სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი თაობის ადამიანები მერაბ მამარდაშვილს ყველაზე ნაკლებად იცნობენ, სამწუხაროდ ასაკის გამო არც იმის შესაძლებლობა გვქონდა, რომ მის ლექციებს დავსწრებოდით და შემდგომში არც იმის შესაძლებლობა მოგვცა აკადემიურმა წრეებმა და ქართველმა ინტელექტუალებმა, რომ მის იდეებს გავცნობოდით. პირადად მე, მერაბ მამარდაშვილით 3 წლის წინ, 2007 წლის შემოდგომაზე დავინტერესდი, როდესაც პრაღაში ვცხოვრობდი და აღმოვაჩინე, რომ სწორედ პრაღაში მამარდაშვილი 6 წელიწადი მუშაობდა 60-იანი წლებში იმ დროისათვის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ გამოცემაში “მშვიდობისა და სოციალიზმის პრობლემები” და პირადად ჩემთვის იმდენად რამდენადაც თავს მემარცხენედ მივიჩნევ ეს მართლაც, რომ ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო, მანამდეც მსმენოდა მის შესახებ ცოტა რამ თუმცა ჩემი ინტერესი მამარდაშვილის ფილოსოფიისა და აზრების მიმართ განსაკუთრებით გაცხოველდა 3 წლის წინ, ასევე აღმოვაჩინე ისიც, რომ მას დასავლეთში უფრო იცნობენ და აფასებებ ვიდრე აქ საქართველოში.
ვიცი, რომ მერაბ მამარდაშვილის ძალიან ეჯავრებოდა საბჭოთა კავშირი და ისიც გასაგებია თუ რატომ, მამარდაშვილი ხომ ყველაზე მეტად იყო თავისუფალ აზროვნებაზე შეყვარებული კაცი, იმგვარ აზროვნებაზე, რომელიც თავისუფალი იქნებოდა ყოველგვარი კონტროლისაგან და ამგვარი თავისუფალი გონის ადამიანი ხომ არ შედიოდა საბჭოთა პროექტში ე.წ. “საბჭოთა ადამიანის” ჩამოყალიბების შესახებ. მამარდაშვილის თქმით სახელმწიფო მოქალაქის გარეშე ნამდვილი მონსტრია და ასეთ სახელმწიფოდ ხედავდა იგი სწორედ საბჭოთა კავშირს, სახელწმწიფოდ, სადაც მოქალაქის სოციალური ფუნქცია მთლიანად უგულველყოფილი იყო, ამიტომაც არის გასაგები ჩემთვის რატომ არ უყვარდა მამარდაშვილს საბჭოთა კავშირი, ის ხომ აქტიური მოქალაქეობის და სამოქალაქო სივცრის ფორმირების ყველაზე გამბედავი დამცველი იყო, მისი მსგავსება სოკრატესთან ასევე სწორედ მამაცობაში და გამბედაობაშიც შეინიშნებოდა.
ზუსტადაც, რომ მამაცობის და გამბედაობის საუკეთესო მაგალითი იყო ის ფაქტი, როდესაც მამარდაშვილი 80-იანი წლების ქართველ ნაციონალისტებს, მოდით პირდაპირ ვთქვათ და “ზვიადისტებს” დაუპირისპირდა და პირადად ჩემთვის მამარდაშვილი ამ მხრივ უფრო პატივსაცემი ადამიანია, რადგანაც საბჭოთა კრიტიციზმით მაშინ ყველა პროგრესული ინტელექტუალი იყო დაკავებული და ეს არ იყო რაღაც ექსკლუზიური ქმედება, მაგრამ დაპირისპირებოდი 80-იან წლებში ნამდვილ ბრბოს ეთნო-ნაციონალისტების და პირდაპირ გეთქვა მათთვის, რომ ისინი უშვებენ ფატალურ შეცდომებს ეს მართლაც, რომ მამაცობის აქტი იყო. არ ვიცი რა უნდა იყოს იმაზე მეტი გმირობა, ვიდრე ის, რომ ეთნიკური ნაციონალიზმის აღზევების ფონზე გამოხვიდე და თქვა, რომ მართლაც “ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას”. არადა რა ზუსტად აფასებდა მოვლენებს და რა ზუსტად იაზრებდა იმას, რომ ახალი ნაციონალისტური იდეების აღზევება და ზვიადიზმი ისევ ადამიანის გონის დამორჩილებას გამოიწვევდა, ისევ დახურულ საზოგადოებას დატოვებდა და ისევ დაიმონებდა ადამიანის სულს და გონს, ახალი მანკიერი თვისებებით, რაც ზოგადად ხელს შეუშლიდა საქართველოს განვითარებას, იმ ქვეყნის, რომელიც ასე ძალიან უყვარდა მამარდაშვილს. ყველაფერი ამის პასუხად კი მამარდაშვილმა მიიღო ლანძღვა, ცილისწამება და ბოლოს სამშობლოს მოღალატედაც კი შერაცხეს, იმ ადამიანებმა, რომლებმაც დაანგრიეს საქართველოში დემოკრატიული განვითარების მომავალი და ძლიერი სამოქალაქო სივრცის ფორმირების მომავალი რისი პერსპექტივაც საქართველოს ნამდვილად ჰქონდა.
არ ვიცი რას იტყოდა დღევანდელობის შესახებ მამარდაშვილი ის რომ ცოცხალი იყოს. მე და ჩემი მეგობრები სულ ამაზე ვსაუბრობთ და ვამბობთ ნეტავ რას იტყოდა დღეს მამარდაშვილი? ნეტავ რას მოიმოქმედებდა? რას გვირჩევდა ჩვენც, ახალგაზრდებს? მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ამის გაგება არ შეგვიძლია. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ მას არ მოეწონებოდა როგორ იბადება ახალი ნეო-ზვიადიზმი, როგორ ისევ და ისევ იმონებს ადამიანის აზროვნებას სახელმწიფო მანქანა, თუ როგორ ილახება ადამიანის პატივი და ღირსება მმართველი პოლიტიკური ელიტის მიერ, თუ როგორ საბოლოოდ მოიშალა სამოქალაქო სივრცე და თუ როგორი დაცინვის საგანი გახდა ისეთი ცნებები როგორებიცაა სოციალური სამართლიანობა და სოლიდარობა, ეჰ, ალბათ ისიც არ მოეწონებოდა, რომ კვლავ ვერ გამოვედით ტოტალიტარული ცნობიერებიდან და ისიც არ მოეწონებოდა როგორ უწყობს ხელს სახელმწიფო პროტესტისაგან დაცარიელებული ადამიანის ჩამოყალიბებას, ე.წ. “ახალი ქართველის” ჩამოყალიბებას, რომელიც კონფორმიზმისა და ოპორტუნიზმის ნამდვილი პროდუქტი იქნება.
თუმცა, მე მაინც მინდა, რომ ვიყო ოპტიმისტი იმტომ, რომ როგორც მამარდაშვილი იტყოდა ჩვენ ქართველებს სამხრეთული ხასიათი გვაქვს და სამხრეთული ხასიათისათვის მნიშვნელოვნად დამახასიათებელი თვისება სწორედაც რომ ოპტიმიზმია. მინდა ოპტიმისტად დავრჩე და მჯეროდეს იმის, რომ ჩვენ არა მარტო მამარდაშვილს დავაფასებთ ჯეროვნად არამედ ისეთ სახელმწიფოს ავაშენებთ როგორზეც იგი ოცნებობდა სახელმწიფოს, რომელსაც მისი თითოელი მოქალაქე აშენებს და განაგებს და ეს იქნება ალბათ მისი სახელის ყველაზე მეტად დაფასება საქართველოს მოქალაქეების მიერ.
დაიბეჭდა გაზეთ “ბათუმელებში” N38 (360) 6-13 ოქტომბერი 2010