ნაციონალური მოძრაობა – ოპოზიცია ?!

I – ნაციონალური მოძრაობა

კონსტიტუციაზე ძალადობა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და განათლების სისტემების მიზანმიმართული განადგურება, შედეგად – სოციალური კატასტროფა და ქვეყნის უსაფრთხოების მოშლა, უგუნურ ომში ტერიტორიების დაკარგვა, დასავლეთში ინტეგრაციის ხანგრძლივი დროით შეფერხება, სამოქალაქო მონაწილეობისა და თვითმმართველობის გაუქმება, მედიის ტოტალური კონტროლი და მანიპულირება, მიტინგების დარბევა, შრომის კოდექსი, რომელიც არსებითად მონობას აკანონებს, პოლიტიკური ოპონენტების და/ან მათი ახლობლების დევნა, პოლიტიკური შანტაჟი, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ადამიანების წამება ციხეებში, არჩევნების გაყალბება, ურბანული გენოციდი, ბიზნესის ტერორი და კერძო საკუთრების უსამართლო ხელყოფა, ელიტარული კორუფცია, ‘ოპოზიციის’ მოსყიდვა, დებატების უარყოფა და რაციონალური პროცესების ნაცვლად – ირაციონალური და ისტერიკული სტილის დამკვიდრება, უმაღლეს დონეზე წახალისებული მიზანთროპია – ამ ნიშანთაგან რომელიმე ან რამდენიმე შეიძლება ბევრ ხელისუფლებას ახასიათებდეს, მაგრამ თუ ყველა მათგანს ჩამოუთვლით, ადამიანების უდიდესი უმრავლესობა ჩვენში გეტყვით, რომ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობთ. ფანტანებზე და განათებულ ქუჩებზე, ან განუხორციელებელ, ‘პოზიტიურად’ ჩაფიქრებულ პროექტებზე საუბარიც ვერ შეიტანს მსჯელობაში რაიმე ისეთ დადებითს, რასაც შეუძლია ვითარება გამოსწოროს. თუ მაგ. განხორციელებულ ლაზიკას წარმოვიდგენთ, წარმოსახვაში, რომელიც სამწუხაროდ, უკვე ნანახის გამოცდილებით საზრდოობს, უნებურად ვხედავთ როგორ ეხდება ჭერი შენობებს ქარიან ამინდში, როგორ იშლება ხელის წაკვრისას ‘გიპსოკარდონით’ აგებული ფასადები, და რა აუტანელ პირობებში ცხოვრობს ამ ფასადებს მიღმა ნათელი მომავლის დაპირებით სხვადასხვა რეგიონებიდან აყრილი მოსახლეობა.

ნაციონალური მოძრაობა ისტორიულად ძალიან ხანმოკლე მოვლენა იყო – მიუხედავად იმისა, როგორ განვიცდით ამ მოვლენის ტრამვებს დღეს. შედარებისთვის, სოციალიზმი ხანგრძლივი ისტორიული დისკურსია, და ხელაღებით მისი ‘ბოროტებად’ შეფასება უბრალოდ უმეცრებაა. ეს ნიშნავს, სტალინთან და პოლ პოტთან, ბოლშევიზმთან ერთ ქვაბში მოვხარშოთ გუნარ მირდალი ან სარტრი, ფოლკჰემეტი და ზოგადად სკანდინავიური გამოცდილება. ეს იგივეა, რომ ქრიტიანობას – დღეს არსებულთგან ერთ–ერთ ყველაზე ხანგრძლივ პროცესს, სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანოთ ინკვიზიციისა და ჯვაროსნული ომების გამო. და ბოლოს, თვით ყველაზე უკომპრომისო სოციალისტიც კი ვერ იტყვის, რომ კაპიტალიზმის მთელი ისტორია – ბოროტებათა ისტორიაა, არავის შეუძლია უარყოს ის უდიდესი წვლილი, რაც კაპიტალიზმმა, როგორც ფორმაციამ, შეიტანა საზოგადოებრივ პროგრესში. ყველა ეს პროცესი ურთიერთწინააღმდეგობრივი და მრავალფეროვანია, აქვს პოზიტიური და ნეგატიური ასპექტები, და მათი ცალსახად შეფასება არასწორია. მე ასეთ პროცესებს, გნებავთ – იდეოლოგიებს, ‘ორგანზომილებიანს’ ვუწოდებ – ანუ ისეთებს, რომელთაც აქვს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მიმართულებით განვითარების ალბათობა. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ შინაგანი ტრანსფორმაციების ერთ–ერთი უმთავრესი პირობა – დროა. დროში საკმაოდ განვრცობილი პროცესები ხშირად ახერხებენ ტრანსფორმირდნენ.

მაგრამ ისტორიაში არსებობს პროცესებიც, რომლებიც მხოლოდ ერთმნიშვნელოვან შეფასებას ექვემდებარება. და ასეთ პროცესებს სწორედ ისიც ახასიათებს, რომ დროის ისეთი მოკლე ინტერვალი უკავიათ, რომლის დროსაც შინაგანი ტრანსფორმაცია არ ხერხდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სახელი დაერქმევა და მოვლენისა და სახელის გამიჯვნა შეუძლებელი ხდება (როგორც წესი, ასეთი მოვლენა ერთი კონკრეტული ადამიანის სახელს უკავშირდება და მისი ბიოგრაფიის საზღვრებს არ სცდება). ასეთ პროცესებს ან იდეოლოგიებს ვუწოდებ ‘ერთგანზომილებიანს’ – ანუ რომელთაც მხოლოდ ნეგატიური განზომილება აქვთ (აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს ერთგანზომილებიანი პოზიტიური იდეოლოგიები, ანუ ისეთი, რომლის ბოროტად გამოყენება შეუძლებელია, რომელიც მხოლოდ პოზიტურად შეიძლება დახასიათდეს). ყველაზე აშკარა ასეთი ერთგანზომილებიანი მოვლენებია ფაშიზმი და სტალინიზმი. არავის მოუვა თავში აზრად დადებითად შეაფასოს ისინი, ან ირწმუნოს, რომ შესაძლებელია მათი შინაგანი ტრანსფორმაცია და საბოლოოდ, პოზიტიურ პერსპექტივად ჩამოყალიბება. იმის მიუხედავადაც რომ, ცალკე აღებული ზოგიერთი მაშინდელი მოვლენა ვინმემ შეიძლება პოზიტიურად მიიჩნიოს (მაგ. ჰიტლერის და სტალინის მიერ განხორციელებულ მშენებლობათა, ტექნიკური მოდერნიზაციის, ზოგადად ეკონომიკური განვითარების მასშტაბებთან შედარებით ნაცმოძრაობის მიერ განხორციელებული ‘შუქის, გზებისა და ფანტანების’ პროექტები უბრალოდ შეუმჩნეველია). ამ ტრანსფორმაციის რწმენა შეუძლებელია იმიტომ, რომ ფაშიზმი და სტალინიზმი იქცა სწორედ ბოროტმოქმედების სიმბოლო–სახელებად. თუ იმის დაჯერება, რომ ბოროტი ადამიანი შეიძლება გახდეს კეთილი, ასე თუ ისე, შესაძლებელია, აბსურდია ვიფიქროთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ბოროტება როგორც ასეთი, შეიძლება იქცეს სიკეთედ.

ჩემი აზრით, სწორედ ასეთ, ერთგაზომილებიან მოვლენათა რიგს მიეკუთვნება მოვლენა ‘ნაციონალური მოძრაობაც’. შეუძლებელია მისი შინაგანი ტრანსფორმაცია ისე, რომ დარჩეს იგივედ – ანუ ნაციონალურ მოძრაობად, და ამავე დროს, გათავისუფლდეს იმ შინაარსისაგან, რომელიც დასაწყისში აღვწერეთ.

სამწუხაროდ, დრო ამისთვის უბრალოდ არ არსებობს. ნდობა – შემოქმედებითი პროცესის შედეგია, მას შენება სჭირდება. შენებას კი – დრო. წლების განმავლობაში ნაშენები შეიძლება ერთი წამში დაინგრეს. და რამდენი დრო დასჭირდება ხელახალი ნდობის მოსაპოვებლად იმას, ვინც წლები ანგრევდა… რაც მთავარია, არავის სურს მისცეს მათ ეს დრო… პერსონალურად – კი ბატონო. მაგრამ არა იდეოლოგიას და პრაქტიკას.

II ოპოზიცია

რა არის რეალური ოპოზიცია, სხვაგვარად – რა უნდა მივიჩნიოთ მის მთავარ მახასიათებლად მეტ–ნაკლებად დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემებში, რა არის პრინციპები, რომელიც უნივერსალურია ყველა თუნდაც ნომინალურად დემოკრატიული საზოგადოებისათვის? აქ მრავალი პოლიტიკური ძალა არსებობს, თუმცა ძალაუფლების მოპოვების რეალური პოტენციალი მოცემულ მომენტში მხოლოდ რამდენიმეს აქვს. მაგ. ინგლისში ამ თვალსაზრისით უახლოეს ისტორიაში და ხილვად პერსპექტივაში მხოლოდ ლეიბორისტებზე და კონსერვატორებზე, ასევე, ზოგჯერ, ლიბერალებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, დავუშვათ, ხელისუფლება კონსერვატორებს უკავიათ – როგორც დღეს. რას აკეთებს ოპოზიცია? ე.წ. ჩრდილოვან პოლიტიკას – თუ კონსრვატორები სთავაზობენ პოლიტიკურ დღის წესრიგს და პრობლემათა გადაჭრისა და განვითარების გზებს – ოპოზიცია არა უბრალოდ აკრიტიკებს მათ, ან მოითხოვს დროზე შეასრულონ მიცემული დაპირებები, არამედ შეიმუშავებს ალტერნატიულ დღის წესრიგს, პრობლემათა გადაჭრის სხვა გზებს. ჩრდილოვანი კაბინეტის ტრადიციის წყალობით, საზოგადოებამ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ისიც კი იცის, ვინ იქნება ამა თუ იმ სამინისტროს ხელმძღვანელი ოპოზიციის გამარჯვების პირობებში. ამდენად, ოპოზიციის მიზანია საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მისი პოზიცია, ხედვა და განხორციელების გზები უკეთესია, ვიდრე მოწინააღმდეგე პარტიებისა. რამდენადაც ამას შეძლებს, რამდენადაც მოიპოვებს ნდობას, იმდენად წარმატებული იქნება კონკრეტული პოლიტიკური პროექტი. შესაძლოა ამა თუ იმ პოლიტიკურმა პარტიამ ერთი–ორი ადამიანი გაიყვანოს პარლამენტში და მისთვის ესეც დიდი წარმატება იყოს. მაგრამ ძალაუფლების იმ ბერკეტების მოსაპოვებლად, რომელიც შესაძლებელს გახდის რეალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს, პოლიტიკურმა პარტიამ (ან კოალიციის შემთხვევაში – პარტიების ერთობამ) 50%–ზე მეტი უნდა აიღოს. ესე იგი, რეალურ ოპოზიციად მოცემულ მომენტში შეიძლება მივიჩნიოთ ის პოლიტიკური ძალა, რომლის მიერ ხილვად პერსპექტივაში 50%–ზე მეტი ლეგიტიმაციის მოპოვების ალბათობა მაღალია, ან – უტოპიური მაინც არ არის. და არა ის, ვისაც თვითონ სურს იყოს ‘რეალური’, ან დაჟინებით იმეორებს, რომ ‘რეალურია’. სხვაგავარად, ოპოზიციის ‘რეალურობის’ უმთავრესი საზომია ‘პრინციპულად არჩევადობა’ – მას უნდა ახასიათებდეს არჩევადობის მაღალი თეორიული ალბათობა.

კიდე ერთხელ დავაზუსტებ, რომ ვგულისხმობ დემოკრატიულ საზოგადოებას, ანუ საზოგადოებას, სადაც, სხვათა შორის, დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები: ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს მეტ–ნაკლებად თანაბარი შესაძლებლობები აწარმოოს საკუთარი იდეების პოპულარიზაცია; სადაც მედია შედარებით თავისუფალია, იმდენად, რომ სურვილის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია მეტ–ნაკლებად სრული ინფორმაცია მიიღოს პროცესების შესახებ. ანუ სადაც – პოლიტიკური საქმიანობა თავისუფალია, და საზოგადოება – ინფორმირებული.

თუ: 1 – დასაწყისში ნაცნიონალური მოძრაობის აღწერა პრინციპულად სწორია, და თუ 2 – დავუშვებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა რეალური ოპოზიციაა, ანუ – რომ მას აქვს ხელისუფლებად არჩევის შანსი, უნდა დავასკვნათ, რომ: საზოგადოება არის ველურთა და იმავე დროს, მაზოხისტთა ბრბო, რომელიც ინფორმირებულობისა და თავისუფალი არჩევანის პირობებში სწორედ ავტოკრატიას, სიღატაკეს, დევნას, შეურაცხყოფასა და დამცირებას აირჩევდა.

ჩემი აზრით, ამის დაჯერებით მხოლოდ საკუთარი სიველურის დამტკიცება შეგვიძლია. და არაფერი ბუნებაში რეალურად არსებულისა.

თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ კვლავ, 1 – ზემოთ მსჯელობა სწორია, და ამავე დროს, 2 – საზოგადოება საბოლოო ჯამში ყოველთვის რაციონალურ გადაწყვეტილებას იღებს, და ამ პირობებში წარმოვიდგენთ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლას, აღმოვაჩენთ, რომ ეს მხოლოდ ორი გზით შეიძლება მოხდეს: პუტჩით – ძალაუფლების ხელში ჩაგდებით ფიზიკური ძალის გამოყენებით, ან – საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანით, მედიისა და სხვა საშუალებებით ხალხის მოტყუებით, დარწმუნებით იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობა ‘გამოსწორდა’. თუმცა ამას კვლავ აბსურდულ დასკვნამდე მივყავართ – უნდა დავუშვათ, რომ საზოგადოება შესაძლოა არა მაზოხისტთა, მაგრამ – ბრიყვთა ბრბოა, რომელსაც ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს. ამის დაშვებით იგივეს ვამტკიცებთ, რასაც წინა შემთხვევაში.

ასე რომ, ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია შესაძლოა ბევრ შეცდომას უშვებს, რამაც შეიძლება პოლიტიკურ კრიზისამდე მიგვიყვანოს, ნაციონალური მოძრაობა ვეღარასდროს მოიპოვებს კრიზისის გადამჭრელის ან ნებისმიერ სხვა საზოგადოებრივ ლეგიტიმაციას, და ხელისუფლებაში ხელახლა მხოლოდ კატასტროფულ ვითარებაში შეიძლება მოვიდეს – შანტაჟის, სამხედრო გადატრიალების ან ტერორის გზით.

ამდენად, ვინც ამ მსჯელობა გაიზიარებს, ლოგიკურად მივა დასკვნამდე: ნაცმოძრაობისადმი პოლიტკორექტული რევერანსები, ლაპარაკი ნაციონალურ მოძრაობაზე, როგორც რეალურ პოლიტიკურ ოპოზიციაზე, არის მხოლოდ და მხოლოდ დემაგოგია, რომელიც ან – საზოგადოებისა და პოლიტიკის, როგორც ასეთის შესახებ წარმოუდგენელი უმეცრებით იკვებება, ან – განპირობებულია პრინციპული ეჭვით და უნდობლობით საზოგადოებისადმი, რომლის დროსაც შესაძლებლად მიიჩნევა, რომ ადამიანებმა ოდესმე შეგნებულად აირჩონ ის, რაც მათი განვითარების ინტერესებს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება, ის, რაც განსაზღვრებით არის ბოროტება.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ