ომის ეკონომიკა – პოსტსაბჭოთა კონფლიქტები

გიორგი ჩხეიძე

როგორც თავის გამოსვლაში ჯერ კიდევ 11 წლის წინ ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა ჩარლზ კინგმა აღნიშნა, ევრაზიის კონფლიქტები დიამეტრულად განსხვავდება სხვებისგან. მან რამდენიმე მიზეზი დაასახელა. პირველი, ჩეჩნეთის გამოკლებით სხვა კონფლიქტები – დნესტრისპირეთი მოლდავეთის რესპუბლიკაში (მოლდავეთი), მთიანი ყარაბაღი (აზერბაიჯანი) და სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი (საქართველო) – 1990-იან წლებში გაჩაღდა და მას შემდეგ თითქმის დამთავრდა. მეორე, ამ ომების მიზანი არ ყოფილა ცენტრალურ მთავრობაზე კონტროლის ხელში ჩაგდება, არამედ მიზანს წარმოადგენდა სეპარატისტული ქვეყნების შექმნა უმცირესობათა განსახლების ტერიტორიებზე. მესამე, კონფლიქტები საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა, 4-დან 5 წლამდე და ნებისმიერ სხვა ადგილას არსებულ კონფლიქტთან შედარებით მსხვერპლის მცირე რაოდენობით გამოირჩეოდა. როგორც კინგმა აღნიშნა, ყველა პოსტკომუნისტური კონფლიქტის შედეგად, მათ შორის ბალკანეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ჩათვლით მიღებული მსხვერპლის საერთო რაოდენობა ანგოლის სამოქალაქო ომისაზე ნაკლებია.

გავრცელებული შეხედულება, რომ ეს კონფლიქტები „გაყინულია“, კინგის აზრით, ფუნდამენტურად მცდარია; ეს ყურადღების მიღმა ტოვებს კონფლიქტის თანმდევ პროცესებს სახელმწიფოს მშენებლობის კუთხით. საომარი მოქმედებების შეწყვეტის დღიდან დნესტრისპირეთი, მთიანი ყარაბაღი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სინამდვილეში ფუნქციონირებად ქვეყნებად ჩამოყალიბდნენ – რამდენიმემ თავიანთი პასპორტები გამოუშვა, ყველა მათგანს გააჩნია სეპარატისტული სავალუტო რეჟიმები, მუშაობს ეროვნული განათლების სისტემები, ატარებენ არჩევნებს (საერთაშორისო მონიტორინგის გარეშე) და ზოგიერთ შემთხვევაში თავიანთ ყოფილ ქვეყნებზე მძლავრი არმიაც გააჩნიათ. ეს აუღიარებელი ქვეყნები არა მხოლოდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, არამედ ერთმანეთის დამოუკიდებლობა დიპლომატიურადაც აღიარეს. ამას გარდა, ეს ქვეყნები ხშირად უკეთესად ფუნქციონირებენ, ვიდრე ის ქვეყნები, რომელთაც დღემდე ოფიციალურად ეკუთვნიან. მშვიდობის განხორციელება, მაშასადამე, უფრო მეტად ორი სრულიად განსხვავებული ერთეულის ინტეგრაციას გულისხმობს, ვიდრე თავად ერთეულის ხელახლა გაერთიანებას. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებები რეინტეგრაციის შესახებ ჩიხშია შესული.

თუმცაღა, ამ ომებს წმინდა ეკონომიკური დატვირთვა ჰქონდა და იმ ერთეულებს, რომლებიც მათი დასრულების შემდეგ წარმოიქმნენ წმინდა ეკონომიკური ინტერესი გააჩნიათ სეპარატულობის შენარჩუნებისთვის. ამგვარი ქცევით მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რესურსების მონოპოლიზება თავიანთ ტერიტორიაზე. მაგალითად, აფხაზეთი ეწევა თხილისა და ჯართის ექსპორტს, დნეპრისპირეთი ფლობს ფოლადის განვითარებულ ინდუსტრიას და სამხრეთ ოსეთი სარგებელს ნახულობს გეოგრაფიული მდებარეობიდან, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებს აკავშირებს.

მაშინ, როცა ცენტრალური მთავრობები შეიძლება აპროტესტებდნენ იმას, თუ როგორ სარგებლობენ ტერიტორიები მათ საზღვრებში არსებული რესურსებით, მათაც თავიანთი ეკონომიკური ინტერესი გააჩნიათ არსებულ სიტუაციაში. საომარი მოქმედებების არარსებობა, თუმცა ტექნიკურად ჯერ კიდევ მოუგვარებელი კონფლიქტის გაჭიანურება ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის რაღაც ნაწილი ფუნქციურად მისი ადმინისტრაციის გარეთაა. ეს ცენტრალური ქვეყნის მეწარმეებს აძლევს იარაღით, ნარკოტიკებით, ადამიანებითა და სხვა საქონლით კონტრაბანდული ვაჭრობის საშუალებას, ხოლო თავის მართლება ადვილადაა შესაძლებელი – „ეს ჩვენი ტერიტორია არაა, ვერაფერს ვიღონებთ“.

სეპარატისტებმა ააშენეს ქვეყნები და საზოგადოებები, რომლებშიც მოსახლეობის უფრო ფართო მასებსაც თავიანთი ინტერესები გააჩნიათ; მაგალითად, ის პროფესორები, რომლებიც მანამდე არსებულ სატელიტურ უნივერსიტეტებში ასწავლიდნენ ახლა თავიანთი ეროვნული უნივერსიტეტების რექტორები არიან. მოსწავლეთა მთელი თაობაა აღზრდილი იმ იდეით, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის წევრებს წარმოადგენენ და არა ეთნიკურ უმცირესობას.

ევრაზიული კონფლიქტები წარმოადგენენ შედარებით წარმატებულ მაგალითებს იმისა, თუ როგორ შეიძლება „ქვეყნების გაჩენა ომის გაჩენით“. ისინი ასევე გვიჩვენებენ სიხარბისა და ტკივილის დაბალანსების კომპლექსურ მხარეებს.1

აღნიშნული მოხსენება ჩარლზ კინგმა ვუდრო ვილსონის მეცნიერთა საერთაშორისო ცენტრისა და საერთაშორისო მშვიდობის აკადემიის კონფერენციაზე 2001 წლის 10 სექტემბერს გააკეთა ომის ეკონომიკის თემაზე ევრაზიის კონფლიქტების განხილვისას. რა არის ომის ეკონომიკა? – საჭიროების, სიხარბისა და მრწამსის გადაკვეთის წერტილი. მას შემდეგ სეპარატისტული ეკონომიკები სულ სხვა კუთხით განვითარდა სხვადასხვა რეგიონში. საქართველოს, მაგალითად, არათუ სეპარატისტულ რეგიონებთან, არამედ რუსეთთანაც არ გააჩნია სავაჭრო ურთიერთობები, ამდენად შეცვლილია კონფლიქტის ეკონომიკური დატვირთვაც. აშკარაა, რომ ის სარგებელი, რომლებსაც კონფლიქტის მხარეები იღებდნენ კონფლიქტის გაჭიანურების გზით საერთოდ გაქრა. მაშინ რა არის ახლა? ახლა არის დრო, როცა ყველა მხარე თავის ეკონომიკურ ზარალს ითვლის და ერთადერთ მანუგეშებელ ფაქტად ის რჩება, რომ აღნიშნული ზარალი შეიძლება რომელიმე მხარისთვის შედარებით ნაკლები აღმოჩნდეს. ფაქტია, რომ ქვეყნები აშკარად გაჩნდა ომის გაჩენით, თუმცა მათი დამოუკიდებლობა, პირველ რიგში კი, ეკონომიკური დამოუკიდებლობა აშკარად ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს პროსეპარატისტული თვალთახედვიდანაც კი. აღნიშნულ რეგიონებს უფრო და უფრო მეტად სჭირდებათ საქართველოსთან გაჭიანურებული კონფლიქტის სიტუაციის აღდგენა, სადაც შესაძლებლობა ექნებათ შავი ეკონომიკის პირობებში კონფლიქტიდან რაიმე სარგებელი ნახონ და აშკარად არ იყვნენ დამოკიდებული უცხო ქვეყნიდან მიღებულ მწირ დოტაციებზე. მანამდე არსებული შავი ეკონომიკა კი საქართველოსთვის წარსულის შემადგენელი ნაწილი ხდება – ამდენად მდგომარეობის განმუხტვა და ეკონომიკური ურთიერთობის რაიმე ახალი ცივილური ფორმის გამონახვა საერთაშორისო დაინტერესების ან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილების გარეშე წარმოუდგენელია. ამასთანავე, კონფლიქტის ესკალაციასთან ერთად სრულიად შეიცვალა დამოკიდებულება თავად სეპარატისტული რეგიონების მიმართ მესამე ძალის აშკარა ქმედებების გამო, რამაც სეპარატისტთა ნახევრად თეთრ საბაზრო ეკონომიკას შეიძლება ითქვას, რომ წერტილი დაუსვა.

სიტუაციის ანალიზისთვის დაგვეხმარება მსოფლიო ბანკის ეკონომისტის პაულ კოლიერის კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები. პირველი, კოლიერის მონაცემების მიხედვით არ არსებობს მნიშვნელოვანი კავშირი პოლიტიკურ რეპრესიებს, უთანასწორობასა და კონფლიქტს შორის. მეორე, ძირითად სასაქონლო ექსპორტზე დაკვირვება აჩვენებს, რომ დიდი სხვაობა საქონელს შორის არაა – ნავთობი ზღვრულად უფრო მაღალია და რაც უფრო მეტია ნავთობი, მით მეტია კონფლიქტის რისკი. მესამე, არ არსებობს შემაკავებელი ეფექტი დიდი სამხედრო ხარჯების ქონაში. მეოთხე, შემოსავლის დონესა და ეკონომიკური ზრდის განაკვეთს მართლაც აქვს მნიშვნელობა – საზოგადოებები, რომლებიც ღატაკნი არიან და ეკონომიკურ ვარდნას განიცდიან უფრო მეტი რისკის წინაშე დგანან. მეხუთე, ის ფაქტორები, რომლებიც კონფლიქტის დაწყებას ხსნიან არ ხსნიან მის ხანგრძლივობას; ერთხელაც შეიძლება კონფლიქტი დაიწყოს, თუმცა იგი გაგრძელებისკენ ისწრაფვის სხვა ახალ მიზეზთა გამო. მეექვსე, ქვეყნებს, რომლებიც კონფლიქტური სიტუაციიდან გამოდიან, გააჩნიათ 50%-იანი შანსი იმისა, რომ კონფლიქტის დასრულებიდან პირველ 5 წელიწადში ისევ განაახლებენ მას. მეშვიდე, ქვეყნები, რომელთაც დიდი დიასპორა გააჩნიათ სხვა ქვეყნებში უფრო მეტ მიდრეკილებას ავლენენ კონფლიქტში ისევ ჩაბმისადმი, რაც ალბათ დიასპორებიდან მომდინარე გავლენისა და მხარდაჭერის შედეგია.

ამდენად, ის, თუ ვინ როდის ან რა მიზეზით დაიწყო ომი უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანია. მისი გაგრძელების მიზეზის პოვნა ძნელი არასდროს იქნება. აღნიშნული კომპონენტების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიასთან დაკავშირებულ ენერგოდერეფნებზე კონტროლის აქტუალობის, სეპარატისტულ რეგიონებში შემოსავლის დონის მზარდი შემცირების, სიღატაკისა და ეკონომიკური ვარდნის პირობებში, დროის იმ მცირე პერიოდის გათვალისწინებით, რომელიც ომის შემდეგ გავიდა და საქართველოს საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი დიასპორის არსებობის კვალდაკვალ კონფლიქტი არათუ განეიტრალების ფაზაში შედის, არამედ სულ უფრო მწვავდება და „ცხელდება“. პაულ კოლიერის სისტემის მიხედვით საქართველო აშკარად  ფეთქებადსაშიშ ზონას მიეკუთვნება, სადაც განმეორებითი ომის რისკი მინიმუმ 50% მაინც უნდა ვივარაუდოთ.

ნებისმიერი ომის შედეგია რესურსების ხელახალი გადანაწილება, თუმცა რესურსებივე წყვეტს თავიდანვე ყველაფერს. ომის ეკონომიკის მკვლევარები, მათ შორის პაულ კოლიერი, ომის მთავარ მიზეზად სიხარბეს ასახელებს. ფაქტია, ნებისმიერ საომარ ქმედებას სჭირდება რესურსები. თუკი ჩვენ მოვახერხებთ და შევზღუდავთ დაპირისპირებული მხარეების ხელმისაწვდომობას იარაღზე, ადამიანურ რესურსსა და სხვა კაპიტალზე, ომის საფრთხე კლებას იწყებს. თუმცა, მისი სრულად განეიტრალებისთვის აუცილებელია უფრო შორსმჭვრეტელური პოლიტიკის გატარება – სიღარიბის შემცირება, ბაზრების დივერსიფიკაცია, ლეგალური და ფინანსური რეფორმა, ლეგიტიმური მმართველობა – ასეთ შემთხვევაში რესურსების ძალადობრივი გადანაწილება ვერ მოხერხდება არასაკმარისი სტიმულების არსებობის გამო თავად საზოგადოებებში. საერთაშორისო ბაზრებისადმი გახსნილობა ომის თავიდან აცილების ერთ-ერთი გზაა. დემოკრატიულ საბაზრო ეკონომიკას და არა მხოლოდ სამხედრო სიძლიერესა და ეთნიკურ ფაქტორებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა კონფლიქტის თუ მოგვარებაში არა, განმეორებითი ესკალაციის თავიდან აცილებაში მაინც. ამასთანავე, ეს ის სიტუაციაა, როცა დრო ყველას საწინააღმდეგოდ მუშაობს – დღევანდელი კონფლიქტები ხვალ გაცილებით რთულად მოსაგვარებელი გახდება, ხოლო სამშვიდობო ხელშეკრულებები უფრო და უფრო ძნელად შესასრულებელი.

მეორე მხარეა ის, სადაც ავსტრიელი ეკონომისტის ლუდვიგ ფონ მიზესის ანალიზს მივყავართ იმის შესახებ, თუ ომის შემთხვევაში როგორ შეიძლება მისი მოგება. ომის ეკონომიკის კვლევებმა აჩვენა, რომ განვითარებული და თავისუფალი ეკონომიკური გარემო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კოეფიციენტს თვალნათლივ ზრდის. პირველ რიგში, სამთარობო შიდა კონტროლს მოკლებული და საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული სამხედრო ინდუსტრიაც უფრო ინოვაციური და ეფექტურია, ვიდრე ცენტრიდან დაგეგმილი, რომ აღარაფერი ვთქვათ სამომხმარებლო სექტორის ეკონომიკაზე. ამასთანავე, თავისუფალი ბაზრები ნებისმიერი ინვესტორის დაინტერესების საგანია და ვინაიდან 21-ე საუკუნის პოლიტიკაში დედამიწას ფული ატრიალებს, არცერთი ინვესტორი შეეგუება ზარალს, რაც უფრო მეტადაა საერთაშორისო საზოგადოებისგან კონფლიქტებზე მკაცრი რეაგირების გარანტორი, ვიდრე თუნდაც რომელიმე სამხედრო ბლოკის ან რაიმე სხვა ალიანსის ქონა პარტნიორ სახელმწიფოებთან.

ფართოდ გავრცელებული მითია, რომ მშვიდობიან პერიოდში საბაზრო ეკონომიკა შეიძლება ავიტანოთ, მაგრამ ექსტრემალურ სიტუაციებშიროგორიცაა, მაგალითად, ომიმთავრობამ საკუთარ თავზე უნდა იკისროს პროდუქციის კონტროლი. ის რესურსები, რომლებიც ჩვეულებრივ სამომხმარებლო საქონლად გადაიქცევა ხოლმე, ომის დროს  სამხედრო დანიშნულების პროდუქტებად უნდა გარდაიქმნას; პირადი მოხმარება უნდა დაეცეს.

კერძო მეწარმეებს ყველაზე ეფექტურად შეუძლიათ ამ გადართვაზე გავლენის მოხდენა, თუკი მათ ნებას დართავენ, რომ მოგების მიღება შეძლონ და დააკმაყოფილონ ახალი მოთხოვნა, რომელიც მთავრობიდან და იმ ფულიდან მოდის, რომელსაც მთავრობა სამხედრო საგნებზე ხარჯავს. თუ მთავრობა თავის შემოსავალს მიიღებს მაღალი გადასახადებით, გაზრდილი სესხებით ან თუნდაც ინფლაციით, საბოლოო ჯამში მოქალაქეებს ნაკლები მსყიდველობითი უნარი ექნებათ და მათი შემცირებული მოხმარება გამოათავისუფლებს რეალურ რესურსებს საომარი მოქმედებების საწარმოებლად. 2

 

აშშ-ში მეორე მსოფლიო  ომის დროს ეს პროცესი ხანმოკლე გამოდგა, ვინაიდან მთავრობა პროფკავშირების დოქტრინისკენ გადაიხარა, რომელიც გულისხმობდა, რომ მუშათა რეალური სარგო არ უნდა შემცირებულიყო, თუნდაც ომის პირობებში. შესაბამისად, მთავრობა მაღალი გადასახადების დაწესებას უხალისოდ მოეკიდა და ომიდან მოგების მიღების, „ომის პროფიტიერინგის“ პრევენციისათვის ფასების კონტროლი დააწესა. ამ რეალობების პირობებში ერთადერთი გამოსავალი იყო ბაზარში შემდგომი ჩარევა პროდუქტების ნორმირების და სხვა რეგულაციების დაწესებით, რომელთა მიზანიც საომარ ინდუსტრიებში რესურსების ადექვატური დინების უზრუნველყოფა იყო.

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თუკი დროის დინებას და თანამედროვე ტენდენციებს გავითვალისწინებთ ნებისმიერ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც მხოლოდ თავისუფალი და ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს პირობებშია შესაძლებელი როგორც ომის თავიდან აცილება, ისე მისი მოგებაც. ეს კი მუდმივ, თანმიმდევრულ და გონივრულ ეკონომიკურ, ფინანსურ, საგანმანათლებლო და ლეგალურ რეფორმებს გულისხმობს. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს პარტნიორების რანგში მოიაზრებიან, ამ ქვეყნის განვითარების გზას მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საბაზრო ეკონომიკის მშენებლობაში ხედავენ. კარგი იქნება, თუ სიტუაციის ანალიზისას, მით უმეტეს როცა საქმე ეკონომიკურ ანალიზს ეხება, უფრო მეტად მოვიშველიებთ რაციონალურ მსჯელობასა და ალტერნატიული კუთხიდან შევხედავთ მოვლენებს, სადაც ნაკლები ადგილია ემოციებისა და მასთან დაკავშირებული უკვე მრავალ ჩამორჩენილ ქვეყანაში საზოგადოდ ცნობილი უარყოფითი გავლენებისთვის.

P.S. ქვემოთ წარმოდგენილი რუკა მსჯელობის ნაწილის ერთგვარ ილუსტრაციად შეიძლება რომ ჩავთვალოთ. აქ ნაჩვენები არის გლობალური მშვიდობის ინდექსის მონაცემები 2012 წლისთვის. გლობალური მშვიდობის ინდექსი მოიცავს 23 ინდიკატორს, მათ შორის კი, ქვეყნის სამხედრო ხარჯებითა და მეზობელ ქვეყნებთან დამოკიდებულებით დაწყებული, ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის დონით დამთავრებული სხვადასხვა კომპონენტებია. ეს ინდიკატორები ხარისხობრივად და რაოდენობრივად ზომავენ მიმდინარე შიდა და საერთაშორისო კონფლიქტს, დაცულობასა და უსაფრთხოებას საზოგადოებაში და მილიტარიზაციას.

საქართველო ამ რეიტინგში 141- ადგილს იკავებს 158 ქვეყნიდან, რაც მას ძალადობრივი და არასტაბილური ქვეყნების კალათაში ათავსებს ინდოეთსა (142) და ზიმბაბვეს (140) შორის. შედეგი -7 პუნქტითაა გაუარესებული წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. რიგითობის მიხედვით დალაგებული ქვეყნების რეიტინგი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ