ზიგმუნტ ბაუმანი: მერიტოკრატიის მერყევი პერსპექტივების შესახებ

© Social Europe

bauman

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ყველაზე პრესტიჟულ აკადემიურ დიპლომებს გასცემენ – ინსტიტუტები, რომლებიც უხვად კვებავენ სოციალურ პრივილეგიებს ან სულაც სხვადასხვა ტიპის სოციალური დეპრივაციის კომპენსირების მექანიზმებად წარმოგვიდგებიან, წლიდან წლამდე თანმიმდევრულად და შეუჩერებლად შორდებიან “სოციალურ” ბაზარს და შედეგად კიდევ უფრო მეტად დისტანცირდებიან ახალგაზრდების იმ უზარმაზარი მასისგან, რომელთა იმედებიც მომავალში მოსალოდნელი ჯილდოების შესახებ მათ ერთიანად ფერფლად აქციეს. როგორც უილიამ კოანი წერს “ნიუ იორკ ტაიმსის” 16 მარტის გამოცემაში, ბოლო 20 წლის განმავლობაში ჰარვარდის უნივერსიტეტის ყოველწლიური გადასახადი საშუალოდ 5 პროცენტით იზრდებოდა. წელს ამ გადასახადმა $52 000 მიაღწია: “შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ჰარვარდის სწავლის საფასურის გადახდისთვის ყოველწლიურად $100 000 ოდენობის დაბეგვრამდელი კომპენსაციის გამომუშავებაა აუცილებელი. და აქვე გახსოვდეთ ყველა იმ საოჯახო ხარჯის შესახებ, რომელთაც გვერდს ვერაფრით აუვლით – მათ შორის, საწვავი, ბანკის კრედიტი, საკვები და სამედიცინო ხარჯები… ვხედავთ, რომ ხარჯები მალევე აღწევენ ასტორნომიულ ნიშნულს”.

და მაინც… ჰარვარდში გასულ წელს 30 000 აპლიკანტიდან მხოლოდ 7.2 პროცენტი ჩაირიცხა. ადგილებზე კვლავაც მაღალი მოთხოვნაა. ჯერ კიდევ შემორჩენილია ათასობით ოჯახი, რომელთათვისაც სწავლის გადასახადი, რაოდენ ძვირიც არ  უნდა იყოს ის,  არ წარმოადგენს წინაღობას და შესაბამისად, მათი შვილებისთვისაც ჰარვარდში ან რომელიმე სხვა ელიტურ აკადემიურ სასწავლებელში ჩაბარება უბრალოდ რუტინულ პროცესში ყოფნას ჰგავს, ერთგვარ მემკვიდრეობით მიღებულ უფლებასთან ზიარებას ან საოჯახო ვალის აღსრულებას, რომელიც უკანასკნელ და დამაგვირგვინებელ ნაბიჯად უნდა იქცეს ქვეყნის მდიდართა ელიტაში ლეგიტიმური ადგილის დაკავებამდე. თუმცა აქვე ვხვდებით ათასობით ან შეიძლება კიდევ უფრო მეტ ისეთ ოჯახს, რომლებიც მზად არიან ყველა იმ სახის ფინანსური მსხვერპლშეწირვის გასაღებად, რომელიც მათ შვილებს ამ ელიტის ნაწილად გახდომაში დაეხმარებოდა, ხოლო მათი შვილიშვილებისთვის კი ამავე ელიტის ნაწილად ყოფნას ლეგიტიმურ მოლოდინად აქცევდა.

ეს უკანასკნელები, რომელთაც უნივერსიტეტებმა ზურგი აქციეს მათთვის მიწერილი სოციალური მობილობის მასაზრდოებელი ფუნქციიდან, ყველაზე მტკივნეულ იმედგაცრუებას მშობლების ამბიციებსა და ამერიკული ოცნების ბრმა რწმენაში შეხვდნენ. კოანი იმავე სტატიაში მათ სანუგეშებლად შემდეგს წერს: “ჩვენ შორის საუკეთესოები ყოველთვის მოახერხებენ პიროვნული სრულყოფის კონკრეტულად მათთვის განკუთვნილი მაქსიმუმის მიღწევას, როგორც ტრადიციული განათლების გზით, ასევე მის გარეშეც”. ამ მოწოდებისთვის მეტი დამაჯერებლობის მისანიჭებლად ის იქვე გვთავაზობს ახალი მილიარდერების შთამბეჭდავ და სწრაფად მზარდ სიას, “ეფლის” დამფუძნებელი სტივ ჯობსიდან დაწყებული, “ტვიტერის” გამომგონებელი ჯეკ დორსით და “ტამბლერის” შემქმნელი დევიდ კარპით დამთავრებული. ხსენებულ სიაში გამონაკლისის გარეშე ვხვდებით სწორედ განათლების გარეთ მყოფ მილიარდერებს. (მათ შორის რეკორდი კარპს ეკუთვნის, რომელსაც საშუალო სკოლიდან გარიცხვის შემდეგ არც ერთი დღე არ გაუტარებია საუნივერსიტეტო კამპუსში). გასაგებია, რომ გარანტიების მქონე ინდუსტრიული დასაქმების არარსებობის პირობებში, დაუსაქმებელს ყოველთვის შეუძლია ბედისწერის იმედად ყოფნა.

მრავალი წლის განმავლობაში მაღალი კლასის უნივერსიტეტების მიერ გაცემული დიპლომი, მზრუნველი მშობლებისთვის შვილების ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად საუკეთესო ინვესტიციას წარმოადგენდა. ყოველ შემთხვევაში, მათ დიდ ნაწილს ასე სჯეროდა. ეს რწმენა, ისევე როგორც ბევრი სხვა, რომელიც ამერიკულ (და არა მარტო) ოცნებასთან იყო შერწყმული, რწმენა ყველა შრომისმოყვარე ადამიანისთვის შესაძლებლობათა ფართოდ გაღებული კარის შესახებ, დღეს აღარავისთვისაა სარწმუნო. შრომის ბაზარი უმაღლესი განათლების მქონეთათვის დღეს სულ უფრო მყიფე ხდება – შეიძლება იმათ ბაზარზე უფრო მყიფეც კი, რომლებიც სერთიფიცირებული განათლების არქონის მიუხედავად უფრო მეტად ახერხებენ მათი საქმინაობისთვის საბაზრო ღირებულების შენარჩუნებას. დღესდღეობით პრობლემა ის კი არაა, რომ შესაძლებლობათა ამ კართან მყოფი ადამიანები არასწორად მიმართავენ მათ ძალისხმევას ან მსხვერპლშეწირვის მცდარ ფორმას ირჩევენ, არამედ ის რომ საკუთრივ ეს კარია მათ თვალწინ ჩარაზული. ისინი, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რაც მათი რწმენით აუცილებელი იყო წარმატების მისაღწევად, მათივე მოლოდინის საწინააღმდეგოდ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როდესაც ამ კართან მისულებს მალევე უკან ხელმოცარულებს მოუწიათ დაბრუნება. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქმე ახალი ტიპის თამაშთან გვაქვს.

განათლების საშუალებით სოციალური მობილობა მრავალი წლის განმავლობაში ლეღვის ფოთლის როლს თამაშობდა ადამიანური  მდგომარეობისა და მისი სამომავლო პერსპექტივების შიშველი უთანასწორობიდან დასაცავად. მანამ, სანამ აკადემიური მიღწევები კორელირებდა მიმზიდველ სოციალურ ჯილდოებთან, ადამიანები რომლებიც ვერ ახერხებდნენ სოციალურ კიბეზე დაწინაურებას მხოლოდ თავიანთივე თავისკენ მიმართავდნენ ბრაზსა და რისხვას, ისინი საკუთარ თავს ადანაშაულებდნენ წარუმატებლობაში. საუკეთესო ადგილები მათ ერგებოდათ, ვინც ბეჯითი სწავლითა და შრომით აღწევდა ამას. თუ უბედობა იყო შენი მეგზური, ისევ და ისევ საკუთარი თავი უნდა დაგედანაშაულებინა ამაში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მზარდი უთანასწორობის აპოლოგია დღეს უკვე სუსტად ჟღერს. ის კიდევ უფრო სუსტად იხმიანებდა, რომ არა ხმამაღალი მოწოდებები განსწავლული საზოგადოების მოთხოვნებით, იმგვარი საზოგადოებისა, სადაც ცოდნა ეროვნული და პიროვნული სიმდიდრის პირველადი წყაროა და სადაც ცოდნის მაძიებლები და მომხმარებლები ამ სიმდიდრის ლომის წილს იზიარებენ.

უმაღლესი განათლების მქონეთა უმუშევრობის ან მათი დასაქმების მათსავე მოლოდინთან მნიშვნელოვნად შეუსაბამობის სულ უფრო მზარდი შოკისმომგვრელი ტენდენცია მტკივნეულ ეფექტს ტოვებს არა მხოლოდ გულმოდგინე და შემართებით სავსე მცირე ნაწილზე, არამედ ის კიდევ უფრო მეტად საზიანოა ადამიანთა იმ ფართო კატეგორიებისთვის, რომლებიც მარტოობაში იტანჯებიან მათივე ბედის სიმუხთლეზე ფიქრით და სირცხვილით ხვდებიან ცხოვრებაში გაშვებულ შანსებს, რომელიც მათზე ნაკლებ მორიდებულებს ჯერ კიდევ წინ ელოდებათ. რთულია თქმა იმისა, თუ ამ ორი კატეგორიიდან რომელი ფლობს მეტ სოციალურ ძალას, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ერთობლივი ძალებით მათ ერთგვარ ფეთქებად ნაერთად ქცევა შეუძლიათ. ახლა უკვე იოლად შეამჩნევთ მართვის სადავეებთან მყოფი ადამიანების ათრთოლებულ სახეებს კოანის შემდეგი გაფრთხილების კითხვისას: “ერთი გაკვეთილი, რაც ახლო აღმოსავლეთის რევოლუციებმა გვასწავლა, განსაკუთრებით კი ეგვიპტის მაგალითმა ისაა, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში სწორედ განათლების მქონე, მაგრამ უმუშევრად დატოვებულმა ან განათლებასთან შეუსაბამოდ დასაქმებულმა ადამიანებმა შეიძლება ითამაშონ მთავარი კატალიზატორის როლი დიდი ხნით დაგვიანებული სოციალური ცვლილებების განხორციელებაში.

შენ ფიქრობ, რომ ეს მხოლოდ კიდევ ერთი დამატებითი ამერიკული იდიოსინკრაზიაა? შენ შეგიძლია ასე იფიქრო, რადგან “ამერიკული ოცნების” ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთლი ნიშან-თვისება იმის რწმენაა, რომ სწორედ ამერიკაში შეიძლება მოხდეს ის, რაც ყველა სხვა უფრო მეტად დამიწებულ ადგილას პრინციპულად წარმოუდგენელია. ამ რწმენის სიმცდარის გასააზრებლად საკმარისია, ამერიკული სამოთხიდან რამოდენიმე 1000 კილომეტრით აღმოსავლეთით გადავინაცვლოთ, კერძოდ პოლონეთში, ქვეყანაში, სადაც უკანასკნელი 2 ათწლეულის განმავლობაში არანორმალური სიჩქარით იზრდებოდა საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების რაოდენობა, თუმცა ეს ყველაფერი განათლების ხარისხის დაცემის, შემოსავლების მზარდი პოლარიზაციისა და მთლიანად ზრდადი სოციალური უთანასწორობის ფონზე.

ამ ყველაფერს შედეგად ერთმანეთის მსგავსი იმგვარი ისტორიების აუარებელი რაოდენობა მოსდევს, რომელთა შესახებაც მაგალითად, 19 მარტს პოლონური ყოველდღიური გამოცემა Gazeta Wyborcza იტყობინება:

“2 წლის წინ აგნეშკამ ხარისხი აიღო ფინანსებისა და საბანკო საქმის მიმართულებით. მის მიერ დამსაქმებლებისთვის გაგზავნილი დიდი რაოდენობის აპლიკაციებიდან ყველა პასუხგაუცემელი დარჩა. 1 წლის შემდეგ, ამაო ძალისხმევისა და სულ უფრო მზარდი დეპრესიის ფონზე, მეგობარი მას მიმღებად მოწყობაში დაეხმარა. მის არცთუ ისე სასიამოვნო ყოველდღიურ მოვალეობებში შედის კურსდამთავრებულების პირადი ბიოგრაფიების შეგროვება, რომლებიც მის მსგავსად ასევე პასუხგაუცემელი რჩება. ტომეკმა სხვა პრესტიჟული კოლეჯი დაამთავრა, მას აგნეშკას მსგავსად არ გამართლებია, ის 280 ევროდ ერთ-ერთი მიწის ნაკვეთზე დარაჯად მუშაობას დასჯერდა. ტომეკის ყოფილი კურსელი იმავე კოლეჯიდან ასევე თანახმა იქნება ყველა სახის სამუშაოზე თუ უახლოესი თვეების განმავლობაში მის სერთიფიცირებულ ცოდნასთან ახლო მდებარე ვაკანსია არ გამოჩნდა. სულ უფრო ხშირი ხდება კურსდამთავრებულების მხრიდან მათი საუნივერსიტეტო დიპლომების ოთახის თაროებზე შემოდების ტენდენცია და ისეთ უნარ-ჩვევებზე ორიენტირებულ სამუშაოებზე აქცენტირება, როგორიც მაგალითად მაღაზიის ასისტენტი, ტაქსის მძღოლი, კურიერი ან მომსახურე პერსონალია (ეს უკანასკნელი სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან კლიენტების მიერ დატოვებული ნამატი ფულით გამომუშავებული ხელფასის მცირედით გაზრდის ალბათობას შეიცავს…)

ჰუდსონიდან ვისტულამდე ყველგან ერთი და იგივე ხდება. ყველა მხრიდან შესაძლებლობათა კარის დამაყრუებელი ბრახუნი მოისმის, ყველგან ფრუსტრაციასა და იმედგაცრუების მზარდ სინამდვილეს ვაწყდებით. ჩვენ ცოდნაზე დაფუძნებულ და ინფორმაციაზე ორიენტირებულ ეკონომიკური წარმატების მქონე საზოგადოებაში, ირკვევა, რომ ცოდნა აღარ წარმოადგენს წარმატების გარანტს და რომ განათლებაც აღარ იძლევა წარმატების უზრუნველმყოფ ცოდნას.

უთანასწორობის ტოქსინების ნეიტრალიზებასთან დაკავშირებულმა ხედვამ, რომლის მიხედვითაც განათლება სოციალური მობილობის საშუალებას წარმოადგენს დღეს ერთგვარი აორთქლება დაიწყო. ეს ერთი მხრივ, პრობლემას ისევ განათლებას უქმნის, მაგრამ მეორე მხრივ,  უნდა გვახსოვდეს, რომ ის ასევე საფრთხის შემცველია ჩვენივე საზოგადოების მხრიდან მასშივე არსებული უთანასწორობების გამართლების სულ უფრო მზარდი დინამიკის კონტექსტშიც.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ