პიტერ მარკუზე: რა უნდა გაკეთდეს?

დაგეგმვის პოტენციალი და წარუმატებლობები: ისტორია, თეორია და რეალობა. გაკვეთილები ნიუ–იორკიდან.

ამერიკელი პროფესორ-ემერიტუსის, პიტერ მარკუზეს მოხსენება, წაკითხული 2004 წელს ბერლინში, ჟურნალ ”AnArchitektur”-ის მიერ ორგანიზებულ ”ოპოზიციური არქიტექტურის ბანაკში.”

2005 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ ”AnArchitektur”-ში.

პიტერ მარკუზე ფლობს დოქტორის ხარისხს იელის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში (1952 წ.) და დოქტორის ხარისხს ქალაქგეგმარებასა და რეგიონალურ დაგეგმარებაში კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლი (1972).

პიტერ მარკუზე, ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის, ფრანკფურტის კრიტიკული სოციალური თეორიის სკოლის ინტელექტუალის, ჰერბერტ მარკუზეს შვილია.

თარგმანი – გიორგი კევლიშვილი.

რედაქტირება – ლევან ასაბაშვილი.

© Urban Reactor

ერთ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილი მგონია: თუკი ოპოზიციურ არქიტექტურაზე ან ოპოზიციურ დაგეგმარებაზე[1] ვალაპარაკობთ, რას ნიშნავს “ოპოზიციური”? ან, დავაზუსტოთ: რისადმი ოპოზიციური? ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი, თუკი მას თვალს გავუსწორებთ, ძალზე ცხადია: ჩვენ ვლაპარაკობთ კაპიტალიზმის მიმართ ოპოზიციაზე, დაპირისპირებაზე კაპიტალიზმის იმ ფორმისადმი, რომელიც დღეს ისევე ანგრევს ადამიანის სიცოცხლეს, სამართლიანობის პრინციპებსა და ადამიანურობას, როგორც ყოველთვის. ვლაპარაკობთ ოპოზიციაზე იმის მიმართ, რასაც შეერთებული შტატების მთავრობა ახორციელებს ერაყში, ოპოზიციაზე მესამე სამყაროსა და სამხრეთის ექსპლოატაციისადმი, სექსიზმისა და რასიზმისადმი.

სავსებით ცხადია, რა არის არასწორი. არცთუ ნათელია, რა შეიძლება გაკეთდეს ამის გამოსასწორებლად. ჩემთვის დღეს უფრო ძნელია პასუხის ცოდნა, ვიდრე ათი ან თორმეტი წლის წინ. მეჩვენება, რომ ფუნდამენტური ცვლილებების შესაძლებლობა დღეს უფრო შორსაა ჩვენგან, ვიდრე კედლის დამხობისას იყო. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მიზეზთა ნებისმიერი კომბინაციისას – პროგრესისკენ მიმართების თვალსაზრისით, თავდაცვით პოზიციაში ვდგევართ. კეთილდღეობის სახელმწიფო, რა სახითაც იგი მეორე მსოფლიო ომის მერე ჩამოყალიბდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით – დასავლეთ ევროპაში და შეერთებულ შტატებშიც – თანდათან დასუსტდა.  ქვეყნებს შიგნით და ქვეყანათა შორის უთანასწორობა იზრდება. სიმდიდრის არათანაბარი განაწილება წარმოუდგენლად დისპროპორციული ხდება. უამრავი რამის შეცვლა, უამრავი რამისადმი დაპირისპირებაა საჭირო. და კითხვა – რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ, განსაკუთრებით კი – რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ, კერძოდ, როგორც არქიტექტორებმა, დამგეგმარებლებმა და მშრომელებმა, ვისაც საქმე გვაქვს განაშენიანებულ გარემოსთან – ძალზე რთული შეკითხვაა.

მინდა უპირატესად, შეერთებულ შტატებში შეძენილი ჩემი გამოცდილების მიხედვით, და იქ არსებულ პრობლემათაგან რამოდენიმე ყველაზე არსებითის შესახებ გელაპარაკოთ. ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა შევნიშნო: არქიტექტურასა და ქალაქგმარებას შორის მიმართება შტატებში სერიოზული პრობლემაა. მაგალითად, მე ვასწავლი არქიტექტურის, დაგეგმარებისა და კონსერვაციის  სკოლაში, სადაც დაგეგმარების პროგრამის ოფისები დერეფნის ერთ ბოლოშია, არქიტექტურის პროგრამის კი – მეორეში, და მათ შორის, ფაქტიურად არანაირი კომუნიკაცია არ არსებობს. ამ დაყოფას, ჩემი აზრით, განსაკუთრებული შედეგები მოსდევს ჩვენი პროფესიული საქმიანობისათვის. კოლუმბიაში[2] არქიტექტურა განიხილება როგორც დიზაინი, ფორმების შექმნა.

დაგეგმარება განიხილება როგორც სივრცის, განაშენიანებული გარემოს გამოყენების საკითხი, რომელსაც საქმე აქვს ადგილმდებარეობის პრობლემებთან: სად და რა უნდა აშენდეს, ვისთვის უნდა აშენდეს, რა გავლენას ახდენს ეს გარემოზე, როგორია სოციალური ზემოქმედება. ესაა საკითხები, რომლებიც რესურსების განაწილებას გულისხმობს, რასაც მეინსტრიმული არქიტექტურული განათლებისას არ აქცევენ ყურადღებას. ეს ძალზე არაკომფორტული ურთიერთობაა, რადგან ჩვენ გვსურს ვიხილოთ არქიტექტურა, რომელიც სოციალური საკითხებითაა დაკავებული, დღის წესრიგში უდგას სოციალური სამართლიანობა და თანასწორობა. მეორეს მხრივ, გვსურს დაგეგმარება, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს განაშენიანებული გარემოს ფორმებს, ვიდრე ეს დღეს ხდება.  მაგრამ, ამ ორ, წესით ერთმანეთთან დასაკავშირებელ ასპექტს შორის ნაპრალი უკვე ისე გაიზარდა, რომ დიდ ზიანს აყენებს საქმეს.

პროფესიებში თავდაცვითობა, რომლის შესახებაც უკვე მოგახსენეთ, ძალზე ცხადია. ვფიქრობ, არქიტექტურა დღეს უკუსვლას განიცდის. არქიტექტურა, როგორც საერთაშორისო პრაქტიკა, სასაქონლო ვაჭრობის საგნად იქცა. დიდი არქიტექტორები ლოგოებად, სავაჭრო მარკებად ჩამოყალიბდნენ, რომელთა ფლობასაც ქალაქები ესწრაფვიან. ჩვენ სულ ეხლახანს ვიყავით ბარსელონაში, რომელსაც ერთ–ერთი საუკეთესო დაგეგმარების პროგრამა აქვს, სადაც დღევანდელი დასავლეთის ზოგიერთი საუკეთესო ქალაქგეგმარებითი იდეაა განხორციელებული.  მაგრამ, ბარსელონას დღეს სურს ფრანკ გერის[3] შენობა. ყველა ქალაქს სურს ჰქონდეს თავისი გერი, ამის გარეშე ის გლობალურ ქალაქად ვერ ჩაითვლება. ამას კი არაფერი ესაქმება არქიტექტურის ხარისხთან. ასეთი მიდგომისას საქმე გვაქვს კონკრეტული ტიპის არქიტექტურასთან, რომელმაც გასაქონლებული ფასი უნდა შესძინოს ქალაქს. და მრავალ არქიტექტურულ სკოლაში – მე ვლაპარაკობ შეერთებულ შტატებზე, სადაც კარგად ვიცნობ სიტუაციას, თუმცა ეს შეიძლება სხვაგანაც ასეა – არქიტექტურა იქცა საწვრთნელ ბაზად უახლესი დიზაინისთვის, უახლესი არა სოციალური ან ადამიანური თვალსაზრისით, არამედ როგორც მარკეტინგული საშუალება, რომელიც ორიენტირებულია კლიენტზე, მათზე, ვისაც საიმისო ფული აქვთ, რომ არქიტექტორი დაიქირავონ.

ამიტომ ვფიქრობ, რომ თავდაცვით მდგომარეობაში ვდგევართ. მაგრამ, მეორე მხრივ, წინააღმდეგობა იმისადმი, რაც ხდება – იზრდება. იყო პერიოდი, როდესაც მიდიოდა დისკუსია იმის თაობაზე, დასრულდა თუ არა 1960–იან წლებში დაწყებული სოციალური მოძრაობები – გარემოსდაცვითი მოძრაობა, ქალთა მოძრაობა, რასიზმის საწინააღმდეგო მოძრაობა. არსებობდა პესიმიზმი ანტიგლობალისტური მოძრაობის პოტენციალთან დაკავშირებით, რომელიც სულაც არაა ანტიგლობალური, არამედ – დაპირისპირებული მხოლოდ გლობალიზაციის არსებულ ფორმებთან. არსებობდა პესიმიზმი, შეიძლებოდა თუ არა გაჩენილიყო რეალური წინააღმდეგობის ეფექტური ფორმები. იყო დისკუსიები იმის თაობაზე, შეძლებდნენ თუ არა ტექნოლოგიური განვითარების ახალი ფორმები – მაგ. ინტერნეტი – წინააღმდეგობის ახალი გზების დასახვას. მაგრამ, ეს შესაძლებლობა არ განხორციელდა: ინტერნეტი რეალურად გამოიყენებოდა, მაგრამ იგი თავისთავად არ განაპირობებდა ოპოზიციურობას. მას იმავე წარმატებით იყენებს ისტებლიშმენტი. იგი მანიპულაციის საშუალებაა, და მედია დღეს სტატუს-ქვოს შესანარჩუნებლად უფრო გამოიყენება, ვიდრე მისი გამოწვევისთვის.

ვფიქრობ, პესიმიზმი ამ საკითხთან მიმართებით გაუმართლებელია. ჯერაც არსებობს ძლიერი სოციალური მოძრაობები, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. არსებობს სკვოტერების[4] მოძრაობები. უმიწო მშრომელთა[5] მოძრაობები. საბინაო პრობლემებზე ფოკუსირებული უსახლკაროთა საკმაოდ ძლიერი მოძრაობები. და არის, ჩემი აზრით, იმედისმომცემი მოძრაობები არქიტექტურისა და დაგეგმარების პროფესიებს შორის. ფაქტი, რომ დღეს აქ, ბერლინში ამდენმა ადამიანმა მოიყარა თავი, იმაზე ბევრად მეტმა, ვიდრე კონფერენციის ორგანიზატორები მოელოდნენ, ასევე ძალზე გამამხნევებელი ნიშანია. ვფიქრობ, ესაა ნიშანი, რომ რაღაც ახალი ხდება, და რომ არსებობს პოტენციალი არქიტექტურასა და ქალაქგეგმარებაში, რომლის გამოც შეიძლება იმედით შევხედოთ მომავალს, და რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვიმუშაოთ.

არქიტექტურაში და დაგეგმარებაში არსებობს დაძაბულობა ისტებლიშმენტისა და ოპოზიციის ძალებს შორის: დაძაბულობა, რომელიც ამ პროფესიათა დასაბამიდან არსებობს. და რომ ეს არ არის რაღაც ახალი, ძალიან კარგად წარმოგვიჩენს წიგნი, რომელიც მე ძალიან მომწონს – ლეონარდო ბენევოლოს ”თანამედროვე ქალაქგეგმარების სათავეები”. ბენევოლო 1840–იანი წლების მოვლენებს მიმოიხილავს, და შემდეგ მოსაზრებას გვთავაზობს: დასაწყისიდან ქალაქგეგმარება უტოპიური მიდგომა იყო, მიდგომა, რომელიც საზოგადოების განვითარებას და მის ორგანიზაციას პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავდა. იგი აცხადებს,  რომ ახალი ინსტრუმენტები, ტექნოლოგიები, გამოგონებები ადრეულ 1800–იანებში შესაძლო იყო ახალ საზოგადოებათა და ახალ ქალაქთა ასაგებად ყოფილიყო გამოყენებული. ასევე, რომ ქალაქგეგმარება ამ დროს – და იგი საკვანძო თარიღად 1848 წელს მიიჩნევს – რადიკალური იყო. ავტორი განაშენიანებულ გარემოში ცვლილებებს – პოლიტიკურ ცვლილებებად მიიჩნევს, რომელნიც თან ახლდნენ და განაპირობებდნენ საზოგადოების პოლიტიკურ და ეკონომიკურ რესტრუქტურირებას. იგი ასევე ფიქრობს, რომ 1848 წლის შემდეგ, და თითქმის მთელი შემდგომი ასი წლის განმავლობაში, დაგეგმარებისა და დიზაინის პროფესიებში უპირატესობა მოიპოვა მეორე ნაკადმა, უფრო გავრცელებული და დაფასებული გახდა მიდგომა, რომელიც უფრო პრაგამატული იყო – ჩვენ ვგულისხმობთ შეერთებულ შტატებში ეფექტური ქალაქის, მეცნიერულ გათვლაზე აგებულ იდეას. ეს მიდგომა დაგეგმარებას არა რადიკალურ ან უტოპიურ, არამედ სრულიად საპირისპირო საქმედ განიხილავდა: როგორც პროფესიას და საქმიანობას, რომელიც მოიცავდა და უფრო ”ეფექტურს” გახდიდა უკვე არსებულ საზოგადოებებს. ამ პროფესიას თავი უნდა გაერთმია სიმჭიდროვისა და გადატვირთულობისათვის, ტრანსპორტირებისათვის, ინდუსტრიათა განთავსებისათვის, რათა სისტემას ემუშავა არა განსხვავებულად, არამედ – უფრო დახვეწილად. და ეს დაძაბულობა დაგეგმარების და არქიტექტურის უტოპიურ, კრიტიკულ, პოლიტიკურ, და, მეორე მხრივ – არსებულის უკეთ ფუნქციონირების, პროდუქტთა უკეთესად გაყიდვის, საქონლის უკეთესი წარმოების, კაპიტალისტური საზოგადოების მოგების გაზრდის ფუნქციებს შორის – ძალიან ძველია. მე ვფიქრობ, რომ ეს დაძაბულობა განმსჭვალავს მრავალ საკითხს, რომლებიც ჩვენი დღევანდელი ვორკშოპის დროს წამოიჭრა. მე ვფიქრობ, თავად ”An Architektur”-ის და ამ კონფერენციის შინაარსი, ასევე, ის, რაც მრავალ თქვენგანს აწუხებს, არის შემდეგი პრობლემა: როგორ უნდა ვიმოქმედოთ სიტუციაში, სადაც ორი სხვადასხვა სახის ზეწოლას განვიცდით: ერთი მხრივ, აუცილებლობას, რომ შევცვალოთ საგნები, და მეორე მხრივ – გარდუვალობას – ვიმუშაოთ ამ საგნებით, ისეთებით, როგორნიც არიან. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? რა უნდა გაკეთდეს?

ნება მიბოძეთ, პასუხები კი არ გავცე ამ კითხვებს, არამედ მივუთითო რამოდენიმე შესაძლებლობაზე, რომელთაც მე ვხედავ. პრაქტიკული თვალსაზრისით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ძალიან მარტივი რამაა: ესაა კლიენტთა არჩევა. მე ვფიქრობ, შეუძლებელია იმუშავო მაკდონალდსზე და იმავდროულად, აკეთო ოპოზიციური არქიტექტურა. მე ვფიქრობ, შეუძლებელია მაკდონალდსის სუბვერტირება. თუ ვინმე სერიოზულად ფიქრობს იმის შესახებ, რასაც აკეთებს, კლიენტის არჩევა პირველი ხიდია, რომელიც უნდა გადაიაროს. ყველას არ აქვს შესაძლებლობა იდეალური კლიენტი აირჩიოს, თვით საჯარო სექტორშიც კი, სადაც შესაძლებლობათა უფრო ფართო სპექტრია. ყველა ჩვენგანს არ შეუძლია საჯარო სექტორში მუშაობა. და ამასთანავე არსებობს ბევრი ხელისუფლება, რომლებიც არც თავიანთი საქმეებით და არც იმით, თუ რას მოითხოვენ ისინი არქიტექტორებისგან, მაკდონალდსისგან არ განსხვავდებიან. თუმცა, რაღაცის გაკეთება ჩვენც შეგვიძლია. ესაა – ვიმუშაოთ როგორც მოხალისეებმა იმ კლიენტთათვის, რომელთაც თავად ვირჩევთ. არსებობენ კლიენტები, რომელთათვისაც გადაჭრით არ ვიმუშავებდი, არის რაღაცეები, რისი გაკეთებაც არ შეიძლება. და მეორე მხრივ, არის რამოდენიმე ორგანიზაცია (საზოგადოებრივი ჯგუფები, სამეზობლო ორგანიზაციები, და ა.შ.), რომელთათვის მუშაობაც ბედნიერებას მომანიჭებდა. ალბათ არიან სხვებიც, ვინც იგივეს ისურვებდნენ. ასე რომ, ვფიქრობ, ეს კომპრომისის საკითხია. ექიმის პირველი პროფესიული მოვალეობაა – არ მიაყენოს ზიანი, და მე ვფიქრობ, რომ ეს არცთუ ურიგო წესია არქიტექტორთა და დამგეგმარებელთათვისაც. რისი თქმაც მსურს, შემდეგია: თუკი არ შეგიძლია იდეალური კლიენტი იპოვო – შეგიძლია მოხალისედ იმუშავო იდეალურ კლიენტთან. ან შიმშილის ატანა ისწავლოთ – ესეც გზაა.

შეერთებულ შტტებში, არქიტექტურასა და დაგეგმარებაში არსებულ პროგრესულ მოძრაობებში ეს იყო ცენტრალური საკითხი. ისე არ მინდა გამომივიდეს, თითქოს შეერთებულ შტატებში ეს პრობლემები გადავჭერით. ჩემი ნათქვამიდან ეს შთაბეჭდილება არ უნდა დაგრჩეთ. მაგრამ მე ეს–ესაა ჩამოვედი ”დამგეგმარებელთა ქსელის” კონფერენციიდან, რომელიც ნიუ–იორკში შედგა. ესაა ჯგუფი, რომელიც  1960–იანების ბოლოს შეიქმნა, ნაწილობრივ, 1968 წლის მოძრაობის, ნაწილობრივ კი შეერთებულ შტატებში არსებული სამოქალაქო უფლებებისთვის მოძრაობის ირგვლივ და მაშინ პირველად გამოსცა საინფორმაციო ბიულეტენი. ცენტრალური თემა, რაც ჯგუფის წევრებს აერთიანებს, არის ის, რომ მათ თავიანთი მომსახურება ხელმისაწვდომი გახადეს საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის – მოიჯარეთათვის, სამეზობლო ორგანიზაციებისთვის, ქალთა ჯგუფებისთვის – იმ იმედით, რომ მოხალისეობრივ საწყისებზე, საკუთრივ იმ საკითხების გადაჭრაზე მოეხდინათ ზეგავლენა, რომელებიც მათ და ამ ჯგუფებს აწუხებდათ. მრავალი მიზეზის გამო, ვფიქრობ, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი გზაა არქიტექტურაში ოპოზიციური მიდგომების დასანერგად. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასე რაიმეს მიღწევა შეიძლება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანებს პირდაპირ ეხმარება პროგრესული გზებით. არამედ იმიტომაც, რომ ასეთი ქცევა ჩაკეტილობისაგან და ჩვენს ვიწრო, დახურულ წრეში მხოლოდ საკუთარ თავთან საუბრისგან გვიცავს. გვიცავს რეალურ ადამიანთა რეალური პრობლემების დავიწყებისაგან. ესაა გზა, არ მოვწყდეთ მიწას, გვახსოვდეს რა არის მართლა აქტუალური პრობლემები, და რა საჭიროებს ჩვენ ძალისხმევას.

სამუშაო, რომელსაც ჩვენ მსგავსი ჯგუფებისათვის ვეწევით,  ზოგჯერ პოზიტიური შრომაა, იმ იმედით, რომ ვაგებთ შენობებს ქალთა თავშესაფრისთვის, ბიზნესისთვის, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ძალზე ხშირად ესაა ნეგატიური შრომა, ხშირად იმ ჯგუფთათვის ვმუშაობთ, ვინც უკვე მშენებარე ცუდ არქიტექტურას ან ცუდ დაგეგმარებას უპირისპირდებიან, ებრძვიან ჯენტრიფიკაციას, იბრძვიან მშრომელთათვის ხელმისაწვდომი საბინაო ქირის შენარჩუნებისათვის,  უპირისპირდებიან ნიუ–იორკში ოლიმპიური თამაშების ჩატარების მიზნებისთვის საჭიროდ მიჩნეულ ზოგიერთ ღონისძიებას – რაც ბერლინში რამოდენიმე წლის წინ იყო აქტუალური. საუბარია დასავლეთ მანჰეტენზე 1.7 მილიარდიანი ფინანსური ღირებულების სტადიონის აშენების გეგმაზე, რაც ადამიანთა გადასახლებას გულისხმობს, და საბინაო ფასებს ძალიან მაღლა აწევს, ასევე, გაზრდის სიმჭიდროვეს, გამოიწვევს დაბინძურებას, და რასაც დასჭირდება უზარმაზარი რაოდენობა ფულისა, რომელიც ქალაქს სხვა მიზნებისათვის უფრო ესაჭიროება. არსებობენ საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც ამას უპისპირდებიან. მათ შორის არიან სტადიონისთვის განკუთვნილი ადგილის სამეზობლოები. და ჩვენ მათთვის ვმუშაობთ, ვატარებთ კვლევებს, ვამარაგებთ საბუთებით. შევიმუშავებთ და ვაქვეყნებთ გეგმებს, რადგან არ მოგვწონს ის, რასაც ხელისუფლება გვპირდება,  ან რასაც კერძო ინსტიტუტები გვთავაზობენ. კოლუმბიის უნივერსტიტეტმა, სადაც მე ვმუშაობ, დაახლოებით 28 აკრი მიწა იყიდა ამ არეალში და უნივერსიტეტის ახალი კამპუსის აშენებას აპირებს. იგი ჩაანცვლებს ღარიბ უბანში, დასავლეთ ჰარლემში არსებულ მცირე ბიზნესებს.  ჩვენ ვცდილობთ შევიმუშავოთ ალტერნატიული გეგმა, თუ როგორ, დაგეგმარების რა ოპოზიციური გეგმით  შეიძლება ამას დავუპირსპირდეთ.

ასე რომ, ერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ასეთ ჯგუფთათვის მუშაობაა – რათა ან რაიმეს დაგეგმარებაში დავეხმაროთ, ან – რაიმე მათთვის ზიანის მომტან გეგმასთან დაპირისპირებაში. ზოგჯერ ამისთვის გასამრჯელოს აღებაცაა შესაძლებელი. არსებობენ კლიენტები, რომელთაც მხარდაჭერა აქვთ ფონდებიდან, ძალზე იშვიათად – სახელმწიფოსგან, ისე რომ, ფაქტიურად მათ დამგეგმარებელთა და არქიტექტორთა დაქირავება შეუძლიათ, და როცა ეს შესაძლებელია, შესანიშნავია. იყო დრო, როცა სახელმწიფო საზოგადოებრივ დაგეგმარების ცენტრებს აფინანსებდა. ზოგიერთ ქვეყანაში ეს ახალაც ასეა – ყველაზე მეტად მოხსენიებას იმსახურებს კუბა, სადაც არქიტექტორებსა და დამგეგმარებლებს ხელისუფლება აფინანსებს, რათა მათი მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების იმ წევრთათვის, რომელთაც სახლების მოდერნიზება ან ბიზნესთა განვითარება სურთ. თუკი რომელიმე ჩვენგანი ხელისუფლებაზე ან საჯარო დაწესებულებაში მუშაობს, ჩვენ საქმე გვაქვს  ბიუროკრატიის პარტიზანებთან – ასეთები ბიუროკრატიის სუბვერსიას ახდენენ. ეს ერთგვარი როლია. აქ, საზოგადოების პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწიენებით, შესაძლებელია ერთგვარი მოქნილობა. ეს ანაზღაურებადი სამუშაოების წარმოების ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა.

მაგრამ, ამის უკან საკითხთა მთელი რიგი დგას, საკითხთა, რომლებიც სპეციფიკურ საზოგადოებრივ ჯგუფებთან, სამეზობლო ორგანიზაციებთან და ქალთა ჯგუფებთან მუშაობისას წამოიჭრება, და მე ვფიქრობ, როდესაც ოპოზიციურ არქიტექტურაზე ვსაუბრობთ, მისი ყველაზე ფართო გაგება უნდა ვიგულისხმოთ. უფრო კონკრეტულად – ოლიმპიადის საკითხი არა მხოლოდ ცალკეული სამეზობლოს  პრობლემაა. ესაა მთლიანად ქალაქის, მისი რესურსების განაწილების  პრობლემა. ყველაზე მნიშვნელოვანი გეგმარებითი საკითხი დღევნდელ ნიუ–იორკში არის ის, თუ რა უნდა აშენდეს ქვედა მანჰეტენში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის დანგრეული შენობების ადგილას. საქმეები არცთუ კარგად მიდის, რადგან ამოცანა, რომელიც არქიტექტორთა და დამგეგმარებელთა არსებულმა ასოციაციებმა, ასევე ხელისუფლებამ და ბიზნეს საზოგადოებამ თავისთავად ცხად გარემოებად მიიღო, არის ის, რომ პრიორიტეტულია ქვემო მანჰეტენის, როგორც გლობალური ფინანსური სიტემის ერთ–ერთ ცენტრის იმიჯის კიდევ უფრო გამყარება. ამ ამოცანის შესაბამისად, პირველ რიგში და ყველაზე მეტად უნდა დაკმაყოფილდეს, ბანკების, მულტინაციონალური კორპორაცების, ბირჟებისა და მსხვილ მოვაჭრეთა ინტერესები. შემდეგ, მდიდრების დახმარებიდან მიღებული სარგებელი უეჭველად ქვემოთ, ღარიბებისაკენ წარიმართება, და საბოლოო ჯამში, მთელი ქალაქი ხანგრძლივად მიიღებს მოგებას. ეს იმის მსგავსია, ბეღურების გამოკვების მიზნით იმ ცხენისთვის რომ დაგვეყარა საკვები, რომლის გარშემოც ისინი ირევიან. ეს კი, როგორც მრავალი ჩვენგანი ფიქრობს, ძალზე არასწორი გზაა.

ჩვენ სწორედ ეს საკითხი უნდა წამოვწიოთ – და ჩვენს წინაშე მდგარ დღის წესრიგში იგი არაფერმა არ უნდა ჩაანაცვლოს.   მე ცოტა ხნის წინ გკითხეთ – რა შეიძლება მიგვეჩნია  ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად ბერლინში, სადაც ახლა ვიმყოფებით? ამის განსაზღვრა არც ისე ადვილია. არავინ სვამს  კითხვებს, რა უნდა მოვიმოქმედოთ პოტსდამერ პლაცთან ან იმ ადგილთან დაკავშირებით, სადაც კედელი იყო აღმართული. ხელისუფლება არაფერს გვთავაზობს დღის წესრიგში, რასაც ჩვენ უნდა გავართვათ თავი. შედარებით მცირეა იმ საკითხთა რაოდენობა, რომელთაც ასეა თუ ისე, ადგილობრივი და საზოგადოებრივი ჯგუფები აყენებენ  და რომლებიც უფრო ფართო პრობლემატიკას წამოჭრიან.  უფრო ფართო საკითხების დასმაა საჭირო, და ეს იმათ უნდა მოიმოქმედონ, ვისაც პროფესიულად ევალებათ მათი გადაჭრა ან გადაჭრის გზების შემოთავზება – არქიტექტორებმა და დამგეგმარებლებმა. ვფიქრობ, ამ კითხვების დასმა მრავალი სხვადასხვა გზით შეიძლება. ისინი შეიძლება წამოჭრან ინდივიდებმა ან მცირე ჯგუფებმა და ეს საჯაროდ უნდა მოხდეს.

ჩვენ შეგვიძლია დაგეგმარებაში მონაწილეობის ჩვენთვის ხელმისაწვდომი საჯარო მონაწილეობის ფორმები და მექანიზმები გამოვიყენოთ.  ჩვენ შეგვიძლია პროფესიული აზრი გამოვთქვათ მოსმენებზე, რადგან ნიუ–იორკში არსებობს საზოგადოებრივ ჯგუფთა და მიწათმოსარგებლეთა მოსაზრებათა მოსმენის დახვეწილი სტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებებს ამა თუ იმ საკითხზე აზრს ან რჩევებს ეკითხებიან. ჩვენ შეგვიძლია ამაში მონაწილეობით თითქმის ყველა გეგმარებით სამუშაოში მივიღოთ მონაწილეობა. თითქმის ყველა ქვეყანაში,  რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ, არსებობს ფორმალური პროცედურები, რომლის მეშვეობითაც ხალხს მონაწილეობის მიღება შეუძლია, მაგრამ როგორც წესი, ისინი არცთუ ეფექტურია. შესანიშნავი იქნებოდა, ისეთი პროცედურები რომ გვქონდეს, როგორიც ბრაზიალიაში, პორტო ალეგრეში არსებობს –  ბიუჯეტის თანამონაწილეობითი შედგენა, როდესაც  რესურსების განაწილება, ქალაქის საბიუჯეტო ხარჯების განსაზღვრა საერთო საკვანძო გადაწვეტილებების შედეგია. ეს გადაწყვეტილებები ჯერ საზოგადოებათა დონეზე მიიღება, ხოლო შემდეგ ამ მრავალი საზოგადოების გადაწვეტილებები ქალაქის ასამბლეის მიერ განიხილება, რათა უკვე საბოლოოდ გადაწყდეს, რაში დაიხარჯოს ფული, გადასახადის რა ზომები დაწესდეს, და ვინ დაიბეგროს. როდესაც ასეთი პროცედურა არსებობს, არქიტექტორისა და დამგეგმარებლის როლი ძალზე ნათელია – უბრალოდ ამაში მონაწილეობა. როცა ასეთი პროცედურები არ გვაქვს, შეგვიძლია ვეცადოთ, რამდენადაც შესაძლებელია მივუახლოვდეთ ასეთ სიტუაციას.

იმის შესახებ, თუ რა უნდა მოხდეს ქვემო მანჰეტენში, ნიუ–იორკის საკონფრენციო დარბაზში შედგა, ვგონებ, ყველაზე დიდი შეკრება, რაც კი ოდესმე იქ მოწყობილა. არქიტექტორთა და დამგეგმარებელთა პროფესიულმა ჯგუფებმა, მოხალისეობრივ საწყისებზე, დაახლოებით 5 000 ადამიანის შეკრება შეძლო, რათა წარმოდგენილი ოფიციალური გეგმების შესახებ ემსჯელათ. დასაწყისიდანვე ისინი განიხილავდნენ არა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ხელახლა აშენების, არამედ მის ადგილას 10 მილიონი კვარდატული მეტრის ძვირადღირებულ ოფისთა განთავსების საკითხს. არავითარი მსჯელობა საცხოვრებელის, დიზაინის, საცალო ვაჭრობის შესახებ – მხოლოდ ოფისები, ოფისები, ოფისები…. და ჩვენ შევძელით 5 000–მდე ადამიანის შეკრება, რათა ეს გეგმა განგვეხილა და მათ შესახებ აზრი გამოგვეთქვა საკმაოდ უცნაური ტექნოლოგიის გამოყენებით: დიდი სატელევიზიო მონიტორით და მაგიდებთან მხსხდომი ადამიანებით, რომლებიც მომარჯვებული ლეპტოპების მეშვეობით საკუთარ მოსაზრებებს გამოხატავდნენ და ხმას აძლევდნენ ეკრანზე ნაჩვენებ შემოთავაზებებს. იდეალური იქნებოდა, ამგვარ მონაწილეობას კანონი რომ უზრუნველყოფდეს და ყველა ძირითადი გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენებოდეს. თუმცა, ჩვენ შემთხვევაში ეს ასე არ იყო.   ასეთი თანამონაწილეობის ორგანიზება ნებაყოფლობითი ძალისხმევა იყო, განხორციელებული იმ ჯგუფთა მიერ, რომლებიც  მიზნად ისახავდნენ დაგეგმარებაში დემოკრატიული მონაწილეობის წახალისება მოეხდინათ. მე ვფიქრობ, დაგემარებისა და გადაწყვეტილების მიღების ამ მოდელის განვითრება კიდევ ერთი რამაა, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ.

არსებობს კიდევ ერთი სივრცე, რომლის გამოყენებაც არქიტექტორებს და დამგეგმარებლებს, როგორც ინდივიდებს შეუძლიათ – თუმცა არ მსურს წარმოვადგინო ეს როგორც უმთავრესი აქტივობა – ეს არის არქიტექტორთა და დამგეგმარებელთა პროფესიული ასოციაციების საქმიანობაში ჩართულობა. ეს საქმიანობა ყოველთვის ძალიან საინტერესო არაა, და არც მათი კონფერენციებია ცხოვრებაში ყველაზე მიმზიდველი რამ, თანაც ზოგჯერ ძალიან ძვირადღირებულია. მაგრამ არსებობს სერტიფიცირებულ დამგეგმარებელთა ამერიკული ინსტიტუტი, ამერიკელ არქიტექტორთა ასოციაცია. მსგავსი გაერთიანებები არსებობს გერმანიაშიც და თითქმის ყველა სხვა ქვეყანაშიც. ისინი წარმოადგენენ ფორუმს, სადაც ყველას შეუძლია ისეთი საკითხების დაყენება, რომელთაც აქ, ამ შეკრებაზე ჰქონდა ადგილი. ესაა სფერო, სადაც დიდი ხანია რაიმეს მიღწევას ვცდილობ, თუმცაღა, განსაკუთრებული წარმატების გარეშე.

სერტიფიცირებულ დამგეგმარებელთა ამერიკულ ინსტიტუტს და არქიტექტორთა ამერიკულ ინსტიტუტს, როგორც მრავალ პროფესიულ ორგანიზაციას, ეთიკის კოდექსი გააჩნია. ტექსტი ძალზე ზოგადი განაცხადით იწყება: ‘დამგეგმარებლები საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურებიან’ – ძალზე ზოგადი ფორმულირება – და შემდგომ მოსდევს ყველა იმ საქმეთა ჩამონათვალი, რაც დამგეგმარებლებმა ეგების აკეთონ: მათ არ უნდა მოიტყუონ, არ უნდა ითაღლითონ, არ უნდა დააზიანონ  გარემო. ჩვენი საქმიანობის დიდი ნაწილი ჩვენს პროფესიათა ეთიკის დარღვევას წარმოადგენს. და ვფიქრობ, ლეგიტიმურია ჩვენი მოთხოვნა პროფესიონალურ ორგანიზაციათა მიმართ, გამოხატონ პოზიციები ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ეხლა ვაპირებთ ამ გზას მივმართოთ იმასთან დაკავშირებით, როგორც იქცევიან არქიტექტორები და დამგეგმარებლები ქვემო მანჰეტენში. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ როდესაც ისინი ცდილობენ გლობალური ბიზნესის საოფისე სივრცედ 10 მილიონი კვარდატული მეტრის შექმნის პროექტი განახორციელონ, ისინი საზოგადოების ინტერესებს არ ემსახურებიან. და რომ თუ საზოგადოების ინტერესთათვის ზიანის მიყენება არაეთიკურია, მაშინ ისინი გარიცხულ უნდა იქნან არქიტექტურული ასოციაციებიდან და პრაქტიკის უფლება უნდა ჩამოერთვათ. ეს პანდორას ყუთის გახსნას ჰგავს…. მაგრამ ჩვენ მხარესაა ლოგიკა. ამ ბრძოლაში არცთუ შორს წავიწიეთ. მაგრამ ეს საკითხის საჯაროდ წამოჭრის გზაა – და ჩემი აზრით, ამ გზით სიარული სასარგებლოა.

ნება მომეცით დავასრულო შეკითხვით, რომელიც ზოგიერთ თქვენგანს უკვე დავუსვი ბოლო ორიოდე საათის განმავლობაში, თუმცა თავადაც არ ვარ დარწმუნებული, რა შეიძლება იყოს მასზე საერთო პასუხი. შეკითხვა შემდეგია:  უნდა არსებობდეს თუ არა ოპოზიციონერ არქიტექტორთა და დამგეგმარებელთა ორგანიზაცია? იქნებ საკმარისია ინდივიდუალური ან მცირე ჯგუფების სახით მუშაობა სხვადასხვა საკითებზე, რომლებიც პროცესში წამოიჭრება, და ყოველწლიურად, ან რამოდენიმე წელიწადში ერთხელ შეკრება ერთმანეთთან სასაუბროდ?  თუ საჭიროა არსებობდეს სპეციალური დარბაზი პერმანენტული, ორგანიზებული თვითგამოხატვისათვის, იმის სადემონსტრაციოდ, თუ რისი გაკეთება გვსურს?

დავასრულებ იმის უბრალოდ აღწერით, რასაც აკეთებს ”დამგეგმარებლთა ქსელი” შეერთებულ  შტატებში. თქვენი ნებართვით, ცოტა იდეალიზირებული სახით წარმოგიდგენთ: ჩვენ ვართ დაახლოებით 900 წარმომადგენელი პროფესიისა, რომელსაც სულ დაახლოებით 60 –70 000 ადამიანი მისდევს. დასაწყისიდან იყო მხოლოდ საინფორმაციო ბიულეტენი, არც იმდენად ამბიციური, როგორც ჟურნალი ”An Architektur”, უბრალოდ, ერთგვარი მიმეოგრაფიული ბიულეტენი, რომელსაც ადამიანთა მცირე ჯგუფი თავიანთ მეგობრებს უგზავნიდა. დასაწყისიდან 300, ბოლოს კი 1200 ადამიანი იღებდა ამ ჟურნალს. იგი შეიცავდა არა მხოლოდ პოლისთა საკითხების შესახებ დისკუსიებს, არამედ მოკლე პერსონალურ კომენტარებსაც. ადამიანები საუბრობდნენ იმის შესახებ, რასაც თავად  აკეთებდნენ, უსვამდნენ კითხვებს სხვებს: ”ჩვენ გვთხოვეს ჯენტრიფიკაციის პრობლემას გავართვათ თავი – რას მოიმოქმედებდით ამის თაობაზე თქვენ?” ან ”ჩვენ ვაშენებთ ყოველდღიური ზრუნვის ცენტრს მარტოხელა დედებისათვის – ამ სფეროში სხვა რა მაგალითებია თქვენთვის ცნობილი?”  ასე რომ ყოველთვის იყო მოკლე პერსონალური კომენტარები, რამაც წევრთა მიერ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა განაპირობა და ადამიანებს ერთმანეთთან შეხვედრა მოუნდათ.

ცოტაოდენი დებატების შემდეგ იმის თაობაზე, შეიძლებოდა თუ არა მეტის გაკეთება, ამ ბიულეტენის მცირე საინიციატივო ჯგუფმა პირველი კონფერენცია მოაწყო. და რადგან მათ ძალზე მცირე შესაძლებლობები ჰქონდათ და არც იმდენად ენერგიულნი იყვნენ, როგორც ჩვენი ეხლანდელი შეხვედრის ორგანიზატორები, მათ კონფერენცია მოაწყვეს როგორც დამგემგმარებელთა უკვე არსებული აკადემიური კონფერენციის გვერდითი ღონისძიება. დაგეგმვის კოლეგიალურ სკოლათა ასოციაცია ყოველ წელს ატარებს კონფერეციას. ”დამგემარებელთა ქსელმა” ჩათვალა, რომ რაკიღა მათი მრავალი წევრი ისედაც მიდიოდა ამ კონფერენციაზე დასასწრებად, შესაძლებელი იყო უფრო მცირე კონფერენციის იქვე მოწყობა. ეს კარგად მუშაობდა ორიოდე წლის განმვალობაში. რა თქმა უნდა, მას არ მოუზიდავს ახალი ადამიანები დამგეგმარებელთა და არქიტექტორთა აკადემიური წრეების გარედან, და ამის გამო საკმაო უკმაყოფილება იყო გამოთქმული. შემდეგ გადაწყდა, რომ მომდევნო კონფერეციები პროფესიონალურ ორგანიზაციათაგან დამოუკიდებლად გაიმართებოდა და მოწვეულ იქნებოდნენ ადამიანები იმ ქალაქთა საზოგადოებებიდან, სადაც ისინი შედგებოდა – თავდაპირველად ბოსტონიდან, შემდეგ – სან–ფრანცისკოდან – ადამიანები სამეზობლოებიდან, ქალთა ჯგუფებიდან, პროფესიული კავშირებიდან – ვინც საქმიანად არიან დაკავშირებულნი განაშენიანებულ გარემოსთან და გარემოს დაგეგმარებასთან. კონფერენცია ნიუ–იორკში, რომლიდანაც პირდაპირ აქ გამოვეშურე, სულ მცირე, ნახევრად მაინც იმ ადამიანთაგან შედგებოდა, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი განაშენიანებულ გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებში, მაგრამ პროფესიონალები არ არიან, ვინც მონაწილეობენ საქმეში, როგორც მოიჯარეთა ორგანიზაციების ხელმძღვანელები, პროფკავშირების და ქალთა ჯგუფების ან რასობრივი უმცირესობების წარმომადგენლები. და მე ვფიქრობ, რომ რეალურად არსებობს როლი და ფუნქცია ”დამგეგმარებელთა ქსელის” მსგავსი ჯგუფებისათვის.

შეერთებულ შტატებში ბევრად მეტი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი: მე ვფიქრობ, ჩვენ ძალზე მძიმედ ვართ დამოკიდებული იმ შედეგებზე, რასაც სხვა ადამიანთა არასწორი საქმიანობა იწვევს. ვფიქრობ, მეტი ზოგადი კრიტიციზმი და მსჯელობა უნდა ვაწარმოოთ და გლობალიზაციის შესახებ უფრო მნიშვნელოვანი  საკითხები წამოვჭრათ ისეთი ქალაქისათვის, როგორიც ნიუ–იორკია. უნდა ვიკითხოთ, გონივრულია თუ არა მთელი ჩვენი რესურსების ჩადება ნიუ–იორკის, როგორც გლობალური ქალაქის ხელახლა აშენებაში. ჩვენ უნდა წამოვჭრათ ასეთი საკითხები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამას ორგანიზაციის სახით უფრო ეფექტურად გავაკეთებთ, ვიდრე ინდივიდუალურად.

ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება ერთმანეთთან უფრო ხშირად ლაპარაკი, ვიდრე ინტერნეტი გვაძლევს ამის საშუალებას. ჩვენ ერთად უნდა ვიფიქროთ –  როგორც ამას დღევანდელ ვორკშოპზე ჰქონდა ადგილი. ჩვენ საკუთარი ქცევა უფრო მეტად უნდა დავგეგმოთ კოლექტიურად, ვიდრე ეს დღემდე ხდებოდა. მე ვფიქრობ, კრიტიკული მიდგომა შეიძლება დაიწყოს არქიტექტურიდან და დაგეგმარებიდან, მაგრამ არ მგონია, რომ იქვე შეიძლება დასრულდეს. ტრადიციულად, არქიტექტურისა და დაგეგმარების დისციპლინებში არსებობს რადიკალური და უტოპიური პოტენციალი, მაგრამ არ მგონია, რომ  პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად შეგვიძლია. პრობლემები გაცილებით დიდი, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკურია, და სხვებთან – მშრომელებთან, პროფესიულ კავშირებთან პოლიტიკურ პარტიებთან ალიანსის ფორმირება ძალზე მნიშვნელოვანია.

არ ვფიქრობ, რომ თავს დამნაშავედ უნდა ვრძნობდეთ პროფესიულ უნართა შეზღუდული სპექტრის გამო. ჩვენ საქმე იმ უნარებით უნდა ვაკეთოთ, რაც გაგვაჩნია, მაგრამ ამავე დროს უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ რაღაცეების გაკეთება არ შეგვიძლია. თუ გვსურს კაპიტალიზმის საკითხებს გავართვათ თავი, ჩვენი ცოდნა სხვა ჯგუფებთან კოალიციებში უნდა გავაერთიანოთ, სხვაგვარად მხოლოდ მარგინალებად დავრჩებით. ვფიქრობ, რომ ბევრი ისეთი რამ უნდა ვაკეთოთ, რასაც ეხლა აქ ვაკეთებთ, და რის გაგრძელებასაც ვიმედოვნებ. და ნება მომეცით ამით დავასრულო, ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ და იმედი გამოვთქვა, რომ რაც დაიწყეთ, წარმატებით გააგრძელებთ.

 

*ამჟამად პიტერ მარკუზე, იურისტი და ქალაქმგეგმარებელი, ნიუ–იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის ქალაქგეგმარების პროფესორია. იგი ლოს–ანჯელესის  დაგეგმარების კომიტეტის პრეზიდენტი იყო, და ბოლო დრომდე, მანჰეტენში, ”საზოგადოებრივი საბჭო 9”–ს წევრი, იმავდროულად, მისი საბინაო კომიტეტის თანათავმჯდომარე.

იგი ასევე არის ”დამგეგმარებელთა ქსელის” – შეერთებული შტატების პროგრესულ დამგეგმარებელთა ორგანიზაციის წევრი. იგი უმეტესწილად წერს სოციალურ საცხოვრისზე და საბინაო პოლიტიკაზე, კერძო საკუთრებისა და პრივატიზაციის სამართლებრივ და სოციალურ ასპექტებზე, ასევე – გლობალიზაციისა და სივრცის საკითხებზე. მ

ისი ბოლო წიგნია ”ქალაქების გლობალიზაცია: ქალაქების ახალი სივრცითი წესრიგი”,  ბლექველი, 1999, რონალდ  ვან კემპენის თანარედაქტორობით, რომელიც აანალიზებს მსოფლიოს გარშემო მრავალი ქალაქის შიდა ურბანულ სტრუქტურაზე გლობალიზაციის გავლენას. ასევე არის თანაგამომცემელი წიგნისა: ”სახელმწიფოები და ქალაქები”, ოქსფორდის უნივერსიტეტი, 2002, რომელიც მიმოიხილავს ხელისუფლებათა როლს ურბანულ განვითარებაში.

იგი მუშაობს წიგნზე, რომელშიც ასახული იქნება ნიუ–იორკის მშრომელი კლასის საბინაო საკითხების ისტორია. დღეისათვის მარკუზე უმეტესწილად ჩართულია დებატებში, რომელთა ძირითადი თემებია 9–11-ის შემდეგ ქვემო მანჰეტენის ხელახალი განვითარება და ”ტეროზიმის წინააღმდეგ ომის” გავლენა მსოფლიოში ურბანულ განვითარებაზე.

 

განმარტებები:

[1] იგულისხმება ქალაქგეგმარება (Planning, town planning, urban planning);

[2] კოლუმბიის უნივერსიტეტის არქიტექტურის დაგეგმარებისა და კონსერვაციის სკოლა;

[3] ფრანკ გერი, ცნობილი ამერიკელი არქიტექტორი, ბილბაოს გუგენჰეიმის მუზეუმის შენობის ავტორი;

[4] ადამიანი, რომელიც უკანონოდ იკავებს დაუსახლებელ შენობას ან გამოუყენებელ მიწას

[5] უმიწო მშრომელთა მოძრაობები ძლიაერია ლათინურ ამერიკაში, განსაკუთრებით ბრაზილიაში

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ