მაკრო–პრობლემებთან ბრძოლა მიკრო–პოლიტიკებით
ამას წინათ, საფრანგეთის სოციალისტურმა მთავრობამ გამოაქვეყნა უმუშევრობის დაძლევის საკუთარი გეგმა. უმუშევრობა საფრანგეთში მზარდია და 9,5%-დან (2013-ში) 10,6%-მდე (2015 ში) გაიზარდა. საქართველოს უმუშევრობის დაძლევისათვის რაიმე თანმიმდევრული პოლიტიკა ჯერ არა აქვს; თუ არ ჩავთვლით „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიას“, რომელიც უფრო ინსტიტუციურ ცვლილებებისთვისაა შექმნილი, ვიდრე მიმდინარე პრობლემების დასაძლევად.
ვიღაც იფიქრებს, რომ საქართველოში უმუშევრობის დაძლევის საქმე ისედაც კარგად მიდის. ასეთი ადამიანი ფორმალურად არც იქნება მტყუანი, რამდენადაც უმუშევრობა ქვეყანაში შემცირდა 2012 (15%) წლიდან 2014 წლამდე (12%). მეორეს მხრივ, საქართველოში უმუშევრობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე ევროპაში და არა მარტო რაოდენობრივად, არამედ ხარისხობრივადაც. თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რომ საქართველოშიც ისევე, როგორც საფრანგეთში (და მთლიანად ევროპაშიც) უმუშევრობა, ძირითადად, მოთხოვნის შემცირებით გამოწვეული მაკროეკონომიკური პრობლემაა, რომლის გადაწყვეტასაც მთავრობა მუშაობის გაუმჯობესებაზე მიმართული მიკროეკონომიკური პოლიტიკებით ცდილობს.
საფრანგეთი
მოდით ვნახოთ, თუ რას უკრიტიკებს ოლანდის სოციალისტურ მთავრობას ერთ-ერთი მემარცხენე კვლევითი ცენტრი. სტატიიდან ირკვევა, რომ ფრანგულ გეგმას ორი ფეხი ქონია: 1) ხანგრძლივი უმუშევრების გადამზადების პროგრამა და 2) მცირე საწარმოებში დაბალკვალიფიციური მუშახელის დასაქმების პროგრამა. სამაგიეროდ, ამ პროგრამას არ ქონია თავი. ესაა ის თავი, რომელსაც უნდა ეფიქრა: კი, დასაქმებულებს უნდა შევძინოთ ბაზრის მოთხოვნის შესაფერისი უნარები, მაგრამ მუშაობაზე დაბალი მოთხოვნაა ძირითადი პრობლემა. ეს მოთხოვნა კი არ გაიზრდება თუ მუშაობის პროდუქტზე მოთხოვნა არ გაიზარდა. პროდუქტზე სამომხმარებლო მოთხოვნა კი არ გაიზრდება მანამ, სანამ ხალხს ფული არ გაუჩნდება. ხალხს კი ფული არ გაუჩნდება მანამ, სანამ ცენტრალური ბანკი კრედიტს არ გააიაფებს და მთავრობა ვალებს არ აიღებს. ეს ვალები მას სჭირდება იმისთვის, რათა ხალხს სოციალური დახმარება მისცეს (პენსიები, უმუშევრობის დახმარება და ა. შ.) და დაიქირაოს ისეთ სამუშაოზე რომელზე მოთხოვნაც კერძო სექტორში ვერ დაიბადება (საჯარო ინფრასტრუქტურის და სერვისების განვითარება, მაგალითად).
საფრანგეთის დასაქმების პოლიტიკას უთაობა მისჯილი აქვს ევროკავშირში წევრობის გამო. ეს იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთს აღარ აქვს საკუთარი ცენტრალური ბანკი, რომელიც კრედიტს გააიაფებდა (თუმცა ევროპის ცენტრობანკმა ეს მაინც გააკეთა გერმანიის მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად). საფრანგეთს აღარ აქვს იმის უფლებაც, რომ ვალები აიღოს და ბიუჯეტის დეფიციტი გაზარდოს ევროკავშირში დაწესებულ დონეზე უფრო მეტად (თუმცა, როცა ძალიან ჭირდებოდათ ამ დონეს მაინც აჭარბებდნენ). სამაგიეროდ, საქართველოს ასეთი ფორმალური შეზღუდვები არა აქვს და უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენს პოლიტიკას საკუთარი თავი უნდა ქონდეს.
როგორ უნდა გავიგოთ გვაქვს თუ არა თავი, რომელსაც მერე ისეთივე ფეხები დასჭირდებოდა, საფრანგეთის პოლიტიკას რომ აქვს?
საქართველო
იქნებ საქართველოს ეკონომიკაში არა გვაქვს ბაზარზე მოთხოვნის/მოხმარების შემცირების ციკლური პრობლემა და, შესაბამისად, უმუშევრობა არ არის ციკლური ხასიათის? მაშინ უმუშევრობა, ძირითადად, სტრუქტურული ხასიათის ყოფილა და მუშახელის გადამზადებით/ტრენინგებით შეგვძლებია მათი უნარების მისადაგება შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. თუ ეს ასეა, უმუშევრობას მალე დავძლევდით ამ გზით.
რეალობაში ეს ასე არ არის, რა თქმა უნდა.
„საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის“ სიტუაციური ანალიზის თავში, შავით თეთრზე წერია: „უმუშევრობა ძირითადად ციკლური ხასიათისაა“. სტრუქტურული უმუშევრობის დონეც რომ მაღალია, ეს მხოლოდ მომდევნო ფრაზაშია ნახსენები. მიუხედავად ამისა, ციკლური უმუშევრობის დასაძლევად არა თუ მთავრობა არ აკეთებს არაფერს არამედ შესაფერისი პოლიტიკის ინსტრუმენტებზე საკუთარი ნებით გვაქვს ნათქვამი უარი უცხოელი „მრჩევლების“ საამებლად, ხოლო ცენტრალური ბანკი პირდაპირ მავნებლობას აკეთებს დასაქმების პოლიტიკის თვალსაზრისით. სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ საფრანგეთმა თავი დაკარგა ევროკავშირში თავის შეყოფის გამო, ჩვენ კი თავი არსად არ შეგვაყოფინეს, რამდენადაც თავი თვითონვე მოვიჭერით.
მთავრობა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საიტიდან ვიგებთ, რომ საქართველოში „2015 წელს დაგეგმილია ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება [მშპ–ს]3%-მდე, ხოლო 2016 წელს – [მშპ–ს] 2.5%-მდე“. მედიის მიერ გავრცელეებული ინფორმაციებით, ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური, ამასწინად დაპირდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომ საქართველო ბიუჯეტის დეფიციტს შეამცირებს მშპ-ს 2%მდე.
ეს ციფრები რომ გასაგები იყოს უნდა ვთქვათ, რომ საფრანგეთს 2009 წელს ბიუჯეტის დეფიციტი ქონდა მშპ-ს 7% მეტი, ხოლო 2015 წელს 3,7% მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წინაშე ვალდებულია ეს დეფიციტი შეინარჩუნოს 3% ბარიერზე დაბლა. საქართველოს მსგავსი ვალდებულებები არ აქვს, მაგრამ კომუნისტების დროინდელი „სოცშეჯიბრების“ სტილში იღებს გეგმა-ვალდებულებებს უფრომეტად შემოიჭიროს ქამარი, ვიდრე ამას თვითონ ევროპელები ან ამერიკელები აკეთებენ. ქამრის ეს შემოჭერა, ძირითადად, უმუშევრების კისერზე ხდება, მაგრამ ეს არავის ანაღვლებს, რამდენადაც პარლამენტში და მთავრობაში უმუშევარი არავინაა.
ცენტრალური ბანკი
როდესაც დღევანდელი მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა, კრედიტის გაიაფების დაპირებას მართლაც შეასხა ხორცი. ამ დაპირების ხორცშესხმაში მთავრობის მიერ განხორციელბულ პროგრამებს კი არ ქონდა მნიშვნელობა, არამედ ცენტრალური ბანკის მონეტარულ პოლიტიკას. როგორღაც მოხერხდა, რომ ცენტრალურმა ბანკმა გაუიაფა კრედიტი კომერციულ ბანკებს (რეფინანსირების განკვეტი 7%-დან ნელ-ნელა 4%-ზე დაბლა ჩამოვიდა) და ამან გამოიღო კიდეც შედეგი ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით. 2013 წლის ბოლო კვარტალში და 2014 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის (მშპ) 1%-მდე დაცემული ზრდის ტემპი 7%-ზე მაღლა ავიდა.
2014 წლის ბოლოდან ცენტრალური ბანკი იწყებს ხსენებული მავნებლური პოლიტიკის გატარებას და კრედიტს ისევ უძვირებს ბანკებს (რეფინანსირების განაკვეთი დაუბრუნდა 8%-ის ნიშნულს). შედეგიც არ იგვიანებს და ეკონომიკის ზრდის ტემპი 2015 წლის მე-3 კვარტალში ეცემა 2,5%-მდე. რა თქმა უნდა, ეკონომიკის შენელება უარყოფითად აისახება დასაქმებაზე და მალე აგიხსნით, თუ როგორ ხდებოდა ეს საქართველოში. მანამდე, კიდევ ერთ საიტერესო „უთაობაზე მინდა გითხრათ“.
როგორც ამერიკა და ევროპა გვეუბნება (და რა მარტო ჩვენ არამედ დანარჩენ მსოფლიოსაც), ცენტრალურ ბანკს არ შეუძლია მისცეს კრედიტი საკუთარი სახელმწიფოს მთავრობას. ანუ, სხვა სიტყვებით, აკრძალულია ე.წ. ფულის ბეჭდვის პოლიტიკა. საქართველოც კარგი დამჯერი მოსწავლესავით მისდევს ამ წესს და, როცა კრედიტი სჭირდება უცხოური ბანკებისაგან (სავალუტო ფონდის ჩათვლით) იღებს მას. საოცარი და სამწუხარო აქ მხოლოდ ისაა, რომ თვითონ „მასწავლებლები“ ამ წესს არ იცავენ.
ამერიკა ფულის ბეჭდვის პოლიტიკას ატარებს 2008 წლიდან მოყოლებული (მხოლოდ რამდენიმე თვის წინ შეწყვიტა), ხოლო ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ეხლა დაიწყო ფულის ბეჭდვა, როცა ნახა, რომ გერმანიის მიერ ამ პოლიტიკის მიუღებლობა ძალიან წააგავდა ნეოიმპერიალიზმს, ოღონდ ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ. ფულის ბეჭდვას არ ერიდება იაპონიაც. რატომ? იმიტომ, რომ ზრდის დაბალი ტემპების დონე ეკონომიკის პირობებში ეს არის ზრდის და დასაქმების სტიმულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტი.
ის, რომ საქართველო და მისი ცენტრალური ბანკი ფულის ბეჭდვას არასოდეს მიმართავენ, არ არის მხოლოდ ამ კონკრეტული მთავრობის პოლიტიკის პრობლემა. საქართველოს ცენტრალური ბანკის ინსტიტუციურ მოწყობაში დევს ამ პოლიტიკის მიუღებლობა. კერძოდ, ჩვენს ცენტრალურ ბანკს არ აქვს უმუშევრობის სამიზნე, იგი პასუხისმგებელია მხოლოდ ინფლაციის დონის რეგულირებაზე (ინფლაციის სამიზნე). ჩვენს ფონზე, როკფელერების დაარსებული ამერიკის ცენტრალური ბანკი (ფედერალური რეზერვი) სოციალისტური ბანაკია, რამდენადაც მას აქვს უმუშევრობის სამიზნე (შეინარჩუნოს უმუშევრობა ე.წ. ნორმალურ დონეზე, დაახლოებით 4%-ის ფარგლებში) და მას უმორჩილებს თავის მონეტარულ პოლიტიკას.
მაშ როგორ შემცირდა უმუშევრობა 2013-14 წლებში?
საქართველოში უმუშევრობის შემცირების მთავარი ილუზია მოდის უმუშევრობის აღრიცხვის მეთოდოლოგიიდან. ეს მეთოდოლოგია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერაა რეკომენდებული, მაგრამ ძირითადად ემსახურება განვითარებული ქვეყნების უმუშევრობის სტატისტიკის შედარების მიზანს. ამ მეთოდოლოგიას აკრიტიკებენ სწორედ იმის გამო, რომ განვითარებად ქვეყნებში, სადაც დასაქმების დიდი წილი სოფლის მეურნეობაში დაბალი ხარისხის დასაქმებაზე მოდის, ეს მეთოდი არ იძლევა უმუშევრობის პრობლემის რეალურ სურათს. იგივე შრომის საერთასორისო ორგანიზაცია ურჩევს ქვეყნებს, რომ გამოიყენონ სხვა მეთოდებიც დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვის მიზნით.
კერძოდ, ლაპარაკი მაქვს ამაზე, რომ დასაქმებულად ვთვლით ყველა იმას, ვინც გამოკითხვის წინა ერთი კვირის მანძილზე ერთი საათი მაინც მუშაობდა შემოსავლის მიღების მიზნით. ამგვარად, „დასაქმებულების“ კატეგორიაში ხვდება ყველა ის ქართველი, ვინც სოფლად ცხოვრობს და საკუთარი მიწის ნაგლეჯზე ხანდახან მაინც მუშაობს, რაღაც მოსავლის მოწევის მიზნით. რა თქმა უნდა, ეს ხალხი თავს უმუშევრად თვლის და სოფელში უმუშევრობის პრობლემა გაცილებით დიდია, ვიდრე თბილისში. სწორედ ამიტომაც, სოფლებიდან ხალხი თბილისში ჩამოდის. მაგრამ, სტატისტიკის მიხედვით თბილისში 3-ჯერ მეტია უმუშევრობა, ვიდრე სოფლად (2013-ში, თბილისში 29%, იმერეთში კი 9%).
ეხლა უფრო კონკრეტულად გეტყვით, თუ რატომ შემცირდა უმუშევრობა 2013-14 წლებში. სინამდვილეში, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი არაფერი შეცვლილა. თბილისში სამუშაო ძალის გარეთ დარჩენილი ადამიანების (ანუ ისეთების, რომლებიც აღარ ეძებენ სამუშაოს) რიცხვმა იმატა – 2013-ში 27 000-ით, 2014-ში 6 000-ით. როგორც ჩანს, სამუშაოს მოძებნა გართულდა. სამუშაოს მძებნელების ნაწილი წავიდა სოფლად, რათა საკუთარი ნაკვეთისათვის მაინც მოევლო და მიზერული შემოსავალი მიეღო. სტატისტიკურად ისინი აღმოჩნდნენ „დასაქმებულების რიგებში“. ამგვარად, თბილისში შემცირდა უმუშევრობა, რამდენადაც სამუშაოს მძებნელები სოფლებში წავიდნენ, ხოლო სოფლებში შემცირდა უმუშევრობა, რამდენადაც ახლად ჩამოსული სამუშაოს მძებნელები „დასაქმდნენ“.
ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფოს დასაქმების პოლიტიკას არ აქვს თავი, ანუ, მაკროეკონომიკური პოლიტიკების (ფისკალურის, იგულისხმება დეფიციტის გაზრდის, და მონეტარულის, იგულისხმება ფულის ბეჭდვის და იაფი კრედიტის) შესაფერისად დაგეგმვის და გატარების უნარი. შედეგად ვიმკით იმას, რომ ძალას ვატანთ დასაქმების პოლიტიკის ისეთ ფეხებს, როგორიცაა მუშახელის გადამზადება და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა; თუმცა ეს ფეხებიც ძალიან სუსტი გვაქვს და არავინ იცის, სად წავლენ და როდის გვიმტყუნებენ უთაობის პირობებში.