მემარცხენეობის პერსპექტივის შესახებ საქართველოში

terditli-tapu-iptali-tescil-alacak-talebi-alacagin-kesinlesmesi-gerekmez
ავტორი: ოთარ ჭულუხაძე

ოთარ ჭულუხაძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი ფილოსოფიის განხრით. მას ეკუთვნის ცნობილი ფილოსოფოსისა და მწერლის, ალან უოტსის წიგნის – “აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა” – ქართული თარგმანი. 

► ჩვენს პორტალზე შეგიძლიათ იხილოთ ავტორის სხვა წერილები.

© European.ge

ადამიანთა ფუნქციონალიზაცია, დასაქმებულთა მონობასთან მიახლოებული სამუშაო გრაფიკი და პირობები, იოლად დემონიზებადი პატრიოტიზმი, მეინსტრიმული მედიის მიერ ნაწარმოები ცინიკური დისტანცია პოლიტიკურსა და სოციალურ სფეროებს შორის, საზოგადოების გათითოკაცება, საბანკო ბატონობა, ფაქტებსა და ცნობად სახეებზე ზღვარგადასული ორიენტაცია – ქართული საზოგადობა, ავტორიტარულ რეჟიმთან გამომშვიდობების შემდეგ, იმ პრობლემების წინაშე აღმოჩნდა,  რაც „რკინის ფარდის“ მიღმა არსებული საზოგადოების ყოველდღიურობას და ამ საზოგადოების ნაწილის კრიტიკის ობიექტს წარმოადგენდა.

გლობალური საზოგადოების მახასიათებელს, რასაც „ზოგადპლანეტარული გასაჭირი“ შეგვიძლია ვუწოდოთ, თან ერთვის ქართული საზოგადოების დღევანდელი სოციალური და ისტორიული მდგომარეობა, რაც გლობალურ პრობლემებს საკუთარ სირთულეებს უმატებს: ნეოლიბერალური პოლიტიკის ორთოდოქსული აღიარება; „ჯოჯოხეთის არქიტექტურით დამშვენებული“ დედაქალაქი; პრემოდერნული და პოსტმოდერნული იერარქების მეტად თავისებური თანაცხოვრება და დაპირისპირება იმის ფონზე, რომ ორივეს მხედველობიდან გამორჩება მთავარი – საზოგადოების წარმოების ფორმა და მის მიერ გამოწვეული სოციალური ვითარება; ქართული ხასიათის თავისებურება, რაც გავრცელებული იდეოლოგიისადმი „განსაკუთრებულ მიდრეკილებას“ გულისხმობს (გავიხსენოთ, რომ ჩვენი წინაპრები მსოფლიოს ერთ-ერთი უპირველესი მარქსისტები იყვნენ); თაობათა შორის იდეური, მენტალური სხვაობა, რაც არა მხოლოდ სამყაროს ბუნებრივი კანონზომიერების პრიზმით შეიძლება დავინახოთ, არამედ მძაფრი სოციალური გარდაქმნებითაც, რასაც ციფრული რევოლუცია, საზღვრების ხსნა, საერთაშორისო ვაჭრობის გაძლიერება და ტრადიციათა მეთოდური რღვევა იწვევს; ადამიანთა კონკრეტული ცნობიერება, რაც, მაგალითად, სტიქიური უბედურებით დაზარალებულის ფრაზაში ვლინდება – „კიდევ ეს გვინდოდა, ყველას ისედაც ბანკის ვალები გვაქვს“. „ბანკის ვალის ქონა“ არ გენერალიზდება, არ განივრცობა, კონკრეტულ, გამოცდილებისეულ უშუალობად რჩება და საერთოდ არ მიიჩნევა რაიმე ისეთად, რასაც სხვა (კრიტიკული) თვალით უნდა შევხედოთ: „სულ ასე იყო“-ს იდეოლოგიურად თავსმოხვეული ლოგიკა ფუნქციონალიზებული ადამიანის სულში ექოსავით ჟღერდება; მისი კონკრეტული ცნობიერება, რომელიც ამ ცნობიერების ტრადიციული საფუძვლის გამო, ობიექტურ, სისტემაში ჩაშენებულ, „ჩუმად“ მოქმედ ძალადობას კითხვის ნიშანს არ უსვამს, გლობალური იდეოლოგიის წისქვილზე ასხამს წყალს. ევროპისგან განსხვავებით, სადაც საპროტესტო თვითშეგნება 2008 წლის ფინანსური კრიზისისა და ალტერნატიული მედიების განვითარების მეშვეობით გაიზარდა, საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერაც ადგილობრივი პოლიტიკური ლოგიკით, მთავრობაში არაფრისმთქმელ ჩანაცვლებებზე თვალყურის დევნებით ანდაც „რკინის ფარდის“ ლოგიკით ცხოვრობს. („რკინის ფარდის“ ლოგიკით ცხოვრებაში შეიძლება ის „სუპერ-ლიბერალური“ მიდრეკილებებიც ვიგულისხმოთ, – როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული, – რომლებიც საკუთარ თავს, როგორც დინამიკური ჯგუფური სულის ნაწილები, კომუნიზმისა და საბჭოთა კავშირის ანტითეზად აფიქსირებენ და ზედმეტი დაჟინებით უარყოფენ ყველაფერ საბჭოთას, თითქოს ამით, არაცნობიერად, ჯგუფური თვითმონანიების რეჟიმში იმყოფებიან. თუმცა, ეს ბრძოლა ხშირ შემთხვევაში, ატარებს სიმბოლოებთან, ტექნიკურ საკითხებთან და არა შინაარსებთან ბრძოლის ხასიათს და აგრეთვე, ელიტიზმის ნიშნებს ინარჩუნებს).

„სამსახური-სახლი, სამსახური-სახლი“-ს რეჟიმში მცხოვრები მოქალაქე ტელევიზიის ეკრანებზე ტოლერანტობის სიგელით დაჯილდოვებულ, წინა რეჟიმის მაღალჩინოსნებს ხედავს, რომლებიც ოპოზიციას მხოლოდ იმდენად წარმოადგენენ, რამდენადაც „უკან დაბრუნების“ საფრთხედ გვევლინებიან – ბნელეთში დაბრუნების საფრთხედ, რომლითაც ქართულ საზოგადოებას ცხრა წლის მანძილზე თავად ატერორებდნენ; დაქანცული მოქალაქე ტელევიზიის მეშვეობით ხედავს, რომ პოლიტიკოსთა საზრუნავი – ხშირად აშკარად და გამოკვეთილად – მოქალაქეთა სატკივარის უგულებელყოფა და ერთმანეთთან მანდატებისთვის ბრძოლაა. ხოლო თუ ამას ადგილობრივი ექსპერტის მიერ არაფრისმთქმელი პოლიტიკური გადანაცვლების „ყოვლისმომცველი“ ანალიზი ერთვის, მაშინ სამუშაოთი გათანგულ და უსამართლობით დატანჯულ მოქალაქეს ნიჰილიზმი  შეიპყრობს, პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე ხელს ჩააქნევინებს და ამით, მისგან გაუცნობიერებლად, ნეოლიბერალური ეკონომიკური იდეოლოგიის მიერ ნაწარმოები დეპოლიტიზაციის მორიგ ობიექტად იქცევა. მედიის მიერ გავრცელებული პარტიული ცრუ მრავალფეროვნება და ნიჰილიზმი ადამიანთა სულებში სოციო-პოლიტიკურ პასიურობად და უიმედობად ითარგმნება. სწორედ აქედან გამომდინარე, იბადება „ახალი და ხარისხობრივად განსხვავებული“ იდეური ძალის გამოჩენის საზოგადოებრივი მოთხოვნილება, რაც, თავის მხრივ, საქართველოში მემარცხენე ძალის პერსპექტივების განხილვის საჭიროებას წარმოაჩენს.

მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ დაბრკოლებებზე, რომლებთან გამკლავებაც, ქართული და საერთაშორისო სინამდვილიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად მოქმედ პოლიტიკურ მემარცხენე ძალას მოუწევს და დღეს არსებულ მემარცხენე პოლიტიკურ პარტიას, მემარცხენე ახალგაზრდულ გაერთიანებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს ნაწილობრივ უწევთ კიდეც.

გლობალური, ფინანსიალიზებული კაპიტალიზმის სტრუქტურას ოთხშრიანი თავდაცვის სისტემა გააჩნია.

  • ინფორმაციული;
  • აქტივისტური;
  • პოლიტიკური;
  • სტრუქტურული.

ადამიანთა უმრავლესობა პირველ, ინფორმაციულ დონეზე იმყოფება. ანუ, კულტურული პოლიტიკებით, მეინსტრიმული მედიით ინდოქტრინირებული საზოგადოების ნაწილი ერთგვარ ინფორმაციულ ვაკუუმშია მოქცეული (ცხადია, ეს ვაკუუმი სასურველი და შერჩეული ინფორმაციის მასობრივი მიწოდებით წარმოიქმნება). ის ნაკლებად იცნობს გლობალურ პოლიტიკურ სისტემას, მასში მოქმედ ფაქტორებს და სრულად ექვემდებარება საზოგადოების დეპოლიტიზაციის ნეოლიბერალურ ლოგიკას. ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფები ამ ზღუდეს თუ გადალახავენ, მაშინ ისინი იმ გამოწვევის წინაშე დადგებიან, როგორ ასახონ პოლიტიკურ, სოციალურ ან აკადემიურ აქტივობად ინფორმაციული ვაკუუმისგან თავის დახსნა. ამ დონეზე ადამიანები ყოვნდებიან, რადგან „ყველაფრის გაცნობიერების“ მიუხედავად, პოლიტიკური ცრუ-მრავალფეროვნება და ეკონომიკური სიდუხჭირე მეორე დონეზე ნიჰილიზმსა და უიმედობას დიდი დოზით აწარმოებს. თუ საზოგადოება (ან ცალკეული ადამიანი) ამ ზღუდეს გადალახავს, მაშინ ის ჯგუფური თვითორგანიზების, პოლიტიკური ბრძოლის და ამ ბრძოლაში გამარჯვების გამოწვევის წინაშე დგება, სადაც მას ნიჰილიზმის გამომწვევი ცრუ მრავალფეროვნება უკვე უშუალოდ, პოლიტიკურად უპირისპირდება. ხოლო, თუ კონკრეტულმა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა ეს ეტაპიც გადალახეს, ისინი დგებიან სისტემის ყველაზე რთულ და ცინიკურ ეტაპთან, რომელმაც მაგალითად, საბერძნეთის მემარცხენე მთავრობის, „სირიზას“ ევროპულ კაპიტალიზმთან დანებება გამოიწვია. ანუ, პოლიტიკურ დონეზე ბევრი რამ აღარ წყდება და საერთაშორისო კაპიტალის ინტერესი პოლიტიკოსების მხრიდან შესაძლო დახმარების სურვილს გადაძალავს. მოკლედ რომ ვთქვათ, სისტემაში, რომლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი პოლიტიკური ლობიზმია (რასაც ადრე პოლიტიკოსების მოქრთამვას უწოდებდნენ), „არაპოლიტიკური“ ელიტები პოლიტიკურის სფეროს იქვემდებარებენ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, იკვეთება პირველი სირთულე, რაც პოტენციურ მემარცხენე ძალას შეიძლება შეხვდეს:

  • ინფორმაციული ცნობადობა – გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ რუსეთის ინტერესებიდან თავის დაღწევის მოდუსში ვიმყოფებით და იქიდან, რომ საქართველოში მეინსტრიმული მედიის როლი და გავლენა განუზომლად დიდია, მემარცხენე საინფორმაციო და აქტივისტური პლატფორმები ფართო ცნობადობის – და შესაბამისად, ნდობის – ხარისხის დეფიციტს განიცდიან. ანუ, ზემოთნახსენები ოთხშრიანი სისტემის ტერმინებით თუ ვიტყვით, საქართველოში მოსახლეობის დიდი უმრავლესობა კვლავ პირველ, საინფორმაციო დონეზე იმყოფება. მოსახლეობის უმრავლესობისთვის მემარცხენე პოლიტიკური დისკურსი უცნობია, გაუგებარია ან სამოცდაათწლიან საბჭოთა ცხოვრებასთანაა გაიგივებული. ინფორმაციული ბრძოლის გააქტიურება პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული მეტ-ნაკლებად ავტონომიურ, დამოუკიდებელ სოციალურ და პოლიტიკურ აქტიურობაზე. ამ მეტ-ნაკლებობას მეორე მომენტთან მივყავართ, რასაც შეიძლება ეწოდოს:
  • სამომავლო პოლიტიკური პოზიციონირება – ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელმაც მემარცხენე ხაზი შეიძლება დაიკავოს, დადგება არჩევანის წინაშე, თუ როგორი სტრატეგიით იმოქმედოს, რაც მეტწილად განაპიროებებს კიდეც მის სამომავლო ადგილს პოლიტიკურ სპექტრში. ამ მხრივ, შეიძლება სამი ხარისხობრივად განსხავებული სტრატეგია გამოვყოთ, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ: რადიკალური, ზომიერი და კონფორმისტული.

ა) პირველი, რადიკალური ხაზის პოლიტიკური მემარცხენეობა შეიძლება გულისხმობდეს საბანკო ბატონობის საწინააღმდეგო რეალური კონტრ-პოლიტიკების შემუშავებას ან სულაც, როგორც ამას დღეს ეკონომიკის პროგრესული თეორეტიკოსები აკეთებენ, ფულის არაფრისგან შექმნისთვის შეკითხვის დასმას; 8-საათიანი სამუშაო დღიდან 6-საათიანზე გადასვლას; სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ლიბერალური კულტურული-პოლიტიკების რეალური ალტერნატივის წარმოებას.

ბ) მეორე, ზომიერი ხაზი თავს შორს დაიჭერს ფინანსურ სისტემასთან „უტოპიური და იდეალისტური“ ბრძოლისგან და ყურადღებას მიაპყრობს სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების დაცვას, შრომის დღევანდელი კოდექსის აღსრულებას (8-საათიანი სამუშაო დღის რეალობაში განხორციელებას),  საბანკო პროცენტის კლებას და სხვა.

გ) მესამე, კონფორმისტული გულისხმობს პოტენციური პარტიის ცრუ-მრავალფეროვნების შემადგენელ მორიგ პოლიტიკურ პარტიად ქცევას და წინასაარჩევნო პოპულიზმით შემოფარგვლას.

ამ სამიდან ერთ-ერთის არჩევა[1] სავარაუდოდ, განაპიროებებს კიდეც პოტენციური მემარცხენეობის ელექტორატს და სანდოობის ხარისხს. დღევანდელი ქართული რეალობებიდან გამომდინარე, პირველი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, პოტენციურმა მემარცხენე პარტიამ შეიძლება განიცადოს მისთვის დამღუპველი საინფორმაციო წნეხი, რასთან გამკლავებაც საერთაშორისო ტენდენციებზე და ამერიკისა და ევროპის სამომავლო პოლიტიკურ ამინდზე იქნება დამოკიდებული. პოლიტიკური რეალიზმის თვალთახედვით, მეორე სტრატეგიის შემთხვევაში, წარმატების შანსები მეტია, რადგან ამ სტრატეგიის გარკვეული ელემენტები (თუნდაც, დასაქმებულთა უფლებების თემატიკის პოლიტიკური აქტივიზაცია) „ევროპულ სტანდარტთან“ მიახლოვებას შეიძლება გულისხმობდეს და პოლიტიკური ცენტრის ინტერესებსაც ემთხვეოდეს. ამ შემთხვევაში, პოლიტიკურმა აქტივობამ შესაძლოა უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს (მისი რეალისტური, „არაუტოპიური“ ბუნებიდან გამომდინარე) ვიდრე „უტოპიური“ (სინამდვილეში კი, პროგრესული) თეორიებით ხელმძღვანელობის შემთხვევაში, რომლებიც ჯერ კიდევ ევროპულ აკადემიურ და სოციალურ სივრცეში ადგილის დამკვიდრებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არიან ჩართულნი. მესამე ხაზს მიყოლა კი, ცხადზე ცხადია, გულისხმობს ნეოლიბერალური დღის წესრიგის რამდენიმე ათწლეულით უპირობო დაკანონებას.

პირველი ორი სტრატეგიიდან ერთ-ერთის არჩევა აუცილებლად გამოიწვევს კიდევ ერთ დაბრკოლებას, რასაც შეგვიძლია ვუწოდოთ:

  • ქართულ-პოლიტიკურ რეალობებთან ჭიდილი – ქართული პოლიტიკური პარტიები „ძველებურად“ განაგრძობენ „პოლიტიკის კეთებას“ და მათი უმრავლესობისთვის მშიერი ადამიანი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ქულების დაწერის საშუალებას წარმოადგენს.

სწორედ ის უშუალო რეალობა, რომელშიც წინა მთავრობის განშტოებები კვლავ ბევრ ხმას იღებენ, აფერხებს პოლიტიკური პროგრესის შესაძლებლობას, რადგან მოსახლეობა, რეჟიმის მობრუნების შიშით, ხმას აძლევს მთავრობას, რომელიც, თავის მხრივ, ნეოლიბერალურ ორთოდოქსიას მიჰყვება. დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში სწორედ ისაა შემაფერხებელი, რომ ჯერ კიდევ წინა რეჟიმის ლოგიკა მუშაობს (ცხადია, ამჯერად, ასიმილირებული და დაქვემდებარებული სახით).

პოლიტიკურ სინამდვილესთან ჭიდილი, აგრეთვე შეიძლება გულისხმობდეს ცრუ-მრავალფეროვნებისთვის გასაწევ წინააღმდეგობას, პოლიტიკური სფეროს ფინანსურ და პოლიტიკურ ცენტრალიზაციასთან ბრძოლას, პოლიტიკური კულტურის შედარებით დაბალ დონესთან გამკლავებას და სხვა . . . ეს კი, უკვე მეოთხე დაბრკოლების ხაზგასმის საჭიროებას წარმოშობს, რომელიც ამავე პუნქტში შეგვეძლო აღგვენიშნა, მაგრამ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჯობს ცალკე გამოვყოთ, რადგან მასზე პირდაპირ იქნება  დამოკიდებული  პოლიტიკური მემარცხენეობის მომავალი.

  • დამოუკიდებლობის საკითხი 

დამოუკიდებლობის საკითხს წარმოშობს: საქართველოს უახლესი პოლიტიკის წარსული, დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის ცენტრალიზება, შესაძლო გავლენის სფეროებში (რომელიც ქართულ რეალობაში უხვად მოიპოვება) მოქცევა, შიდა კონსოლიდაციის ნაკლებობა და სხვა.

მეხუთე დაბრკოლებად შეგვიძლია მივიჩნიოთ:

  • უახლესი ისტორიული რეალობით გამოწვეული ქართული საზოგადოების ფსიქო-სოციალური მდგომარეობა

მხედრიონის, უშუქობის, ცხრაწლიანი რეჟიმის შემდეგ, ადამიანთა უმრავლესობა პოლიტიკური აქტივიზმის (მით უმეტეს, მემარცხენე აქტივიზმის) სურვილს არ ავლენს და „ტკბება მიღწეულით“, რადგან ავტორიტარული რეჟიმისაგან გათავისუფლების შემდეგ, აშკარაა, რომ დიდი პოლიტიკური ბრძოლის რესურსი (ან სურვილი) საზოგადოებას არ გააჩნია და მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ პროდუქტებით სავსე მაღაზიები, 90-იანი წლების „პურის რიგებთან“ შედარებისას, ჯერ კიდევ დიდ ეფექტს ახდენს; საზოგადოება ნანატრი მშვიდობით ტკბობას (რაც ყოველთვის შეიცავს – მეტად ან ნაკლებად – კონფორმიზმის ელემენტებს) ამჯობინებს შესაძლო, ნამდვილ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართვას. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკურად აქტიური წლების შემდეგ, საზოგადოება ერთგვარ „სამომხმარებლო ნაბახუსევში“ იმყოფება, რომლის გადალახვაც პოტენციური მემარცხენე ძალის ერთ-ერთ დაბრკოლებად წარმოჩნდება.

თუმცა, დაბრკოლებებთან ერთად, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ უპირატესობებსაც, რაც შეიძლება მემარცხენე მოძრაობას ჰქონდეს საქართველოში:

  1. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ნეიტრალობა და უნდობლობა დღევანდელი პოლიტიკური პარტიების მიმართ, რაც მაგალითად, თბილისის მერის უკანასკნელ არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობაშიც აისახა.
  2. მემარცხენე ანალიზის ბუნება – რაც, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ბაზისისა და ზედნაშენის სტრუქტურას ეყრდნობა და გულისხმობს (იდეალურ შემთხვევაში) სისტემის როგორც ეკონომიკურ, ისე კულტურულ ჭრილში გააზრებას. ეს კი, თავის მხრივ, გამორიცხავს (უნდა გამორიცხავდეს) ადამიანთა განტევების ვაცად წარმოდგენას, მხოლოდ სიმპტომებთან ბრძოლას და უნდა გულისხმობდეს „საზოგადოებრივი მთელის, საზოგადოებრივი საერთოს“ დანახვას, „ადამიანებისკენ მიმართულ ეკონომიკას“. ამგვარი ანალიზი ხედავს (უნდა ხედავდეს) სისტემას, როგორც მთელს და პრეტენზიას აცხადებს (უნდა აცხადებდეს) არა სიმპტომურ მკურნალობაზე, არამედ „ხარისხობრივად“ განსხვავებულ რეალობაზე.
  3. სხვდასხვა ქვეყნებში მემარცხენეობის მოძლიერება, რამაც შესაძლოა, საერთაშორისო პოლიტიკური ამინდის პოტენციური ცვლილება ქართულ საზოგადოებრივ სინამდვილეზე ასახოს.

ასეთია იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერსპექტივების მოკლე ანალიზი, რომლის წინაშეც შესაძლოა, პოტენციური მემარცხენე ძალა დადგეს. ხოლო, ზემოთხსენებულიდან თუ რომელი შესაძლო სცენარი განვითარდება, დამოკიდებული იქნება პოტენციურ პოლიტიკურ აქტორებზე, –  მათი ხასიათის სიმტკიცეზე, გაწეულ ძალისხმევაზე და მათ უნარ-ჩვევებზე.

შენიშვნები:

[1] ცხადია, ამ სამეულში მოცემული შესაძლო ქმედებების ჩამონათვალი არ არის სრული (ვერც იქნება). უბრალოდ, ამ სამეულის მიზანი ხარისხობრივი განსხვავების ჩვენებაა და არა ამ ხარისხობრივი განსხვავებების სიმრავლისა და პოტენციური განვრცობის განხილვა.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ