პასუხი ISET-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილზე

iset

ავტორი: პაატა გურგენიძე.

© European.ge

ამ სტატიის (ეკონომიკური თავისუფლების აქტი: გვჭირდება თუ არა ის?) ავტორებს, როგორც ჩანს არ წაუკითხავთ საქართველოს ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ამავე დროს, მათი წარმოდგენა მაკროეკონომიკისა და ფისკალური პოლიტიკის რაობაზე, რბილად რომ ვთქვათ, ზედაპირულია. ამ ორივე მტკიცების საბუთებს ქვემოთ მოვიყვან.

ავტორები ვრცელ ადგილს უთმობენ თავისუფლების აქტის ვითომდა ყველაზე დიდ სისუსტეს, ახალი გადასახადების შემოღების გართულებას, მსჯელობას – „რეფერენდუმის აუცილებლობა, შესაძლოა, პრობლემად იქცეს, თუ ამ შეზღუდვის შედეგად მთავრობა ვერ ახერხებს ახალი (სპეციფიკური) გადასახადების შემოღებას, რომ ბაზრის მოთამაშეთა ინტერესები საზოგადოების ინტერესებს შეუსაბამოს“ და ასე შემდეგ. ამ დროს თავისუფლების აქტი სწორედაც რომ არ ზღუდავს ახალი გადასახადების შემოღებას თუკი ამით არ იზრდება საგადასახადო ტვირთი (მუხლი 1, პუნქტი 1,  ქვეპუნქტი ბ).

ამის მოსმენის მერე, აღარ გიკვირს ის ფაქტობრივი შეცდომები, რომლითაც „მსჯელობა“ გრძელდება. ავტორები წერენ, რომ „თავისუფლების აქტი არ კრძალავს … გადასახადების გაზრდას. ის უბრალოდ ამგვარი ინიციატივების ლეგიტიმაციას საქართველოს მოსახლეობას ანდობს“. თავისუფლების აქტი რომ წაეკითხათ, ნახავდნენ, რომ მოსახლეობა კი არა მთავრობა წყვეტს იყოს თუ არა რეფერენდუმი ამ საკითხზე. მაგალითად, თუ გადასახადების ინციატივა ეკუთვნის ჩემს პარტიას, ხალხი კი არ აძლევს ამ ინციატივას ლეგიტიმაციას, არამედ მთავრობა (მუხლი 1, პუნქტი 1,  ქვეპუნქტი ა). ამას რომ ნაკლები კავშირი აქვს დემოკრატიასთან, ვიდრე ავტორები ამტკიცებენ, ცხადია.

ამის შემდეგ მოდის კანონის იმ მუხლით აღფრთოვანება, რომლითაც მთავრობას შუძლია 3 წლით „გაზარდოს გადასახადები რეფერენდუმის გარეშე“. ეს თურმე „ხელისუფლებას დამატებით ბერკეტებს აძლევს და ამავდროულად, ზღუდავს ცვლილებების პოტენციურად უარყოფით ზეგავლენას“. ჯერ ერთი, მთავრობას გადასახადების გაზრდა კი არა ამ გაზრდის მხოლოდ მოთხოვნა შეუძლია (მუხლი 1, პუნქტი 6). მერე საკითხავია, რითი უნდა დაუსაბუთოს მთავრობამ პარლამენტს ასეთი მოთხოვნა, თუ დაბალი გადასახადების სიკეთის იდეოლოგია კონსტიტუციურად დაკანონებულია? ზრდის პერიოდში, რომელიც ეკონომიკური ციკლის ყველაზე ხანგრძლივი/ჩვეულებრივი ნაწილია, ასეთი რამ ცუდია ამ იდეოლოგიის მიხედვით. მეორეს მხრივ, რეცესიის პერიოდში, იგივე იდეოლოგიის მიხედვით (რაშიც კეინსიანელებიც ეთანხმებიან) აუცილებელი საგადასახადო სტიმული ანუ გადასახადების კიდე უფრო შემცირება. თუმცა, მხოლოდ ამგვარი მაკროეკონომიკური ლოგიკის იგნორირებაში რომ იყოს საქმე, უბრალოდ ხმას არ ამოვიღებდი.

საქმე იმაშია, რომ მთავრობას არათუ გადასახადების გაზრდა არ შეუძლია, არემედ, დღევანდელ სიტუაციაში, არ შუძლია გადასახადების შემცირებაც. ორგანული კანონით განსაზღვრულია მთავრობის ხარჯების მშპ-ს 30%-იანი ზღვარი (მუხლი 2, პუნქტი 1, ა) და ეს ზღვარი უკვე მიღწეულია. მეტიც, ეს ზღვარი მიღწეული და გადაჭარბებული იყო უკვე სააკაშვილის დროს, 2012-ში, როცა ეს „თავისუფლების აქტი“ უკვე შემოღებული ჰქონდათ (ახლანდელმა მათვრობამ მხოლოდ ცოტათი შეამცირა ბიუჯეტის დეფიციტის ეს მაჩვენებელი). შესაბამისად, გადასახადები, რომ შეამცირო დეფიციტიის გაუზრდელად, უნდა შეამცირო მთავრობის ხარჯებიც (ისედაც მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე დაბალი) და უბიძგო ეკონომიკას რეცესიისაკენ. არადა დღევანდელი შენელებული ზრდის პირობებში გადასახადების შემცირება ეკონომიკისათვის საჭირო სტიმული იქნებოდა.

სტატიის ავტორებისთვის, სხვა მიხეილ სააკაშვილის და ბენდუქიძის იდეების მიმდევრების მსგავსად, ალბათ გაუგებარია, როგორ შეიძლება ეკონომიკისათვის კარგი იყოს ორივე: გადასახადების შემცირებაც და მთავრობის ხაჯების გაზრდაც. მათ იდეოლოგიაში ხომ მთავარია მთავრობისა და კერძო ბიზნესის დაპირისპირება და არა ეკონომიკური რაციონალობა და განვითარების მიზანი. იქეთ იყოს კეინსიანური მაკროეკონომიკის ნიუანსებზე ლაპარაკი, უბრალოდ, მათ არ იციან ან არ უნდათ იცოდნენ მაკროეკონომიკის ანაბანა – მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმულა. აი ეს ფორმულა: მშპ= მთავრობის ხარჯები + კერძო მოხმარება და ინვესტიციები + საგარეო ვაჭრობის სალდო. ანუ, ნათელი უნდა იყოს, რომ გადასახადების შემცირება (კერძო ინვესტიციების ზრდის წყარო) და მთავრობის ხაჯების ზრდა ორივე ერთდროულადაა საჭირო ეკონომიკის სტიმულირებისათვის, სხვა პირობების უცვლელობისას. დღეს საქართველოში სწორედ ასეთი სიტუაცია გვაქვს – კერძო მოხმარება და საგარეო ვაჭრობა მშპ-ს უცვლელად ცუდ ფაქტორებს წარმოადგენენ.

შესაბამისად, თუ ეკონომიკის სტიმულირება დღეს საქართველოში გინდა ფისკალური პოლიტიკით,  გადასახადები უნდა შემცირდეს, სულ მცირე, მთავრობის ხარჯების შეუკვეცავად. სწორედ ამის გაკეთების საშუალებას არ იძლევა სააკაშვილის „თავისუფლება“. ფისკალური პოლიტიკა ხომ მხოლოდ გადასახადებით და ხარჯებით ოპერირებს – სხვა ინსტრუმენტი მას არ გააჩნია. არადა სწორედ ამ ინსტრუმენტებს აფერხებს „თავისუფლების აქტი“ – გადასახადების შემცირება შეუძლებელია, ბიუჯეტის დეფიციტის ზედა ზღვარი მიღწეულია; მთავრობის ხარჯების გაზრდაც შეუძლებელია, მისი  ზედა ზღვარიც მიღწეულია. ამ ფაქტების ფონზე აბსოლუტური ცინიზმია სტატიის ავტორების მხრიდან, როცა წერენ, რომ „ეკონომიკური თავისუფლების აქტი ამჟამად მთავრობას არ აფერხებს აქტიური ფისკალური პოლიტიკის გატარებაში“.

ამ რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულ სტატიაზე უკვე ისედაც ბევრი დავწერე, ამიტომ აქ შევჩერდები და გავაგრძელებ კომენტირებას თუკი მკითხველი მომთხოვს ამას.

რაც შეეხება რეალურად რა საფრთხეების შემცვლელია “ეკონომიკური თავისუფლების აქტი”, ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ჩემი ვრცელი წერილი, სადაც გაანალიზებულია ყველა ის მაკროეკონომიკური პარამეტრი, რომელზედაც ვრცელდება ამ აქტით გათვალისწინებული შეზღუდვა.

“ეკონომიკური თავისუფლების აქტი” და აბსურდით შენიღბული მავნებლობა

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ