► ავტორი: ნანო ზაზანაშვილი, არქიტექტურის მკვლევარი.
1966 წლის 17 ნოემბერი არ ჰგავდა სხვა დღეებს. წინა საღამოს BBC-ის ეთერით ნაჩვენებ სატელევიზიო დრამას Cathy come home („ქეთი, დაბრუნდი სახლში“) 12 მილიონი ბრიტანელი გულგრილი არ დაუტოვებია. ღირსეული საცხოვრებელი პირობებისათვის მებრძოლი დედის ტრაგედია მრავალი ადამიანის პერსონალურ ისტორიას ჰყვებოდა. კენ ლოუჩის ეს ფილმი დოკუმენტური სიზუსტით, ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერდა სიღატაკის, ოჯახის განადგურებისა და უსახლკარობისაკენ მიმავალ ტრაგიკულ გზას. ამხელდა სოციალური უზრუნველყოფის სისტემის სასტიკ პრაქტიკებს და აშიშვლებდა მის დაუნდობელ შედეგებს.
ბრიტანეთის სატელევიზიო ისტორიაში „ქეთი, დაბრუნდი სახლში“ ყველაზე გავლენიან ნაწარმოებად ითვლება. სატელევიზიო ეკრანებზე მის გამოჩენას მალევე მოყვა უსახლკარობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციების „შელთერისა“ (Shelter) და „კრიზისის“ (Crisis) დაარსება, რომელებიც დღემდე აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით. სატელევიზიო დადგმამ საკანონმდებლო ცვლილებებსაც შეუწყო ხელი. 50 წლის შემდეგ ლოუჩის ფილმი კვლავაც ინარჩუნებს უსახლკარობისა და ღირსეულ საცხოვრისზე უფლების ირგვლივ დისკუსიის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის ფუნქციას.
ხშირად ფუჭი, სიღრმისეული შინაარსისა და სიმძაფრისაგან დაცლილი არტისტული პროექტებით გაჯერებული ჩვენი სახელოვნებო სივრცე ამ მხრივ თითქმის უიმედო სურათს ქმნის. ერთ-ერთი გამონაკლისია გიორგი შენგელიას ფოტოპროექტი „უსახლკაროები“.
ფოტოგრაფი უკვე დამდგარი უსახლკარობის შესახებ გვიყვება. ობიექტივის ცენტრში თბილისია. ავტორი რეალობას შეულამაზებლად ასახავს და თვალის არიდებისთვის სივრცეს აღარ ტოვებს.
ქალებს, მამაკაცებს და მოზარდებს მიწაზე, კიბეებზე, ურიკებზე ჯგუფებად ან მარტოებს მიუციათ თავი ძილისთვის. მაღაზიის ვიტრინის ნიშაში შეყუჟულ ერთ მამაკაცს არ სძინავს. ის კამერის ობიექტივში ღამის სიბნელიდან იყურება და თვალს გვისწორებს. ფოტოგრაფი არღვევს იმ დისტანციას, რომელსაც ღირსებააყრილი ადამიანის ხილვა იწვევს, დისტანციას, რომელიც ზიზღით, შიშით, უხერხულობის განცდით არის გამოწვეული.
ფაქტი დაფიქსირებულია, მტკივნეული რეალობა კონკრეტულ ვიზუალურ ნაწარმოებად არის თარგმნილი. ცვლილებისკენ ერთი ნაბიჯი გადადგმულია. თუმცა, ეს ნაბიჯი საკმარისი არ არის. კვლავაც რჩება ადგილი ინტერპრეტაციისთვის. ჩვენთვის კვლავაც რთულია დავინახოთ კომპლექსური პრობლემების სათავეები. მიზეზ-შედეგობრივი კავშირები კვლავაც მოუხელთებელი რჩება ჩვენი გონებისთვის. როგორც წესი, რთულ პრობლემებს მარტივ ახსნას ვუძებნით და საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული სტერეოტიპული მოსაზრებების ტირაჟირებას დიდი მონდომებით ვაგრძელებთ. ჩვენ პრობლემის სათავეს კვლავაც ექსკლუზიურად ადამიანების პირად პასუხისმგებლობაში ვხედავთ. დაუფიქრებლად შეგვიძლია დავაბრალოთ მათ სიზარმაცე, უნიათობა, ათასი ცოდვა და სიმახინჯე. ტალახში, ჭუჭყში და ასფალტზე ძილი მათ ბუნებრივ მოთხოვნილებად გავასაღოთ და კაფეში წითელი ღვინის წრუპვისას ჩვენ მეგობრებს მტკიცედ განვუცხადოთ – „მათ მოიმკეს ის რაც დათესეს! დარჩენილიყვნენ სოფლად და ეშრომათ, აღარ მოუწევდათ ქუჩაში ძილი“. ეს მოსაზრებები სასტიკია, ემპათიას შეუძლებელს ხდის, აღრმავებს სეგრეგაციას და ურთიერთ იზოლაციას. ისინი სოლიდარობისთვის ადგილს აღარ ტოვებენ.
ჩვენ, რომ დავინტერესებულიყავით ახალგაზრდა ქალის ისტორიით, რომლისგანაც ყოველ დილით სიგარეტს და ყავას ვყიდულობთ, გავიგებდით, რომ ის კვირაში ექვსი დღე 15 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობს, რათა 700 ლარი გამოიმუშაოს და ბინის გადასახადს გაუმკლავდეს. გავიგებდით, რომ სხვაგან გაცილებით ნაკლებს უხდიდნენ და სხვა გამოსავალი მას არ რჩება თუ არა მონური შრომა.
ჩვენ, რომ დავინტერესებულიყავით ტაქსის მძღოლის ისტორიით, ის მოგვიყვებოდა, რომ სხვა ქალაქში დიდი, ნათელი და კარგად მოწყობილი ბინა გამოკეტა. ის გვეტყოდა, რომ მან სამუშაო დაკარგა და საშოვრის საძებნელად დედაქალაქს მოაშურა სადაც სტუდენტი შვილებიც ეგულებოდა. რომ აქ ერთ პატარა, მოუწყობელ ოთახში დანარჩენ ოჯახის წევრებთან ერთად უწევს ცხოვრება. მას არ ეცოდინებოდა სად არის „მზიური“ და თავისი ისტორიის გაზიარებით შეეცდებოდა თავის გამართლებას.
ჩვენ რომ დავინტერესებულიყავით, შუა ხნის ქალი მოგვიყვებოდა თუ როგორ მოუწია გარდაცვლილი დედის დასაკრძალად სახლის იპოთეკით დატვირთვა რათა ბოლო პატივი მიეგო მისთვის. თბილისის ერთ-ერთ ავარიულ სახლში მცხოვრები ხანდაზმული ქალი კი გვეტყოდა, რომ მისთვის ღირსეული სიბერის ერთადერთი იმედი მისი დასაქმებული შვილია. თუ ის ბინის შეძენას შეძლებს მას ღამეების ქუჩაში გათევა არ მოუწევს.
ჩვენ, რომ დავინტერესებულიყავით გავიგებდით, თუ რამდენ ასეთ და გაცილებით შემზარავ ისტორიას ატარებს ჩვენი ქალაქი და მაშინ იქნებ უკეთ გაგვეცნობიერებინა, რომ პრობლემები გაცილებით კომპლექსურია, ბევრი რამ გვაქვს გადასაფასებელი და შესაცვლელი.
გიორგი შენგელიას ფოტოები აღვიძებს რწმენას, რომ რეალური პრობლემები ხელოვანთა ფოკუსში კიდევ მოექცევა და შემოქმედებითი პრიზმის გავლით რეალური გარდაქმნის საწინდარი გახდება.
შემდეგი ნაბიჯი სისტემის მანკიერი მხარეების და პრობლემის სტრუქტურული ანალიზი უნდა იყოს, რომელიც დაამსხვრევს ჩვენს საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმულ მცდარ წარმოდგენებს, მკაფიოდ დაგვანახებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს და გააღვიძებს მიძინებულ სოციალურ მგრძნობელობას. შეგვცვლის ისევე, როგორც ერთ დროს ლოუჩის ფილმმა შეცვალა ბრიტანელები.