გთავაზობთ ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ზე 2016 წლის 18 აგვისტოს ოუენ ჯონსის მიერ გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.
ოუენ ჯონსი გახლავთ ცნობილი ბრიტანელი მწერალი, მრავალი საერთაშორისო გამოცემის მესვეტე და პოლიტიკური კომენტატორი.
© European.ge
ბრიტანული საზოგადოება ოქროს ბილეთებით უზრუნველყოფს პრივილეგირებული ფენის წარმომადგენლებს. ეს ბილეთები განკუთვნილია ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფებისთვის, რომლებსაც გაუმართლათ და დაიბადნენ კონკრეტულ, გამორჩეულ ოჯახებში და აქედან გამომდინარე გარანტირებული აქვთ არაპროპორციულად დიდი ძალაუფლება და გავლენა მთელი ცხოვრების მანძილზე. ისინი იზრდებიან კომფორტულ სახლებში, სადაც ყოველთვის არის სივრცე სწავლისთვის. მათ ყოველთვის საკმარისი საკვები აქვთ და ასევე, ადრეული ბავშვობიდან მათ განკარგულებაშია უამრავი წიგნი თუ ლექსიკონი.
ეს ფაქტორები უზრუნველყოფს მათ აკადემიურ წარმატებას.
ასეთ ადამიანს კერძო განათლება თავდაჯერებულობას კიდევ უფრო მატებს. ოჯახურ კონტაქტებს და კავშირებს შეუძლიათ გაუხსნან მათ ნებისმიერი სასურველი პროფესიის კარი. ძვირადღირებული მეორე საფეხურის უმაღლესი განათლების (postgraduate) პროგრამების საფასურს, რომლებიც სულ უფრო და უფრო აუცილებელი ხდება კონკრეტული კარიერისთვის, იხდიან მათი მშობლები, რომლებსაც საკმარისი შემოსავალი აქვთ ამისთვის.
აუნაზღაურებლად მუშაობა და სტაჟირება დღეს კიდევ ერთი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გასაღებია ელიტური სამსახურის მოსაპოვებლად. ფინანსურად ეს თითქოს წამგებიანია – მაგრამ არა მათთვის, ვის მშობლებსაც სოლიდური საბანკო ანგარიშები აქვთ. საბინაო კრიზისს და პრობლემებს შეიძლება მოხერხებულად აუარო გვერდი მამიკოს ან დედიკოს ანგარიშიდან გულუხვი ტრანსფერის საშუალებით, რომლებიც შეგიძლია გამოიყენო ქირის გადასახდელად ან დეპოზიტის დასაფარად.
აქედან გამომდინარე, არაა საკვირველი, რომ ბრიტანული ელიტის წარმომადგენელთა მიღწევები სრულიად არარეპრეზენტაციული ჩანს დანარჩენ საზოგადოებასთან მიმართებაში. ასე, მაგალითად, კერძო სკოლებში ბრიტანელების მხოლოდ 7% სწავლობს, მაგრამ ამის მიუხედავად, Sutton Trust-ის წლევანდელი კვლევის თანახმად, კერძო სკოლის კურსდამთავრებულები შეადგენენ სასამართლო სისტემის ტოპ წარმომადგენელთა სამ მეოთხედს, ოსკარის ნომინაციაში გამარჯვებულთა ორ მესამედს, ათიდან ექვს ტოპ ექიმს, ტოპ ჟურნალისტების ნახევარზე მეტს და პარლამენტის წევრების დაახლოებით ერთ მესამედს.
თუ თქვენ გულწრფელად არ თვლით, რომ „ყველაზე პრივილეგირებული“ და „ყველაზე ნიჭიერი“ ერთი და იგივეა, მაშინ უნდა აღიაროთ, რომ ასეთი სიტუაცია ცალსახად უსამართლოა. ასეთი უსამართლო უთანასწორობა მხოლოდ სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამით შეიძლება აღმოიფხვრას. პროგრამით, რომელიც მოიცავს საბინაო კრიზისის დაძლევას, დაწყებით განათლებაში ინვესტიციების გაზრდას და სიღარიბესთან ბრძოლას.
ამის ნაცვლად, ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია ჩხირკედელაობის გზა. მთავრობის კონსერვატორმა მინისტრმა, ბენ გრუმერმა (რომელიც არის კონსერვატორი მთავრობის ყოფილი მინისტრის ვაჟი და კერძო სკოლის აღზრდილი) შემოგვთავაზა დავუსვათ საჯარო სამსახურის თითოეულ აპლიკანტს 12 კითხვა. ამ კითხვების მიზანია გაარკვიოს აპლიკანტების სოციალური სტატუსი. კითხვები ძალიან ეკლექტურადაა შედგენილი. მაგალითად – აინტერესებთ, გაატარა თუ არა აპლიკანტმა რაღაც დრო სხვებზე ზრუნვაში ან ჰქონდა თუ არა მას როდისმე ლტოლვილის სტატუსი და ასევე – რომელ სკოლაში სწავლობდნენ, ქონდათ თუ არა სკოლაში უფასო კვება და რა იყო მათი საფოსტო ინდექსი 14 წლის ასაკში.
და ბოლოს – შეკითხვა რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს განსაზღვრებას – როგორ შეაფასებდნენ თავად აპლიკანტები თავიანთ სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას?
ასეთი დისკუსიები უსარგებლო არ არის: მათ შეუძლიათ ბიძგი მისცენ მეტ მრავალფეროვნებას ელიტურ პროფესიებში და წაახალისონ დებატები ჩვენს კლასობრობით შეპყრობილ და კლასობრივად განსაზღვრულ საზოგადოებაში.
ნამდვილად – მაღაროელების, მეფოლადეების და ქარხნების მუშათა კლასის სუპერმარკეტებში, ქოლ-ცენტრებსა და ოფისებში გადანაცვლებამ ბევრი დააბნია. აქედან გამომდინარე საუბრობენ ამ კლასის გაქრობაზეც, მაგრამ ეს სიტუაცია ჩვენ მხოლოდ გვიბიძგებს ბოლოს და ბოლოს გავერკვეთ იმაში, თუ ვინ და რაც მთავარია რატომ ფლობს სიმდიდრეს.
ასეთი კითხვები ელიტისთვის ძალიან არაკომფორტულია. ყველას აწყობს იფიქროს, რომ წარმატება პირადად მისი ნიჭის, შრომისმოყვარეობისა და გაბედულების შედეგია. კლასობრივი თემის წამოწევა ელიტარულ წრეებში პირად შეურაცხყოფადაც კი აღიქმება. „გინდათ თქვათ აქ მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ მდიდარ ოჯახში დავიბადე“? – აი როგორი პასუხი შეიძლება მიიღოთ მათგან. (სიმართლე ბოლომდე უნდა ითქვას – არა მგონია ახლა ეს სტატია დამეწერა, ჩემი სხვა თანატოლების მსგავსად ბავშვობა სტოკპორტში რომ გამეტარებინა).
კლასთან დაკავშირებულ დისკუსიას ყოველთვის აკლია კონკრეტიკა. ასე, მაგალითად – მშრომელთა კლასიდან გამოსული თეთრკანიანი მოსწავლეების განათლების დონეს ხშირად განიხილავენ ხოლმე, მაგრამ სტატისტიკა რეალურად აღრიცხავს მხოლოდ იმ „თეთრკანიან მოსწავლეებს, რომლებიც სკოლაში უზრუნველყოფილი არიან უფასო კვებით“. მოსწავლეთა მხოლოდ 14% აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს. შესაბამისად, „მშრომელთა კლასი“ ხდება საზოგადოების ყველაზე ღარიბი ოჯახების სინონიმი.
გარდა ამისა, მშრომელი კლასი ყოველთვის იყოფოდა უამრავი ნიშნით – ბინის მესაკუთრეები და სოციალურ საცხოვრებელში მცხოვრებლები, სრულ განაკვეთზე მომუშავეები და არასრულ განაკვეთზე მომუშავეები, მამაკაცები და ქალები, ბრიტანეთში დაბადებულები და მიგრანტები, შავები და თეთრები, კერძო სექტორში დასაქმებულები და საჯარო სექტორში დასაქმებულები, ქალაქელები და სოფლელები, ინგლისელები და შოტლანდიელები და ა.შ…
ეს განსხვავებები ხშირად იქცევა წინააღმდეგობებად, რომლებსაც უმოწყალოდ და ეფექტურად იყენებენ იმისთვის, რომ მეზობელი მეზობელს დაუპირისპირონ, გათიშონ და მათი რისხვა ძალაუფლების მქონეთა ნაცვლად ერთმანეთისკენ მიმართონ.
მემარცხენეებს ჰაერივით ჭირდებათ კლასთან დაბრუნება. 1980-იანებიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ლეიბორისტული მოძრაობა გაისრისა, ძველი ინდუსტრია განადგურდა და ცივი ომი დასრულდა – კლასი უკანა პლანზე აღმოჩნდა გადასროლილი. გენდერი, რასა და სექსუალობა უფრო მნიშვნელოვანი და შესამჩნევი გახდა. სინამდვილეში, მემარცხენეებს არასდროს უნდა გაეკეთებინათ არჩევანი „კლასსა“ და „გენდერს“ შორის, რადგან შეუძლებელია ერთი გამოყო მეორისგან ან მეორე გაიგო პირველის გარეშე, როცა, მაგალითად, ვაკვირდებით ქალების მაღალ კონცენტრაციას დაბალანაზღაურებად და დაუცველ სამუშაოებზე.
მაგრამ, ჩვენს დროში მშრომელ ადამიანს აქვს განცდა, რომ მემარცხენეებმა ის არა მხოლოდ მიატოვეს, არამედ უარესიც – მას ძალიან ხშირად ურტყამენ სწორედ მემარცხენე თემებით. ძალიან ბევრი მშრომელი შეურაცხყვეს და გამოაცხადეს ჩამორჩენილ, აგრესიულ და ფანატიკურ ბრბოდ, რომელიც ერთადერთ სიამოვნებას უმცირესობების ლანძღვით იღებს.
კლასის მიტოვებამ 90-იანებიდან უკვე ფუნდამენტურად შეცვალა ქვეყნის ბედი. ისევე როგორც შეერთებულ შტატებში, მემარჯვენე პოპულიზმმა იგრძნო ვაკუუმი და შეავსო იგი: მან დაიწყო მშრომელების ენაზე საუბარი. მემარჯვენე პოპულისტები ამბობენ, რომ ლიბერალური პარადიგმა არაფერს სთავაზობს ბრიტანეთის მშრომელებს ლანძღვის გარდა. მემარჯვენე პოპულისტებმა დაიწყეს მშრომელების ინტერესების გამოხატვა – თუმცა არა ბანკირების და ბოსების წინააღმდეგ – არამედ იმიგრანტებისა და სოციალური შემწეობის უსამართლოდ მიმღებთა წინააღმდეგ.
და აი – მშრომელი კლასის ამბოხი ბოლოს და ბოლოს შედგა. ეს იყო ბრექსიტი. მოდით ნუ განვაზოგადებთ – მილიონობით მშრომელმა დარჩენას დაუჭირა მხარი – განსაკუთრებით ახალგაზრდობისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა, მაგრამ მაშინ როცა საშუალო კლასის პროფესიონალების უმრავლესობამ ხმა მისცა ევროკავშირში დარჩენას, მშრომელთა კლასის გადამწყვეტმა უმრავლესობამ ამჯობინა ევროკავშირის დატოვება. „დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტია“ იბრძოდა მშრომელთა კლასის სოციალური ბაზისში, რომელიც თავს შეურაცხყოფილად და მარგინალიზებულად გრძნობდა.
დღეს, როცა ლეიბორისტები ერთმანეთთან კონფლიქტში იძირებიან, ტერეზა მეი ოსტატურად უტევს მემარცხენეების ტრადიციულ ლოგიკას. მისი მთავრობა მხოლოდ გაზრდის სიმდიდრისა და ძალაუფლების კონცენტრაციას „რჩეულთა“ ხელში, მაგრამ როცა მშრომელი ბრიტანეთის დიდი ნაწილი ამდენად გაუცხოებულია მემარცხენეობისგან, უკვე ესეც აღარაფერს ნიშნავს.
ბრიტანეთის მშრომელებს შეუძლიათ შეცვალონ ახალი მემარჯვენე უმრავლესობა, თუმცა ისინი ხედავენ რომ მემარცხენეები პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ. დროა მემარცხენეები დაუბრუნდნენ კლასს – წინააღმდეგ შემთხვევაში ბრიტანეთს ტორების მუდმივი ხელისუფლება ემუქრება.
– ინგლისურიდან თარგმნა ზვიად ავალიანმა.