მინდა რაღაც გითხრათ ლიბერალური ფემინიზმის წინააღმდეგ. ამავე დროს ფემინისტური არგუმენტის წინაშე ცნობილი სოციოლოგის გოსტა ესპინ–ანდერსონის დანებების მაგალითზე მინდა გაჩვენოთ, რომ დომინანტურ დისკურსს თავისთავადი ძალა აქვს საღი აზრის წინააღმდეგ. ამის გაკეთებას ეხლა შევეცდები.
ჯერ გეტყვით ვინ არის ესპინ-ანდერსონი, რა არის მისი თეორიის საფუძველი, და მერე გადავალ მის ინტერვიუზე სადაც ამბობს, თუ როგორ შეცვალა სოციალური სერვისების როლის მიმართ თავისი დამოკიდებულება ფემინისტების მხრიდან კრიტიკის შედეგად.
გოსტა ესპინ–ანდერსონი
გოსტა ესპინ–ანდერსონი დანიელი სოციოლოგია და კეთილდღეობის სახელმწიფოს იკვლევს (Welfare State). ის გავლენიან ფიგურად ითვლება და ამჟამად ბაროზოს მრჩეველია. აგრეთვე მონაწილეობას იღებდა ევროკაშირის სოციალური პოლიტიკების დაგეგმვაში და ამზადებდა ლისაბონის სამიტს.
მისი მთავარი წვლილი კეთილდღეობის სახელმწიფოს კონცეპტუალიზაციაშია არის ის, რომ კაპიტალისტური ქვეყნების სოციალურ პოლიტიკებს სამ ძირითად კლასტერად აანალიზებს რასაც კეთილდღეობის (Welfare–State) რეჟიმები დაარქვა. ყველაზე სასურველია ‘სოციალ დემოკრატიული’ რეჟიმი, მაგრამ როგორ მივედით აქამდე სკანდინავიის ქვეყნებში?
სოციალ დემოკრატიის პრობლემა
მთავარი პრობლემა სოციალ დემოკრატიისთვის ყოველთვის იყო პარლამენტარიზმი. ანუ კითხვა იდგა ესე – ემსახურებოდა თუ არა საპარლამენტო დემოკრატია მუშათა კლასის ემანსიპაციას? კაპიტალიზმის შინაგანი ლოგიკა იწვევს საზოგადოების ატომიზაციას და მშრომელების ინტერესებს ერთმანეთს უპირისპირებს, როგორც კონკურენტებისას. ამის გამო ბევრი ფიქრობდა ლენინური ტრადიციის მიხედვით, რომ პარლამენტი უბრალოდ სალაყბოა და მშრომელების ძალაუფლებას (power) ვერ გაზრდის. ეს პრობლემა უფრო მწვავე გახდა იმ ფონზე, რომ ტრადიციულმა მშრომელთა კლასმა განიცადა სტრატიფიკაცია, თეთრსაყელოინთა საშუალო კლასის ხარჯზე მუშათ კლასი შემცირდა და, როგორც ამომრჩეველმა, ძალა დაკარგა.
შესაბამისად სოციალ–დემოკრატიის ამოცანა გახდა ის, თუ როგორი სოციალური პოლიტიკებით უნდა მიეღწიათ ერთი მხრივ მშრომელების ისეთი მობილიზაცია, რომ საპარლამენტო მექანიზმით ძალაუფლება მოეპოვებინათ და მეორეს მხრივ მიეღწიათ მშრომელების ემანსიპაციისათვის, ანუ შეექმნათ მათი ძალაუფლების საფუძველი, რაც შეამცირებდა მათ დამოკიდებულებას ბაზარზე შრომის გაყიდვიდან.
დეკომოდიფიკაცია
მშრომელთა ემანსიპაციის ძირითად პროცესს ანდერსონი აანალიზებს, როგორც ‘დეკომოდიფიკაციას’. ანუ, თუ კაპიტალიზმი მშრომელს აქცევს უბრალო საქონლად, ყიდვა გაყიდვის საგნად, მაშინ მისი განთვისუფლება იქნება ისეთი მდგომარეობა, როცა იგი ბაზარზე შრომის გაყიდვის გარეშეც გადაირჩენს თავს და თავისუფალი იქნება აირჩიოს უნდა თუ არა ბაზარზე მონაწილეობა. ერთი მხრივ, ამის მისაღწევად სჭიროა, რომ სოციალური დაცვა და სოციალური სერვისი გახდეს მშომელის კანონიერი უფლება ისევე, როგორც საკუთრების უფლება, რომელიც ქმნის ძალაუფლების საფუძველს კაპიტალისტისთვის. მეორე მხრივ, სოციალური დაცვა ბაზრიდან უნდა იყოს მნიშვნელოვანი და არა სიმბოლური.
ამას გარდა მშორმელთა სვადასხვა სტრატები თავს უნდა გრძნობდნენ ერთი ინტერესის ჯგუფად, რათა სოლიდარობამ მათ პოლიტიკური ძალუფლება შეძინოს საპარლამენტო გზით.
სკანდინავიური გზა
ამ ორი ამოცანის გადასაწყვეტად სკანდინავიური ( შვედური) მოდელი აკეთებს ორ რამეს სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით. პირველი დონის დაცვა სახელმწიფო სოციალური სერვისების მხრიდან არის უნივერსალური და თანაბარი, რაც ყველას ეკუთვნის შრომითი გამოცდილების და შემოსავლების მიუხედავად. მეორე დონის დაცვა ითვალისწინებს ისეთ სერვისებს, რომლებიც ასევე უნივერსალურია, მაგრამ დიფერენცირებული შემოსავლების მიხედვით. ეს მეორე დაცვა საშუალებას აძლევს საშუალო კლასს, რომ დაიკმაყოფილოს თავისი გაზრდილი მოთხოვნები სახელმწიფო სერვისის ხარჯზე და არ წავიდეს კერძო დაზღვევის სექტორში.
ამგვარად ორივე ამოცანა მიღწეულია მშრომელები აღარ არიან ბაზარზე დამოკიდებულები სიცოცხლის შესანარჩუნებლად და ამავე დროს ‘მდიდრები’ არ გრძნობენ თავს ცალკე ჯგუფად, რამდენადაც შეუძლაით თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილება იგივე სახელმწიფო სერვისების ხარჯზე. ეს მათ საშუალებას აძლევს ერთი ინტერესის ამომრჩევლად გამოვიდნენ და პარლამენტარიზმის გზით შეინარჩუნონ ძალაუფლება.
კეთილდღეობის რეჟიმები
ამგვარად ანდერსონის სიმპატიები სკანდინავიური ‘დეკომოდიფიკაციის’ პოლიტიკის მხარეს არის, რომელიც ქმნის კეთილდდღეობის სახელმწიფოს ‘სოციალ დემოკრატიულ’ რეჟიმს. სხვა რეჟიმებია ’კორპორატისტულ–ეტატისტური’ (corporate-statist) , როგორიც გერმანიაში და საფრანგეთშია, და ‘ლიბერალური’, როგორიც ამერიკაში და ბრიტანეთშია. ‘ლიბერალური’ რეჟიმი ხელს უწყობს ბაზრის გაბატონებას რამდენიმე გზით – მხოლოდ მინიმალურ დაცვას იძლევა და ამიტომ მშრომელს ბაზრისკენ ერეკება, აფინანსებს კერძო სოციალური დაზღვევის სქემებს და ქმნის შესაბამის ბაზარს, ხელს უწყობს გაჭირვებულთა ‘მიზნობრივი’ დახმარებით ამ ჯგუფების სტიგმატიზაციას და შედეგად მშრომელთა სტრატიფიკაციას რაც მათ საშუალებას უსპობს სოლიდარულ საამომრჩევლო ძალად გამოვიდნენ. ეს ბოლო რეჟიმი კარგად აღწერს საქართელოში გატარებულ პოლიტიკებს.
სხვათა შორის აქ ერთი რამეა საყურადღებო პოლიტიკური თვალსაზრისით. სკანდინავიური რეჟიმი დიდ გადასახადებს მიოთხოვს, მაგრამ ეს გადასახადები საზოგადოების პროტესტს არ იწვევს განსხვავებით ლიბერალური რეჟიმისაგან, რომელსაც მცირე გადასახადები აქვს, მაგრამ ესენიც კი ძნელი შესანარჩუნებელია საპარლამენტო გზით, რამდენადაც მუდმივი პროტესტის ობიექტია.
ფემინისტებთან დავა
სოციალურ რეჟიმებს ანდერსონი აანალიზებს ასევე სახელმწიფოს, ოჯახის და ბაზრის ურთიერთმიმართებაში. კეთილდღეობის ‘სოციალ დემოკრატიული რეჟიმი’ იცავს ოჯახს როგორც სოციალური კეთილდღეობის წყაროს, მაგრამ არა ისე , როგორც ‘კორპორატისტული’ რეჟიმი, რომელიც ელოდება სანამ ოჯახი ამოწურავს თავის შესაძლებლობებს და მერე იძლევა სოციალურ დახმარებას. ამისგან განსხვავებით სკანდინავიური მოდელი წინასწარ ახდენს ‘ოჯახის ხარჯების’ ( ბავშვების მოვლა, მოხუცების და ა.შ.) სოციალიზაციას, რითაც ზრდის პიროვნების დამოუკიდებლობას და ამ მხრივ ბაზარსაც უწყობს ხელს (პიროვნებას ბაზარზე გასვლის თავისუფლებაც ეზრდება, თუ მას ეს უნდა, როცა ვთქვათ მოხუცის მოვლა მის სახლში ყოფნას აუცილებლობად აღარ აქცევს). ამგვარად ანდერსონი ამ მოდელს უყურებს როგორც სოციალიზმის და ლიბერალიზმის ერთგვარ შერწყმასაც.
ის აგრეთვე თვლის, რომ სახელმწიფო სოციალური სერვისები ზრდიან ეკონომიკის ხარჯეფექტურობასაც. თუმცა ამას ყველაფერს შესავლის სახით ვამბობ, რათა გასაგები გახდეს ფემინისტებთან მისი საუბრის ლოგიკა.
მოკლედ, 2000 წლს მიცემულ ინტერვიუში სოციალური კეთილდღეობის მომავლის შესახებ ის ამბობს, რომ ფემინისტებმა გამაკრიტიკესო და აზრი შევიცვალეო.
რაში გააკრიტიკეს? იმაში, რომ ანდერსონი მხარს უჭერს სკანდინავიურ მოდელს, რაც ქალს საშუალებას აძლევს, თუ უნდა, სახლში დარჩეს და ბავშვებს მოუაროს. რეალურად დანიაში ბევრი განათლებული ქალი სახლში დარჩენას და ბავშვების აღზრდას არჩევს, თუმცა სამუშაოს შოვნა ბაზარზე არ უჭირს.
ფემინისტებს ეს არ აწყობთ იმიტომ, რომ კაპიტალისტები არიან და ქალს ბაზარზე მიერეკებიან რათა მუშა ხელი გააიაფონ. ანუ ეს კომოდიფიკაციის პოლიტიკის ფარგლებშია, რასაც ანდერსონი პრინციპში აკრიტიკებს. ხოდა მიუხტნენ ამ შენ ანდერსონს, ეგ როგორ თქვი რომ ქალმა შეიძლება არ იმუშაოსო. ანდერსონმაც აზრი შეიცვალა. თანაც ეს აზრის შეცვლა დააკავშირა თავის სხვა იდეასთან – სახელმწიფო სოციალური სერვისები ეკონომიკის ხარჯეფექტურობას და ზრდას უწყობენ ხელსო.
იდიოტობის ინტეგრაცია საღ აზრში
ეხლა გეტყვით თუ რა თქვა კონკრეტულად. თქვა, რომ აღმოვაჩინეო, რომ ქალმა ჯობია იმუშაოს, ვიდრე სახლში დარჩეს, რადგან ეს ეკონომიკის ზრდას და დასაქმების ზრდას უწყობსო ხელსო. ყოველი 100 ქალი, რომელიც შრომის ბაზარზე გადის დამატებით 15 სამუშაო ადგილს ქმნის. თანაც დიდი ხანი თუ არ იმუშავა ქალმა მერე კონკურენტუნარიანობას კარგავს და ეს შეიძლება ბავშვების სიღარიბეზე აისახოსო.
ეხლა გეტყვით როგორ ხსნის დასაქმების ამ ‘პოზიტურ ეფექტს’. ქალი რომ სახლიდან გავა, მერე კაცს საჭმელს არავინ გაუკეთებს და კაციც იძულებული გახდება რესტორანში წავიდეს საჭმელად რაც თავის მხრივ ოფიციანტებზე მოთხოვნილებას ქმნის და შესაბამისად ქალებისთვის ახალ სამუშაო ადგილებსო.
ეს ხუმრობა არ გეგონოთ. ანდერსონი აღიარებს რო ქალების სახლიდან გასვლას დასაქმების ზრდის ეფექტი აქვს მხოლოდ მომსახურების სფეროზე. სხვა კორელაციები არ ასებობს და ამაზე წუხილს გამოთქვამს.
ამგვარად, ნახეთ რა გამოდის. ქალი უნდა გავიდეს შრომის ბაზარზე და დაიწყოს ოფიციანტად მიუშაობა რათა კაცს სახლში საჭმელი აღარ ქონდეს და ისიც წავიდეს რესტორანში, რაც ოფიციენტებზე მოთხოვნილებას კიდევ გაზრდის და დასაქმებას წაადგება. სახლში კაცმა არაფერი უნდა გააკეთოს, რამდენადაც ეს ოჯახს თვითკმარს გახდის და სამუშაო ადგილებს შეამცირებს ბაზარზე. სახლში რომ არავინ დარჩება, ბავშვებს უნდა მოუარონ უცხო ძიძებმა, რაც კიდევ გაზრდის მომსახურების სფეროში ქალების დასაქმების შანსებს.
ჯამში რა მიიღო ოჯახმა, რომელმაც მიიღო დამატებითი შემოსავალი ქალის სამუშაოდ გასვლიდან? ეს შემოსავალი ეხლა უნდა დაიხარჯოს ძიძაზე და ბავშვის სიღარიბეს დაძლევას ეს არ წაადგება, რა თქმა უნდა. ამასთანავე ბავშვები კარგავენ მშობლებთან ურთიერთობის გამოცდილებას და ეს ბავშვებზე ცუდად აისახება ბევრნაირად, პირველ რიგში განათლების თვალსაზრისით. დამტკიცებული ფაქტია, რომ განათლების 90 პროცენტზე მეტს ბავშვები ოჯახიდან იღებენ და კერძოდ მშობლებთან ურთიერთობიდან. მაგრამ ანდერსონს ეს არ აინტერესებს. მისთვის მთავარია ფემინისტური არგუმენტი გააერთიანოს თავის თეორიასთან დასაქმების ზრდის და ეკონომიკის ზრდის ეფექტის შესახებ, რასაც სოციალური სერვისები ხელს უწყობენ.
ამისთვის ის ამბობს, რომ ბავშვები კერძო ძიძამ კი არ უნდა გაზარდოს, არამედ უნდა იყოს შესაფერისი სახელმწიფო სერვისი. ასეთ შემთხვევაში გამოვა, რომ სახელმწფო სოციალური სერვისები ხელს შეუწყობს ქალის სამუშაოზე გასვლას, გაიზრდება დასაქმება, გაიზრდება ოჯახის შემოსავლებიც და დაიძლევა ბავშვის სიღარიბეც. მერე რა რომ ბავშვებს მშობლები არ ეცოდინებათ და მათი განათლებაც დაზიანდება ნომინალური შემოსავლების ზრდის მიუხედავად, ამაზე თვალების დახუჭვა შეიძლება, რამდენადაც დანარჩენ ნაწილში თეორია ლამაზად მოჩანს.
თანაც ეს კაცი ხვდება, რომ მისი ეს სპეკულაციები მხოლოდ ოფიციანტებს ეხება და რომ ეს ზედმეტი ინტერესი დასაქმებასთან დაკავშირებით ცოტა არაჯანსაღად მოჩანს. ინტევიუში ერთ ადგილას ინტერვიუერი იმასაც კი ამბობს – ეკონომიკის ციფრების გაუმჯობესებისათვის გამოდის, რომ თავი უნდა მოვიკლათ მუშაობითო.
პრინციპში ეს კაცი იმის გულისთვის, რომ ფემინისტური არგუმენტის ინტეგრაცია მოახდინოს თავის თეორიაში, იმპლიციტურად თავისავე თეორიის ბაზისური ცნების დისკრედიტაციას ახდენს. ანუ, დეკომოდიფიკაციის ცნების დისკრედიტაციას. იმით, რომ ქალს ბაზარე გასვლისაკენ მოუწოდებს, ფაქტიურად ლიბერალი ფემინისტების მიზანს აკმაყოფილებს, რომ ქალი და ოჯახი უბრალო საქონლად, ‘კომოდითი’, გადააქციოს.
ეს სტატია უბრალოდ იმიტომ დავწერე, რომ მეჩვენებინა თუ როგორ დაჩაგრა დომინანტურმა დისკურსმა საღი აზრი, რომელიც იყო ანდერსონის საწყის ანალიზში. საღი აზრი კი ის არის, რომ სახელმწიფოს ხელში სოციალურ მომსახურებებს მართლაც აქვთ ეკონომიკის ზრდის მასტიმულირებელი ეფექტი, ქალის კომოდიფიკაციის კავშირი ეკონომიურ ზრდასთან კი უბრალოდ ყალბი არგუმენტია.