წერილის ავტორები:
► გიორგი ნამგალაძე, სოციოლოგი და ფილოსოფოსი, ილიას უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ჩვენი მედია-პლატფორმის ავტორი და მთარგმნელი;
►ზაქარია თავბერიძე, ილიას უნივერსიტეტის სოციოლოგიის დოქტორანტი და მოწვეული ლექტორი სოციოლოგიის მიმართულებით.
ჩვენს პორტალზე ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ მათ სხვა ერთობლივ ნაშრომებს:
►”ჩვენ, ელექტრონული კოლონიალიზმი და ინფორმაციული საზოგადოება”
►“ქართული კაპიტალიზმის ჰიბრიდები”
►“ისტორია, პროგრესი და ძალადობის სატირული სახიერება”
“თვითის ის ორგანო, რომელიც თვითს თავგადასავლების გადატანის უნარს ანიჭებს, საკუთარი თავის მის შესანარჩუნებლად უკუგდების მეშვეობით, არის ცბიერება ……
ცბიერი გამოძვრება, მისი გადარჩენა ეს არის, მთელი მისი სხვებთან აღიარებული სახელმოხვეჭილობა კი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ გმირთა ღირსება მარტოოდენ მაშინ მიიღწევა, თუკი მთელი, ზოგადი, განუყოფელი ბედნიერებისაკენ სწრაფვა ირყვნება“
ადორნო, ჰორკჰაიმერი; განმანათლებლობის დიალექტიკა
მიხეილ სააკაშვილი ჰეროიკულობის საინტერესო მოდელს წარმოგვიდგენს. ზოგადად, ჰეროიკულობის პრე-მოდერნული გაგება, რომელიც შუასაუკუნეების გაბედული რაინდისა და თავგანწირვის ბელადებს ეყრდნობოდა, დემოკრატიის გაჩენასთან ერთად ნაკლებად რელევანტური გახდა. ალექს დე ტოკვილი, ამერიკული დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად სწორედ ჰეროიკულობის, როგორც მოქალაქის იდეალური ტიპის ნგრევას აღნიშნავდა. ის ამბობდა, რომ დემოკრატია მხოლოდ იქ შეიძლება დამყარდეს, სადაც საზოგადოება კარგ მოქალაქეებს ესწრაფვის და არა გმირებს. მაგრამ ცხადია, იმდენი გმირის ხატი, რამდენიც ამერიკულმა პოპ კულტურამ აწარმოა, სხვა არცერთ სახელმწიფოს არ შეუქმნია პროდუქტის სახით, თუნდაც ძველი ბერძნების უძლეველი ღმერთების ჩათვლით. თუმცა, ეს ახალი გმირები აღარ არიან არქაული ტიპის რაინდები, რომლებიც ზებუნებრიობას საკუთარი გონის მოწოდებას მიაწერენ და ამგვარად მატერიაზე ზემოქმედებენ. ისინი წარმოსახვითის გმირები გახდნენ, რაც წარმოსახვითშივე, წარმოსახვითი კმაყოფილებით უნდა დამთავრდეს (მაგ. სპაიდერმენი, ბეტმენი და ა.შ.).
რაც შეეხება კერძოდ პოლიტიკას, როგორც მოწოდებასა და პროფესიას – მას გმირი მუდმივად სჭირდება, რადგან აუცილებელია დისკურსი მიებას ვიზუალს, თავს, იმიჯს, რეპრეზენტატორ ლიდერს (კონკრეტულად ამ თემასტან დაკავშრებით, იხილეთ ჩვენი წერილი აქ). სააკაშვილი ამას ძალიან კარგად ხვდება, მაგრამ მისი პრობლემა ისაა, რომ როგორც ვთქვით, მისი მხრიდან რაინდულ გმირობაზე პრეტენზიის გაცხადება წმინდად არადემოკრატიული ნაბიჯი იქნებოდა (თუმცა ვვარაუდობთ, რომ შეიძლაბა მისი ლტოლვა არცაა „რაინდობისკენ“ წინსვლა და ის, უბრალოდ გაცნობიერებული მედია-მანიპულაციაა) და ალბათ, ბრუტალური შედეგებითაც დამთავრდებოდა, როგორც სასაცილო სისულელე (მაგალითად, ასე ხშირად ტრამპს ემართება, რომელიც ძალაუფლებას საკუთარ სუბიექტურ ნიშანთვისებებთან (Skills) აკავშირებს). დისკურსს, როგორც პოლიტიკას ცხადია ესაჭიროება პერფორმერი სუბიექტი, თუმცა სუბიექტის, როგორც აქტორის ეს აუცილებლობა უფრო დისკურსს უნდა არეპრეზენტირებდეს ვიდრე მისი წარმომადგენლის თვითს. რა არის დისკურსი? ეპისტემოლოგიური გაფართოება, რომელიც აჩვენებს, რომ „გმირი“; „გაბედულება“; „სამართლიანობა“; „სწორი ღირებულებები“ და ა.შ. სინამდვილეში პოლიტიკის ნაწილები კი არ არის; არამედ, მთლიანი პოლიტიკურის კერძო მოდუსების ნაწილებია, მათ სხვადასხვა დისკურსები სხვადასხვა შინაარსებით განმარტავენ. მოთხოვნილებები, რომლებსაც დისკურსები აყენებენ, ასეთ განსხვავებებს აუცილებელს ხდის. დემოკრატიული დისკურსი, არ არის ნაწილებად დაყოფილი თეორია, ის ცხადად თუ მოჩვენებითად ერთიანი ქმედებაა – პრაქსისი. რაც ნიშნავს, რომ უნდა ვიცხოვროთ გმირი, გაბედულება, სამართალი, სწორი ღირებულებები. ეს მე-5 რანგის სიმულაციაა, რომელიც რეალობის ბაზა ხდება, მოჩვენება, რომელიც რეალობაში იჭრება და მის მონადებზე ზემოქმედებს.
მიშა, თავისი კონტექსტიდან გამომდინარე, დგას ამოცანის წინაშე, როგორ გახდეს გმირი, ისე რომ საგმირო საქმეებზე საავტორო უფლებები არ გამოაცხადოს. ეს ეფექტური სტრატეგიაა, რიზომატული აბსტრაქცია, რაც მიშას შესანიშნავადაც გამოსდის. ის ცდილობს საგმირო ამბები, არა საკუთრივ თავისი პიროვნების, არამედ ნარატივის ზოგადი რწმენის შედეგის სახითა და იმ დისკურსის ძალაუფლებად გაასაღოს, რომელსაც თვითონ მიაკუთვნებს საკუთარ თვითს (Key words: „დემოკრატია“, „ადამიანის უფლებები“, „ლიბერალიზმი“, „სეკულარული სახელმწიფო“ და ა.შ). ეს ერთადერთი საშუალებაა მისთვის, რომ მარტოხელა მგლად, შუასაუკუნეების რაინდად ან საერთოდაც დონ კიხოტად არ გამოცხადდეს.
რას ვიღებთ შედეგად?
შედეგად ვიღებთ, მიშას საზღვრების კვეთას „უკანონოდ“, მის ვერ დაპატიმრებას, ბორკილებს დახსნილ პოლიტპატიმარს, მომხრეებთან ერთად ქუჩაში სირბილს. ეს კადრები თავისი ფორმატით მშვენიერი რესურსია გმირი პოლიტიკოსის იმიჯის საწარმოებლად, როგორც იმ ტომის (და არა მიშას) სიმბოლური ძალაუფლების რეპრეზენტატორი სახეხატების, რომელსაც მიშა თავისმხრივ მიეკუთვნება. ამიტომაც, როდესაც მიშას წინამდებარე კარიკატურას გადავაწყდით, არ გაგვკვირვებია, პირიქით, ველოდებოდით კიდევაც მიშას „სურათების“ კვლავწარმოებას: მიშა მკვდარი მერლინ მონროს ფოტო-რეპროდუქციების მსგავსად, უამრავ პოსტერს დაამშვენებს. თუმცა, ამჯერად მას ძლევამოსილი ჰალკის ფორმა მისცეს: ჩვენ თუ გვკითხავთ, უპირველესად მას მაინც ჯოკერის ფოტო-პროტოტიპი მოუხდებოდა. ჯოკერი საკუთარ საქმეებს სხვისი ხელით აკეთებს, ესაა მისი მაგია. მას არ აქვს განსაკუთრებული ფიზიკური უნარები, მაგალლითად მადლი ან მანა, ალქიმია და „ღმერთის სისხლი“, როგორც მაგალითად იგივე ჰალკს. ის მხოლოდ წარმოსახვითის რაინდია, რომელიც სხვისი ცნობიერების გავლით უნდა გახდეს „დახსნილი“ (მაგ. ციხიდან მედდის გონების მონუსხვით, მისი ცდუნების შედეგად გაიქცეს).
ზუსტად ასევეა სააკაშვილი, ის საკუთარ საქმეს დისკურსს აბამს და დისკურსის დამცველთა მუდმივმოქმედი რეზერვისტების არმიის ხელით სჩადის „დანაშაულს“ (მაგ. კიეველი დემოკრატები, ან კიეველი ლიბერალები, მისი ქართველი მხარდამჭერები და ა.შ.). ეს ერთგვარი თავდაცვის სტრატეგიაცაა, პოლიტიკური ჭადრაკის ტაქტიკა, რომლითაც პოლიტიკოსი სოციალური კაპიტალის კვლავწარმოებას ცდილობს, როგორც დისკურსული დრაივერი. მიშას შესაძლოა აღარც ჰქონდეს მსოფლიო ლიდერების ისეთი მხარდაჭერის იმედი, როგორც ეს მან 2008 წლის ომის შემდგომ დაარეკლამა, მაგრამ მას ვერავინ წაართმევს უფლებას, ჰქონდეს დისკურის მოჩვენებითი რწმენა, ეპატაჟი, ეიფორია და ისარგებლოს ამვე დისკურსის სახეცვლილი ძალაუფლებით.
მოკლედ, ფაქტების თანმიმდევრულობას თუ კიდევ ერთხელ გავყვებით, მიშას საბოლოო საგმირო საქმეები შემდეგია:
- კვეთს საზღვარს, სადაც შეღწევა თითქოს შეუძლებელი ჩანს.
- თავისუფლდება ბორკილებიდან, მაშინ როდესაც ის უკვე დაპატიმრებული გვეგონა.
რასთან გვაქვს საქმე? მთლიანი ეპისტემე, ისეთი მოჩვენებითად ლმობიერი რომ არ იყოს, როგორიც ის დღესაა, შესაძლოა მიშა, როგორც „ჯადოქარი“ საპყრობილეშიც გამოგვეკეტა, ან ქურუმად დაგვესვა, ან ნავით შავ ზღვაში გაგვეგზავნა. მაგრამ დღეს სხვა დროა და მიშას ამბის მაგია ჯოკერფეის პერფორმანსით უწყინარ ახსნას ჰპოვებს, როგორც პოლიტიკურად Cool. ეს გმირი თანამედროვე გმირია, მან პოსტმოდერნული პოლიტიკური ღამე კიდევ ერთხელ დააფუძნა. ის იყენებს ორ საშუალებას (means of simulation), მედიას და მასებს. მისი პერფომანსი ქმნის ცრუ ივენთებს (Man-made Events); და ამ ივენთების მონაწილეები ხდებიან მოქალაქეები, ისე რომ მათ შეიძლება ჯერ კიდევ არც იცოდნენ, რომ ისინი დასაწყისში, სკრიპტში იგულისხმებოდნენ, როგორც პერფორმანსის ელემენტები და მონაწილენი, როგორც კონკრეტულ სუბიექტურობას მოკლებული აქტორები/გამტარები (ცხადია, მიშას არ ექნებოდა ილუზია, რომ საზღვარს ან ბორკილებს ხალხის გარეშე გაარღვევდა). ამგვარად, ვიღებთ „გმირს“, რომელიც გმირულ საქმეებს მოქალაქეების ხელით სჩადის. ეს დემოკრატიული სამყაროს გმირია, რომელიც პოლიტ-ივენთებს ევლინება, როგორც მხოლოდ იმიჯი, სახე და თავი. ის არაა გმირის მთავარი განხორციელება და სულის ჩამდგმელი, რადგან მან ჰეროიკულობის (მოჩვენებითი, გნებავთ ბანალური, გნებავთ უშინაარსო) სიამოვნება, მასებს გადასცა. მიშა პოლიტიკურ შამანს ჰგავს, რომელიც საყოველთაო რიტუალებს აწყობს და სასწაულებს თვად კი არ აწარმოებს, არამედ მხოლოდ მათი გამოცხადების შესახებ ამცნობს ხალხს. მაგალითად, მის რიტორიკას თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ როგორც შამანი ეტყოდა ტომელებს, რომ ღვთაებრივი მათშია და თვითონ მხოლოდ მაცნეა ამ ღვთაებრიობის და არა ჯადოქარი, ასევე, მიშაც ეუბნება ხალხს, რომ დემოკრატიის მანა ხალხშია და არა ძლიერ ბელადში, რომელიც გადასახლებიდან იოსებ ჯუღაშვილივით კანიბალიზმით უნდა მობრუნდეს პოლიტიკურ ავანგარდში.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ისაა, თუ რომელი პოლიტიკური ძალა შეეცდება, ამ ტიპის ჰეროიკულობის გზას დაადგეს. მიშას პოლიტიკური მემკვიდრეების ორ ძირითად ძალად დაყოფას „ნაციონალებად“ (ორთოდოქსები) და „ევროპული საქართველოდ“ (პროტესტანტები ან გნებავთ რეფორმატორები) თუ გავყვებით, ვნახავთ, რომ პირველი მათგანი ცდილობს დემოკრატიული მზერისთვის მოძველებული ჰეროიკულობის მოდელით იმუშაოს. ანუ, მიშა აქციოს პერსონიფიცირებულ სახეხატად იმ ძალაუფლების, რომელიც მას დისკურსისგან გააჩნია. „ნაციონალები“ ცდილობენ საკუთარი თავის თვითპრეზენტაცია მიშას პირადი ქარიზმის წინწამოწევით მოახერხონ, რაც დღეს, პრინციპულად მიშას, როგორც „სხვა“ პოლიტიკოსის იმიჯის საპირისპირო რამაა. ამ მხრივ, „ევროპული საქართველო“ უფრო ალღოიანი აღმოჩნდა, რადგან მათ უარი თქვეს მიშაზე, როგორც ჰეროიკული იმიჯის, ემბლემისა და ხატის აბსოლუტურ დომინაციაზე დისკურსის სასარგებლოდ: მათ არჩიეს ესაუბრათ დისკურსზე (Key words: „დემოკრატია“, „ადამიანის უფლებები“, ლიბერალიზმი, სეკულარული სახელმწიფო და ა.შ). ისინი ასევე, თავად მიშასაც ემხრობიან ან აკრიტიკებენ სწორედ ამ დისკურსის ნარაციის შიგნით და არა, როგორც ცალკე აღებულ პერსონას. ამიტომაცაა, რომ მიშას (სტერეოტიპული რეოფრმატორის იმიჯის) რეალურ, თანამედროვე პოლიტიკურ მემკვიდრეებად, დღეს ევროპული საქართველოს წევრები უფრო გვევლინებიან, ვიდრე ორთოდოქსი „მიშისტები“.
ამ ამბის ქართული გამოძახილების შეფასების საშუალება შემდგომშიც გვექნება. თუმცა, ასეა თუ ისე, მიშა, როგორც „დემოკრატიის რაინდი“, ახალი ტიპის „ჰიროუ“ რომ გახდა, ეს მაშინაც იკითხება, თუ ეკრანებს დავაკვირდებით (განსაკუთრებით რუსთავი 2-ს, რომელიც მიშას იმიჯის ძალაუფლებას საკუთარ მანას უმატებს). ამაზე შეიძლება ბევრი გვეთქვა და დაგვეწერა, მაგრამ ტექსტის დროულობა, მის შინაარსობრივ გამართულობას ვამჯობინეთ. მთავარი სათქმელი კი, იმედია გადმოვეცით: მიშა არსებითად განსხვავებულ ჰეროიკულობას ქმნის, სადაც გმირის ძლიერება სუბიექტის ფიზიკურ სხეულს ტოვებს და მისი მიღმიერი (დისკურსული) ხდება. მსგავსი მოდელი, პირველ რიგში სწორედ ჩვენი პოლიტიკური კულტურისთვისაა უცხო და განსაკუთრებით საბჭოთა გმირებისგან განსხვავდება, სადაც საგმირო საქმე, ყოველთვის პერსონიფიცირებულ ქვის ძეგლად გარდაისახებოდა.