მათე გაბიცინაშვილი: მიკროსაფინანსოებისა და ონლაინ-სესხების პოლიტეკონომია

ეს წერილი წარმოადგენს 7 მაისს, საქართველოს მწერალთა სახლში “თბილისის სოლიდარობის ქსელის” ორგანიზებით მოწყობილ “მაისის ფორუმზე” ჩემს მიერ გაკეთებული საჯარო მოხსენების ტრანსკრიპტს. ფორუმზე “თვითორგანიზების ქსელის” წარმომადგენელმა ნოდარ შუკაკიძემ ისაუბრა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ისტორიასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე.

ჩემი მოხსენება ძირითადად ეხება მიკროსაფინანსოებისა და ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობის ბუნებასა და მის კრიტიკას.

© European.ge

“ეკონომიკა ზედმეტად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ის ლაქია ეკონომისტებს მივანდოთ.” 
ჰაიმან მინსკი, 1986.

1968 წელს, ამერიკელმა სოციოლოგმა რობერტ მერტონმა შემოიღო ტერმინი „მათეს ეფექტი“[1], რომელიც “წმინდა წერილში” მოყვანილი შემდეგი პასაჟიდან იქნა შთაგონებული: ვინაიდან, ვისაც აქვს, მას მიეცემა და ექნება უხვად, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს“ (მათეს სახარება). დღესდღეობით, აღნიშნული ტერმინი დამკვიდრებულია სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში, აგრეთვე ფართოდ გამოიყენება საზოგადოებათა დასახასიათებლად: როდესაც მკვლევარები ამა თუ იმ საზოგადოებრივი ჯგუფისა თუ სოციალური ფენის ეკონომიკური კაპიტალის საერთო უპირატესობებს შეისწავლიან.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სოციოლოგიური ტერმინი წარმოადგენს ერთგვარ ლოგიკას, რომელიც ყველაზე აშკარად „დამახინჯებულ ეკონომიკურ“ ურთიერთობებში (უილიამ ხსიაო) იჩენს თავს. ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის, ხსიაოს მიხედვით მსგავსი „დამახინჯებული ეკონომიკური“ ურთერთობების სოციალურ-ეკონომიკური ლოგიკა ამა თუ იმ სფეროში გვხვდება, რომლებიც თავიანთი სპეციფიკურობით ხასიათდება და თავისი ბუნებით არსებითად განსხვავდება მომსახურების სხვა სფეროებში მოქმედი საბაზრო პრინციპზე დაფუძნებული ანალოგიური ურთიერთობებისგან.[2]

ყველაზე მკვეთრად, სადაც ნათლად ჩანს ზემოაღნიშნული ეფექტის მთელი სიმძლავრით გამოვლინება, სწორედ მიკრო კრედიტებისა და ონლაინ სესხების სფეროა, რომელიც რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში კატასტროფულად ზიანს აყენებს მოსახლეობის ღარიბ ფენებს და მათ კიდევ უფრო გაღარიბებას იწვევს.

 

საშუალო და დაბალი ფენების ჭარბვალიანობა ეკონომიკას ამუხრუჭებს

საქართველოში ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპები დაკავშირებულია მოხმარების მხარის (consumption) პრობლემასთან. ანუ, ეკონომიკის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მომხმარებელი ვერ ყიდულობს. და ამის უმთავრესი მიზეზი ჭარბვალიანობაა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საბოლოო მოხმარებაზე გაწეული ხარჯები (Final Consumption Expediture) 2008 წლიდან მოყოლებული მცირდება (მშპ-ს პროცენტებში გამოხატული). მნიშვნელოვანი ვარდნაა ოჯახების მოხმარების მაჩვენებლის კუთხით.

ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს 3,7 მილიონი მოსახლეობიდან 1 მილიონზე მეტი ადამიანი საკუთარ თავს უკიდურესად გაჭირვებულად მიიჩნევს და სოციალური დახმარების მოლოდინშია. როდესაც ამ რაოდენობის ადამიანს მიმდინარე საარსებო პირობების დაკმაყოფილების პრობლემაც აქვს, ბუნებრივია მათ განათლებასა და პროცესების საღად შეფასებას ვეღარ მოთხოვ. ეროვნულ ბანკში კი პრობლემის არსებობაზე საუბრისას, სწორედ, მოსახლეობის ფინანსურ გაუნათლებლობაზე მიუთითებენ.[3]

ჭარბვალიანობა პირველ რიგში აზიანებს მოსახლეობის საშუალო და დაბალ ფენას. მდიდრებისგან განსხვავებით, მათი ჭარბვალიანობა ძირითადად მოხმარებაზე მოდის.

სპეკულაციური სფეროდან გამოწვეული ჭარბვალიანობა, ამცირებს მოსახლეობაში მოხმარებას, რაც პირდაპირ დარტყმას აყენებს წარმოებასაც (მცირე ბიზნესს). ბუნებრივია, როდესაც არ არსებობს სრული ინფორმაცია, შეუძლებელია ზუსტი მაკროეკონომიკური ანალიზის გამოტანაც. მაგრამ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს სრულიად გაუკონტროლებელია შემდეგი მარტივი ეკონომიკური პროცესები:

ა) საწვავ პროდუქტებზე ფასების შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული ფინანსების დიდი ნაწილი მიდის ამ სპეკულაციური ბიზნესის უზარმაზარ მოგებებზე, როცა სახელმწიფოს შეუძლია ეს გამოთავისუფლებული თანხები მოხმარების გასაზრდელად მიმართოს.

ბ) როცა 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდების სერიოზული ნაწილი სისტემაში უკვე გაშავებულია ონლაინ-სესხების გამო, მათ შეზღუდული აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა მომავალში ისარგებლონ საბანკო საკრედიტო მომსახურებით. რადგან ფინანსური ისტორია უკვე ცუდი აქვთ.

გ) აზარტული თამაშების სფეროსადმი ხელმისაწვდომობის სრული უკონტროლობა, ზრდის ონლაინ-სესხებით სარგებლობაზე მოთხოვნას. რადგან აზარტულ თამაშებში ძირითადად ჩართულია დაბალშემოსავლიანი ფენები, მათთვის მარტივი სესხის შოვნის ერთადერთი მთავარი წყარო ონლაინ-საკრედიტო კომპანიებია. ანუ ისინი ეკონომიკურ მოთხოვნილებას წაგებაზე ორიენტირებულ პროდუქტებზე, მარტივად აქცევენ ეკონომიკურ მოთხოვნად.

საზოგადოებრივი პრობლემები კომპლექსურია. გარდა უმუშევრობის პრობლემისა, საზოგადოება ამ უმუშევრობის პრობლემით გამოწვეული სხვა უმნიშვნელოვანესი პრობლემების საფრთხის წინაშე დგას. და ეს საფრთხე მით უფრო მზარდია, რაც უფრო ღრმად გამოვიკვლევთ უმუშევრობის ურბანულ, სოციალურ და კლასობრივ ასპექტებს: სოციალური დეზორგანიზება, შედეგად სეგრეგირებული ურბანულ-ეკონომიკური წარმონაქმნები ქალაქში, ცენტრსა და პერიფერიას შორის. ამერიკელ სოციოლოგს უილიამ უილსონს აქვს კარგად აღწერილი თავის წიგნში When Work Disappears: The World of the New Urban Poor“ (1996), რამოდენიმე ქალაქის მაგალითზე, თუ რამდენად პირდაპირ კავშირშია უმუშევრობით გამოწვეული სოციალური დეზორგანიზება მრავალ საზოგადოებრივ ტრამვასთან. როგორ უნდა ვუზრუნველყოთ სოციალური მობილობა კლასობრივი სტრუქტურის ქვედა საფეხურზე მყოფთათვის? განსაკუთრებით იმ ურბანული სივრცეების მოსახლეობისათვის, რომელთაც ყველაზე მეტად განიცადეს დეინდუსტრიალიზაციის შედეგად გამოწვეული ტოტალური უმუშევრობის წნეხი. ცხადია, ამაზე არ გვაქვს პასუხი ელიტებისგან.

სამაგიეროდ აქვს პასუხი დაურეგულირებელ ფინანსურ ინსტიტუტებს – აიღე კრედიტი, მაღალ პროცენტში.

ჩვენს ეკონომიკურ წესრიგზე ზედაპირული დაკვირვებითაც კარგად ჩანს, რომ ელიტების პოლიტიკური დისკურსი უკლასო საზოგადოების მითის შესახებ რბილად რომ ვთქვათ არგუმენტებს ვერ უძლებს. ჩვენ ვცხოვრობთ უკიდურესად კლასობრივ საზოგადოებაში, სადაც განათლებისადმი ხელმისაწვდომობა დაბალია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მეტად იზრდება სოციალური უთანასწორობა, მაშასადამე, იზრდება სოციალური დისფუნქცია. შესაბამისად დიდია საზოგადოების მორალური კოლაფსიც. არსებული წესრიგი კი მათთვის შეუძლებელს ხდის კლასობრივ იერარქიაში მობილობას.

სწორედ, საზოგადოების ეს კლასია “ძვირი ფულის” ძირითადი მომხმარებელი ჩვენს მსგავსს საბაზრო ეკონომიკებში..

 

ინფორმაციული ასიმეტრია

თავისუფალი ბაზრის ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მომხმარებლის სრული ინფორმირებულობა შესაძენი საქონლის (ან მომსახურების) ფასზე, მოცულობაზე და ხარისხზე. ხშირად ბაზარზე ინფორმაცია ასიმეტრიულია, რადგან მიმწოდებელმა უფრო მეტი იცის თავისი საქონლის შესახებ, ვიდრე მომხმარებელმა. მდგომარეობას, როდესაც ინფორმაცია პროდუქტზე ხელმისაწვდომია ბაზრის მხოლოდ ზოგიერთი მონაწილისათვის და არა ყველასათვის, ინფორმაციის ასიმეტრია ეწოდება.[4]

ონლაინ სესხების ბაზარზე ინფორმაციული ასიმეტრიის პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოებანი, რომ მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოციალურად დაბალ ფენებში, რომელიც აღნიშნული სერვისების ძირითადი მომხმარებელია, ძალიან დაბალია ფინანსური განათლებისა და პოტენციური საფრთხის შესახებ ინფორმირებულობის დონე. მაგრამ, გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ სერვისებზე მოთხოვნილება ატარებს არა მხოლოდ პირად, არამედ სოციალურ ხასიათს, საკითხის მხოლოდ ფინანსური განათლების პრობლემამდე ანუ ინდივიდუალურ პრობლემამდე დაყვანა სრულიად არასწორია.

ფინანსურ და სპეკულაციურ სფეროში, განსაკუთრებით ზემოაღნიშნულ სივრცეში მომხმარებელსა (მსესხებელი) და მიმწოდებელს (გამსესხებელი) შორის ურთიერთობა არსებითად განსხვავდება ჩვეულებრივ ბაზარზე არსებული ურთიერთობისგან. ამ ბაზარზე მოსალოდნელია მომხმარებლისა და მიმწოდებლის ქცევის ცვლილება, რომელსაც ეკონომიკური თეორიის მიხედვით მორალური საფრთხე (Moral Hazard) ეწოდება. „მორალური საფრთხე“ გაცნობიერებულ იქნა 1960-იან წლებში, სამედიცინო ბაზრის ნეგატიური მხარეების კვლევის დროს. ნიმანის (Nyman, 2003) მიხედვით, მორალური საფრთხე დაკავშირებულია მომხმარებლის მხრიდან მეტი რისკის შემცვლელ ქცევასთან.

„მორალური საფრთხე“ დგება იმ ტიპის ინფორმაციული ასიმეეტრის შემთხვევაში, როდესაც გარიგებაში რისკის ამღებმა მხარემ მეტი იცის თავისი განზრახვის შესახებ, ვიდრე იმ მხარემ, რომელიც ამ რისკის შედეგს იმკის. უფრო მეტიც, „მორალური საფრთხე“ დგება მაშინ, როდესაც თავისი განზრახვის და ქმედებების შესახებ მეტი ინფორმაციის მქონე მხარეს აქვს მოტივი მოიქცეს შეუსაბამოდ/არაადეკვატურად იმ მხარის გადმოსახედიდან, რომელიც ნაკლებ ინფორმაციას ფლობს.

მაგალითად, აშშ-ში „სუბპრაიმ“ სესხების[5] შემთხვევაში, სწორი ეკონომიკური ლოგიკით, მსესხებლები ვერ შეძლებდნენ გრძელვადიან პერსპექტივაში თანხის გადახდას და ამ მიზეზის გამო, სესხის ღირებულება წესით დაბალი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ ამ სესხებს ბევრი მყიდველი ყავს, (დაბალი ფენები, რომელთა მხრიდან ფულზე მოთხოვნა დიდია), სესხების გამცემები არ დაფიქრებულან იმაზე თუ რა შედეგი შეიძლება გამოეღო ამ სესხების გაცემას გრძელვადიან პერსპექტივაში. სესხების გაყიდვისას ისინი სრულიად იხსნიან პასუხისმგებლობას შესაძლო რისკებზე, ამიტომ მათ არ აქვთ მოტივაცია გამოიკვლიონ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ სესხების ღირებულება. ერთი მხარე იღებს გადაწყვეტელებას თუ რამხელა რისკის აღება შეუძლია, როცა მეორე მხარე იღებს ვალდებულებას გადაიხადოს ამ რისკის საფასური იმ შემთხვევაში თუ საქმე ცუდად წავა.

ეკონომისტი პოლ კრუგმანი ტერმინ „მორალურ საფრთხეს“ განმარტავს შემდეგნაირად: „ესაა ნებისმიერი სიტუაცია, როდესაც ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, თუ რამხელა რისკის გაწევა შეუძლია, და სრულიად სხვა ადამიანი იხდის რისკის საფასურს, თუ საქმე ცუდად წავიდა“.

მიკროფინანსების სფეროში, ამ ორგანიზაციების მხრიდან ფულის გასესხება ეფუძნება არა მომხმარებლის ფინანსების ანალიზს, არამედ მის მიერ სესხის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი ნივთის ან ქონების (ძვირფასეულობა, ავტომობილი ან უძრავი ქონება) შეფასებას, ხოლო სახსრები მიემართება არა ბიზნესის დასაფინანსებლად, არამედ ნემისმიერი სამომხმარებლო საჭიროებისათვის. გასესხების აღნიშნულ მოდელში იგნორირებულია მომხმარებლის ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი, რაც შესაძლოა, ჭარბი საკრედიტო ტვირთის წარმოშობის მიზეზი გახდეს. ამიტომ, ხშირად მოტყუებული მსესხებელი საკუთარი ქონების გარეშე, სრულიად უიმედო და გაღატაკებული რჩება.[6]

როდესაც ჩვენ არ გვაქვს მკაცრი რეგულაცია საკრედიტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, როცა არ არსებობს გარკვეული ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა (დადგენილი წესები) სესხების საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით, იმის მიხედვით თუ რა არის მსესხებლის შემოსავალი, ამ შემთხვევაში არსებული მდგომარეობა ხელს უწყობს მეტი სარისკო სესხების გაცემას, რადგან არსებულ ვითარებაში რისკის საფასურს იხდის არა საკრედიტო კომპანიები, არამედ მომხმარებელი. შესაბამისად, როდესაც საკრედიტო ორგანიზაცია რისკების ხარჯებისგან დაზღვეულია, ხდება მაღალ პროცენტიანი სესხების წახალისება, რადგან იქედან მიღებული შემოსავალი დიდია.

მაღალ პროცენტიანი სესხი თავისი არსით ნიშნავს იმას, რომ მსესხებლის თანხის უკან დაბრუნების პოტენციალი დაბალია. ანუ რაშია საქმე, სწორედ ასეთი ხალხის, პოტენციურად ყველაზე მეტად უუნარო გადამხდელების ფენის ხარჯზე ხდება ფინანსური რისკების დაზღვევა. შესაბამისად მოგების აკუმულაციაც.

2008 წლის ფინანსური კრიზისის გამოცდილების მაგალითზე, ეკონომისტი მარკ ზანდი აღწერს „მორალურ საფრთხეს“, როგორც “სუბპრაიმ” იპოთეკური კრიზისის ძირეულ მიზეზს. იგი წერს, რომ იპოთეკური დაკრედიტების თანმდევი რისკები იმდენად ფართოდ გაიფანტა, რომ არავინ იყო პასუხისმგებელი დაინტერესებულიყო ნებისმიერი ცალკეული სესხის ხარისხით. ვინაიდან მოხდა მერყევი სესხების შერწყმა, თითოეული წარმოშობილი პრობლება გაზავდა/გადანაწილდა უფრო დიდ აუზში, რამაც გამოიწვია პასუხიმსგებლობის შესუსტებაც. ფინანსური კომპანიები არ რეგულირდება ისე როგორც ბანკები. მათ უკან გაკოტრების შემთხვევაში გადასახადების გამდახდელები კი არ იდგნენ, არამედ აქციონერები და სხვა კრედიტორები. ამის გამო, ფინანსურ კომპანიებს არ ქონდათ მიზეზი მხარი არ დაეჭირათ თავიანთი კრედიტორების აგრესიული გამდიდრებისთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ტრადიციული დაკრედიტების სტადარტებს მკვეთრად დაბლა სწევდა.

 

ონლაინ სესხები – ღარიბების გადასახადი

ისეთ უთანასწორო და ღრმად შეჭირვებულ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა დღეს, ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციების სრულიად უკონტროლო ბიზნეს საქმიანობითი სფერო, სოციალური აფეთქების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ეს საქმიანობა არის პირდაპირი სავახშო საქმიანობა, რომელსაც სარგებელი მოაქვს მხოლოდ მევახშისთვის, რადგანაც მსესხებელთა აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს დაბალი ფენები, რომლებიც ონლაინ-სესხებს ძირითადად მოიხმარენ საარსებო საშუალებების შესაძენად ან გადასახადების გადასახდელად. შესაბამისად, უმრავლესობა მათგანი მარტივად ებმება ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციების მახეში და წინა სესხის გასასტუმრებლად იძულებულნი ხდებიან ახალი სესხი აიღონ ასტრონომიული ზომის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთით, რომელიც ხშირ შემთხვევაში 1100%-ს აღწევს. არ არსებობს რაიმე სერიოზული კვლევა, რომელიც დაადგენდა, რამდენად რისკის შემცველია ამდენი უკონტროლო საფინანსო ორგანიზაცია ქვეყანაში, რა ზღვარს უახლოვდება ჭარბვალიანობის კოეფიციენტი.

უკიდურესად პრობლემატურია მათი შანტაჟის შემცველი ურთიერთობების ფორმები ვადაგადაცილებულ კლიენტებთან, რომლებიც სცდება ყოველგვარი ფინანსური ურთიერთობების ფორმას და მუქარის ფორმებს იღებს.

ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობის შემყურეს, მახსენდება კანონმდებელ სოლონის რეფორმა ძველ საბერძნეთში მევახშეებსა და მსესხებლებს შორის არსებული დაპირისპირების აღმოსაფხვრელად. სოლონმა საერთოდ გააუქმა სავალო ვალდებულებები მევახშეების მიმართ და ამით გაავებული მსესხებლების დაშოშმინება შეძლო.[7]

დიახ, ონლაინ-სესხები უნდა აიკრძალოს. ესაა ფინანსური აფიორა. აფიორა კი სამართლებრივად დასჯადია.

 

განმარტებები:

[1] „მათეს ეფექტი“ მეცნიერებაში – http://www.garfield.library.upenn.edu/merton/matthew1.pdf

[2] პროფესორი თენგიზ ვერულავა, „საბაზრო ურთიერთობების თავისებურებები ჯანდაცვის სექტორში“, 2010.

[3] გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ – „ონლაინ გამსესხებლები კრედიტებს 1100%-ად გასცემენ“. http://bfm.ge/finansebi/onlain-gamseskheblebi-kreditebs-1100-ad-gascemen/

[4] პროფესორი თენგიზ ვერულავა, 2010.

[5] ფინანსებში, „სუბპრაიმ“ დაკრედიტება (subprime lending) ეწოდება სესხის გაცემას იმ ადამინებზე, რომელთაც შესაძლოა ქონდეთ პრობლემა დაფარვის გრაფიკთან დაკავშრებით, რაც შეიძლება უმუშევრობით იყოს გამოწვეული.

[6] მიკროსაფინანსო სამყარო, Forbes Georgia, 2014.

http://forbes.ge/news/409/mikrosafinanso-samyaro

[7] ნანა შონია, “მევახშეობა საქართველოში – წარსული და დღევანდელობა’, 2009.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ