1966 წელს მილტონ ფრიდმანმა ჟურნალ Time-ში შემდეგი შინაარსის ფრაზა დაწერა ‘ერთის მხრივ ახლა ჩვენ ყველა კეინზიანელები ვართ, მეორეს მხრივ კი არავინ არაა კეინზიანელი’. ამ რეპლიკის ადრესატი უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური ისტებლიშმენტი იყო. ამ ფრაზამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი წინასაარჩევნო პერიოდში მემარჯვენეების მიერ ხშირად გამოყენებადი კლიშეს დამკვიდრებას, რომ ’არჩევნების წინ ყველა სოციალისტი ხდება’, ანუ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, პოლიტიკური პოპულიზმისკენ მინიშნებას.
საქართველოშიც პოლიტიკური პოპულიზმის თემა წინასაარჩევნოდ ყოველთვის აქტუალური ხდება. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ეს პროცესი ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნისა და მთავრობის ახალი პროგრამისა და დაპირებების წარმოდგენის შემდეგ გააქტიურდა. თუმცა არის რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი თვისებრივი სხვაობა წარსულთან შედარებით და აგრეთვე ის, თუ რამდენად დამაჯერებელია ნაციონალური მოძრაობის ასეთი მკვეთრი ტრანსფორმაცია და რამდენად რეალურია მათი დაპირებები. თუმცა სანამ ამ თემებზე გადავალ, კარგი იქნება თუკი ზოგადად პოლიტიკური პოპულიზმის ცნებას განვმარტავთ.
პოლიტიკური პოპულიზმის მრავალი სახეობა არსებობს და მისი აკადემიური დეფინიციებიც მრავალფეროვანია, თუმცა მაინც შეიძლება გამოიყოს მისი ზოგადი, მეტ-ნაკლებად უნივერსალური მახასიათებლები; პოპულიზმი ეს არის საზოგადოებისა და ხელისუფლების(პოლიტიკური პარტიების) ურთიერთობის ფორმა, რომლის პროცესშიც პოლიტიკური ძალები მიისწრაფვიან იმისაკენ რომ ხალხის ნდობა, მოწონება და მხარდაჭერა მოიპოვონ. პოპულისტები თავიანთ რიტორიკას და აქცენტებს ძირითადად უბრალო ხალხის ეკონომიკურ და სოციალურ ინტერესებზე მიმართავენ და როგორც წესი, აფიქსირებენ რომ მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს გამოხატავენ. ეს არის რიტორიკის სტილი, რომელიც საკმაოდ ელასტიურია და შეუძლია არა მხოლოდ ერთი არამედ რამოდენიმე განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკურ ძალას ემსახუროს. თუმცა, ალბათ მაინც მიზანშეწონილი იქნება, თუკი ორი სახის – მემარჯვენე და მემარცხენე პოპულიზმს გამოვყოფთ, რომელთა განხილვა საქართველოს მაგალითზეც შეიძლება – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ვითარება უფრო ნეო-პოპულიზმის სცენარს ერგება, რომელიც აქტიურად იყენებს მედია საშუალებებს პროპაგანდაში, ლავირებს კლასიკურ მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკურ მიდგომებში და როგორც წესი, ავტორიტარული და ცენტრალიზებული მთავრობის აპარატით ხასიათდება. ასეთი ტიპის პოპულისტური რეჟიმები ძირითადად ლათინური ამერიკის ქვეყნებშია გავრცელებული. თუმცა ყველა დაკვირვებულ ადამიანს არ გაუჭირდება აშკარა და თვალსაჩინო პარალელების გავლება პრემიერ მერაბიშვილის მთავრობასთან.
დამოუკიდებლობის განვლილ ორ ათწლეულში საქართველოში პოლიტიკურ პოპულიზმს სპეციფიკური ისტორია აქვს. ეროვნული მოძრაობის ინერციის, ტერიტორიული პრობლემებისა და რთული საგარეო ურთიერთობების გამო პირველ პლანზე ყოველთვის უფრო მემარჯვენე ნაციონალისტური ტიპის პოპულიზმი იყო წამოწეული და მხოლოდ ამის შემდეგ მოდიოდა მემარცხენე სოციალური ტიპის თემატიკა და შესაძლო პოპულიზმიც.
წლევანდელი არჩევნების წინ ზოგადად ვითარება შეიცვალა. პირველად მოხდა, რომ არჩევნების წინ დღის წესრიგის მთავარ საკითხად სოციალური კეთილდღეობის თემატიკა იქცა; უმუშევრობა და დასაქმება, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა, სოფლის მეურნეობის სუბსიდირება – ეს ის თემებია რომელიც ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიის წინ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა, და რომელზეც სოციალ-დემოკრატები უკვე დიდი ხანია საუბრობენ.
ხელისუფლებამაც, როგორც საკმაოდ უნარიანმა, პოპულისტურმა ნეოლიბერალურმა რეჟიმმა, მალევე იგრძნო, რომ ოპოზიციის პრიორიტეტები და მოსახლეობის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, არჩევნების წაგების რეალური საფრთხე დაინახა და იმგვარი პროგრამა და დაპირებები წარმოადგინა, რომლითაც მთლიანად უარი თქვა იმ პოლიტიკურ პლატფორმაზე, რომლითაც ქვეყანას განვლილი 8 წლის მანძილზე მართავდა. ამით ფაქტობრივად პირველად მოხდა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრისთვის საკუთარი დღის წესრიგის თავზე მოხვევა ვერ მოახერხა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად იძულებული გახდა სხვების მიერ დადგენილ თამაშის წესებს აყოლოდა.
ამგვარად ჩვენ ვიღებთ ფრიდმანის მიერ დახატულ კლასიკურ სურათს – ნაციონალური მოძრაობა ცდილობს თავი მოგვაჩვენოს კეინზიანელად, სოციალისტად, ხალხის ინტერესების დამცველად, მოკლედ იმად, რაც ვიცით, რომ სინამდვილეში არაა. ეს არ არის უსაფუძვლო ან ზედაპირული დასკვნა, მისი დასტურია განვლილი თითქმის 10 წელი როდესაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში იმყოფებოდა. როდესაც გამუდმებით ახდენდა იმ საკითხების იგნორირებას, რომლებიც დღეს პრიორიტეტებად აქვთ გამოცხადებული და სწორედ მათ მიერ განხორცილებული პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს ქართული სოფელი გაჩანაგებულია, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უმუშევარია და ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვასა და განათლებაზე.
ნაციონალური მოძრაობისა და ვანო მერაბიშვილის მიერ გამოქვეყნებული პრიორიტეტები აღიარებაა იმისა, რომ დღევანდელი მთავრობა 8 წლის განმავლობაში ანგრევდა ქვეყანას. ქართულ სოფელს თუ 4 მილიარდიანი ინვესტიცია სჭირდებოდა, რატომ არაფერს აკეთებდა ხელისუფლება დღემდე, როცა მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა სწორედ სოფელზე იყო დამოკიდებული და წარმოუდგენელ სიღარიბეში ცხოვრობდა? თუკი ყველა ადამიანი ღირსია ქონდეს დაზღვევა და მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული რატომ დაუშვა ხელისუფლებამ ის, რომ უამრავი ადამიანი სწორედ უფულობისა და დაზღვევის არქონის გამო გარდაიცვალა, დაავადმყოფდა; თუ 1000 ლარიანი ვაუჩერი პირველადი აუცილებლობაა მოსახლეობისათვის კომუნალური გადასახადების დასაფარად, მაშინ რატომ ზრდიდა ხელისუფლება გამუდმებით ამ გადასახადებს და ფაქტიურად ახრჩობდა ხალხს? დასაქმება თუ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, მაშ რატომ იყო ხალხი მიტოვებული ბედის ანაბარად 8 წლის განმავლობაში?
ყველასთვის ცხადია, რომ მათ არ ძალუძთ ამ კითხვებს დამაჯერებელი პასუხები გასცენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ეს რიტორიკა სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების შენარჩუნების უკანასკნელი მცდელობა. უპრინციპობისა, და იაფფასიანი პოლიტიკური პოპულიზმის ყველაზე ნათელი დადასტურება, რომელიც მხოლოდ მოკლევადიან წინასაარჩევნო პიარზეა გათვლილი და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. დღესავით ნათელია, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩამოყალიბებული რეპრესიული და ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ამგვარი სოციალური პოლიტიკის განხორციელება აბსურდია და ეს დაპირებებიც ისეთივე შეუსრულებელი დარჩება, როგორც დაპირებები ქვეყნის დემოკრატიზაციაზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ან სიღარიბის დაძლევაზე.
ხელისუფლების ნეო-პოპულისტური ისტერია მთელი თავისი რესურსებით საქმეში ერთვება. იქნება ეს პროპაგანდისტული მასობრივი საინფორმაციო საშუალებები თუ ავტორიტარული და ცენტრალიზებული მთავრობა, რომელიც ადმინისტრაციულ რესურსებს ღიად იყენებს წინასაარჩევნო პროცესში.
ამგვარად, წინასაარჩევნო ბრძოლაში გადამწყვეტი მომენტი დგება. საზოგადოებამ და კოალიცია ქართულმა ოცნებამ უკვე მოახერხა პოლიტიკის დღის წესრიგის შეცვლა და სოციალური კეთილდღეობის წამყვან საკითხად ქცევა. ახლა უკვე დროა ჩვენ ხელისუფლების ცვლილებაც მოვახდინოთ, რათა ეს პოლიტიკა რეალობად ვაქციოთ!