია. ქართული საზოგადოების მისწრაფება არ არის მომავალი საქართველოს შექმნა, არამედ წარსული საქართველოს აღდგენაა. ჩვენი მიზანია არა თანაცხოვრება, არამედ თანაარსებობა. ქართული საზოგადოება დაყოფილია ევროსკეპტიკოსებად – ადამიანებად, რომლებიც აცხადებენ „საქართველო ქართველებისთვის“ ან პრორუსული ორიენტაციის ჯგუფებად და კიდევ – პროევროპელებად. ევროსკეპტიკოსი მოხიბლულია საკუთარი თავით, როდესაც ევროპულობასთან ასოცირებულ იდეას, შეხედულებას, პროევროპელს შეურაცხყოფას მიაყენებს. თავის მხრივ, პროევროპელი საკუთარი „ყოვლისმოცდნეობით“, ევროსკეპტიკოსებზე აზროვნების უფრო ფართო დიაპაზონით თვითკმაყოფილია და თვლის – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი“. ქართული საზოგადოება არ აშენებს ევროპულ იდენტობაზე დაფუძნებულ, თანამედროვე, პრაგმატულ სახელმწიფოს. ჩვენი ქვეყნის განვითარების ვექტორი მიმბაძველობითია ან ძველის, ან სხვის მიმართ. ქართული საზოგადოება განიცდის სოლიდარობის საყოველთაო დეფიციტს. ადამიანები აქ ძირითადად ზრუნავენ თავიანთ კეთილდღეობაზე, იცავენ თავიანთ თავისუფლებას, მიისწრაფიან საკუთარი ბედნიერებისკენ და არ აინტერესებთ სხვისი. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო ჯიუტად მიისწრაფვის ევროპულ კავშირში გაწევრიანებისკენ.

ევროპული ინტეგრაცია ზეეროვნული ორგანიზაციაა. უფრო მარტივად, ევროპული კავშირი საკუთარი არსით უფრო მეტია, ვიდრე ტიპიური საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიცაა: ევროპის საბჭო, ნატო და სხვა, მაგრამ უფრო ნაკლები, ვიდრე სახელმწიფო. ევროპული კავშირი, უპირველეს ყოვლისა, ევროპული საზოგადოების ღირებულებების ინტეგრაციაა და აქედან გამომდინარეა სახელმწიფოების პოლიტიკური, ეკონომიკური, მონეტარული, საბაჟო თუ სხვა ტიპის კავშირი. ევროპული საზოგადოების ღირებულებებს გააჩნია ორი ფუნდამენტური მახასიათებელი – ევროპული იდენტობა (იდეოლოგიური კავშირი) და ევროპული სოლიდარობა (სოციალური კავშირი). აქედან გამომდინარე, ევროპული საზოგადოების იდენტობის იმანენტური, განუყოფელი ნაწილია ადამიანის ღირსების პატივისცემა, თავისუფლება,  თანასწორობა, დემოკრატია, სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებების, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების პატივისცემა. ევროპულ საზოგადოებაში უზრუნველყოფილია სოციალური სიკეთეების გადანაწილება, ჯანმრთელობის დაცვის უფლება, განათლების უფლება და ღირსეული პენსია, უზრუნველყოფილია პლურალიზმი, დისკრიმინაციის აკრძალვა, ტოლერანტობა, სამართლიანობა, სოლიდარობა და მამაკაცისა და ქალის თანასწორობა.  თავის მხრივ, კავშირიც ამ ღირებულებებს ეფუძნება. ამ ზეეროვნულ პრინციპებს არ გააჩნიათ მხოლოდ ღირებულებითი ფუნქცია. ისინი ევროპული საზოგადოებისთვის და შესაბამისად ევროპული კავშირისთვის განსაზღვრავენ განვითარების ვექტორს, ინტეგრაციის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ განზომილებებს. საერთო ჯამში დასახელებული პრინციპები ქმნიან ევროპული საზოგადოების ღირებულებათა წესრიგს, ევროპულ იდენტობას, ხოლო ევროპული სოლიდარობა მათ რეალიზაციაში ვლინდება. ევროპული საზოგადოება მრავალფეროვანია, თუმცა ერთიანი. იგი საკუთარი სოციალური ბუნებით სოლიდარულია. იქ ხელს უწყობენ სოციალურ თანასწორობას, სამართლებრივი სიკეთეების სამართლიანად განაწილებას, სოციალურ საკითხებზე მიმართული სამართლებრივი სისტემის, ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის ფორმირებას და სხვა.

დღეს ევროპული საზოგადოება ამ მიზნებს ევროპული კავშირის საშუალებით ახორციელებს. ევროპული ინტეგრაცია ერთი მხრივ, სახელმწიფოებისთვის წარმოადგენს თანამშრომლობის ფორმატს – შექმნან და განავითარონ ჰარმონიული, ადამიანზე ორიენტირებული სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური სისტემა, მეორე მხრივ – უზრუნველყოფს ამ მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას, ევროპული იდენტობის, ევროპული სოლიდარობის, ევროპული კონსენსუსის დაცვას.

დღესდღეობით, იმ პირობებში, როდესაც ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს ევროპული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი იდენტობა თუ სოლიდარობა და იგი თავისივე წევრების გარიყვით, დაცინვით, დაჩაგვრით, დამცირებით, ზიზღით, ტერორით, დისკრიმინაციით, სოციალური, გენდერული, სექსუალური, ეთნიკური, რელიგიური სეგრეგაციით „იკვებება“, საზოგადოება არ ზრუნავს ადამიანზე და ადამიანი არ ზრუნავს საზოგადოებაზე,  ევროპული ინტეგრაცია ვერ იქნება ჩვენი ქვეყნის მოკლე თუ საშუალოვადიანი პერსპექტივა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული საზოგადოება ქართული საზოგადოების სოლიდარულია, რაც არაერთხელ დადასტურდა. ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაიწყოს ევროპულ ღირებულებებზე, იდენტობაზე, სოლიდარობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შენება. სხვა შემთხვევაში, ევროპული ინტეგრაციის წევრობის სურვილი მხოლოდ ქართულ ოცნებად დარჩება. გვესმოდეს, რომ – ჩვენ, რადგან ვართ ქართველნი, მხოლოდ ამიტომ ვერ ვიქნებით ევროპელნი.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ