ნუკრი შოშიაშვილი: ისტორიული საზრისის გარეშე დარჩენილი ისტორია

nukriროდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისტორიულ საზრისზე ან ისტორიის ფილოსოფიაზე, პირველ რიგში გვახსენდება ჰეგელი. ხოლო, ჰეგელისა და სხვა XVIII-XIX საუკუნის ფილოსოფოსებისა თუ მეცნიერების მიერ გააზრებული და დაწერილი ისტორია, ეს იყო ისტორია არა მარტო წარსულზე, არამედ უპირველეს ყოვლისა, მომავალზე. არსებობდა უამრავი ისტორიული სკოლა, რომელიც ისტორიის საზრისზე მოგვითხრობდა.

როდესაც საუბარია ისტორიის საზრისზე,  ჩნდება კითხვა ისტორიულ  ყოფიერებაზეც. თუ კი ვისაუბრებთ ისტორიაზე მეტაფიზიკის მიღმა, ესეიგი ვისაუბრებთ ისტორიულ დეტერმინიზმზე – პირველ რიგში, საკითხი გაჩნდება არა დროსთან, თანმიმდევრობასთან ან კანონზომიერებასთან მიმართებაში, არამედ საზოგადოებასთან ან თანაცხოვრება-ყოფიერებასთან[1] მიმართ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ თავად საზოგადოება არის ისტორიული. შესაბამისად, ის არ არის სუბსტანცია ან სუბიექტი; არა თანაცხოვრება-ყოფიერებაში, რომელიც შეიძლება გამხდარიყო მიზეზი ან პროგრესის კულმინაცია. არამედ  თანაცხოვრება-ყოფიერებაში, არის მხოლოდ ის რომელიც მხოლოდ ხდება ან ხორციელდება.

რა ხდება როდესაც ჩვენ ვამბობთ: „ჩვენ ვიწყებთ ისტორიას“, იმის მაგივრად, რომ ვთქვათ: „ეს იყო ისტორია“, ან რა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვუყურებთ ისტორიულობას, როგორც ქმდებას, ვიდრე ნარატივს ან ცოდნას?

უნდა ითქვას რომ უკვე არა ბუნება (რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის უკვე კარგა ხნის წინ გახდაა ისტორიის ნაწილი), არამედ თვითონ ისტორია დღევანდელ დღეს იმყოფება წარსულში, ჩვენი დრო არის აღქმული როგორც უკვე მომხდარი წარსული.

ამიერიდან ჩვენი დრო არ იმყოფება ისტორიულობაში, და უკვე თავად ისტორია გახდა ისტორია. ჩენი დრო არის კონკრეტული დრო ან რაღაც გარდამავალი დრო. ისტორია გაჩერებულია, ის აღარ მოძრაობს, და ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მხოლოდ შეშფოთებული და შეშინებული, თუ კი ის კვლავ დაიწყებს პირდაპირ მოძრაობას. ეს ისტორიის ფილოსოფოსებმა კარგად იციან, მაგრამ როგორც ჰეგელმა თქვა: „ის რაც ვიცით კარგად, არაფერი ვიცით მასზე“. მოკლედ შევეხები იმ საკითხს, თუ რამ გამოიწვია ისტორიის გაჩერება.

უპირველეს ყოვლისა, ისტორია გაჩერებულია, როგორც საზრისი – როდესაც საზრისზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ იმ საზრისის გაგებაზე, როდესაც შეიქმნა თანამედროვე ისტორიული აზრი. ისტორიას უკვე აღარ აქვს მიზნები და ამოცანები, და უკვე ის ვეღარ ახდენს ინდივიდების (იქნება საზოგადოება თუ ერების) დეტერმინირებას ისტორიზმით, ასე რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ისტორია უკვე ვეღარ იქნება წარმოდგენილი როგორც „დიდი ნარატივი“ რომელიც მოგვითხრობს კაცობრიობის გრანდიოზული, კოლექტიური ბედის შესახებ (როგორც ესე ადრე იყო, როდესაც ასეთი ბედი იყო: თავისუფლება, თანასწორობა, უკლასო საზოგადოება, კეთილდღეობა და ა.შ). ჩვენი ეპოქა არის ისეთი ეპოქა, როდესაც ასეთი ისტორია შეჩერებულია. ეს არის ტოტალური ომების, გენოციდების, ბირთვული სახელმწიფოების შეჯიბრების, შეუჩერებელი ტექნოლოგიზაციის, შიმშილის და სრული სიღარიბის პერიოდი და ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ კაცობრიობის ეს ისტორია არის კაცობრიობის თვითგანადგურების ისტორია.

ზოგადად ისტორიული ნარატივები მისი გაჩენის დღიდან იყო დაკავშირებული დრამატული, ტრაგიკული და თითქმის უიმედო დამოკიდებულებისადმი არსებული უნივერსალური სისტემებისა და მისი შეცვლის მტკივნეულ აუცილებლობის მიმართ. ჰეგელი ამბობდა ისტორიაზე: „საშინელი სურათები, რომელიც აჩენს ღრმა გრძნობებს უმწეობის, რომელსაც შეუძლებელია შეეწინააღმდეგო, რომლის გამოც განვიცდით ასეთ სულიერ ტანჯვებს“[2] დასაწყისიდანვე ისტორიული ნარატივი იყო თეოდიცური[3] საზრისის მქონე, ამავე დროს იყო პარალიზებული საკუთარი წინასწარმეტყველური ხასიათის მიერ.

ამიტომ, ჩვენ ეპოქაში აღარ სჯერათ ისტორიის. ჩვენი დრო, უკვე აღარაა დრო, რომლის შეგრძნება და რეპრეზენტირება როგორც დროის, რომელიც ქმნის ისტორიას, ან დრო, რომელიც ქმნის დიდებულ ისტორიას აღარ არსებობს.  ჩვენი ისტორია ან ისტორიზაცია გულისხმობს რაღაც ისეთ ცოდნას (განსაკუთრებულად ტექნოლოგიზირებული, რომელიც არ საჭიროებს თავის ისტორიას), რომელსაც არ შეუძლია გახსნას მასშივე მომავლის რაღაც ნაწილი მაინც და არ შეუძლია განსაზღვროს თანამედროებაში ისტორიულობა. ჩვენი დროება საკუთარ ისტორიულობა მოათავსა გარკვეულ ბუნდოვან ან ჩამოუყალიბებელ „ისტორიულ დეტერმინიზმში“, რომელიც არის კვაზი-ჰეგელიანური ან კვაზი-მარქსისტული ელემენტებით სავსე. ეს „ისტორიული დეტერმინიზმი“ გვეუბნება ჩვენ, რომ ისტორია არის დეტერმინირებული, მაგრამ არ გვეუბნება როგორ მუშაობს „დეტერმინაცია“, რადგან დეტერმინაცია გაგებულია როგორც ისტორიული კაზუალობა, ხოლო ისტორია კი გაგებულია როგორც რთული და არასტაბილური ურთიერთკავშირი ამ კაზუალობებს შორის.

ასე რომ, ისტორიის საიდუმლოება არის – კაზუალობა, ხოლო კაზუალობის საიდუმლო – ისტორია. ამიტომ, ისტორია უფრო ხდება კაზუალობის კაზუალობა, რომელიც ეფექტურია ტექნიკურ საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ გამოუყენებელია ისტორიზმის დასაწყისის დასადგენად. ისტორიული აზრი და ისტორიზმის გააზრება იწყება დასაწყისიდან, რადგან მიჩნეულია, რომ ისტორიას აქვს დასაწყისი და ის გრძელდება, ისტორიზმი თავიდანვე აღიქვავს ისტორიას როგორც ისეთ რამეს, რისი გაცნობიერებაც მოგველის. ამიტომ, ისტორიზმის აზროვნების მქონე ადამიანი იტყვის, რომ ყველაფერი ეკუთვნის ისტორიას – მაგრამ ყველაფერი არ არის ისტორიული.

ლიბერალურმა დემოკრატიამ ისტორიის დასრულება სცადა. ყველაზე მძლავრი არგუმენტი, რომელიც მათ ისტორიზმის წინააღმდეგ გამოიყენეს იყო ანტიუტოპიზმი. XX საუკუნეში სხვადასხვა იდეოლოგიურმა რეჟიმებმა საკუთარი თავის ლეგიტიმაციისთვის მოახდინეს ისტორიული საზრისის რეპრეზენტაცია და ამის წინააღმდეგ ბრძოლას გადაყვა ისტორიზმი. იდეოლოგიამ დიდი დარტყმა მიაყენა ისტორიულ საზრისს, ამიტომ „ისტორია“ დაადგა საშიშ გზას, ან ის უნდა დარჩენილიყო ჰეგელიანური ან პოსტჰეგელიანური შინაარსით, ან უნდა დაბრუნებოდნენ ისტორიის ბერძნულ გაგებას: მასალების შეგროვებას, რაც პრინციპში მოხდა კიდეც. სწორედ ისტორიის ამ უკანასკნელი გაგების შედეგად, დაშენდა მეორე უფრო მთავარი მითი „ისტორიული ჭეშმარიტების“ შესახებ. ის ვინც ფლობს მასალათა ერთობლიობას, შეუძლია ამ „ჭეშმარიტების“ გაჟღერებაც. უნდა ითქვას, რომ თანამედროვე საქართველოში ტარდება კვლევები, როგორიც არის საბჭოთა რეპრესიები, ტოტალიტარიზმის სხვადასხვა ასპექტების კვლევები და ა.შ. ამ კვლევების შედეგად ქმნიან „ისტორიულ რეალობებს“, რომელიც ისტორიის საზრისზე არაფერს გვეუბნება. ისინი მოგვითხრობენ ხშირ შემთხვევაში ლოკალურ და ისტორიზმის გადმოსახედიდან ფრაგმენტულ მოვლენებზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გვეუბნებიან ჩვენ ისტორიზმის შესახებ – როგორც ყველგან, არც საქართველოში არ არის ისტორიზმი.

თუ კი ისტორიული ჭეშმარიტება არსებობს, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი დროისთვის, უპირველეს ყოვლისა ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტება ამ „ისტორიულობის“ არ შეიძლება იყოს მოცემული ან შეფასებული რომელიმე ისტორიის ან ისტორული აზროვნების მიერ. ისტორიულობის ჭეშმარიტება არ შეიძლება იყოს უბრალოდ ჭეშმარიტების მახასიათებელი (როგორც ეს ესმით ხშირად): ის უნდა იყოს მისი კონცეპტის ტრანსფორმაციის ან გაგების შედეგი და ამიტო ეს იმას ნიშნავს, რომ „ისტორიული ჭეშმარიტება“ არის დაპყრობილი პრე-ისტორიული გაგების „ჭეშმარიტების“ მიერ.  ამ გაგებით დაწერა მარქსმა: „ისტორია როგორც ისტორია ადამიანის აბსტრაქტული აზრის ისტორიადმი, არ ეხება რეალურ ადამიანს“[4]  ანუ ისტორიული ჭეშარიტების პრობლემა დგას მაშინ, როდესაც ამ ჭეშმარიტების გახმოვანებას იწყებს ისტორიკოსი. მარქსმა ასევე აღნიშნა: უნივერალური ისტორიო-ფილოსოფიური თეორიას, აქვს მაღალი ღირებულება მხოლოდ მაშინ, რომ იყოს ზე-ისტორიული“.

თანამედროვე ისტორილული სკოლები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ისტორიული რეალობა არის „ლიტერატურული არტიფაქტი“[5]  ვის მიერაც ის იკითხება. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ამ ტექსტების მიღმა, რომლებიც „ისტორიულ რეალობაზე“ მოგვითხრობენ, არსებობს უამრავი პარალელური რეალობები. და როდესაც ჩვენ ვიმყოფებით ამ „რეალობებს“ შორის, ჩვენთვის მოუხელთებელი რჩება „ისტორიული ჭეშმარიტება“, ამიტომ ის ისტორიული ჭეშმარიტებები რომლებიც მოხვეულია თანამედროვე იდეოლოგიის მიერ, როგორც ჭეშმარიტება, ყოველთვის არის ისეთი რამ, რაც არ იქნება ჭეშმარიტი.

დასკვნის სახით შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ისტორიზმის დასასრულის შედეგად, ჩვენ მივიღეთ ისეთი ისტორიული აზროვნება, რომელიც დაცლილია ისტორიულობისგან. თანამედროვე კვლევები ისტორიული აღარაა, მას აღარ გააჩნია ისტორიულობის ან ისტორიციზმის განცდა, ის რჩება მხოლოდ უსახო მოთხრობებთან, რომელსაც ისტორიასთან შეხება არ აქვს – ამაზე კი აგებულია მთელი ჩვენი პოსტმოდერნული შეხედულება. პოსტმოდერნი კი თავისი არსით არ არის ისტორიული მოვლენა, ის მის მიღმაა.

 

განმარტებები:

[1] თანაცხოვრება-ყოფიერებაში ვიყენებ იმ გაგებით, რომ არსებობს საზოგადოების ისეთი ტიპი რომელიც მის ისტორიულობას იაზრებს, ერთვება ისტორიულ პროცესებში და ახორციელებს მას (მაგალითად მეოცე საუკუნეში მუშათა კლასი, რომელსაც გააზრებული ჰქონდა საკუთარი ისტორიციზმი და მოქმედებდა ისტორიციზმის ლოგიკით, თავს წირავდა და იბრძოდა, მაგრამ თავად ის კი არ იყო ისტორიზმის სუბიექტი, ის იყო ისტორიზმის ობიექტი, რომლითაც ისტორიზმი ხორციელდებოდა).

[2] ჰეგელი “ფილოსოფიის ისტორია“.

[3] თეოდიცია – რელიგიურ-ფილოსოფიური დოქტრინების ერთობილობა, რომელიც შექმნილია იმისთვის რომ გაამართლოს მსოფლო სიკეთე ღვთაებით, მიუხედავად არსებული ბოროტებისა მსოფლიოში.

[4]  Маркс К., Энгельс Ф, Святое семейство, или Критика критической критики. Против Бруно Бауэра и компании.

[5] ჰეიდენის მიერ შემოღებული ტერმინი.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ