გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.
► ავტორი: ოთარ ჭულიხაძე, ფილოსოფოსი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი. მას ეკუთვნის ცნობილი ფილოსოფოსისა და მწერლის, ალან უოტსის წიგნის – “აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა” – ქართული თარგმანი.
► ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ავტორის სხვა წერილიც – “ინტერნეტი და თავისუფლება.”
კულტურის ინდუსტრიის სხვა ასპექტებთან ერთად, ადამიანის იდეურ შებოჭვას ასტროლოგიაც ახდენს. ასტროლოგია მიწიერი პროცესების ასახსნელად ვარსკვლავებს მიმართავს, რითაც თანამედროვე იდეოლოგიის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს – ირაციონალურ-რაციონალურობას – შესანიშნავად აწარმოებს. ასტროლოგია ირაციონალურია იმდენად, რამდენადაც შემოთავაზებული ვარსკვლავური მოდელის უკრიტიკოდ მიღებას მოითხოვს და ვარსკვლავებსა და სოციალურ მოვლენებს შორის ფსევდო-მიზეზობრივ ძაფებს აბამს. რაციონალობა კი გამოიხატება იმ საზოგადოებრივი რეალობის, იმ სტატუს-ქუოს მიღებასა და გამკლავებაში, რომელშიც ის ოპერირებს. აგრეთვე – ადამიანის ფსიქოლოგიის და „ცხოვრებისეული კანონების“ კარგად გააზრებაში.
ასტროლოგიის კრიტიკა შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ. კრიტიკის პირველი ნაწილი ასტროლოგიის როგორც ასეთისადმი მივმართოთ და მას ვუწოდოთ – ასტროლოგიის იდეური კრიტიკა; ხოლო მეორე ნაწილი შეიძლება მიემართებოდეს ასტროლოგიას, როგორც თანამედროვე იდეოლოგიის ფუნქციას. ცხადია, კრიტიკის პირველი ნაწილი იმდენადაა დაკავშირებული მეორესთან, რამდენადაც ის ასტროლოგიის როგორც ასეთის ირაციონალობას ააშკარავებს; მეორე – ე.ი იდეოლოგიური ნაწილი – კი ასტროლოგიას თანამედროვე საზოგადოების იდეოლოგიის ირაციონალურ ფუნქციად გაიაზრებს.
კრიტიკის პირველი ნაწილი უფრო პიროვნული თვისებების ასტროლოგიურ დახასიათებას ეხება; მეორე კი – ასტროლოგიის მიერ გაცემულ რჩევებსა და წინასწარმეტყველებებს.
ასტროლოგია ადამიანის თვისობრივი დახასიათებაა; მისი ბედის, დაბადების თარიღისა და ადგილის განსაზღვრის მცდელობაა. განსაზღვრება კი ვარსკვლავთა განლაგების ადამიანის დაბადების დროით მონაკვეთთან ან/და ადგილთან მიმართებით წარმოებს. ანუ, ასტროლოგიის მიხედვით, ადამიანი თუ 24.08-23.09 პერიოდში დაიბადა, ის „ქალწულია“ და მთელი რიგი განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა:
- მობილიზებულია და წინდახედულია;
- რეალისტია და პრაგმატულია;
- განვითარებული აქვს ანალიტიკური უნარები;
- არ თანაუგრძნობს ღარიბ-ღატაკებს;
- არა აქვს არანაირი ილუზია;
- მუდამ რაღაცითაა დაკავებული.
და ა.შ[1]
თვისებათა მსგავსი განაწილების და შესაბამისად, ასტროლოგიის, როგორც ასეთის, წინააღმდეგ შეგვიძლია რამდენიმე არგუმენტი მოვიყვანოთ. ეს არგუმენტები ასტროლოგიის იდეურ კრიტიკას წარმოადგენენ.
კვლევის ჯგუფის არ არსებობა – დედამიწაზე მცხოვრები შვიდი მილიარდი ადამიანის დაახლოებით მეთორმეტედი (უხეში გათვლით) „ქალწული“ უნდა იყოს. საეჭვოა, თითოეულ მათგანს ახასიათებდეს ყველა ის თვისება, რაც მიეწერება ზოდიაქოს ამ კონკრეტულ ნიშანს.
მახასიათებელთა აბსტრაქტულობა და ინტერპრეტაციათა სიმრავლე – ისეთი მახასიათებლები როგორიცაა: „არ გააჩნიათ არავითარი ილუზია“, ან „გამუდმებით რაღაცითაა დაკავებული“ მეტისმეტად აბსტრაქტულია, რითაც ის ფაქტია შენიღბული, რომ ასტროლოგიის ობიექტს არ წარმოადგენს კონკრეტული ადამიანი.
ასტროლოგთა მიერ წამოყენებული კონკრეტული ადამიანის დახასიათების ვერსიები განსხვავებულ ინტერპრეტაციათა საშუალებას გვაძლევს; ასე მაგ. დავსვათ შეკითხვა:
აი, თუ მე დღეში 5 საათს ვმუშაობ და 12 საათის განმავლობაში ვწევარ, მაშინაც მივესადაგები მახასიათებელს – „გამუდმებით რაღაცითაა დაკავებული“? ეგებ, ამ კატეგორიაში მოსახვედრად 13 საათიანი მუშაობა და 5 საათიანი დასვენება უფრო გამოდგეს?
თუნდაც განვიხილოთ წინადადება: „არ გააჩნიათ არავითარი ილუზია“ – რას ნიშნავს ილუზია? ილუზიაა ის, ვთამაშობდე ლატარეას და მეგონოს, რომ ას მილიონს მოვიგებ? თუ ილუზიაა ის, რომ მეგონოს, დედამიწაზე ოდესმე საერთაშორისო კომუნიზმი დამყარდება? ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ვინ ადგენს რაა და რა არაა ილუზია?
თვისებათა სიმრავლე – ასტროლოგიის მხრიდან ადამიანისათვის თვისებათა სიმრავლის მინიჭება ილუზიას იოლად ჰბადებს – „უი, აი ეს კი მე ნამდვილად მახასიათებს!“ ცხადია, თუ ზოდიაქოს ერთ-ერთ ნიშანს უამრავ თვისებას მივაწერთ, შანსი გაიზრდება რომელიმე მათგანი ჰოროსკოპის წამკითხველი კონკრეტული ადამიანის ცალკეულ თვისებას დაემთხვეს. სწორედ თვისებათა სიმრავლე წარმოქმნის იმის ილუზიას, თითქოს დაბადების თარიღისა და ვარსკვლავთა კონსტელაციის მიმართება ადამიანის თვისებათა და ბედის განმსაზღვრელი იყოს.
ადამიანის თვისებათა სხვადასხვა განმაპირობებელი – ასტროლოგია განსაზღვრულ პრედიკატებს მიაწერს გარკვეულ აბსტრაქციას, რომელიც ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს (კონკრეტულ დროით პერიოდში დაბადებულებს) აღნიშნავს. მარტივად შეიძლება, რომ ეს პრედიკატები ადამიანს ახასიათებდეს არა კონკრეტულ დროით მონაკვეთში (ან კონკრეტულ დღეს) დაბადების გამო, არამედ პიროვნულ თვისებათა განმსაზღვრელი ისეთი ფაქტორების გამოისობით, როგორებიცაა:
- ეროვნულობა,
- ინდივიდუალური ცხოვრების მანძილზე გამომუშავებული მახასიათებლები,
- აღზრდა,
- უშუალო გარემო,
- საზოგადოებრივი წყობა,
- ბავშვობის ტრავმები,
- კლასობრივი კუთვნილება,
- ინდივიდუალური თუ კოლექტიური არაცნობიერი და სხვა.
ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, „ქალწულს“ „არ გააჩნია არავითარი თანაგრძნობა ღარიბ-ღატაკთა მიმართ“, არა იმის გამო, რომ ის „ქალწულია“, არამედ იმიტომ, რომ ის მდიდარია.
ასევე, კონკრეტული „ქალწული“ მოწესრიგებულია იმიტომ, რომ დავუშვათ, ბავშვობიდან მოყოლებული მარტო უწევდა ცხოვრება და ეს თვისება „ცხოვრებამ გამოუმუშავა“. ანალიტიკური უნარები კი განვითარებული აქვს იმიტომ, რომ მთელი ახალგაზრდობის მანძილზე ანალიტიკური ფილოსოფიის ტომეულებს კითხულობდა და ა.შ
არასაკმარისი ცვლადები – ასტროლოგია გარკვეული პლანეტებისა და ვარსკვლავების დისპოზიციას იყენებს იმისათვის, რომ ადამიანის თვისებები დაახასიათოს.
დროებით თუ მივიღებთ ჰიპოთეზას, რომ ვარსკვლავების განლაგება ადამიანის თვისებებს მართლაც განსაზღვრავს, მაშინ შევძლებთ შევედავოთ ასტროლოგიას და მივუგოთ, რომ დასკვნების გასაკეთებლად არასაკმაო ცვლადებს იყენებს. ანუ ადამიანის მახასიათებლებსა და მის ბედს გარკვეული რაოდენობით, პირობითად N ციური სხეულით განსაზღვრავს. ამიტომ, შემიძლია დავსვა შეკითხვა ასტროლოგიური დასკვნების სიზუსტისადმი: თუ ციური სხეულები მართლა განსაზღვრავენ ჩემს თვისებებს და მომავალს, მაშინ N+10000 ვარსკვლავზე რომ გვქონოდა ინფორმაცია, განა მაშინ უფრო მკაფიოდ არ განვსაზღვრავდი ჩემს მახასიათებლებსა თუ ბედს?
***
ასტროლოგიის როგორც ასეთის კრიტიკაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია კრიტიკის მეორე, იდეოლოგიური ნაწილი. ანუ კრიტიკა იმისა, თუ რა როლს ასრულებს ასტროლოგია, როგორც იდეოლოგიის ფუნქცია, რადგან დღევანდელი იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ის გახლავთ, რომ იგი კაცობრიობის ისტორიის „ღრმა წარსულში“ აღმოცენებულ ელემენტებს ერთმანეთთან აკავშირებს და მათ კონკრეტული, იდეოლოგიური მიზნებისკენ მიმართავს.
კრიტიკის საწარმოებლად, საჭიროდ ჩავთვალე გამეანალიზებინა ერთ-ერთი ქართული ასტროლოგიური საიტის – http://astrologi.ambebi.ge/-ს რამდენიმე კვირის პროგნოზი. ამის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე ელემენტი, რომლებიც უშუალოდ უკავშირდებიან თანამედროვე იდეოლოგიას:
მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის, რომ ასტროლოგები იყენებენ (1) ფსევდო-კაუზალურ კავშირებს. ასტროლოგია ადამიანს სთავაზობს ახსნას, ოღონდ ისეთ ახსნას, რომელიც მაქსიმალურად თავისუფალია მიზეზ-შედეგობრივი ბმის სოციალური ფაქტებით დატვირთვისგან. ნაცვლად ამისა, ის „ტრანსცენდენტურ“ კავშირს იყენებს. ტრანსცენდენტი, ამ შემთხვევაში, არის არა ღმერთი, არამედ „დეპერსონალიზებული ზე“ – ვარსკვლავები. ასეთი კავშირების მაგალითებია:
„სავსე მთვარის ენერგეტიკა კირჩხიბში უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებშიც დაგეხმარებათ. ამ პერიოდში კარგია შენაძენის გაკეთება, ოფიციალური დოკუმენტების გაფორმება.“ (9 – 15 იანვარი)[2];
„4 იანვარს რეტროგრადული მერკური მშვილდოსნის ზოდიაქოში ბრუნდება. რაც იმას ნიშნავს, რომ დღის წესრიგში დაბრუნდება ძველი თემები და განსახილველი საკითხები. შესაძლოა ეს ყველაფერი დაუკავშირდეს იურიდიული სახის პრობლემებს, ასევე არ არის გამორიცხული საერთაშორისო და ლოკალური პოლიტიკის კუთხითაც მოხდეს ძველი ამბების ახლებურად “გადამღერება“. მოსალოდნელია შეფერხებები გადაადგილებისას შორ მანძილზე. არ არის გამორიცხული პრობლემები საბაჟო–გამშვებ პუნქტებზეც.“ (2-8 იანვარი);
„დამდეგი სავსემთვარეობა წინ წამოსწევს ისეთ საკითხებს, რომლებიც ოჯახურ ურთიერთობებს, ნათესავებს უკავშირდება. ეს კარგი დროა საკუთარი ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დასარეგულირებლად. განსაკუთრებით აქტუალური იქნება უახლოეს გარემოცვასთან ერთად გატარებული პერიოდი. ასე რომ დაუკავშირდით და–ძმებს და ნათესავებს, მოიკითხეთ ისინი.“ (9 – 15 იანვარი).
მსგავსი ტიპის ფსევდო-კაუზალური კავშირების გაბმით, ასტროლოგია ერთის მხრივ, ცდილობს ადამიანს უსიტყვოდ შეაპაროს, რომ ადამიანი თვითონ არ არის საკუთარი ბედის მმართველი, ხოლო მეორეს მხრივ, მოუწოდებს მას დამოუკიდებელი ქმედებებისკენ, რითაც აქტიური ცხოვრებისკენ და მხნეობისკენ იდეოლოგიურად „წაახალისებს“.
ასტროლოგიის ეს მიდგომა ბადებს შემდეგ კონტრ-არგუმენტს:
„იურიდიული ხასიათის პრობლემა“ წარმოიშობა კონკრეტული ინდივიდის კონკრეტულ საზოგადოებაში აქტივობის გამო. საზოგადოებაში, რომელსაც მოუწია იმ პერიოდში არსებობა, როდესაც უამრავი იურიდიული პრობლემა არსებობს. იგივე მსჯელობა უაზრო იქნებოდა პრიმიტიულ თემურ ერთობასთან დაკავშირებით, ანუ იმ დროსთან, როცა არც „საბაჟო-გამშვები პუნქტები“ არსებობდა და არც სამსახურებრივი პრობლემები. ანუ, ასტროლოგიური პროგნოზი მიმართულია თანამედროვე ადამიანისადმი, თანაც ისეთისადმი, რომელიც სოციალურ იერარქიაში დაბალ საფეხურზე დგას.
სწორედ ამგვარი მიმართულების გამო, ასტროლოგიურ პროგნოზებში ხშირად შეინიშნება ერთი მომენტი, რომლის გამოკვეთაც მნიშვნელოვანია. ეს არის (2) არსებული სტატუს-ქუოს შეკითხვის გარეშე მიღება. ადამიანმა არ უნდა დასვას შეკითხვა „რატომ?“ არსებული საზოგადოებრივი ვერტიკალებისა და სტატუს-ქუოს შესახებ. პროგნოზებში და რჩევებში ყველაფერი „მარტივი“ უნდა იყოს და მოცემული საზოგადოებრივი რეალობის „შიგნით“ უნდა ხდებოდეს:
„ორშაბათი კვირის არამხოლოდ ყველაზე მძიმე დღე იქნება, არამედ იქნება პერიოდი, როცა ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოიბათ საიმისოდ, რომ ვინმემ არ შესძლოს თქვენი გაცურება.“ (23-29 იანვარი);
„7 იანვარს მზისა და პლუტონის შეერთება ადამიანებში ძალაუფლების დაუძლეველ წყურვილს და კონფლიქტურობის კოეფიციენტს გააძლიერებს. ვისაც თავისი ბუნებით სოციუმზე ზემოქმედება და მისი მართვა შეუძლია, ეს, რა თქმა უნდა, კარგი პერიოდი იქნება, თუმცა ჩვეულებრივ მოკვდავებში (!!! – ო.ჭ) მსგავსი ასპექტი მარტოოდენ ამბიციებს წამოსწევს წინ.“ (2-8 იანვარი);
„ასეთ დღეებში არ ღირს დანიშნოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები უმაღლესი ინსტანციის წარმომადგენლებთან.“ (16-22 იანვარი).
მართლაც საოცარია თუ როგორაა მიმართული ასტროლოგიური რჩევები ისეთი ადამიანისადმი, რომელსაც „უფროსი ყავს“ და როგორ აჯერებს მას, რომ ის „ჩვეულებრივი მოკვდავია“. ასტროლოგიურ რჩევებში ვერ შევხვდებით ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა: „თქვენი თანამშრომლები ცუდ ხასიათზე არიან“, „ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ“. ნაცვლად ამისა, გვაქვს რჩევები, რომლებიც ქვემდგომისკენაა მიმართული:
„ზოგადად, ნუ შეეცდებით ამ პერიოდში საკუთარი მოსაზრებისა და ინტერესების “რქებით” გატანას, იმიტომ რომ, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ცდუნება ძალზე დიდი იქნება მიმდინარე კვირის მანძილზე.“ (16-22 იანვარი).
სავარაუდოდ იმიტომ, რომ:
„პრობლემები ძირითადად ზემდგომებთან კომუნიკაციაში ჩნდება.“ (16-22 იანვარი)
ცხოვრება კონფლიქტურია, ეს ასტრომრჩეველმა კარგად იცის და გამომწვევ მიზეზსაც (3) „ოქროს შუალედის“ სიფრთხილით ეხება:
„კვირის შუა პერიოდში – მოსალოდნელია ურთიერთობების გართულება პარტნიორულ კავშირებში. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს გარკვეული მორალური პრინციპები, რომელსაც საზოგადოება გვკარნახობს ან უფროსი ნათესავების უხეში ჩარევა ამა თუ იმ წყვილის ურთიერთობაში. პრობლემა ასევე შესაძლებელია წარმოქმნას მატერიალურმა საკითხებმა და ფინანსურმა ვალდებულებებმა, რომელსაც რომელიმე პარტნიორი გაურბის ან ვერ ასრულებს.“ (23-29 იანვარი).
მსგავსი მიდგომა ნიშნავს, რომ არ არის საჭირო ფინანსური ვალდებულებების წარმოშობის ანალიზი. ასტრორჩევა „რაციონალურია“, „სოციალურია“ და „ფსიქოლოგიურია“, რადგან რჩევის მიმცემმა იცის, რომ ფინანსური ვალდებულებები ცხოვრებაში პრობლემებს წარმოქმნის. მისთვის ისიც კარგად ცნობილია, რომ არსებობს „მორალური პრინციპები, რომელთაც საზოგადოება გვკარნახობს“, მაგრამ ამ ყოველივეს ცოდნის მიუხედავად, ის არ არღვევს „ოქროს შუალედის“ პრინციპს და არ ამბობს, თუ რა არის ეს „მორალური პრინციპები“, რატომ გვეხვევიან ისინი თავს, რატომ გვაქვს „ფინანსური ვალდებულებები“ დაკისრებული და ა.შ
ამის შესახებ, თავის წერილში „ვარსკვლავები ქვევით მიწისკენ“ თეოდორ ადორნო სამართლიანად შენიშნავდა, რომ: „ასტროლოგიაც, ისევე როგორც რასიზმის მსგავსი ირაციონალური მოძღვრებებიც, იძლევა კომპლექსურის მარტივ ფორმულაზე დაყვანას, რითაც ამავდროულად მიანიჭებს სასიამოვნო დაკმაყოფილებას მას, ვინც თავს განათლების პრივილეგიებისგან მოშორებულად გრძნობს“. [3]
მარტივ ფორმულაზე დაყვანა კი ერთი მახასიათებლით, (4) კეთილმეგობრული რჩევების მოზომილი ზოგადობით ხერხდება. რადგან ასტროლოგიური რჩევების ობიექტი ანონიმია, ამიტომაც ასტროლოგიურმა მრჩეველმა „ოქროს შუალედი“ არ უნდა დაარღვიოს. მან არც მწვადი უნდა დაწვას და არც შამფური. ერთის მხრივ, იგი არ უნდა შევიდეს ინდივიდის ფსიქოლოგიის სიღრმეში, არ უნდა დაიწყოს ადამიანის არაცნობიერში მიმდინარე პროცესების სოციალურ-კულტურული განმაპირობებლების ანალიზი; ხოლო მეორეს მხრივ, მისი პროგნოზი ან რჩევა ადამიანმა არ უნდა აღიქვას უცხოდ, რათა ადამიანი არ დაეჭვდეს. ამიტომ, ასტროლოგი ჩვენი „მეგობარი“ უნდა იყოს; „მეგობარი“, რომელიც ზომიერად ზოგად, მაგრამ სოციალურად „სასარგებლო“ რჩევებს მოგვცემს. რჩევებს, რომლებიც „გულებს გაგვითბობს“. მსგავსი დისტანცირება აუცილებელია, რადგან ადამიანთა უმრავლესობა ასტროლოგიას ისედაც „გასართობად კითხულობს“ და „ამ სისულელის არ სჯერა“, მაგრამ იდეოლოგიის მთავარი დანიშნულება ის არის, რომ ის აკეთო, რისიც არ გჯერა და რასაც სისულელედ მიიჩნევ და ასეთი მიდგომით თვითგანადგურების და საკუთარი სულის ჩახშობის პასიურ რეჟიმში განაგრძო ცხოვრება. სწორედ ამისთვის არის საჭირო კეთილმეგობრული რჩევები ზომიერად ზოგადი იყოს:
„ამ ყველაფერს კი სამშაბათიდან პლანეტა ვენერას თევზების ნიშანში გადაბარგებაც შეუწყობს ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანთა გულები უახლოესი ერთი თვის მანძილზე გულწრფელი სიყვარულით, თანაგრძნობით, ზრუნვის მოთხოვნილებითა და სითბოთი განათდება.“ (2-8 იანვარი);
„ასე რომ, მიმდინარე კვირის მანძილზე სასურველია, ჯანმრთელობასა და პროფილაქტიკურ მკურნალობასაც არანაკლები ყურადღება დაუთმოთ.“ ( 16-22 იანვარი);
„შესაძლებელია ასევე გარკვეული ხიფათები გზებზე. ამიტომ კვირის შუა პერიოდში მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ ყველას, ვინც საჭესთან ზიხართ“ (13-18 თებერვალი);
ფსევდო მეგობრულობა, რჩევათა აბსტრაქტულობა, ზომიერი დისტანცია – ეს ის მომენტებია, რომლებიც ასტროლოგიას უკავშირდება და თანამედროვე ადამიანის ერთ ფსიქოლოგიურ მომენტს ავლენს: ეს მისი ნახევარ-განათლებულობიდან გამომდინარე, გაუცხოების გადალახვის მიზნით, ირაციონალური ალტერნატივის მოთხოვნილებაა. ანუ ადამიანი, რომელსაც არ მოსწონს არსებული რეალობა, ეძებს ალტერნატივას, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ალტერნატივების ძიებას გარკვეული სულიერი დისტანცირება და ინტელექტუალური ჩართულობა სჭირდება, ის მარტივი პასუხებისკენ ხდება მიდრეკილი, რომელთა წარმოებაში თანამედროვე იდეოლოგიას ბადალი არ ყავს. შედეგად, იდეოლოგია მორიგ მსხვერპლს იგდებს ხელთ…
შენიშვნები:
[1] http://astrologia.ge/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%97/
[2] დახრილი შრიფტით მოცემულია ნახსენებ საიტზე – http://astrologi.ambebi.ge/ გამოქვეყნებული პროგნოზიდან ამონარიდი; ციტატის გვერდზე კი ის პერიოდი, რომელსაც კონკრეტული პროგნოზი თუ რჩევა შეესაბამება.
[3] Adorno T.W; The Stars Down to Earth; ISBN 0-203-73447-5 (Adobe eReader Format); გვ 45.