რვა ყველაზე მდიდარ ადამიანს იმდენივე ქონება აქვს, რამდენიც დედამიწის მოსახლეობის 50%-ს

უთანასწორობა

გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

► გთავაზობთ ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ზე 16 იანვარს ამავე გამოცემის ეკონომიკური სექციის რედაქტორის ლარი ელიოტის მიერ გამოქვეყნებული წერილის თარგმანს, რომელიც შეეხება ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია Oxfam-ის მიერ უთანასწორობასთან დაკავშირებულ ახლახან გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშს.

© European.ge

ოქსფამის ახალი ანგარიში სიმდიდრის მზარდ და საშიშ კონცენტრაციაზე იუწყება.

მსოფლიოს რვა ყველაზე მდიდარი მილიარდერი იგივე ქონებას განაგებს, რასაც ყველაზე ღარიბი ფენა, დედამიწის მოსახლეობის ნახევარი – საქველმოქმედო ორგანიზაცია სიმდიდრის მუდმივად მზარდ და სახიფათო კონცენტრაციაზე მიუთითებს.

ანგარიშში, რომლის გამოქვეყნებაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დაწყებას დაემთხვა შვეიცარიაში, დავოსში, “ოქსფამმა” განაცხადა, რომ „გროტესკულობას“ ცილდება ის ფაქტი, რომ მდიდარი ადამიანების მცირე ნაწილს, რომელსაც სათავეში მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეიტსი უდგას, 426 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონება აქვს, რაც 3.6 მილიარდი ადამიანის ქონების ტოლია.

საქველმოქმედო ორგანიზაციამ  ახალი ეკონომიკური მოდელის დანერგვა მოითხოვა, რათა უთანასწორობის ტენდენციას ბოლო მოუღოს. სწორედ უთანასწორობის ტენდენციამ მოუძებნა ახსნა ბრექსიტის მოვლენებსა და დონალდ ტრამპის გამარჯვებას ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში.

“ოქსფამმა” მზარდი უთანასწორობა ხელფასების აქტიურ შეზღუდვას, საგადასახადო ფანდებსა და კომპანიების მესვეურების მხრიდან სარგებლობის გამოძალვას დააბრალა. ამას დამატებული ისიც, რომ ბიზნესი ზედმეტად ორიენტირებულია  მდიდარ დამფუძნებლებსა და აღმასრულებელ ხელმძღვანელობას უფრო და უფრო მეტი მოგება მოუტანოს.

მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა გასულ კვირას განაცხადა, რომ 2017 წელს მზარდი უთანასწორობა და სოციალური პოლარიზაცია მსოფლიო ეკონომიკისთვის ორ ყველაზე დიდ რისკს წარმოშობდა და შესაძლებელია ეს  გლობალიზაციის უკან მობრუნებაში გამოიხატოს.

ოქსფამის თქმით, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი, მოსახლეობის 50% ფლობს იმდენივე ქონებას რამდენსაც 426 მილიარდი დოლარის მფლობელი ჯგუფი, რომელშიც პირველობენ ბილ გეიტსი, ამანციო ორტეგა: ესპანური მოდური ხაზის, „ზარას“ დამფუძნებელი და უორენ ბაფეტი: სახელგანთქმული ინვესტორი და „ბერკშირ ჰეტევეის“ აღმასრულებელი დირექტორი.

დანარჩენები არიან: კარლოს სლიმ ელუ – მექსიკური ტელეკომუნიკაციის მსხვილი ბიზნესმენი და „გრუპო კარსოს“ კონგლომერატის მფლობელი; ჯეფ ბეზოსი –  „ამაზონის“ დამფუძნებელი; მარკ ცუკერბერგი – „ფეისბუქის“ დამფუძნებელი; ლარი ელისონი – ამერიკის ტექფირმის „ორაკლის“ აღმასრულებელი დირექტორი და მაიკლ ბლუმბერგი- ნიუ იორკის ყოფილი მერი, ბლუმბერგის ახალი ამბებისა და ფინანსური ინფორმაციის მომსახურების მესაკუთრე და დამფუძნებელი.

გასულ წელს, ოქსფამმა განაცხადა, რომ მსოფლიოს 62 ყველაზე მდიდარი მილიარდერი ისეთივე ქონების მფლობელები იყვნენ, როგორც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი. თუმცაღა, 2017 წელს ეს რიცხვი 8-მდე შემცირდა, იმიტომ, რომ ახალი მონაცემების თანახმად, სიღარიბის მაჩვენებლი ჩინეთსა და ინდოეთში უფრო სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე მოიაზრებოდა. ეს კი  50 % ს უფრო აუარესებს და  მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრულს უფრო აღრმავებს.

ფორუმის წევრები, რომლებსაც ორშაბათს შვეიცარიაში ელოდებიან, სხვადასხვა რანგით იქნებიან წარმოდგენილნი; დაწყებული ჩინეთის პრეზიდენტით: ქსი ჯინპინგით – პოპ ვარსკვლავ შაკირათი დამთავრებული.  მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა საკუთარი ინკლუზიური ზრდისა და განვითარების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 2008- 2013 წლის შუალედებში საშუალო შემოსავალი  26 განვითარებულ ქვეყანაში დაახლოებით 2.4 %-ით შემცირდა.

ნორვეგიამ, ლუქსემბურგმა, შვეიცარიამ, ისლანდიამ და დანიამ  მსოფლიოს ეკომონიკური ფორუმის ინკლუზიური განვითარების მაჩვენებლების მიხედვით პირველი 5 ადგილი დაიკავეს; ბრიტანეთი 21-ე ადგილზეა, ხოლო აშშ 23-ეზე. ორგანიზაციამ, რომელიც დავოსის ღონისძიებას მართავს, განაცხადა, რომ მზარდი უთანასწორობა „კაპიტალიზმის რკინის კანონის“ შედეგი კი არ არის, არამედ სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზეა დამოკიდებული.

მსოფლიოს ეკომონიკური ფორუმის ანგარიშში ასევე ნაჩვენებია, რომ 103 ქვეყნის 51%-ს (რომელთა მონაცემებიც ხელმისაწვდომი იყო) ინკლუზიური განვითარების მაჩვენებლები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაუუარესდა, „ეს ადასტურებს  საზოგადოების დამოკიდებულების კანონიერებას და პოლიტიკოსების წინაშე მდგარ გამოწვევას, რაც იმ სირთულეში მდგომარეობს, რომ ეკონომიკური ზრდა ფართო სოციალურ პროგრესად გარდაქმნან“.

ფორბსის მდიდრების ჩამონათვალსა და იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელსაც ინვესტიციის ბანკი „კრედიტ სუის“-ი იძლევა, ოქსფამი აცხადებს, რომ ადამიანების უდიდესი ნაწილი, რომელიც მსოფლიოს პოპულაციის ქვედა ნაწილში იმყოფება, გადარჩენისთვის ყოველდღიურად იბრძვის. მათგან 70% კი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ცხოვრობს.

„ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმმა უთანასწორობის  იდენტიფიცირება მოახდინა როგორც პირველი საფრთხე სოციალური სტაბილურობისა, მაგრამ უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის გაღრმავებას განაგრძობდა“- დასძენს ოქსფამი.

„ბრექსიტიდან დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატებამდე, რასიზმის შემაშფოთებელი ზრდა და წამყვანი პოლიტიკური პროცესებისადმი ფართოდ გავრცელებული რწმენის დაკარგვა, უფრო და უფრო თვალშისაცემი ნიშნებია იმისა, რომ მდიდარ ქვეყნებში უფრო მეტ და მეტ ადამიანს აღარ სურს ამჟამად არსებული სიტუაციისადმი ტოლერანტულად დარჩენა“- ნათქვამია ანგარიშში.

საქველმოქმედო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ღარიბი ხალხი ჩინეთსა და ინდოეთში ფლობს იმაზე ნაკლებ ქონებას, ვიდრე ეგონათ, რაც ქონებრივ განსხვავებას უფრო აშკარას ხდის, ვიდრე ეს ერთი წლის წინ ჩანდა, როდესაც 62 მილიარდერს ჰქონდა იგივე ქონება, რაც მსოფლიოს მოსახლეობის უღარიბეს ფენას, მსოფლიო პოპულაციის ნახევარს.

მარკ გოლდრინგი, ოქსფამის აღმასრულებელი დირექტორი დიდ ბრიტანეთში, ამბობს: „ამ წლის უთანასწორობის სურათი უფრო ნათელი, უფრო ზუსტი და შოკისმომგვრელია ვიდრე ოდესმე. გროტესკულობის საზღვარსაც კი ცდება, რომ ადამიანების მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც გოლფის ეტლშიც კი ადვილად ჩაეტევა,  იმაზე მეტს ფლობს, ვიდრე ყველაზე გაჭირვებულები – კაცობრიობის ნახევარი.“

„მაშინ, როდესაც პლანეტაზე ცხრა ადამიანიდან ერთი დასაძინებლად მშიერი მიდის, ერთ მუჭა მილიარდერებს  იმდენი ქონება აქვთ, რომ მათ  რამდენიმე სიცოცხლე დასჭირდებათ მის დასახარჯად. ის ფაქტი, რომ ყველაზე მდიდარ ელიტას აღორძინება დანარჩენების ხარჯზე არამარტო ჩვენთან, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეუძლია, აჩვენებს თუ როგორი დამახინჯებული გახდა ჩვენი ეკონომიკა“.

მარკ ლითლვუდმა, ეკონომიკური საკითხების ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა: „ოქსფამმა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც კაპიტალიზმის უარყოფითად და საფრთხის მატარებლად წარმოჩენას ემსახურება; ამავდროულად  მოხერხებულად უვლის გვერდს იმ ფაქტს, რომ თავისუფალმა ბაზრებმა ჯერ მხოლოდ გასულ წელს 100 მილიონზე მეტ ადამიანს გაუწიეს დახმარება, რათა სიღარიბისგან თავი დაეღწიათ.“

ოქსფამის მოხსენებაში დამატებულია, რომ 2015 წლიდან მოყოლებული უმდიდრესი 1% ფლობდა უფრო მეტ სიმდიდრეს ვიდრე დანარჩენი პლანეტის მაცხოვრებლები. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ მომდევნო 20 წელიწადში , 500 ადამიანი გადასცემს  2,1ტრილიონ დოლარს მემკვიდრეებს – თანხა, რომელიც იმაზე დიდია, ვიდრე ინდოეთის მთლიანი შიდა პროდუქტი, ქვეყანა 1,3 მილიარდი ადამიანით. 1988-2011 წლების განმავლობაში ყველაზე ღარიბი ფენის 10%-ის შემოსავალი გაიზარდა მხოლოდ 65 დოლარით, მაშინ როდესაც, ყველაზე მდიდარი 1%-ის შემოსავალი გაიზარდა 11,800 დოლარით – 182-ჯერ მეტით.

ოქსფამი მოუწოდებს ძირეული ცვლილებებისკენ, რომელიც ეკონომიკის მუშაობას არა მხოლოდ პრივლეგირებული მცირე ჯგუფისთვის, არამედ ყველასთვის უზრუნველყოფს.


ინგლისურიდან თარგმნა თეონა მჭედლიშვილმა.

– ილუსტრაცია: © The Economist.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ