გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.
წარმოგიდგენთ ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ზე ევგენი მოროზოვის მიერ გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.
ევგენი მოროზოვი გახლავთ სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი, ასევე წარმოადგენს ფონდს “New America”. ის სწავლობს ტექნოლოგიების სოციალურ და პოლიტიკურ შედეგებს. ის გახლავთ გამოცემა Foreign Policy-ს ერთ-ერთი რედაქტორი და ბლოგერი. მოროზოვი აკრიტიკებს მოსაზრებას, რომლის თანახმად ინტერნეტს შეუძლია ავტორიტარული რეჟიმების დემოკრატიზაცია და მიიჩნევს, რომ ის საკმაოდ კარგი ინსტრუმენტია დაზვერვის ხელში, ასევე პოლიტიკური რეპრესიებისა და ნაციონალისტური დ ექსტრემისტული იდეების პროპაგანდირებისთვის.
ის 2 ცნობილი წიგნის ავტორია: “The Net Delusion: The Dark Side of Internet Freedom” (2011) და “To Save Everything, Click Here: The Folly of Technological Solutionism” (2013).
როკფელერმა ქველმოქმედებას ფული უანგაროდ შესწირა. შეგვიძლია კი იგივე ვთქვათ თანამედროვე „ტექნოლოგიური ბარონების“ შესახებ?
მსოფლიო, რომელშიც მილიარდერები პირდაპირები და შეუპოვრები იყვნენ და სამყაროს გადარჩენას მისი გაძარცვა ერჩივნათ, გაცილებით ნაკლებად დამაბნეველი იყო. ინდუსტრიული ხანის მძარცველი ბარონები, კარნეგი, ფორდი, როკფელერი და ა.შ. თავიანთი ქონების ნაწილს ქველმოქმედებას ახმარდნენ და ეს სრულიად ბუნებრივადაც ჩანდა. ნაღდი ფულით ნავთობისა და რკინის შეძენა იყო შესაძლებელი; განათლება და ხელოვნება კი მისი დახარჯვის საშუალებას იძლეოდა.
მსგავსი (სახელობითი) ფონდები არც ნეიტრალური იყო და არც აპოლიტიკური. ეს პროექტები იშვიათად თუ ეწინააღმდეგებოდა აშშ-ს საგარეო პოლიტიკას და მეტიც, ბევრ იდეოლოგიურ საკითხში ეთანხმებოდა კიდეც. სულაც არ იყო რთული მოდერნიზაციის თუ დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამებში შეგემჩნიათ ცივილიზაციების განსხვავებულობიდან გამომდინარე კულტურული იმპერატივი. ზოგიერთ ფონდს სანანებელი გაუხდა წარსულში მათ მიერ განხორციელებული პროექტების საეჭვო ხასიათი, მაგალითად, როკფელერის ფონდის მიერ ინდოეთში დემოგრაფიული დაგეგმარების დაუფიქრებელი მხარდაჭერა.
დღესდღეობით, როდესაც მსოფლიოს ხუთი ყველაზე ძვირადღირებული კომპანია ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობს, რთულია მკვეთრი ზღვარის გავლება მათი უშუალო საქმიანობის სფეროსა და ქველმოქმედების არეალს შორის. როგორც ციფრული პლატფორმები, ისინი თავისთავად მოიცავენ მრეწველობის სხვადასხვა დარგებს, მათ შორის როგორც განათლებას, ჯანდაცვას, ისე სატრანსპორტო და სხვა სფეროებს. ამით მათ აქვთ დამატებითი უპირატესობა, რაც არ იყო ხელმისაწვდომი წარსული წლების ნავთობისა და ფოლადის პროდუქტების მწარმოებელი ტრადიციული კომპანიებისთვის. კერძოდ, თანამედროვე კომპანიებს შეუძლიათ გააგრძელონ საკუთარი ძირითადი პროდუქტის – „იმედის“ გაყიდვა, თუმცა „იმედის“, რომელიც გახვეულია მონაცემების, ეკრანების სენსორების დაუსრულებელ ფენებში. ეს ხდება ისე, რომ მათ არ უწევთ საკუთარი ფონდების საქმიანობის მიმართვა არამომგებიან აქტივობაზე.
„ჩანის და ცუკერბერგის ინიციატივა“ არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (რაც თავის მხრივ უჩვეულო სტატუსია საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის), რომელიც 2015 წლის დეკემბერში დააარსეს მარკ ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ პრისცილა ჩანმა, რათა საკუთარი სიმდიდრე სხვა ადამიანებისთვისაც გაენაწილებინათ. სხვადასხვა დაავადების მკურნალობისთვის ფონდის დამაარსებლებმა 3 მლრდ. დოლარი გაიღეს.
რა თქმა უნდა, ცუკერბერგს აქვს შესაძლებლობა გაწვდეს ამხელა შესაწირს, იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის გადასახადს იხდის მისი კომპანია: დიდ ბრიტანეთში, 2015 წლის საგადასახადო მონაცემებით, კომპანიის მთლიანი შემოსავალი შეადგენდა 210.7 მილიონ ფუნტ სტერლინგს, საიდანაც მხოლოდ 4.17 მლნ. ფუნტი სტერლინგი (დაახლოებით 2%) დაიხარჯა გადასახადებზე, რაც თავის მხრივ 2014 წლის იმავე მონაცემთან შედარებით 1000-ჯერ გაზრდილი თანხაა. კომპანიამ ასევე მოახერხა 11 მლნ. ფუნტი სტერლინგის საგადასახადო კრედიტის მოპოვება, რაც საშუალებას აძლევს თავიდან აირიდოს მომავალში რაიმე გართულება ამ მხრივ. გადასახადებისაგან თავის არიდების დაავადება საეჭვოა განიკურნოს ცუკერბერგის შემოთავაზებული ინიციატივების მეშვეობით.
თანამედროვე „ფილანტროკაპიტალიზმზე“ საუბრისას, ხშირად შესაძლოა არასწორი დასკვნები გამოვიტანოთ, მიუხედავად იმისა შევაქებთ თუ გავაკრიტიკებთ მას, რადგან თავისთავად ამ მოვლენას ქველმოქმედებასთან ძალიან ცოტა თუ აქვს საერთო. არ არის რთული შესამჩნევი, რომ მიუხედავად ფორდისა თუ როკფელერის პოლიტიკური მიზნებისა, მათი მონდომება საკუთარი წვლილილი შეეტანათ ქველმოქმედებაში, არ იყო ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული. შეგვიძლია თუ არა იგივე ვთქვათ თანამედროვე ტექნოლოგიურ ბარონებზე?
ცუკერბერგის ღვაწლის შეფასება ჯანდაცვის სფეროს განვითარებისთვის, ამ ეტაპზე ბუნდოვანი იქნება, რადგან მისი წამოწყებები ამ მიმართულების საკმაოდ ახალია. თუმცა, შეგვიძლია შევაფასოთ მის მიერ განათლების სფეროს განვითარებისთვის გაღებული ქველმოქმედება, რაც მოიცავს მხოლოდ ნიუ ჯერსის სკოლებისთვის გადარიცხულ 100 მლნ. დოლარს, მოგვიანებით კი, განვითარებად ქვეყნებში, ჩანის და ცუკერბერგის ინიციატივის ფარგლებში, საგანმანათლებლო პროექტების წახალისებას.
ამგვარად, ცუკერბერგისა და ჩანის ინიციატივის ფარგლებში, ჩაიყარა უზარმაზარი რაოდენობის ფული ლაგოსში მდებარე სტარტაპში – „ანდელაში“, რომელიც ამზადებს პროგრამისტებს. ამ ინიციატივას შეუერთდა Google-იც (თავის საინვესტიციო ფონდის GV-ს საშუალებით) და „ომიადარ ნეთვორქი“, მსგავსი ფილანთროპიული ფონდი, რომელიც არის სხვა ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე მილიარდელის მფლობელობაში. რამდენიმე კვირის შემდეგ, „ანდელას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დატოვა კომპანია, რათა დაეფუძნებინა გადახდების სისტემაზე მომუშავე ფირმა: ცხადია, ძალიან ბევრი გადამყიდველობის შესაძლებლობებია მსოფლიოს გადარჩენის საქმეში.
გაურკვევლობა იმის შესახებ თუ რა ამოძრავებს ამგვარ ინვესტიციებს, მოგების მოტივი თუ დახმარების სურვილი, უნდა განვიხილოთ არა როგორც ხარვეზი, არამედ თავისთავადი მახასიათებელი ნიშანი ამ ფენომენისა. ფორდისა და კარნეგის ქმედებების ლოგიკა მიყვებოდა იმ ხაზს, რომ კომპენსაცია უნდა გაეწია და გამოესყიდა ის დანაშაულებრივი კვალი, რასაც ხარბი და მტაცებლური კაპიტალიზმი ტოვებდა; ცუკერბერგის და ომიდიარის ზრახვები კი ეფუძნება ჩვენს დარწმუნებას იმაში, რომ სწორედ ამგვარი კაპიტალიზმის მთელ საზოგადოებაზე გავრცელება უამრავი სიკეთის მომტანია.
ჩანის და ცუკერბერგის ინიციატივით, ასევე დაფინანსდა ინდური ორგანიზაცია BYJU, რომლის მიერ შექმნილი აპლიკაცია უმარტივებს სტუდენტებს მათემატიკისა და სხვა ტექნიკური სამეცნიერო დარგების შესწავლას. ნამდვილად კეთილშობილური წამოწყებაა, მაგრამ ცუკერბერგის მიერ ამით დაინტერესება, როგორც თავადაც აღიარებს, გამოიწვია ამ პროგრამის სპეციფიკამ, რომლის თანახმადაც სწავლება პერსონიფიცირებულია, ინახავს და ამუშავებს მომხმარებლის პირად მონაცემებს. რომელიმე გიგანტურ კომპანიას ხომ არ გაგონებთ?
მსგავსი იდეა ცუკერბერგის მიერ მხარდაჭერილ კიდევ ერთ საგანმანათლებლო პროექტს უდევს საფუძვლად – სოფთვეარის სწავლება კომპანია Summit Basecamp-ის მიერ. კომპანიას „facebook”-ის 20 თანამშრომელი ეხმარება ტექნიკურ, საინჟინრო თუ მენეჯმენტის დონეზე. ვაშინგტონ პოსტის მიხედვით, კომპანიის პროდუქტით ამჟამად 100–ზე მეტი სკოლის 20 000 სტუდენტი სარგებლობს.
ამ მოსწავლეთა მშობლებს მხოლოდ Summit Basecamp-ის კეთილი ნების იმედი აქვთ, რომ პირადი მონაცემები კონფიდენციალური დარჩება. მსგავსი დაპირება „ვოტსაპპისგანაც“ მიიღეს მომხმარებლებმა, თუმცა რამოდენიმე თვის შემდეგ, შეუერთდა რა ფეისბუქს, მომხმარებელთა მონაცემები ავტომატურად გახდა ხელმისაწვდომი ამ უკანასკნელი სოც. ქსელისთვისაც.
ბილ გეითსთან და სტივ ჯობსის ქვრივთან, ლორენს პაუელ ჯობსთან ერთად, ცუკერბერგიც შეუერთდა „სილიკონის ველს“, როდესაც დააფინანსეს “Google“-ის ყოფილი აღმასრულებლების მიერ შექმნილი “ალტერნატიული სკოლა“, რამაც სწავლება სრულიად ახალ, განსხვავებულ მასშტაბზე აიყვანა. ტეილორიზმის პრინციპების მიხედვით მოქმედ ორგანიზაციაში, საკლასო ოთახებში მიმდინარეობს ვიდეო და აუდიო გადაღება. ამის საშუალებით თითოეული მოქმედების ანალიზი და დამუშავება არის შესაძლებელი. „ალტ-სკოლის“ მიზანი კი მისი მასშტაბების გაფართოებაა, ლიცენზიის რაც შეიძლება მეტ სასწავლო დაწესებულებაზე მიყიდვით.
ქველმოქმედების თანამედროვე მეთოდები გონიერი, მეწარმეობაზე ორიენტირებული ტვინების დიდ კომპანიებთან მიზიდვის და გადმობირების დახვეწილი გზებია. საკონსულტაციო ფირმებისთვის და ტექნოლოგიური გიგანტებისთვის სწავლების მსგავსი მეთოდები არის ყველაზე მეტად მომგებიანი. გამოცემა ნიუ იორკერმა აღწერა ალტსკოლის მეთოდოლოგია და აღნიშნა, რომ ლიტერატურის ანალიზი რაოდენობრივი მეთოდებით მიმდინარეობს; მაგ. „ილიადას“ კითხვის დროს, ელექტრონული ცხრილებით აღჭურვილი მოსწავლეები, ინიშნავენ თუ რამდენჯერ არის გამოყენებული ტექსტში სიტყვა „გაავებული“, ამის შემდეგ კი ახდენენ ტექსტის ანალიზს. მსგავს სკოლას შეუძლია აღზარდოს აუდიტორი, რევიზორი, მაგრამ არა მაგალითად პოეტი, რომელმაც განათლების მისაღებად „ალტერნატიული სკოლის“ ალტერნატივას უნდა მიმართოს.
ტექნოლოგიური ელიტები, ბილ გეითსის და ცუკერბერგის მსგავსად, მხარს უჭერენ პრივილეგირებულ სკოლებს, რომელთაც სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ მართავს კერძო სექტორი. ისინი საკუთარ ხელთ არსებული რესურსებით ცდილობენ გაამყარონ ის არგუმენტი, რომ ტრადიციული განათლების სისტემა ძირეულ ცვლილებას საჭიროებს.
ჩვენ კი ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ დემოკრატიის კორპორატიული გამტაცებლების მიმართ კეთილგანწყობის შექმნით სტოკჰოლმის სინდრომის პერვერსიული ფორმის მსხვერპლი არ გავხდეთ. ერთის მხრივ, „ტექნოლოგიების მილიარდერების“ მიერ გადასახადების არგადახდით, საჯარო სექტორი ვერ განვითარდება და მათზე უფრო ინოვაციური ვერ იქნება. მეორეს მხრივ, კერძო სექტორისთვის მუდმივად დათმობა და უპირატესობის მინიჭება იმ სფეროში, რასაც უკვე ფლობენ და ავითარებენ, უფრო მეტად ამტკიცებს აზრს, რომ საჯარო სექტორი სანდოობის საპირწონედ მდინარის დინებას მიყვება და ტექნოლოგიური განვითარების ბერკეტებს მის ტრადიციულ მფლობელთან ტოვებს.
ის რომ, ჩვენ გვიჭირს ქველმოქმედებასა და სპეკულაციას შორის განსხვავების პოვნა, ზეიმის კი არა, ნერვიულობის მიზეზი უნდა იყოს. მაშინ, როცა „სილიკონ ველის“ ელიტები სამყაროს გადარჩენაზე ფიქრობენ, უნდა დავსვათ კითხვა – ჩვენ ვინ დაგვიცავს „სილიკონ ველისგან?”
– ინგლისურიდან თარგმნა ნინო შანიძემ.