#NuitDebout საქართველო: „დავდგეთ ერთად“ – მოძრაობა #NuitDebout-ს მოწოდება ერთობლივი ბრძოლისთვის

მარიამ შენგელია

უკვე ერთი თვეა, რაც საფრანგეთში სტუდენტები, მუშები და დასაქმებულნი ვაპროტესტებთ შრომის ახალ კანონპროექტს.

პირველი გრძელვადიანი გაფიცვა უნივერსიტეტ პარი 8-ს ფილოსოფიის დეპარტამენტიდან, 7 მარტს დაიწყო. საპროტესტო ტალღამ გამოიწვია დანარჩენი დეპარტამენტებისა და უნივერსიტეტების გაფიცვა, საუნივერსიტეტო სივრცეების ოკუპაცია ნაციონალური გაფიცვა მანიფესტაციების დღეს და ქვეყნის მასშტაბით, მილიონი ადამიანის  ქუჩაში მობილიზება.

მარიამ შენგელია
მარიამ შენგელია. ფოტო © Stéphane Burlot

31 მარტს დავიკავეთ რესპუბლიკის მოედანი პარიზში და სხვა საჯარო ადგილები საფრანგეთში. ათიათასობით ადამიანი ყოველდღიურად იკრიბება რესპუბლიკის მოედანზე, სახალხო ასამბლეებზე, დისკუსიებსა და  სხვადასხვა ტიპის აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად. ამ ღონისძიებათა რეალიზება და ფუნქციონირება კი იმ დემოკრატიული პრინციპების პირდაპირი მანიფესტაციაა, რომლებმაც თავიანთი ადგილი კაპიტალიზმის მსოფლიო ბატონობის წიაღში ვერ იპოვეს. სწორედ ამგვარმა სახალხო პროცესმა ახალი დატვირთვა შესძინა მოძრაობას: იგი არა მხოლოდ ლოკალური პოლიტიკური პრობლემის მოგვარების, არამედ გლობალური წესრიგის შეცვლის აუცილებლობას ხედავს. მოძრაობის მთავარი მახასიათებელი სხვადასხვა პარტიკულარულ ბრძოლათა გაერთიანებაა, რადგან  მათი გამომწვევი მიზეზები საერთო წყაროდან იღებს სათავეს. ამგვარად, ემიგრანტები, არალეგალები, დევნილები, მუშები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, გლეხები, პროფესორები, დასაქმებულები ერთობლივად ვიბრძვით ისეთი პირობებისთვის, სადაც ახალი ტიპის ცოდნა, შრომა და საზოგადოებრივი თანაცხოვრება შესაძლებელი გახდება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბრძოლო ველი საგანმანათლებლო დაწესებულაზე გადის, სწორედ ამიტომ რესპუბლიკის მოედანი, ისევე როგორც ოკუპირებული უნივერსიტეტი, იქცა ადგილად, სადაც უნივერსიტეტი თავის ახალ იდეასა და როლს ეძებს. უნივერსიტეტი, როგორც სივრცე ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის, რეფლექსიისა  და შემოქმედებისა, თავის მხრივ,  მთავარი დასაყრდენია არსებული მდგომარეობის კრიტიკული ანალიზისა და ბრძოლის ახალი პრაქტიკებისა თუ თეორიების გამოგონებისთვის.

ფოტო © Liberation
ფოტო © taz.de

ბრძოლის ახალი პრაქტიკა კი, ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო ძალას უნდა დაეყრდნოს. სწორედ ამიტომ 40 მარტს (8 აპრილს) [1]მოძრაობა  #Nuit Debout-ს სახელით გაკეთდა განცხადება, რომელიც ყველას მოუწოდებს  ერთობლივი ძალისხმევის გამოყენებას გლობალური სისტემის შესაცვლელად. მოწოდება ჯერჯერობით მხოლოდ ევროპის ქვეყნების მასშტაბით გაკეთდა, თუმცა საერთაშორისო ძალის მობილიზებისთვის აუცილებელია, რომ  მან დასაყრდენი ევროპის გარეთაც იპოვოს.  ამ ინიციატივის აღება ქართველი ამხანაგებისთვის დაგვითმია!

აქვე, გთავაზობთ ამ განცხადების ქართულ ვერსიას:

“Nuitdebout –მიმართვა, რესპუბლიკის მოედანი.

8 აპრილი 2016 , პარიზი.

#Nuitdebout ყველგან ევროპაში,  #40 მარტი (9აპრილი).

დავდგეთ ერთად!

პარიზის რესპუბლიკის მოედანი © Liberation
პარიზის რესპუბლიკის მოედანი. ფოტო © Liberation

 31 მარტის შემდეგ, ჩვენ დავსახლდით  რესპუბლიკის მოედანსა და სხვა მრავალ ადგილას საფრანგეთში.

ჩვენი მობილიზაცია, თავდაპირველად, მიზნად ისახავდა შრომის კანონრპოექტის წინააღმდეგ გამოსვლას.  ეს რეფორმა არ არის კერძო შემთხვევა, რადგანაც ის ქამრების შემოჭერის პოლიტიკის (austerity) მიხედვით მკურნალობის იმავე კურსის ნაწილია, რომელიც ჩვენმა მეზობელმა ევროპელებმა უკვე გაიარეს და ისეთივე შედეგებს გამოიღებს, როგორც იტალიურმა Jobs Act და ესპანურმა Reforma laboral: მეტი დათხოვნა და შემცირება, მეტი დაუცველობა, მეტი უთანასწორობა და პირადი ინტერესების გაძლიერება. ჩვენ უარს ვამბობთ დავექვემდებაროთ შოკის  თავსმოხვეულ სტრატეგიას, რომელიც  განსაკუთრებით იძულების ფორმას იღებს თავისუფლების შემლახავი საგანგებო მდგომარეობის კონტექსტში.

რესპუბლიკის მოედანზე ჩატარებული გენერალური ასამბლეის დისკუსიები აჩვენებს,რომ ის რაც ყელში ამოგვივიდა, მხოლოდ შრომის რეფორმით არაა გამოწვეული, არამედ  უფრო გლობალურ  პრობლემატიკას მიემართება: კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კრიზისში მყოფ სოციალურ და პოლიტიკურ სისტემას. ეს არ ვიქნებით ჩვენ, ვინც მის დასასრულს დაიტირებს. 

უნივერსიტეტი პარი 8. ფოტო © Prune Zammarchi
უნივერსიტეტი პარი 8. ფოტო © Prune Zammarchi

ეს მოძრაობა არ დაბადებულა და არ მოკვდება პარიზში. არაბული გაზაფხულიდან  15-M მოძრაობამდე, ტაჰრირის მოედნიდან გეზის მოედნამდე, რესპუბლიკის მოედანი და სხვა მრავალი ოკუპირებული ადგილი საფრანგეთში, ერთი და იმავე ბრაზის, იმედისა და რწმენის ილუსტრაციაა: ახალი საზოგადოების აუცილებლობა, სადაც ღირსეული დემოკრატია და თავისუფლება მხოლოდ ცარიელ დეკლარაციას არ წარმოადგენს. თანადგომა, რომელსაც უცხოეთიდან ვიღებთ, ჩვენს შეუპოვრობას აღვივებს და აძლიერებს. ეს მოძრაობა თქვენი მოძრაობაცაა. მას არ აქვს საზღვრები და ლიმიტები, ის ეკუთვნის ყველას, ვისაც სურს მისი ნაწილი გახდეს. ჩვენ ვართ ათასობით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მილიონობით. ერთიანნი,  ფეხზე, გაღვიძებულნი. დავდგეთ ერთად.

#40 მარტს (9 აპრილს) მოაწყვეთ თქვენი #Nuitdebout!

კონტაქტი: nuitdeboutpresse@riseup.net

@NuitDebout

Facebook: https://www.facebook.com/NuitDebout/

Tumblr: https://nuitdebout.tumblr.com/

 

[1] ახალი კალენდარული სისტემა, რომელიც ათვლის სათავეს 31 მარტს, რესპუბლიკის მოედნის ოკუპაციის პირველ დღეს იღებს.

ფოტო © Liberation
ფოტო © Liberation
უნივერიტეტი პარი 8. ფოტო © Liberation
უნივერსიტეტ პარი 8-ს ბლოკადა მანიფესტაციის დღეს. ფოტო © Liberation
ფოტო © Stéphane Burlot
ფოტო © Stéphane Burlot
ფოტო © Stéphane Burlot
ფოტო © Stéphane Burlot
გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ