“აქ საქმე გვაქვს ძალიან ეფექტურ იდეოლოგიურ კონტროლთან, რადგანაც ადამიანს შეიძლება დარჩეს შთაბიეჭდილება რომ ამ საზოგადოებაში ცენზურა არ არსებობს – და ამ სიტყვის ზედმიწევნით ვიწრო გაგებით ეს მართალიცაა. თქვენ არ დაგაპატიმრებენ თუ აღმოაჩენთ ფაქტებს, არც იმ შემთხვევაში თუ ამ ფაქტების შესახებ ილაპარაკებთ. მაგრამ შედეგი მაინც იგივე იქნება როგორც ნამდვილი ცენზურის არსებობის პირობებში. ინტელიგენცია სოციალურ რეალობას მალავს”
ნაწყვეტი ნოამ ჩომსკის “პოლიტიკიდან”
ეს ციტატა 1970-იან წლებს ეკუთვნის. მისი ავტორი გამოჩენილი ამერიკელი ენათმეცნიერი და ფილოსოფოსი ნოამ ჩომსკია. გაგიკვირდებათ მაგრამ ეს ფრაზა არ ეხება მაშინდელ საბჭოთა კავშირს – ის არ ეხება ეგრეთწოდებულ “წითელ ინტელიგენციას”. აქ ლაპარაკია ამერიკის შეერთებულ შტატებზე და “უოტერგეიტის” შემდგომ დასავლურ საზოგადოებაზე.
“ლიბერალური ინტელეგენცია”, როგორც მას ჩომსკი უწოდებს, ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ კაპიტალიზმის ნეოლიბერალური ფორმის ძირეული შეცოდებები დაფაროს და ყურადღება შედარებით მეორეხარისხოვან საგნებზე გადაიტანოს.
იგივე ინტერვიუში ჩომსკი წერს:”ყოველთვის ერთიდაიგივე ამბის მომსწრენი ვართ. დანაშაულებები, რომელთაც გვაწვდიან როგორც მნიშვნელოვანს, ტრივიალურია სახელმწიფოს მიერ წარმოებულ მართლაც სერიოზულ კრიმინალურ პროგრამებთან შედარებით, რომლებსაც ან ყურადღების მიღმა ტოვებენ ანაც ლეგიტიმურობას ანიჭებენ.”
სახელმწიფოს მიერ წარმოებული პროპაგანდის მიერ საკუთარი დანაშაულებების მიღწევებად წარმოჩენა ახალი არ არის. ეს ყველანაირ პროპაგანდას ახასიათებს,თუმცა “ლიბერალური ინტელიგენციის” როლი ამ პროპაგანდაში საკმაოდ საინტერესოა. საბჭოთა ინტელიგენციისაგან გასხვავებით დასავლურმა “ლიბერალურმა” ინტელიგენციამ სპინის ეფექტური ფორმები მოიფიქრა, სადაც ნეოლიბერალური სისტემის მიერ ჩადენილი ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური დანაშაულებების ფონზე ტრივიალური კრიმინალები უმაღლეს ხარისხში აჰყავთ და ათასობით ბავშვის სიკვდილს საერთოდ არ აშუქებენ. შეუძლიათ პარფიუმერიაზე, ძაღლების საჭმელზე, უაზრო სიტკომებზე საუბრით საათები დაკარგონ და მართლაც მნიშვნელოვან პრობლემებზე საერთოდ არ ისაუბრონ.
იგივე ინტერვიუში ჩომსკი ამბობს, რომ ყველაზე მეტად რისიც თანამედროვე დასავლურ ნეოლიბერალურ ელიტას ეშინია, სიტყვა სოციალიზმია – და ამის გამო პრაქტიკულად არც ერთი სოციალისტი ავტორი მეინსტრიმ პრესაში არ ფიგურირებს. სამაგიეროდ ძალიან ბევრია ავტორი რომელიც ალტერნატიულ მოდაზე, ან ჭორებზე წერს.
სიტუაცია დღემდე არ შეცვლილა. ლიბერალური პრესა უმნიშვნელოვანეს საკითხებს დღესაც გვერდს უვლის. მაგალიტად ღარიბების გენოციდს მთელს მსოფლიოში, მილიარდი ადამიანის სრულ შიმშილს – სამაგიეროდ კარგად ვიცით ყვითელი ამბები – რას აკეთებს თავისუფალ დროს ბრიტნი სპირსი ან მადონა, რას ფიქრობს რომის პაპი მასტურბაციაზე და რას ჩაიცვამს ხვალ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი და მისი მეუღლე.
ლიბერალიზმი დღევანდელ კაპიტალისტურ წყობას ემსახურება – უფრო სწორად ლიბერალიზმი იგივე კაპიტალიზმია. ცხადია, სხვა ფილოსოფიებთან ერთად მასაც აქვს არსებობის უფლება. მაგრამ საკითხი ახლა ასე აღარ დგას – პირიქით – დღეს ლიბერალიზმი (ამ სიტყვის ფართო გაგებით) არის უალტერნატივო დიქტატორი აზრების საუფლოში. მისი ალტერნატივის წარმოება ჯანმრთელობისათვის სარისკოა და როგორც მინიმუმ მარგინალიზაციით ემუქრება თვით ისეთ მოაზროვნეებსაც კი, როგორებიც ფუკო და ჩომსკია. დელიოზი და გატარი გიჟებად არიან მიჩნეულნი ნეოლიბერალურ სამყაროში და ტონი ნეგრი კი სულ ცოტა ნის წინ კრიმინალად ირაცხებოდა.
გარეგნულად თითქოს კონსერვატიზმი ის ფილოსოფიაა, რომელიც ლიბერალიზმს ეწინააღმდეგება, მაგრამ უმეტესწილად ეს მხოლოდ ფარსია.დღევანდელი პოსტ-მოდერნული კონსერვატიზმი ისეთივე ნეოლიბერალური მოძღვრებაა და უფრო მეტადაც. ხშირ შემთხვევაში დღევანდელი კონსერვატორები ეგრეთწოდებული “თავისუფალი ბაზრის” კიდევ უფრო ექსტრემალურ ვერსიას წარმოადგენენ ვიდრე ლიბერალები.
კონსერვატორებიც და ლიბერალებიც “ვაშინგტონის კონსესუსის” შემდგომ უსიტყვოდ თანხმდებიან იმაზე რომ აუცილებელია იყოს უკმარისობა. ის უკმარისობა რომლის წყალობითაც დღეს მსოფლიოში WFO-ს მონაცემების თანახმად 925 მილიონი ადამიანი შიმშილობს.ეს ორივე ჯგუფი თანხმდება იმაზე,რომ ამ ქვეყანაზე სოციალური უსამართლობა აუცილებლად უნდა იყოს – რომ მსოფლიო რესურსების უდიდესი ნაწილი მოსახლეობის ძალიან პატარა პროცენტის ხელში უნდა იყოს.ორივე ჯგუფი თანხმდება იმაზე რომ თანამედროვე ნეოლიბერალური ჰოლოკოსტის შედეგად ყოველწლიურად 8 მილიონამდე ბავშვი უნდა დაიღუპოს მხოლოდ იმის გამო, რომ ღარიბია. ეს არის დისკურსი, რომელიც ყველაზე მტკივნეულ პრობლემებზე ლაპარაკს კრძალავს.
ახლა, ეს დისკურსი საქართველოშიც შემოდის – ის თავს იმკვიდრებს ჩვეული ხერხებით და ჩვეული სპინით.ის ცდილობს დაარწმუნოს მთელი საქართველოს მოსახლეობა,რომ სიღარიბეს და სიღატაკეს ალტერნატივა არ აქვს – რომ მდიდარი ყაჩაღები, რომელთაც კაპიტალისტები ჰქვიათ, უნდა გვიყვარდეს, იმიტომ რომ მათ მონობის სანაცვლოდ ერთი-ორი თეთრი (ან ცენტი) გადმოგვიგდეს. ჩვენს ოცნებებს კი სულ უფრო და უფრო მეტად მატერიალური საგნები იკავებს – უნდა ვიოცნებოთ მანქანებზე, აპარტამენტებზე, აუზებზე.
ახლა ადამიანებს შორის ურთიერთობაც სავაჭრო საქონლის ფორმას იღებს – ნაირა გელაშვილის ამასწინანდელი ინტერვიუ რომ გავიხსენოთ, საქართველო ერთ საშუალო ზომის ბორდელს ემსგავსება. ხდება გრძნობების, ემოციების, შთაგონებების, მუზების, სინაზისა და ვაჟკაცობის კომოდიფიკაცია. საქართველო ადამიანის საყოველთაო გასაქონლების პროცესშია ჩაბმული და ამ საკითხში განსაკუთრებით აქტიურობს “ლიბერალური ინტელიგენცია”. ისევე როგორც გასაბჭოების პერიოდში, გასაქონლების პერიოდშიაც პირველ რიგში ინტელექტუალები დგანან და ცდილობენ დაუმტკიცონ ახალ სასაქონლო სისტემას თავისი ერთგულება და საკუთარი თავი ძვირადღირებულ “საქონლად” წარმოაჩინონ.
გასაქონლების მომხრე “ლიბერალური ინტელიგენცია” ერთნაირი ენთუზიაზმით უტევს როგორც ხელოვნების წარმომადგენლებს – განსაკუთრებით არ უყვართ ოთარ იოსელიანი, რობერტ სტურუა, ჭაბუა ამირეჯიბი, ნაირა გელაშვილი – ასევე ქართული ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე. “საყოველთაო გასაქონლების” გზაზე ეს პატარა ბარიერებია დარჩენილი და სანამ ეს ხალხი ცოცხალია, ლიბერალური ინტლიგენცია ძალ-ღონეს არ იშურებს რომ რაც შეიძლება მალე ჩადოს ისინი მიწაში.თუ ამ ადამიანური პროდუქტის გასაქონლება ვერ ხერხდება – მაშინ მათი “ლიკვიდაციაა” საჭირო. ( რას ფიქრობ ეს ნაწილი რომ ამოვიღოთ?) გამოუსადეგარი საქონელი უნდა გაანადგურო – რადგანაც ნეოლიბერალური ეკონომიკური კანონებით ჭარბწარმოება ფასების დაცემას იწვევს ბირჟაზე და დღევანდელი ლიბერალი ინტელიგენციის ნამდვილი ღმერთი ხომ სწორედ სასაქონლო ან კი ფინანსური ბირჟაა.
ცხადია, არსებობენ შედარებით ჯანმრთელი – ეგრეთწოდებული მემარცხენე ლიბერალები – თუმცა რამდენი ძალა აქვს ამ ფრთას, რთული სათქმელია.
ლიბერალური ინტელიგენცია თითქოს ყველა დოგმას უპირისპირდება – და თითქოს ყველა უმცირესობას იცავს.მაგრამ ეს ფარისევლობაა, ქალბატონებო და ბატონებო.
ერთადერთი უმცირესობა რომელსაც ლიბერალური ინტელიგენცია ემსახურება არის მდიდარი ყაჩაღების ოლიგარქია, რომელმაც ხალხის ძარცვით მოიპოვა მთელი მისი ქონება და ახლა ამ ქონებას იკანონებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი დოგმა, რომელსაც ლიბერალური ინტელიგენცია არ უპირისპირდება და კითხვის ნიშანსაც არ უსვამს – კაპიტალიზმია.