მარტინ ლუთერ კინგი: კაპიტალიზმმა ამოწურა საკუთარი ღირსებები

ვინ იყო მარტინ ლუთერ კინგი?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აშკარად არ არის საკმარისი მისი საყოველთაოდ ცნობილი მიმართვა – I Have a Dream.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მარტინ ლუთერ კინგი მხოლოდ რასობრივ დისკრიმინაციას ებრძოდა, ცდებით. მარტინ ლუთერ კინგის „ბრძოლის ველი“ სინამდვილეში გაცილებით ფართოა და მოიცავს იმდროინდელი ამერიკული საზოგადოების მთელს სოციალურ სტრუქტურას.

მარტინ ლუთერ კინგის აზროვნების მასშტაბებზე ძალიან კარგ წარმოდგენას გვიქმნის მისი პირადი წერილებიც, რომლებიც მოგვიანებით მეუღლის თანხმობით გამოქვეყნდა.

გთავაზობთ კინგის მიერ მომავალი მეუღლისადმი – კორეტასადმი მიწერილი ერთ-ერთი წერილის თარგმანს.

ინგლისურიდან თარგმნა ზვიად ავალიანმა

ტექსტის ორიგინალი

© European.ge

კორეტა სკოტს

ატლანტა, ჯორჯია

18 ივლისი, 1952 წელი

პარასკევი. დილა

უძვირფასესო

საბედნიეროდ, დღეს უკეთეს განწყობაზე ვარ. შენი წერილი ძალიან ტკბილი იყო და მალამოდ დაედო ჩემს გულს, რომელიც თითქმის უკვე ცივდებოდა შენს მიმართ, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე დავრწმუნდი, რომ ჩემი შენდამი სიყვარული მართლაც ძალიან მყარია. გაბრაზების ქარიშხალი მას ვერაფერს დააკლებს. სიყვარული ხომ ძალიან მოძრავი ძალაა… ნამდვილად… და მართლაც, რაოდენ სასიხარულოა ასეთ სიყვარულში ყოფნა.

ძალიან მენატრები ძვირფასო. ჩემი ბედნიერებისთვის მენატრები. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამდენად განუყოფელი იყავი ჩემგან. შენს გარეშე ჩემი ცხოვრება უგაზაფხულო წელიწადს გავს, როცა არასდროს არაფერი ათბობს სიცივით და სიბნელით გაჟღენთილ ჰაერს.

კორეტა, შეგიძლია წარმოიდგინო მეფე ტახტის გარეშე? როგორი საცოდავი იქნებოდა ასეთი მეფე… ზუსტად ასეთივე საცოდავი ვიქნებოდი მე, ჩემს პატარა სამეფოში შენი ტახტის გარეშე. ძვირფასო… მაპატიე – ნამდვილად არ მინდოდა პოეზიის და რომანტიკის ფრთების გაშლა, მაგრამ არ ვიცი, პოეზიის გარეშე როგორ შეიძლება გამოხატო ცხოვრების ღრმა ემოციები. განა შეიძლება სიყვარული ჩაეტიოს ინტელექტუალურ, ცივ, არითმეტიკულად მოზომილ ფრაზებში?

სხვათა შორის (ბოლოს და ბოლოს, ინტელექტუალურ თემებზეც რომ გადავიდე), ამას წინათ დავასრულე ბელამის Looking Backward. ბელამი ერთდროულად კიდეც გაჯადოებს და ენერგიითაც გმუხტავს. ამაში უეჭველად დავრწუნდი. ბელამის ახასიათებს სოციალური წინასწარმეტყველების ნიჭიც და სოციალური მეცნიერის გონებაც. მე სრულიად მივიღე ეს წიგნი იმიტომ, რომ მისი შინაარსის უდიდესი ნაწილი თანხვედრაშია ჩემს ძირითად იდეებთან. ვფიქრობ, შენ უკვე იცი რომ ჩემი ეკონომიკური თეორია უფრო სოციალისტურია, ვიდრე კაპიტალისტური, თუმცა არც ისე ვემიჯნები კაპიტალიზმს, რომ მისი ღირსებები ვერ შევამჩნიო. ეს ყველაფერი ხომ ძალიან ღირსეული იდეით დაიწყო, კერძოდ კი – წარჩინებულთა მონოლოპიის გაუქმებით ვაჭრობაზე, თუმცა, ადამიანის მიერ შექმნილი ნებისიერი სისტემის მსგავსად, ისიც საბოლოოდ მივიდა იქამდე, რასაც თავიდან უპირისპირდებოდა.

დღეისათვის კაპიტალიზმმა ამოწურა საკუთარი ღირსებები. დღეს ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც ართმევს მასებს აუცილებელს იმისთვის, რომ უზრუნველყოს კლასის ფუფუნება. ამიტომ ვფიქრობ ბელამი მართალია, როცა საუბრობს კაპიტალიზმის ეტაპობრივ დეგრადაციაზე.

ვფიქრობ, შეამჩნევდი, რომ ბელამი აქცენტს აკეთებს ევოლუციაზე და არა რევოლუციაზე. ეს არის, ჩემი აზრით, ყველაზე ეთიკური ფორმა, რომლითაც შეიძლება განხორციელდეს სოციალური ცვლილება. ეს არის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, სადაც სოციალიზმი განსხვავდება კომუნიზმისგან. პირველი ითხოვს ევოლუციას, მეორე – რევოლუციას. კომუნისტი დარწმუნებულია, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. თუ ათასი ადამიანის სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვა საბოლოოდ კარგ შედეგამდე მიიყვანს საზოგადოებას, კომუნისტისთვის ასეთი სცენარი ეთიკურად გამართლებულია. აქ, მე კატეგორიულად ვემიჯნები კომუნიზმს. დესტრუქციულმა საშუალებებმა არ შეიძლება კონსტრუქციულ მიზანთან მიგვიყვანოს. მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას, რადგან ჩემი აზრით მიზანი, საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ საშუალებებში და გზებში არის აღბეჭდილი.

მე, ასევე ძალიან მკაცრად ვემიჯნები კომუნიზმისა და მარქსიზმის მეტაფიზიკურ სტრუქტურასაც. მათ საფუძვლად უდევს, როგორც ცნობილია, დიალექტიკური მატერიალიზმი. მე, როგორც უფრო იდეალისტი, ვიდრე მატერიალისტი ამ ასპექტში ვერ მივიღებ მარქსს.

თუმცა, არის ერთი თემა, სადაც მე ძალიან ბევრი ვისწავლე მარქსთან და ისეთი ავტორებისგან, როგორიც არის, მაგალითად, იგივე ბელამი. კერძოდ – რელიგია მართლაც, ძალიან ადვილად იქცევა ხოლმე იარაღად საშუალო ფენის ხელში – პროლეტარიატის დასაჩაგრად. ეკლესია ყოველთვის ძალიან ბევრს საუბრობდა სიკეთეზე, რომელიც სადღაც შორს იყო და სრულიად არ აქცევდა ყურადღებას ბოროტებას, რომელიც არსებობდა აქ და ახლა. როგორც თეოლოგი და როგორც ადამიანი, რომელსაც შინაგანად სწამს, რომ ქრისტეს გზა ერთადერთი და საუკეთესო გზაა ხსნისთვის, მე ყველანაერად ვეცდები არ დავუშვა რელიგიის გადაქცევა იმად, რასაც მარქსი „ხალხის ოპიუმს“ უწოდებს.

ერთ-ერთი უარყოფითი მხარე, რაც შემიძლია გამოვყო ისაა, რომ ბელამი აშკარად ემსგავსება უტოპისტ სოციალისტებს და უშვებს მათთვის დამახასიათებელ შეცდომებს. მისი იდეალიზმი არ არის გაწონასწორებული რეალიზმით და აქედან გამოდინარე, არაპრაქტიკულია. ბელამი თავისი ზე-ოპტიმიზმის გადასახედიდან ვერც კი ამჩნევს, რომ ადამიანი ცოდვილია და ციდვილი იქნება მაშინაც კი, თუ მას შევუქმნით უკეთეს სოციალურ და ეკონომიკურ პირობებს. ცოდვილი იქნება მანამ, ვიდრე ღმერთს არ მიანდობს საკუთარ ცხოვრებას. საბოლოო ჯამში პრობლემა თეოლოგიური ხასიათსაა. ადამიანი აუჯანყდა ღმერთს და მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა ჰუმანიზმის პრინციპებზე დაყრდნობით, დამოუკიდებლად გადაეჭრა თავისი პრობლემები, ბოლოს მაინც იმედგაცრუებამდე მივიდა.

შემდეგ – ბელამის არ ესმის, რომ სოციალური სისტემები არ ქრებიან ერთ ღამეში. ჩემი აზრით იგი საკმარის დროს არ აძლევს კაპიტალიზმს სიკვდილისთვის. სავარაუდოდ, ბელამი მართალია როცა ამბობს, რომ კაპიტალიზმი უკვე აგონიაშია, მაგრამ სოციალურ სისტემებს შეუძლიათ ძალიან დიდხანს გაძლონ სასიკვდილო სარეცელზე და ენერგიაც კი შეინარჩუნონ. გაიხსენე: ფეოდალიზმი 500 წელი კვდებოდა. ამერიკა კაპიტალიზმში კიდევ რამდენიმე წელიწადი იცხოვრებს.

მიუხედავად ამ შენიშვნებისა, წიგნის ძირითად პათოსს მე ვიზიარებ. ჩვენი ეკონომიკური სისტემა ახლა რადიკალურად იცვლება და ეს ცვლილება უეჭველად საჭიროა. მე სიხარულით შევეგებები იმ დღეს, როცა მრეწველობის ნაციონალიზაცია მოხდება. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ვილოცოთ და იმედი გვქონდეს, რომ მოვესწრებით მსოფლიოს, სადაც არ იქნება ომი, სადაც სიმდიდრე უფრო სამართლიანად იქნება განაწილებული და სადაც ადამიანები ერთმანეთისთვის ძმები იქნებიან რასისა და კანის ფერის მიუხედავად. ეს არის სახარება, რომელიც მინდა ვუქადაგო მსოფლიოს, შენ კი მინდა მილიონი მადლობა გადაგიხადო რომ ასეთი წიგნი მირჩიე. მართლა ძალიან ტკბილი და ჭკვიანი ხარ.

რაც შეეხება შენი ატლანტაში ჩამოსვლის საკითხს, ამაზე ბევრს არ დავწერ იმიტომ რომ ვხედავ, ამ თემაზე ლაპარაკით შეიძლება ჩვენი ლამაზი ურთიერთობა დავაზარალო. ვხედავ, რომ სხვა ადამიანების აზრებს მეტად უწევ ანგარიშს, ვიდრე ჩემს აზრს. იქნებ შვებულებაც მათთან ერთად გაგეტარებინა? მათ ხომ ყველა კითხვაზე აქვთ პასუხი. მიუხედავად ამისა, მინდა იცოდე, რომ ჩემი მოპატიჟება ისევ ძალაშია და მაინც იმედი მაქვს, რომ ჩამოხვალ. ძალიან მტკენ გულს როცა გგონია, რომ ატლანტაში შენს მიმართ უხეში ვიქნები. ალბათ ისე, როგორც ადრე? ვფიქრობ, ადამიანებს ზოგადად გვიჭირს ერთმანეთის დაფასება…

თუ ჩამოსვლას გადაწყვეტ მაცნობე რომ თადარიგი დავიჭირო. თუ არ მოისურვებ ჩამოსვლას, ესეც მაცნობე და გარწმუნებ, ამაზე შენთან აღარასოდეს დავძრავ სიტყვას. თუ არ ჩამოხვალ ჩემთვის ცხადი იქნება, რომ არ მენდობი და კარგად უნდა დავფიქრდე ჩვენს ურთიერთობაზე. იმედი მაქვს ამ ვიზიტის გამო არ დავშორდებით.

მოიკითხე ჩემგან სკოტი და ყველანი.

იყავი კიდევ უფრო ტკბილი და გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარხარ.

სამუდამოდ შენი,

მარტინი.

P.S. იმედი მაქვს ჩემს საშინელ ნაწერს გაარჩევ.

 

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ