ნუკრი შოშიაშვილი: ყალბი იდენტობები და ნარატივები

 

nukri

► ავტორი: ნუკრი შოშიაშვილი, ისტორიკოსი.

© European.ge

პრობლემა, რომელიც ჩვენს წინაშე დადგა დამოუკიდებლობის შემდეგ მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენი ელიტები ვერ აცნობიერებდნენ რა იდენტობაზე უნდა აეშენებინათ მომავალი ქართული პროექტი. ამ პერიოდში შეიქმნა ერთი მეგანარატივი, რომელიც შემდგომში დაიშალა სამ ნაწილად. ეს ნარატივები, რომლებიც დღეს ჩვენ უკვე როგორც დაშლილი სახით გვაქვს,  შეიძლება დავახასიათოდ შემდეგნაირად:

1) ქართველი მაშასადამე ევროპელი (ევროპული ნარატივი);

2) ქართველი = მართლმადიდებელს (მართლმადიდებლური ნარატივი);

3) ქართველი არის ის ვინც სისხლით ქართველია (ეთნიკური ნარატივი);

ეს ძირითადი სამი ნარატივი რომელიც თანაარსებობდა და თანაარსებობს დღეს ჩვენ პოლიტიკურ ენაშიც, არის პოსტკოლონიალური სინდრომის შედეგი. სამივე მათგანის საფუძველი კოლონიალური წარსულიდან გათავისუფლების სურვილში უნდა ვეძიოთ. პირველ რიგში, სამივე ამ ნარატივს აქვს რაღაცასთან მიმართება და როგორც წესი აპელირებს ქვეყნის გადარჩენაზე. მაგალითად, ევროპული ნარატივი მთლიანად აგებულია რუსულ ფაქტორზე, ჩვენი არჩევანი ევროპა არის იმდენად რამდენადაც ჩვენი არჩევანი არაა რუსეთი, რუსული კულტურა და ა.შ. როდესაც ქართველი პოლიტიკოსი ამბობს რომ არის ევროპელი, ის ამაში გულისხმობს რომ შეუძლებელია ის იყოს „რუსეთუმე“. მეორე ნარატივი, მართლმადიდებლური ნარატივია, რომელიც წარმოაჩენს თავს როგორც დამცველს ქართული სულიერებისა გარე ზეგავლენებისგან, გარყვნისგან და ა.შ. ისიც აპელირებს მძიმე ისტორიულ წარსულზე, რომელიც ქართველ ხალხს გადახდა სხვადასხვა აღმასავლურ თუ ჩრდილოეთ იმპერიების რელიგიურ პოლიტიკების შედეგად. ხოლო მესამე ნარატივი, ეთნიკური ნარატივი განიხილავს სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობებს როგორც პროექტებს სხვადასხვა იმპერიის საქართველოს წინააღმდეგ და აპრიორი წარმოაჩენს მათ როგორც უდიდეს საფრთხეს.

სამივე ეს ნარატივი გარკვეული „ისტორიული სამართლიანობის“ პოზიციებიდან საუბრობს, მაგრამ საფუძველი რომელიც უდევს ამ ნარატივებს მდგომარეობს იმაში, რომ აშკარად გამოკვეთილ ისტორიულ უკმაყოფილებასთან გვაქვს საქმე, მცდელობასთან რომ ისტორია იყოს გადალახული და ხელახლა დაწერილი.  აშკარა უკმაყოფილება საკუთარი ისტორიით, რეალური ისტორიული ტრადიციებით და მისი ჩანაცვლება „გამოგონილი ტრადიციებით“[1] ეს იწვევს ისტორიის ისეთ ცვლილებას, როდესაც მაგალითად XIX-XX საუკუნის საქართველოს ისტორია, გადაიქცა „ეროვნულ მოძრაობის“ ისტორიად. 1998 წელში გამოცემულ XI კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს სიტყვებით რომ ვთქვათ „XIX-XX საუკუნის ისტორია, ესაა ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორია რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ“.  გაგიკვირდებათ და 1987 წელს გამოცემულ იგივე კლასის სახელმძღვანელოში ეწერა, რომ „XIX საუკუნის ქართველი ხალხის ისტორია, ესაა კლასთა ბრძოლის ისტორია“. 11 წელი გავიდა რაც ისტორიამ საზრისი შეიცვალა სახელმძღვანელოებში და ის კლასთა ბრძოლის ისტორიიდან, იქცა ეროვნული მოძრაობის ისტორიად. ცოტა მოგვიანებით 2005 წელს ისტორიის სახელმძღვანელოს ერთ-ერთ მიზნად ჩაიწერება „ისტორიის შესწავლის მიზანია ლიბერალური ფასეულობების ჩამოყალიბება მოზარდში“. გასაგებია რომ ნარატივები მუდმივად იცვლება, მაგრამ საქართველოში ნარატივების ცვლილებების მიზეზი როგორც წესი ელიტების ცვლილებებით აიხსნება, რომლებიც სხვადასხვა ნარატივის შემქნელები და მატარებლები არიან.

ანტიკოლონიალური მეგანარატივის შექმნა და გახლეჩვა

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სამივე ზემოთ ჩამოთვლილი ნარატივი თავდაპირველად იყო ერთი ნარატივის ნაწილი, რომელიც დაიშალა სამ ნაწილად და ჩვენ დღეს ამ შიდა ნარატიულ დაპირისპირების მომსწრენი ვართ.

ყველა საზოგადოებაში არის სოციალური ჯგუფი, რომლის მთავარი საქმე არის შექმნას ამ საზოგადოებისთვის, სამყაროს ინტერპრეტაცია. საბჭოთა კავშირში ამ ჯგუფს ვუწოდებდით „ინტელიგენციას“. რაც უფრო სტატიკურია საზოგადოება და საბჭოთა კავშირში სტატიკურობის მაღალი დონე იყო, მით უფრო შესაძლებელი იყო ამ ჯგუფს მოეპოვა ერთპიროვნული სტატუსი და ქცეულიყო პრივილეგირებულ კასტად. ტრადიციების გამოგონება და ახალი ნარატივების შექმნა დაიწყო ქართველმა ინტელიგენციამ, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ. ერთდროულად ისინი ფორმალურ ვალს იხდიდნენ გაბატონებული იდეოლოგიების წინაშე, მაგრამ ასევე ქმნიდნენ ისეთ ნარატივებს და წარმოსახვებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიოდა გაბატონებულ იდეოლოგიასთან. მათი სოციალური მდგომარეობა დაკმაყოფილებული იყო, მაგრამ საკმაოდ დაუკმაყოფილებელი იყო მათი კულტურული მოთხოვნილებები. პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნამ და კულტურულმა დაუკმაყოფილებლობამ მათ შესაძლებლობა მისცა შეექმნათ ახალი ნარატივი, რომლებიც ხმამაღლა გაჟღერდა ეროვნული მოძრაობის დროს 1980-იანი წლების ბოლოს. თავდაპირველად ამ ნარატივს გააჩნდა ერთი სახე, რომელიც ერთდროულად მოიცავდა სამივე ზემოთ ჩამოთვლილ ნარატივს. პირველ რიგში, ქართველები წარმოჩინებული იყვნენ ევროპელებად, რომელიც დაპირისპირებული იყო საბჭოთა სისტემასთან, მართლმადიდებლობას იყენებდნენ საბჭოთა ათეიზმის წინააღმდეგ, ხოლო ეთნიკურ-ნაციონალიზმს როგორც საბჭოთა ინტერნაციონალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. ერთი სიტყვით, თავდაპირველად ჩვენ გვქონდა ერთი დიდი ანტიკოლონიალური ნარატივი, რომელმაც თავის თავში გააერთიანა ევროპელობის, მართლმადიდებლობის და ეთნიკური-ნაციონალიზმის ნარატივები. მაშინდელ ინტელიგენციას სჯეროდა, რომ ეს სამივე ნარატივი თავსებადი იყო ერთმანეთთან და არ მოდიდოდა წინააღმდეგობაში, თუმცა მოგვიანებით ისტორიულმა პროცესებმა და გარე სამყაროსთან შეხებამ აიძულა ეს ერთიანი ნარატივი დაშლილიყო სამ ნაწილად.

გამოვყოფ სამ ძირითად პერიოდს ამ ნარატივების განვითარების ისტორიიდან:

პირველ ეტაპი მოიცავდა 1988-1995 წლებს, როდესაც ეს სამი ნარატივი წარმოადგენდა ერთ დიდ ნარატივს. ეთნიკურმა კონფლიქტებმა, დამარცხებულმა ომებმა და სახელმწიფოებრივმა კოლაფსის შედეგად დაიწყო ამ ნარატივების გახლეჩვა და ეთნიკური-ნაციონალიზმის მეორე პლანზე გადასვლა, ელიტები უკვე აღარ იყენებდნენ აფხაზეთის ომის შემდეგ ინტენსიურად ეთნიკური ნაციონალიზმის ენას და ის გადავიდა უფრო სახალხო მეტყველებაში.

მეორე ეტაპი წარმოადგენს 1995-2003 წლებს, როდესაც მმართველი პარტიის „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდა ნაწილი იწყებს დისტანცირებას ძველ ინტელიგენციასთან და იწყება ამ მეგა-ნარატივის პირველი გახლეჩვა. თვითონ წარმოაჩენენ თავის თავს როგორც „ქართველი მაშასადამე ევროპელის“ იდენტობას და იწყებენ ბრძოლას ძველი ელიტების წინააღმდეგ. განსაკუთრებით როდესაც მოხდა დაპირისპირება თავისუფლების ინსტიტუტსა და რადიკალურ მართლმადიდებელ ჯგუფებს შორის (ბასილ მკალავიშვილის თაოსნობით) ეს დაპირისპირება საყოველთაოდ გამოჩნდა.  ამ ეტაპზე იხლიჩება მეგა ნარატივი ორ ურთიერთდაპირისპირებულ ნარატივად.

მესამე ეტაპი იყო 2003-2012 წლები, როდესაც ევროპული ნარატივი ჰეგემონური ხდება, ხოლო მართლმადიდებლური ნარატივი გარკვეულ სახალხო იერს იძენს და პრივილეგირებულ ოპოზიციაში გადადის.

არსებული ნარატივების აზროვნების ფორმა

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენ გვაქვს საქმე ერთი სააზროვნო სისტემის სან ნაწილთან. შესაბამისად, შეიძლება ჩანდეს რომ სხვადასხვა აზროვნების ფორმებთან გვაქვს საქმე, მაგრამ ეს მხოლოდ გარე იერი არის და მეტი არაფერი, სინამდვილეში ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად რაღაც ისეთ დოგმატურ, ბნელ სააზროვნო სისტემასთან საქმე, რომელსაც არ შეუძლია განავითაროს ისეთი დისკურსები, რომელიც რაღაც ყოფიერებას, სინამდვილეს, ჩვენს გამოწვევებს და ჩვენ ავთენტურობას დაგვანახებს, პირიქით ამ სააზროვნო სისტემის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება დამალოს ყოფიერება[2] და ავთენტურობა. მარტივად რომ ავხსნა, ანუ დამალოს რეალობა და ის შეცვალოს ისეთი სააზროვნო სისტემით, რომელიც არასდროს არ დაგვაყენებს რეალობის წინაშე.

ეს სააზროვნო სისტემა მთლიანად აგებულია გარე მტრის აბსოლუტურ მოცემულობაზე. ჩვენს სააზროვნო და პოლიტიკურ სისტემაში გარე მტერი არის განმსაზღვრელი აბსოლუტურად ყველაფრის.  ენა რომლითაც ამ ნარატივის წარმომადგენლები ურთიერთობენ არის იდენტური, ყველა მათგანი ხედავს მოწინააღმდეგეში ან მის ალტერნატივაში როგორც უცხო მტრის ფაქტორს, მაგალითად ევროპული ნარატივის სააზროვნო ენა არის ძიება პრორუსებისა და პრორუსობას ხედავს კონსერვატიზმში და მართლმადიდებლობაში, ხოლო მართლმადიდებლური ნარატივის სააზროვნო სივრცეც იდენტურია, ის მოწინააღმდეგეში ხედავს ფარულ პრორუსებს თუ პროთურქებს, ან გარე აგენტებს. ერთი სიტყვით ამ დისკუსის შედეგი არის ის, რომ საზოგადოება გარკვეულ ეტაპებზე ერთვება „კუდიანებზე ნადირობით“. ყველა, ყველას ეჭვისთვალით უყურებს და ამ პროცესში აგორა, როგორც თავისუფალი სივრცე ქრება, რადგან აგორაზე ასვლა საშიში ხდება, რადგან ირგვლივ მტერია.

თითქოს მინელებული იყო „კუდიანებზე ნადირობა“, რომ არა ირაკლი კობახიძის განცხადება რუსეთუმეების შესახებ და ამ მოვლენამ აშკარა გახადა რომ ჯერ კიდევ გარე მტრის ფაქტორი გადამწყვეტია ქართულ პოლიტიკურ დისკურსში. რა თქმა უნდა ტემპერატურა დაეცა, მაგრამ ის არ გამქრალა და ეს ნარატივები არსებობას აგრძლებენ.

ამ ვითარებაში აზროვნებას ცვლის გარკვეული შტამპები. ქართველი ექსპერტების უმრავლესობა აზროვნებს შტამპურად, მაგალითად „თუ კი კონსერვატიული ღირებულებების ხარ, ესეგი რუსეთუმე ხარ“ და ა.შ. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს აზროვნებასთან, რომელიც უარს ამბობს თავისუფლებაზე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თავისუფლება არ არის როგორც ეგზისტენციალური მდგომარეობა, რომელსაც პატივი უნდა სცე, მაგალითად  როგორც ეს XVIII საუკუნეში ჟან ჟაკ რუსომ გამოთქვა „მე არ ვეთანხმები თქვენ აზრს, მაგრამ მზად ვარ სიცოცხლე გავწირო იმისთვის რომ თქვენ ამ აზრის თქმის საშუალება გქონდეთ“, დღევანდელი ევროპული ნარატივის მატარებლები, რომლებიც გაბატონებული არიან ძირითადად საინფორმაციო საშუალებებზე, პრინციპულად არ აძლევენ განსხვავებულ მოსაზრებებს დაფიქსირდენენ. რა თქმა უნდა, ამისთვის იყენებენ გარე მტრის ფაქორს, მაგრამ გარე მტრის დადგენის მონოპოლია, თუ ვინაა მისი აგენტი შიგნით სწორედ ამ პრივილეგირებულ ფენას გააჩნია. საინტერესოა რომ თავად ქართული ევროპული ნარატივი, წინააღმდეგობაში შეიდის ევროპულ პოლიტიკურ იდენტობებთან, მაგრამ ეს წინააღმდეგობა არ ჩანს ფართეთ რადგან საინფორმაციო-პროპაგანდისტუი მანქანა სწორედ მათ ხელშია.

რა პრობლემებს ქმნის ეს ნარატივები ჩვენთვის?

პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ რომ ეს ნარატივები შეიქმნა, როგორც იარაღი პრივილეგირებული ფენების დომინაციისთვის. რადგან როგორც უკვა ავღნიშნე, საქართველოში ისაა ძალაუფლების პატრონი, ვისაც შეუძლია მტრის აგენტების ვინაობის ან აზროვნების ფორის დადგენა.  ამ პრივილეგირებული ჯგუფის მიზანია, მისცეს დოგმატური ძალა ისეთ აზროვნების საშულებებს, რომელიც ადრე იყო მნიშვნელოვანი მხოლოდ ამ პოლიტიკურ სექტისთვის ამით სანქციონირება მოახდიოს ოტნოლოგურ და გნოსეოლოგიურ შინაარსის ფორმას. ესეთი ჩვენ შემთხვევაში იყო ეთნო-ნაციონალიზმის, ნეოლიბერალიზმისა თუ რელიგიური რადიკალიზმის იდეოლოგიები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ ნარატივებზე იდგნენ.

ასე რომ გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი პოლიტიკური აზროვნება პრინციპულად არ არის თავისუფალი. ჩვენ გვყავს გაბატონებული სააზროვნო ჰიდრა, რამოდენიმე თავის რომელსაც ერთი სხეული აქვს. მათი ერთმანეთის ჩანაცვლებით ჩვენ რეალურად არაფერს არ შევცვლით, მხოლოდ გარეგნული ფორმა შეიცვლება.

შემოთავაზება

რით უნდა შევცვალოთ ეს ნარატივები?

ჩემი აზრით ჰეგელის დიალექტიკა აქ ყველაზე კარგად დაგვეხმარება. ჩვენ ერთ შემთხვევაში გვაქვს გარკვეული მოცემულობა დასავლურ ცივილიზაციის სახით, რომელიც თავის მომხარებლური კულტურით, მენეჯმენტით, სამეცნიერო მიღწევებით და ა.შ არის უკიდურესად მომხიბლელი, მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს გარკვეული ისტორიული მოცემულობები რომლებიც გარკვეულად გვეძვირფასება და არ გვინდა დათმობა. რაც უფრო  მივდივართ და ვიღებთ გარკვეულწილად ევროპულ იდენტობას ჩვენ ვხვდებით, რაღაცის სიმულაციები,  რომელსაც დაკარგული აქვს ნება, მეორე მხრივ გვაქვს რაღაც ისეთი ისტორია, რომელის გადალახვაც გვინდა, მაგრამ ჩვენი ისტერიულობით ეს გადალახვა ვერ ხერხდება და პირიქით, ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენი ბევრი ერთი და იგივე შეცდომა დავუშვით და ალბათ დავუშვებთ კდიეც, სწორედ ჩვენი ისტერიულობის გამო. ისტერიულობა აზროვნებაში, დოგმატური აზროვნება, რაღაც გარკვეულ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ტოტემიზმებზე, ბავშვური მიჯაჭულობაზე დგას, რომელიც არ გვაძლევს ჩვენ ამ წრიდან გამოსვლის საშუალებას, რადგან არ გაგვაჩნია უნარი ილუზიები დავთმოთ, ის  ილუზიები რაც ჩვენ ნარატივებშია წარმოჩენილი.

XI-XIII საუკუნეებსი ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენ თავში ჩაგვეტია როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთი. ერთი მხრივ ქრისტიანობა, მეორე მხრივ აღმოსავლური ესთეტიკა. ერთი მხირვ ქრისტიანული თეოლოგია, მეორე მხრივ აღმოსავლური პოეზია. სწორედ ამან შექმნა ის უნიკალურობა რასაც კავკასიურ იდენტობა შეიძლება ეწოდოს. ესაა სინთეზი.

თეზისად ჩვენ შეიძლება დასავლური ცივლიზაცია მივიჩნიოთ, ანტითეზისად ბიზანტიური (რომელსაც ეხლა რუსეთი რეპრეზენტირებს, მაგრამ კულტურულად ყველა მართლმადიდებლური კულტურა მისი ნაწილია) ამ დაპირისპირების შედეგად რომელიმე კი არ უნდა განადგურდეს, არამედ ორივე ელემენტებით წარმოიქმნას სინთეზი. სინთეზი ნიშნავს ამ შემთხვევაში გაერთიანებას დანაკარგის გარეშე. ამ ახალ ცივილიზაციურ სინთეზს საქართველო რომ ერქვას, ურიგო არ იქნება. ერთი მხრივ ავიღოთ ჩვენი წარსული, ჩვენი აღმოსავლურობა და ბიზანტიურობა, ხოლო მეორე მხირვ ევროპულობა და მათი სინთეზით მივიღოთ ევროპული სახელმწიფო, აღმოსავლური კულტურით, თავისი უნიკალურობით. სახელმწიფოებმა რომლებმაც სინთეზი მოახდინეს, როგორც წესი წარმატებულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ (იაპონია, ჩინეთი და ა.შ)

ამისთვის საჭიროა ისტორიის არა ისე გადაწერა რომ მოერგოს ახლანდელ ნარატივს, არამედ ისტორიის ისე შესწავლა, რომ მისი რეალური სახის დანახვის შედეგად ჩვენ მოვახერხოთ სინთეზი ევროპულ ცივილიზაციასთან. ჩვენ უნდა შევიცვალოთ, მაგრამ ეს ცვლილება არ ნიშნავს ჩვენი წარსულის უარყოფას, ცვლილება უნდა ემსახუროს უკეთესი სისტემის შექმნას იმ გარემო პირობებში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. რაც უფრო დიდხანს ვიქნებით ამ ნარატივების ტყვეობაში მით უფრო დიდხანს ვიაზროვნებთ ილუზიურ და არათავისუფალ გარემოში, რომელიც ისტერიის მაღალი დონით გამოირჩევა. განვითარების გზა არ არის წინასწარგანსაზღრული, ის თავისუფალია და ერთადაერთი რამ, რაც შეძლებს განვითარებას ესაა ჩვენი ნება.

შენიშვნები

[1] ერიკ ჰობსბაუმის შემოტანილი ტერმინი. ტრადიციების კვლევისას ერიკ ჰობსბაუმმა აღმოაჩინა, რომ უამრავი ტრადიცია უბრალოდ გამოგნილი იყო თანამედროვების მიერ, რათა ისე წარმოედგინათ წარსული რომ მათთვის მისაღები ყოფილიყო. მაგალითად რქიან მუზარადები რომლებიც თანამედროვე ადამიანში ვიკინგების ასოციაციას იწვევს,  იყო  XIX საუკუნის ოპერის გამოგონება, რომელსაც რეალობაში ადგილი არ ჰქონია, ვიკინგებს რქიანი მუზარადები თავზე არ ეფარათ.

[2] ჰაიდეგერისეული გაგებით ვიყენებ „ყოფიერების დაფუძნება, ყოფიერებაზე“

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ