პაპი: ადამიანური სიხარბე, სოლიდარობის ნაკლებობა და ეგოიზმი შობს სიღარიბეს

franciscoentrevista061115_lor_061115_1446889831
პაპი და 51 წლის უსახლკარო მარკი.

წარმოგიდგენთ ჰოლანდიურ გაზეთ “Straatnieuws“-თვის რომის პაპის, ფრანცისკეს მიერ მიცემული ინტერვიუს თარგმანს. 

რომის პაპი ფრანცისკე საუბრობს სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაზე, თავის ბავშვობის დროინდელ ოცნებებზე, ვატიკანში ცხოვრებაზე და ბავშვთა შრომით ექსპლუატაციაზე. რომის პაპ ფრანცისკეს კითხვები დაუსვეს ჰოლანდიური გაზეთის “Straatnieuws” რედაქტორმა და ერთმა უსახლკარომ. მისი სახელი არის მარკი, ის 51 წლისაა და ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში გაზეთებს ყიდის.

© European.ge

ჩვენი საუბარი ყოველთვის იწყება შეკითხვით ქუჩაზე, რომელზეც ჩვენი რესპოდენტი გაიზარდა. თქვენო უწმინდესობავ, როგორ გახსენდებათ თქვენი ქუჩა. რა მოგონებები ამოტივტივდება ხოლმე თქვენს მეხსიერებაში, როცა მასზე ფიქრობთ?

მე სასულიერო სემინარიაში ჩაბარებამდე ერთსადაიმავე ქუჩაზე ვცხოვრობდი. ეს იყო ძალიან უბრალო უბანი ბუენოს აირესში, საკმაოდ დაბალი სახლებით. იქ გვქონდა ადგილი, სადაც ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობდით. მე მახსენდება, როცა სახლს ბავშვებთან ერთად დავტოვებდი, სკოლაში მიმავალი გზად ფეხბურთს  ვთამაშობდით. მამაჩემი ქარხანაში მუშაობდა, რომელიც ჩვენი სახლიდან ასი მეტრით იყო დაშორებული. იგი ბუღალტერი იყო. ბებია და ბაბუა ჩვენგან სულ რაღაც ორმოცდაათი მეტრის მოშორებით ცხოვრობდნენ. ყველაფერი ერთმანეთისაგან რამდენიმე ნაბიჯით იყო დაშორებული. მე მახსენდება აგრეთვე იმ ადამიანების სახელები, რომელთაც მღვდლობის პერიოდში ხშირად ვსტუმრობდი, რათა მათთვის საეკლესიო მსახურება შემესრულებინა და საბოლოო ნუგეში მიმეცა მათთვის. ისინი მე მეძახდნენ და მეც მივდიოდი მათთან, ვინაიდან ისინი ძალიან მიყვარდა. ეს არის ჩემი სპონტანური მოგონებები ჩემს ქუჩასთან დაკავშირებით.

თქვენ ფეხბურთსაც თამაშობდით?

დიახ.

კარგი მოთამაშე იყავით?

არა. ჩემნაირებს ბუენო აირესში ეძახდნენ „pata dura“. ესე ეძახდნენ მოთამაშეს, რომელსაც ორი მარცხენა ფეხი აბია. მაგრამ  მაინც ვთამაშობდი, ხშირად ვიყავი მეკარე.

საიდან ჩამოგიყალიბდათ ღარიბებისათვის გულშემატკივრობა და თანაგრძნობა?

დიახ, ამ მხრივ ბევრი რამ მახსენდება. ჩემზე ერთმა ქალბატონმა მოახდინა დიდი შთაბეჭდილება, რომელიც ჩვენს სახლში კვირაში სამჯერ მოდიოდა დედას დასახმარებლად საოჯახო საქმეებში. მას ორი შვილი ყავდა, ისინი იყვნენ იტალიელები, სიცილიიდან და ომი გამოიარეს. ისინი იყვნენ ძალიან ღარიბები, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანები. მოგონებები ამ ქალბატონის შესახებ მე მუდამ თანმსდევს. მისმა სიღარიბემ  ჩემზე გავლენა მოახდინა. ჩვენ არ ვიყავით მდიდარი ოჯახი, ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ იმ თვეში სამყოფი გვქონდა, მეტი აღარ გვრჩებოდა. ჩვენ არ გვყავდა ავტომობილი, არ მივდიოდით ზაფხულობით დასასვენებლად. მაგრამ ჩვენთან შედარებით მათ აუცილებელი საჭიროებები აკლდათ. ამ მხრივ დედაჩემი ძალაინ ხშირად ჩუქნიდა საჭირო ნივთებს. შემდგომში ის უკან იტალიაში დაბრუნდა, ხოლო მოგვიანებით კვლავ ჩამოვიდა არგენტინაში. მე ის კვლავაც ვიპოვე, როცა ბუენოს აირესის ეპისკოპოსი გავხდი. ის 90 წლის იყო და მე მის გვერდით სიცოცხლის ბოლომდე 93 წლამდე ვიყავი. ერთ დღეს მან მე მაჩუქა მედალიონი იესოს გამოსახულებით, რომელსაც მე დღევანდელ დღემდე ყოველდღე ვატარებ. ეს მედალიონი ასევე არის მოგონება რომელიც მე მაძლიერებს. გინდათ გაჩვენოთ. ასე ვფიქრობ მე ყოველდღე მასზე და იმაზე თუ როგორ იტანჯებოდა სიღარიბით. და ვფიქრობ ყველა სხვაზე, ვინც იტანჯება. მე ვატარებ მას და ვლოცულობ მასზე….

რა არის ეკლესიის გზავნილი უსახლკაროებისათვის? რა ნიშნავს თქვენთვის ქრისტიანული სოლიდარობა?

თავში მომდის ორი რამ. იესო მოვიდა ამქვეყნად როგორც უსახლკარო და ის  ღარიბი იყო. და შემდეგი: ეკლესიამ ყველა უნდა ჩაიკრას გულში და მათ უთხრას, ეს არის მათი უფლება, ქონდეთ თავზე ჭერი. სახალხო მოძრაობებში მუშაობენ ადამიანები სამი ესპანური „t”-თი: Trabajo (სამუშაო), techo (ჭერი) და tierra (მიწა). ეკლესია ქადაგებს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება ამ სამი „t“-ს ქონისა.

თქვენ ხშირად უთმობთ ყურადღებას ღარიბებს და ლტოლვილების საკითხს. არ გაშინებთ ის რომ,შეიძლება  ამ თემით  მედია და საზოგადოება ერთგვარად გადაიღალოს?

როდესაც მხოლოდ ერთ, არცთუ ისე სასიამოვნო თემაზე არის საუბარი, არსებობს საცდური იმისა ვთქვათ, ეს მოსაბეზრებელია. ჩვენ ვცდილობთ ვთქვათ: “კარგით, მოვრჩეთ ეხლა ამას, ეს უკვე ყელშია“. მე ვამჩნევ, რომ დაღლილობა არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ მე არავითარი შიში არ გამაჩნია. მე უნდა ვთქვა კვლავაც სიმართლე და ყველაფერს თავის სახელი ვუწოდო, როგორიც ის არის.

არის ეს  თქვენი მოვალეობა?

დიახ, ეს არის ჩემი მოვალეობა. მე ვგრძობ მას ჩემში. ეს არ არის  ათ მცნებათაგან ერთ-ერთი, მაგრამ იგი ჩვენ ყველა ადამიანმა უნდა აღვასრულოთ.

არ გეშინიათ, რომ თქვენი  სოლიდარობა   უსახლკაროების და სხვა ღარიბების მიმართ დახმარება შესაძლოა პოლიტიკურად იქნას გამოყენებული? როგორ უნდა ისაუბროს ეკლესიამ, რათა ქონდეს გავლენა ამ კუთხით საზოგადოებაზე და ამავდროულად პოლიტიკური წრის გარეთ დარჩეს?

ამასთან დაკავშირებით არსებობს გზები, რომელთაც შეიძლება შეცდომამდე მიგვიყვანოს. მე მსურს ორ ცდუნებას გავუსვა ხაზი. ეკლესიამ უნდა ისაუბროს სიმართლე, მაგრამ იგი ამ სიმართლეს საკუთარი უბრალოებით უნდა ამოწმებდეს. მორწმუნეები, რომლებიც სიღარიბეზე და უსახლკაროებზე საუბრობენ, თავად კი ფარაონებივით ცხოვრობენ… ეს არასწორია. მეორე ცდუნება ეს არის ნებისმიერი მცდელობა მთავრობებთან ეკლესიის შერწყმის. ეკლესიას შეუძლია ითანამშრომლოს მთავრობებთან, მაგრამ ეს უნდა იყოს გამჭირვალე და ცხადი. მაგალითად, ჩვენ განვაგებთ ამ „სასახლეს“ (სანტა მარტას სახლი), მაგრამ მთელი ხარჯთაღრიცხვა მკაცრად კონტროლდება, რათა კორუფცია თავიდან იქნეს აცილებული. თუმცა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს კორუფციის ცდუნება. იქნება ეს პოლიტიკური თუ რელიგიური.

მე დიდი ტკივილით ვიხსენებ, იმას რაც ვნახე. არგენტინა სამხედრო მმართველობის დროს ინგლისის წინააღმდეგ ფოლკლენდის კუნძულების გამო ჩაება ომში. ომის პერიოდში ადამიანებმა დასახმარებლად ბევრი რამ გაიღეს, ხოლო ვისაც ეს დახმარებები უნდა გაენაწილებინათ, მათ ის მიითვისეს და სახლებში წაიღეს, მათ შორის კათოლიკეებმაც. კორუფციის საფრთხე ყოველთვის არსებობს. ერთხელ მე არგენტინელ მინისტრს, ძალიან პატივსაცემ კაცს ერთი კითხვა დავუსვი. მან თანამდებობაზე თქვა უარი, ვინაიდან რამდენიმე სხვა ადამიანთან ერთად, რაღაც ბნელ მაქინაციებში მონაწილეობის მიღება არ სურდა. მე ვკითხე მას: როცა თქვენ დახმარებას გზავნიდით, იქნებოდა ეს საკვები თუ ტანსაცმელი, აგრეთვე რაღაც რაოდენობის თანხა განკუთვნილი ღარიბებისათვის, რამდენი მიდის დანიშნულების ადგილამდე, იქნება ეს ფული თუ ნივთები? მან მე მიპასუხა: 35 პროცენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ 65 პროცენტი იკარგება. აი ეს არის კორუფცია. ერთი ნაწილი მე და  მეორე ნაწილიც ისევ მე.

ფიქრობთ  რომ თქვენი პაპობის პერიოდში უკვე მიაღწიეთ რაიმე ცვლილებას, მაგალითად პოლიტიკურ აზროვნებაში?

მე არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. წარმოდგენა არ მაქვს. ვიცი, რომ ზოგიერთები ჩემზე ამბობენ, რომ მე კომუნისტი ვარ. მაგრამ ეს რაღაც მოძველებული კატეგორიაა. დღეს ამისათვის სხვა აღნიშვნებს იყენებენ….

მარქსისტი, სოციალისტი….

მათ ეს ყოველივე უკვე მიწოდეს…

უსახლკაროებს აქვთ ფინანსური პრობლემები, მაგრამ ზრუნავენ საკუთარ თავისუფლებაზე. პაპს არ აქვს მატერიალური საჭიროებები, მაგრამ ზოგიერთისგან ის ვატიკანის პატიმრად აღიქმება. არ გეუფლებათ ხოლმე ხანდახან სურვილი უსახლკაროს როლი რომ მოირგოთ?

ეს მე მახსენებს მარკ ტვენის წიგნს „უფლისწული და მათხოვარი“. ერთს აქვს ყოველდღიური საჭმელი, ტანსაცმელი და საწოლი რომ დაიძინოს, მაგიდა რომ იმუშაოს. მას არაფერი არ აკლია. ასევე  ჰყავს მეგობრები. მაგრამ მარკ ტვენის უფლისწული ცხოვრობს ოქროს გალიაში.

თავისუფლად გრძნობთ თავს ვატიკანში?

ჩემი რომის პაპად გამორჩევის ორი დღის შემდეგ, ჩემი „ქონება“ პაპის აპარტამენტიდან ადმინისტრაციულ სასახლეში წავიღე, როგორც მას ოფიციალურად ჰქვია. ეს არ არის მდიდრული აპარტამენტი. მაგრამ ის დიდია, ფართო…როდესაც მე ეს შენობა ვიხილე, მან ჩემში აღძრა ძაბრის ასოციაცია, დიდი მაგრამ პატარა კარით. ეს ნიშნავს იყო იზოლირებული. მე ვიფიქრე, რომ აქ მარტივად მენტალური მიზეზებიდან გამომდინარე ვერ ვიცხოვრებდი. ყოველივე ეს მე დამაზარალებდა. თავიდან ეს ცოტა უცნაურად ეჩვენებოდათ, მაგრამ მე ვითხოვე აქ სანტა მარტაში დავრჩენილიყავი. ეს ჩემზე კარგად მოქმედებს, იმიტომ რომ თავს თავისუფლად ვგრძნობ. ვჭამ საერთო სასადილო ოთხაში, სადაც ყველა მიირთმევს. თუ ადრე ჩავდივარ, ვსაუზმობ მომსახურე პერსონალთან ერთად. მე ვხვდები ადამიანებს, ვესალმები და იმაზე არ ვწუხვარ, რომ ეს ოქროს გალია მთლიანად გალია არ არის. მაგრამ ქუჩა მაკლია.

თქვენო უწმინდესობავ, მარკს სურს თქვენი პიცაზე დაპატიჟება. ამაზე რა აზრის ხართ?

მე ამას  სიამოვნებით გავაკეთებდი, მაგრამ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. როცა მე აქედან გავდივარ, ადამიანები მოდიან ჩემთან. რამდენიმე ხნის წინ მე ქალაქის ოპტიკურ მაღაზიაში ჩემი სათვალე გამოვცვალე, საღამოს შვიდი საათზე,როდესაც ქუჩაში  არც ისე ხალხმრავლობა იყო. ოპტიკამდე მანქანით მიმიყვანეს და როდესაც ავტომანქანიდან გადმოვედი, ერთმა ქალმა დამინახა და იყვირა „ იქ პაპია“. შემდეგ მე  შიგნით ვიყავი და გარეთ უამრავი ადამიანი….

გაკლიათ კონტაქტი ადამიანებთან?

არა, ეს არ მაკლია მე, ვინაიდან ადამიანები მოდიან ჩემთან. ყოველ ოთხშაბათს გავდივარ  წმინდა პეტრეს მოედანზე საჯარო აუდიენციისას, ზოგჯერ მოვინახულებ ხოლმე ადგილობრივ სამრევლოებს. მე სულ კონტაქტში ვარ ხალხთან. მაგალითად გუშინ 5 ათასზე მეტი ბოშა მოვიდა პაპ პავლე VI-ის სახელობის დარბაზში.

თქვენი მოსახელე, წმინდა ფრანცისკე, რომელმაც რადიკალური სიღარიბე აირჩია და საკუთარი მაგიდის სახარებაც კი გაყიდა. არ გრძნობთ როგორც კათოლიკე ეკლესიის პირველი იერარქი  და რომის ეპისკოპოსი თავს უხერხულად ეკლესიის სიმდიდრის გამო და თუ არის შესაძლებელი, რომ იგი გაყიდულ იქნას?

ეს ძალიან მარტივი კითხვაა. ეს არ არის ეკლესიის განძეულობა, არამედ ეს კაცობრიობის სიმდიდრეა. მაგალითად მე რომ მეთქვა, მიქელანჯელოს პიეტა აუქციონზე უნდა გაიყიდოს… ეს არ შეიძლება გაკეთდეს, ვინაიდან ის არ არის ეკლესიის საკუთრება. ის დგას ეკლესიაში, მაგრამ ეკუთვნის კაცობრიობას. ეს ეხება ეკლესიის ყველა სიმდიდრეს. მაგრამ ჩვენ დავიწყეთ, საჩუქრების და სხვა ნივთების გაყიდვა, რომელიც მე მივიღე. გაიყიდა ნაწილი მანქანების და შემოსული თანხა მოხმარდა გაჭირვებულებს. არის ნივთები, რომლებიც შეიძლება გაიყიდოს და ისინიც ამ ბედს გაიზიარებენ.

გააზრებული გაქვთ, რომ ეკლესიის სიმდიდრეს შეუძლია მსგავსი მოლოდინების გამოწვევა?

დიახ, თუ ჩვენ ეკლესიის მთელი ქონების ჩამონათვალს გავაკეთებთ, იფიქრებს კაცი, რომ ეკლესია არის ძალიან მდიდარი. მაგრამ როდესაც 1929 წელს რომის საკითხზე იტალიასთან კონკორტადი ფორმდებოდა, იმდროინდელმა ხელისუფლებამ ეკლესიას რომში დიდი ტერიტორია შესთავაზე.  პაპმა პიუს XI-მ კი ამ შემოთავაზებაზე შემდგომი პასუხი გასცა: არა, მე მსურს მხოლოდ ნახევარი კვადრატული კილომეტრი, რათა ეკლესიის დამოუკიდებლობა იყოს გარანტირებული. ეს პრინციპი დღესაც მუშაობს. დიახ ეკლესიის  უძრავი ქონება მრავალრიცხოვანია, მაგრამ ჩვენ მას ვიყენებთ, რათა ეკლესიის სტრუქტურა შევინარჩუნოთ და  ბევრი კეთილი საქმეები აღვასრულოთ გაჭირვებულ ქვეყნებში. ასე მაგალითად საავადმყოფოები, სკოლები. მაგალითად, გუშინ  მე ვითხოვე, რომ 50. 000 ევრო კონგოში  გაეგზავნათ, რათა იქ აშენდეს სამი სკოლა ღარიბ სოფლებში. ბავშვების აღზრდა და განათლების მიცემა უმნიშვნელოვანესია.  მე მივმართე ამ საკითხზე  პასუხისმგებელ პირს და  შევიტანე წინადადება, შესაბამისად ფული  გადარიცხულ იქნა.

საუბრის ბოლოს მარკმა რამდენიმე შეკითხვა დაუსვა პაპს, მას აინტერესებდა, რაზე ოცნებობდა იგი ბავშვობაში ან თუ უოცნებია რომის პაპობაზე. პაპმა ეს უკანასკნელი იუარა და გვითხრა: „მაგრამ მე ერთ რაღაცას გაგანდობთ. როცა პატარა ვიყავი, არ იყო მაღაზიები, სადაც ნივთებს გაყიდიდი. მაგრამ იყო ბაზარი, სადაც იდგა ყასაბი, ბოსტნეულის გამყიდველი და ა.შ. მე დედასთან და ბებიასთან ერთად წავედი საყიდლებზე.  ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, სულ რაღაც ოთხი წლის.  ბაზარში მე მკითხეს, ვინ გინდა რომ გამოხვიდე, როდესაც გაიზრდები? და მე სწრაფადვე ვუპასუხე: ყასაბი“.

2013 წლის 13 მარტამდე (რომის პაპად არჩევის დღე) თქვენ   ბევრისთვის უცნობი იყავით. და წამიერად სხვებისათვის თქვენ გახდით მთელ მსოფლიოში ცნობილი. როგორ გადაიტანეთ ეს?

ეს მოულოდნელად მოხდა, მიუხედავად ამისა მე სიმშვიდე არ დამიკარგავს.  ეს ყოველივე არის ღვთის წყალობა. არ მჯერა იმ ფაქტისა, რომ მე ძალიან ცნობილი ვარ. მე შევაგონებ ხოლმე ჩემ თავს: ეხლა მე მაქვს მნიშვნელოვანი ადგილი, მაგრამ ათ წელიწადში შეიძლება არავის ვახსოვდე. იცით რა, ორი სახის ცნობადობა არსებობს: „დიდი“ ცნობილები, ვინც დიდი საქმეები გააკეთეს, როგორიც იყო მარი კიური (პოლონელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ქიმიკოსი) და  ცარიელი „დროებითი ცნობილები“. ეს უკანაკსნელნი არიან როგორც საპნის ბუშტები.

თქვენ ამბობთ ესე იგი: ეხლა მე აქ ვარ  და  ჩემი საუკეთესო უნდა გავცე, ამ სამუშაოს კი გავაგრძელებ, მანამ  ვიდრე ამის ძალა შემწევს?

დიახ.

თქვენო უწმინდესობავ, წარმოგიდგენიათ მსოფლიო ღარიბების გარეშე?

მე ვისურვებდი მსოფლიოს ღარიბების გარეშე. ამისათვის ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. მაგრამ მე მორწმუნე ვარ და ვიცი, რომ ცოდვა მუდამ ჩვენშია. ადამიანური  სიხარბე, სოლიდარობის ნაკლებობა და ეგოიზმი სიღარიბეს შობს. იფიქრეთ თქვენ მონურ სამუშაოზე ექსპლუატირებულ  და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე. ან თუნდაც ექსპლუატაციის სხვა ფორმაზე: ბავშვების მოკვდინება, რათა  მათი ორგანოები ამოიღონ და გაყიდონ. ამიტომ მე არ ვიცი, რამდენად მოვახერხებთ, რომ მივაღწიოთ მსოფლიო სიღარიბის გარეშე. ვინაიდან ცოდვა ჩვენში მუდამ არის და მას  ეგოიზმამდე მივყავრთ. მიუხედავად ამისა ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, მუდამ …. მუდამ საამისოდ.

 


-გერმანულიდან თარგმნა შოთა კინწურაშვილმა

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ