მიწების უსამართლო პრივატიზაციის თანმდევი საფრთხეები

„კომფორტულ სასტუმროში უფრო ადვილად იღებ  დაუნდობელ გადაწყვეტილებებს.

ჯოზეფ სტიგლიცი

მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თუ კანონში შეტანილი ცვლილებებს შეუძლია ულუკმაპუროდ დატოვოს ათასობით ოჯახი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში „ ბოროტი ბიძიები“ არიან და მიზანმიმართულად ადგანან ხალხის შიმშილისთვის გაწირვის პოლიტიკას. როცა ხელისუფლება მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებს, მისი მოტივი შეიძლება რამოდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული: ერთი, რომ ის ვერ ხვდება თუ რა გამოუსწორებელი შედეგი შეიძლება მოიტანოს ამგვარმა გადაწყვეტილებამ, მეორე,  საკუთარი სოციალური კიბის საფეხურიდან მას პრობლემის დანახვა და თანაგრძნობის გამოვლენა უჭირს და მესამე, მისი პრიორიტეტი არა სოციალური პრობლემებზე ზრუნვა, არამედ ვიწრო იდეოლოგიური კურსის ერთგულად მიყოლაა.

1989 წლის ვაშინგტონის კონსესუსის პოლიტიკით, რომელიც ტეტჩერ-რეიგანის მემარჯვენე პოზიციას ეყრდნობოდა, ბაზრის ლიბერალიზაცია და პრივატიზაცია პრიორიტეტად გამოცხადდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლებაც ცხრა წლის განმავლობაში ძალას არ იშურებდა, რომ  თავისი მემარჯვენეობა დაემტკიცებინა, რის სიმბოლურ დასტურსაც რიყის პარკში  რეიგანის ბრინჯაოს ქანდაკება  წარმოადგენს.

2010 წელს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებებით, საპრივატიზაციო მიწების ნუსხაში შევიდა საძოვრებიც.  ანუ ის მიწები რომლებიც არ ყოფილა კერძო საკუთრებაში და სოფლის მოსახლეობა კოლექტიურად სარგებლობდა, ინვესტორზე გასხვისდა. ეს გადაწყვეტილება, რასაკვირველია, არ ყოფილა გლეხობის ნების გამოხატულება. ის განპირობებული იყო მთავრობის მიზნით, გაზრდილიყო მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა. როცა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცენტული მაჩვენებელი თვითმიზანია და არა საშუალება, მოსახლეობის ნება ხელისუფლების მხრიდან აღიქმება როგორც დაბრკოლება, ბარიერი რომელიც უნდა გადაილახოს, იქნება ეს პროტესტის ჩახშობით თუ მედიასაშუალებებით წარმოებული პროპაგანდით.

თუმცა მთავარი პრობლემა იყო არა თვითონ პრივატიზაციაში, არამედ სოფლის მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ უსამართლო ქმედებებში.  ჩვეულებრივ რიგით გლეხს რომ ინტერნეტზე წვდომა თითქმის არა აქვს, არავისთვისაა საიდუმლო. შესაბამისად, როცა პრივატიზაცია მიმდინარეობს აუქციონის წესით, ვირტუალურ სივრცეში, ეს გლეხებსა და ინვესტორს არათანაბარ პირობებში აყენებს.

გლეხების მსყიდველობით უნარს ამცირებდა მძიმე ეკონომიკური პირობებიც. ქართველი გლეხი  ვერასოდეს ვერ გაუწევს კონკურენციას უცხოელ თუ ადგილობრივ, ფინანსურად მდიდარ ინვესტორს. ბუნებრივია, რომ დიდ ფართობზე მოსავლის მოყვანა ინვესტორს გაცილებით ნაკლები უჯდებოდა ვიდრე მცირეფართობიან გლეხს, თუნდაც იმიტომ, რომ მთავრობის მიერ გამოგზავნილი მცირერიცხოვანი ტრაქტორები მხოლოდ ასეთი დიდი ფართობების მოხვნისთვის გამოიყენებოდა.  ჭარბი წარმოება, როგორც წესი, ფასების დაწევას იწვევს, მით უმეტეს რომ ინვესტორის მიწაზე მოწეული პროდუქტი (ხშირად გენმოდიფიცირებული), ესთეტიკური თვალსაზრისით უკეთაა შეფუთულ-შელამაზებული და მომხმარებელის თვალს ადვილად იპყრობს.

უნდა ითქვას, რომ მიწებისა და საწარმოების პრივატიზაცია არ არის ეკვივალენტური პროცესი.  თუ მუშისათვის ქარხანა სამუშაო ადგილია და ოჯახის რჩენის საშუალებას წარმოადგენს, გლეხისთვის მიწას ემოციური დატვირთვაც აქვს. შემთხვევითი არ არის, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს გლეხი „მამულს“ უწოდებს, ხოლო მის დამუშავებას – „მოვლას“. კერძო და საერთო საკუთრებაში არსებული მიწა მისთვის მინიატურულ სამშობლოს წარმოადგენს.  სოფელში ასეთი დაუწერელი კანონი მოქმედებს: თუ ვინმე კუთვნილი მიწის გაყიდვას დააპირებს, ჯერ მასთან მომიჯნავე მეზობელს უნდა შესთავაზოს, შემდეგ უახლოეს ნათესავებს, თუ მყიდველი არ გამოუჩნდა –  სხვა თანასოფლელებს. ახლობელზე გაყიდვას ერთი მიზეზი აქვს: უკან გამოსყიდვის იმედი.

საერთო საკუთრებაში არსებული მიწები კი სოფლის მაცხოვრებლებისთვის სოციალ-ეკონომიკური უფლებების სარეალიზაციო ველია. საძოვრებზე საქონელის ძოვების გარდა, გლეხები კოლექტიური თანამშრომლობის სულსაც ავლენენ. ნახირის ორგანიზება და მორიგეობით მისი გაძღოლა სოფელში აჩენს აზრთა ურთიერთგაცვლის, პრობლემის ადგილზე გადაჭრის და ერთმანეთზე ზრუნვის შესაძლებლობას.

როცა ხდება საერთო საკუთებაში არსებული მიწების გასხვისება ადგილობრივების ნების საწინააღმდეგოდ, ჩვენ სოფლის მაცხოვრებლებს თვითგამოხატვის საშუალებას ვუსპობთ. ამით ვეუბნებით, რომ ყველაფრის გაყიდვა შეიძლება, ყველაზე წმინდისაც კი, ხოლო ფინანსურად ძლიერი – ყოველთვის მართალია. მის პრეზიდენტს კი უფლება აქვს სოფლის საარსებო საშუალება ერთ დღესაც ვინმე მაღალჩინოსანს თუ უცხოელ ინვესტორს ისე უბოძოს, თითქოს ფეოდი იყოს.

გაღატაკებულ  და ღირსებაწართმეულ გლეხს ორი გზა რჩება: ან მოჯამაგირედ დაუდგეს ახალ „ბატონს“ და ლუკმაპურის ფასად მის „ფაზენდაში“ იმუშაოს, ან დატოვოს სოფელი და ემიგრანტად იქცეს. თუმცა არსებობს მესამე გზაც, საკუთარ მიწაზე გაუცხოებული და უსამართლობისაგან გულგატეხილი კაცი ადვილად დაადგება „აბრაგობის“ გზას;  ქურდული სამყაროს წარმომადგენლები თუ შეიარაღებული ბანდფორმირებები ხომ სწორედ ასეთი გულაცრუებული ადამიანებისგან ცდილობენ თავიანთი რიგების შევსებას.

დღეს უნდა გადავწყიტოთ, ან რეგულაციებს შევიტანთ მიწების პრივატიზაციაში და სოფლის სახით სამოქალაქო საზოგადოების საყრდენს მივიღებთ ან „მტკიცე ნებით“ ვაჭრობის ლიბერალიზაციის სამსხვერპლოზე თანასწორობასა და სამართლიანობას მივიტანთ.

გიორგი ხარიბეგაშვილი

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ