ნუკრი შოშიაშვილი: ტრადიციული სახელმწიფო და ნაციონალური სახელმწიფო

აღნიშნული წერილი გახლავთ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მოწყობილ დისკუსიაზე – „ნაციონალიზმი XIX-XX საუკუნეებში“ – ჩემს მიერ გაკეთებული მოხსენება.

ამ მოხსენებაში მე მინდა ვისაუბრო ტრადიციული სახელმწიფოს, ტრადიციული საზოგადოებასა და ნაციონალური სახელმწიფოს, იგივე მოდერნული სახელმწიფოს განსხვავებების შესახებ. ამ მოხსენებაში მე შევეცდები ძირითადად ვისაუბრო თეორიულ საკითხზე ნაციონალიზმსა და ტრადიციული სახელმწიფოს განსხვავებებზე და შინაარსებზე. როდესაც საუბარია ნაციონალიზმზე და ერ-სახელმწიფოზე, ჩვენ ამ დროს ვსაუბრობთ არა უნივერსალურ, არამედ ევროპულ მოვლენაზე. ნაციონალიზმი და ერი-სახელმწიფო ჩნდება ევროპაში და დანარჩენ სამყაროში ვრცელდება კოლონიზაციის და დასავლური ჰეგემონიის შედეგად. ნაციონალიზმის კვლევებში არსებობს მოსაზრება, რომ ნაპოლეონის ომებმა სხვა გზა არ დაუტოვეს სხვა სამეფოებსა და სახელმწიფოებს გარდა ნაციონალიზმისა. სხვა ქვეყნების ერთადერთი საშუალება, საკუთარი თავი დაეცვათ ფრანგული ოკუპაციისგან, იყო ნაციონალიზმი. ნაციონალიზმის მთავარი მიზანი ყველგან და ყოველთვის იყო ერი-სახელმწიფოს შექმნა, სწორედ ნაპოლეონის ომების შემდეგ ვხედავთ ჩვენ იმპერიალური და ტრადიციული სახელმწიფოების შლას და ერი-სახელმწიფოს შექმნის რთული პროცესის დაწყებას, რომელიც საბოლოოდ დასრულდა 1918 წლით, როდესაც ევროპის კონტინენტზე ტრადიციული იმპერიული მოდელები სამუდამოდ გაქრნენ და ჩამოყალიბდა მთელი რიგი ერი-სახელმწიფოები.

როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოზე, ჩვენ შეგვიძლია პირობითად დავყოთ სახელმწიფოები ორ ნაწილად: ტრადიციულ სახელმწიფოებად და ნაციონალურ სახელმწიფოებად. ტრადიციული სახელმწიფოები საკმაოდ მრავალფეროვანია: დაწყებული ფეოდალური სახელმწიფოებიდან, დამთავრებული მომთაბარე ურდოებით. რადგან ტრადიციული სახელმწიფოები საკმაოდ მრავალფეროვანია, არ შეიძლება ვისაუბროთ ერთი ტიპის ტრადიციულ სახელმწიფოზე, რადგან მათ შორის ისეთივე განსხვავებებია, როგორც მათსა და ნაციონალურ სახელმწიფოს შორის. ხოლო, ნაციონალური სახელმწიფოები კი ყველგან ერთნაირია, მათ შორის განსხავება მხოლოდ ეროვნებაშია და არა სახელმწიფოს შინაარსში. შეუძლებელია გლობალიზაცია მოხდეს ტრადიციულ სახელმწიფოებში, რადგან მათ საკმაოდ ცოტა რამ თუ ამსგავსებს ერთმანეთს, ხოლო მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნაციონალიზაცია, გლობალიზაციის პირველი საფეხური იყო, ქვეყნები და საზოგადოებები ერთმანეთს დაემსგავსნენ და მხოლოდ ერი-სახელმწიფოების შექმნის შემდეგაა გლობალიზაცია შესაძლებელი და არავითარ შემთხვევაში მანამდე.

ბიზანტიის გერბი, მიწიერი და ზეციერი ძალაუფლების ერთობა.
ბიზანტიის გერბი, მიწიერი და ზეციერი ძალაუფლების ერთობა.

ტრადიციული სახელმწიფოები იშვიათი გამონაკლისების გარდა ყოველთვის არის პოლიეთნიკური. არსებობს დომინანტი და პერიფერიული ეთნოსები, მაგრამ ეთნოსებს შორის განსხვავება ქრება თუ კი რელიგიური წინააღმდეგობა ქრება. ძირითადი დაპირისპირება რელიგიური შინაარსისასაა. ხშირ შემთხვევაში იდენტობებიც ისეა აგებული, რომ იდენტობის განმსაზღვრელი რელიგიაა, მაგრამ ეს ძირითადად ეხება იმ სივრცეს სადაც ქართველებს უწევდათ ყოფნა, სხვა შემთხვევაში გვხვდება ეთნიკური იდენტობებიც (მაგალითად, „სალიკურ სამართალში“) და ეს განსხვავებები შემდეგ სოციალურ განსხვავებაში გადაინაცვლებს. სოციალურ იდენტობას გადამწყვეტი როლი აქვს, ყველგან ტრადიციულ საზოგადოებაში ელიტებს გააჩნიათ განსხვავებული სოციალური იდენტობები, ვიდრე დანარჩენ ფენებს და საკუთარი თავის რეპრეზენტირებას ახდენენ, როგორც უცხოელები (მაგალითად ბაგრატიონები, როგორც ებრაელები და ა.შ). ტრადიციული სახელმწიფოს მწვერვალი არის „იმპერია“ – იმპერია XIX საუკუნემდე კერძოდ 1806 წალამდე არ ნიშნავდა ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს დაპყრობას. იმპერია იყო ზენაციონალური სახელმწიფო, რომელიც სამყაროს უნივერსალურ პოლიტიკურ წესრიგს გამოხატავდა და მისი ერთადერთი ნიმუში რომის იმპერია იყო. 380 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ იმპერია იღებს რელიგიურ შინაარს და იგი ღვთაებრივი წესრიგის მიწიერ ანარეკლად აღიქმება. ბიზანტიაში, პოლიტიკური თეოლოგიის თანახმად, იმპერატორი ქრისტეს მიწიერი ანალოგი, მისი თანაარსია. მართლმადიდებლურ სამყაროში მხოლოდ ერთი „ბასილევსი“ (იმპერატორი) ბიზანტიის კეისარი არსებობდა, ხოლო დასავლეთში საღვთო რომის იმპერატორი იყო. ფორმალურად, დანარჩენი ევროპელი მეფეები მაინც აღიარებდნენ მის უზენაესობას და იხსენებდნენ ლოცვებში. ბიზანტიის დაცემის შემდეგ იმპერიის მოდელი მიისაკუთრა რუსეთმა და რუსეთი გვევლინება ჩვენ, როგორც იმპერია და არა როგორც ნაციონალური-სახელმწიფო. ბიზანტიის იმპერია შეიძლება ყოფილიყო ბერძნულენოვანი, მაგრამ ბერძნული არ იყო, ასეთივე მოდელზე აიგო რუსული იმპერია, რუსული ენა დომინანტი იყო, მაგრამ რუსული იმპერია არ ყოფილა რუსული, ამ სიტყვის ნაციონალისტური გაგებით. იმპერიაში ხშირ შემთხვევაში შედიოდნენ დამოუკიდებელი ან ნახევრად დამოუკიდებელი სამეფოები, სამთავროები ანუ მისი პოლიტიკური ერთიანობა ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაგრამ ფორმალურად ის ერთიანი რჩება. ტრადიციულ სახელმწიფოში არ არსებობს მიზანი – შეიცვალოს ეთნიკური სტრუქტურები, სახელმწიფო გულგრილად უყურებს ეთნიკურ მრავალფეროვნებას.

ნაციონალიზმი მე-20 საუკუნის დასაწყისში.
ნაციონალიზმი მე-20 საუკუნის დასაწყისში.

ნაციონალური სახელმწიფოები ყალიბდება მოდერნის პერიოდში. ის აბსოლუტურად საწინააღმდეგო პრინციპებზე დგას, ვიდრე ტრადიციული სახელმწიფო. ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ტრადიციულ და ნაციონალურ სახელმწიფოებს შორის არის ის, რომ ნაციონალურ სახელმწიფოში ყველა მცხოვრები არის მოქალაქე, ხოლო მოქალაქე არის ინდივიდი. თუ კი ტრადიციულ საზოგადოებაში სახელმწიფოში მცხოვრებნი ან მრევლი იყო, ან მეფის ვასალები და სუვერენისადმი ლოიალურად განწყობილი ხალხი, ამ შემთხვევაში ინდივიდის კონცეპტი სხვა პრინციპებზე დგას. ტრადიციულ სამყაროში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ექცევა წარმომავლობას, მაგალითად, ძველი საბერძნეთი „იდიოტუსი“ (იდიოტი) იყო ისეთი პიროვნება, რომელიც არ იღებდა მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში. იდიოტუსი იმით განსხვავდებოდა მოქალაქისგან, რომ მას არ ჰქონდა წარმომავლობა (ისტორია), ის იყო ისტორიის გარეშე, ესეთი ადამიანი, რომელსაც დღეს შეიძლება ვუწოდოთ ინდივიდი, რადგან მოდერნში მიიჩნევა რომ ყველა ადამიანი უნიკალური ინდივიდია, ხოლო ტრადიციულ სამყაროში მიიჩნეოდა, რომ ადამიანი არის მისი წარმომავლობის გაგრძელება, ამიტომ ექცეოდა დიდი ყურადღება „წმინდა სისხლის“ საკითხს, განსაკუთრებით არისტოკრატიაში, რადგან ბევრის მეტყველი იყო რისი გამგრძელებელი იყო ეს ადამიანი, ხოლო ნაციონალიზმმა ამ წარმოდგენის პრელუდია მოახდინა, როდესაც აიღო წარმოსახვა „წმინდა სისხლის“ ფენომენი და აბსოლუტურად შეცვალა ის აზრობრივად, როგორც ერიკ ჰობსბაუმი აღნიშნავს, „ტრადიციების გამოგონებაში“ რეალურ ფესვებს მოწყვეტილი ადამიანი იგონებს გარკვეულ „ტრადიციებს“, „სიწმინდეებს“ იმისთვის, რომ მან იდენტობის კრიზისი არ განიცადოს. ანუ ტრადიციულ საზოგადოებაში ადამიანებს ჰქონდათ მკაფიო წარმოდგენები საკუთარ იდენტობაზე, მათ არ სჭირდებოდათ შეექმნათ წარმოსახვითი იდენტობები – იდენტობის წარმოსახვა დასჭირდა სწორედ ამ „იდიოტუსებს“, რომლებიც იმისთვის რომ არ დარჩენილიყვნენ იდენტობის გარეშე, როგორც ბენედიქტ ანდერსონმა მოგვიანებით შენიშნა, წარმოისახეს საზოგადოება, რომელსაც დღე ჩვენ ერს ვუწოდებთ. ესეთი ადამიანები თავს იყრიდნენ ურბანულ სივრცეებში და სწორედ ნაციონალური სახელმწიფოს ცენტრი ხდება ქალაქი. შუა საუკუნეების ქალაქები, განსხვავებით ანტიკურ პერიოდისგან დაცლილი იყო პოლიტიკურ შინაარსისგან და მას ძირითადად წარმოებისა და ვაჭრობის ცენტრის ფუნქციები ჰქონდა, კულტურა და პოლიტიკა კი პროვინციებში იყო კონცენტრირებული, ესეთ ქალაქებში სხვა სახის პოლიტიკური და იდენტობრივი წარმოდგენები ჩაისახა, ვიდრე ბერძნულ პოლისებში იყო, რომლებიც თავის თავში უპირველეს ყოვლისა იყვნენ პოლიტიკის ცენტრები და მას შემდეგ უკვე საფინანსო, საწარმოო თუ კულტურული ცენტრები. სწორედ აქედან გაჩნდა ბურჟუაზია და მისი იდეოლოგია (მარქსის ტერმინები რომ გამოვიყენოთ), რომელმაც პოლიტიკა უარყო და ის ჩაანაცვლა ეკონომიკით, ამიტომ მოდერნის ყველა იდეოლოგია არის პოლიტ-ეკონომიური იდეოლოგიები (პოლიტიკა როგორც ეკონომიკა და ეკონომიკა როგორც პოლიტიკა).

ნაციონალური სახელმწიფოს მთავარი განმასხვავებელი ტრადიციული სახელმწიფოსგან, როგორც ენტონი სმიტმა აღნიშნა, არის ის რომ მაღალი კულტურა ხდება საყოველთაო. სახელმწიფო მოქალაქეებისთვის ადგენს კულტურულ, საგანმანათლებლო და ენობრივ აუცილებლობებს. ტრადიციულ საზოგადოებაში როგორც გურევიჩი და ლე გოფი აღნიშნავენ არსებობდა მაღალი კულტურა და საკარნავალო კულტურა. საკარნავალო კულტურა იყო ის კულტურა, რომელიც ნარატივების მიღმა იყო, ხოლო მაღალი კულტურა იყო ისეთი კულტურა, რომელიც ნარატივებში გვხდება და მისი შემქნელი ძირითადად სასულიერო პირები არიან. სახელმწიფო არ ერეოდა კულტურის დაგეგმვაში ან თუ ერეოდა, ძირითადად მაღალ კულტურას ეხებოდა. ერი-სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქის კულტურულ იდენტობაზე და ის მიზნად ისახავს ტოტალურად გარდაქმნას მოსახლეობა. მოსახლეობის ტოტალური გარდაქმნა ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო იწყებს ადამიანის შექმნის ვალდებულებას, ესეთი ვალდებულება ტრადიციულ სახელმწიფოს არ აქვს, ტრადიციული სახელმწიფო კმაყოფილდება ადამიანის ლოიალობით სუვერენისადმი, ხოლო მისი კულტურული იდენტობა ისტორიული პროცესების შედეგია და არა სახელმწიფოს აქტიური ჩარევის. პირველი იდეოლოგიური პროექტი, რომლითაც ადამიანების ტოტალური შეცვლა დაიწყო, იყო ნაციონალური სახელმწიფო, როგორც მერაბ მამარდაშვილმა აღნიშნა იდეოლოგიებზე, ყველა იდეოლოგიის მიზანი არის ერთი ტიპის ადამიანის შექმნა „კარგი მოქალაქის“, „კარგი კომუნისტის“, „კარგი ფაშისტის“ თუ ა.შ. მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორია ეს ადამიანი, მთავარია ერთი ადამიანის ერთი ტიპაჟის კვლავწარმოება, იმ დროს როდესაც ტრადიციულ სამყაროში ერთი ტიპაჟის არსებობას მხოლოდ ჯოჯოხეთში თუ შეიძლებოდა, ტრადიციულ სამყაროში ადამიანთა განსხვავებულობა არა მარტო აღიარებული იყო, არამედ, როგორც გურევიჩი აღნიშნავდა, შუა საუკუნეებში ადამიანთა განსხვავებულობა და განსხვავებული კულტურული თუ მსოფლმხედველობრივი პიროვნების მქონე ადამიანის თანაარსებობა ქმნიდა დიდ ეპოსებს. რა თქმა უნდა, განსხვავებული ტიპაჟები ყოველთვის სიკეთისა და ბოროტების პრიზმიდან იხილებოდა, მაგრამ ბოროტების არსებობა ბუნებრივ მოცემულობად იყო მიჩნეული, იმ დროს როდესაც მოდერნი აუქმებს ბოროტებას ან იმას, რაც მას ბოროტებად წარმოუდგენია და ტოტალურად არ აძლევს საშუალებას ესეთმა „ბოროტებამ“ იარსებოს.

"სიწმინდის" წარმოსახვა ნაციონალისტების მიერ.
“სიწმინდის” წარმოსახვა ნაციონალისტების მიერ.

და კიდე ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ტრადიციულ სახელმწიფოსა და ნაციონალურ სახელმწიფოს შორის არის ის, რომ ერი და სახელმწიფო ხდება სინონიმი, თუ კი ტრადიციულ სახელმწიფოში სახელმწიფო და ერი (ეთნოსი) ნაწილობრივ ან საერთოდ არ არის ეთნიკური, მაგალითად, ისლამური სახელმწიფო, ნაციონალური სახელწიფოს მცხოვრები აუცილებლად იმ ერს უნდა განეკუთვნებოდეს ან პროცესი მიმდინარეობს, რომლის დროსაც ნაციონალურ სახელმწიფოში მცხოვრები ხალხი განიცდის აუცილებელ ასიმილაციას. ყველა ნაციონალური სახელმწიფო, თუ ის ჭეშმარიტად ნაციონალურია, ცდილობს ერთი პოლიტიკური იდენტობის შექმნას, რომლის ირგვლივაც ერთიანდება მისი სახელმწიფო, ამიტომ ყველანაირი ნაციონალური სახელმწიფო არის ასიმილაციური პოლიტიკის გამტარებელი, ასიმილაციის და ეთნიკური იდენტობის დანგრევის გარეშე ვერ ყალიბდება ერი, ხშირ შემთხვევაში ასიმილაციის შეუძლებლობა როდესაც ხდება, მაშინ იწყება გენოციდი ან მასობრივი დეპორტაციები.

დასკვნის სახით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო და მთელი აღმოსავლეთ ევროპის საკმაოდ დიდი ნაწილი, არ იყო მოდერნული, როდესაც ნაციონალიზმი შემოვიდა, ამ სივრცეში არსებობდა ეთნიკურობა (ბუნებრივი იდენტობები) და ეს იდენტობები ხშირ შეთხვევაში ჯაბნიდა ეროვნულ იდენტობებს. ტრადიციული საზოგადოების ნახევრად მოდერნიზაცია ტრადიციული საზოგადოების იდენტობების შენარჩუნებით მიმდინარეობდა, რაც საკმაოდ განსხვავებული იყო მოდერნული ნაციონალიზმისგან. უამრავი ქვეყნის მაგალითი გვეუბნება, რომ მთელ რიგ შემთხვევაში ნაციონალური სახელმწიფოები ევროპის გარეთ არ ჩამოყალიბებულან და ეს სახელმწიფოები ყოველთვის იტოვებდნენ ტრადიციულ ელემენტებს, რაც მათი განსაკუთრებულ ნაციონალურ ნარატივებზე აისახებოდა.

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ