მაიკლ სანდელი: ბრექსიტი და ტრამპის აღზევება ელიტების მარცხმა წარმოშვა

გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

michaelწარმოგიდგენთ ბრიტანულ გამოცემა New Statesman-ზე გამოქვეყნებული საინტერესო ინტერვიუს თარგმანს ჰარვარდის უნივერსიტეტის პოლიტიკური ფილოსოფიის პროფესორთან Michael J. Sandel-თან.

მაიკლ სანდელი მსოფლიოში ცნობილია ჰარვარდის უნივერსიტეტში მისი აკადემიური კურსით – “Justice”, რომელიც გახლავთ პირველი ჰარვარდის სასწავლო კურსი, რომელიც სრულიად ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისათვის. ის ტელევიზიებითაც იქნა ნაჩვენები, რომელიც ნახა ათობით მილიონმა ადამიანმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთშიც, სადაც სანდელი დასახელდა “წლის ყველაზე გავლენიან უცხოელ ფიგურად” (© China Newsweek). ასევე აღსანიშნავია მისი ჯონ როულზის წიგნის “სამართლიანობის თეორიის” კრიტიკა მის პირვლ წიგნში “Liberalism and the Limits of Justice” (1982). 

საინტერესოა მისი BBC-ის სერიები, სახელწოდებით “The Public Philosopher,” სადაც საუბრობს დემოკრატიაზე, მორალსა და სახელმწიფოს იდეაზე, ქალების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასა და ყოველდღიური ცხოვრების ეთიკაზე. ასევე პოპულარულია მისი მეორე გადაცემათა სერიები BBC-ზე, სახელწოდებით The Global Philosopher, სადაც სანდელი უძღვება ვიდეო დისკუსიას, რომელშიც მსოფლიოს 30 ქვეყნიდან მონაწილეობენ და განიხილავენ კლიმატის ცვლილებისა და იმიგრაციის ეთიკურ საკითხებს. სანდელი ცნობილია მისი საჯარო ლექციების მსოფლიო ტურნეთი, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა და ჩატარდა ისეთ ადგილებში, როგორიცაა წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარი (ლონდონი), სიდნეის ოპერის თეატრი (ავსტრალია), ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის თეატრი, სეულის სტადიონი (რომელსაც 14 000 სტადიონზე მისული მსმენელი ესწრებოდა).

sandel_lecture_in_seoul_korea_to_14000

მაიკლ სანდელი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრია.

***

– ჯეისონ კოული: ბრექსიტით დავიწყოთ? ამ მომენტისთვის ძალზედ აქტუალურია. დარჩენის მომხრეებს მაღალი რეიტინგი ჰქონდათ გამოკითხვებში, მაგრამ ის საგრძნობლად დაეცა მას შემდეგ, რაც კამპანიის აქენტები ფოკუსირდა იმიგრაციაზე, საზღვრების კონტროლსა და ევროკავშირის შიგნით მიგრანტ მუშათა გადაადგილების თავისუფლებაზე. რა ძალები განაპირობებს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის სურვილს?

მაიკლ სანდელი: როგორც გარე დამკვირვებელი, საჭიროდ არ ვთვლი ჩემი პირადი ხედვა შემოგთავაზოთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიეცა ხმა ბრიტანეთს. მე ვფიქრობ, რომ ორი კითხვა ნამდვილად არსებობს: პირველი ის, თუ რამდენად კარგი იქნებოდა ბრექსიტი ევროპისთვის და მეორე კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად კარგი იქნებოდა ეს თავად ბრიტანეთისთვის. მგონია, რომ ბრიტანეთის დარჩენა ევროკავშირში ევროპისთვის ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ რამდენად კარგია ეს ბრიტანეთისთვის – ბრიტანელმა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს.

დებატების დიდი ნაწილი ეკონომიკას ეთმობა – სამუშაო ადგილებს, ვაჭრობას და კეთილდღეობას – თუმცა, ვეჭვობ, რომ ამომრჩევლები გადაწყვეტილებას ეკონომიკური კუთხის გათვალისწინებით ნაკლებად მიიღებენ, რამდენადაც ისინი უფრო მეტად კულტურის, იდენტობისა და მიკუთვნებულობის საკითხებს გაითვალისწინებენ.

ჯ.კ. – ერთი შეხედვით, გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება დამშვიდებული ჩანს, მაგრამ ახლა ჩვენ მომსწრენი ვართ მოსახლეობის რადიკალური გამოღვიძების. 2014 წელს შოტლანდიის რეფერენდუმი გვქონდა და ლამის ბრიტანული სახელმწიფოს დაშლას მოვესწარით. ახლა, ჩვენ რეფერენდუმს ვატარებთ იმის თაობაზე, უნდა გავაგრძელოთ თუ არა ევროკავშირის წევრობა. რატომ არის ამდენი პასუხგაუცემელი კითხვა? რატომ არის გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა ასეთი აღელვებული?

მ.ს – მე ვფიქრობ, რომ თქვენს მიერ აღწერილი მღელვარება, დემოკრატიასთან დაკავშირებით არსებულ უფრო დიდ იმედგაცრუებაზე მიუთითებს, რომელსაც დღეს მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ვხვდებით. პოლიტიკოსებისადმი, პოლიტიკური ძალებისა და ზოგადად პოლიტიკისადმი არსებული უნდობლობა მოქალაქეთა შორის ფართოდ არის გავრცელებული. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს; ერთ-ერთი მათგანია ის, რომ დემოკრატიული სახელმწიფოების უმეტესობაში მცხოვრები მოქალაქეები ცარიელი საჯარო დაპირებებით სამართლიანად არიან იმედგაცრუებულნი. ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკა გვერდს უვლის მოქალაქეებისთვის არსებითად მნიშვნელოვან თემებს, მაგალითად როგორიცაა საკითხები სამართლიანი საზოგადოების შესახებ, კითხვები საერთო კეთილდღეობის ირგვლივ, ბაზრების როლზე და იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო მოქალაქე. იმედგაცრუების მეორე მიზეზი კი არის ის, რომ ხალხი თანდათან უფრო ნაკლებად ფლობს მართვის სადავეებს იმ ძალების გასაკონტროლებლად, რომლებიც მათ ცხოვრებას მართავს. დემოკრატიული თვითმმართველობის იდეაც თითქოს ნელ-ნელა ხელიდან გვისხლტება. ეს ეხება მმართველი ელიტების წინააღმდეგ მიართული პოლიტიკური მოძრაობებისა და პარტიების ზრდას ევროპასა და ამერიკაში.

ჯ.კ. – ბრექსიტის ინიციატორების ერთ-ერთი მთავარი სლოგანი მართვის უფლების დაბრუნებაა. რატომ ჰპოვებს ეს ამხელა გამოხმაურებას? და გარკვეულწილად იზიარებთ თუ არა მათ არგუმენტებს?

.. – დიახ, მე ვფიქრობ რომ სერიოზულ გამოხმაურებას იწვევს. და მე მას მხოლოდ ბრიტანეთში არ ვამჩნევ, იგივეს ვხედავ ამერიკულ პოლიტიკურ კამპანიაში და ასევე ევროპაში პოლიტიკური ელიტების წინააღმდეგ მიმართული პარტიების გააქტიურებაშიც. საკითხი, რომელიც ამ სხვადასხვა პოლიტიკურ მოძრაობებს აერთიანებს, ეხება ძალაუფლების დაბრუნებასა და კონტროლის აღდგენას იმ ძალებზე, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას მართავენ და ხალხს ხმის უფლებას ანიჭებენ. თუ მეკითხებით იმას, მაქვს თუ არა რაიმე სიმპათია ამ შეხედულებისადმი – მაშინ გიპასუხებთ, რომ მაქვს. თუმცა, არ მაქვს სიმპათია გარკვეული ფორმებისადმი, როგორადაც გამოიხატება ის.

ჩვენი თაობის წამყვანი პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ მათ სერიოზულად ვერ აღიქვეს და პირდაპირ არ ისაუბრეს ხალხის მისწრაფებებზე. ხალხს უნდა ეგრძნო, რომ მათ აქვთ მნიშვნელოვანი სათქმელი იმ ძალების ფორმირებაში, რომლებიც მათ მართავენ. ეს ნაწილობრივ დემოკრატიულობის საკითხიცაა: რას ნიშნავს რეალურად დემოკრატია პრაქტიკაში? ეს ასევე კულტურისა და იდენტობის საკითხებთანაც ახლო კავშირშია. რადგან ძალაუფლების შემცირების გააზრება, არის ნაწილობრივ იმის გააზრება, რომ თვითმმართველობის იდეამ არ გაამართლა. როდესაც ეს ეხება საზღვრებს, სურვილი იმისა რომ საზღვრებს იქით მოიპოვო გავლენა, ასოცირდება  ძალაუფლების შემცირებასთან და ასევე იმის შეგრძნებასთან, რომ ხალხის იდენტობა საფრთხის ქვეშ არის.

მშრომელთა კლასის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი გრძნობს, რომ ისინი არამარტო ეკონომიკამ, არამედ კულტურამაც მოიტოვა უკან; რომ მათი ღირსების წყაროს, შრომის ღირსებას საფუძველი გამოაცალეს და აბუჩად აიგდეს ისეთი მოვლენებით, როგორიცაა გლობალიზაციის განვითარება, ფინანსური სექტორის ძალაუფლების ზრდა, პოლიტიკური კლასის მხრიდან ელიტების ეკონომიკურ და ფინანსურ ინტერესებზე ყურადღების გაფლანგვა და პოლიტიკური პარტიების ტექნოკრატიული* შინაარსი. ჩვენ ამ ტენდენციის განვრცობის მომსწრენი გასული თაობიდან მოყოლებული ვართ. მუხტის უმეტესი ნაწილი, რომელმაც ბრექსიტის სენტიმენტი გამოაცოცხლა, სწორედ ელიტების ამ წარუმატებლობამ წარმოშვა; სწორედ წამყვანი პოლიტიკური პარტიების მარცხმა განაპირობა იგი.

ჯ.კ – ევროპაში ერთი ნამდვილად თვალში მოსახვედრი ტენდენცია შეიმჩნევა – მეინსტრიმული სოციალ-დემოკრატიული პარტიების მარცხი, მათ შორის ლეიბორისტული პარტიის. ბევრი ადამიანი, რომელიც ერთ დროს მემარცხენე ცენტრისტებით შთაგონებული იყო ან მათ უჭერდა მხარს, ახლა პოპულისტური მოძრაობებით არის მოხიბლული: როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფრთიდან. ერთი სიტყვით, რატომ განიცდის მარცხს სოციალ-დემოკრატია?  

მ.ს – სოციალ-დემოკრატია ახალი სიცოცხლის შთაბერვას უკიდურესად საჭიროებს, იმიტომ, რომ ბოლო ათეულ წელზე მეტია მან თავისი მორალური, მოქალაქეობრივი მუხტი და მიზანი დაკარგა. ის პოლიტიკის მიმართ დიდწილად მენეჯერული და ტექნოკრატიული ორიენტაციის გახდა. მან დაკარგა უნარი მშრომელი ხალხი შთაეგონებინა. ამასთანავე, მისი მორალური და სამოქალაქო ხედვაც შეირყა. ასე რომ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ორი თაობისთვის, სოციალურ დემოკრატიას ნამდვილად ჰქონდა აღმაფრთოვანებელი ხედვა, რომელიც გულისხმობდა კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეის არტიკულირებას, მის შექმნასა და გაძლიერებას. მას შესწევდა უნარი ეკონტროლებინა თავისუფლებული ბაზრის კაპიტალიზმი და მის მიმართ საპირწონე ძალა შეექმნა.

ეს იყო სოციალ-დემოკრატიის მთავარი საფუძველი, მისი აღმოცენების მიზეზი და ის უფრო ფართო მიზანთან იყო დაკავშირებული. ეს მიზანი ემსახურებოდა იმას, რომ ძალაუფლებით აღეჭურვა ისინი, რომლებიც კლასობრივი სისტემის თავში არ იმყოფებოდნენ. ძალაუფლებით აღეჭურვა მშრომელი ხალხი, ჩვეულებრივი კაცები და ქალები. ასევე, დაენერგა სამოქალაქო სოლიდარობა და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, რომელიც მთელ საზოგადოებას გაუჩენდა შეგრძნებას, რომ საერთო პროცესების მონაწილენი არიან. მაგრამ, უკანასკნელ ხანებში, დაახლოებით სამი თუ ოთხი ათწლეულის უკან, ამ მიზნის მნიშვნელობის აზრი დაიკარგა. მგონია, რომ ეს პროცესი რონალდ რეიგანის/მარგარეტ ტეტჩერის ეპოქიდან იწყება.

ჯ.კ – თქვენ გულისხმობთ, რომ 1970-იანი წლების ბოლოსთვის ნეოლიბერალიზმის შემობრუნებამ გზა მისცა, როგორც თქვენ უწოდეთ, „ბაზრის ტრიუმფალიზმს?

მ.ს – სწორია. ეს სწორედ მაგ დროს დაიწყო. მაგრამ, მაშინაც კი, როდესაც რეიგანი და ტეტჩერი პოლიტიკური სცენიდან გავიდნენ და მათ მემარცხენე ცენტრისტი პოლიტიკური ლიდერები ჩაენაცვლნენ – ბილ კლინტონი ამერიკაში, ტონი ბლერი ბრიტანეთში, გერჰარდ შროდერი გერმანიაში – ეს ლიდერები იმ ძირეულ მოსაზრებას არ დაუპირისპირდნენ, რომელიც ბაზრისადმი ერთგულებაში იდო რეიგანი/ტეტჩერის წლებში. მათ შეარბილეს, მაგრამ გაამყარეს რწმენა, მოსაზრება, რომ ბაზარი საზოგადო სიკეთის მისაღწევად მთავარი იარაღია. შედეგად, მემარცხენე ცენტრისტებმა პოლიტიკურ ხელისუფლებაზე დაპატრონება მოახერხეს, მაგრამ სოციალ-დემოკრატიის მისია და მიზანი (რომელიც გამოიფიტა და მოძველდა) ვეღარ გააცოცხლეს. ეს კვლავ დაუმთავრებელ პროექტად რჩება.

ჯ.კ – დაუმთავრებელი, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგაც კი? ფინანსური კრიზისი ხომ ბევრი მემარცხენის მხრიდან აღქმული იყო როგორც შესაძლო ისტორიული მომენტი სოციალ-დემოკრატიის დაბრუნებისთვის?

მ.ს. – მართალია. ბევრი ჩვენგანი მოელოდა, რომ ფინანსური კრიზისი ბაზრის რწმენაზე უპირობო ჩაბღაუჭების ეპოქას წერტილს დაუსვამდა და სათავეს დაუდებდა ახალ დისკუსიას იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ბაზრების როლი და მოცულობა კარგ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, რაც მივიღეთ, არის ის, რომ ფინანსური კრიზისი დადგა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მარეგულირებელ რეფორმაზე გარკვეული მსჯელობა გვქონდა, ეს მაინც მეტად ვიწრო სახის მსჯელობა გახლდათ. ჩვენ ჯერ არ გვქონია უფრო საფუძვლიანი დებატები თუ როგორი უნდა იყოს ბაზრების როლი კარგ საზოგადოებაში. შედეგად, სოციალ-დემოკრატიამ არამხოლოდ დაკარგა არგუმენტი, არამედ მან სამართლიანი საზოგადოების ერთიანი ხედვაც ვერ შექმნა. მან დემოკრატიის, როგორც თვითმმართველობის კონცეფცია ვერ ჩამოაყალიბა. ამგვარად, სრულიად გასაგებია, რომ მისმა ტრადიციულმა ამომრჩეველმა მშრომელთა და საშუალო კლასის საზოგადოებიდან რწმენა დაკარგა, რომ სოციალ-დემოკრატიულ პარტიებს შეეძლოთ ყოფილიყვნენ საზოგადოების განახლებული იდეის, ორმხრივი პასუხისმგებლობის ან საერთო დემოკრატიული გეგმების გადამცემი არხები.

ჯ.კ – ეს იმის გამოისობითაც ხომ არ ხდება, რომ სახელმწიფოს მიმართ ნდობა დაიკარგა – 1970-იანი წლების შუა და გვიანდელ ხანებში მომხდარი ეკონომიკური მარცხის, ომის შემდგომი კონსესუსის შესუსტების, სტაგფლაციის და სხვა მოვლენების გამო?  

მ.ს. ვფიქრობ, ნდობის დაკარგვას სახელმწიფოსადმი ამანაც შეუწყო ხელი, თუმცა სახელმწიფოსადმი ნდობის დაკარგვაში უფრო მეტი წვლილი სხვა მოვლენებს მიუძღვით. ტრადიციულად, დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია თვითმმართველობის გადამცემი საშუალება იყოს, რათა დაეხმაროს მოქალაქეებს საკუთარი აზრი გამოთქვან იმის შესახებ, თუ როგორ მართავენ მათ. მაშინ როდესაც, დღევანდელი სახელმწიფო მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას და თვითთმართველობისას თითქოს უფრო მეტად დაბრკოლებაა, ვიდრე როგორც ამის გადამცემი მექანიზმი. სოციალური დემოკრატიისთვის ნებისმიერი განახლება საჭიროებს არამხოლოდ სამართლიანი საზოგადოების კონცეფციის თავიდან ჩამოყალიბებას, არამედ ისეთი პოლიტიკური მონაწილეობის ფორმების შექმნას, რომელსაც დემოკრატიული პერსპექტივის თავიდან შექმნა შეეძლება.

ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სამართლიანი საზოგადოების კონცეფციის შემუშავება, იმ ინსტიტუტებისა და სამოქალაქო პროცესების განვითარება, რომლებსაც შეეძლებათ დემოკრატიის იდეის, როგორც თვითმმართველობისთვის გადამცემი საშუალების გამოცოცხლება. ამჟამინდელი სახელმწიფო ამის გაკეთებას ვერ ახერხებს და მგონია რომ, როდესაც ხალხი ევროკავშირს უყურებს, მათ ასევე ეუფლებათ განცდა იმისა,  რომ ის არ არის დემოკრატიული თვითმმართველობის გადამცემი საშუალება. ასე რომ, მიმაჩნია, ორივე – ცალკეული ეროვნული სახელმწიფოც და ევროკავშირიც ამ გაგებით მარცხდებიან.

ჯ.კ – სადამდე მიგვიყვანს ეს? ვფიქრობ მას მივყავართ იქამდე, რომ გაერთიანებული სამეფო უახლოვდება ბრექსიტს?

მ.ს. – საითაც არ უნდა მივყავდეთ მას, მოსალოდნელია, რომ ექნება უარყოფითი გამოძახილი და ეს სავსებით გასაგებია. ვფიქრობ, შეცდომაა ამ გამოძახილის ისე განხილვა, როგოროდაც მას აქამდე განვიხილავდით – რომ ვითომ ხალხი უეცრად მიუბრუნდა შიდა საკითხებს და დაუპირისპირდა მიგრანტებს, თითქოს ეს ფუნდამენტალისტი ხალხის ბრალია, რომ ეს მარტივად უგუნური და არაცივილური ადამიანების ბრალია, რომელთაც ღირსება არ გააჩნიათ. ევროკავშირში დარჩენის მომხრეებმა, აუცილებლად უნდა შესთავაზონ ევროპის ისეთი კონცეფცია, რომელიც შეავსებს იმ უკმარისობას, იმ უპასუხო განცდას, რაც ასე მნიშვნელოვანია თვითმმართველობისთვის – რათა მან შედეგი გამოიღოს.

ჯ.კ – რას იტყვით ევროკავშირზე, როგორც სოციალურ ბაზარზე, რომელსაც საკუთარი სოციალური სტანდარტები და წესები გააჩნია? არის თუ არა იგი პოტენციურად პროგრესული? მას შეუძლია სუვერენული მთავრობებისთვის გარკვეული ტრანსნაციონალური კანონმდებლობა შექმნას, რომელიც მშრომელებს სარგებელს მოუტანს.

მ.ს – პოლიტიკური შედეგებიდან გამომდინარე პოტენციურად პროგრესულია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მარეგულირებელი სახელმწიფო, რაც არ უნდა ეფექტური და სასურველი სოციალური რეგულაციები ჰქონდეს, არასაკმარისია იმისთვის, რომ ხალხის ლოიალურობა მოიპოვოს. ის არასაკმარისი იქნება მანამ, სანამ რეგულაციის პროცესი არ დაუკავშირდება დემოკრატიულ პროცესს, რომლის მეშვეობითაც, ადამიანები იდენტიფიცირდებიან როგორც მოქალაქეები, რომელთა ხმაც ისმის, რომლებსაც აქვთ სათქმელი.   

სასურველია, რომ ევროკავშირს ისეთი სოციალური რეგულაციების ფართოდ გავრცელების საშუალება გააჩნდეს, რომელიც საბაზრო ძალებს ზღუდავს, დასაქმებულებს, გარემოს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას იცავს. ყველა ზემოჩამოთვლილი კარგია, მაგრამ არასაკმარისია და შესაძლოა პოლიტიკურად მხარი არ დაუჭირონ, სანამ ხალხი არ იგრძნობს, რომ ისინი ბრიუსელიდან უსხეულო ბიუროკრატების მიერ არ იმართებიან. მაშინაც კი, თუ ეს უსხეულო ბიუროკრატები ძალიან კარგ სოციალურ კანონმდებლობას შეიმუშავებენ, ხალხს მაინც სურს რომ მათი ხმა ისმოდეს, ხალხს სურს სათქმელი გამოხატოს, ხალხს სურს უფრო მეტად ძლიერი დემოკრატიული სისტემა. შეცდომა იქნება ეს რომ უგულვებელვყოთ.

ჯ.კ – უფრო ზოგადად, შეიძლება თავისუფალი ბაზრის გლობალიზაციის მოთვინიერება? და ხომ არ შევდივართ უფრო პროტექციონისტული ეკონომიკის ხანაში? მხედველობაში მიიღეთ ტრამპის რიტორიკა. 

მ.ს – ტრამპის პოლიტიკის მიმართ სიმპათია არ გამაჩნია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი წარმატება მმართველი პარტიების და ორივე პარტიის ელიტების წარუმატებლობას ასახავს. ეს წარუმატებლობა გამოიხატება იმაში, რომ მათ ვერ მოახერხეს ნათლად ესაუბრათ საშუალო კლასის დიდი ნაწილის გავლენის შემცირებაზე, რომელიც ასე შესამჩნევია. დიდმა პარტიებმა ამ საკითხებზე საუბარი ვერ შეძლეს. ის, რასაც ტრამპი ნამდვილად ეთაყვანება, არის მიდგომა, რომ მუშათა კლასის უდიდესი ნაწილი არა მხოლოდ ეკონომიკამ მოიტოვა უკან, არამედ კულტურაც შრომასა და მუშაობას პატივს აღარ სცემს.

ეს კავშირშია იმ კოლოსალურ ჯილდოებთან, რომლებიც უახლეს ათწლეულებში “უოლ-სტრიტზე” და ფინანსურ ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებზე გულუხვად გაიცა, ამერიკის ეკონომიკის მზარდ ფინანსიალიზაციასთან, ტრადიციული გაგებით წარმოებისა და სამუშაოს შემცირებასთან. ასევე არსებობს შეხედულება, რომ სხვადასხვა სავაჭრო ხელშეკრულებების და ტექნოლოგიური განვითარების პროცესში არა მხოლოდ სამუშაო ადგილები დაიკარგა, არამედ ის ეკონომიკური სარგებელი, რომელიც ამ ხელშეკრულებებიდან და ტექნოლოგიებიდან იქნა მიღებული, საშუალო ან მუშათა კლასამდე არ მისულა. სამაგიეროდ იმ ადამიანებამდე მივიდა, რომლებიც საზოგადოებრივი ფენის ზედა ნაწილში იმყოფებიან. ეს არის უსამართლობის განცდა; მაგრამ ამაზე მეტად, ის ფაქტი, რომ პოლიტიკური პარტიების ხასიათი – მე ვსაუბრობ მათზე, რომლებიც ამერიკაშია – კლინტონის წლებიდან მოყოლებული, ორივე მხარეზე ძალიან დამოკიდებული გახდა, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებზე, ფინანსურ ინდუსტრიაზე კამპანიის შემოწირულობებისთვის.

ჯ.კ – მაგალითად ვინმეს შეიძლება გაახსენდეს კლინტონების ოჯახის ურთიერთობა გოლდმან საქსთან.

მ.ს – აი, გაქვთ კიდევაც მაგალითი იმისა, თუ როგორ დაუმეგობრდა დემოკრატიული პარტია “უოლ-სტრიტს”. თანაც იმდენად, რომ მან დიდწილად შეწყვიტა კიდევაც არსებობა როგორც ქმედითმა საპირწონემ დიდი ფულის ან ფინანსური ინდუსტრიის გავლენის მიმართ პოლიტიკაში. სწორედ ამის გამო შეძლო ბერნი სანდერსმა (თუმცა ის ვეღარ დაიკავებს თანამდებობას) იმაზე მეტი წარმატების მოპოვება, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოედგინა. იდეაში იგი ალტერნატიული კანდიდატი იყო, რომელიც ალბათ ხმების 5-10 პროცენტს აიღებდა. ახლა კი იგი შეებრძოლა ჰილარის  და იმაზე ადრე დაიწყო შეტევა, ვიდრე ბევრი სხვა დემოკრატების წარმომადგენლები მოიაზრებდნენ. ამას ვერავინ წარმოიდგენდა.

დემოკრატიული პარტიის ძირითადი კურსი ფინანსურ ინდუსტრიასთან იმდენად დაახლოებული იყო, რომ როდესაც საქმე ფინანსურ კრიზისზე ან მის შედეგებზე მიდგა,  მარეგულირებელ დებატებზე შეუძლებელი იყო ქმედითი საპირწონის უზრუნველყოფა. საკმაოდ უცნაურია, მაგრამ ტრამპს მემარჯვენეებიდან და ბერნი სანდერსს მემარცხენეებიდან გადაკვეთის კარგი შემთხვევა ჰქონდათ. ორივე კრიტიკულად იყო განწყობილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მიმართ, რომლებიც მულტინაციონალურ კორპორაციებს და ფინანსურ ინდუსტრიას ამდიდრებდა, მაგრამ დასაქმებულებს პრაქტიკულად არ ეხმარებოდნენ.

ბერნი სანდერსი ფულის როლს პოლიტიკაში მწვავედ აკრიტიკებს. ტრამპი კი, მიუხედავად იმისა, რომ ის მილიარდერია, ფულის შესახებ პოლიტიკაში ასევე აგრესიულად არის განწყობილი. მან თავის გამოსვლებში მინიმუმ აღიარა, რომ იგი საკუთარი კამპანიის ხარჯებს  თავად იხდიდა და “უოლ-სტრიტზე” დამოკიდებული არ იყო. მიუხედავად მათი განსხვავებული იდეოლოგიური მიმართულებისა, ისინი ორივე კარგი მაგალითია იმ იმედგაცრუებისა და მარცხისა, რომელსაც წამყვანი პარტიები განიცდიან.

ჯ.კ – აქვს თუ არა ზღვარი ბაზრების ძალაუფლებას? და ბაზრის ტრიუმფალიზმის წინააღმდეგ რა ალტერნატივა  არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზომიერი სოციალ-დემოკრატია კრიზისშია?

მ.ს – ერთადერთი გზა ბაზრების მიმართ უპირობო მხარდაჭერის შეკავებისთვის არის ის, რომ საჯარო დისკურსი ახლებური კუთხით წარიმართოს. კერძოდ კი, უფრო პირდაპირ უნდა დაფიქსირდეს ის საკითხები, რომლებიც ღირებულებებს უკავშირდება. სოციალ-დემოკრატიას მოუწევს ნაკლებად მმართველობითი და ტექნოკრატიული გახდეს და თავის ფესვებს დაუბრუნდეს: მისთვის ჩვეული კეთილშობილური, მორალური და სამოქალაქო კრიტიკით გადამეტებული კაპიტალიზმის მიმართ. საჯარო ფილოსოფიის ან იდეოლოგიის დონეზე მან სამართლიანი საზოგადოების კონცეფცია უნდა შეიმუშაოს. მან  უნდა შექმნას საერთო კეთილდღეობის ხედვა, მორალური და სამოქალაქო განათლების კონცეფცია, სწორედ ის, რითაც იგი დემოკრატიას და ძალაუფლებით აღჭურვას უკავშირდება. ეს დიდი გეგმაა და რომელიმე თანამედროვე სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ ჯერ კიდევ არ განხორციელებულა.

განახლებული სოციალ-დემოკრატიის პასუხი ბაზრების ძალისადმი ასევე ეცდება რეალური თვითმმართველობის ინსტიტუტების საკითხებიც დღის წესრიგში დააყენოს – ჩართულობის დემოკრატიის ფორმები გლობალიზაციის ეპოქაში, სადაც ძალაუფლება თითქოს ტრანსანციონალი ინსტიტუტებისა და გაერთიანებისკენ მიედინება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული ჩართულობის ხელშეწყობისთვის გზები გამოინახოს. ეს პოლიტიკურ წარმოსახვასა და წახალისებას მოითხოვს. ეს გრძელვადიანი პროექტია, რომელიც გამოწვევად რჩება, მაგრამ სანამ ჩვენ ვახორციელებთ გარკვეულ პროგრესს უფრო დიდი გამოწვევის მიმართ, ვფიქრობ, რომ დემოკრატიული პოლიტიკა იმ ნეგატიური რეაქციების მიმართ კვლავ უძლური იქნება, რომლის მომსწრენიც დღეს ვართ: ბრექსიტით ბრიტანეთში, ზოგიერთი პოპულისტური პოლიტიკური მოძრაობებით ევროპაში და ტრამპით აშშ-ში.

ალტერნატივა არსებობს – მაგრამ იგი პოლიტიკის მიმართ მმართველობით, ტექნოკრატიულ მიდგომებს უნდა გაცდეს, რომელიც ასე დამახასიათებელია არსებული პარტიებისა და ელიტებივის, რათა კვლავ აღდგეს კავშირი იმ მნიშვნელოვან საკითხებთან, რომლებიც ხალხს აწუხებს.


– ინგლისურიდან თარგმნა თეონა მჭედლიშვილმა.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ