დღეს, უკვე ყველასათვის ნათელი ხდება მიხეილ სააკაშვილის და მისი ნაციონალისტური რეჟიმის დამნაშავე ხასიათი.
სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის და სხვა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობებს ამდენი ხნის განმავლობაში მისივე პროკურატურა ხელს აფარებდა და ახლა ეს ჩინოვნიკები უარს ამბობენ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
მიშა სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა ათასობით ადამიანს აპატიმრებდა და ანგარიშებს უყადაღებდა ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით – დღეს კი ვლინდება რომ ნაციონალური მოძრაობა ხალხის ფულით ცდილობდა სწორედაც რომ ამომრჩევლის მოსყიდვას ეგრეთწოდებული ‘დასაქმების პროგრამის’ ფარგლებში. საინტერესოა რატომ არ გაახსენდა მიშა სააკაშვილს საქართველოს მოსახლეობის დასაქმება 9 წლის განმავლობაში და რატომ დაიწყო ხალხის სახსრების ხარჯვა სწორედაც რომ 2012 წლის არჩევნების წინ. ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით ის საკუთარ ფულს კი არა, საჯარო სახსრებს იყენებდა არჩევნებში გამარჯვებისათვის. ამის მშვენიერი მაგალითია თბილისის მერიის მიერ გაცემული ‘პოლიტიკური გრანტები’ მომღერლებზე დასუფთავების სამსახურში და ათასობით ასეთი შემთხვევა. ეს არის სწორედ ამომრჩევლის მოსყიდვა.
დღეს სააკაშვილი მის მიერ ამოხოცილ ახალგაზრდებს (ზურა ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები) აშკარად კრიმინალებად მოიხსენიებს და ამით სიძულვილის ენას კიდევ ერთხელ ამკვიდრებს საქართველოში. ეს არის აგრეთვე გარდაცვლილთა მშობლების და ახლობელების პროვოცირება ქვეყნის უმაღლესი საჯარო პირის მიერ, რაც თავისთავად ბევრად უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ლუკა კურტანიძის მიცემულ ინტერვიუში გაჟღერებული ფრაზები. ადამიანების მკვლელობისათვის ‘ლიკვიდაციის’ წოდება მთლიანად ჯდება ჰიტლერის და სტალინის დამკვიდრებულ პრაქტიკაში, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი მუდმივად იყენებდა უდანაშაულო ადამიანების ხოცვის გასამართლებლად.
სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი მთლიანად ეწინააღმდეგება ‘კოჰაბიტაციის’ და პოლიტიკური თანაცხოვრების პრინციპს, როდესაც მუდმივად კონფრონტაციულ რეჟიმში ფუნქციონირებს. სააკაშვილისთვის კონსტრუქციული თანამშრომლობა მხოლოდ ეფემერული ცნებაა, რომელსაც იგი არასდროს ახორციელებს. ამის მაგივრად იგი მუდმივად მომართულია კონფრონტაციაზე და ოპონენტების ლანძღვა-გინებაზე.
მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი კვლავაც აგრძელებს საქართველოს დისკრედიტაციას საერთაშორისო არენაზე. მისი ლობისტური ჯგუფები, რომელსაც იგი ისევ ქართველი გადამხდელების ფულით აფინანსებს 24-საათიან რეჟიმში ავრცელებენ დეზინფორმაციას საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების შესახებ და ამით უკან სწევენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას. ამის ნათელი მაგალითია მისი დღევანდელი გამოსვლა აფხაზეთთან სარკინიგზო კავშირის აღდგენის წინააღმდეგ. რკინიგზის პროექტს დადებითი შეფასება მისცა არაერთმა საერთაშორისო ექსპერტმა, მათს შორის აშშ-ს ყოფილმა ელჩმა გაეროს განიარაღების მოლაპარაკებებზე, ჯონ მაკდონალდმა. ჯონ მაკდონალდის შეფასებით სომხეთიდან აფხაზეთში რკინიგზის გაყვანა მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისათვის დიდად წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც ბოლოს მოუღებს იზოლაციონიზმსა და მილიტარიზმს მთელს რეგიონში. ამის მიუხედავად სააკაშვილი აგრძელებს დეზინფორმაციის კამპანიის რომლის მიზანიც არის საქართველოს იზოლაციაში ყოფნა რაც შეიძლება დიდხანს და სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის ინტერესების დაცვას, სადაც სააკაშვილის ოჯახი და მისი ნათესავები განსაკუთრებით დიდი თანხებს ფლობენ.
სააკაშვილის ლობისტები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ყვეანაირად ცდილობენ რომ საქართველოს შეუწყდეს საერთაშორისო დახმარებები და ყველა საერთაშორისო საინვესტიციო პროექტი გააჩერონ ქვეყანაში. მათმა უკიდრესად მემარჯვენე მოკავშირეებმა ევროპის სახალხო პარტიაში და ჯონ მაკკეინის მოკავშირეებმა ამერიკის რესპუბლიკურ პარტიაში უკვე დააყენეს საქართველოსათვის საერთაშორისო დახმარების შეწყვეტის საკითხი. ეს რა თქმა უნდა აისახება ქართველი მოქალაქეების მდგომარეობაზე. მას შემდეგ რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდა ელიტური კორუფციის წყალობით ქართველ ხალხს მილიარდობით ლარის ღირებულლების ზარალი მიაყენეს საკუთარი ჯიბის სასარგებლოდ, ისინი ცდილობენ გარე დეზინფორმაცების საშუალებით ეკონომიკური კრიზისის გამოწვევას საქართველოში, რათა გაუადვილდეთ ხელისუფლებაში დაბრუნება.
მიუხედავად ამისა ქვეყანაში არის აშკარად შესამჩნევი პროგრესი:
1. რაც მთავარია საქართველო აღარ ჰგავს დიდ ციხეს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით ჩვენ ვუსწრებდით მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას, რუსეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, ირანის, საუდის არაბეთის, ჩრდილო კორეის, სირიის და ბევრი სხვა ქვეყნის მაჩვენებლებს.
2. მოქალაქეებს აღარ ეშინიათ ტელეფონით საუბარი – რადგან ქვეყანაში აღარ არის ჯაშუშომანია. ადამიანებს უსაფუძვლო ‘ჯაშუშობის’ და ‘მოღალატეობის’ ბრალდებებით აღარ იჭერენ და სტალინიზმის ეს გადმონაშთი აღარ ბოგინებს საზოგადოებაში.
3. პოლიცია საკუთარ მოქალაქეებს უმოწყალოდ აღარ სცემს. მართალია, ხდება ცალკეული დასანანი ინციდენტები, მაგრამ უდავოდ დიდი პროგრესია 7 ნოემრბისა და 26 მაისის აქციების ბარბაროსულ დარბევეთან შედარებით. პოლიცია ახალი ხელისუფლების პირობებში ბევრად უფრო დიდ პატივისცემას იმსახურებს – რადგან იგი ‘ძალადობის მონოპოლიას’ გადაჭარბებულად არ იყენებს.
4. მზადდება შრომის უფლებების დაცვის კანონმდებლობა რომელიც ყველანაირ ევროპულ სტანდარტს შეესაბამება და სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაკანონებულ ეკონომიკურ მონობას ბოლოს მოუღებს.
5. მზადდება რეფორმა ჯანდაცვის სფეროში, რომელიც ათასობით და მილიონობით საქართველოს მოქალაქეს მისცემს ელემენტარული მკურნალობის საშუალებას, რასაც ისინი აქამდე მოკლებული იყვნენ უკიდურესად პრივატიზებული ‘დაზღვევის’ სისტემის წყალობით.
6. დაიწყო ნამდვილი უმაღლესი განათლების სისტემის ნამდვილი რეფორმირება. გია დვალის მიერ წარმოდგენილი ‘ტენუარის პროექტი’ ამ რეფორმის მხოლოდ დასაწყისია, რომელიც განათლების სისტემას პოლიტიზირებისაგან დაიცავს.
7. საქართველოს პარლამენტი პირველად უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში არის მრავალპარტიული, სადაც ოპოზიცია მმართველი ძალის დანიშნული კი არ არის, არამედ მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებებისაა რიგ საკითხებზე. პარლამენტში მიმდინარეობს მწვავე დებატები ბევრ საკითხზე.
ძალიან არასწორია რომ ჩვენ ეს პროგრესი არ დავინახოთ, რომელიც უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში მოხდა. რა თქმა უნდა არსებობს გარკვეული ნაკლოვანებები, მაგრამ საქართველო სააკაშვილის 9 წლიანი ავტორიტარული მმართველობის 9 წლიანი პერიოდის მერე ნამდვილად წინ წავიდა დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. მაგრამ, ამას საუბედუროდ აფერხებს ისევ და ისევ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც თავისი გამოსვლებითა და მოქმედებებით საზოგადოებაში ქაოსისა და ძალადობის დათესვას ცდილობს ყოველ ნაბიჯზე.
დროა რომ ქართველმა ხალხმა უარი უთხრას ვადაგასულ და თავის დროზე გაყალბებით არჩეულ სააკაშვილს მის კონფრონტაციულ მოქმედებებზე და ყველამ ერთად დავიწყოთ დემოკრატიული და მშვიდობიანი საზოგადოების შენება.
კმარა მიშა სააკაშვილის მოძალადე და შოვინისტურ კულტურას, რომელმაც ქართველ ხალხს ომის, დაპატიმრებების, მკვლელობების და გაუპატიურების მეტი არაფერი მოუტანა. გზებს მასზე უკეთ ჰიტლერი და სტალინიც აშენებდნენ – მაგრამ ისტორიამ მათ ადგილი სადაც მიუჩინა, ყველა ხედავს ამას!